ინკოგნიტო იმპორტიორები მწარმოებლები “ინკოგნიტო”
ქეთი მიქელაძე
1988-89 წლებში დაწყებული ეროვნული მოძრაობის “წარმომადგენლები” მსხვილ წარმოებებში მიტინგების ჩასატარებლად ხალხს აგროვებდნენ და მთელი კოლექტივის დასწრებას მოითხოვდნენ. უარის შემთხვევაში მიტინგზე წარმოების ხელმძღვანელებს მოღალატეებად აცხადებდნენ. ზოგ წარმოებას ელექტროსადენებიც კი გადაუჭრეს. ახლა კი ტყავ-ფეხსაცმლის წარმოებას შევეხოთ. ამ მოვლენებს აქაც ჰქონდა ადგილი.
…ბალტიისპირეთის ეროვნულმა მოძრაობამ და წარმოებამ რაციონალური გზა გამონახეს: დღე შრომას დაუთმეს, საღამო კი ეროვნულ მოძრაობას. ჩვენთან საღამოს მიტინგები არაეფექტურად და უშედეგოდ ითვლება…
ათიოდე წლის წინ უმრავლესობას არ აინტერესებდა ტყავ-ფეხსაცმლის წარმოებაში დასაქმებული ხალხი მომავალში რა გზას დაადგებოდა და სადაური “წკაპუნებით” ივლიდა საშოვარზე. ყველაზე ხანგრძლივი ანტიპათიის ინერცია სამამულო ფეხსაცმლის ტარებამ დაგვიტოვა. თუმცა, არც წარმოება ტყუოდა: ლამის მეფის დროინდელი ტექნიკით ამზადებდა პროდუქციას.
საშუალო ნორმით, ერთ მცხოვრებელს წელიწადში 3-4 წყვილი ფეხსაცმელი სჭირდება. მარტო საძირე ტყავის დამზადებისთვის რესპუბლიკაში 60 მილიონი კვადრატული დეციმეტრი გეგმა არსებობდა, ხოლო ფეხსაცმლის ტყავზე – 200 მილიონი დმ2. მაშინდელ მოსახლეობას 15-დან 20 მილიონამდე წყვილი ფეხსაცმელი ესაჭიროებოდა. მთლიანად დარგის გეგმა საშუალოდ 17 მილიონ წყვილ ფეხსაცმელს შეადგენდა.
დიზაინსა და ხარისხზე ტვინის ჭყლეტა საჭიროდ არ მიაჩნდათ, რადგან დახლქვეშ ან გადამყიდველებთან არსებული საქონელი, მცირე რაოდენობის იყო, თანაც ძვირი და ვერც კონკურენციისთვის გამოდგებოდა.
რესპუბლიკაში ტყავს (საძირე ტყავსაც) ამზადებდა თბილისის, ბათუმის, ნაწილობრივ ქუთაისის კომბინატები. გეგმების პერიოდში დარგი არ იყო ავტარკიული (თვითუზრუნველყოფა). ნედლეულის დასამუშავებლად საჭირო ქიმიკატების 80% რესპუბლიკის გარეთ იყო შესაძენი (ქრომი და ალუმინის მარილები), საქართველოში – სულფატ ამონიუმი, გოგირდმჟავა და ამიაკი. ამის გარდა, საჭირო ხდებოდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან საქონლის ტყავის შეძენა. ჩამოთვლილი ქარხნები ტყავით ამარაგებდნენ “ნარიყალას” (ბავშვთა ფეხსაცმელი), “ისანს”, “მოდელური ფეხსაცმლის ფაბრიკას” (მამაკაცის ფეხსაცმელზე ორიენტირებული), ნაწილი იგზავნებოდა ყოფილ სსრკ-ში.
ერთი შეხედვით აწყობილი წარმოება სახელმწიფოსგან თანხებს მაინც საჭიროებდა, რადგან პერიოდულად რუსეთიდან შემოსული ძველი დაზგები ხარისხის ამაღლებას ხელს ვერ უწყობდა. 80-იან წლებამდე ტყავის წარმოებაში მსხვილი ტექნიკური გადაიარაღება თითქმის არ განხორციელებულა, თუმცა, ამ პერიოდიდან იწყება ტყავის ნარჩენებისგან მოგების მიღება: ნაწილი ტყავისა იგზავნებოდა ქ. მინვოდში, სადაც ჟელატინის მისაღებად იყენებდნენ (1 ტონა ნარჩენი 600 მანეთად ფასდებოდა); ნაწილი მიდიოდა ლენინგრადის ბელკოზინის გადასამუშავებელ ქარხანაში, აქ ძეხვეულის გასახვევ პარკებს ამზადებდნენ (1 ტონაში ლენინგრადი 12000 მანეთამდე იხდიდა). 1974 წლიდან ტყავის წარმოებას დოტაციები აღარ სჭირდებოდა და საკუთარ თავს ინახავდა. ეს, ალბათ, სწორედ იმ სინთეზის ჩანასახი იყო გეგმურ და საბაზრო ეკონომიკას შორის, რაზეც ჯერ კიდევ გასაბჭოების პირველ ათწლეულში კამათობდნენ: აბსოლუტური სახელმწიფო კონტროლით და განსაზღვრით ემართათ ეკონომიკა წარმოებებისათვის ნაწილობრივი თავისუფლება მიეცათ თუ კომერციული ინტერესი გაეღვივებინათ.
დაახლოებით 1988 წელს მთავრობათაშორისი დახმარებების საფუძველზე ტყავის წარმოებაში დიდი გადაიარაღება მოხდა. 12 მილიონ დოლარამდე ღირებულების ტექნიკა შემოვიდა რესპუბლიკაში: იტალიური, იუგოსლავიური, ინგლისური. მათ ერთობლივად შეეძლოთ ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ტყავის დამზადება. ჯერ კიდევ 1977 წელს გადაწყდა ეკოლოგიური მოსაზრებით, თბილისის და ქუთაისის ტყავის წარმოებები შულავერში (მარნეულში) გადაეტანათ. 1987 წელს კი ნავარაუდევი იყო ეს ობიექტები ახალ კომპლექსში გადასულიყვნენ, რაც ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებას დაემთხვა. ამიტომაც შულავერის კომპლექსს დასრულება არ ეწერა. მაშინაც და შემდეგაც კერძო საუბრებში იკვეთებოდა ეროვნული მოძრაობის ორსახოვნება. იყო ხალხი, რომელიც ქვეყნის ბედზე გულწრფელად ფიქრობდა და იყო მედროვეთა, “შავი გაგების” ელემენტთა ეროვნულ მოძრაობასთან მიტმასნება, რაც ოცკაციანი “პარტიების” შექმნით და მშრომელი ადამიანების, წარმოებებისათვის თანხების “შეწერით” გამოიხატებოდა. ყველაფრის მიუხედავად, 90 წლებში ტყავ-ფეხსაცმლის დარგი შემორჩენილი ნედლეულით მუშაობას განაგრძობდა.
თბილისის ტყავის ქარხნის, ამჟამად საზოგადოება “ოქროს საწმისის” ხელმძღვანელის ჯ. გახოკიძის თქმით, შულავერის დაზგების მხოლოდ სრულ კომპლექტს შეეძლო ხარისხიანი ტყავის გამოშვება. დაზგების ცალ-ცალკე გაყიდვა და ისე ამუშავება, მხოლოდ სანახევროდ დამუშავებულ ტყავს იძლევა. მისივე ინფორმაციით, შულავერის კომპლექსიდან 1995 წლიდან დაიწყო დაზგების გაყიდვა, თუ ვისზე და რა რაოდენობით, უცნობია. ქონების მართვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ნებისმიერ საწარმოთა აქციონერების ვინაობა კონფიდენციალურია, ხოლო ეს დარგი მთლიანად განკერძოებულია, შულავერის ობიექტი თბილისის ტყავის ქარხანასთან ერთად გაიყიდა. მათი პრივატიზაცია 1998 წლის ბოლოსათვის დასრულდა, ამდენად უცხოური დაზგების საკითხი ისევ “ოქროს საწმისს” ეცოდინება. თუმცა, გახოკიძე ამბობს, შულავერის დაუმთავრებელი შენობა დაზგებიანად მათგან დამოუკიდებლადაა პრივატიზებული და დაზგების ყიდვა-გაყიდვაზე მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია აქვს. “ოქროს საწმისმა” სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალების დასაფარად გაყიდა მხოლოდ სააქციო საზოგადოებაში შემავალი საძირე ტყავის ობიექტი (ამჟამად გაჩერებული), თუმცა, ყველა გადასახადი მაინც ვერ დაფარა და მისი მსხვილი დამკვეთებიც ცუდ დღეში არიან.
თავდაცვის სამინისტრომ ორი წლის წინ ქუთაისის ტყავ-ფეხსაცმლის კომბინატი “გადააგდო” და კუთვნილი 50 ათასი ლარი არ გადაუხადა ჯარისკაცებისათვის შეკერილი ფეხსაცმლისათვის, რამაც კომბინატის ფაქტობრივი გაჩერება გამოიწვია, განმარტა ქუთაისის კომბინატის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბარში. ს/საზოგადოება “მოდელური ფეხსაცმლის ფაბრიკასაც” ვერ გადაუხადეს თანხა, თუ როდის და რამდენი, ფაბრიკაში ვერ დავაზუსტე, ის არ მუშაობს. მოდელური ფეხსაცმლის ფაბრიკის პრივატიზაცია 1995 წელს დაიწყო. აქციების ნაწილი (10%) უფასოდ და 20%-იანი ფასდაკლებით დარიგდა კოლექტივზე. ვაუჩერებით შეიძინეს აქციების 37,7%, საკონტროლო პაკეტიც კოლექტივმა გამოისყიდა. მიაჩნდათ, რომ ფაბრიკას დიდი მომავალი ექნებოდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ.
რაც შეეხება “ისნის” პრივატიზაციას, 1996 წლის ივლისისათვის დასრულდა. საკონტროლო პაკეტი პირდაპირი შესყიდვითაა გამოსყიდული. აქციების 41% სავაუჩერო აუქციონზე გაიყიდა. დღეს “ისანი-ქართუს” წარმოების ხელმძღვანელობა პრობლემებზე სასაუბროდ ვერ იცლის. დირექტორის, ავთო ჯანაშიას თქმით, ვერც ერთი თვის მანძილზე ვერ მოიცლის. კერძო წარმოება საჭიროდ არ თვლის თავისი მდგომარეობის აფიშირებას.
ისანი-სამგორის საგადასახადო ინსპექციის ცნობით, ორხევში არსებული (შემდეგში შპს), ასევე პოლიმერების ქარხანაში მოქმედი ტყავის წარმოება აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ამ რაიონში 50-მდე ფეხსაცმლის ოფიციალური წვრილი მწარმოებელია. მრავლად არიან ისინი სხვა რაიონებშიც. მათი ნაწილის ინფორმაციით, მხოლოდ უცხოურ ტყავზე და ძირზე მუშაობენ, ზოგიერთების თქმით, თბილისში არსებობს ტყავის წარმოება “პადვლებში”, თუმცა, ისეთ ხარისხიან ტყავს ვერ ამზადებენ. ამ ინფორმაციის მომწოდებლები ინკოგნიტოდ დარჩენას ითხოვენ. იმის გარკვევა, სად განთავსდა შულავერში გაუხსნელად დაწყობილი ტექნიკა, თითქმის შეუძლებელია.
ცნობილია, რომ ამ წარმოებას აქვს მავნე ნარჩენები, მაგ. ქრომის ჟანგეულები, რომელთა 1 ტონის წყალში ჩაშვებაზე 39ათასი ლარია გადასახადი, ხოლო ატმოსფეროში გაჟონვაზე – 3 ათასი. ამ პლანში კონტროლი გარემოს დაცვის კომიტეტის მესვეურთა ფუნქციაა. კომიტეტში არ იციან, ამჟამად ასეთი წარმოება მუშაობს სადმე თუ არა.
საგანგებო ლეგიონის ინფორმაციით, ტყავ-ფეხსაცმლის მოზრდილი პარტია არაა აღმოჩენილი. საერთოდ, შემოტანილი ტყავი 12%-ით იბეგრება, ამას ემატება დღგ-ის 20%. ასეთი გზით გაძვირებულ ტყავს იმპორტიორი ვერავის მიყიდის. მზა ფეხსაცმლის შემოტანაზე მხოლოდ 12%-ია მოსაკრებელი, ესეც არაა ცოტა. უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისათვის არალეგალური საქონლით ვაჭრობა ერთადერთ საარსებო წყაროდ იქცა. რამდენი სისხლის სამართლის საქმეც უნდა აღძრას მათ მიმართ ლეგიონმა, ასევე – მებაჟეების მიმართ – სამსახურებრივი დაუდევრობისთვის, ერთის ნაცვლად, ათი ლეგიონიც რომ დასდევდეს, ამ საქმიანობას ვერ მოიშლიან. საგანგებო ლეგიონის საგადასახადო, სამართალდარღვევათა წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის უფროსი მალხაზ ბიწაძეც მიიჩნევს, რომ მაგ. ტყავზე 12% საბაჟო მოსაკრებელს პლუს 20% დღგ, ნედლეულს წარმოუდგენლად აძვირებს. ამ ვითარებაში ყველაზე ნორმალურ და რეალურ ოდენობას, 12%-ს სჯობს 5% იყოს. მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი ლეგალური იმპორტის გაზრდა. ისე, ასეთი საბაჟო მოსაკრებლების არსებობის მანძილზე საგანგებო ლეგიონს კონტრაბანდის “მოსავალი” უხვად ექნება.
საქართველოში შემოსვლის მომენტიდან ცნობილი ფირმები კი “ბატა”, “ლოიდი”, “სანჩო”, ელიტარული მყიდველის სიმცირეს არ უჩივიან. მათი აზრით, ვაჭრობა განსაკუთრებით მაღალია ახალი საქონლის მიღებისას.
საბაჟო დეპარტამენტის პრესცენტრი იტყობინება, რომ იმპორტული ფეხსაცმლის ან ტყავის შემომტანი ფირმები კონფიდენციალურია. ასევე არ ამჟღავნებენ აქტიურობას ამ რამდენიმე წლის მანძილზე შემოსული ფეხსაცმლის, ტყავის რაოდენობის მხილებაზე, თუმცა ამას საიდუმლოდ არ თვლიან, არც ექსპორტიორ ფირმებს ასახელებენ, ფირმების კომერციული ინტერესების გამო. არადა დაუზუსტებელი კერძო ინფორმაციებით საკმაო რაოდენობის ექსპორტიც ხორციელდება ჩვენგან, როგორც მზა ფეხსაცმლის, ისე – ტყავის. ეს მონაცემები ნაწილობრივ მაინც მოჰფენდა ნათელს, პროდუქციის რა მასაა ადგილობრივი, რა – არალეგალურად შემოსული, რა – ლეგალურად.
ბაზრობებზეც რთული დასადგენია, რომელი ფირმების (იმპორტული თუ ადგილობრივი) მიერაა დამზადებული ფეხსაცმელი. გამყიდველები გვირჩევენ, “ნაკლეიკებს” ყურადღება არ მივაქციოთ. მყიდველთა უმეტესობა ასეც იქცევა, რადგან პროდუქცია არაა ცუდი ხარისხის. მაგ. უზღვავია ფეხსაცმელი სომხეთიდან (სტეფანავანიდან). კარგია ქუთაისის პროდუქციაც, თუმცა ქუთაისის ტყავ-ფეხსაცმლის გაჩერებული კომბინატის მესვეურმა აღნიშნა, რომ იქ ბევრი შპს-ა, რომელთა სახელები არ დაასახელა. ასეა თუ ისე, ინფორმაციას ოდნავ ან საერთოდ არ ამხელენ.
ვის ინტერესებში შედის ეს ქაოსი? ლეგალური წარმოება გაჩერებული, ვალებში ჩაფლული და მყიდველებდაკარგულია, ხოლო არალეგალური წარმოების, ექსპორტის ან იმპორტის საარსებოდ ნოყიერი ნიადაგია შექმნილი საგადასახადო პოლიტიკით და საბაჟო ტარიფებით.