საქართველოს ქმედუნარიანი აგრარული პოლიტიკა სჭირდება
პაატა კოღუაშვილი, გიორგი ზიბზიბაძე, ლილი კოღუაშვილი
ახლო მომავალში მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისის შესახებ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ავტორიტეტული ჟურნალი თუ სასურსათო პრობლემატიკასთან ახლომდგომი ცნობილი მეცნიერი და სპეციალისტი აფრთხილებდა მთელ მსოფლიოს. კერძოდ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზი იმის თაობაზე, რომ 2015-2020 წლებში პლანეტის მოსახლეობის მოთხოვნილება კვების პროდუქტებზე 50%-ით გაიზრდებოდა, რაც უმწვავეს სასურსათო კრიზისს განაპირობებდა.
ხსენებული ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჟაკ დიოუფმა კიდევ უფრო დააკონკრეტა მოსალოდნელი გლობალური საფრთხე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ “თუ არ მოხდება სურსათის წარმოებაში ტექნოლოგიური გარღვევა, შესაძლოა 2010 წლიდან დაიწყოს მძიმე სასურსათო კრიზისი”.
ეს ოფიციალური განცხადება სერიოზული გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა გამხდარიყო სურსათის იმპორტიორი განვითარებადი ქვეყნებისათვის, რადგან გლობალური სასურსათო კრიზისის ნეგატიური შედეგები, როგორც წესი, პირველ რიგში ასეთი კატეგორიის ქვეყნების ღარიბ მოსახლეობაზე აისახება (ცნობისათვის, 1967 წელს ერთი ტონა ხორბლის ღირებულება 67 აშშ დოლარს შეადგენდა, 1990 წელს 125, 1997 წელს 190. 1998 წელს ამერიკელი ექსპერტების მიერ გამოთქმული პროგნოზით უახლოეს წლებში ხორბლის ღირებულება უნდა გაზრდილიყო 66%-ით, ხოლო სიმინდისა 37%-ით).
დღეს გლობალური სასურსათო კრიზისის ნიშნები პრაქტიკულად სახეზეა. ამაზე მეტყველებს სურსათზე, განსაკუთრებით მარცვლეულზე, უკიდურესად გაზრდილი ფასები და ექსპორტიორ ქვეყნებში მარცვლეულის მარაგების შემცირება. ამდენად, ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა იმის კვლევა-ძიებას, თუ რამ გამოიწვია ის, სახნავი მიწების შემცირებამ, მარცვლეული რესურსების ბიოსაწვავის გამომუშავებაზე წარმართვამ, თუ ხორბლის მოხმარების ზრდამ ინდოეთსა და ჩინეთში. ფაქტია, რომ მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდება აგროწარმოების “ბიოლოგიზაციის” ტემპების დაჩქარების კვალობაზე კიდევ უფრო შემცირდება, რაც მასზე ფასების კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე დღეს უფრო უპრიანი იქნება, დავსვათ კითხვა იმის თაობაზე, თუ რა გაკეთდა (ან კეთდება) ჩვენს ქვეყანაში მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის პრევენციისათვის და აქვე ვუპასუხოთ – პრაქტიკულად არაფერი. უფრო მეტიც, 2000-2007 წლების ფაქტობრივ მონაცემებს კრიტიკულად თუ გავაანალიზებთ დავინახავთ, რომ სურსათის წარმოების მხრივ საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამაზე მრავალი ფაქტი მეტყველებს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ შედეგობრივ მაჩვენებელს მოვიტანთ. კერძოდ, 2006 წლისათვის მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი წინა სამი წლის საშუალოსთან შედარებით 21 პროცენტული მუხლით შემცირდა და 29%-ი შეადგინა. ეს იმ პირობებში, როცა მარცვლეულის იმპორტი 2006 წელს ყველაზე მაღალი იყო (859 ათასი ტ.) 2000 წლის შემდეგ. ანალოგიურად შემცირდა კარტოფილის (მეორე პურის), ბოსტნეულის, მცენარეული ზეთის და კვების სხვა ძირითადი პროდუქტების თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლებიც.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მარცვლეული მეურნეობის განვითარების პრობლემას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია ნებისმიერი მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგანაც მარცვლეული წარმოადგენს უალტერნატივო საფუძველს პურისა და პურ-პროდუქტების, ხორცისა და ხორც-პროდუქტების, რძის და რძის-პროდუქტების, კვერცხისა და კვების სხვა ძირითადი პროდუქტების წარმოებისათვის.
დამოუკიდებლობის მოპოვებას ე.წ. “საკავშირო ფონდებიდან” მარცვლის ცენტრალიზებული მოწოდების პრაქტიკის გაუქმება მოჰყვა. რის გამოც საქართველოში მუშაობა ერთბაშად შეწყვიტა კომბინირებული საკვების მწარმოებელმა ქარხნებმა, ინდუსტრიულ საფუძველზე გადაყვანილმა მეფრინველეობის ფაბრიკებმა, მეხორცული და მერძეული მიმართულების სპეციალიზებულმა კომპლექსებმა და სხვ. შედეგად, კატასტროფულად შემცირდა მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება. რამაც სერიოზული გავლენა იქონია მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებაზე. კერძოდ, მკვეთრად შემცირდა ამ პროდუქტების სულადობრივი მოხმარების დონე, გაუარესდა კვების რაციონის სტრუქტურა და სხვ.
ამიტომაცაა, რომ მარცვალი, როგორც სტრატეგიული საქონელი, ითვლება არამარტო თითოეული ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების მთავარ გარანტად, არამედ მარცლის იმპორტიორ ქვეყნებზე პოლიტიკური ზემოქმედების მძლავრ იარაღადაც. თუ ამას დავუმატებთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მიერ გაკეთებულ შემაშფოთებელ პროგნოზს მოსალოდნელი მწვავე სასურსათო კრიზისის შესახებ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მარცვლის, როგორც კვების შეუცვლელი პროდუქტის “სასურსათო და პოლიტიკური ფასი” მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოში ბოლო ათწლეულში გამოიკვეთა მარცვლეულის წარმოების შემცირების და მასზე ფასების პერმანენტული ზრდის ტენდენცია (2007 წლის მეორე ნახევრიდან ხორბალზე, ბრინჯზე და სიმინდზე ფასები გაორმაგდა და შესაბამისად 400, 990 და 150 აშშ დოლარს მიაღწია. გაორმაგდა მცენარეული ზეთის ფასიც). ამ უკანასკნელს კი ისიც განაპირობებს, რომ ადამიანთა რიცხოვნობის ზრდა ბევრად უსწრებს წინ მოსახლობის ერთ სულზე მარცვლეულის წარმოების ზრდის ტემპს. ზემოაღნიშნული სიტუაციის გამო ქვეყნები, რომელთაც შესაბამისი მიწის რესურსები გააჩნიათ, სურსათის თვითუზრუნველყოფის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე ყოველ ღონეს ხმარობენ ადგილზე მარცვლეული მეურნეობის განვითარებისათვის, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა მისი წარმოების შეფარდებითი თუ აბსოლუტური უპირატესობა. ამის კარგ მაგალითს იძლევა იაპონია, სადაც სახელმწიფო ადგილზე საკუთარი ფერმერებისაგან 5-6 ჯერ უფრო ძვირად იძენს ბრინჯს ვიდრე ის მსოფლიო ბაზარზე ღირს. აღნიშნული ორი მოსაზრებიდან გამომდინარე კეთდება: პირველ რიგში მსოფლიო ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირების მიზნით და მეორეც იმის კარგად გაცნობიერებით, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა (ამჟამად, მათი რიცხვი 900 მლნ. აღემატება).
ამდენად, საჭიროა ადგილებზე მარცვლეულის წარმოების გადიდების ყველა რეზერვის ამოქმედება პრობლემის კიდევ უფრო გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით.
მოსახლეობის ამა თუ იმ ფენის შველა საკვების გაძვირების პირობებში უნდა ემყარებოდეს არა მისთვის საკვების სუბსიდირებას (ანუ საკვების ხელოვნურ გაიაფებას), არამედ მისი შემოსავლის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის შემოსავლის გაზრდა ყოველთვის ვერ გაუსწორდება მისი საკვების ფასის ზრდას, ეს მოსახლეობის სხვადასხვა ფენას სხვადასხვაგვარად ეხება. ყველაზე მძიმე პერსპექტივა ამ მხრივ აქვს ღარიბი ქვეყნების ღარიბ ქალაქელსა და სოფლის მოსახლეობას (ექსპერტული შეფასებით საქართველოში სიღარიბის დონე 57%). როგორც ღარიბი ისე მდიდარი ქვეყნებისთვის მდგომარეობის შემსუბუქების შედეგი დამოკიდებული იქნება ერთზე – მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის ხარისხზე. წააგებს ყველაზე მეტად ის, ვისაც სასოფლო სამეურნეო პოლიტიკა ყველაზე ცუდად ორგანიზებული ექნება.
მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულზე არსებული ფასების სულ უფრო მზარდი დინამიკის, აგრეთვე შესასყიდი მარცვლის სტრუქტურის (სასურსათო და საფურაჟე) გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას მარცვალზე 0,5 მლრდ. დოლარამდე თანხა ესაჭიროება. ცნობილია ისიც, რომ საგარეო ვაჭრობის ბალანსის დეფიციტის მნიშვნელოვანი ოდენობა დღეისათვის სურსათზე, მათ შორის მარტო მარცვლეულის, შაქრის, ხორბლის ფქვილის და ზეთოვანი კულტურების მზა პროდუქციის იმპორტზე (200 მლნ. აშშ დოლარი 2006 წლის მონაცემებით) მოდის. ეს მდგომარეობა შეიძლება მოსათმენი ყოფილიყო იმ პირობებში, როცა მარცვლეულის, შაქრის და ზეთოვანი კულტურების წარმოების ყველა ადგილობრივი რეზერვი ამოწურულია, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში არსებობს მათი წარმოების გადიდების რეზერვები და ამით სავალუტო რესურსების დაზოგვის საშუალება, მარცვლის იმპორტზე ასეთი დამოკიდებულება, ჩვენი აზრით, ქვეყნის აგრარული პოლიტიკის შეცდომად უნდა იქნას მიჩნეული. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას ზემოაღნიშნულ მოტივებთან ერთად შემდეგი გარემოებანიც გვაძლევს:
თანამედროვე მსოფლიოში სასურსათო უშიშროების (უსაფრთხოების) ორი ძირითადი კრიტერიუმია აღიარებული და ორივე მათგანი მარცვლეულს უკავშირდება. ესენია მარცვლეულის გადაუდებელი მარაგები და მარცვლის წარმოების მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით. პირველი ქმნის აუცილებელ გარანტიასა და სიმყარეს საგანგებო სიტუაციების დროს, ხოლო მეორე აჩვენებს მარცვლეულის იმპორტზე ამა თუ იმ ქვეყნის დამოკიდებულების ხარისხსა და დონეს (ქვეყანაში პურისა და პურპოდუქტების მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმებიდან გამომდინარე).
ამასთან, საყოველთაოდ მიღებულია, რომ ხელუხლებელ მარაგს წარმოადგენს მარცვლის ის გარდამავალი მოცულობა, რომელიც მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით საკმარისია მოხმარების 60 კალენდარული დღის განმავლობაში, ანუ მოთხოვნილების 17-18%-ის ოდენობით (რა თქმა უნდა მისასალმებელია, თუ ქვეყნის მთავრობას უფრო მეტი რაოდენობის მარაგი აქვს შექმნილი).
საქართველოში მარცვლეულიდან, როგორც ხორბალს, ასევე სიმინდს განსაკუთრებული სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს (შესაბამისად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისათვის), მაგრამ იგი ოდითგანვე უპირველესად ხორბლის მწარმოებელ და მომხმარებელ ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანად იყო მიჩნეული. სამწუხაროდ, როგორც მწარმოებელმა ქვეყანამ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ეს პოზიციები მკვეთრად დათმო. ამას ადასტურებს შემდეგი ციფრობრივი მასალა: 1950 წლისათვის საქართველო აწარმოებდა 786 ათას ტონა მარცვლეულს, ანუ მოსახლეობის ერთ სულზე 223 კგ. (მოსახლეობის რიცხოვნობა ამ პერიოდში 3.5 მლნ. ადამიანს შეადგენდა). 1980 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 5 მლნ-ს გადასცდა და მოსახლეობის ერთ სულზე მარცვლის წარმოებამ 121 კგ. შეადგინა (მომდევნო ათწლეულში სურათი პრაქტიკულად არ შეცვლილა. 1990 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 5.4 მლნ უდრიდა და ერთ სულზე კვლავ 121 კგ მარცვლეული იქნა წარმოებული), ხოლო 2000-2003 წლებში მარცვლის წარმოება მართალია გაიზარდა 150-155 კგ-მდე., მაგრამ ეს მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ხარჯზე მოხდა (ამ პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა 1,2 მლნ სულით შემცირდა). 2006 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა და მხოლოდ 76 კგ. შეადგინა.
ამდენად აშკარაა, რომ მარცვლეულის წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე სისტემატურად მცირდება, მაშინ როცა პურზე და პურპროდუქტებზე მოხმარება ქვეყანაში ფიზიოლოგიურ ნორმას მნიშვნელოვნად აჭარბებს (ნაცვლად ნორმით გათვალისწინებული 350 გრამისა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტობრივად მიოხმარს 420-450 გრამს, რაც პირველყოვლისა კვების სხვა პროდუქტებზე ხელმიუწვდომლობით უნდა აიხსნას).
მარცვლეულის სტრუქტურაში სიმინდს პირველი ადგილი, ხოლო ხორბალს მეორე ადგილი უკავია. მათზე მოდის თავთავიანი მარცვლეულის საშუალოდ 90%, ხოლო დანარჩენზე (ქერი, შვრია და ა.შ) 10% (ცნობისათვის მსოფლიოში 2003 წელს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით წარმოებული იქნა 338 კგ. მარცვლეული, ხოლო მარცვლეულის ძირითად მწარმოებელ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კანადა – 1641 კგ; ავსტრალიაში – 1611 კგ; აშშ-ში – 1248 კგ; გერმანიაში – 609 კგ; თურქეთში – 406 კგ და რუსეთში – 502 კგ).
საქართველო მარცვლეულით უზრუნველყოფის მხრივ მწვავე დეფიციტური ქვეყანაა. თუ გადავხედავთ სამომხმარებლო ბაზარს, აქ ძირითადად დომინირებს რუსეთიდან და თურქეთიდან შემოტანილი ფქვილი, ხოლო მარცვლეულიდან – ხორბალი. ბაზარზე იმპორტული ფქვილისა და ხორბლის დომინირებული მდგომარეობის გამო იმპორტის ნებისმიერი შეფერხება იწვევს ფქვილზე, პურზე და პურ-პროდუქტებზე ფასების მკვეთრ რყევას. (მაგალითად, 2003 წლის ივნისის თვეში ფქვილისა და მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებით წესრიგის განმტკიცებამ მკვეთრი გავლენა მოახდინა სამომხმარებლო ბაზრებზე და დაიწყო ფქვილის გაძვირების პროცესი, რამაც გავლენა იქონია პურისა და პურპროდუქტების ფასებზეც).
ზემოთ აღნიშნული ტენდენციებისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველო, როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, პოტენციურად სასურსათო საფრთხის წინაშე დგას. უდაოა, რომ ხორბლის წარმოებისა და მოხმარების ბალანსში არსებობს მწვავე დეფიციტი. რის გამოც მასზე გადახდისუნარიანი მოთხოვნა იმპორტის ხარჯზე უნდა შეივსოს ე.ი. საფრთხე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით აშკარაა. ასეთ ვითარებაში საქართველო ობიექტურად ხდება დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყანაზე, რომელიც განახორციელებს იმპორტს ან ჰუმანიტარულ დახმარებას, რაღაც სარგებლის ხარჯზე.
შესაბამისი გათვლებით დადგენილია, რომ საქართველოს ყოველწლიურად სჭირდება 1700-1800 ათასი ტონა (სასურსათო და საფურაჟე) მარცვლეული (ამ მოცულობაში შედის ფიზიოლოგიური ნორმით გათვალისწინებული ხორცის და ხორცპროდუქტების, რძის და რძისპროდუქტების, კვერცხის საშუალო დონეზე წარმოებისათვის საჭირო მარცვლეული), საიდანაც უშუალოდ სასურსათო დანიშნულების უნდა იყოს 750 ათასი ტონა. პურზე და პურპროდუქტებზე გადაანგარიშებით ეს მოცულობა 680-690 ათასი ტონას შეადგენს, რომლისთვისაც საჭიროა 525-530 ათასი ტონა ფქვილი. აქედან, ადგილზე წარმოებული ხორბლიდან დღეისათვის შესაძლოა მიღებული იქნეს 120-140 ათასი ტონა ფქვილი (140-150 ათასი ტონა სასაქონლო ხორბლის წარმოებიდან გამომდინარე საშუალოდ). დანარჩენი ოდენობა კი იმპორტით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.
როგორც ცნობილია, ყველაზე უფრო სტრატეგიული სურსათის, მარცვლეულის მსოფლიო რეზერვების უდიდეს ნაწილს მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო ფლობს. ესენია ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ევროკავშირის ქვეყნები. ამ ქვეყნებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელზეც მსოფლიო მოსახლეობის 5 პროცენტი და მარცვლის მარაგების 47-50 პროცენტი მოდის. მარცვლის წარმოების მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნების მიერ პრაქტიკულად მონოპოლიზებულია ასევე მარცვლის ექსპორტიც, ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში მარცვლის იმპორტს სხვადასხვა მოცულობით 120-მდე ქვეყანა აწარმოებს. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია სასურსათო კრიზისის წარმოშობის შემთხვევაში, მარცვლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მდგომარეობაც. პირველი საყურადღებო სიმპტომები ამ მიმართულებით უკვე შეინიშნება. კერძოდ, დასავლეთის ქვეყნებში ბოლო პერიოდში ხდება აგრარული პოლიტიკის გადახედვა (2004 წელს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ერთიანი აგრარული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ), რაც გამოიხატება ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებისათვის გაწეული დახმარებების (სუბსიდიის) შემცირებაში, ხოლო მეორეს მხრივ, იმ მკაცრი ღონისძიებების შესუსტებაში, რომლებიც მიმართული იყო საშინაო ბაზრების დასაცავად საგარეო კონკურენციისაგან. ეს პოლიტიკა უკვე სამართლებრივად აისახა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ე.წ. “ურუგვაის და დოჰას რაუნდების” დოკუმენტებში.
თუ ზემოაღნიშნულ მოვლენებს ურთიერთკავშირში განვიხილავთ, უნდა დავასკვნათ, რომ მარცვლის ექსპორტიორი ქვეყნების ახალი აგრარული პოლიტიკა გამოიწვევს არსებით ცვლილებებს მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდებასა და მასზე ფასების ფორმირებაში. კერძოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფერმერთა დასახმარებლად გამოყოფილი სახსრების შემცირება გამოიწვევს წარმოებულ მარცვლეულზე დანახარჯების და შესაბამისად ფასების გაზრდას, რაც ფაქტობრივად კონპენსირებულ უნდა იქნეს იმპორტიორი ქვეყნების მიერ.
ამ კონტექსტში ერთობ საინტერესოა FAO-ს და ევროკავშირის პოზიცია განვითარებადი ქვეყნების მიმართ სურსათის მ.შ. ხორბლის იმპორტის თაობაზე. ნიშანდობლივია, რომ ხსენებული ავტორიტეტული ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ მიმართულებით მკვეთრად და კატეგორიულად უარყოფითია. ისინი აღიარებენ, რომ მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე დასავლეთის სახელმწიფოებში ფერმერთა სუბსიდირების სისტემა, მართალია, ეხმარება შედარებით ღარიბ იმპორტიორ ქვეყნებს იმპორტის გაიაფებაში, მაგრამ დაბალი ფასები სურსათზე, მათ შორის მარცვლეულზე, ბევრ განვითარებად ქვეყანას აიძულებს უგულებელყოს საკუთარი წარმოება, რაც საბოლოო ანგარიშით მსოფლიოში სურსათის წარმოების შემცირებას და მასზე ფასების გარდაუვალ ზრდას იწვევს.
აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ FAO და ევროკავშირი იზიარებს იმ დებულებას, რომ აუცილებლად უნდა შემცირდეს სურსათით (მათ შორის მარცვლეულით) იმპორტზე დამოკიდებულება. ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობა უმეტესი სახის სურსათით და რაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი. ხორბალი სოფლის მეურნეობის უმთავრესი პროდუქტია და მასზე ფასის გაზრდა ძირითადი საკვები პროდუქტების გაძვირებას იწვევს. ეს რეალობაა და თუ მთავრობა ეხლავე არ მიიღებს გადამჭრელ ზომებს, ჩვენ უმწვავესი სასურსათო კრიზისი გველის.
ზემოაღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მარცვლეულის პრობლემა იმ დონით მოხსნან, რა დონითაც ამის შესაძლებლობა ადგილებზე გააჩნიათ. რა საშუალება აქვს ამ მხრივ საქართველოს?
მეცნიერთა და სპეციალისტთა გათვლებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ტრანსფორმაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში მარცვლის ქვეშ ნათესი ფართობი გაიზარდოს 180-200 ათასი ჰექტრით, ანუ 400 ათას ჰა-მდე. სახნავი მიწების ასეთი სტრუქტურული ტრანსფორმაცია საშუალებას იძლევა საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში წარმოებული იქნას 1,4-1,5 მლნ. ტ. მარცვლეული, რაც სრულიად საკმარისია ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისთვის (საკმარისობის კოეფიციენტის მიხედვით).
რაა საჭირო ამ რეზერვების ასამოქმედებლად? პირველყოვლისა, ხელისუფლების ნება სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფის მისაღწევად. ეს ნება ხელისუფლებას უკვე დოკუმენტურად აქვს დეკლარირებული “ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამაში”, სადაც აგროსასურსათო სექტორის განვითარების მიზნით გათვალისწინებულ პრაქტიკულად ყველა საწარმოო ეკონომიკური და ორგანიზაციულ სამართლებრივი ღონისძიებების ჩამონათვალის შემდეგ ვკითხულობთ, რომ “ძირითადი აქცენტი გაკეთდება აგროსასურსათო სექტორის ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტშემცვლელი დარგების ხელშეწყობაზე”. თუ იმპორტშემცვლელი დარგების უბრალო გაშიფრვას მოვახდენთ, ამ სექტორში მარცვლეულს, ჩვენი აზრით, კონკურენტი არ ეყოლება,.
რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში არსებული მარცვლეულის წარმოების რეზერვების სრული ამოქმედებისათვის?
თავიდანვე უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია მარცვლით სრულად დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება, მაგრამ ისიც უდაოა, რომ აქ რეალურად შეიძლება სასურსათო მარცვლეულის (სიმინდის ჩათვლით) იმ მოცულობით წარმოება, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის პურზე და პურპროდუქტებზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის საჭიროა ქვეყანაში ისეთი სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციის და დარგობრივი სტრუქტურის შექმნა, რომელშიც ერთერთი უპირველესი პრიორიტეტი მარცვლეულის წარმოებას მიენიჭება. საამისოდ დღეისათვის არაა საჭირო დამატებითი მიწების გამოძებნა მრავალწლიანი ნარგავების გაჩეხვის ხარჯზე. მნიშვნელოვანი რეზერვი ამ მიმართულებით სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გონივრული გამოყენებაა.
ჩვენი გათვლებით, 2010-2012 წლებისათვის რეალურად შესაძლებელია მარცვლეულისათვის (ხორბალი, სიმინდი, ქერი და სხვ.) ქვეშ 350 ათას ჰა-მდე სავარგულის გამოყოფა, რაც 35 ცენტნერი საშუალო მოსავლიანობის პირობებში, პირველ ეტაპზე, 1,2 მლნ. ტონა მარცვლეულის წარმოების ტოლფასია.
საქართველოს მცირემიწიანობის გათვალისწინებით, მომავალში აქცენტი აღებული უნდა იქნეს ძირითადად მარცვლის მოსავლის გადიდების ინტენსიურ ფაქტორებზე. ამ მხრივ ქვეყანას უფრო სერიოზული რეზერვები გააჩნია, ვიდრე უბრალოდ სავარგულების გაზრდაა. ესაა პირველყოვლისა მელიორირებული მიწის ფართობების გადიდება, არსებული სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციის, მათი ტექნიკური მოდერნიზაციის და წყალუზრუნველყოფის ამაღლების ხარჯზე. მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი მარცვლეული მეურნეობის, როგორც დარგის მატერიალურ ტექნიკური ბაზის განმტკიცების საქმეში, ნიადაგების დაცვის, აგროქიმიური მომსახურების და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების კუთხით. ამ მხრივ განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში არსებული დამლაშებული, ბიცი და ბიცობი ნიადაგების გაკულტურების და სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში მოქცევის ღონისძიებები (მათი საერთო ფართობი 200 ათას ჰექტარს აღემატება). მოსავლიანობის ზრდას უნდა დაექვემდებაროს მარცვლეულის (ხორბლის, სიმიდნის, ქერის და ა.შ.) ელიტური თესლის წარმოების, მინდვრად სწორი თესლბრუნვების და პროგრესული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვის და საერთოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის დონის ამაღლება.
ზემოაღნიშნული რეზერვების ამოქმედება და მარცვლეულის წარმოების არსებითი გადიდება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მოხდება მისი წარმოების მატერიალურ-ეკონომიკური სტიმულირების ყველა არსებული ბერკეტის და საშუალების გამოყენება, რაშიც სახელმწიფომ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს.
მარცვლის წარმოების სტიმულირება მრავალი მიმართულებით შეიძლება გაიშალოს. კერძოდ, მარცვლეული ნათესის გათავისუფლება გადასახადისაგან. შესაძლოა გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წარმოებული მარცვლის სახელმწიფო გარანტირებული შესყიდვის, შეღავათიანი საკრედიტო, სადაზღვევო სისტემები, პირდაპირი სუბსიდიები (ეს არ იქნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევა, რადგან, ამ ორგანიზაციის წესდების თანახმად, ქვეყანას შეუძლია საექსპორტო შემოსავლების 5%-ი წარმართოს მნიშვნელოვანი დარგების სუბსიდირებაზე) და სხვა.
მარცვლეული მეურნეობის განვითარებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა სამომხმარებლო ბაზრის დაცვა. იმის მტკიცება, რომ ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის მარცვლეული და ფქვილი, ჩვენი განხილვის საგანი არ არის. აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ სამომხმარებლო ბაზარზე არცთუ იშვიათად სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის კარგად გაფორმებული შეფუთვის თვალსაზრისით, მაგრამ საკმაოდ უხარისხო, ხშირად ფალსიფიცირებული, მაგრამ საკმაოდ იაფი პროდუქცია, რომელიც გათვლილია პირველყოვლისა ჩვენი დაბალი გადახდისუნარიანი მოსახლეობისათვის. ამ წესით სამომხმარებლო ბაზარზე მოხვედრილი პროდუქცია ქვეყნისათვის მრავალმხრივი ზარალის მომტანია. პირველ რიგში, ის ზიანის მომტანია მისი უშუალო მომხმარებლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ხოლო შემდგომ კი ზოგადად ქვეყნის ბიუჯეტისათვის. მხედველობაში გვაქვს არა იმდენად პირდაპირი დანაკარგები (გადასახადის დამალვა და აშ.), არამედ დანაკარგები, რომელიც მიიღება ადგილობრივი მეწარმეებისათვის არაკეთილსაიმედო სამეწარმეო გარემოს შექმნით.
უდაო ფაქტია, რომ ჩვენი მარცვლეულის მწარმოებლებს ყოველწლიურად წარმოებული მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა უჩნდებათ. ბაზარზე იაფი და უხარისხო პროდუქციის არსებობა მათ არც თუ იშვითად აიძულებთ, მარცვლეული გაყიდონ მასზე გაწეულ დანახარჯებზე დაბალ ფასებში, მნიშვნელოვნად დაზარალდნენ და შემდგომში კი საერთოდ ხელი აიღონ ამ საქმიანობაზე. ამ ვითარებაში იზრდება დაუმუშავებელი ფართობების რაოდენობა და უმუშევართა რიცხვი, ქვეყნიდან გადინებული ვალუტის მოცულობა და მარცვლეულის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების ხარისხი მისგან გამომდინარე ყველა უარყოფითი შედეგებით.
საქართველოში მოქმედებს 190-მდე მარცვლის გადამმუშავებელი წვრილი და მსხვილი საწარმოო სიმძლავრის მქონე ქარხანა, რომელთა ჯამური საწარმოო დღეღამური სიმძლავრე 6500 ტონას შეადგენს. აქედან 16 უმსხვილესი საწარმოს საერთო სიმძლავრე 3500 ტონას აღემატება დღეღამეში. დღეს ეს სიმძლავრეები მხოლოდ მინიმალურად – 10-15 %-ითაა მხოლოდ გამოყენებული, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს წარმოშობს.
დაბოლოს, ქვეყანას, რომელსაც გააჩნია ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები მარცვლეულის წარმოების გადიდებისათვის, მისი მოყვანის უნარჩვევები და ტრადიციები, მარცვლეულის გადამმუშავებელი საწარმოო სიმძლავრეები და წარმოებული პროდუქციის გასაღების ადგილობრივი ბაზარი, არ უნდა იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებიდან მარცვლეულის იმპორტზე.
მდგომარეობიდან გამოსავალი უპირველესად, ქვეყანაში არსებული აგრარული პოლიტიკის შეცვლა და მსოფლიო გლობალურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა იქნეს მიჩნეული. შესამუშავებელია აგრარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია სწორად განსაზღვრული პრიორიტეტებით (რათა მიღწეული იქნეს დარგის პროდუქტიული კონკურენტუნარიანი უპირატესობა), სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის განვითარების სტრატეგია, რომელშიც აგრარული მეურნეობის გარდა, სოციალური ინფასტრუქტურის განვითარებაც იგულისხმება. საქმე ეხება დარგს, რომელიც მწვავე კრიზისშია და საქონელმწარმოებელს, რომელსაც არავითარი სტიმული არ გააჩნია მუშაობისათვის, არადა ის ქმნის ადამიანთა საარსებო საკვებ პროდუქტებს და სწორედ მის მიერ შექმნილი პროდუქციის დეფიციტის გამო არის კრიზისი. პრობლემის დარეგულირება მხოლოდ მთავრობას ძალუძს.
ამასთან, მისაღებია კანონები – “საქართველოს სასურსათო უშიშროების შესახებ”, “მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების შესახებ”, და სხვ. რომლებიც უნდა გახდეს გარკვეული ორიენტირები აგროწარმოების აღორძინებისა და სასურსათო პრობლემის გადაწყვეტაში. თქმულიდან გასაგები ხდება, რომ:
– სასურსათო უშიშროება ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა;
– მთავრობის კომპეტენტურობა და აგროსასურსათო პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი და მიმართულება გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენისათვის.
საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფციაში, რომელიც 1997 წელს იქნა მიღებული, აღნიშნულია, რომ მარცვლეული ქვეყანაში (კარტოფილთან, მცენარეულ ზეთთან, ხილბოსტნეულთან და მეცხოველეობის პროდუქტებთან ერთად) მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში იქნება მიჩნეული პრიორიტეტად, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს მევენახეობას, მეჩაიეობას და სხვა ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებას. ჩვენი აზრით, მარცვლეულის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სურსათის წარმოება პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში (ისევე როგორც საკუთარი თესლეულის, ნერგის, ჯიშიანი პირუტყვისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღწარმოების სხვა საშუალებათა წარმოება). აღნიშნულს ობიექტურად მოითხოვს მსოფლიო სურსათის წარმოებაში დღეისათვის შექმნილი ობიექტური რეალობა, საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები და სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფის ამოცანა.