წარმოსახვის როლი თემის “საოჯახო ეკონომიკა და გენდერი” სწავლებისას
ნინო ჭიაბრიშვილი პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასისტენტ-პროფესორი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავით მალაზონია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანი რამ არის, ვიდრე ცოდნა,
ვინაიდან ცოდნა შემოფარგლულია,
ხოლო წარმოსახვა მოიცავს ყოველივეს ამ ქვეყანაზე,
ასტიმულირებს პროგრესს და მისი ევოლუციის წყაროს წარმოადგენს.
მკაცრად რომ ვთქვათ, წარმოსახვა რეალური ფაქტორია
მეცნიერულ კვლევაში.
ა. აინშტაინი
რა არის წარმოსახვა
ადამიანი შრომისა და ყოველგვარი საქმიანობის პროცესში ეყრდნობა აღქმის, მეხსიერების და აზროვნების მონაცემებს. ჩვენ აღვიქვამთ საჭირო საგნებს, ვიხსენებთ წარსულში განცდილ მოვლენებს, ავსახავთ მათ შორის მიმართებებს, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. მაგრამ ადამიანის შრომა, საქმიანობა, სწავლა, შემოქმედება ხშირად მოითხოვს ისეთი მოვლენებისა და კავშირების წარმოდგენას, რომლებიც არც აწმყოშია მოცემული და არც წარსულში გვინახავს, ე.ი. საჭირო ხდება აღუქმელის, განუცდელის წარმოდგენაც. “ადამიანის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თავისებურებას ისიც შეადგენს, რომ მისი ქცევა სრულიად არ არის სინამდვილის იმ ვიწრო არით შეზღუდული, რომელიც აწმყოსა და წარსულში მოცემულით განისაზღვრება. იგი მოცემულობის ზღუდეებს არღვევს და ახალ სინამდვილეს ქმნის. ამის შესაძლებლობას მას წარმოსახვა ანუ ფანტაზია აძლევს… ჩვენ, წარმოსახვის საშუალებით ახალი შინაარსების წარმოსახვას ვიწყებთ, ახალ წარმოდგენებს ვქმნით, რომელსაც აღქმაში მოცემული ობიექტური სინამდვილის ასახვა კი არა, პირიქით, მისი ფარგლების გაფართოება აქვს მიზნად დასახული” (უზნაძე, 1940).
ზოგჯერ ჩვენი ფანტაზია სუსტია, მკრთალი და ობიექტურად არსებულის ფარგლებს ვერ სცილდება. მაგალითად, ჩვენ ხშირად არჩევანის წინაშე ვდგებით: მეყოფა თუ არა ფული ტაქსისთვის, იქნებ ავტობუსით წავიდე? კარგად ვარ თუ არა ჩაცმული შეხვედრისათვის? და ა.შ.
პირველს, დ. უზნაძე შემოქმედებით, პროდუქციულ წარმოსახვას უწოდებს, მეორეს პასიურ წარმოსახვას.
ამრიგად, წარმოსახვა, ფანტაზია, როგორც ლ. ვიგოდსკი აღნიშნავს, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, გვინდა ეს თუ არა. ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს უნებლიე მოქმედებასთან, ანუ პასიურ ფანტაზიასთან (ვიგოდსკი, 1987).
ს. რუბინშტეინის აზრით, “სინამდვილის გარდაქმნა წარმოსახვაში არ არის მისი წმინდა სახით ცვლილება, მას აქვს თავისი კანონზომიერი გზები, რომელიც გამოიხატება გარდაქმნის ტიპიურ ხერხებსა და წესებში” (რუბინშტეინი, 2009). ერთ-ერთ ასეთ ხერხად იგი მიიჩნევს კომბინირებას – მონაცემთა შეხამებას ახალ, მეტ-ნაკლებად უჩვეულო კომბინაციებში. მაგალითად, რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების გმირის პორტრეტი იქმნება კრებითი სახით. გმირის თვისებები აღებულია კომბინირებულად: ლეგენდებიდან, ახლობლებისა და სანიმუშო პიროვნებების თვისებებიდან.
წარმოსახვითი სწავლების არსი
წარმოსახვითი სწავლების არსის გაგებისათვის აუცილებელია წარმოსახვის მიზეზების გარკვევა. რატომ სცილდება ადამიანი აღქმითა და მეხსიერებით მოცემულის საზღვრებს? ჩვენი ცხოვრება ხომ მხოლოდ მოცემულ სინამდვილეში მიმდინარეობს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, წინ წამოიწევს ბიოლოგიურ-ეკონომიკური კატეგორია – მოთხოვნილება. “ობიექტურ სინამდვილეს თავისი დამოუკიდებელი არსებობა აქვს, თავისი მტკიცე კანონზომიერება, რომელიც ჩვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს ანგარიშს არ უწევს და ძალიან ხშირად ჩვენი მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელი რჩება. ასეთ შემთხვევაში სუბიექტს იმპულსი უჩნდება – თუკი არსებული სინამდვილე მის მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს, თვითონ მაინც შექმნას ისეთი სინამდვილე, რომელიც მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფდა… დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება წარმოსახვის აქტუალიზაციას იწვევს”” (უზნაძე, 1940).
აღქმისა და მეხსიერების შემთხვევაში გარე სამყარო, სინამდვილე წინასწარ არის მოცემული და წამყვან როლს თამაშობს, განმსაზღვრელია.
წარმოსახვის შემთხვევაში კი ადამიანი, სუბიექტია წინასწარ მოცემული, თავისი განსაზღვრული შესაძლებლობებით. “აღქმასა და მეხსიერებაში საგნობრივი სინამდვილე განსაზღვრავს სუბიექტს, ფანტაზიის შემთხვევაში, პირიქით, საგნობრივ სინამდვილეს სუბიექტი განსაზღვრავს”” (უზნაძე, 1940).
დასაბამიდან დღემდე ადამიანის სამეურნეო საქმიანობის, ანუ ეკონომიკის განვითარებისა და წინსვლის საფუძველი სწორედ წარმოსახვაა. ს. სარასვანთის თქმით, ეკონომიკაში წარმოსახვის მთავარი ამოცანაა იმ საზოგადოებიდან, რომელშიც ვცხოვრობთ, ის საზოგადოება შექმნას, რომელში ცხოვრებასაც ვისურვებდით (შარასვატჰყ, 2006). ეკონომიკა დინამიკური პროცესია, რომელსაც რაციონალური გამოცდილების გარდა შემოქმედებითობა, სოციალური ნორმები და ემოციები მართავს, რატომ სწავლობენ ეკონომისტები მას მხოლოდ სტატიკური წონასწორობის მოდელებითა და შეზღუდული რაციონალური დაშვებებით? ეკონომიკური საქმიანობა ისევეა წარმოსახვისა და სოციალური განწყობების ფუნქცია, როგორც უპირატესობებისა და საქონლის რაციონალური ოპტიმიზაცია.
რიჩარდ ბრონკი ამტკიცებს, რომ პოეზიიდან და ფილოსოფიიდან მოხმობილი ახალი სტრუქტურული დაშვებებისა და მეტაფორების გამოყენებით ეკონომისტები უკეთ შეძლებენ ბაზრების ამ შემოქმედებითი და სოციალური ასპექტების მოდელირებასა და ახსნას. “წარმატებულ მეწარმეობას ბაზრების დაკვირვებულ რაციონალურ ანალიზზე გაცილებით მეტი სჭირდება; მას ახალ შესაძლებლობებთან გასამკლავებლად აუცილებელი ახალი საქონლის, ტექნიკისა ახალი სტრატეგიების შესაქმნელად მდიდარი წარმოსახვა სჭირდება. მას საკუთარი თავის რწმენა, გამარჯვებისადმი სწრაფვა და გარკვეულწილად თავდაჯერებულობაც სჭირდება. გასაკვირი არ არის, რომ საუკეთესო მეწარმე ზოგჯერ ბაირონის გმირებს ჰგავს – თვითკმარი, თავდაჯერებული და ამაყი – და არა იმ უსიცოცხლო “ეკონომიკურ ადამიანს”, რომელსაც სახელმძღვანელოებში ვაწყდებით (Bronk, 2009).
ეკონომისტები განსხვავებულ ეკონომიკურ ინდიკატორთა ნაკრებს ქმნიან, რომელთა მიხედვით ეკონომიკური საქმიანობის შედეგის გაზომვას ცდილობენ. ეკონომიკური აქტივობა, თავის მხრივ, კეთილდღეობის შესახებ ჩვენეულ წარმოდგენას ეფუძნება. “შეფასება მოლოდინია, ხოლო მოლოდინი – წარმოსახვა” (შჰაცკლე, 1972).
ეკონომიკის წარმოსახვითი სწავლება, ვფიქრობთ, ზემოთ მოხსენიებულ შეხედულებებს უნდა ეყრდნობოდეს. წარმოსახვითი სწავლება გვთავაზობს სასწავლო პროცესის ახლებურ გააზრებას, რომელიც პასუხობს სწავლების სამფაზიან სისტემას: გამოწვევა – გააზრება – რეფლექსია. “წარმატებული განათლება ნამდვილად მოითხოვს მოსწავლის ემოციურ ჩართულობას. ნებისმიერი სახის ცოდნა ადამიანური ცოდნაა და ის ადამიანთა იმედის, შიშისა და მისწრაფების ნაყოფია. ცხოვრებისეული ცოდნის მოსწავლეთა გონებამდე მისატანად ის ადამიანთა იმედების, შიშებისა და მისწრაფების კონტექსტში უნდა გავაცნოთ, რომელშიც ის თავის სრულყოფილ მნიშვნელობას პოულობს. ამისათვის საუკეთესო ინსტრუმენტი კი წარმოსახვაა”” (Egan, 2005).
აქედან გამომდინარე მასწავლებელმა უნდა შეძლოს:
1. სასწავლო მასალის ირგვლივ მოსწავლეთა ემოციებისა და წარმოდგენების გამოწვევა და დაკავშირება, რადგან “ემოციებსა და წარმოსახვას შორის რთული ურთიერთკავშირები არსებობს””;
2. სასწავლო მასალის საობიექტივაციო შინაარსის წინ წამოწევა და ეკონომიკური მოვლენის ამოცანის, სიტუაციის ან ტესტების სახით წარმოდგენა, რომელიც ხშირ შემთხვევაში დიალოგის, დისპუტის სახე იღებს და ხელს უწყობს წარმოსახვის განვითარებას;
3. სასწავლო მასალის გადაცემის ისეთი სტრუქტურით გააზრება და წარმოდგენა, რომ მოსწავლემ უპასუხოს კითხვებს: “რა გავიგე ახალი?”” “რა მნიშვნელობა ექნება ამის ცოდნას ჩემთვის?””
საოჯახო ეკონომიკის წარმოსახვითი სწავლების მეთოდები
საოჯახო ეკონომიკის სწავლება ზემოხსენებული სამფაზიანი სისტემის გამოყენებით მოსწავლეებისათვის საინტერესო, სტიმულის აღმძვრელი და “აღმოჩენებით”” (ბრუნერი) სავსე სასიამოვნო პროცესი იქნება.
ეკონომიკის წარმოსახვითი სწავლების პროცესში ვეყრდნობოდით სისტემას: მე – ჩემი ოჯახი – ჩემი ქვეყანა – მსოფლიო. თემას “საოჯახო ეკონომიკა”” განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდით, რადგან ოჯახი არის ის ყველაზე ნაცნობი და ახლობელი გარემო, რომელიც რეალური “დიდი” ეკონომიკის ერთგვარი მოდელია, რომლის საშუალებით ბავშვები პირველად ეცნობიან ეკონომიკურ მოვლენებს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მეთოდს, რომელსაც ვიყენებდით თემის “საოჯახო ეკონომიკა”” სწავლებისას.
1. კვლევა-ძიებითი მეთოდი გულისხმობს:
– მოსწავლეთათვის უცნობი ეკონომიკური მოვლენის, კონცეფციის პრობლემის სახით წამოწევას და კვლევას;
– მოსწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების გამომუშავებას;
– თემის შინაარსიდან ძირითადი დებულებების ბარათებზე ამოწერას;
– დამუშავებული თემის პრეზენტაციას.
2. თამაში, როგორც იმიტაციის თავისებური ფორმა (ბ. ანანოვი) მოსწავლეებში “სხვა პიროვნებაში გადასვლის,”” (დ. უზნაძე) განცდას იწვევს. თამაშის საშუალებით მოსწავლეები შეიძლება ჩავაყენოთ დედის, მამის, ცოლის, ქმრის, შვილის, მომხმარებლის, ბიზნესმენის, ბანკირის როლში. თამაშის დროს ამ როლების შესრულებით მოსწავლე ეკონომიკური ქცევის, ღირებულებების შეფასებას ახდენს.
3. იმიტაცია, როგორც სწავლების გარეშე სწავლის პროცესი იმით ხასიათდება, რომ მოსწავლეებს მიეწოდებათ გარკვეული ინფორმაცია რეალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მასწავლებლის, როგორც ცოდნის გადამცემის როლი ძალზე შეზღუდულია. ამ დროს მოსწავლე ცხოვრებისეული საქმიანობის უშუალო მონაწილე ხდება. ეს ერთგვარი მომზადებაა მომავალი რეალური ცხოვრებისეული გამოცდილებისათვის, რადგან “შემდგარ ზრდასრულად რომ ჩამოყალიბდეს ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარი მომავალი ცხოვრების წარმოსახვა და ამ ცხოვრებისაკენ სიარული”” (Abbott, 2007). ეს არის საქმიანი თამაშები, სიტუაციური სავარჯიშოები (ცასე სტუდყ), სიუჟეტურ-როლური თამაშები და სხვა.
4. ეკონომიკური ამოცანა. მოსწავლეთა შემეცნებითი აზროვნების გააქტიურების მიზნით მნიშვნელოვანია ეკონომიკური ამოცანის დასმა და გადაწყვეტა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამოცანის საობიექტივაციო შინაარსს, იმას, რაზეც მოსწავლის ყურადღება უნდა მივმართოთ. ამოცანის კითხვები მოსწავლეს “კარნახობს”, რომ ეკონომიკაში ესა თუ ის კანონი, ნორმა მოქმედებს, რომელიც ამა თუ იმ შედეგს იწვევს. კითხვა ორიენტირის როლში გამოდის, აღვიძებს შემეცნებით ინტერესს, შემეცნებით აქტივობას მიმართულებას აძლევს. ეკონომიკური ამოცანები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მოსწავლეთა გამოწვევის, შემეცნებითი აზროვნების გააქტიურების, ასევე ცოდნის განმტკიცებისა და შემოწმების მიზნით.
5. “აღმოჩენის გზით სწავლების”” (ჯ. ბრუნერი) მეთოდით მუშაობის პირობაა:
– მკაფიოდ ჩამოყალიბებული სასწავლო თემა, პრობლემა;
– სასწავლო შინაარსის ზოგიერთი ნაწილის შენიღბვა;
– გაკვეთილზე ცნობილი მოვლენის, პრობლემის ხელახალი აღმოჩენა, ანუ ცოდნის მოპოვების ინიციატივაზე დაფუძნებით ცოდნის შეძენა;
– მასწავლებლის, როგორც წარმმართველ-ორგანიზატორის როლი.
გაკვეთილის “საოჯახო ეკონომიკა და გენდერი” მოკლე მონახაზი
გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა:
მიუხედავად იმისა, რომ ადამ სმიტის დროიდან ოჯახი ძირითად ფენომენად იყო მიჩნეული, 1950-იან წლებამდე ეკონომიკურ თეორიაში მას იშვიათად ექცეოდა სისტემატური ყურადღება. მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო მოსახლეობის ზრდის თომას მალთუსისეული მოდელი. ჰარი ბეკერმა და სხვა მეცნიერებმა მიკროეკონომიკური თეორიის გამოყენებითა და განვრცობით და ემპირიული მეთოდებით საფუძველი ჩაუყარეს ოჯახის შესახებ თანამედროვე კვლევებს. ოჯახის კვლევის სტანდარტულ ასპექტებს შორისაა შრომის სქესობრივი დანაწილება საოჯახო მეურნეობაში საწარმოო ფუნქციის საშუალებით და საოჯახო მეურნეობის გარეთ.
საოჯახო ეკონომიკა საოჯახო ქცევის ასახსნელად მიკროეკონომიკის ანალიტიკურ მეთოდებს იყენებს. მისი მიზანია გააფართოვოს ჩვენი წარმოდგენა ოჯახში რესურსებისა და კეთილდღეობის განაწილებაზე, ბავშვებში ინვესტირებასა და თაობათა შორის ტრანსფერტებზე, ოჯახის ჩამოყალიბებასა და დანგრევაზე, ოჯახებისა და ბარზების ურთიერთქმედებაზე. საოჯახო ეკონომიკაში არასაბაზრო ურთიერთობები არსებითია საოჯახო ქცევისა და ინდივიდუალური კეთილდღეობისათვის. თანამედროვე ეკონომიკაშიც კი, საოჯახო წარმოება მთლიანი ეროვნული პროდუქტის ერთ მესამედს შეადგენს.
ყოველ საზოგადოებას შრომის გენდერული დანაწილების ესა თუ ის ხარისხი ახასიათებს. ანაზღაურებადი შრომის ამგვარი დანაწილება დროთა განმავლობაში იზრდება. გენდერული დანაწილება თავს იჩენს საოჯახო შრომაში, ანაზღაურებად და არაანაზღაურებად შრომაში. ეკონომისტები ამ დანაწილებას სპეციალიზაციისა და შრომის დანაწილების ეფექტიანობისა და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების ფუნდამენტურ ეკონომიკურ კონცეფციებზე დაყრდნობით ხსნიან. მიუხედავად ამისა, გენდერული დისკრიმინაციაც შეიძლება გახდეს შრომის დანაწილების მიზეზი და ამგვარი დისკრიმინაციის უკუკავშირის ეფექტი აძნელებს შრომის გენდერული დანაწილების მიზეზების გამოცნობას.
შესავალი ნაწილი თემის შინაარსის გაშლისათვის:
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს კურტ ვონეგუტის იგავის ასლებს: “ღმერთმა შექმნა ქვეყანა მცენარეებით, ცხოველებით, ქვეწარმავლებით… ბოლოს შექმნა ადამიანი და ჰკითხა: თუ მოგწონს რაც შევქმენიო?
– ყველაფერი ძალიან ლამაზია, მაგრამ რა აზრი აქვსო, – უპასუხა ადამიანმა.
– განა აზრიც უნდა ჰქონდესო, გაოცდა უფალი.
– რა თქმა უნდაო, მიუგო ადამიანმა.
– მაშინ ამის აზრის გამოცნობა შენთვის მომინდვიაო, – თქვა უფალმა და გაუჩინარდა””.
მასწავლებელმა წარმოსახვის გზით უნდა დაანახოს მოსწავლეებს კავშირი იგავსა და საოჯახო მეურნეობის შექმნისა და გაძღოლისათვის ადამიანის თავდაპირველ მცდელობებს შორის. ეს კავშირი შეიძლება ასეთი მათემატიკური ფორმულითაც კი წარმოვადგინოთ:
ადამიანი + მოთხოვნილებები + საოჯახო შრომა + ეკონომიკა = კეთილდღეობა.
გაკვეთილის აგება
გაკვეთილის შესავალ ნაწილში მასწავლებელი, მოსწავლეთა აქტიურობის გამოწვევის მიზნით, სვამს კითხვებს: რა როლი ითამაშა მოთხოვნილებებმა საოჯახო ეკონომიკის განვითარებაში? როგორ შეძლო ადამიანმა მოთხოვნილებათა დიდი ნაწილის დაკმაყოფილება საოჯახო მეურნეობაში? როგორ წარმოგიდგენიათ ქალისა და მამაკაცის ისტორიული როლი საოჯახო მეურნეობის წარმართვაში?
მასწავლებელი საუბრობს სამეურნეო ეკონომიკური ფუნქციის შესრულების სირთულეზე. მოჰყავს ნობელის პრემიის ლაურეატის ჰ. ბეკერის შეხედულება ოჯახზე, როგორც “მინი ფაბრიკაზე””
წარმოიდგინეთ ოჯახი როგორც ერთგვარი პატარა ქარხანა – რამდენიმე სულიანი ერთეული, რომელიც საბაზრო საქონლის და ოჯახის წევრთა დროის, უნარებისა და ცოდნის გამოყენებით აწარმოებს საკვებს, ჯანმრთელობას, უნარებს, ბავშვებს და საკუთარი ღირსების გრძნობას. ეს მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი კონცეფციაა, რომელსაც ჰარი ბეკერი ოჯახისადმი მიძღვნილ თავის ეპოქალურ ნაშრომში – “ტრაქტატი ოჯახზე”” იკვლევს. ბეკერი ეკონომიკურ თეორიას უსადაგებს ისეთ ფაქიზ პიროვნულ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა მეუღლის არჩევა ან ბავშვების ყოლა-არყოლა. ის ხილულ თუ უხილავ ბაზრებზე ქცევის მაქსიმიზირების, მყარი უპირატესობების მინიჭებისა და უხეში წონასწორობის საბაზისო ეკონომიკურ დაშვებებს იყენებს იმისათვის, რომ გააანალიზოს დროის განაწილება ბავშვის აღზრდასა თუ კარიერაზე, ქორწინება და განქორწინება როგორც პოლიგამიურ, ასევე მონოგამიურ საზოგადოებებში, კეთილდღეობის ამაღლება და დაცემა ერთი თაობიდან მეორეში. ოჯახის განხილვამ ასეთი პერსპექტივიდან საფუძველი ჩაუყარა თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს. ბეკერი გვიჩვენებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები არსებით გავლენას ახდენს ოჯახთა შორის რესურსების განაწილებაზე. მაგალითად, სოციალური უზრუნველყოფის გადასახადები იწვევს იმ რესურსების რაოდენობის შემცირებას, რომლებსაც შვილები აძლევენ თავიანთ ხანდაზმულ მშობლებს. ამ კვლევათა გავლენა აშკარაა და შორსმიმავალი. ახლო მომავალში ოჯახი სოციალური მეცნიერებების კვლევათა დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
სოციალური ურთიერთობებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ სოციალურ ჯგუფებს და მათში მიმდინარე ურთიერთქმედებებს, არამედ იმასაც, იღებს თუ არა პიროვნება შინაგანად როლს, როგორია ამ როლთან დაკავშრებული რეპერტუარი, მოლოდინები, მისი განწყობისეული დამოკიდებულება იმ რეალურ კავშირურთიერთობებთან, რომელშიც იგია ჩართული (ნადირაშვილი, 1975).
საოჯახო ფუნქციების შესრულებისათვის მხოლოდ როლის ცოდნა არ კმარა, აუცილებელია, როლის მიღება. რაც ბევრადაა დამოკიდებული ტრადიციებზე, უფლება-მოვალეობათა დადგენაზე, დამკვიდრებული იდეების, ნორმების, ღირებულებების გაცნობიერება-აღიარებაზე.
არ არსებობს დედობის, მამობის უფლება მოვალეობის გარეშე, და პირიქით, მოვალეობა უფლების გარეშე. თუ კაცისა და ქალის უფლებათა საზღვრებში შემოდის მეუღლეთა შორის შრომის სამართლიანი განაწილება, ეს უფლება ასევე სამართლიან მოვალეობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს მათგან. ქალთა მოქალაქეობრივი თანასწორობა, მათი ჩაბმა საზოგადოებრივ საქმიანობაში, საოჯახო ურთიერთობებში მორალურ-ფსიქოლოგიური ღირებულებების წინ წამოწევა არღვევს მამაკაცისა და ქალის როლების ტრადიციულ სტრუქტურას.
თემის ისტორიული კონტექსტის ანალიზი
თემის მრავალმხრივობამ შესაძლებლებლობა მოგვცა მოსწავლეთა წარმოსახვის ობიექტივში ისტორიული თემებიც მოგვექცია და მათთვის ინტეგრირებულად წარმოგვედგინა საოჯახო-სამეურნეო საქმიანობასთან, ამ პროცესში მოზარდების მონაწილეობასთან დაკავშირებული ეკონომიკური და ისტორიულ-ეთნოლოგიური მხარეები. პროექციისა და ანალოგიის მეთოდების გამოყენებით მათ ასევე ინტეგრირებულად (ისტორია-ეკონომიკა/წარსული-თანამედროვეობა) განიხილეს საოჯახო ეკონომიკის მეორე მნიშვნელოვანი საკითხიც – შრომის განდერული განაწილება.
ისტორიისა და ეკონომიკის ინტეგრირებულ გაკვეთილებზე მოსწავლეები ეცნობიან მასალებს, რომლებიც წამოაჩენენ მოზარდების პოზიტიურ როლს საოჯახო და სამეურნეო საქმიანობაში, საოჯახო შრომის ტრადიციულ სახეებსა და თვით საოჯახო ეკონომიკის წარმოებისას ასაკობრივი და სქესობრივი ნიშნით შრომის დანაწილების დამკვიდრებულ პრაქტიკას.
საკლასო დისკუსიის გამოწვევის მიზნით მოსწავლეებს ეძლევათ ამონარიდი გაბრიელ ლაბატეს ნაშრომიდან “ბავშთა შრომა საქართველოში””: “ბავშვთა მიერ შესრულებული ყველა სამუშაო არ განეკუთვნება ბავშვთა შრომის აღმოსაფხვრელ ფორმებს. ფაქტიურად ბავშვთა შრომა შეიძლება განმანათლებელ მიზანს ემსახურებოდეს და ამდენად, ბავშვის საკეთილდღეოდ იყოს მიმართული. მაგალითად ეს შეიძლება იყოს საოჯახო საქმიანობაში მშობლისთვის დახმარება მაშინ, როცა ბავშვი მინიმალურ ასაკს უკვე გასცდა და ეს საქმიანობა ბავშვს განათლების მიღებაში ხელს არ უშლის. საწინააღმდეგოდ შეიძლება მივიჩნიოთ გრძელი სამუშაო დღეები, რაც აიძულებს ბავშვს დრო მოაკლოს მეცადინეობას ან საერთოდ მიატოვოს სკოლა”” (ლაბატე, 2004).
პრობლემის გააზრების შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ შემდეგი სადისკუსიო კითხვები:
1. თქვენი აზრით, ბავშვთა მიერ შესრულებული რომელი შრომა მიეკუთვნება “შრომის აღმოსაფხვრელ ფორმებს””? დაასაბუთეთ პასუხი.
2. როგორ გესმით გ. ლაბატეს სიტყვები “ბავშვთა შრომა შეიძლება განმანათლებელ მიზანს ემსახურებოდეს”? რეალური ცხოვრებიდან ან თქვენი წარმოსახვით მოიყვანეთ შესაფერისი მაგალითი და დაასაბუთეთ მისი საგანმანათლებლო მნიშვნელობა.
3. ეხმარებით თუ არა მშობლებს საოჯახო საქმიანობაში? დადებითი პასუხის შემთხვევაში აღწერეთ თქვენი საქმიანობა და დაასაბუთეთ მისი მნიშვნელობა თქვენი ოჯახის ეკონომიკისათვის. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ახსენით მიზეზი.
პედაგოგი დამატებითი ინფორმაციის მიწოდებით გარკვეულ მიმართულებას აძლევს მოსწავლეებს, რათა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა გაუადვილდეთ. ურიგებს სამუშაო ფურცლებს, სადაც მოკლედ არის მიმოხილული საქართველოში საოჯახო ეკონომიკური საქმიანობის ტრადიციები და მისი როლი.
სამუშაო ფურცელი
ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია, ფურცელზევე გააკეთეთ სასურველი შენიშვნები და მოემზადეთ დისკუსიისათვის.
საქართველოში ბავშვთა მონაწილეობა საოჯახო ეკონომიკაში ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებზე ან საოჯახო სახელოსნოებში ხორციელდება. საქართველოში სოფელში მცხოვრები ბავშვების ნაწილი ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. მათგან მშობლების დახმარება ბოსტანში მუშაობის ან საქონლის კვებისას ჩვეულებრივი მოვლენაა. მოზრდილები არაეკონომიკურ საქმიანობაშიც ერთვებიან, კერძოდ: სახლის დალაგება, საკვების მომზადება, ოჯახის ხანდაზმულ ან მცირეწლოვან წევრებზე მზრუნველობა და სხვა.
თანამედროვე და წარსული ცხოვრების მაგალითების მოშველიებით მოსწავლეები ადგენენ, რომ ადრეული ასაკიდანვე (5-6 წლიდან) ბავშვებს შრომას ისე მსუბუქად და შეუმჩნევლად აჩვევდნენ, რომ ის ვერ გრძნობდა დაღლას. ვინაიდან მოზარდებს ისეთ გარემოცვაში უხდებოდათ ცხოვრება, სადაც ყველა შრომობდა, მათი შრომითი აღზრდაც ბუნებრივად ხდებოდა. სამუშაო, რომელსაც ისინი ასრულებდნენ, პატარაობიდანვე უღვიძებდა პასუხისმგებლობის გრძნობას, ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ეჩვეოდნენ ცხოვრების სერიოზულ აღქმას და ითვისებდნენ უფროსების ჩვევებსა და მეთოდებს.
გოგონები მეტწილად დედის დამხმარეები იყვნენ საოჯახო საქმიანობაში. მათ ფუნქციას შეადგენს სახლის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა, საჭმლის მომზადებაში დედისთვის დახმარების გაწევა, ისინი ადრეული ასაკიდან სწავლობდნენ ხელსაქმეს – შეეძლოთ შეეკერათ, მოექსოვათ, მოექარგათ.
ვაჟს უმეტესად ისეთ საქმიანობას აჩვევდნენ, როგორიცაა: პირუტყვის მოვლა, ის მამის ძირითადი დამხმარე იყო მიწის დამუშავებისა და მოსავლის მოწევა-დაბინავებისას. ვაჟები ეხმარებოდნენ მამას მოსავლის აღებასა და დაბინავებაში.
სამეურნეო ტრადიციები და ყოფის თავისებურებები გავლენას ახდენდა მოზარდის ცნობიერებაზე, ხელს უწყობდა სამეურნეო-პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და გარემომცველი ბუნების აღქმას.
თუშეთი საქართველოს მთიანი მხარეა, სადაც მეურნეობის ძირითად დარგს მეცხვარეობა წარმოადგენდა. “თუშეთში ვითარდებოდა რა მეცხვარეობა, ის საამაყო საქმედ ითვლებოდა. ყველა მამაკაცი, ვისაც კი ძალა შესწევდა, ცხვარში უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდებს ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ… ცხვრის მწყემსვას, მთელი დღის განმავლობაში ცხვრის მოძრაობის მიმართულების, დასასვენებელი და დასარწყულებელი ადგილების მონახვას, წველას, პარსვას, ყველის ამოყვანას; აცნობდნენ მცენარეულ საფარს, მკურნალობის ხალხურ მეთოდებს და სხვა წეს ჩვეულებებს… თუშები ამაყობდნენ იმით, რომ მეცხვარეობაში ბადალი არ ჰყავდათ. მათ შორის ის, ვინც ამ საერთო საქმეს თავს არიდებდა დაცინვის საგანი ხდებოდა და როგორც “უხეიროს”” ქალს არ გაატანდნენ…”” (გამყრელიძე, 1993).
საოჯახო ეკონომიკაზე საუბრისას ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეები გაეცნონ შრომის გენდერული განაწილების ტრადიციებსა და სადღეისოდ დამკვიდრებულ პრაქტიკას, გაითავისონ ქალისა და კაცის როლი ოჯახის საკეთილდღეოდ და გამოხატონ თავიანთი პოზიცია. მოსწავლეები ეცნობიან ეთნოგრაფიულ მასალას, რომლის მიხედვით:
სამიწათმოქმედო საქმიანობის გაძღოლა, ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც ფიზიკურ ძალას მოითხოვდა: ბარვა, თოხნა, სახნავ-სავარგულების შემოღობვა და სხვა, კაცის მოვალეობად ითვლებოდა.. მაგრამ მასში, გარკვეული ფორმით, ქალიც მონაწილეობდა, ეხმარებოდა რა ქმარს ეხმარებოდა ყანაში მუშაობისას.
თვით ქალებს შორის შრომის განაწილება ასაკობრივი ნიშნით იყო რეგლამეტირებული. სამიწათმოქმედო სამუშაოებში საშუალო ასაკის ქალები მონაწილეობდნენ, ხოლო ასაკოვანი ქალები უფრო მეტად კარმიდამოს სისუფთავესა და საკვების მომზადებაზე ზრუნავდნენ. გოგონებისთვის კი, ძირითად საოჯახო საქმიანობას უმცროს და-ძმების აღზრდაში მონაწილეობის მიღება წარმოადგენდა.
საოჯახო შრომითი საქმიანობათა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ხელოსნობა. ქალი ართავდა მატყლს, ამზადებდა ბამბის, აბრეშუმისა და შალის ქსოვილებს. საოჯახო ხელოსნობის მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს ქსოვა და კერვა. ხელსაქმეთა შორის გავრცელებული იყო ქარგვა. ქარგავდნენ ძირითადად გოგონები. ნახელავი კი ხშირად გასათხოვარ ქალთა თავმოწონების საგნად იქცეოდა.
საქართველოში მეთუნეობას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მას ტრადიციულად მამაკაცები მისდევდნენ, მაგრამ ხშირად გამოიყენებოდა ქალთა შრომაც. “თიხამიწას ქალები ბავშვების დახმარებით ქვებისაგან გადაარჩევდნენ, წყლით დანამავდნენ. თიხას ფეხით მოზელდნენ, დააბრტყელებდნენ…””(ჩელებაძე, 2005).
ქალს გამოკვეთილი ფუნქცია ჰქონდა შინაური პირუტყვისა და ფრინველის მოვლის საქმეში. თუ მწყემსობა სამამაკაცო საქმედ ითვლებოდა, სახლში მოდენილი პირუტვის დაპურება და დარწყულება, მისი მოწველა და ყველის ამოყვანა ქალის მოვალეობად ითვლებოდა.
გაკვეთილის შემაჯამებელ ფაზაში მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და აყალიბებენ საკუთარ პოზიციებს შემდეგ საკითხებზე:
1. რომელ საერთო და განსხვავებულ ნიშნებს ხედავთ საოჯახო ეკონომიკის წარმოების ტრადიციულ და თანამედროვე ფორმებს შორის?
2. რამდენად სამართლიანად თვლით საოჯახო მეურნეობაში შრომის ასაკობრივი და სქესობრივი განაწილების ტრადიციულ და თანამედროვე მოდელებს?
3. ისტორიკოსები თუშეთში ყმაწვილის შრომითი აღზრდის მაგალითზე ამტკიცებენ, რომ მისი ცნობიერებისა და უნარების ჩამოყალიბება-განვითარებაზე განმსაზღვრელ როლს ამ კუთხის სამეურნეო ტრადიციები (მეცხვარეობა) ასრულებდა. მოიფიქრეთ მაგალითი, რომლითაც გაამყარებთ ან უარყოფთ გამოთქმულ მოსაზრებას.
დასკვნა
შეთავაზებულ თემებზე გამართული კამათიდან გამოირკვა, რომ მოსწავლეთა წარმოდგენით:
1. ისტორიულად, ბავშვთა და ქალთა ექსპლოატაცია საქართველოსთვის უცხოა. ბავშვი შეიძლება მონაწილეობდეს საოჯახო საქმეებში, ეხმარებოდეს მშობლებს სხვადასხვა საქმიანობაში, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამას ხელი შეეშალა მისი ფიზიკური ან გონებრივი განვითარებისათვის. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. მხოლოდ გამონაკლისის სახით გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც მოზარდები იძულებულნი ხდებიან თავი მიანებონ სწავლას, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ ოჯახის რჩენაში და თუ ასეთი შემთხვევები მაინც ფიქსირდება, ეს იმ ეკონომიკური სიდუხჭირის ბრალია, რომელსაც წლების განმავლობაში მრავალი ოჯახი განიცდის.
2. ბავშვის ცხოვრების პირობები ერთგვაროვანი არ არის. ქალაქში მცხოვრებ ბავშვს შესაძლოა არც კი დასჭირდეს სასოფლო-სამეურნეო შრომა-საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა საქმიანობას ეწევიან მშობლები. სოფლად, სადაც ჩვეულებრივად ოჯახს აქვს მიწის ნაკვეთი, ბოსტანი, ბაღი, მარცვლეული კულტურების ნათესებიც, ჰყავს შინაური ცხოველები და სხვა, მოზარდი მონაწილეობს კიდეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ქალაქში კი, საოჯახო საქმიანობა სხვა ფორმებში ვლინდება, და მასში მონაწილეობა ძირითადად გულისხმობს ზამთრისათვის მომზადებას, საჭირო რაოდენობის სანოვაგის მომარაგებას, მათ დაკონსერვებას და ა.შ.
3. დღემდე შემორჩენილია საოჯახო მეურნეობაში მამაკაცისა და ქალის როლის დიფერენცირებულად განსაზღვრა. რასაც მოსწავლეთა უმრავლესობა ლოგიკურად თვლის, რადგან ობიექტური, ე.წ. ბუნებრივი გარემოებებით განსაზღვრულად მიაჩნიათ. ასეთ გარემოებებად ისინი თვლიან: კაცისთვის – ფიზიკურ ძალას, ქალისთვის – დედობის ფიზიოლოგიურ მისიას. ეს კი ოჯახში მათ განსხვავებულ ფუნქციებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს: კაცი – ოჯახის მარჩენალი; ქალი – დიასახლისი და შვილების აღმზრდელი. თუმცა მოსწავლეები თანხმდებიან, რომ საოჯახო ფუნქციების ასეთი დიფერენცირება და, რაც უფრო თვალშისაცემია, გამიჯნულ მოვალეობათა შორის ბარიერები სულ უფრო პირობითი ხდება.
მასწავლებელი აჯამებს დისკუსიას: საოჯახო ეკონომიკის ყველაზე ცნობილი მკვლევარის ჰარი ბეკერის აზრით, ოჯახში შრომის ყველაზე გავრცელებული დანაწილება ასეთია: ტრადიციულად ქალები დროის უმეტეს ნაწილს ბავშვების აღზრდასა და სხვა საოჯახო საქმიანობებს უთმობენ, ხოლო მამაკაცები ნადირობენ, იბრძვიან, მიწათმოქმედებას ეწევიან და სხვა “საბაზრო” საქმიანობებში არიან ჩართულნი. ოჯახის წევრთა შორის შრომის სხვადასხვაგვარი დანაწილება ნაწილობრივ ბიოლოგიური განსხვავებებით არის განპირობებული, ნაწილობრივ კი, განსხვავებული გამოცდილებითა და ადამიანურ კაპიტალში განსხვავებული ინვესტიციებით. სპეციალიზაცია დროის განაწილებასა და ადამიანური კაპიტალის დაგროვებაში ეფექტიან ოჯახში ექსტენსიური იქნებოდა მაშინაც კი, თუკი ოჯახის წევრები ბიოლოგიურად იდენტურები იქნებოდნენ; ბიოლოგიურმა განსხვავებებმა შესაძლოა შეასუსტა კიდეც სპეციალიზაციის დონე. რაკი გათხოვილი ქალი ბავშვების აღზრდასა და სხვა საოჯახო საქმიანობებზე სპეციალიზდება, მას ქმრისაგან გრძელვადიანი “კონტრაქტი”” სჭირდება მიტოვებისა და სხვა უსიამოვნებებისაგან დასაცავად. არსებითად ყველა საზოგადოებას აქვს შემუშავებული გრძელვადიანი დაცვა გათხოვილი ქალებისათვის – ეს ქორწინებაა (Becker, 1991). თუმცა, ოჯახური ურთიერთობის მრავალმხრივობისა და სირთულის გამო ხშირად არც ქორწინებაა დაცვა. მთავარია, როგორც ქალს, ასევე მამაკაცს კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული საოჯახო ცხოვრებაში მისთვის დაკისრებული როლი, ამ როლთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები და მოვალეობები. თუ ქმარი კარგად არის გაზრდილი, იგი გაინაწილებს საოჯახო საქმეს და, თუ ქალიც კარგი გაზრდილია, მადლიერებას გამოხატავს. ასეთ შემთხვევაში ორივენი დარწმუნდებიან, რომ საოჯახო შრომა ურთიერთზრუნვის, სიყვარულის გამოვლენის საშუალებაა და წარმატებით დაძლევენ ამ შრომასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
შეფასება
გაკვეთილის ამ ნაწილში შეგვიძლია გამოვიყენოთ ტრადიციული მეთოდები – კითხვა-პასუხი, შეჯამება და ა.შ. თუმცა, ჩვენი აზრით, ასევე სასარგებლო იქნება:
– თუ მოსწავლეებს ასლების სახით დავურიგებთ ინფორმაციას შვედი ფსიქოლოგის მარგარეტ რადჰოლმის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ და ვთხოვთ საკუთარი აზრის გამოხატვას.
შვედმა ფსიქოლოგმა მარგარეტ რადჰოლმმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: ხუთი თვის ფეხმძიმე ქალებს ასმენინებდა რამდენიმე მამაკაცის ხმას, რომელთა შორის მამის ხმაც იყო. მუცლადმყოფი ბავშვები მამის ხმას სცნობდნენ და რეაგირებდნენ – გულისცემა უჩქარდებოდათ, მოძრაობას იწყებდნენ. შენიშნეს რამდენიმე ბავშვი, რომელთაც რეაქცია არ ჰქონდათ, აღმოჩნდა, რომ მათ მამები არ ეფერებოდნენ.
ბავშვების დაბადების შემდეგ კვლევა 45 ბავშვზე გაგრძელდა. 16 ბავშვის მამას სთხოვეს თავიანთი ახალშობილებისათვის მხოლოდ ეყურებინათ, დანარჩენებს კი 10 წუთის განმავლობაში უშუალო ურთიერთობის – ხელში აყვანის, მოფერების, საუბრის – ნება დართეს.
ფსიქოლოგი სახლშიც აკვირდებოდა პატარებს. ვიდეოთი იღებდა მამისა და შვილის ურთიერთობას. აღმოჩნდა, რომ მამები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ახალშობილებთან უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ბავშვებთან ურთიერთობისას, უფრო ხშირად ეფერებოდნენ შვილებს, სამსახურიდან სახლში მოიჩქაროდნენ, ვიდრე ის მამები, რომლებიც მხოლოდ აკვირდებოდნენ შვილებს.
ამ მასალის გაცნობის შემდეგ, მასწავლებლის კითხვაზე: როგორ ცვლის ეს ექსპერიმენტი ტრადიციულ შეხედულებას ბავშვის აღზრდაში დედისა და მამის როლების შესახებ? მოსწავლეები თანხმდებიან, რომ შვილის აღზრდა, მის ჯანმრთელობასა და განათლებაზე ზრუნვა მშობლების წინაშე თანაბარ ვალდებულებად იქცევა. თუმცა, დისკუსიას იწვევს შვილების აღზრდაში მშობლების მონაწილეობის ფორმები. მოსწავლეთა ნაწილს მიაჩნია, რომ მათ შორის ფუნქციების გამიჯვნა დაუშვებელია. ნაწილი კი, დედისა და მამის როლს ბავშვის აღზრდის პროცესში დიფერენცირებულად ხედავს. მაგალითად, დედა აჭმევს, აცმევს, ზრუნავს შვილის პირად ჰიგიენაზე, მამა კი ასეირნებს, ასწავლის, განსაკუთრებით ვაჟებს, ე.წ. “სამამაკაცო საქმეებს””, აფინანსებს შვილების განათლებას, დასვენებას და ა.შ.
გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს სახლში შესასრულებლად ეძლევათ “დამოუკიდებელი სამუშაო”” – მათ უნდა დაწერონ ესე საოჯახო შრომის ბუნებისა და მიზანშეწონილობის შესახებ.
ბოლოსიტყვაობა
საზოგადოების სტრუქტურა სოციალური როლებისა და სტატუსების ჩახლართული ქსელია. საზოგადოებაში ადამიანის სტატუსი ბევრად არის დამოკიდებული ოჯახზე. ადამიანებს სჭირდებათ როგორმე ამ სტატუსებს შორის მოხვდნენ და ჰქონდეთ ამა თუ იმ როლის შესრულების მოტივაცია. ოჯახი არის ის გარემო, სადაც კონკრეტული საოჯახო როლის შესრულებით ადამიანი საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენს. ქალსა და მამაკაცს შორის ტოლფასოვნებისა და თანასწორობის პირველ მაგალითებს მოზარდი ოჯახში ხედავს. ამიტომ თანამედროვე საზოგადოებაში გენდერულ როლებთან დაკავშირებული კონფლიქტის გადასაჭრელად აუცილებელია მოსწავლეთა მომზადება საოჯახო ცხოვრებისათვის, საოჯახო ეკონომიკის გაძღოლისათვის, დედის, მამის, მეოჯახის როლების შესასრულებლად. ამგვარ მომზადებაში დიდ როლს თამაშობს წარმოსახვაზე, როლებთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე მიმართული სასწავლო პროცესი.