გარდაიცვალა ამერიკული ოცნება
მოამზადა ნინო არველაძემ
ამერიკის ეკონომიკა შეიძლება უზარმაზარ გემს შევადაროთ – თუ ვინმე მის ძრავს გამორთავს, ის ათასობით კილომეტრის გავლას შეძლებს, სანამ ვინმე მიხვდება რაღაც რიგზე რომ არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებს ზესახელმწიფოდ მოიხსენიებდნენ, ამერიკელთა ნაწილს ჯერ კი კიდევ სწამს, რომ ამერიკის მიწა ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს, თუმცა რამდენიმე წელია აშშ-ის ეკონომიკა ზესახელმწიფოს ეკონომიკის სტანდარტებს არ შეესაბამება. იპოთეკური ბაზრის კრიზისისა და ყველა საქონელზე მზარდი ფასების გამო მოსახლეობამ მომავლის იმედი დაკარგა. ინფლაცია, რეცესია და ფინანსური კრიზისი ერთობლივი ძალებით უღებს ბოლოს იმ ამერიკულ ოცნებას, რომელიც ემიგრანტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზიდავდა და თითოეული მათგანი ეკონომიკურ კიბეზე წინსვლაზე ფიქრობდა.
მომავალ თაობას ვალების დაფარვა მოუწევს
იმუშავე მონდომებით, ითამაშე წესების თანახმად და ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება. ლხინისა და გაჭირვების ჟამს ეს რწმენის მომცემი ჩაგონება ამერიკელების გამოცდილების დედააზრს წარმოადგენდა. მაგრამ ახლა ჩაძირული იპოთეკური ბაზრის, გაძვირებული ბენზინისა და საკვების, ასევე ფინანსური ბაზრების კრიზისის ფონზე ამერიკელები შიშობენ, რომ ეროვნულმა გამონათქვამებმა ძალა დაკარგა და მდგომარეობა კონტროლს არ ექვემდებარება. USA TODAY-ის მიმოხილვის თანახმად, გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ ცხოვრების დონე არ უჯობესდება, ის იგივეა, რაც 5 წლის წინ იყო. ექსპერტები აცხადებენ, რომ სულ უფრო ნაკლებ ამერიკელს სჯერავს ცხოვრების დონის გაუმჯობესების. გამოკითხვის მონაწილეები სკეპტიკურად არიან განწყობილნი და არც მომავალი 5 წლის იმედი აქვთ, 45% კი უკეთესი მომავლის მოლოდინშია, მათი აზრით, მათი შვილები მშობლებზე უკეთესად იცხოვრებენ, მაგრამ თან დასძენენ, რომ მომავალ თაობას უზარმაზარი მოცულობის ვალის გადახდა მოუწევს.
ერთი სიტყვით, მკვდარია თუ არა ამერიკული ოცნება? მოდით ასე ვთქვათ, ის სულ ოდნავ დაკოდილი მაინც არის. ამერიკული ეკონომიკის მძიმე პერიოდი იმდენად ხანგრძლივია, რომ ეს კრიზისი ამერიკელებს ფეხქვეშ მიწას აცლის. 2001 წლის ბოლოდან ეკონომიკის რეცესია დღემდე ეხება მოსახლეობის შემოსავალს, რომელიც ყოველწლიურად მცირდება, დასაქმებულთა მწარმოებლურობა კი იზრდება. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, 2006 წელს ამერიკული ოჯახების ნახევარმა 58, 407 მლნ დოლარი იშოვნა, მეორე ნახევარმა კი – მასზე ნაკლები, თუ 2000 წლის ინფლაციის მაჩვენებელს შევადარებთ, მაშინ მთლიანი მოსახლეობის ნახევარმა 59 398 მლნ დოლარი იშოვნა.
ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის თანახმად, მსგავსი ფინანსური ცდომილება პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფიქსირდა – ტიპიური ოჯახი უფრო ცუდად ცხოვრობდა ეკონომიკის გაფართოების ბოლოს, ვიდრე მის დასაწყისში, ანუ საშუალო ოჯახი ვერ ახერხებს შემოსავლის დაფიქსირებული პიკის გამეორებას, რასაც მხოლოდ იმედგაცრუება თუ მოყვება.
ფინანსურ კრიზისამდე იყო უძრავი ქონების კრიზისი, რომელიც ყოველ ამერიკულ ფირმას, მუშას და ოჯახს მეძებარი ძაღლივით ჩაუდგა კვალში.
Dow Jones-ის ვარდნა და გასამმაგებული ნავთობის ფასი ამერიკელებს მხოლოდ პესიმიზმის საბაბს თუ აძლევს. უცებ, თავდაჯერებული ერი, რომლის ოჯახებიც თამამად აძლევდნენ თავს უფლებას ძვირადღირებული მანქანებით, სასახლეებით, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორებითა და ძვირადღირებული ავეჯით გაენებივრებინათ თავი, ახლა იძულებულნი არიან მცირე ზომის ბინებს, პატარა ავტომობილებს და მტკივნეულ კრედიტებს დასჯერდნენ.
წარსული და აწმყო
ეკონომისტები ფინანსური კრიზისის გამომწვევ მიზეზად რამდენიმე “დამნაშავეს” ასახელებენ: ხელფასები ვერ წვდება გაძვირებულ ფასებს, მაღალია გლობალური კონკურენტუნარიანობა და ყოველწლიურად იზრდება შეუსაბამობა ახალი და ძველი მუშახელის უნარ-ჩვევებს შორის.
ამერიკელების ცხოვრების დონეზე საუბრის დროს ადვილად წავაწყდებით ანეგდოტურ სიტუაციებს. 2007 წელს საშუალო ამერიკული ოჯახის საცხოვრებელი სახლი სიდიდით თითქმის 50%-ით აღემატებოდა საშუალო ოჯახის სახლს 1975 წელს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში სახლების მოცულობის გადიდების ნაცვლად შემცირების ტენდენცია აღინიშნება და ადვილად ხელმისაწვდომი კრედიტიც ტკბილ მოგონებად დარჩება.
ბოლო წლებში ამერიკელები დიდ სახლებთან ერთად დიდ ავტომობილებსაც მოდურად მიიჩნევდნენ – ეს ტენდენცია სათავეს 1998 წლიდან იღებს, როდესაც ერთი ბარელი საწვავი 12 დოლარი ღირდა, ახლა კი ბარელი შავი ოქროს ფასი 135 დოლარია, ერთი გალონი ბენზინი კი 4 დოლარი ღირს. ასე, რომ ამერიკელებს საყვარელ სამტონიან “ფორდ ექსპედიშონთან” გაყრა მოუწევთ, რომელიც 2008 წლის მაისის გაყიდვების ჩემპიონს “ჰონდა სივიკს” წონით სამჯერ აღემატება.
ცხოვრების ახალი სტილი
ახალი რეალობის გამო, General Motors-მა მაისის ბოლოს სატვირთოების გამომშვები 4 ქარხანა დახურა და ორიენტაცია “ეკონომიურ სედანებზე” აიღო, რადგან ამერიკელების ცხოვრების სტილს ახლა სწორედ ის შეესაბამება.
მოსახლეობა იმდენად პესიმისტურად არის განწყობილი, რომ 130000$ ხელფასის მქონე ამერიკელიც კი უარს ამბობს დაქორწინებასა და ბავშვებზე, რადგან ისინი მდგომარეობის გაუარესებას ელიან და საკვებისა და ენერგომატარებლებზე მზარდი ფასების გამო შიშმა შეიპყრო.
ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს 1970-იანებსა და 1980-იან წლებში არ არსებობდა ეკონომიკური პრობლემები. ირანის ნავთობის ემბარგოს 1979 წელს ნავთობის გაძვირება მოჰყვა და მის შედეგად 1981-1982 წლებში გამოწვეული რეცესია 1930 წლიდან ყველაზე მკაცრი იყო.
ჯანდაცვისა და კოლეჯში სწავლისათვის გაბერილი გადასახადები, გაშმაგებით მზარდი ინფლაციის მაჩვენებელი, ყოველდღიურად მზარდი ენერგომატარებლების ფასები ამძაფრებს შეგრძნებას, რომ მდგომარეობა კონტროლს არ ექვემდებარება, ამერიკელებს უჭირთ საშუალო ფენად დარჩენა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბარაკ ობამამ ამერიკული ოცნების ხელახლა დამტკიცება სცადა და განაცხადა: “დღეს, ამერიკული ოცნება ისე სწრაფად ძვირდება, როგორც არასდროს. მაშინ როდესაც ზოგიერთი გლობალური ეკონომიკის გაფურჩქვნის ფიქრებშია, საშუალო კლასის ამერიკელებისთვის ცხადი ხდება, რომ ამერიკული ოცნება ხელიდან უსხლტება.”
მდიდარი მდიდრად რჩება, საშუალო კლასი კი ღარიბდება
მწერალმა ჯეიმს ტრუსლოვ ადამსმა პირველმა შემოიტანა ტერმინი “ამერიკული ოცნება”, ანუ ოცნება მიწის შესახებ, სადაც ცხოვრება ყველასათვის უკეთესად და მდიდრულად იქნებოდა შესაძლებელი და ყველას ცხოვრების დონე მათ შესაძლებლობებსა და მიღწევებზე იქნებოდა დამოკიდებული. დეპრესიის ფონზე, მაშინ როდესაც უმუშევრობის მაჩვენებელი 20%-ია, ადამსის იდეალი ილუზიას უფრო ჰგავს, ვიდრე მისწრაფებას.
იმ პერიოდში, რომელსაც ეკონომისტები ოქროს ხანას უწოდებენ, მდიდრებსაც და ღარიბებსაც თითქმის ერთნაირი შესაძლებლობები ჰქონდათ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წლიდან 1973 წლამდე მოსახლეობის შემოსავალი სწრაფი ტემპით იზრდებოდა. ბოლო წლებში ეკონომიკური მოგება ელიტარული გახდა – მდიდრდებიან 104 700 დოლარის შემოსავლიანი ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალიც ყველა ოჯახის შემოსავლის 49.7%-ია. ასეთი მაღალი წილი 1917 წლის შემდეგ ამერიკაში არ ყოფილა, მაშინ, როდესაც საფონდო ბირჟის ბაზარი ზენიტში იყო. ანალიზებმა ცხადყო, რომ მდიდრებში მდიდრებს 1% უჭირავთ და მათი წლიური შემოსავალი სულ ცოტა 382 600 დოლარია. 1993 წლიდან 2006 წლამდე ამ ოჯახებმა თითქმის მთელი ერის ეკონომიკური ზრდის ნახევარი დააგროვეს. 2002 წლიდან 2006 წლამდე მათ ჯიბეში მთლიანი ზრდის დაახლოებით სამი მეოთხედი წავიდა.
ამ მოკვლევით შეგვიძლია ავხსნათ შემდეგი პარადოქსული ფაქტი – საშუალო ფენაში ბევრს მუშაობენ, მაგრამ კვლავ საშუალო კლასად რჩებიან, ქვეყნის ეკონომიკა კი მდიდრების შემოსავლის ხარჯზე იზრდება.
2000 წელთან შედარებით ამერიკის ეკონომიკა თითქმის 18%-ით გაიზარდა, საშუალო კლასი კი იგივე მოცულობის შემოსავალს სჯერდება.
ეჭვსგარეშეა, რომ გრძელვადიან პერიოდში საშუალო დონის ოჯახების ცხოვრების სტანდარტი ამაღლდა. 1970-იან წლებთან შედარებით, ამერიკელებს მაღალი შემოსავალი, დიდი სახლები, ცნობილი ბრენდის ავტომობილები და უკეთესი ჯანდაცვა აქვთ.
ციფრული ტექნოლოგიების ნახტომმა 1990 წლიდან მდიდრული კომუნიკაციები და გასართობი პროდუქტი მოიტანა, 2006 წელს 30 მლნ ამერიკელმა მოინახულა სხვა ქვეყნები, რაც 1990 წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. თუმცა კატოს ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკის პრობლემა სტაგნაციაა და არა სიღარიბე.
სერიოზული პრობლემა
ზოგიერთისთვის არსებობს სტაგნაციაზე უფრო მწვავე პრობლემაც: ეს არის უკუსვლის აშკარა რეალობა. ეკონომისტთა ნაწილი შიშობს, რომ მოვა დრო, როდესაც ამერიკაში საშუალო კლასი აღარ იარსებებს. საშუალო კლასს ყველაზე მეტად ეხება გაძვირებული გადასახადები, ენერგომატარებლები, საკვები და კრედიტები, ამიტომ იქმნება საშიშროება, რომ ამერიკის საშუალო კლასი ასეთი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ამერიკის ღარიბ მოსახლეობად გადაიქცვა და ქვეყანაში მხოლოდ მდიდრები და ღარიბები იცხოვრებენ.