ცხარე მარკეტინგი ცხელი სეზონის წინ
სარედაქციო წერილი
საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული და კლიმატური მახასიათებლები ტურიზმის ყველა მიმართულებით განვითარების საშუალებას იძლევა. ბოლო პერიოდში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის გადადგმული ნაბიჯები მართლაც შთამბეჭდავია. აქ ყველაზე დიდი ინვესტორი, ჯერჯერობით, ისევ სახელმწიფოა. ხელისუფლება ინვესტიციებს მიმართავს როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის ტურიზმის გასაუმჯობესებლად. დიდი ინვესტიციები განხორციელდა ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მნიშვნელოვანი იყო მცხეთისა და სიღნაღის პროექტები, სადაც სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. 2010 წლის ყველაზე მსხვილი პროექტი მესტიაა, სადაც აეროპორტი გაიხსნა.
საქართველოს მთავრობა გასულ, 2010 ტურისტულ წელს წარმატებულად აფასებს. საერთო ჯამში, ქვეყანას 2 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. 2009 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 38 პროცენტით გაიზარდა და 2 054 382 ადამიანი შეადგინა. სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში 679 409 ადამიანი ჩამოვიდა, რაც 43 პროცენტით მეტია 2010 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებთან შედარებით.
ამბიციურია 2011 წლის მოლოდინი – წლის ბოლომდე სამი მილიონი ტურისტი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 2012 წელს ქვეყანა 4 მილიონ, ხოლო 2013-ში 5 მილიონ ტურისტს უმას-პინძლებს. პრეზიდენტის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტურიზმი გრძელვადიან დასაქმებაზე გათვლილი სექტორია.
ზაფხული დაიწყო და ტურისტული სეზონიც მალე გაიხსნება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო საკმაოდ მომზადებულად ხვდება ახალ სეზონს და არაერთი ღონისძიებების გატარებას გეგმავს, ქვეყნის კურორტებზე, როგორც უცხოელი ტურისტების, ასევე ქართველების მისაზიდად.
ივნისის შუა რიცხვებში სტარტს აიღებს და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება საქართველოს დღეების ტურნე, რომელიც ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, პოლონეთსა და ლატვიაში გაიმართება. საქართველოს დღეების ფარგლებში გაკეთდება ქართული თანამედროვე მუსიკის და ფოლკლორის კონცერტები, ფოტოგამოფენა, ქართული ღვინის დეგუსტაცია. ამასთანავე, გაკეთდება ტურიზმის კუთხე, სადაც გამოიფინება ის ფოტომასალა, რომელიც ასახავს საქართველოს ტურისტულ ატრაქციებს და იმ აქტივობებს, რომლითაც შეიძლება ტურისტი საქართველოში დაკავდეს. ამასთანავე, ტურნეს მონაწილეები ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილებას სპეციალური ავტობუსის საშუალებით გეგმავენ, რომლებიც გარედან გაფორმდება წარწერებით “საქართველო”, ინგლისურად და იმ ქვეყნის ენებზე, რომლებშიც ტურისტული დღეები ჩატარდება.
მუშაობა მიდის ქვეყნის შიგნით რეკლამირებაზე, რომ თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი. ამ მიზნით, ივნისში ზაფხულის სეზონის პომპეზური გახსნა იგეგმება, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს თუ ჩამოსულ სტუმარს საშუალება ექნება გაიგოს იმ აქტივობების შესახებ, რითიც შეიძლება დაკავდეს და თავი შეიქციოს ზაფხულის პერიოდში. ამავე გახსნაზე მოხდება ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და პოპულარული არხის “თრეველ ჩენელის” ერთობლივი პროექტის, ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, რომელიც შემდგომში გავა “თრეველ ჩენელის” ეთერში. აღნიშნული ფილმი გადაღებულია მსოფლიოში ცნო-ბილი ღვინის ექსპერტ, იზაბელ ლეჟერონის მიერ, რომელიც აღფრთოვანდა ქართული ღვინითა და ტრადიციებით და განაცხადა, რომ იგი თავად იქნება ჩვენი ქვეყნის ელჩი მთელს მსოფლიოში, რათა გააცნოს მათ ქართული ღვინის უნიკალურობა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტო საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პო-პულარიზაციისთვის, სხვადასხვა მარკეტინგულ ხერხებს მთელი წლის განმავლობაში მიმართავდა. ძირითადი პროექტები, რაზეც სააგენტო მუშაობს, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, უცხოური მედია-საშუალებებისათვის პრეს-ტურებისა და ტურისტული კომპანიებისათვის საქართველოში გაცნობითი ტურების მოწყობაა. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირ რეკლამაზე, ისევე, როგორც მასშტაბურ სარეკლამო კამპანიებზე უცხოურ ბაზრებზე. საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა აქტიურად ჩაერთო სოციალურ ქსელებშიც.
სააგენტო წლის განმავლობაში საშუალოდ 15 გამოფენაზეა წარმოდგენილი, რომლებიც, ძირითადად, ერთი ფორმატით იმართება – ყველა მონაწილე ქვეყანა (საშუალოდ 200) თავისი ტურისტული პოტენციალის წარდგენას ცდილობს. ამ გამოფენებზე ყველაზე მთავარი ამოცანა საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ახალი ბიზნეს-კონტაქტების დამყარებაა. გამოფენებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ბერლინის გამოფენაა, სადაც საქართველო მუდმივად წარმოდგენილია და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან საშუალოდ ათასი კომპანია მონაწილეობს.
ტურისტების რაოდენობის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტად მეზობელი ქვეყნები აქტიურობენ, თუმცა, სააგენტო ცდილობს, ჩვენი ქვეყანა დასავლეთ ევროპისთვისაც მიმზიდველი გახადოს. რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, ამ ზონიდან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან ჩამოდის. ტურისტებს სპეციფიური სათავგადასავლო და ღვინის ტურები იზიდავთ. გერმანელები, ძირითადად, მთიან რეგიონებს სტუმრობენ.
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში გააქტიურდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც, უკრაინა და ისრაელი. ბოლო პერიოდში ასევე შეინიშნება აქტიურობა ირანის მხრიდან და ვიზიტორების რაოდენობა 117%-ით გაიზარდა, შესაძლოა, იგი მალე სააგენტოს სამიზნე ბაზარიც გახდეს. უახლოეს მომავალში იგეგმება ირანის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ტელეარხზე “ფარსი 1”-ზე სარეკლამო რგოლის “გაატარე ზაფხული საქართველოში” გაშვებაც. რეკლამა – Summer in Georgia CNN-ც გადიოდა, რამაც, როგორც სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
ტურისტები ჩვენს ქვეყანას, ძირითადად, მეგობრებისა და ნათესავების რჩევების გათვალისწინებით სტუმრობენ, ანუ ტურისტების მოზიდვის კუთხით, პირადი კონტაქტების წილი ყველაზე მაღალი, 54%-ია. დიდია იმ ტურისტთა რაოდენობაც, რომლებიც (30%) წინა დადებითი გამოცდილების გამო ხელ-მეორედ სტუმრობენ საქართველოს. მნიშვნელოვანია ინტერნეტის, სხვადასხვა მედია საშუალებების, ტურისტული სააგენტოებისა და საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობების როლიც.
ქვეყანაში ყველაზე მონახულებადი ადგილის მიხედვით, თბილისი ლიდერობს. მისდამი ტურისტთა ინტერესი სავსებით გასაგებია, ვინაიდან იგი დედაქალაქია. მაგრამ ყველაზე მისასალმებელია, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა ბათუმის მიმართ ინტერესი – ამით ის მრავამილიონიანი ინვესტიციები, რაც აჭარის დედაქალაქისკენ მიიმართა, ასევე შრომა და ენერგია, რომელიც მის გასალამაზებლად და მიმზიდველად გადაქცევას მოხმარდა, გამართლდა. ახალი სასტუმროების მშენებლობამ, ფესტივალებმა და სხვა ღონისძიებებმა ეს ქალაქი ქართველების არა მხოლოდ ტურისტულ სეზონზე ყველაზე საყვარელ დასასვენებელ ადგილად დატოვა, არამედ მთელი წლის მანძილზე ხშირად მონახულებად ქალაქად გადააქცია.
ტურიზმის ეროვნული სააგენტო ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს არის საქარ-თველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის რებრენდინგის კონცეფციის შემუშავება და შემდგომ განხორციელება. ამის შესახებ, სააგენტოს ხელმძღვანელმა 24 მაისს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ტურიზმის სააგენტომ და კომპანია ACT-მ კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვით განისა-ზღვრა, რა უნდა იყოს ქვეყნის “ბრენდ შეტყობინება”. კვლევის ფარგლებში ასევე განისაზღვრება დავალება, რომლის შესრულება-გათვალისწინება ტურისტულ კომპანიებს მარკეტინგული კამპანიების წარმოებისას მოუწევთ. მაია სიდამონიძის თქმით, “ბრენდ შეტყობინების” შესაქმნელად ადგილობრივ და ჩამოსულ ტურისტებში კვლევა ჩატარდა და გამოიკვეთა: სტუმართმოყვარეობა, ბუნება და ის ექსკლუზიურობა, რაც ქვეყანას აქვს.
ბრენდინგის პრეისტორია კი ასეთია: საქართველოში ბრენდინგი პირველად 2007 წელს გაკეთდა, როდესაც ჩვენი ქვეყანა შეიფუთა, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი და საერთაშორისო ბაზარზე გავიდა. შეიქმნა საქართველოს ტურიზმის ლოგო და სლოგანი, რომლითაც ის თავს წარმოადგენდა მთელს მსოფლიოში. ეს იყო პირველი ეტაპი, როცა ბაზარზე საქართველოს პირველადი შესვლა მოხდა. ამან თავის თავი ამოწურა და ოთხი წლის შემდეგ საჭირო გახდა განახლება.
თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ საქართველო მასობრივი ტურიზმისთვის განკუთვნილი ქვეყანა არ არის. საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის მომხმარებელი, ძირითადად, 30 წელს გადაცილებული, ინტელექტუალური, სტაბილური შემოსავლის მქონე ადამიანები არიან. მათი საქართველოში მოგზაურობის მთავარი ფაქტორი ახალი კულტურის აღმოჩენა და ახალი ადგილების ნახვაა. ადამიანი, რომელმაც უკვე იმოგზაურა მსგავს ქვეყნებში და სიახლეების ძიებაშია.
სიახლეების მაძიებელ ადამიანებს მოლოდინს საქართველო ნამდვილად არ გაუცრუებს, რადგან ტურისტებს აქ უძველესი კულტურა, ტრადიციები და ყველასგან განსხვავებული ცხოვრების წესი დახვდებათ. სააგენტოს წარმომადგენლების ხედვით, საქართველო ალბათ ვერასოდეს გახდება მასობრივი დანიშნულების ქვეყანა.
ახალ სეზონთან მიმართებაში სხვა მოლოდინები აქვთ ცალკეულ ტურისტულ კომპანიებს და მიაჩნიათ, რომ ტურისტების რაოდენობის მატებაზე საუბარი არარეალურია. უმთავრეს მიზეზად სა-ქართველოს შავი ზღვისპირეთში მოქმედი სასტუმროების ზაფხულის სეზონზე ფასების გაზრდას ასახელებენ.
ევროპაში ფასების კლების ტენდენციაა, საქართველოში კი კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება მაღალი ფასები ტურისტული პაკეტის ორ მნიშვნელოვან კომპონენტზე – სასტუმროსა და ავიაბილეთებზე. საქართველოში ჩამოსასვლელად ტურისტი მარტო ავიაბილეთზე დაახლოებით 600-700 ევროს ხარჯავს. ეს ორჯერ ძვირია, ვიდრე ავიაბილეთების ფასი ევროპიდან ამერიკის მიმართულებით. ძვირია სასტუმროს მომსახურებაც.
ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, რომ ტურისტული ნაკადების მატება-კლების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფასია. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის საქართველოსადმი ინტერესი უცხოელ დამსვენებლებში არც ისე დაბალია, თუ ფასებმა მატება დაიწყო, მაშინ ტურ-ოპერატორები არ გამორიცხავენ, რომ უცხოელებმა აქ ჩამოსვლაზე უარი განაცხადონ. ისედაც საწვავის გამო ტრანსპორტირება ძვირი ჯდება და ამას თუ მომსახურებაც დაემატა, ცხადია, საქართველოში დასასვენებლად აღარ ჩამოვლენ.
მაია სიდამონიძის განმარტებით, კონკრეტული შედარებები პროფესიული თვალსაზრისით მცდარია. საფასო სეგმენტთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტის პოზიცია ასეთია: “ჩვენ განვითარების ეტაპს გავდივართ. საქართველოში მოთხოვნამ ახლა მოიმატა და ტურისტების განთავსების საშუალებები იმდენად საკმარისი არ არის, რომ ფასები დაეცეს. თავისუფალი ბაზრის კონცეფციის თანახმად, როცა იზრდება მოთხოვნა, იზრდება კონკურენცია ბაზარზე. რამდენიმე წლის წინ თბილისში სასტუმროების ფასი ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ამჟამად. ეს იმან განაპირობა, რომ უფრო მეტი სასტუმრო გაიხსნა”.
ბევრი უცხოელი ტურისტი საქართველოში უხარისხო სერვისს უჩიოდა, თუმცა, მომსახურებით არც ადგილობრივი დამსვენებლები იყვნენ კმაყოფილნი. ტურიზმის სააგენტოს მტკიცებით, აჭარის ზოლში მომსახურება ნამდვილად გაუმჯობესდა და ამ სეზონზე აჭარა მომსახურების კარგ ხარისხს შესთავაზებს მომხმარებელს, რაზედაც საერთაშორისო ბრენდ სასტუმროების შემოსვლამ იმოქმედა. თუმცა სამუშაო ძალიან ბევრია არა მარტო აჭარაში, არამედ საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ სხვა რეგიონებშიც. ამიტომ ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობს ტრეინინგების პროგრამაზე, რომლის ფარგლებში მომსახურების სფეროს წარმომადგენლების გადამზადება მოხდება და ეს შეუწყობს ხელს მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ სექტორში მსოფლიო ლიდერთა პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ტურისტების რაოდენობის მიხედვით ლიდერია საფრანგეთი (75 მილიონი ტურისტი წელიწადში, ბაზრის წილი 9,8%), შემდეგ ესპანეთი (54 მილიონი, ბაზრის წილი 7%), მესამე ადგილზეა აშშ (46 მილიონი, ბაზრის წილი 6%), ჩინეთი (42 მილიონი, ბაზრის წილი 5,5%) და იტალია (37 მილიონი, ბაზრის წილი 4,9%).
ტურიზმის სექტორში შემოსავლების მიხედვით ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები (74 მილიარდი დოლარი, ბაზრის წილი 12% ), ესპანეთი (45 მილიარდი დოლარი, ბაზრის წილი 7,3%), საფრანგეთი (41 მილიარდი დოლარი, ბაზრის წილი 6,6%), იტალია (36 მილიარდი დოლარი, ბაზრის წილი 5,7%) და გერმანია (28 მილიარდი დოლარი, ბაზრის წილი 4,4%) ცვლილებებია მსოფლიოს ყველაზე იაფი კურორტების რეიტინგშიც. თუ ადრე ამ სიის სათავეში ტაილანდი, სამხრეთ აფრიკა და ეგვიპტე იყო, ამჯერად წინ ბულგარეთი მიიწევს. “ტურისტული კალათის” მინიმალური შემადგენლობა ბულგარეთში 42 ფუნტი სტერლინგია. არსებულ რეიტინგში ტურიზმის მხრივ ყველაზე იაფ ქვეყნებად ითვლება თურქეთი, ხორვატია, მალაიზია და მალტა. მიმართულებების სწორად შერჩევის შედეგად ამ ჩამონათვალში ასევე შეიძლება მოხვდეს ევროკავშირის ქვეყნები, მაგალითად, ესპანეთი და პორტუგალია. მოკლე ტურისტული მარშრუტები ევროპაში არის ბუდაპეშტი, ვარშავა და პრაღა. ამასთან, კლიენტების მისაზიდად ევროპული ტურისტული კომპანიები კლიენტებს ათასგვარ ბონუსებსა და წინადადებებს სთავაზობენ.