ხორცპროდუქტების ტრანზიტის აკრძალვა აუცილებლობა თუ …?
გიორგი სვანიშვილი
მოგეხსენებათ, საქართველოში, პირუტყვის დაავადება, განსაკუთრებით როგორიცაა თურქული, არ წარმოადგენს სენსაციურ მოვლენას. იგი ჩვენი ქვეყნის ხან ერთ და ხან მეორე რეგიონში შხამიანი სოკოსავით წამოყოფს ხოლმე თავს. ვინც არ იცნობს აღნიშნულ დაავადებას მოგაწვდით მცირე განმარტებას საქ. ენციკლოპედიიდან: “თურქული მწვავე ვირუსი დაავადებაა, რომელიც ემართება მსხვილფეხა რქოსან საქონელს, ღორს, ცხვარს, თხას, აქლემსა და გარეულ წყვილჩლიქოსან ცხოველს. იშვიათად ფრინველს, ცხენს, კატას და ძაღლს. შეიძლება დაემართოს ადამიანსაც, განსაკუთრებით ბავშვებს (ადამიანს ადამიანისაგან თურქული არ გადაედება).
დაავადება ცხოველთა დიდ რაოდენობას მოედება, ზოგჯერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. იღუპება დიდძალი პირუტყვი რასაც მნიშვნელოვანი ზარალი მოსდევს. დაავადება მიმდინარეობს სპორალურად ან ეპიზოოტიის სახით”.
შესაძლოა აღნიშნულმა საშიშროებამაც განაპირობა, გასულ წელს, ჩვენი მეზობელი ქვეყნის – რუსეთის ვეტდეპარტამენტის ბრძანებულება, რომელიც კრძალავს საქართველოს ტერიტორიიდან ხორცპროდუქტების შეტანას.
ჩვენი ვეტერინარიის დეპარტამენტს გასაკეთებელი მართლაც ბევრი აქვს, ჩასატარებელია საქონლის მასობრივი ინექცია, სანიტარული ნორმების დაცვას მოითხოვს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამუშავებისა და რეალიზაციის ადგილები და ა. შ.
ზემოაღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას და, ალბათ, თითოეული მოქალაქის სურვილია მომავალში ეს ფუნქცია კიდევ უფრო გაიზარდოს. აღნიშნული გარემოება მით უფრო გასათვალისწინებელია როცა საქმე ეხება ამა თუ იმ ტვირთის ტრანზიტს. რა თქმა უნდა მისასალმებელია და აუცილებელიც, დავიცვათ ქვეყანა დაავადებული, ინფიცირებული ხორც-პროდუქტებისაგან, მაგრამ რამდენად აუცილებელია ეს შეეხოს საზოგადოდ ხორცისა და ხორცის პროდუქტის ტრანზიტს? ხომ არ ვიცილებთ ამით ზედმეტ პასუხისმგებლობას? ხომ არ ვაკნინებთ ამით საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას?
აქვე გთავაზობთ საქ. ვეტერინარიის დეპარტამენტის 2001 წლის 16 თებერვლის ბრძანებულების მოკლე შინაარს.
მაშ ასე, რა იკრძალება და რა არ იკრძალება…
“მთლიანად აკრძალულია ქვეყანაში ცოცხალი პირუტყვის (ფრინველის), ხორცისა და ხორცპროდუქტების, მეცხოველეობის სხვა პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის იმპორტი და ტრანზიტი აფრიკის ქვეყნებიდან, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის უმრავლესი ქვეყნებიდან, ავღანეთიდან, მალაიზიიდან, ტაივანიდან, იორდანიიდან, პაკისტანიდან, მონღოლეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან”.
“აკრძალულია ბრაზილიიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ირლანდიიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, შვეიცარიიდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, საქონლის ხორცისა და მისი ყველა სახის სუბპროდუქტების იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი”.
“აკრძალულია ცხვრისა და თხის, მათი ხორცის იმპორტი და ტრანზიტი საბერძნეთიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან. აკრძალულია ამავე ქვეყნებიდან ცხვრის ტყავ-ნედლეულისა და მატყლის იმპორტი და ტრანზიტი”.
“აკრძალულია ცოცხალი ფრინველის, ფრინველის ხორცის იმპორტი და ტრანზიტი ავსტრალიიდან, ირლანდიიდან, არგენტინიდან, ქუვეიტიდან, ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, იაპონიიდან. აკრძალულია ამავე ქვეყნებიდან საინკუბაციო და სასურსათო კვერცხების იმპორტი და ტრანზიტი”.
“აკრძალულია საქონლის სუბპროდუქტების შემოტანა და ტრანზიტი დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან”.
“აკრძალულია რძის პროდუქტების იმპორტი და ტრანზიტი აფრიკის, აზიის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან”.
გარდა ზემოაღნიშნულისა საქ. ვეტდეპარტამენტის მიერ მიღებული #1-02/17 ბრძანების თანახმად, ევროპის ქვეყნებში თურქულის ეპიზოოტიასთან დაკავშირებით, იკრძალება:
2001 წლის 20 მარტიდან დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან ცოცხალი ცხვრის, ცხვრის ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხვრის ტყავნედლეულის, ცხვრის ქონის, მატყლის, წვრილი და დაჩეჩილი ბეწვის იმპორტი და ტრანზიტი.