მსოფლიო ბანკი საკვები პროდუქტების ფასების კრიტიკული მდგომარეობით დაინტერესდა

რედაქციისაგან

მსოფლიო ბანკმა გადაწყვიტა მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის საწინააღმდეგოდ ზომები მიიღოს.

მსოფლიო ბანკის თავმჯდომარე რობერტ ზოელიკი გაფრთხილებას იძლევა, რომ საკვები პროდუქტების გაძვირების გამო ღარიბი ქვეყნების 100 მლნ ადამიანი უფრო მეტად გაღარიბდება.
კრიზისი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით ჰაიტისა და ეგვიპტეში მასობრივი გამოსვლები მოეწყო. მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარებაში მოიაზრება 10 მლნ დოლარის გადაცემა ჰაიტისათვის, სადაც მასობრივი გამოსვლების დროს რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, აფრიკის ფერმერებს კი სოფლის მეურნეობის სესხებს გაუორმაგებენ.

შიმშილის საშიშროება
მსოფლიო ბანკის ფინანსთა და განვითარების სამინისტროების მარეგულირებელმა საბჭომ ვაშინგტონში შეხვედრისას რობერტ ზოელიკის წინადადება მიიღო. მსოფლიო ბანკმა და მისმა შვილობილმა ორგანიზაციამ – საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეხვედრების სერია ჩაატარა, რაც ეძღვნებოდა საკვები პროდუქტებისა და ენერგომატარებლების მზარდ ფასებს, ასევე გლობალურ ფინანსურ ბაზარზე არსებულ მნიშვნელოვან პრობლემას – საკრედიტო კრიზისს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ასობით ათასი ადამიანი საკვები პროდუქტების ნაკლებობის გამო შიმშილობის საშიშროების წინაშე დგას. გასულ თვეებში აღნიშნულ საქონელზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც მოთხოვნის ზრდამ, ცუდმა მოსავალმა და სოფლის მეურნეობისათვის გამოყოფილი მიწების მოცულობის შემცირებამ გამოიწვია, მნიშვნელოვან როლს კი ალტერნატიულ საწვავზე მუშაობა თამაშობს. ხორბალზე, ბრინჯსა და სიმინდის მარცვალზე ფასების ზრდამ განაპირობა ყველა საკვებ პროდუქტზე ბოლო სამი წლის განმავლობაში 83%-ით გაზრდილი ფასები, – აცხადებენ მსოფლიო ბანკის ოფიციალური პირები. ფასების ზრდა ბევრ ქვეყანაში არეულობებსა და საპროტესტო გამოსვლებს იწვევს, მათ შორისაა ეგვიპტე, ეთიოპია, ჰაიტი, ფილიპინები და ინდონეზია.
ბრინჯის ექსპორტის საკითხების გართულება კი უარყოფითად აისახება ამ პროდუქციის მწარმოებელ ქვეყნებზე: ინდოეთზე, ჩინეთზე, ვიეტნამზე და ეგვიპტეზე. ცუდ მდგომარეობაში არიან იმპორტიორი ქვეყნებიც: ბანგლადეში, ფილიპინები და ავღანეთი.

მდიდრები აქტიურ ქმედებაზე გადადიან
მსოფლიო ბანკის თავმჯდომარე აცხადებს: “ჩვენ ფული იქ უნდა ჩავდოთ, სადაც ჩვენი პირია, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია საჭმელი მშიერ პირებში ჩავდოთ და ეს ჭეშმარიტებაა.”
მან დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა დაეხმარონ ღარიბი ქვეყნების გაჭირვებულ მოსახლეობას და მცირე ფერმერებს, ასევე მიმართა დონორ ქვეყნებს შეავსონ მსოფლიო საკვები პროდუქტების პროგრამისთვის დადგენილი ფონდი 500 მლნ დოლარით. მსოფლიო ბანკის “ახალი გარიგება გლობალური საკვები პროდუქტების პოლიტიკისათვის” ღარიბ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გაძლიერებასაც ითვალისწინებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე დომენიკ შტრაუს-კანი კი აცხადებს, რომ მოსალოდნელია მასიური შიმშილობა, ხოლო თუ წარსულს გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ ამ საკითხების დაუძლევლობამ შეიძლება მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს. მისი აზრით, პრობლემამ შეიძლება სავაჭრო დისბალანსები გამოიწვიოს, რაც განვითარებად ქვეყნებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.