რამდენად შესაძლებელია ინფლაციის მაჩვენებელი წელს ერთნიშნა იყოს?
მაკა ღანიაშვილი
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება, მიზეზების შესახებ საუბრის დროს ექსპერტები ძირითადად 2 ჯგუფს გამოყოფენ: პირველი, არამონეტარული ფაქტორები, მაგალითად, სათბობზე, სურსათსა და ა.შ. ფასების ზრდა, რამაც ასევე იქონია გავლენა სამომხმარებლო ფასების ინდექსზე საქართველოში როგორც პირდაპირ (მაგალითად, ბენზინის ან მარცვლეულის გაძვირება), ისე არაპირდაპირ – წარმოების ხარჯების ზრდით და შესაბამისი პროდუქციის გაძვირებით.
გარდა ამისა, ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს მონეტარული ფაქტორები, რომელთაც განაპირობებს ფულის მასის ზრდა. მაგალითად, უცხოურმა ინვესტიციებმა ლარზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა, მაგრამ ვერ შექმნა ადეკვატური მოცულობის პროდუქცია. ინფლაციაზე საუბრის დროს გასათვალისწინებელია სახელმწიფოს ხარჯვითი პოლიტიკა. საქართველოს მთავრობის ხარჯვითი პოლიტიკა კი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში (სოციალური დახმარებები, სხვადასხვა სახის ვაუჩერები და სხვა) ხელს უწყობს მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ზრდას, რაც თავის მხრივ ზრდის ინფლაციის მაჩვენებელს. საქართველოში არსებული და გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე ძვრებისა და ფაქტორების გათვალისწინებით თუ რამდენად შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ დასახული ინფლაციის 8%-იანი მაჩვენებლის შენარჩუნება, ამის შესახებ ვესაუბრეთ ამ საკითხებში ჩვენი ეკონომიკის ექსპერტს იაშა მესხიას:
– ბატონო იაშა, ინფლაციის ზრდის გამომწვევ მიზეზებზე საუბრის დროს ხელისუფლებას ძირითადი აქცენტი საგარეო ფაქტორებზე გადააქვს. თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია ასეთი მიდგომა და რა შეიძლება ითქვას ინფლაციის შიდა ფაქტორებზე?
– ეკონომიკის ყველაზე საშინელი სენის, ინფლაციის ზრდა შეიძლება დამოკიდებული იყოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე რყევებზე, ან ორივეზე ერთად – გარე და შიდა ფაქტორების ერთობლივ მოქმედებაზე. დღეისათვის საქართველოში ინფლაციის ზრდა სწორედ ორივე სახის ფაქტორების ზემოქმედებითაა განპირობებული. ინფლაციაზე მოქმედი გარე ფაქტორები ძირითადად არამონეტარული ხასიათისაა და მისი რეგულირების მექანიზმები საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელსაც ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შედეგად ძირითადად მხოლოდ სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ევალება, არ გააჩნია. საუბარია ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა ფასების ზრდა სტრატეგიულ პროდუქტებზე – ნავთობზე, მარცვლეულზე, თუ სხვა სასურსათო საქონელზე. მთავრობა ინფლაციის ზრდას ძირითადად ამ ფაქტორებით ხსნის, მაგრამ მიმდინარე წლის მარტში ინფლაცია 12.3% იყო, არადა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება წლიურმა ინფლაციამ 8%-ს არ გადააჭარბოს.
ინფლაციის ზრდაში რა წილი მოდის გარე და რა წილი შიდა ფაქტორებზე ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ უდავოდ ფაქტია, რომ საქართველოში ინფლაციის ზრდაში, როგორც იტყვიან, ლომის წილი მოდის შიდა მონეტარულ და ადმინისტრაციულ ფაქტორებზე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორი, რომელიც საქართველოს დღევანდელ პირობებში ინფლაციის ზრდას განაპირობებს, ესაა საბიუჯეტო სახსრების არაგონივრული გადანაწილება და ამის შედეგად ხარჯების არასწორი სტრუქტურა. საუბარია ისეთ ფსევდოხარჯებზე, როგორიცაა ე.წ. “დასაქმების პროგრამის” დაფინანსება, რომლის ეფექტი თითქმის ნულის ტოლია. ეს თანხა სხვა არაფერია თუ არა სახანძრო დახმარება, რათა შემცირდეს უმუშევართა სოციალური დაძაბულობა. ასეთი ინფლაციური საბიუჯეტო ხარჯები მრავალია – პატრიოტული ბანაკები, სტუდენტური “შაბათობები”, ხარჯები ვაუჩერებზე, საწვავზე, შეშაზე, სასურსათო ძღვენებზე, საარჩევნო ღონისძიებებზე და ა.შ. რა თქმა უნდა, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისადმი საბიუჯეტო დახმარება მისასალმებელი და ჰუმანური აქციაა, მაგრამ ამით პრობლემა კი არ წყდება, არამედ დროებით იყინება და მას მოსდევს ნეგატიური შედეგი – ინფლაციის ზრდა.
მეორე შიდა ფაქტორი, რომელიც ინფლაციის მასტიმულირებელია, არის პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების სახელმწიფო ბიუჯეტში მოქცევა და მისი მყისიერი ხარჯვა. არადა, როგორც წესი, ასეთი სახსრები უნდა წარიმართოს სპეციალურ ფონდში და მათი ხარჯვა უნდა ხდებოდეს ნაწილ-ნაწილ, მხოლოდ რეალური სექტორის აღორძინება-განვითარებისათვის. აქ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, კერძოდ, საკმაოდ დიდი სახსრები მიდის ბიუჯეტში უცხოელ სუბიექტებზე პრივატიზებული ობიექტებიდან. ეს თანხა შემოდის უცხოურ ვალუტაში და ბიუჯეტში ეროვნული ვალუტის სახით ხვდება, რაც, ცხადია, ზრდის მიმოქცევაში არსებულ ფულად მასას, ხოლო ეს ინფლაციის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორია.
ინფლაციის ზრდის მესამე შიდა ფაქტორად შეიძლება დავასახელოთ საქართველოს მიერ ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარებაზე უარის თქმა, რის შემდეგადაც ადგილი აქვს მონოპოლიური ფასების დაწესებას. ამის მკაფიო მაგალითია ფასების უზომო ზრდა სამკურნალო საშუალებებზე, რასაც არაკეთილსინდისიერად ახორციელებენ “ავერსი” და “პე-ეს-პე”. მონოპოლიურ ფასწარმოქმნას აქვს ადგილი ასევე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში. გაძვირდა მგზავრობა ავტობუსით, მიკროავტობუსითა და ტაქსით. დაუსაბუთებლად მონოპოლიური ფასებია დაწესებული სატელეფონო მობილური ოპერატორების მიერ.
ინფლაციის ზრდის განმაპირობებელი მეოთხე მნიშვნელოვანი ფაქტორია მონეტარულ სფეროში მიმდინარე პროცესები, უპირველეს ყოვლისა, ეს არის საბანკო სესხების ზრდა და მისი მოკლევადიანობა. დღეისათვის ქვეყნის საბანკო სექტორმა დაკრედიტება 5.1 მილიარდ ლარამდე გაზარდა, მათ შორის ეროვნული ვალუტით გაცემულია 1.8 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით დომინირებული სესხი 3.3 მილიარდ ლარს შეადგენს. ამის შედეგად მაღალი ტემპით იზრდება მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის ოდენობა. ბოლო 5 წლის განმავლობაში იგი თითქმის გასამმაგდა და მიმდინარე წლის 1 მარტისათვის 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2003 წელს ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 474 მილიონ ლარს. ასევე ვიწრო ფულის ზრდის კვალდაკვალ იზრდება “ფართო ფული”M3. ის 2003 წელს შეადგენდა დაახლოებით 1 მილიარდ ლარს, ხოლო 2008 წლის მარტისათვის გაიზარდა 4 მილიარდ ლარამდე. მოკლე დროში “ფართო ფული” უცხოური ვალუტით დეპოზიტების გარეშე თითქმის 5-ჯერ გაიზარდა, ამიტომ M2 2003 წელს შეადგენდა 528 მილიონ ლარს, ხოლო მიმდინარე წლის 1 მარტისათვის გაიზარდა 2.3 მილიარდ ლარამდე. საქართველოში დიდი რაოდენობის უცხოური ვალუტა შემოდის ფულადი გზავნილების სახით (წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი აშშ დოლარი), ასევე საშუალოდ წელიწადში 1 მილიარდზე მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა ხდება და ყველა ეს თანხა გადატანილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაზე. ამის შედეგად ლარზე მოთხოვნა იზრდება, ე.ი. იგი მნიშვნელოვნად გამყარდა. მაგალითად, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2004 წელს შეადგენდა 1:1.82-ს, ხოლო 2007 წელს – საშუალოდ 1:1.47. გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი იძულებულია შეისყიდოს უცხოური ვალუტა, რის გამოც უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ფულის მაჩვენებელმა მიმდინარე წლის პირველი კვარტლისათვის შეადგინა 1.4 მილიარდზე მეტი. შეიძლება დასახელდეს ინფლაციის ზრდის სხვა შიდა ფაქტორებიც (სასამართლო-საპროცესო გარიგებები, ჩრდილოვანი ეკონომიკა და ა.შ), თუმცა მათი გავლენის ხარისხი არცთუ მაგიურია.
– თქვენი აზრით, როგორია ინფლაციის ზრდის პროგნოზი და რა ბერკეტები გააჩნია ხელისუფლებას მისი მართვისათვის?
– გასულ წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსმა შეადგინა 111.0%, სასურსათო საქონელზე – 111.4%, არასასურსათო საქონელზე – 107.9%, მომსახურებაზე – 113.1%. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 103.5%-ს შეადგენდა. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ფასები იზრდება ტანსაცმელზე, კავშირგაბმულობაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოზე, სურსათზე, საოჯახო ნივთებზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, აირზე და ა.შ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინფლაცია უფრო მაღალია, ვიდრე ეს ოფიციალური სტატისტიკითაა გაცხადებული. იქიდან გამომდინარე, რომ სამთავრობო ხარჯები იზრდება, ძალიან დიდი ფულის მასა გავიდა ბაზარზე არჩევნებთან დაკავშირებით, იზრდება ფულადი გზავნილების მოცულობა, მაღალია ინფლაციური ხასიათის უცხოური ინვესტიციები, განსაკუთრებით არამწარმოებლურ და საბანკო სექტორში, იქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, იზრდება პენსიები, ხელფასები და სხვადასხვა სახის დახმარებები, მწვავდება მსოფლიო კრიზისი (ფასების ზრდა ენერგომატარებლებზე, სურსათსა და ა.შ), ამდენად ძალიან ძნელი იქნება ინფლაციის შენარჩუნება მთავრობის მიერ დაგეგმილ 8-პროცენტიან დონეზე.
მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველო არაა ჯერჯერობით მაღალ დონეზე ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში და აქედან გამომდინარე, მასზე გავლენას არ მოახდენს გლობალური კრიზისები, არასწორია. საქმე ისაა, რომ საქართველოში შემოდის ყველა სტრატეგიული პროდუქტი (ენერგომატარებელი, ხორბალი და ა.შ). უფრო მეტიც, ჩვენში მოხმარებული პროდუქტების 60%-ზე მეტი იმპორტირებულია. შეიძლება საქართველო არაა ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, რადგან ჩვენი ექსპორტი ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკაა ჩვენში ინტეგრირებული, რასაც მოწმობს იმპორტისა და მისი ზრდის მაღალი ტემპი. ამიტომ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე რყევები უთუოდ გაზრდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს საქართველოში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს პარტნიორ მეტწილ ქვეყნებში ინფლაცია უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში – რუსეთში მან 13.3%-ს მიაღწია, უკრაინაში – 26.2%-ს, აზერბაიჯანში კი – 19.3%-ს და ცხადია, ადგილი ექნება საქართველოში ინფლაციის იმპორტირებას.
– ეროვნული ბანკის გაზრდილ პასუხისმგებლობაზე რას იტყვით, რამდენად შესწევს მას უნარი მარტო გაუმკლავდეს ინფლაციას?
– ინფლაციის მართვაში წამყვანი როლი საქართველოს ეროვნულ ბანკს ეკუთვნის და ეს კანონმდებლობით უკანასკნელ პერიოდში კიდევ უფრო განმტკიცდა. ეროვნული ბანკი თითქმის მთლიანად განთავისუფლდა სხვა ფუქციების შესრულებისაგან. შეიქმნა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, რომელსაც უზარმაზარი ფუნქცია დაეკისრა საბანკო, სადაზღვევო და ფასიანი ქაღალდების სფეროში, თუმცა აქედანვე იკვეთება ამ სამსახურის გამოუცდელობის ნიშნები, რამაც შეიძლება მომავალში ახალი პრობლემები წარმოშვას. როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკს პირისპირ მოუწევს ბრძოლა ინფლაციის წინააღმდეგ. იგი საზოგადოებას დაპირდა, რომ ინფლაციის მიზნობრივი ორიენტირი, ანუ ე.წ. თარგეთი 2008 წელს 8%-ის ფარგლებში იქნება, რისი ფაქტობრივი აღსრულება, ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა. მართალია, მას გააჩნია მთელი რიგი მონეტარული ინსტრუმენტები, მაგრამ თუ კვლავაც გაგრძელდა ფისკალური პოლიტიკის ზეწოლა მონეტარულ პოლიტიკაზე, სასურველი შედეგების მიღება გაძნელდება.
– მაშინ რა მექანიზმებს ფლობს ეროვნული ბანკი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რეალური ზეგავლენის მოხდენა ინფლაციაზე?
– მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა ფულის მიწოდება გაუთანაბროს მასზე მოთხოვნას, რომელსაც განაპირობებს მშპ-ს ზრდა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაცია, ინვესტიციების ზრდა, უცხოური ვალუტის შემოდინება და სხვა; უნდა გამოიყენოს ორმხრივი სავალუტო ინტერვენციები, სადეპოზიტო სერთიფიკატები, ერთდღიანი კრედიტებისა და დეპოზიტების მექანიზმი, სვოპის ტიპის ოპერაციები და სხვა ინსტრუმენტები. მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ძალიან მწვავეა ინფლაციის მაჩვენებელზე შიდა და გარე ფაქტორების მოქმედება, მარტო ეროვნული ბანკი იმ დამოუკიდებლობის ხარისხით, რაც მას ამჟამად აქვს, ვერ მოერევა ინფლაციის პრობლემას. ამიტომ საჭიროა მას გვერდით დაუდგეს ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ხარჯვითი პოლიტიკისა და ადმინისტრირებადი ფასების ზეგავლენა ინფლაციის ზრდაზე. ჩემი აზრით, დღევანდელი გადასახედიდან შეუძლებელია ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნება, ამიტომ უმჯობესია სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და შეიცვალოს დადგენილი 8%-იანი თარგეთი ორნიშნა ციფრით, რომლის განსაზღვრა უნდა მოხდეს მეცნიერულად დასაბუთებული და არგუმენტირებული მეთოდიკის გამოყენებით.