პოსტკომუნისტური ეპოქა და გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა
გიორგი უხურგუნაშვილი
კაპიტალიზმი საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩაისახა. ეს უმთავრესად უცხოეთის კაპიტალის საფუძველზე მოხდა და ამიტომ მთლიანად მოწყდა ეროვნულ ნიადაგს. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში ეროვნული ინტერესების შესატყვისი ეროვნული ეკონომიკა ვერ განვითარდებოდა. ქვეყნის ეკონომიკას ასეთ შემთხვევაში ეროვნულის გარდა, ყველაფერი შეიძლება დაერქვას. ბოლოს და ბოლოს, ეკონომიკური განვითარება ასეთ შემთხვევაში იღებს სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულ კოლონიურ ხასიათს, რაც, ბუნებრივია, პოლიტიკურადაც დიდი ზიანის მომტანია ქვეყნის სამომავლო განვითარებისათვის.
თუ ისტორიულ პარალელებს გავავლებთ, თითქმის იგივე მდგომარეობაა დღევანდელ პოსტკომუნისტურ საქართველოში, როცა ილიას ეპოქის მსგავსად კაპიტალიზმი პირველ ნაბიჯებს დგამს. დღესაც სამწუხაროდ, კაპიტალიზმი საქართველოში უპირატესად უცხო კაპიტალის საფუძველზე ვითარდება, რაც ბუნებრივია ქვეყნის დამოუკიდებელ განვითარებას დიდ საფრთხეს უქმნის. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გამოცდილების განზოგადებას და სახელმძღვანელოდ გამოყენებას, რაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში ხდებოდა. ეს გამოცდილება კი, პირველ რიგში, დამოკიდებულია ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობასთან, მის სოციალურ-ეკონომიკურ შეხედულებებთან და ეროვნული ეკონომიკის სტრატეგიულ მიმართულებათა განსაზღვრასთან.
დღეს ავტორთა უმრავლესობა პოსკომუნისტურ ეპოქაზე ისე წერს და ლაპარაკობს თითქოსდა ჩვენმა საზოგადოებამ რაღაც ჯოჯოხეთს დააღწია თავი და უსაზღვრო ტანჯვა-წამების შემდეგ სამოთხის კარი შეაღო. თვითონ ჩვენს ლიტერატურაში დამკვიდრებული ცნებაც – “პოსტკომუნისტური ეპოქა” – ჩვენ პირობითად მიგვაჩნია, ასე ვთქვათ, მხოლოდ დროის აღსარიცხავად და დასაფიქსირებლად, ვიდრე თვისობრივად რაღაც სრულიად ახალ, დღემდე არნახულ და მიუღწეველ ისტორიულ ეპოქად. ამით ჩვენ ამ საყოველთაოდ დამკვიდრებული ცნების წინააღმდეგ კი არ გამოვდივართ, არამედ მისი არსის არასწორი გაგების წინააღმდეგ, რასაც ხშირად ვხვდებით ჩვენთანაც და საზღვარგარეთაც. თუ ღრმად დავუკვირდებით ამ ცნების მნიშვნელობას არა პოლიტიკური, არამედ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ვნახავთ, რომ მან პოზიტიურთან ერთად უარყოფითიც ბევრი მოგვიტანა. ამიტომაა, რომ ხალხის ფართო სოციალური ფენები ასე ნეგატიურად უყურებენ ამ ახალ “პოსტკომუნისტურ ეპოქას” და ხშირად გაიგონებთ გარკვეულ მონატრებას და თვით ნოსტალგიასაც ძველი კომუნისტური ეპოქის მიმართ, ამ ფენომენზე ჩვენ უფრო დაწვრილებით მერეც შევჩერდებით, ახლა კი გვინდა, ხაზი გავუსვათ პოსტკომუნისტური ეპოქის პოლიტიკურ არსსა და მნიშვნელობას.
პოლიტიკური თვალსაზრისით, განსხვავებით სოციალურ-ეკონომიკურისგან, პოსტკომუნისტური ეპოქა მართლაც რომ სრულიად ახალი და უაღრესად ცალსახა პროგრესული მოვლენაა. მისი ეს პროგრესულობა პირველ რიგში აისახება ისეთი ყოფილი კოლონიური ქვეყნის მაგალითზე, როგორიც საქართველოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა კი ჩვენი თავის ეს “ჩვენად ყუდნების” დიდი ოცნებაც გაუფერულდა ხალხის თვალში სწორედ ზემოაღნიშნული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის გამო. მაგრამ ბრმა უნდა იყოს კაცი, რომ ვერ დაინახოს ის დიდი სიკეთე და განმათავისუფლებელი ნაკადი, რაც ჩვენს თვალწინ მიმდინარე ისტორიულ პროცესებს მოჰყვა. ეს შეიძლება ორი სიტყვით – “თავისუფლებითა” და “დემოკრატიით” გამოიხატოს. მომავლის თვალსაზრისით კი სწორედ ეს არის მთავარი, რადგან ადამიანის ემანსიპაცია და მისი ყოველმხრივი განვითარება უბრალოდ შეუძლებელია მოვიაზროთ ამ ორი უმთავრესი ღირებულების გარეშე.
საერთოდ მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენში გაბატონებული იდეა-დოგმა, პოსტკომუნისტური ეპოქის რაღაც ჩინური კედლის მსგავსი დაპირისპირება ძველი კომუნისტური ეპოქისადმი არასწორია, რადგან ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება მემკვიდრეობითობის ზოგად-სოციოლოგიურ კანონსაც და უბრალო ადამიანურ ლოგიკასაც: უახლოესი წარსულიდან ყველაფრის უარყოფა, მათ შორის კი განსაკუთრებით რიგი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური მონაპოვრებისა თუ ღირებულებებისა, პოლიტოლოგიური კვლევის მცდარი წარმართვაა, აქედან გამომდინარე ასეთივე მცდარი პრაქტიკული დასკვნებით. ჩვენ აქ გვინდა მთელი რიგი სტრატეგიული შეცდომები ავხსნათ, რომლებიც გარდამავალი პერიოდის სახელმწიფოებრივ მშენებლობაში იქნა დაშვებული, რამაც დიდი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ განვითარებას უკანასკნელი ათი წლის მანძილზე და რამაც, საერთოდ განაპირობა კიდეც დღევანდელი საერთო-ეროვნული კრიზისიც.
ჩვენ აქ განსაკუთრებით მხედველობაში გვაქვს საბაზრო ეკონომიკის პრინციპის გაფეტიშება და სახელმწიფოს რეგულატორული როლის სრული იგნორირება, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის, განათლების და მეცნიერების განვითარების თვითდინებაზე მიშვება. რაც უნდა ვაკრიტიკოთ კომუნისტური სისტემა, ამ სფეროებში მან მეტად მნიშვნელოვანი პოზიტიური მემკვიდრეობა დაგვიტოვა იმისათვის, რომ გამოგვეყენებინა ის სამომავლო განვითარებისთვის. ჩვენს ეპოქაში მიმდინარე გარდამავალი პერიოდის ამ დიდ ისტორიულ თავისებურებას თუ ვერ ჩავწვდით და, რაც მთავარია, პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით არ გავითვალისწინეთ, ვერც ჩვენი დროების სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს გადავწყვეტთ წარმატებით.
დიდი ილია “საქართველოს მოამბის” სარედაქციო წერილში წერდა: “დროებაზედ უფლება მარტო გენიოსის საქმეა… ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ამით ვამბობდეთ, ვითომც გენიოსი ციდან იყოს ჩამოსული. ისიც ისეთივე ნაყოფია თავისი დროებისა, როგორც სხვანი, მხოლოდ ეგ ნაყოფი სრულია… ის თავისის ძლიერის მხრებით ამოზიდავს ხოლმე მას, რაც თვითონ ცხოვრებაშია.”1
ჩვენ კი, ბევრი რამ, ჩვენი წინა თაობების მიერ “ცხოვრებიდან ამოზიდული”, უკუვაგდეთ და ხელაღებით უარვყავით. ევოლუციური პროცესების ნაცვლად ჩვენ ანარქიისა და რევოლუციის გზა ავირჩიეთ მისთვის დამახასიათებელი უმართავი პროცესებით და ნგრევით. აი ჩვენი აზრით მთავარი შეცდომა და გაკვეთილიც, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. სხვათა შორის, დასავლეთის მკვლევარი პოლიტოლოგებიც ხშირად აღნიშნავენ ამ ნაკლს, კომუნისტური რეჟიმის დემონტაჟს რომ მოჰყვა და, პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი და მწვავე პრობლემები წარმოშვა.
ამიტომაა, რომ ჩვენთანაც და დასავლეთშიც სულ უფრო ხშირად გაისმის დღეს კითხვა: აუცილებელი იყო თუ არა “ცივი ომის” შემდეგ ანარქია პოსტკომუნისტურ ქვეყნებში? ამ პრობლემას სტატიების მთელი ციკლი მიუძღვნა ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა რობერტ კაპლანმა. მან უკანასკნელი 7-8 წლის მანძილზე თითქმის მთელი პოსტკომუნისტური ქვეყნები და, მათთან ერთად, ე.წ. “მესამე სამყაროს” ქვეყნები შემოიარა და უშუალო დაკვირვებებით და ფაქტიური მასალებით იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ კომუნისტური რეჟიმის მსხვრევის შემდეგ დაწყებულ ძალადობას და ანარქიულ პროცესებს შეიძლება არანაკლები ტრაგიკური შედეგები მოჰყვეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომს. ეს მეტად მრავლისმეტყველი დასკვნაა, რომელსაც აქედანვე უნდა გაუწიოთ ანგარიში. მართლაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ მარშალის გეგმამ და ტრუმენის დოქტრინამ, მათ შედეგად წარმოშობილმა სამხედრო ალიანსებმა, პირველ რიგში კი ნატო-მ იხსნა მსოფლიო სრული ანარქიისა და კრახისგან. როგორც ჩანს, დღესაც ცივილიზებულმა სამყარომ გარკვეული გლობალური და რეგიონალური ხასიათის ღონისძიებანი უნდა გაატაროს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში ახალ-ახალი ძალმომრეობისა და ანარქიული პროცესების აღსაკვეთად.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენს თვალწინ განხორციელებული დიდი ისტორიული პროცესისა: შეიძლებოდა თუ არა “ბოროტების იმპერიის” მშვიდობიანი და ევოლუციური დემონტაჟი და ამით პოსტკომუნისტური ეპოქის სისხლიან-ცრემლიანი ტრაგედიების თავიდან აცილება?
პოსტკომუნისტურ ეპოქაზე ასობით და ათასობით სტატია და მონოგაფია არის დაწერილი და ყველა იხრება იმ აზრისკენ, რომ ეს ტრაგედიები აუცილებელი და გარდაუვალი იყო. ავიღოთ ჰენრი კისინჯერის გახმაურებული წიგნი “დიპლომატია”, მისი XXIX, XXX და XXXI თავები, სადაც XX საუკუნის ბოლო სამი ათწლეულია გაანალიზებული – კურსი თეორიულადაც და პრაქტიკულ პოლიტიკაშიც “კომუნიზმის შიგნიდან აფეთქებაზე” იყო აღებული.2 ავტორი თვითონ არის მომსწრე და თვითმხილველი – არქიტექტორი “კომუნიზმის დემონტაჟისა” და არ შეიძლება, არ ვენდოთ მას.
მაგრამ სწორად ჩაიფიქრეს ამ არქიტექტორებმა სსრ კავშირის დაშლის მეთოდები და პრინციპები? მე ვფიქრობ, რომ – არასწორად. კომუნისტურ სისტემაში მყოფი ხალხებისთვის გაცილებით უპრიანი და მომგებიანი იქნებოდა ის იდეა, რომელიც “კორვენგენციის” თეორიის ავტორებმა – სახაროვმა, ვალენსმა, ბელმა და სხვებმა წამოაყენეს 50-იანი წლებიდან. ამ იდეის არსი მდგომარეობდა კაპიტალიზმისა და კომუნიზმის ისეთ ურთიერთდაახლოებასა და კორვენგირება-შერწყმაში, რომელიც ბოლოს და ბოლოს მთელ მსოფლიოს ერთიანს გახდიდა. სამწუხაროდ, ეს იდეა შემდგომი პერიოდის პრაქტიკულ პოლიტიკაში ვერ აისახა და განხორციელდა. ჩვენ ამ პრობლემას შემდგომაც მივუბრუნდებით, ეხლა კი ჩვენი ქვეყნის პრობლემებს დავუბრუნდეთ.
ამქვეყნად ყველას თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენი რეგიონი და ჩვენი პრობლემები გვაინტერესებს უპირველესად, ჩვენს თვალწინ დატრიალებული ტრაგედიების წამალი, რომ ისინი აღარასოდეს განმეორდეს მომავალში. როგორც ცნობილია, ომისშემდგომი ევროპა იხსნა არა მარტო დახმარებებმა და ამერიკელთა არმიებმა, რომლებიც იქ “დასავლეთის ფარის” ფუნქციებს ასრულებდნენ, არამედ თვითონ ამ ქვეყნების მიზანსწრაფულმა პოლიტიკამ – ეფექტურად გამოეყენებინათ ყველაფერი ეს თავიანთი ეროვნული პრობლემების გადასაწყვეტად. ამის კლასიკურ მაგალითს გვაძლევს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კონრად ადენაუერიდან დაწყებული და ჰელმუტ კოლით დამთავრებული. ლამის მიწასთან გასწორებული ომისშემდგომი გერმანიის მმართველი ფენების პოლიტიკა იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა გამოიყვანო ერი და ქვეყანა სულიერი და მატერიალური კრიზისიდან განვითარების ფართო შარაგზაზე. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს: მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ შეძლოს სწორი პოლიტიკური სტრატეგიის და მისი შესატყვისი ტაქტიკის შემუშავება შექმნილ ობიექტურ ვითარებაში.
იმისათვის, რომ ჩვენც შევძლოთ ასეთი სწორი სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება, ჩვენი აზრით, პირველ რიგში აუცილებელია პოსტკომუნისტური ეპოქის იმ ობიექტურ თავისებურებათა სწორი გააზრება, რომელიც უშუალოდ ეხება და თავის გავლენას ახდენს გარდამავალი პერიოდის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. თუ თვალს გადავავლებთ ამ ფაქტორებს, მათგან შეიძლება გამოვყოთ ჩვენთვის ანგარიშგასაწევი შემდეგი ფაქტორები, პოლიტოლოგიურ ენაზე რომ ვთქვათ, “პოლიტიკური ვექტორები”:
I. “ჩრდილოეთის ვექტორი” – რუსეთ-საქართველო-კავკასიის ურთიერთობანი;
II. “დასავლეთის ვექტორი” – ევროპა-ამერიკა-საქართველოს ურთიერთობანი;
III. “აღმოსავლური ანუ ევრაზიული ვექტორი”, რომელიც, ჩვენი აზრით, გეოგრაფიული თვალსაზრისით, სამხრეთის მიმართულებასაც მოიცავს.
ჩვენ გვინდა ჩვენი პოლიტოლოგიური ანალიზი სწორედ ამ უკანასკნელით დავიწყოთ, რადგან იგი თავისი პრაქტიკული მნიშვნელობით ასე თუ ისე პირველ ორ მათგანსაც ეხმიანება, განსაკუთრებით კი, მეორეს. საქმე ისაა, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, დასავლეთისთვისაც, ჩვენი სამხრეთელი და ჩრდილოელი მეზობლებისთვისაც აქ თავისთავად იგულისხმება ის სპეციფიკური ადგილი და როლი, რაც საქართველოს ევრაზიულ სივრცეში უკავია. პირველ რიგში ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი პოლიტიკის განსაზღვრის დროს. ანარქიაც საქართველოში თავის დროზე სწორედ იმიტომ დაიწყო და შემდგომში უმართავიც გახდა, რომ ჩვენმა ეროვნულმა ძალებმა სამწუხაროდ ვერ შეძლეს ძალთა სწორი ბალანსის შერჩევა ამ მრავალმხრივი სტრატეგიული ინტერესების გასათვალისწინებლად. ეს, პირველ რიგში, ეხება რუსეთს, რომელიც რატომღაც მალე “ჩამოწერეს” ამ სტრატეგიული ბალანსიდან. ამ შეცდომის შედეგად ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი დარტყმა ახალგაზრდა ქართულმა სახელმწიფომ სწორედ ჩრდილოეთიდან მიიღო და პერსპექტივაშიც ეს საფრთხე კვლავ რეალურად არსებობს. ძალიან მიამიტი უნდა იყოს კაცი, რომ ვერ მიხვდეს რუსეთის პოლიტიკურ მიზნებს საქართველოს მიმართ. მან კარგად იცის, რომ მისი მომავალი ბედი კავკასიაში მთლიანად თუ არა უმეტესწილად მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს იგი თავისი გავლენის სფეროდ საქართველოს შენარჩუნებას. ეს იყო, არის და ახლო მომავალშიც იქნება რუსეთის პოლიტიკის ძირითადი სტრატეგია საქართველოსა და, საერთოდ, მთელი კავკასიის მიმართ.
ამ სტრატეგიის კონტურები ნათლად გამოიკვეთა “კავკასიური კონფედერაციის” იდეაში, რომელიც რუსეთის სტრატეგებმა 90-იანი წლების დასაწყისში დაამუშავეს და მისი შესატყვისი შეიარაღებული ძალებიც შექმნეს, სადაც მთავარ დამრტყმელ ძალად საბჭოთა არმიის ყოფილი ჩეჩენი სამხედრო კადრები შეამზადეს. მართალია, რუსეთის გენერალიტეტის ამ სტრატეგიამ აფხაზეთშიც გამართლა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამ სტრატეგიას წინ დიდი გამოცდა ელოდა თვითონ რუსეთსა და მის კოლონიებში ჩრდილოეთ კავკასიაში. აქ კი უკვე ნათლად გამოჩნდა რუსეთის კავკასიური სტრატეგიის ნაკლოვანებანი, მისი ალოგიკური და არათანმიმდევრული ხასიათი. სხვათა შორის, რუსეთის ამ ტრადიციულ ანტიქართულ პოლიტიკაზე აშკარად მიუთითა ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილმა 1919 წელს გამოცემულ ნაშრომში “დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის”. აქ დიდი ივანე წერს: “საქართველოს მიმართ “ერთმორწმუნე” რუსეთის პოლიტიკა მუდამ დაფუძნებული იყო ტლანქი ეროვნული ეგოიზმის განხორციელებაზე… 1801 წლის აქტიც შემაძრწუნებელი, უპირობო, ფიცის და აღთქმის დარღვევა და ძალმომრეობა იყო და მეტი არაფერი.”3 იქვე ბატონი ივანე ხსნის კიდეც იმ მოტივებს, რომლებითაც ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მესვეურები საქართველოს და საერთოდ კავკასიის მიმართ. ამავე მოტივებით აიხსნება თვით “ვლადიკავკაზის” სიმბოლიკაც, რადგან რუსებს ეს გეოგრაფიული რეგიონი ყოველთვის მიაჩნდათ ხელსაყრელ პლაცდარმად ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთისაკენ თავიანთ იმპერიულ სწრაფვაში:
“…კავკასიაში და საქართველოში რუსეთს ძირითადად მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა აინტერესებდა, როგორც ყველაზე ხელსაყრელი გზა სპარსეთისა და ინდოეთისაკენ… რუსებს ეს შორეულ მომხიბლავ მომავლად ესახებოდათ. მათს ხალხურ ზღაპრებშიც კი, თვალწარმტაცის მიმზიდველობითა და სიმდიდრით იყო მოსილი ინდოეთი და თვით რუსეთის მთავრობაც უფრო სიზმარეთისა და ოცნების სამეფოში დანავარდობდა, ვიდრე ცხოვრების სინამდვილეში. ეს იმიტომ, რომ მისი გეგმების სივრცე და სიუხვე ოდნავადაც არ შეეფერებოდა რუსეთის ეკონომიკურ ძალას და წარმოებას.”4
თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო მასშტაბის ახალი ენერგეტიკული წყაროების აღმოჩენამ კასპიისპირეთსა და შუა აზიაში კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა რუსეთისთვის კავკასიისა და საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარება. დღეს ნათელი გახდება ის დაუფარავი აგრესიული ნეოკოლონიური ზრახვები, რომლებსაც რუსეთის თანამედროვე რეაქციული ძალები ამჟღავნებენ დღევანდელ პირობებში საქართველოს მიმართ. “გათიშე და იბატონეს” – ეს ნეოიმპერიული პოლიტიკა განსაკუთრებულ სიფხიზლესა და ყურადღებას მოითხოვს ჩვენგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის იმის შესაძლებლობაც, რომ ჩვენი ქვეყანა რამოდენიმე ნაწილად დაშალონ და დააქუცმაცონ, რისი გეგმებიც ინტენსიურად მუშავდება სპეცსამსახურებში და რომლის განხორციელებისთვის აქტიურად ცდილობენ გამოიყენონ აფხაზი და ოსი სეპარატისტების მსგავსი ანტიქართული ძალები ჩვენი ქვეყნის შიგნით. “მეხუთე კოლონა” კი რუსეთს საქართველოში ყოველთვის ჰყავდა, რადგან, ივანე ჯავახიშვილის თქმისა არ იყოს, “სიზმარეთში და ოცნების სამეფოში მონავარდე” რუსეთს, რომელსაც დღესაც, ისე როგორც მთელ თავის ისტორიულ წარსულში, არ გააჩნია თავისი პოლიტიკური ამბიციების შესატყვისი ეკონომიკური სიძლიერე, თავი მაინც თანამედროვე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოდ წარმოუდგენია, ყოველ შემთხვევაში, თავის მომიჯნავე სივრცეების ბატონ-პატრონად.
მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თავისი ამ ამბიციურობისა და აგრეთვე, რუსული ხასიათის გაუწონასწორებლობის გამო ძალიან ძნელია, ვივარაუდოთ რუსეთის კავკასიური პოლიტიკის ახალი სვლები უახლოეს თუ შორეულ მომავალში. ჩვენი აზრით, არც 1920-21 წლების მსგავსი ახალი სამხედრო ანექსიაა გამორიცხული, თუმცა დღევანდელ საერთაშორისო ვითარებაში ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი. მაგრამ ამასთან, ისიც ხომ ცხადი და ნათელია, რომ რუსეთს კავკასიაში ჰყავს ისეთი სატელიტები, ვთქვათ, თუნდაც, სომხეთისა და ოსეთის სახით, რომლებიც, უნდათ თუ არ უნდათ, აქტიურად უნდა ჩადგნენ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გეგმების განხორციელების სამსახურში.
ამასთან არსებობს მეორე, ჩვენი აზრით, ყველაზე იდეალური გზა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებისთვის. ამ გზაზე ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ, როცა ვლაპარაკობდით სსრ კავშირისა და სოციალიზმის მსოფლიო სისტემის კორვენგენციის პრობლემაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმან, რაც ვერ განხორციელდა ბოლო 10-15 წლის მანძილზე გორბაჩოვისეული “პერესტროიკის” პერიოდში, შეიძლება “მეორე სიცოცხლე” ჰპოვოს XXI საუკუნის დასაწყისში ყოფილ საბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესების გააქტიურებით, დსთ აქეთკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და ბევრი რამ დამოკიდებულია რუსეთის იმ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებსაც ესმით, რომ დიქტატის დრო წავიდა და მის ნაცვლად უნდა დამკვიდრდეს ხალხთა და ქვეყანათა თავისუფალი და თანასწორუფლებიანი, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობანი, ე.ი. ის, რაც დასავლეთ ევროპაში განხორციელდა “საერთო ბაზრისა” და “ევროკავშირის” სახით.
ახლახანს რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა დ. მედვედევმა განაცხადა, რომ იგი აპირებს “რადიკალურად გარდაქმნას დსთ-ის ქვეყნების ურთიერთობის პრინციპები”. ძნელია იმის თქმა, რას გულისხმობს იგი რეალურად – რუსეთი ხომ ყველაზე არაპროგნოზირებადი ქვეყანაა მსოფლიოში, მაგრამ თუ ამ განცხადებაში იგულისხმება ჩვენს მიერ აღნიშნული ევროპის “საერთო ბაზრის” ეკონომიკური პრინციპები, მაშინ ეს იქნება მართლაც პროგრესული გარდაქმნები. მთავარი კი ჩვენთვის ის იქნება, რომ გარდამავალი პერიოდის ქართულ ეკონომიკას გაეხსნება ფართო გზა და გასაღების ბაზარი სწრაფი ტემპებით განვითარებისთვის.