დასაქმების პოლიტიკა, როგორც სოციალური პოლიტიკის კომპონენტი
ნინო ფარესაშვილი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
განვითარებული ქვეყნების მიერ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მიღწეულმა წარმატებებმა დაგვანახა, რომ საბაზრო მეურნეობა თავისი ბუნებით “სოციალურია” იმ თვალსაზრისით, რომ იგი ემსახურება ადამიანთა ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. იგი უფრო მეტად სოციალური და გეგმიურია, ვიდრე ცენტრალიზებული ეკონომიკა. ამის საფუძველზე დამკვიდრდა შეხედულება, რომ საბაზრო სისტემა ეს არის ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა ისტორიული განვითარების მიღწევა, წარმოების ეფექტიანობის ამაღლების მძლავრი საშუალება.
განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბაზრისათვის დამახასიათებელ ღირსებათა სიმრავლის მიუხედავად, ის მაინც ვერ წყვეტს მრავალ სოციალურ პრობლემას. საბაზრო სისტემა, რომლის ძირითად ატრიბუტს წარმოადგენს კონკურენცია, უპირველეს ყოვლისა, დამყარებულია საზოგადოებრივი პროდუქტის განაწილებაში საზოგადოების წევრთა უთანასწორობის აღიარებაზე, იწვევს მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრ დიფერენციაციას. ბაზარი ყველას არ აძლევს შრომის, განათლების, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გარანტიას, ვერ უზრუნველყოფს ფულადი შემოსავლებისა და ანაბრების რეალური მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას. ამიტომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებობს მოსახლეობის სოციალური დაცვის მექანიზმის შემუშავების ობიექტური აუცილებლობა.
სოციალური დაცვის სისტემის შექმნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს დემოგრაფიული, პოლიტიკური, ეროვნული პირობები, რომელიც ეფექტიანი სისტემის ფორმირების აუცილებელი წინაპირობაა. მოსახლეობის ყველა ფენისა და სოციალური სტრუქტურის დაცულობისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, გავაცნობიეროთ ჩვენი ქვეყნის სოციალური განვითარების თავისებურებები უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე და შემდეგ შევეცადოთ დასავლეთის ქვეყნებში დაგროვილი დადებითი გამოცდილების ადაპტირებას.
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც სჭირდება სოციალური მხარდაჭერა და დაცულობა. სახელმწიფოს მიერ რიგი ღონისძიებების გატარების მიეხედავად, დღეისათვის მოქალაქეთა სოციალური დაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ადამიანთა არსებობისათვის ელემენტარულ პირობებს. როგორც ცნობილია, სოციალური დაცვის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ეკონომიკური და სოციალური რესურსების ყველაზე ეფექტური წესით კონცენტირებასა და გამოყენებას, მხარდაჭერის მიმართულებების სწორად განსაზღვრას.
სოციალური დაცულობის სისტემის ფორმირებისა და ცხოვრებაში პრაქტიკულად დამკვიდრების განუყოფელი რგოლია დასაქმებისათვის ხელის შეწყობა, რადგან შრომისუნარიანი მოსახლეობის სოციალური დაცულობა ითვალისწინებს ისეთი პირობების შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს მას საკუთარი ძალისხმევით უზრუნველყოს თავისი ოჯახის კეთილდღეობა და სოციალური დაცულობა. ასეთ საშუალებად კი გვევლინება სახელმწიფოში დასაქმების ხელშეწყობა და ეფექტური დასაქმების უზრუნველყოფა. ეს შესაძლებელს გახდის შრომისუნარიანი მოქალაქეებისა და მათი ცხოვრების დონის გაზრდას სოციალური აქტივობისა და თვითდახმარების ხარჯზე.
საქართველოში XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული უმუშევრობა უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა. იგი გვევლინება ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად. დასაქმების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არ მიეკუთვნება გარდამავალი პერიოდის (ხანმოკლე დროის მანძილზე მიმდინარე) პრობლემათა რიცხვს, არამედ წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ ამოსავალ მაკროეკონომიკურ ამოცანას ხანგრძლივ პერსპექტივაში. ეს კი ითვალისწინებს დასაქმების სფეროში ისეთი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც წინ აღუდგება იძულებითი უმუშევრობის ზრდის ტენდენციას.
სტრატეგიის შემუშავებისას განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებიდან დასაქმების რეგულირების კანონზომიერებათა მექანიკური გადმოტანა, რა თქმა უნდა, არ იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რამდენადაც დასაქმების ესა თუ ის მოდელი ასახავს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას დროის ისტორიულ მონაკვეთში, შრომის ბაზრის ეროვნული თავისებურებების, ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების, ეროვნული მოწყობისა და ტრადიციების გათვალისწინებით. ამიტომ დასაქმების ეროვნული მოდელის ფორმირების დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დასაქმების სხვადასხვა თეორიათა შედარებით ანალიზს, მათი ევოლუციის შესწავლას და ამის საფუძველზე მოცემული პრობლემისადმი მოქნილ მიდგომას.
ევროპაში სოციალური პრობლემისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სათავეს იღებს XIX საუკუნის ბოლოდან. სოციალურ პრობლემათა გადაჭრის გზები დაკავშირებული იყო და არის სოციალური და ეკონომიკური პროცესების მართვაში სახელმწიფოს როლის გარკვევასთან. ამასთან დაკავშირებით უდიდეს ფასეულობას წარმოადგენს მ. კეინსის, ე. ერხარდის, ა. სამუელსონის, დ. ჯ. გელბრეიტის მოძღვრებათა საფუძველზე სოციალური პოლიტიკის სხვადასხვა მოდელების განხილვა და იმ პრინციპების შემუშავება, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის მოდელს. სოციალური პოლიტიკის მოდელის არჩევისათვის აუცილებელია შემდეგ სამუშაოთა განხორციელება:
სოციალური დაცვის ინსტიტუტების განსაზღვრა, სოციალური პოლიტიკის განხორციელების მექანიზმის შემუშავება. სოციალური დაცვის შემუშავებულ მექანიზმში სოციალური ნორმატივების, მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტისა და მინიმალური საარსებო ბიუჯეტის ადგილისა და როლის შეფასება;
სოციალური დაცვის სისტემის სხვადასხვა მიმართულებების გამოკვლევა, მათში სოციალური დაზღვევის ადგილისა და როლის შეფასება;
სოციალურ მოთხოვნილებათა უზრუნველყოფისათვის საჭირო რესურსების ფორმირების პოლიტიკური დასაბუთება. რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც შეცვლის იმ სახსრების ფორმირების მეთოდოლოგიას, რომელიც მიმართულია სოციალურ სფეროზე;
დასაქმების, როგორც შრომისუნარიანი მოსახლეობის თვითდახმარების უმთავრესი საშუალების უზრუნველყოფის, ხელშეწყობის მიმართულებების განსაზღვრა;
დასაქმების უზრუნველყოფის მექანიზმისა და მისი კონკრეტულ ეკონომიკურ პირობებში გამოვლენის დიალექტიკის შესწავლა;
სახელმწიფოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, უმუშევრობის მიზეზების, ფორმების, კანონზომიერებების გაანალიზება;
საქართველოში შრომის ბაზრის ფუნქციონირების პირობებისა და თავისებურებების გამოვლენა;
შრომის ბაზრის რეგულირების მოდელების ანალიზი, რომელიც გამოყენებულია მსოფლიო პრაქტიკაში და მის საფუძველზე დასაქმების რეგულირების კონკრეტული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.
მსოფლიო მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპების ფონზე საქართველოში საწინააღმდეგო ვითარებაა – კლებულობს ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, მეტად არასახარბიელოა დემოგრაფიული განვითარების მაჩვენებელები, სულ უფრო მწვავდება დემოგრაფიული პრობლემები. ამიტომ ქვეყნის შრომითი პოტენციალის გამოყენებას, შრომის ბაზრის კვლევას და რეგულირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ დემოგრაფიული ვითარება პირდაპირ და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, მის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ამჟამად საქართველოში დიდია შრომითი ემიგრაციის მასშტაბები და ემიგრაციული პოტენციალიც საკმაოდ მაღალია. გამოკვლევებიდან ჩანს, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესობას განზრახული აქვს საზღვარგარეთ წასვლა და იქ დასაქმება. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა შრომით ემიგრანტთა უკან დაბრუნების პირობების შექმნა და მაღალანაზღაურებადი სამუშაოთი უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, სასურველია ხელისუფლებამ მიაღწიოს განვითარებული ქვეყნების მთავრობებთან შეთანხმებებს შრომითი ემიგრაციის ლეგალიზაციის დონის გაზრდის თაობაზე.
თანამედროვე პირობებში, საქართველოში შრომის ბაზარი ჯერ კვლავ ფორმირების სტადიაშია. მკვეთრად არის გამოხატული მისთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები: სამუშაო ძალის სიჭარბე, მოქმედების შეზღუდულობა, სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სტრუქტურული დისბალანსი, სამუშაო ძალის დაბალი ფასი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია დასაქმებისა და შრომის ბაზრის ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობის პოლიტიკის შემუშავება და გატარება, მით უფრო, რომ მას უკავშირდება ისეთი გლობალური პრობლემების გადაწყვეტა, როგორიცაა: ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის ფორმირება; მოსახლეობის ინტერესთა თანასწორობის უზრუნველყოფა და რაც მთავარია, მდგრადი განვითარების მოდელზე გადასვლა. თავის მხრივ, მდგრადი განვითარების მოდელი გულისხმობს მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოს სოციალური ინსტიტუტების ძალისხმევის წარმართვას განვითარებაზე. თუ ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს სოციალური გადაწყვეტილებების რეალიზაციას, მაშინ სოციალური პოლიტიკის როლი უფრო ამაღლდება ეკონომიკური ზრდის პრობლემების უზრუნველყოფაში.
ყოფილ საბჭოთა კავშირში 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული სოციალური მოდელის უპირველეს დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენდა პატერნალიზმი – სახელმწიფოს ყოველმხრივი პასუხისმგებლობა თავის ქვეშევრდომთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ი. კორნაი პატერნალიზმს განსაზღვრავს როგორც ისეთ მოდელს, როდესაც ცენტრალური ხელმძღვანელობა თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმავდროულად პრეტენზიას აცხადებს ადმინისტრაციულ საშუალებათა არსენალიდან იმ ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებაზე, რომელიც მას წარმოუდგება როგორც ყველაზე მიზანმიმართული.
ერთი შეხედვით, სახელმწიფოს ასეთი პოზიცია შეიძლება მიმზიდველად მოგვეჩვენოს. სახელმწიფოს, განაგებს რა რესურსების ძირითად მასას, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის, შეუძლია მათი განაწილება ყველაზე უფრო მეტი ეფექტიანობით. მაგრამ პატერნალიზმს, როგორც საზოგადოების ყველა წევრისადმი სახელმწიფოს საყოველთაო მხარდაჭერისა და ზრუნვის ყოვლისმომცველ ფორმას, თან სდევს მრავალი სოციალური და ეკონომიკური წინააღმდეგობა. იგი ეწინააღმდეგება ცალკეული ინდივიდის ეკონომიკურ და სოციალურ თავისუფლებას. საზოგადოებამ, რომელიც ირჩევს აღნიშნულ სოციალურ მოდელს, საჭიროა მკვეთრად წარმოიდგინოს ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა უდავოდ და გარდაუვლად “ანაზღაურდება” ინდივიდის თავისუფლებით. ამდენად “უსაზღვრო” ზრუნვა ნიშნავს ინდივიდის მთლიან დამოკიდებულებას სახელმწიფოზე, რომელიც აყალიბებს კმაყოფაზე ყოფნის განწყობილებას.
ამასთან ერთად საჭიროა აღინიშნოს, რომ პატერნალიზმი საზოგადოების წევრებს გამოუმუშავებს სოციალური დაცულობის, პირადი სოციალური სტაბილურობის გრძნობას. ეს ამტკიცებს მოსახლეობის ფართო მასების მხრიდან პატერნალისტური სახელმწიფოსადმი ლოიალურ დამოკიდებულებას. ამიტომ აღნიშნული სახის სოციალური მოდელის მოხსნის შემთხვევაში, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უჩნდება ერთგვარი “ნოსტალგია” იმ სოციალური საიმედოობის მიმართ, რომელიც მას ჰქონდა სოციალისტური სისტემის დროს.
სოციალური პოლიტიკის მოდელის პატერნალისტური განვითარება მიიღო ასევე ეკონომიკის ე.წ. შვედურმა მოდელმა. მაგრამ საჭიროა განვასხვაოთ პატერნალიზმის მოდელები, კერძოდ, საბჭოთა პატერნალიზმის მოდელი განსხვავდებოდა შვედური პატერნალიზმისაგან. თუ ტოტალიტარული რეჟიმის არსი მდგომარეობს ერთი კლასის ინტერესთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დათრგუნვაში სხვა კლასის ინტერესთა სახელით, დემოკრატიული სახელმწიფოს საზღვრებში ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებისადმი პატერნალისტურ მიდგომას, სახელმწიფო ჩარევას გააჩნია თავისი მიზანი – დაიცვას ყველას ინტერესი განურჩევლად იმისა, თუ რომელ კლასსა თუ ჯგუფს მიეკუთვნება. ამასთან ერთად, თუ სახელმწიფო იწყებს ამა თუ იმ კლასის ინტერესების დათრგუნვას ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში, ის წყვეტს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ყოფნას, რადგან დემოკრატიული სახელმწიფოს იდეაში ჩადებულია ყველა კლასისა და საზოგადოების ჯგუფის ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობა, ე.ი. შვედური მოდელისათვის დამახასიათებელია რესტრიკტიულობა (შეზღუდული ხასიათი). კონკრეტულ რესტრიკტიულ ინსტრუმენტს წარმოადგენს პროგრესული საგადასახდო სისტემა. შვედეთში არსებული საგადასახდო სისტემის, როგორც სოციალური პოლიტიკის ელემენტის, მიზანია არა მხოლოდ და არა იმდენად მოსახლეობის ცალკეული ჯგუგების შემოსავლების რაღაც გათანაბრება, არამედ ფინანსური ბაზის შექმნა მაღალხარისხიანი სოციალური სამსახურის ფართო ქსელის განვითარებისათვის.
XX საუკუნის 70-იანი წლების შუახანებში დასავლეთის ქვეყნებში დაიწყო სოციალური სახელმწიფო მექანიზმის სისტემის ფართო კრიტიკა. ამიტომ ბევრმა ქვეყანამ დაიწყო სოციალური პოლიტიკის სისტემის, როგორც ეკონომიკისათვის ერთ-ერთი მძიმე ტვირთის, რეფორმა-სრულყოფა.
ცნობილია, რომ სოციალური პოლიტიკის რეალიზაციის თვალსაზრისით მსოფლიოში გამოიყოფა ორი განსხვავებული მიმართულება: საკრალურ-პატერნალური და ლიბერალური.
საკრალურ-პატერნალური მოდელი გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან სრული პასუხისმგებლობის აღებას სოციალურ სფეროზე. ამ პროცესში იგი გამოდის როგორც მთავარი მოქმედი სუბიექტი, ხოლო საზოგადოება, რომელიც არვითარ მონაწილეობას არ იღებს სოციალური პოლიტიკის მიმართულებების არჩევასა და განხორციელებაში, გამოდის როგორც ობიექტი, ვის სოციალურ დაცვაზეც ზრუნავს მთლიანად სახელმწიფო. ამ შემთხვევაში ხელისუფლება, როგორც მთავარი სუბიექტი, აქტიურია, ხოლო მოსახლეობა კი – პასიური, რაც არღვევს სისტემის ფუნქციონირების ჰარმონიულობას.
სოციალური პოლიტიკის რეალიზაციის ლიბერალური მიმართულება, თავის მხრივ, მოიცავს სამ ძირითად მოდელს: სოციალურ-დემოკრატიულს, კორპორატიულსა და საკუთრივ ლიბერალურ მოდელს.
სოციალურ-დემოკრატიული მოდელი გულისხმობს მოსახლეობის სრული დასაქმების პირობებში სახელმწიფოს მიერ სოციალური მომსახურების უზრუნველყოფას. ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება სოციალურ უზრუნველყოფაზე. ეს მოდელი დამახასიათებელია სკანდინავიური ქვეყნებისათვის.
კორპორატიული მოდელი გულისხმობს დახმარების სისტემის განვითარებას სოციალური დაზღვევის მიხედვით, რაც დიფერენცირებულია შრომითი საქმიანობის სახეებით. მომსახურებას აფინანსებენ შენატანების ხარჯზე, რომელიც განსხვავებულია პროფესიების მიხედვით.
საკუთრივ ლიბერალური მოდელი, რომელიც გავრცელებულია ანგლო-საქსონურ ქვეყნებში, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ მინიმალურ მხარდაჭერას საჭიროებს.
სოციალური პოლიტიკის განსხვავებული მოდელებისათვის საჭიროა ფინანსური უზრუნველყოფა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე კერძო სტრუქტურებიდან. სოციალური პოლიტიკის ნებისმიერი მოდელის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ხელსაყრელი პირობების შექმნა შრომისუნარიანი მოსახლეობის ყველა კატეგორიის დასაქმებისათვის, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებულ და ამაღლებულ იქნას მოსახლეობის კეთილდღეობის დონე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის შემუშავებისათვის, სიღარიბის დაძლევის სტრატეგიის რეალიზაციისათვის აუცილებელია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით სრულიად მიუღებელია ის პოლიტიკა, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება ქვეყანაში, კერძოდ, “დასაქმების შესახებ” კანონის გაუქმება, დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ლიკვიდაცია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების გაუქმება (“სამუშაო ადგილზე პროფესიული მომზადების” საპრეზიდენტო პროგრამა ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამების ეფექტურ ჩანაცვლებას), ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირების ეკონომიკური ბერკეტების გამოუყენებლობა, შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა და სხვა, ნამდვილად არ შეესაბამება ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის გატარების სტრატეგიას.