ახალი მსოფლიო და ოლივერ კრომველის იდეები დღეს
ემზარ ჯგერენაია
Welcome, Mr. would-be President” – ასე ესალმება “The Economist”-ი ბატონ ობამას ვიზიტის წინ და მოწინავე სტატიაში, ასევე მიესალმა მას მილიონობით ბერლინელი. ბერლინის შემდგომი საპრეზიდენტო მიღება იყო ელისის სასახლეში ფრანგული შარმით და, რა თქმა უნდა, ქუჩებგადაკეტილი და თავშეკავებული ლონდონი. ევროპამ სიხარულით აღიარა აშშ-ის ახალ პრეზიდენტად სენატორი ობამა.
ალბათ, ობამა იქნება სუპერსახელმწიფოს პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მას მაინც ამერიკელი ამომრჩეველი ირჩევს. რა მოსწონთ ობამაში ევროპელებს და ამერიკელებს, რა სწყურია რომ ნახოს მსოფლიოში ყველას, რატომ შეიქმნა ობამას ფენომენის გაჩენის აუცილებლობა? როგორც The Eeconomist-ის ივლისის ნომერში იუწყებიან, რუსეთს, ჩინეთს, ავსტრალიას და მექსიკას სურს იხილოს მეტად თავშეკავებული აშშ-ის პრეზიდენტი. მექსიკის ამბავი გასაგებია, მე წავიკითხე შარშან ზაფხულში ჟურნალ “Foreign Affairs”-ში (www.ForeignAffairs.org) სენატორ ობამას წერილი საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტებზე. მაშინ ის ფორმალურად არ იყო პრეზიდენტობის კანდიდატი. ის, რა თქმა უნდა, ზომიერი და თავშეკავებულია თავის ხედვებში. პირველ რიგში, ის არის NAFTA-ს უფრო ქმედით ორგანოდ გახდომის მომხრე. ეს ორგანიზაცია ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის კავშირია და მექსიკის სიხარულიც გასაგებია – მას აქედან დიდი მოგება ელის. მაგრამ ობამა თავშეკავებულია რუსეთის იმპერიალისტური ნაბიჯების მიმართ, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოსა და სხვა ახალი დემოკრატიის ქვეყნების მიმართ, რაც რუსეთს მოსწონს. ის ასევე უპირატესობას ანიჭებს შიდა პრობლემების გადაწყვეტას და ვერ იცლის ჩინეთში კომუნისტური წყობის შესაფასებლად, თუმცა დეკლარირებას აკეთებს, რომ დემოკრატიის იდებიის ერთგულია.
ამიტომაცაა ეს ქვეყნები აშკარად გამოხატავენ თავის სიმპათიას ამ კანდიდატის მიმართ. რა უხარია ევროპას? ევროპა აშკარად გრძნობს, რომ ბოლო დროს დემოკრატიისათვის ბრძოლის ლოზუნგით რეალურად ტრანსნაციონალური კომპანიების ინტერესებისათვის ბრძოლა მიმდინარეობს და მან შთანთქა დემოკრატიის, თავისუფლებისა და პატარა სახელმწიფოების, რომელთაც სურთ რეალურად კოლონიური გავლენისაგან განთავისუფლება, მხარდაჭერა. მსოფლიომ ზოგადად ევროპულ იდეალებს შეაქცია ზურგი და ორმაგ სტანდარტებს იყენებს – აწყობს, არაწყობის პრინციპით. ევროპამ იგრძნო დემოკრატიული ფასეულობებიდან გადახვევის საშიშროება. ამიტომ სურს იხილოს ობამა.
იმავე ჟურნალის 2008 წლის ივლის-აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა კონდოლიზა რაისის სტატია – “The New American realism”. საყურადღებო სტატიაა, საერთოდ ტერორიზმისა თუ რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებაში, ჩანს თანამედროვე მსოფლიოს განვითარების დიალექტიკა. “What is the national interest?” – აი ამ კითხვით იწყება საერთაშორისო პრიორიტეტების დალაგება, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობისა.
წელს კრომველის გარდაცვალებიდან 350 წელი გავიდა და ჯერ არავინ იცის მისი 1648/9 წლის რევოლუცია იყო ეპოქალური, ახლის დასაბამი, მონარქიული ეპოქის გადასვლის საწყისი დემოკრატიულობისა და სამართლიანობისკენ (კრომველის იდეალებისაკენ), თუ უბრალოდ გადასახადის გაზრდით, პარლამენტის გაბითურებით და მეფის – ჩარლზ პირველის თავხედობით გაბრაზებული ხალხის მიერ მოწყობილი სამოქალაქო ომი?? იდეალები, რომელსაც ამ ეპოქამ ჩაუყარა საფუძველი, გაგრძელდა შემდეგ საფრანგეთის რევოლუციით (1789 წ.) და მთელს ევროპას და მსოფლიოს მოედო. მსოფლიო სხვანაირი გახდა. ამ ახლის შენების საფუძველი იყო უფსკრული, პოლარულობა ხელისუფლებას, აბსოლუტურ მონარქიასა და დანარჩენ სამყაროს შორის, მდიდრებსა და ღარიბებს შორის, კოლონიალიზმსა და თავისუფლებას შორის, ნაციონალურ ინტერესებსა და თითოეული ადამიანის სატკივარს შორის, მდიდარ ქვეყნებსა და დაბალგანვითარებულებს შორის. საფრანგეთში მარია ანტუანეტას თავის მოკვეთა შეიძლება სრული საშინელება იყო ჰუმანურობის თვალსაზრისით, ისევე, როგორც 1648 წელს მეფე ჩარლზ პირველის გილიოტინაზე აყვანა, მაგრამ ეს იყო საზოგადოების მიმართ მათ უსამართლობაზე პასუხი, ეს იყო სოციალური პრობლემების იგნორირებაზე და, რა თქმა უნდა, სამართლის არქონაზე პასუხი.
350 წელი გავიდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მსოფლიო ისევ უბრუნდება კრომველამდელ პერიოდს, ისევ იყოფა საზოგადოება ლორდებად, პრივილეგირებულებად და წვრილ მეწარმეებად, მშრომელებად და საწყალ ინტელეგენციად, მილიონერებად და ღარიბებად, პატარა ღარიბ ქვეყნებად და მდიდარ დიქტატორ სახელმწიფოებად, რომლებიც მსოფლიოს თავის გემოზე მართავენ. გაიყო ისევ სამართლის შემომქმედებად და უსამართლოებად, ამორალურებად და მორალის შემსრულებლებად. ეკონომიკები მსოფლიოს ყველაზე წამყვანი თავისუფალი ბაზრის ქვეყნებში სრულიად არათავისუფალია, საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი ოქროთი, ნავთობით და გაზით იზომება. მაგალითად, ის, რაც სრულიად მისაღებია არაბის მხრიდან, სრულიად მიუღებელია ქართველის, თუ ესტონელის მხრიდან და დასავლეთისათვის.
ამიტომაც ბერლინში ობამამ ტრიბუნიდან იქადაგა ადამიანების, მათი პრობლემების თანასწორობაზე სარწმუნოების, რასის მიუხედავად, საერთო პრობლემებზე და სამართლიანობაზე. ეს დეფიციტის განცდას ნიშნავს!
უცებ პარლამენტ-ჰაუზში მინდოდა გამეხსენებინა 1648 წელი – სოციალური პრობლემებით დამძიმებული ინგლისი, ინფლაცია, უმუშევრობა, სიღატაკე და უგუნური მთავრობა, რომელმაც ამას პიროვნული შეურაცხოფაც დაუმატა – ადამიანის უფლებებისა და საპარლამენტო უფლებების წართმევით და მოვლენებმაც იფეთქა! იმსხვერპლა მეფეც, ბევრი სისხლი დაიღვარა და ეს ომი საუკუნეები გაგრძელდა. ეს არ იყო სამოქალაქო ომი ინგლისში, ეს იყო მსოფლიო კატაკლიზმა, მსოფლიოს ახალი მიდგომების და ახალი წყობის შექმნა. პროცესი შეუქცევადი გახდა და ჩვენ მივიღეთ ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი, იდეებზე დამყარებული მსოფლიო.
დღეს მთელს მსოფლიოში და მათ შორის ინგლისშიც სერიოზული შტორმია – გაზის და ელექტროენერგიის გადასახადი 17%-ით გაიზარდა ივლისში, ექვსი კომპანიიდან ერთ-ერთმა უდიდესმა EDF-მა ფასების გაზრდის ცნობილი მიზეზი – მსოფლიო ფასები დაასახელა (საკვებ პროდუქტებზე და საწვავზე ფასების ზრდაზე ჩვენ სხვა სტატიაში ვწერთ). იზრდება რიგითი მოქალაქის ვალი და მცირდება რეალური შემოსავალი.
ამაზე გორდონ ბრაუნის მთავრობა აცხადებს, რომ ეს ყველგან ხდება და მათი ბრალი არ არის, პრემიერი შვებულებას ზღვაზე ატარებს – სიცხეს და მწვავე სოციალურ პრობლემებს ერთდროულად განერიდა. მაგრამ ხალხის, საზოგადოების რეაქცია არ აყოვნებს, მათ (ლეიბორისტებმა) ივლისის ბოლოს სერიოზული მარცხი განიცადეს გლაზგოში არჩევნებზე, სადაც შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ გაიმარჯვა. ბრაუნს მოუწევს დაემშვიდობოს კაბინეტის ბევრ წევრს. შეიძლება მომავალ არჩევნებზე ის არც იყოს პრემიერი. მე არ ვამბობ, რომ ტერი გაიმარჯვებს, მაგრამ მოძრაობა რომ იწყება ცვლილებებისკენ, ეს ცხადია.
“ცვლილებების დროა” – ობამას ამ სლოგანზე მთელ მსოფლიოში მოთხოვნაა, ის აშკარად მომგებიანია. რატომ? რა ცვლილებების დროა და არის ეს ცვლილებები სასარგებლო საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის?
ვისი ინტერესებით იმართება მსოფლიო? დღეს ყველა კრიზისზე ლაპარაკობს, მათ შორის ინგლისის თემთა პალატაშიც. საფიქრალი ისევ ეკონომიკის ზრდის ტემპის დაცემა და ფასების ზრდაა. PPI ინდექსის ვარდნა 2008 წლის პირველ ნახევარში შემაშფოთებელი იყო ინგლისის ეკონომიკისათვის მაშინ, როცა CPI განუხრელად იზრდება და ასევე მატულობს საკრედიტო კრახით გამოწვეული ზარალი, რომლის გამოც ყველაზე მეტად ინგლისელები დაზარალდნენ. მაგრამ საოცარია ის, რომ იზრდება ტრანსნაციონალური კომპანიებისა და ძირითადად ნავთობკომპანიების შემოსავლები და კაპიტალიზაცია. 18 ივლისს FT -მა გამოაქვეყნა (გვ.19) ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი კომპანიების სია:
1. ExxonMobil – 430.8
2. Petrolcaina – 383.9
3. Gazprom – 298.3
4. General Eletrict – 279.1
5. Chaina Mobail – 267.9
6. Microsoft – 240.8
7. Indcom bank chaina — 239.5
8. Petrobras – 235.4
9. Royal Dutch Sell – 231.7
წყარო: Thomson Datastream company
აი, ვინ ქმნის პოლიტიკას მსოფლიოში და ვის ექვემდებარება ნაციონალური ინტერესები! რეალობა ერთია – მსოფლიო საერთო ჯამში მდიდრდება და საშუალო ფენა სულ უფრო ღარიბდება. პარადოქსია! სულ უფრო ნაკლები სამრეწველო საწარმო შენდება ინგლისში, ლონდონი ტურიზმის და საფინანსო მომსახურეობის ცენტრი ხდება. მაგრამ ამ მომსახურებას ბევრი კონკურენტი გაუჩნდა, იგი აქაც კარგავს პოზიციებს, სულ უფრო ფერადი, ხდება და ინგლისელი დენდი წითელ წიგნშია შესატანი, ისე იშვიათობაა. არა, თეორიულად ყველაფერი რიგზეა, პარლამენტის თემთა პალატა ისევ ბჭობს, თანაც არ არის სავალდებულო დასწრება (აქ თემთა პალატაში ფიზიკურად 434 ადგილია და 648 პარლამენტარი, ყველა რომ მოვიდეს, ადგილიც არ ეყოფათ, უარესი სიტუაციაა ლორდთა პალატაში, სადაც 700 წევრია და ბევრი მათგანი წელიწადში ერთხელაც არ მიდის სხდომაზე).
გარეგნულად თითქოს ყველაფერი რიგზეა (მართალია, კრომველი ამოვთხარეთ წესით მისტერის სააბატოს ტაძრიდან და არ ასვენია მეფეებთან, მაგრამ ძეგლი ერთგულად დგას პარლამენტის შენობასთან), მაგრამ პოლიტიკოსებმა კრომველის იდეები ან დახავსებულად ჩათვალეს და დემოკრატიას თავისებურად უყურებენ და მათ შორის საერთაშორისო სამართლიანობასაც, მათ შორის საქართველოს საკითხებშიც რეალურად ერკვევიან. ევროპაში 350 წლის შემდეგ დემოკრატიის, პარლამენტარიზმის და სამართლიანობის კრიზისია, გაქრა კრომველის იდეალები, თუ მისი ტრანსფორმირება მოხდა?
რაში გამოიხატება იგი? ნაციონალურ ინტერსებში? გაზპრომში?
ერთის მხრივ, საკმაოდ სერიოზულია კონდოლიზა რაისის მიერ ზემოხსენებულ სტატიაში დასმული გლობალური პრობლემები. მსოფლიო რეალურად დგას ტერორიზმისა და სეპარატიზმის საფრთხის წინაშე, ამასთან ეკონომიკური უსამართლობები და დისბალანსი ბიზნესის გადანაწილებაში ქმნის პრობლემებს და ამიტომ უნდა გავჩუმდეთ, როცა არაბულ ქვეყნებში ილახება ადამიანის უფლებები, როცა საუდის არაბეთში ელემენტარული უფლებები და თანამედროვე დემოკრატიული წყობა არაა, ან იქნებ ჩინეთის რეჟიმი არაა ტოტალიტარული და კომუნისტური, იქნებ იქ არ არღვევენ ადამიანის უფლებებს ან იქნებ რუსეთის იმპერია შეიცვალა – აღარ არის დიქტატორული და მედვედევი მეუღლის ბუდუარში შესვლის უფლებას არ თხოვს პუტინს?! დიახ იმპერიაა… რუსეთს დღემდე უკანონოდ უჭირავს ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყენები, მათ შორის ოსეთი და ჩეჩნეთი. არ იცის მსოფლიომ, რომ სამხრეთ ოსეთი არასდროს არ ასებობდა, ის მხოლოდ KGB-ს სქემითაა შექმნილი, მაგრამ არსებობდა ალანია და ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთი, ანალოგიურად არასდროს არ არსებობდა მარტო აფსუებით დასახლებული აფხაზეთი, მაგრამ არსებობდა დიდი და ამაყი ერი – ჩეჩნები.
იქნებ ჩეჩნეთის გენოციდის გამო ვკიცხავთ რუსეთს, ამოვიღეთ ხმა?
ან იქნებ საკუთრებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ან იქნებ უსამართლო არჩევნების გამო?
მესმის, საუდის არაბეთი ჩვენი ძირითადი პარტნიორია OPEC-ში და ნავთობის თემა ნაციონალურ ინტერესებში შედის და მისი კრიტიკა არ შეიძლება. ჩინეთი დოლარის ძირითადი დამჭერია, მას უკავია აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების უდიდესი ნაწილი და ან შეიძლება ის დიდი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთში ასევე “გაზპრომია” და საჭირო ქვეყანაა ენერგეტიკის მიხედვით და გერმანული “ტოტალის”, და იტალიური ენერგეტიკული ფირმების ინტერსები უფრო მნიშვნელოვანია. ესაა ნაციონალური ინტერსები? დემოკრატიის ევროპული იდეალები? 700-წლიანი პარლამენტარიზმის იდეალები? ინგლისის, დაჩაგრულების დახმარება და ადამიანთა უფლებები??
ეხლა არ არის ამის დრო? აბა როდის?
მე მგონია, რუსეთი და ჩინეთი, თავის არაბ დიქტატორებთან ერთად, არანაკლებ საშიშია, ვიდრე ირანი, კორეა და მთელი ტერორიზმი ერთად აღებული. ისინი დღითიდღე უძლეველნი ხდებიან დასავლეთის ხელშეწყობით, მათ მიერ გადახდილი ფულით და წყაროებით, მათ საქციელზე, როცა ისინი ჩაგრავენ, პატარა ქვეყნებს, თუნდაც ასევე თავისი ნაციონალური ინტრესებიდან გამომდინარე ხმა არ ამაღლებულა. ჟურნალი The economist-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს – “How to win the war within Islam”, რომელიც ალ-ქაიდას და გლობალურ ჯიჰადს ეხება. მათი, მუსულმანების რეაქციული ფრთის აზრით, დემოცრაცყ ის სინფულ man-made-law. ეს უფრო დიდი გულწრფელობაა, ვიდრე რუსეთის ფარისევლობა მსოფლიო საზოგადოების წინაშე, რომელიც დემოკრატიულობაზე პრეტენზიას აცხადებს და რეალურად იმპერიალიზმისა და დიქტატორულ-ავტორიტარული რეჟიმის განსახიერებაა, ყველა ძალას მსოფლიოში – ბნელს, მათ შორის მუგაბესაც აფრიკაში მხარს უჭერს.
ამ გადასახედიდან, ამ შენობიდან – პარლამენტ-ჰაუზიდან რომ ვუყურებ, არცერთი კალორია სითბო, არცერთი ბარელი ნავთობი და არცერთი დოლარი, თუ ფუნტი შემოსავალი არ ღირს მისხალი დემოკრატიის ხელყოფადაც კი.
არანაირი კომფორტი თავისუფლების, დემოკრატიის და სამართლიანობის იდეალიების საფასურად!
დაჩაგრული ადამიანის, უსამართლოდ დატოვებულის, საკუთრებახელყოფილის, თუ უფლებააყრილის ფასად არ გვინდა დემოკრატია და კეთილდღეობა.
ასე ფიქრობს ქართველების უმრავლესობა და ამიტომაც მყარია გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის და თავისუფლების თაობაზე, რუსეთის მუქარისა და რეალური შეტევის მიუხედავად. ასე ფიქრობს მსოფლიო?
ალბათ, ცვლილებები მოენატრათ, მაგრამ რამდენად იქნება ამ ძველი ევროპული, ხანდახან დავიწყებული და კაპიტალზე ექვივალენტურად გაცვლილი იდეალების რეამინატორი ობამა – ვერ გეტყვით. ერთი რამ ვიცი ისტორიიდან, იმპერიალიზმთან და დიქტატურასთან კომპრომისმა და ე. წ. ნაციონალურმა ინტერესებმა სანამდე მიიყვანა 20-30-იან წლებში ევროპა, მე მგონი ყველას გვახსოვს.
ცვლილებების დროა, ნამდვილად! გავს ეს ეპოქა კრომველის ეპოქას – შიგნით თუ გარეთ, ალბათ!