“გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ყველანი მოვკვდებით” – ჯონ მეინრად ქეინსი
ემზარ ჯგერენაია
მეტყვით, არასერიოზული და მეტიჩარა ხარო, კი ბატონო, ალბათ არც უმაგისობაა, მაგრამ კვლევებმა დაადგინა, რომ საქართველოში ენა იცვლება ინგლისურ-ქართულ-ფინიკურ-ფინანსურ გიბრიდზე, თან ინგლისური სამეტყველო ქართულში შემოდის – ინგ ფორმებისა და ძირითადად გერუნდივების მეშვეობით. ფაქტი? ინებეთ, ბოლო და ცხელ-ცხელი – პოლიტიკასა და ეკონომიკაში ყველაზე მეტად ხმარობენ სიტყვებს:
Targeting (ვთქვათ, ინფლაციის) დამიზნება, მიზნის განსაზღვრა…
Target – სამიზნე…
Target date – დათქმული, პირობითი მონაცემები, ციფრები;
Target indicator – სამიზნეს მაჩვენებელი, მანათობელი ბომბი და აქვე ბუდგეტინგ-ი, ანუ ბიუჯეტის მაჩვენებლების დაგეგმარება და შემუშავება.
არა, მესმის როგორი სენსიტიურები და კრიატიულები ვართ ყველა პოზიტიურის მიმართ და აქ “ფორენარობა” არაფერ შუაშია, მაგრამ ინფლაციის ტა:-გეითი ძალიან ლამაზი ქართული სიტყვაა, ეკონომიკური კატეგორია თუ ტერმინი და ალბათ, მაინც ქართული სჯობს. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რაც “მამამ პეტერბურგში წაგიღო სასწავლებლად, ქართული სულ დაგავიწყდა”…
აი, ამიტომ ბიუჯეტინგი სჯობს და ბანკინგი. პრობლემა ისაა, რომ მკვლევარები ვერ მივიდნენ ერთიან დასკვნამდე თა:-(რ)გეითინგია თუ ტა:-(რ)გეითინგი.
იმიტომ, რომ, როგორც ამბობენ მოდერნ-ლინგვისტები, ტ-ინგლისურში პირდაპირ პრონანსით არ არსებობს და ასევე თ-ც. ჰოდა, ახლა ამ ახალ მეცნიერ-კრიატივებს იმის იმედი აქვთ, რომ ახალ ასო-ბგერას გამოვიგონებთ ქართველები ამ შესატყვისობის პრობლემის გადასაჭრელად, სანამ ამას ვიზამთ, მანამდე იხმარეთ ორივე ტ-ც და თ-ც. ინგ-თან კვლავ გაუგებრობა რჩება და მას ჯერ ვერ ვიხმართ, რადგან არაადექვატურია. ამასთან, ეს “შვაც” არა გვაქვს გადაყლაპულ-გადასანსლული და ყელში გაჩხერილ რ-ს თქმაც არ ვიცით ქართულში. ოჰ, ეს “შვა”! ამიტომ ამერიკელები და ინგლისელები ბრაზობენ – თარგეითინგ სწორად წარმოსთქვითო, რ-სთან მიმართებაში ზღვარს ნუ გადახვედითო.
ჩვენ შეიძლება თავისუფლად ვიხმაროთ ინფლაციის თარგეითინგი ან პირიქით.
ისე ადამიანურ ძველ ქართულად ეს ნიშნავს დაგეგმილ ზედა ზღვარს, ანუ საქონელზე ფასების ზრდის დინამიკის ზედა ზღვარს. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ საქონელზე ფასების ზრდას ზღვარი არა აქვსო, ალბათ, შეიძლება დღეს დუნიაზე რა ხდება ძნელი განსაჭვრეტია სამეცნიერო ეკონომიკური თვალთახედვით, მაგრამ ჩვენ თუ პირობით საზღვრად ავიღებთ 14 % წლიურს, ეს იქნება ჩვენი შუქურა და მანათობელი. მერე რა, რომ მანათობელი შუქურა ხან უკან იქნება, ხან ინფლაცია იქნება წინ, მთავარი თარგეთირებაა და პროცესი.
დაიბნა ქართული ეკონომიკური აზრი, ეჭიდება მსოფლიო პრობლემებს და ეს ინფლაციის თარგეითინგია თუ ტარგეითინგი გაეჩხირა ყელში, თანაც ეს რა ხდება ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეტყველებაში – არჩევნებიდან არჩევნებამდე ათასობით ახალი სიტყვა შემოდის ქართულში და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მდიდარია ეკონომიკური მეცნიერება (ლაპარაკი საქმის ნაცვლად). ახლოსაა დრო, როცა ქართულს ვისწავლით ცალკე და ეკონომიკურ ქართულს კი – ცალკე. ეკონომიკური ქართული რაღაც შუალედურია ამერიკულ-ინგლისურსა და ქართულ-იბერიულ ენებს შორის. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ენას მალე ბევრი მიმდევარი გამოუჩნდება ინფლაციისაგან განსხვავებით, ანუ ტარგეითი თვითონ ფანტასტიური რამაა – მიზანი, სამიზნე, მოძრაობის მოტივაცია, ჩემო ბატონო, მარადიული სწრაფვა უკეთესისაკენ, ჰეგელისეული აბსოლუტური სული და ილიასეული მარადიული მოძრაობა, მაგრამ ეს ინფლაცია არ ვარგა! არ გვიყვარს – ქურდს გავს, პროფესიონალს, რომ არ ჩანს და ჩუმად ჯიბიდან ფულსა და სულს გცანცლავს. არადა, სადაც ადამიანთა საზოგადოებაა, ახლა როგორ ქვია? აა, “ჰუმან სოსაითი” – ჰოო, იქ არის ინფლაცია. ორი რამაა გარდაუვალიო – გადასახადი და სიკვდილიო, უთქვამს დიდ ამერიკელს. არა, ინფლაციაც გარდაუვალია, სამი რამაა გარდაუვალი – ინფლაცია, გადასახადები და სიკვდილი…
მაგრამ ქეინსის მიხედვით, მოკლევადიან პერსპექტივაში (short run) ინფლაცია და გადასახადია გარდაუვალი, თუ არა, როგორც ჯონ მეინრად კეინსმა თქვა – გრძელვადიან (long run) პერსპექტივაში ჩვენ ყველანი მოვკვდებით, უკვდავი იქნება ტარგეითი და ახალი ქართული ენა მანათობელი ბომბია ინფლაციის თარგეითთან ერთად. ეს კვლევა აქ არ დამთავრდება და მარსზე გაგრძელდება, თუ, რა თქმა უნდა, ეკონომიკასა და ბიზნესში იმ დროისათვის ერთი ქართული სიტყვა მაინც დარჩება. საკითხავი აი ეს არის!
ისე თარგეითინგია თუ ტარგეიტინგი, ინფლაციისათვის რა მნიშვნელობა აქვს. მოკლევადიან პერსპექტივაში რას და ვის იხმარ, თვითონ კი აუპატიურებს გზაზე ყველას და ყველაფერს და უძახე რაც გინდა. რა იქნებოდა ზღვრული მაჩვენებელი გვეხმარა, ან პირიქით.