მსოფლიო ეკონომიკა განწირულია – ჯორჯ სოროსი
რედაქციისაგან
ფინანსისტი ჯორჯ სოროსი, რომელიც საკრედიტო კრიზისს წინასწარმეტყველებდა, აცხადებს, რომ წინ უფრო მეტი ტკივილი და საფრთხე გველოდება.
“ეს ბერძნულ ტრაგედიას მაგონებს, – ამბობს ჯ. სოროსი – თქვენ ხედავთ საშიშროებას, რომელიც ახლოვდება, მაგრამ ვერაფერს აკეთებთ მის შესაჩერებლად. გლობალური ეკონომიკის დასუსტების ხანაში ვართ – ბენზინის ფასები იზრდება და ერთი კვირის საკვები პროდუქტის მოსამარაგებლად თქვენი ოვერდრაფტის გაზდა გიწევთ… თუ რა თქმა უნდა იპოვით ბანკს, რომელიც კრედიტს მოგცემთ”. უნგრელი სპეკულანტი სოროსი ხედავს როგორ სრულდება მისი პროგნოზები, რომელთა შესახებ ის წლების განმავლობაში საუბრობდა. მან კი ამ კრიზისის პერიოდში თავის საინვესტიციო ფონდში დაახლოებით 1,5 მლრდ ფუნტი სტერლინგი იშოვა. ეხლა კი იმისათვის რომ ყველას დაანახოს, თუ როგორი ჭკვიანია, მან გამოუშვა წიგნი – “რას ნიშნავს 2008 წლის საკრედიტო კრიზისი”. წიგნში საუბარია იმის შესახებ, რომ მსოფლიო ეკონომიკა ფუნდამენტალური შავი წერტილებითაა სავსე, რის გამოც ჩვენ ყველა განწირულები ვართ.
“მე ვფიქრობ, რომ ბევრის გადატანა მოგვიწევს, – აცხადებს ჯ. სოროსი – დიდი ბრიტანეთის საბინაო ბაზარზე ისეთივე პრობლემებია, როგორიც აშშ-ში. ამ ქვეყნის ეკონომიკაში საბანკო და საფინანსო სექტორების გაცილებით მეტი წილი მოდის და ზუსტად ეს სფეროები დაზარალდნენ. გარდა ამისა, უცხოელების დაბეგვრის კანონი გვიან იქნა შემოტანილი და ამიტომ მიგრაცია არც ისე დიდია. ბრიტანელები საკვები პროდუქტებისა და ენერგეტიკის მაღალ ფასებს უჩივიან, ხოლო ბიუჯეტი ფინანსური ზრდის შესაძლებლობას არ იძლევა. არის რამე იმედი? არა მგონია, რომ ხელისუფლებამ “შავი ღრუბლების გაფანტვა” შესძლოს”.
ჯ. სოროსის აზრით, ინგლისის ბანკს შეეძლო მიეღო ზომები სიტუაციის გასაუმჯობესებლად. “საკრედიტო კრიზისის რეგულირებაში ის დოქტრინითა და ორთოდოქსალური პრინციპებით ხელმძღვანელობდა. ინგლისის ბანკს ტყუილად სჯეროდა, რომ ბაზრები თვითონ შესძლებდნენ ვითარების გამოსწორებას. მერვინ კინგი… ხომ მოქნილი პოლიტიკით არასდროს არ გამოირჩეოდა”.
77 წლის სოროსი, რომელმაც სკანდალით “დააქცია ინგლისის ბანკი”, აიძულა დიდი ბრიტანეთი გამოსულიყო ევროპის სავალუტო მექანიზმიდან და მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა ჯონ მეიჯორის ხელისუფლებას, სასმენ აპარატს ატარებს. მიუხედავად კვირაში ორჯეს ტენისის კორტებზე ვარჯიშისა და მასზე რამდენიმე ათწლეულით უმცროს მევიოლინესთან პროგრესირებადი ურთიერთობისა, ჯ. სოროსი უკვე დიდი ხანია ხნიერია, თუმცა უწინდებურად ყურადღებით ადევნებს თვალს მსოფლიო ეკონომიკას. ის ყველაზე ადრე აკეთებს თავის პროგნოზებს იმის თაობაზე, რომ იპოთეკური სუბსტანდარტული დაკრედიტების კრიზისი მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკებს. “პერიოდი, როცა ამერიკელი მომხმარებელი მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა იყო, წარსულს ჩაბარდა” – აცხადებს იგი.
ჯ. სოროსმა არ იცის რომელი ვალუტა დაიკავებს დოლარის ადგილს. “ვერცერთ ვალუტას ვერ დავასახელებ საკმარისად მიმზიდველად. ამიტომ ნათლადაა გამოკვეთილი, რომ ვალუტაში ინვესტირება ნედლეულში ინვესტირებამ შეცვალა და ნაწილობრივ ამ ტენდენციითაა გამოწვეული ნავთობისა და საკვები პროდუქტების ფასების ასეთი სწრაფი ზრდა. ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა იმ ვალუტების ვიწრო სპექტრია, რომლებიც ვაჭრობაში გამოიყენება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი გზა უნდა ვეძებოთ ამ ვითარების დასაძლევად. იქნებ გავიხსენოთ ეკონომისტ ჯონ მეინარდ კეინსის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემოთავაზებული წინადადება, საერთაშორისო ვაჭრობისათვის ახალი ვალუტის შექმნასთან დაკავშირებით (მაშინ მან ამ ვალუტას ბანკორი უწოდა), რომელიც არცერთ კონკრეტულ ქვეყანაზე არ იქნება დამოკიდებული. არსებული სისტემა, გვინდა თუ არა ჩვენ, ინგრევა და ადრე თუ გვიან საჭირო გახდება მისი რეფორმირება.
მართალია, როცა სუპერსპეკულანტი, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებზე მილიარდები იშოვა, გვთავაზობს ახალი საერთაშორისო ვალუტის შემოღებას, ეს ცოტა არალოგიკურად ჟღერს. თავისი ფილანტროპის კარიერის ფარგლებში მან “ღია საზოგადოების” ინსტიტუტის მეშვეობით რამდენიმე მილიარდი დოლარი გამოყო სხვადასხვა საქველმოქმედო მიზნებისათვის. 1997 წელს აზიური საფინანსო კრიზისის პერიოდში ტაილანდელებმა მას “ეკონომიკური დამნაშავე” უწოდეს. ისინი თვლიან, რომ სოროსმა ფული ქვეყნის უბედურების ხარჯზე იშოვა. სუპერსპეკულანტი კი უარყოფს ამას და დასძენს, რომ ბაზრები ამორალურები არიან, მათში დიდი რაოდენობით მსახიობი თამაშობს და ერთი მერცხალი ამინდს ვერ შექმნის.