გლობალიზაცია და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა: თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები

ემირ ეთერია, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი

აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი #GNSF/PRES07/2-139). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.

ნათელია, რომ გლობალიზაციის პროცესი უშუალო ზემოქმედებას ახდენს ცალკეული ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ხარისხზე. თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში თითოეული ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეროვნული ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის დონეზე, რაც თავის მხრივ მოიცავს როგორც კონკურენტუნარიანობის ამაღლების გარკვეულ შესაძლებლობებს, ისე ეკონომიკის ცალკეულ სფეროში კონკურენტუნარიანობის დაკარგვის საფრთხეებს.
თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ნებისმიერი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რაც განსაკუთრებით ნიშანდობლივია გარდამავალი და განვითარებადი ქვეყნებისათვის. გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა ყველა ქვეყნისათვის იძენს უპირატეს მნიშვნელობას დასაქმებისა და სოციალური დაცვის სხვა ღონისძიებებთან შედარებით. გლობალიზაციის პირობებში კონკურენციის გამწვავების შედეგად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისობა სხვა ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკასთან.
გლობალიზაცია და ცალკეული ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული პროცესებია, რაც ასახავს ცალკეული ინდივიდების, კომპანიების, დარგებისა და ქვეყნების ინტერესებს შორის წინააღმდეგობრივ ურთიერთობებს.
XX საუკუნის 80-იანი წლებიდან გლობალიზაციისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის თემატიკა აქტიური მსჯელობის საგანი გახდა. გლობალიზაციის პროცესი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის განვითარების განმსაზღვრელი ტენდენცია გახდა, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ცალკეული ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაპირველად უპრიანი იქნება ტერმინ “კონკურენტუნარიანობის” განმარტებასთან და გლობალიზაციისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ურთიერთმიმართების საკითხთან დაკავშირებით ცნობილი მეცნიერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხედულებების მოკლე მიმოხილვა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც “კომპანიების, დარგების, რეგიონებისა და ქვეყნების (ერების) უნარს შექმნან შემოსავლებისა და ხელფასების შედარებით მაღალი დონე და ამავე დროს, დარჩნენ ღია საერთაშორისო კონკურენციისათვის”. ამ მოსაზრებას იზიარებენ ამერიკელი მეცნიერები დ. დოლლარი და ე. ვულფი. აღნიშნული მეცნიერების მოსაზრებით, “კონკურენტუნარიანია სახელმწიფო, რომელიც ერთმანეთთან ათავსებს მაღალი ტექნოლოგიებისა და მწარმოებლურობის საფუძველზე საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წარმატებას და შემოსავლების და ხელფასების მაღალ დონეს”. მ. დანი ყურადღებას ამახვილებს კონკურენტუნარიანობის დინამიკურ ხასიათზე და კონკურენტუნარიანობაში გულისხმობს ეროვნული ეკონომიკის მოქნილობის უნარს, მოახდინოს ადაპტაცია სტრუქტურულ ცვლილებებთან.
საერთაშორისო ორგანიზაციის – “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” განმარტებით, “კონკურენტუნარიანობა ფაქტორთა ერთობლიობაა, რომლებიც განსაზღვრავენ ცალკეულ ქვეყანაში შრომის მწარმოებლურობის დონესა და მათი განვითარების ხარისხს, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას ეკონომიკაში. კონკურენტუნარიანი იქნება ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში”.
ქვეყნების კონკურენტუნარიანობაზე გამოქვეყნებული ნაშრომებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ცნობილი ამერიკელი მეცნიერ-ეკონომისტის მ. პორტერის ფუნდამენტური გამოკვლევა – “ქვეყნების კონკურენტული უპირატესობა”, რომელშიც მკვლევარი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის ოთხ ძირითად და ორ დამხმარე დეტერმინანტს გამოყოფს. აღნიშნული ოთხი დეტერმინანტია: 1. ფაქტორული პირობები; 2. შიდა მოთხოვნის პირობები; 3. მონათესავე დარგების არსებობა; 4. ფირმის სტრუქტურა, სტრატეგია და შიდადარგობრივი კონკურენცია, ასევე ორი დამხმარე დეტერმინანტივ – სახელმწიფოს (მთავრობის) როლი და შემთხვევა. აღნიშნული დეტერმინანტები ცნობილია, როგორც “კონკურენტული რომბი”. როგორც თავად მ. პორტერი აღნიშნავს, “საერთაშორისო კონკურენციაში წარმატებას განსაზღვრავს არა იმდენად წარმოების ფაქტორები, არამედ სად და რამდენად ეფექტიანად გამოიყენება ისინი”. მ. პორტერი ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე პერიოდში “არცერთ ქვეყანას არ ძალუძს კონკურენტუნარიანი იყოს აბსოლუტურად ყველა პოზიციაში, რამდენადაც მისი რესურსები შეზღუდულია”. აღნიშნული მოსაზრება განსაკუთრებით ნიშანდობლივია გლობალიზაციის ყოვლისმომცველი პროცესის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მკვლევარი გამოყოფს ქვეყნის კონკურენტული ზრდის შემდეგ სტადიებს: ზრდა ბუნებრივი რესურსების, ინვესტიციების, ინოვაციების და ბოლოს სიმდიდრის საფუძველზე. მ. პორტერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ “გლობალური კონკურენციის შედეგად ეროვნული სახელმწიფოს მნიშვნელობა იზრდება”.
ჯ. დანინგი აღნიშნავს, რომ მ. პორტერის მოდელი არ ითვალისწინებს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და კონკურენტუნარიანობის ეროვნულ “რომბს” შორის დამოკიდებულებას. როგორც ჯ. დანინგი მიუთითებს, “რომბი” არასაკმარისად აფასებს “ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ საზღვრის სხვადასხვა მხარეს განხორციელებულ, დამატებითი ღირებულების შემქმნელ სხვადასხვა საქმიანობას შორის გაზრდილ ურთიერთქმედებას, რაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენს ეროვნული კონკურენტული უპირატესობის “რომბის” ყველა კომპონენტზე”. ამიტომ დანინგი გვთავაზობს პორტერის “რომბში” ტრანსნაციონალური ბიზნესის საქმიანობის გათვალისწინებას. მკვლევარები აღნიშნულ მოდელს პორტერ-დანინგის მოდელს უწოდებენ.
ცნობილი ამერიკელი მეცნიერ-ეკონომისტის პ. კრუგმანის მოსაზრებით, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის უპირველესი მიზანია მისი მოქალაქეების რეალური შემოსავლის არსებული დონის შენარჩუნება და გაზრდა, რაც აისახება ქვეყანაში არსებულ ცხოვრების დონეში. ამ მოსაზრებით ქვეყნის კონკურენტუნარიანობა არა საბოლოო მიზანი, არამედ ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა, ანუ მისი ძირითადი მიზანია ერის ცხოვრების დონის ზრდა თავისუფალი და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ბაზრის პირობებში, საერთაშორისო ვაჭრობის, წარმოებისა და ინვესტიციების საშუალებით.
ფ. ეზილა-ჰარისონმა მოახდინა ზემოთაღნიშნული შეხედულებების შერწყმა კონკურენტუნარიანობის მიკრო და მაკრო დონის მიდგომებში, კერძოდ მწარმოებლურობაზე დაფუძნებულ ინდექსში (მიკრო დონე) და ვაჭრობასთან დაკავშირებულ რეალურ შემოსავალში (მაკრო დონე). ამ კლასიფიკაციის შესაბამისად აღწერილია ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი სხვადასხვა სახის პარამეტრები. მიკრო დონის პარამეტრები, რომლებიც უკავშირდება კონპანიასა ან მრეწველობას და მაკრო პარამეტრები, რომლებიც განსაზღვრავენ კონკურენტუნარიანობას ეროვნულ დონეზე.
ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ლ. თუროუ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ “მიუხედავად გლობალიზაციის ფორმების განსხვავებულობისა, მათი შინაარსი საერთოა და ემყარება კომერციული ფირმების მიერ მაქსიმალური მოგების მიღების სურვილს”. აღნიშნულ შეხედულებას იზიარებენ უნგრელი მეცნიერ-ეკონომისტი ი. მაგაში, რუსი მეცნიერები: მ. მუნტიანი, ა. ურსული და სხვები, რომელთა აზრითაც, გლობალიზაციის უმთავრეს მამოძრავებელ ძალას უდიდესი კომპანიები, ფინანსებისა და კაპიტალის საერთაშორისო ბაზარი წარმოადგენს. მ. მუნტიანის და ა. ურსულის აზრით, “გლობალიზებულ მსოფლიოში მთავარ როლს ასრულებენ ტნკ-ები, ხოლო ეროვნული სახელმწიფოები ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესზე”.
გლობალიზაციის და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ურთიერთდამოკიდებულების საკითხთან დაკავშირებით ცნობილი მეცნიერები პ. ჰერსტი და გ. ტომპსონი აღნიშნავენ, რომ “II მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკების ურთიერთდამოკიდებულებისა და ინტეგრაციის ზრდამ განაპირობა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობის გაძლიერება”. მათი აზრით, “საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის საკითხი გლობალიზაციის პრობლემის გავრცელებასთან ერთად წარმოიშვა – ეს ორი პარალელური მიმართულებაა1”. აღნიშნული მეცნიერები განიხილავენ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის თეორიულ კონცეფციებს და იყენებენ ორ მიდგომას: პირველი, ადგილობრივი ინტერესების მიდგომა ანუ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ადგილობრივი წყაროების ანალიზი და მეორე, გეოეკონომიკური მიდგომა, რომელშიც აქცენტი გაკეთებულია საერთაშორისო სისტემაში სამი ძირითადი აქტიორის (აშშ, ევროკავშირი, იაპონია) სტრატეგიულ ურთიერთობებზე. პ. ჰერსტი და გ. ტომპსონი აღნიშნავენ, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში კონკურენტუნარიანობა ორი მთავარი მიმართულებით არის განხილული, პირველი არის გაყიდვის უნარი, რომელიც სავაჭრო ბალანსზეა ორიენტირებული და მეორე, ადგილმდებარეობის მიმზიდველობა, რომლის მიხედვით კონკურენტუნარიანობის უმთავრესი საზომი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. თუმცა აღნიშნული მეცნიერების მოსაზრებით, “ორივე მიდგომა ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთშემავსებელია2”.
თანამედროვე ეტაპზე, მსოფლიო ეკონომიკის გერმანელი მკვლევარები ჰ. მარტინი და ხ. შუმანი აღნიშნავენ, რომ “გლობალიზაციის პროცესი – კავშირგაბმულობის მაღალტექნოლოგიური საშუალებები, დაბალი დანახარჯები ტრანსპორტზე და შეუზღუდავი ვაჭრობა მსოფლიოს ერთიან ბაზრად აქცევს, რაც ზრდის გლობალურ კონკურენციას3”. აღნიშნული მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ გლობალური კონკურენციის ზრდის შედეგად ევროპის სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში (გერმანია, შვედეთი) დასაქმების შემცირების ტენდენციის გაძლიერებაზე და სოციალური უთანასწორობის ზრდაზე. მათი აზრით, “გლობალიზაცია არ ექვემდებარება ერთ უნივერსალურ პრინციპს”. ამავე მოსაზრებას იზიარებს ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი რ. დორნბუში, რომლის მიხედვითაც “გლობალური კონკურენცია დანგრევით ემუქრება სოციალურად ორიენტირებულ ეკონომიკებს”4.
ინდური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ჯ. ბჰაგვატი გლობალიზაციის პროცესის განხილვისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “გლობალიზაცია არ წარმოქმნის სიღარიბეს, არამედ ხელს უწყობს მის დაძლევას”5.
მართებულია ქართველი მეცნიერების (თ. ჩიკვაიძე, ა. სილაგაძე) მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე “განმსაზღვრელი ხდება კონკურენტუნარიანობა ცოდნის, განათლების, ტექნოლოგიების სფეროში, მენეჯმენტში…6”
ნათელია, რომ გლობალიზაციის პირობებში წარმოების ფაქტორების მხოლოდ რაოდენობრივი მხარე არ განაპირობებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. გლობალიზაციის პირობებში ეროვნული ეკონომიკების კონკურენტული უპირატესობის უმთავრეს ფაქტორს ინდივიდის და საერთოდ, საზოგადოების განვითარების დონე წარმოადგენს. როგორც რუსი მეცნიერი ს. ემელიანოვი აღნიშნავს, “აქ საუბარია არა იმდენად რესურსებზე, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მათი გამოყენების ეფექტიანობაზე”7. შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ამა თუ იმ რესურსის ეფექტიანი გამოყენება, თავის მხრივ, გამომყენებლის ცოდნის, განათლების ფუნქციაა. ამდენად, უმთავრესი როლი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრაში ენიჭება ადამიანისეული კაპიტალის განვითარების დონეს, ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკურ პოტენციალს და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების გლობალიზაციის დონეს. ამრიგად, განათლების მაღალ დონეზე დაფუძნებული კონკურენტული უპირატესობა წარმოადგენს ყველაზე მდგრად და სტაბილურ უპირატესობას. რაც შეეხება, ბუნებრივ რესურსებს, მათ სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრაში, მით უმეტეს თანამედროვე ეტაპზე, ნანოტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით. ნანოტექნოლოგიების განვითარება ნიშნავს “მიკროდან ნანოზე არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ, ნივთიერებებზე მანიპულაციებიდან ცალკეული ატომების მანიპულაციაზე გადასვლას”8. აღნიშნული ტექნოლოგიების განვითარების შედეგია ე. წ. “ნანოეკონომიკის” წინგამსწრები განვითარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანამედროვე ეტაპზე ფაქტორული პირობებიდან უმთავრეს, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ადამიანის განათლების დონე ანუ საზოგადოების განვითარების დონე, მისი უნარი შექმნას ახალი ტექნოლოგიები ან გამოიყენოს და განავითაროს არსებული.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ისწრაფვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისაკენ, რაც გარკვეულწილად ზღუდავს ეროვნული ეკონომიკის, შიდა ბაზრის პროტექციონისტული დაცვის შესაძლებლობას და ყველა ქვეყნის კომპანიას აძლევს სხვა ქვეყნის ბაზართან მიღწევადობის შესაძლებლობას. ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ღია ეკონომიკის ზეგავლენის შეფასება ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. ცნობილია, რომ საერთაშორისო ვაჭრობის დიდი ნაწილი (დაახლოებით 60%) იმ განვითარებულ ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე მოდის, რომელთაც ეკონომიკის მსგავსი სტრუქტურა გააჩნია. ამავე დროს, საერთაშორისო ვაჭრობა უპირატესად შიდადარგობრივ ხასიათს ატარებს, რაც თავის მხრივ იაპონიასა და ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებში ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა.
თანამედროვე მსოფლიოში შედარებითი უპირატესობის კონცეფცია გარკვეულწილად კონკურენტული უპირატესობის კონცეფციით იცვლება, რაც მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულია. ამავე დროს, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და შენარჩუნების პროცესში აქტიური როლი სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას ეკუთვნის. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის ზეგავლენა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ხარისხზე.
აღსანიშნავია, რომ იმპორტის ჩანაცვლების საგარეო-სავაჭრო სტრატეგიამ, რომელსაც XX საუკუნის 70-იან წლებში იყენებდა მრავალი განვითარებადი ქვეყანა, ვერ უზრუნველყო ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლება. მსგავსი შედეგის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდა დარგების დაცვის არგუმენტის მრეწველობის ცალკეულ სფეროებში გამოყენების ეკონომიკური შედეგების გაუთვალისწინებლობა. იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგიის კრახს ასევე უკავშირებენ განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის ბაზრისა და საკუთრების არასრულყოფილებას.
ახალგაზრდა დარგების დაცვის არგუმენტი წარმოადგენდა იმპორტშემცვლელი სტრატეგიის თეორიულ საფუძველს. ამ არგუმენტის მიხედვით, ეკონომიკის ცალკეულ სფეროებში საქონლის საიმპორტო ფასთან შედარებით შიდა ფასების მაღალი დონის პირობებში იმპორტიორებთან წარმატებული კონკურენციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ინვესტიციების მიმართვა ადამიანურ რესურსებში. მსაგავსი ინვესტიციების მოძიების სოციალურად ყველაზე მისაღებ მეთოდს საბაჟო ტარიფის შემოღება წარმოადგენდა.
თუმცა როგორც იმპორტშემცვლელი ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების ეკონომიკის განვითარების ისტორია ადასტურებს, იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკამ მოლოდინი ვერ გაამართლა. განვითარებად ქვეყნებში ინდუსტრიალიზაციის პირველი მცდელობები ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ეკუთვნოდათ. აღსანიშნავია, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები ქმნიან ფილიალ კომპანიებს ამ ქვეყნებში, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი ისეთი წანამძღვრების ფორმირების ხელშეწყობას, როგორიცაა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ინვესტირება განათლების და სამეცნიერო კვლევების სფეროებში. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების შემდგომ ეტაპზე მსგავსი შეხედულება შეიცვალა და ექსპორტზე ორიენტირებული სტრატეგია გახდა მრავალი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამის უმთავრეს მიზეზს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნების მიერ მიღწეული წარმატებები წარმოადგენდა, რომლებმაც ექსპორტზე ორიენტირებული სტრატეგია აირჩიეს და შესაბამისად, საერთაშორისო არენაზე კონკურენტუნარიანობის მაღალ ხარისხს მიაღწიეს. ამ ქვეყნების ეკონომიკის განვითარების ისტორია ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება მჭიდრო კავშირშია ეკონომიკის გახსნილობის ხარისხთან და ქვეყნის წარმოების საგარეო ორიენტაციასთან. აღსანიშნავია, რომ თვით განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაშიც, რომელიც უდიდესი გადახდისუნარიანი შიდა მოთხოვნით ხასიათდება, აღნიშნული ფაქტორი სულ უფრო ნაკლებად წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკის კონკურენტული უპირატესობის განმსაზღვრელ ფაქტორს. როგორც რუსი მკვლევარი ვ. გუტნიკი აღნიშნავს: “გერმანიის ეკონომიკაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის უზრუნველყოფაში შიდა ფაქტორის წილი შეადგენს 1,3 პუნქტს და ასეთივე ტემპი არის მოსალოდნელი შემდეგ ორ წელიწადში. უახლოეს წლებში მხოლოდ საზღვარგარეთული მოთხოვნის ზრდას შეუძლია უზრუნველყოს ეროვნული ეკონომიკის მიერ 2%-ის გადალახვა”9. აღნიშნული დეტერმინანტი, ანუ მოთხოვნა შიდა ბაზარზე სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია აშშ-ის ეკონომიკისთვისაც, მიუხედავად სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მშპ-ში ექსპორტის დაბალი ხვედრითი წონისა (10%). ამ უკანასკნელის ნათელი დადასტურებაა აშშ-ის კომპანიების ე.წ. “მეორე ეკონომიკა”, რომელიც უპირატესად საგარეო ბაზარზე არის ორიენტირებული. ამრიგად, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე მოთხოვნა შიდა ბაზარზე ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის ამაღლების საკითხში. აღნიშნულს ასევე ადასტურებს 90-იანი წლებიდან თითქმის ყველა ეროვნული ეკონომიკის სწრაფვა ჩაერთოს რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში, რომელიც თავის მხრივ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გზაზე, უპირველეს ყოვლისა, ბარიერების შემცირება-გაუქმებას გულისხმობს, რაც ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილე ქვეყნების მხრიდან სწორედ ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთ უმთავრეს დეტერმინანტად განიხილება.
გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა და ეკონომიკის დარგების თანაფარდობა. გლობალიზაციის პირობებში, ეროვნული ეკონომიკის სტაბილური განვითარება პოსტინდუსტრიული, ინფორმაციული ეკონომიკის არსებობა-ფორმირებაზეა დამოკიდებული, რაც, თავის მხრივ, მეცნიერებატევადი დარგების უპირატეს განვითარებას ეფუძნება. აქედან გამომდინარე, ეკონომიკაში მონათესავე დარგების არსებობა მხოლოდ მაშინ უწყობს ხელს სტაბილური კონკურენტული უპირატესობის შექმნას, როცა ის ეხმარება მეცნიერებატევადი დარგების განვითარებას. როგორც რუსი მეცნიერი მ. დელიაგინი აღნიშნავს: “ინფორმაციული ტექნოლოგიები უფრო ეფექტიანად აქცევენ არა რეალურად მიმდინარე პროცესების, არამედ მათი აზრის მსვლელობის მართვას, ვინც ამ პროცესებს ხელმძღვანელობს. აშშ-ს მაღალი კონკურენტუნარიანობა და მსოფლიო ლიდერობა სწორედ აქედან გამომდინარეობს”10.
ამავე დროს აღსანიშნავია, რომ გლობალიზაციის პროცესის ინტენსიფიკაცია ხელს უწყობს კომპანიათა თითქმის ერთიანი, უნიფიცირებული მოდელის ფორმირებას. აქ უპირატესობა კომპანიათა ამერიკულ მოდელს ენიჭება, რასაც ხელი შეუწყო გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში კომპანიათა ფუნქციონირების იაპონური მოდელის კონკურენტუნარიანობის გარკვეულმა შესუსტებამ.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გლობალიზაციის, გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ქვეყნის კონკურენტული რომბის დეტერმინანტები გარკვეულ მოდიფიკაციას განიცდიან.
ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტული უპირატესობის რომბში სახელმწიფოს როლი მხოლოდ დამხმარე დეტერმინატის ფუნქციას ასრულებს, სახელმწიფოს შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, განსაკუთრებით განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნებში. გლობალურ ეკონომიკაში სრულყოფილი მონაწილეობა დამოკიდებულია ცალკეულ ქვეყანაში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირებაზე. აქედან გამომდინარე, გარდამავალი და განვითარებადი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება კონკურენტუნარიანობის კლასიკურ ფაქტორებს. აღნიშნულ ქვეყნებში კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს ხელშემწყობ როლს. აღნიშნული მტკიცდება იმ გარემოებით, რომ უდიდესი დანახარჯები, რომელსაც მოითხოვს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, ამ ქვეყნებში ტნკ-ების არარსებობის გამო აუცილებელია ეროვნულმა სახელმწიფომ იტვირთოს. აღნიშნულ ქვეყნებში სახელმწიფო არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც მიზანმიმართული პოლიტიკით შეუძლია ეკონომიკის განვითარების დონის ამაღლება, რაც იძლევა არა მარტო მსოფლიო სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების გამოყენების შესაძლებლობას, არამედ იმის საფუძველსაც, რომ ამ ქვეყნებში შესაძლებელი იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოგონება. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, მეცნიერებატევადი წარმოება, რომელსაც ყველა სხვა სახის წარმოებასთან შედარებით დიფერენციაციის უდიდესი უნარი გააჩნია, ქვეყნებს, რომლებსაც საშუალო დონის სამეცნიერო-ტექნიკური პერსონალი გააჩნია (გარდამავალი ქვეყნების უმრავლესობა სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება) უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ განავითარონ ახალი ტექნოლოგიები. მეცნიერებატევადი წარმოება, ინფორმაციული და ნანოტექნოლოგიები არის ის დარგი, რომლებშიც წარმატება უზრუნველყოფს ცალკეული ქვეყნის მდგრად კონკურენტულ უპირატესობას. აღნიშნული შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების უპირატესი დაფინანსებით, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით უპირატესად მეცნიერებატევად დარგებში, სახელმწიფო მართვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებით და ა.შ. ყოველივე ზემოთაღნიშნული ხელს შეუწყობს ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასევე საზოგადოების ინტელექტის მიხედვით სტრატიფიკაციას, რომელიც პოსტინდუსტრიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.
მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარეობს, 1989 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს ეროვნული ეკონომიკების (ყველაზე კონკურენტუნარიანი 55 ქვეყანა) კონკურენტუნარიანობის რეიტინგს11. კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად იყენებენ 323 მაჩვენებელს, რომელიც დაჯგუფებულია კონკურენტუნარიანობის ოთხ უმთავრეს ფაქტორად. აღნიშნული ფაქტორებიდან თიოთოეული თავის მხრივ 5 სუბფაქტორად იყოფა. ეს ფაქტორებია: 1. ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ფასდება 79 კრიტერიუმის მიხედვით და მოიცავს შემდეგ სუბფაქტორებს: შიდა ეკონომიკა, საერთაშორისო ვაჭრობა, საერთაშორისო ინვესტიციები, დასაქმება, ფასები; 2. ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის ეფექტიანობა, ფასდება 72 კრიტერიუმის მიხედვით და მოიცავს შემდეგ სუბფაქტორებს: საჯარო ფინანსები, ფისკალური პოლიტიკა, სტრუქტურული პოლიტიკა, ბიზნესის კანონმდებლობა, სოციალური პოლიტიკა და სტრუქტურა; 3. ბიზნესის ეფექტიანობა, ფასდება 71 კრიტერიუმის მიხედვით და მოიცავს შემდეგ სუბფაქტორებს: მწარმოებლურობა, შრომის ბაზარი, ფინანსები, მენეჯმენტი, გლობალიზაციის პროცესში მონაწილეობის ხარისხი და 4. ინფრასტრუქტურის განვითარების დონე, ფასდება 101 კრიტერიუმის მიხედვით და მოიცავს შემდეგ სუბფაქტორებს: ძირითადი ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და გარემოს მდგომარეობა, განათლება.
აღსანიშნავია, რომ ერთადერთი ეროვნული ეკონომიკა, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას არის აშშ, რაც, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია ამ ქვეყნის ძლიერი პოზიციებით მეცნიერებატევადი, უახლესი ინფორმაციული და სამხედრო ტექნოლოგიების წარმოებასა და ექსპორტში. 2008 წლის მონაცემებით, მეორე ადგილზეა სინგაპური, მესამეზე – ჰონკონგი. ევროპის კავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი კონკურენტუნარიანობით ხასიათდება ლუქსემბურგი (მე-5 ადგილი), დანია (მე-6 ადგილი) და შვედეთი (მე-9 ადგილი). ევროკავშირის ყველაზე დაბალკონკურენტუნარიანი ქვეყნებია პოლონეთი, რუმინეთი და იტალია (შესაბამისად 44-ე, 45-ე და 46-ე ადგილები). ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან კონკურენტუნარიანობის მაღალი ხარისხით ხასიათდება ესტონეთი (23-ე ადგილი), ჩეხეთი (28-ე ადგილი), სლოვაკეთი (30-ე ადგილი) და სლოვენია (32 ადგილი). აღნიშნული ქვეყნების მაგალითის მიხედვით, აშკარად ვლინდება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში მეცნიერებასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე, ასევე განათლების სფეროში სახელმწიფო დანახარჯების უდიდესი მნიშვნელობა. ხაზგასასმელია, რომ ესტონეთის მაღალი კონკურენტუნარიანობის საფუძველს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის მაღალი ხარისხი, ასევე მომსახურების სფეროს, განსაკუთრებით საფინანსო მომსახურების და უახლესი ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან რეიტინგში ასევე მოხვდენენ ლიტვა (36-ე ადგილი), უნგრეთი (38-ე ადგილი) და ბულგარეთი (39-ე ადგილი), ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ესტონეთის და ლიტვის გარდა, 55 ყველაზე კონკურენტუნარიან ქვეყნებს შორისაა რუსეთი (47 ადგილი) და უკრაინა (54-ე ადგილი). რუსეთის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია რუსეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, მეცნიერებატევადი წარმოების განვითარებით, რომელთა შორის აღსანიშნავია აეროკოსმოსური წარმოება, ასევე მსოფლიო ბაზარზე რუსული შეიარაღების საკმაოდ მაღალი კონკურენტუნარიანობა და ენერგომატარებლების მაღალი ფასი. ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან აღნიშნულ რეიტინგში მოხვდნენ ჩილე (26-ე ადგილი), კოლუმბია (41-ე ადგილი), ბრაზილია (43-ე ადგილი), მექსიკა (50 ადგილი), არგენტინა (52-ე ადგილი) და ვენესუელა (ბოლო 55-ე ადგილი). აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან რეიტინგში პირველად მოხვდა პერუ, რომელიც 35 ადგილზეა და შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას. აფრიკის კონტინენტიდან რეიტინგში მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა წარმოდგენილი (53-ე ადგილი). სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 1997-1999 წლების საფინანსო კრიზისმა უდიდესი ზეგავლენა იქონია აღნიშნული რეგიონის ქვეყნების კონკურენტუნარიანობაზე. სამხრეთ კორეა, რომელიც 1998 წლის აღნიშნულ რეიტინგში 36-ე ადგილზე იყო, 1999 წელს უკვე 41-ე ადგილზეა, 2008 წელს კი – 31-ე ადგილზე. ასეთ წარმატებას უდავოდ შეუწყო ხელი სამხრეთ კორეის ეკონომიკურმა პოლიტიკამ – ჩართულიყო მეცნიერებატევადი დარგების განვითარებისა და რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კრიზისის შედეგად 1998 წლიდან მკვეთრად დაეცა ინდონეზიის რეიტინგი, მე-40 ადგილიდან (1998 წელს) 47-ე ადგილამდე (2002 წელს), ხოლო 2008 წლის რეიტინგში ინდონეზია 51-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული ადასტურებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ხასიათდებიან სტაბილური ფინანსური მდგომარეობით, დიდი სავალუტო რეზერვებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მათ კონკურენტუნარიანობაზე. სავალუტო-საფინანსო კრიზისს უფრო ნაკლები ზეგავლენა ჰქონდა ეროვნულ ეკონომიკებზე, რომლებიც ხასიათდებოდნენ შედარებით სტაბილური ეკონომიკური ზრდით. აღნიშნულ რეიტინგში აზიის უდიდესი სახელმწიფოები – ჩინეთი და ინდოეთი საკმაოდ მოწინავე პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი (შესაბამისად მე-17 და 29-ე ადგილები). აზიის წამყვანი სახელმწიფო – იაპონია, რომლის კონკურენტუნარიანობა დაეცა მე-20 ადგილიდან (1998 წელს) 30-e ადგილამდე (2002 წელს), 2008 წლის რეიტინგის მიხედვით 22-ე ადგილზეა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ასევე ქვეყნდება “მსოფლიოს კონკურენტიანობის ანგარიში (WCR). WCR უმთავრესი მიზანია შეაფასოს: “თუ რამდენად ხელსაყრელი ან ხელშემშლელია ეროვნული გარემო ქვეყანაში მოქმედი კომპანიების შიდა ან საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისათვის”. ქვეყნების რეიტინგის ამსახველი უმთავრესი ინდექსებია გლობალური კონკურენტუნარინობის ინდექსი და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ინდექსი. ინდექსების უპირატესობაა ის, რომ ისინი ასახავენ კრებსით მონაცემებს და შესაბამისად ითვალისწინებენ ეკონომიკურ და/ან სოციალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ერთზე მეტ ასპექტს. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი ასახავს ქვეყნების კონკურენტუნარიანობაზე გლობალიზაციის პროცესის ზეგავლენას და გამოითვლება 249 მაჩვენებლის მიხედვით, რომლებიც დაჯგუფებულია რვა ფაქტორად: შიდა ეკონომიკა, ინტერნაციონალიზაცია, სახელმწიფოს პოლიტიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ინფრასტუქტურა, მეცნიერება-ტექნოლოგია და სამუშაო ძალის ხარისხი (კვალიფიკაცია). ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ინდექსი განსაზღვრავს კომპანიების და დარგების მწარმოებლურობას და ეფექტიანობას.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ზემოთაღნიშნული ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტის რეიტინგებს შორის ცალკეული ქვეყნების მიერ დაკავებული პოზიციების მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავება არ შეინიშნება.
როგორც ანალიზი გვიჩვენებს, გლობალიზაციის, გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის განსაზღვრაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური საქმიანობის გლობალიზაციის ხარისხს, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების დონეს. ასევე უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო ამ უკანასკნელი სფეროს განვითარებას, არამედ მეცნიერების და ტექნოლოგიების ინტერნაციონალიზაცის ხარისხს, ანუ ქვეყნებს შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების დონეს. აქ იგულისხმება, ინდივიდების, საზოგადოების და მთლიანად ერებს შორის თანამშრომლობა აღნიშნულ სფეროში, რაც თანამედროვე ეტაპზე უპირატესად განვითარებულ ანუ პოსტინდუსტრიული ეკონომიკების ქვეყნებს შორის მიმდინარეობს. ამრიგად, სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში ქვეყნების თანამშრომლობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ამ ქვეყნების კონკურენტუნარიანობას. გარდამავალი და განვითარებადი ქვეყნებისათვის ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო სამეცნიერო მიღწევებთან ადაპტაციას და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთ მახასიათებელს ასევე წარმოადგენს რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა, განსაკუთრებით იმ ეკონომიკურ დაჯგუფებებში ინტეგრირება, რომლებშიც წარმოდგენილნი არიან პოსტინდუსტრიული ქვეყნები. აღნიშნული განვითარებული ქვეყნების ბაზრებთან მიღწევადობით, მათთან სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით ხელი შეეწყობა აღნიშნულ ქვეყნებში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირებისათვის აუცილებელი წანამძღვრების შექმნას.
ამავე დროს, ყოველი ეროვნული ეკონომიკის მიზანს უნდა წარმოადგენდეს სწრაფი გადასვლა ეკონომიკური ზრდის იმ სტადიაზე, რომელიც დაფუძნებულია მეცნიერებატევად დარგებში ინვესტიციებზე, ინოვაციებზე. აქ ჩვენ ვგულისხმობთ გლობალური ეკონომიკის არასრულყოფილ მონაწილეებს (განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები).
საბოლოო ანგარიშით შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ქვეყნის, ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის საფუძველს მისი მოქალაქეების, საერთოდ საზოგადოების განვითარების მაღალი დონე წარმოადგენს. როგორც ქართველი მეცნიერები აღნიშნავენ, თანამედროვე ეტაპზე “ინტენსიურად ვითარდება კრიტიკული ტექნოლოგიები, რომლებიც სრულიად ახალ ეკონომიკას და ცხოვრების წესს ამკვიდრებს ინფორმატიკის, კომუნიკაციების და წარმოების სფეროში: პროგრამული უზრუნველყოფა, მიკროელექტრონიკა და ოპტოელექტრონიკა, მაღალმწარმოებლური ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები და კომპიუტერული ქსელები… დამმუშავებელი მოწყობილობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მიკრო და ნანოტექნოლოგიები, რთული სისტემების ტექნოლოგიები”12.
ამრიგად, გლობალურ ეკონომიკაში ყოველი ეროვნული ეკონომიკის ადგილის განმსაზღვრელი იქნება არა მარტო აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენების, არამედ მათი განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის უნარი, რაც იმანენტურად გულისხმობს ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განვითარების მაღალ დონეს. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების შემთხვევაშია შესაძლებელი და ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის უმთავრესი მახასიათებელია, ინტელექტის, მისი განვითარება-რეალიზაციის შესაძლებლობაზეა დაფუძნებული.