აუთვისებელი წიაღისეული რესურსები და გამოუყენებელი პოტენციალი

მაკა ღანიაშვილი

„საქართველოს წიაღისეულის კაპიტალიზაცია რომ მოხდეს, 250 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი გვაქვს ულაპარაკოდ, შეიძლება ამაზე მეტიც, თან ეს მხოლოდ წყლის გარეშე“

მსოფლიოში, მინერალური რესურსებით მდიდარი არა ერთ ქვეყნა გვხვდება, არის პირიქითაც – ქვეყნები, სადაც რესურსები სრულებით არ არის ან მათი მოცულობა ძალიან მწირია. არიან ქვეყნები, რომლებიც, მართალია, ამ კუთხით უმდიდრესი ქვეყნების რიგს არ განეკუთვნებიან, მაგრამ მათში სხვადასხვა სახის მინერალური რესურსები საკმაო დონით გვხვდება იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. სპეციალისტთა შეფასებით, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. მაგრამ აუცილებელია მინერალური რესურსების ჭკვიანური, გეგმაზომიერი გამოყენება.

მაგალითად, იაპონია, რომელიც ბუნებრივი და ფიზიკური და გეოლოგიური პირობებით საქართველოს მსგავსი ქვეყანაა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აბსოლუტურად განადგურდა. ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად იაპონელებმა საკუთარი მინერალური რესურსები გამოყენეს. იმპერატორ ხიროხიტოს გეგმის მიხედვით, ქვეყანაში დაიწყო სამთო პროექტების დანერგვა და განვითარება. იპონიას, ისევე როგორც საქართველოს, საკმაოდ ბევრი წიაღისეული რესურსი აქვს, მაგრამ პატარ-პატარა, მცირე საბადოების სახით. მათი გონივრული გამოყენებით, 1955 წლისათვის იაპონია წელში გაიმართა, ხოლო 60-იანი წლების ბოლოსათვის კი, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდა მსოფლიოში. სპეციალისტთა შეფასებით, ამაში ძალიან დიდი როლი წიაღისეულმა რესურსებმა შესრულა, რადგან იაპონიისათვის უმნიშვნელოვანესი იყო გემები და მრეწველობა, მას კი რკინა, ტყვია, თუთია, სპილენძი და სხვა იშვიათი ლითონები სჭირდებოდა, მათ შორის, ოქროც. ამ ყველაფერს იაპონელები საკუთარი რესურსებიდან იღებდნენ.

იაპონიასთან ერთად, კარგი მაგალითია ევროპაც. ევროპაში ყველა ძირითადი, საბაზისო ლითონების: რკინის, ტყვიის , თუთის, სპილენძის სერიოზული საბადოები იყო (დღესაც კი შვედეთში და ფინეთში ორი დიდი სპილენძის საბადო მუშავდება, ასევე ესპანეთში ვერცხლისწყლის საბადო). მართალია, ამ საბადოების უდიდესი ნაწილი დღეისათვის მთლიანად გამომუშავებულია, მაგრამ მათ ევროპა ფეხზე დააყენეს და დღეს ევროპელები მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ლიდერები არიან. ერთადერთი, რაც ევროპას არ ჰქონდა, მარგანეცი იყო. მეტალ მანგანუმის გარეშე ფოლადის ინდუსტრია არ არსებობს. ევროპის ფოლადის მრეწველობა სწორედ საქართველოთი იწყება. ახლა მსოფლიოში მარგანეცის ძალიან ბევრი საბადოა, მაგრამ ათეულობით წლების წინ ქართულმა ჭიათურის მარგანეცმა დიდი როლი შეასრულა ევროპულ და მსოფლიო ფოლადის მრეწველობის ჩამოყალიბებაში.

4

საქართველოს მინერალური რესურსების შესახებ გვესაუბრება ა. თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის თანამშრომელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო და საბუნებისმეტყველო აკადემიების სრული წევრი დავით არევაძე: „საქართველო არ მიეკუთვნება მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების რიცხვს, როგორებიც მაგალითად რუსეთი, აშშ, ავსტრალია, კანადა და სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის რიგი ქვეყნებია, მაგრამ არც ღარიბი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმარისი წიაღისეული ნედლეული იმისათვის, რომ მან ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. მართალია, პრაქტიკულად არ გვაქვს ნავთობი და საწვავი აირი (ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში), მაგრამ გვაქვს ლითონები“.

ბატონი დავითის განცხადებით, ნავთობის საბალანსო მარაგები საქართველოში ზუსტად ცნობილი არ არის. რაც შეეხება საპროგნოზო მარაგებს, ის 170 მილიონ ტონას შეადგენს. „ეს ძალიან ცოტაა, პრაქტიკულად – არაფერი. კახეთში ტარიბანა, თბილისის შემოგარენში სამგორი, თელეთი და საგარეჯო ეს ის ადგილებია, სადაც მცირე რაოდენობით ნავთობი და საწვავი აირი მოიპოვება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ კახეთში შეიძლება ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგი იყოს და ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება. ნავთობის მარაგების აღმოჩენის უფრო დიდი იმედია შელფის ზონაში – ჩვენი ზღვის სანაპიროდან 200კმ-ზე გავრცობილ ტერიტორიაზე. ამის იმედს იძლევა ისიც, რომ უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის შელფური ზონების ბურღვამ დადებითი შედეგები მოიტანა და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ძირითადი ნავთობი ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, რუსეთში, ირანსა და თურქმენეთში სწორედ შელფსა და ზღვის ფსკერზე მოიპოვება. ასევე სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად, ნორვეგიასა და ინგლისს გაზის მნიშვნელოვანი მარაგები სწორედ შელფზე აქვთ“ – აცხადებს დავით არევაძე.

საქართველოში ქვანახშირის 3 საბადო გვაქვს. ტყვარჩელი აფხაზეთის ტერიტორიაზეა და მაღალი ხარისხის ნახშირით გამოირჩევა (მისგან კოქსის – რკინის გამოდნობისათვის აუცილებელი პროდუქტის – დამზადება შეიძლება), თუმცა, აქ მარაგი ფაქტობრივად ამოწურულია. მეორე საბადო იმერეთში, ტყიბულის რაიონშია, სადაც სერიოზული – 417 მილიონი ტონა დათვლილი მარაგი გვაქვს. ქვანახშირის პლასტი ტყიბულიდან რაჭაში, შაორის წყალსაცავისკენ ვრცელდება და ჯამში მილიარდ ტონაზე მეტს აღწევს, რაც ძალიან სერიოზული რაოდენობაა.

ქვანახშირის გამოყენებას თავის მინუსები აქვს, რომლის გამოც მას დღევანდელ დღეს ერიდებიან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ქვანახშირის წვის ისეთი მეთოდები, რომელის დროსაც ნახშირორჟანგი ნაკლები გამოიყოფა, მასზე მოთხოვნა მაინც ჩამოუვარდება გაზსა და ნავთობზე არსებულ მოთხოვნებს. გარდა ამისა, ტყიბულის ქვანახშირის მოპოვება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ის განლაგებულია ღრმად, ზედაპირიდან 400-500 მეტრის სიღრმეში და მხოლოდ მიწისქვეშა გამონამუშევრებით, მაღაროებითაა შესაძლებელი მისი ექსპლუატაცია. საქართველოში მთათა სისტემა ახალგაზრდაა, დღემდე მიმდინარეობს ტექტონიკური ძვრები და ამიტომ რთულია ამ საბადოს ექსპლუატაცია „თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება ქვანახშირის მოპოვება, პირიქით, უნდა მოვიპოვოთ. ამ ბოლოს დროს ჩვენი ქვანახშირით არაბები და ებრაელები დაინტერესდნენ სერიოზულად. ამ ინფორმაციას პირადი კონტაქტებით ვფლობ, მაგრამ ტყიბულის ქვანახშირის საბადოზე ლიცენზია მთლიანად აღებული აქვს ყოფილ „საქნახშირს“ ის კი მცირე მასშტაბებით მუშაობს, რაც ძალიან ცუდია. ამ დროს, შესაძლოა, ახალმა ინვესტორმა ბევრად დიდი მასშტაბით იმუშაოს და მეტი ხალხი დაასაქმოს“, – დასძენს დავით არევაძე.

მესამე საბადო ახალციხეშია – ვალეს საბადო. ეს არის მურა ნახშირი, რომელიც ხარისხით შედარებით დაბალია, მაგრამ თავის დროზე მთელი ჯავახეთი თბებოდა ამ ნახშირით და ექსპორტზეც გადიოდა. მურა ნახშირსაც ჰყავს თავისი მომხმარებელი, მით უმეტეს, რომ თანამედროვე წვის ტექნოლოგიებით კარგად იწვის. დავით არევაძის აზრით, ამ საბადოსაც აქვს პოტენციალი და დარწმუნებულია, რომ მისი ამუშავების დროც დადგება.

ს.ე. რომელი ლითონები მოიპოვება, ბატონო დავით, საქართველოში?
დ.ა.
ჩვენ გვაქვს შავი ლითონები – რკინა და მანგანუმი. საქართველოში რკინის 60-მდე მადანგამოვლინებაა ცნობილი, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რკინის საერთო მარაგების სიმცირის გამო რკინით მდიდარ ქვეყანას მაინც ვერ დავარქმევთ. ისტორიულად ეს მარაგები სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ საქართველოს სამხრეთი პროვინციები რკინის მეტალურგიის ჩასახვის ერთ-ერთ კერად იყოს მიჩნეული. ისტორიულად ყველაზე ცნობილი საბადოები არიან ფოლადაურის ჯგუფის საბადოები ქვემო ქართლში – ფოლადაური, სარკინეთი, ბალიდარა, დემურსუ და სხვები რომელთა დამუშავება და ფოლადის გამოდნობა უხსოვარ დროიდან მეფე ერეკლე II-ის მეფობის პერიოდშიც კი მიმდინარეობდა. ამას გარდა რკინის საკმაოდ მდიდარი საბადოა ძამა – შიდა ქართლში. ასევე საინტერესოა იმერეთში შროშა-უბისის შედარებით ნაკლებად შესწავლილი საბადო რომელიც 40 კმ-ზე ვრცელდება. ჯამურად საქართველოში 30 მილიონ ტონამდე რკინის მარაგია დაძიებული. საპროგნოზო რაოდენობა კი 310 მილიონი ტონაა. ეს ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა. დღევანდელ მსოფლიოში შედარებით მცირე მეტალურგიული საწარმოები საკმაოდ რენტაბელურია და, ვფიქრობ, საქართველოშიც მოვა ის დრო, როცა ამ ყველაფრის გამოყენება დაიწყება.

ს.ე. როგორც ვიცი, საქართველოში მანგანუმის მოპოვება დიდი ხნის წინ დაიწყო
დ.ა.
საქართველო მანგანუმის მადნებით უმდიდრესი ქვეყანა იყო და ახლაც საკმაოდ მდიდარია. ჩვენ გვაქვს ჭიათურის ცნობილი საბადო, რომელიც მე-19-ე საუკუნის ბოლოდან უკვე ექსპლუატაციაშია. ევროპის მეტალურგია ძირითადად ჩვენი მარგანეცის წყალობით მუშაობდა თავის ჩამოყალიბების პერიოდში და შემდგომში საბჭოთა კავშირშიც უზარმაზარი მოთხოვნილება იყო მასზე. მანგანუმის დათვლილი მარაგი ჩვენთან 251 მილიონი ტონაა, რაც საკმაოდ ბევრია. მარგანეცი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა წიაღისეული უნდა გამდიდრდეს (მადნის გამდიდრება არის პროცესი, როდესაც მას ტალახს, ღორღს და ქვას ჩამოაშორებ, ანუ ასუფთავებ მინარევი ქანებისგან) მინიმუმ 40%-მდე, ხოლო 47-52%-მდე გამდიდრებული უკვე დიდებული საექსპორტო პროდუქციაა. ადრე ჩვენთან მოიპოვებოდა პეროქსიდული მარგანეცი, რომელსაც გამდიდრება საერთოდ არ სჭირდებოდა და რომელიც პირდაპირ გადიოდა ექსპორტზე ევროპაში, ხოლო შემდეგ კი საბჭოთა კავშირის მეტალურგიულ ცენტრებში. დღეისათვის პეროქსიდული მარგანეცი ცოტაა დარჩენილი, დაახლოებით 5-8 მილიონი ტონა, მაგრამ არსებობს ჟანგულა მარგანეცი, რომელსაც გამდიდრება სჭირდება. მესამე ტიპის ჭიათურის მარგანეცის მადნებს – კარბონატულებს იმისათვის, რომ მეტალურგიაში გამოყენებადი გახდეს, დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ტექნოლოგიები ვითარდება და რიგ ქვეყნებში ამ ტიპის მადნებს უკვე იყენებენ მეტალურგიაში. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ 20-25 წლის შემდეგ ჩვენ კარბონატული მადნების გამოყენებასაც შევძლებთ. რომ შევაჯამოთ – საქართველოს მანგანუმის მეტალურგიას იმისათვის, რომ მან იმუშაოს სრულიად თავისუფლად აქვს 50 წლის მარაგი. საქართველოს მანგანუმის მრეწველობას დღეს სხვა პრობლემები აქვს – აქ ერთი მონოპოლისტი კომპანია „ჭიათურმანგანუმი“ მუშაობს, რომელსაც მთელ ამ ფართობზე ლიცენზია აქვს აღებული. მის გარდა იქ მცირე მომპოვებელი საწარმოებიც არიან რომელთაც მადნის გამამდიდრებელი ტექნოლოგიებიც აქვთ, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან მიღებული მარგანეცის კონცენტრატი „ჭიათურმანგანუმს“ ჩააბარონ 120-150 აშშ დოლარად, მაშინ როდესაც საერთაშორისო ბაზარზე მისი ფასი 200-250 აშშ დოლარია. როგორც ხედავთ სხვაობა ძალიან დიდია, მაგრამ ამ კომპანიებს პროდუქციის სხვაგან გაყიდვის უფლებას არ აძლევენ.

ამავე დროს საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გარდა, რომელიც თავისი სიმძლავრეების მხოლოდ ნახევრით მუშაობს, რამოდენიმე სხვა შედარებით მცირე სიმძლავრის მეტალურგიული საწარმოებიც ფუნქციონირებენ, რომელთაც ხშირად მარგანეცის კონცენტრატის იმპორტირება უწევთ, რაც მათ საქმიანობას რა თქმა უნდა ნაკლებად რენტაბელურს ხდის.
აღსანიშნავია, რომ ფეროშენადნობებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ რამოდენიმე წლის წინ ნედლეულის დეფიციტის გამო „ტოიოტას“ ერთ-ერთი საწარმო გაჩერდა – ფოლადი არ ჰყოფნიდა. ფოლადი კი მარგანეცის გარეშე არ არსებობს.

ჭიათურის გარდა, ჩვენ სხვა საბადოებიც გვაქვს: იმერეთში, რაჭაში, სამხრეთ საქართველოშიც, მაგრამ ჭიათურის საბადოთი, იმდენად განებივრებულები ვართ, რომ დანარჩენთ ჯეროვან ყურადღებას არ ვაქცევთ. ჭიათურისაგან განსხვავებით სადაც მარგანეცი თითქმის პირდაპირ ზედაპირზეა ამ საბადოებზე მარგანეცი 300-400 მეტრის სიღემეზეა და ხშირად არასწორი ფორმა აქვს რის გამოც შედარებით რთული დასამუშავებელია და შესაბამისად მეტ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. დღეისათვის ეს საბადოები პრაქტიკულად არ მუშავდება, თუმცა, მათი დროც დადგება.

ფერადი ლითონები

სპილენძის შესწავლილი მარაგები საქართველოში 1,8 მილიონი ტონაა. საპროგნოზო მარაგები 5.3 მილიონი ტონა. ცნობილია, რომ საქართველო არა მხოლოდ რკინისა და ფოლადის მოპოვებისა და მეტალურგიის, არამედ სპილენძის მოპოვებისა და ბრინჯაოს მეტალურგიის ერთ ერთი კერაცაა. უძველესი სპილენძის მაღაროები ცნობილია ქვემო ქართლში, აჭარაში კახეთში და რაჭაში. იმავე პერიოდში რაჭაში მოიპოვებდნენ დარიშხანსა და ანთიმონიუმს, რომელთაც სპილენძთან შედნობით მიიღებოდა ქართული ბინჯაო განსხვავებული ევროპის, შუამდინარეთის, ეგვიპტისა და მცირე აზიის ბრინჯაოთაგან, რადგან იქაური წარმოების ბრინჯაო სპილენძისა და კალის შენადნობი გახლდათ – კალისა, რომელიც კავკასიის რეგიონში არ მოიპოვებოდა. დავით არევაძე: „მადნეული, რომელიც 1947 წელს იქნა აღმოჩენილი ცნობილი იყო როგორც სპილენძის საბადო და მხოლოდ 70-ინ წლებში აღმოჩნდა, რომ ოქროა ამ საბადოს ძირითადი სიმდიდრე. მანამდე სპილენძის კონცენტრატი (გამდიდრებული მადანი) ოქროსთან ერთად მიდიოდა სომხეთში – ალავერდში. ოთხმოციანი წლებიდან სპილენძის კონცენტრატის ექპორტი მიმდინარეობს ევროპაში. შემდგომი რაფინირებისათვის ასევე ევროპაში იგზავნება ოქროს დორეს შენადნობი, რომლის წარმოებაც ჩვენთან არის ათვისებული. მადნეულის საბადო არის საქართველოში ერთადერთი მნიშვნელოვანი სპილენძის საბადო, რომელიც ფაქტობრივად უკვე გამომუშავებულია. ქვემო ქართლში აღმოჩენილია სპილენძის სხვა საბადოებიც, რომლებშიც სპილენძის გარდა ტყვია, თუთია და, რაც მთავარია, ოქროც არის. სპილენძის მცირე საბადოები ასევე გვხვდება კახეთში,შიდა ქართლში და აჭარაში. მართალია, ეს მცირე საბადოებია, მაგრამ ყველა მათგანი კომპლექსურია, პრაქტიკულად ყველა შეიცავს ოქროს და რასაკვირველია კომპლექსურად უნდა დამუშავდეს ყველა“.

ფერადი ლითონებიდან ტყვიისა და თუთიის ქვაისის პოლიმეტალების საბადო ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთადერთია საქართველოში. მარაგები მცირეა და მათი მატების სერიოზული პერსპექტივებიც არარელურია. სპილენძთან ერთად პოლიმეტალები ასევე გვხდებიან ქვემო და შიდა ქართლში, აჭარაში, აფხაზეთსა და კახეთში, მაგრამ დამოუკიდებელ საბადოებს ისინი არ წარმოადგენენ და მათი მარაგებიც უმნიშვნელოა.

იშვიათი ლითონები და ელემენტები

ლითონების ამ ჯგუფიდან კალისა და ვოლფრამის პერსპექტივები საქართველოში ძალზედ მცირეა, ხოლო მოლიბდანის სერიოზული კონცენტრირება შესაძლებელია ზემო რაჭაში კარობის მადანგამოვლინებაზე.

დარიშხანის, ანთიმონიუმისა და ვერცხლისწყლის საბადოები ოდითგანვე ცნობილი იყო საქართველოში, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე პირველი ორი გამოიყენებოდა სპილენძთან ერთად ბრინჯაოს მისაღებად, ხოლო ვერცხლისწყალის შემცველი წითელი ფერის მინერალი სინგური შეუცვლელი იყო ხატწერაში და მასზე მუდმივად დიდი მოთხოვნილება იყო.
საქართველოში გვხვდება ლითიუმიც, რომელიც დღეს მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვანდია, რადგან მას იყენებენ: ტელეფონების, კომპიუტერებისა და სხვა სახის ტექნიკისათვის აკუმულატორების დასამზადებლად. დავით არევაძის განცხადებით, ლითიუმი გვხვდება გრანიტებში და სხვა მჟავე ქანებში ასევე მინერალურ წყლებში. საქართველოში ჩემთვის ცნობილია სამი მინერალური წყარო, რომლებშიც ლითიუმის შემცველობა 20-50 მილიგრამამდე ადის. ეს ძალიან ბევრია. სერიოზული ინვესტორი რომ გამოჩნდეს, დღესვე შეიძლება ამ საბადოთა ათვისება.

ძვირფასი ლითონები

ს.ე. აქვს თუ არა საქართველოს ოქროს მნიშვნელოვანი მარაგები?
დ.ა.
საქართველო მინერალური რესურსებიდან ყველაზე მდიდარი ოქროთია. საქართველო მართლა ოქროს ქვეყანაა. ღმერთმა ქნას, დამტკიცდეს, რომ საყდრისი არის უძველესი საბადო სადაც ოქროს 5000 წლის წინ მოიპოვებდნენ. წარმოიდგინეთ ბრინჯაოსა და ფოლადის მეტალურგიის პიონერობას რომ დაემატოს, საერთაშორისო არქეოლოგიური საზოგადოების აღიარება, რომ ჩვენ ოქროს მოპოვებაც პირველებმა დავიწყეთ. ამასთან ერთად, მადლობა ღმერთს პრაქტიკულად აღარავის შეაქვს ეჭვი რომ კულტურული ყურძნის უძველესი წიპწები და ღვინის ჭურჭელი ასევე საქართველოდანაა და რომ დმანისის ძეგლი ნამდვილად მილიონ რვაასი ათასი წლისაა და დღევანდელი საქართველოს ტერიტორიის გავლით ხდებოდა ჰომინიდების მიგრაცია აფრიკიდან ევროპასა და აზიაში. ჩვენ სამწუხაროდ ევროპაშიც, რომ აღარეფერი ვთქვათ დანარჩენ მსოფლიოზე, ძალიან ცუდად გვიცნობენეს და ამიტომ პოლიტიკურად და არა მხოლოდ პოლიტიკურად გვჭირდება, რომ მსოფლიომ ბოლოს და ბოლოს გვაღიროს ცივილიზაციის ერთ-ერთ კერად. ღმერთმა ქნას.
დავუბრუნდეთ საქართველოს ოქროს. 100-120 ტონამდე ოქრო უკვე მოიპოვეს მადნეულის საბადოზე. ამისა გარდა ჩემი შეფასებით, 400-500 ტონა ოქრო ქვემო ქართლის დანარჩენ საბადოებზე კიდევ არის. საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოში ოქროზე გეოლოგიური სამუშაოები არ ფინანსდებოდა, რადგან ურალისა და ციმბირის კოლოსების ფონზე ითვლებოდა, რომ საქართველოს ოქროს ჩიტი ბრდღვნად არ ღირდა. მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე იყო. გეოლოგიის დეპარტამენტის 2003 წლის მონაცემებით საქართველოში ოქროს პროგნოზული რესურსები 1000 ტონას აჭარბებს, ხოლო კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ბოლო წლებისა და პირადად ჩემი შეფასების თანახმად რესურსები 2500 ტონასაც უნდა აჭარბებდეს. ამ პროგნოზის საფუძველს გვაძლევს გასული საუკუნის 20 და 30-იანი წლების გეოლოგთა მონაცემები რომელთაც ოქროს ძიებაში ხელს არავინ უშლიდა.
საყდრისის საბადოზე დაახლოებით 30 ტონა ოქროა. მის ერთ-ერთ უბანზე, იმ ბორცვის ქვეშ კი სადაც არქეოლოგიური ძეგლია, 4-5 ტონა ოქროა 100 მილიონ დოლარის საბაზრო ღირებულებით. რა თქმა უნდა ძნელია ამ უბნის დამუშავებაზე უარის თქმა, მაგრამ როგორ გადავარჩინოთ ძეგლი. აუცილებელია კონსენსუსის მიღწევა. ბოლოს და ბოლოს ეგვიპტეში ნილოსზე კაშხალის მშენებლობისას აბუ-სიმბელის ორი ტაძარი თავის მონუმენტებით გადაიტანეს უსაფრთხო ადგილზე და ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც ორივე მხრის მიერ კეთილი ნების გამოხატვის შემთხვევაში ამ პრობლემის მოგვარება სრულიად შესაძლებელია. 5 ტონა სერიოზული რაოდენობაა, – აცხადებს დავით არევაძე და დასძენს – დღევანდელ დღეს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე მხოლოდ 5 ტონის მარაგზეც კი თუ ოქროს შემცველობა ტონა ქანში ნახევარი გრამი მაინც არის მუშაობა იწყება. ქვემო ქართლის მადანგამოვლინებებში ოქროს შემცველობა კი როგორც წესი 1 გრამზე მეტია და ასეთი მადანგამოვლინებები იქ 10-12-დეა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვემო ქართლში 400-500 ტონა ოქროა. ეს დიდი სიმდიდრეა ქვეყნისათვის და ბევრი ადამიანიც შეიძლება რომ დასაქმდეს. დიდი ხანია ცნობილია, რომ აჭარაში ოქრო არის. იქ სპილენძს ოქროსთან ერთად გასული საუკუნის დასაწყისში მოიპოვებდნენ ინგლისელები და თურქები და გაჰქონდათ. თითქოს დღესაც მიდის მუშაობა, მაგრამ რაღაც უცნაური ხდება: მოდიან ეს ინვესტორები სხვადსხვა ქვეყნიდან, ცოტას გათხრიან და შემდეგ თავს ანებებენ. შთაბეჭდილება მექმნება, რომ აქ რაღაც რიგზე ვერ არის: თითქოს ბოლომდე არ აინტერესებთ ან რამე სხვა მიზნები აქვთ. აჭარასა და გურიაში 10-მდე ოქროს გამოვლინებაა. საჭიროა ამ მარაგების დათვლა და იქაც 200 ტონამდე ოქრო აუცილებლად იქნება. შესაძლოა მეტიც.
ამ თვალსაზრისით ყველაზე სერიოზული ტერიტორია საქართველოში სვანეთია. ყველასათვის ცნობილია, რომ ენგურს მოაქვს ოქრო, მას ხომ ჯერ კიდევ ძველი კოლხები მოიპოვებდნენ. თუმცა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ რეგიონის შესასწავლად სერიოზული სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა. სვანეთი თავიდან არის შესასწავლი, აქ ოქრო ხილულია, ის კვარცთან ერთად მოდის. რაც შეეხება რაჭას, ოქრო ძირითადად დარიშხანსა და ანთიმონიუმთან ერთად გვხვდება. ის არც თვალით და არც მიკროსკოპულად არ ჩანს, მხოლოდ ქიმიურად არის შესაძლებელი მისი ამოღება. ლუხუმის საბადოზე 30 ტონა ოქრო თავისუფლად შეიძლება იყოს. იქვეა მეორე საბადოც ზოფხიტო დაახლოებით 50 ტონა ოქროთი. სამი საბადოა კავკასიონის სამხრეთ ფერდზე, ერთ-ერთში ოქროსთან ერთად არის ვერცხლიც. ორივე მაღალი შემცველობით. რაჭაში დღეს არის დაახლოებით 10-მდე ცნობილი გამოვლინება, სადაც საჭიროა მუშაობა. იქ დღესაც მუშაობენ ინგლისელები და ჩინელები, მაგრამ ამას მუშაობას ვერ დავარქმევთ, წელს ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებიათ. ლიცენზია კი აღებული აქვთ, სხვა ვერავინ შევა, თვითონ არაფერს აკეთებენ.
ოქრო ანთიმონიუმთან ერთად ცნობილია ყაზბეგის რაიონშიც – ხევში.
20-30-იან წლებში ქართველ გეოლოგებს ოქროს ნიშნები აღწერილი აქვთ ალაზნისა და ივრის ხეობებში და მათ შენაკადაბში. ასევე პირიქითა ალაზანშიც. მარტყოფში, მდინარეს სილასთან ერთად მოაქვს ოქრო, კახეთის ყველა მდინარეშია ოქროს ნიშნები, ქართლში ხრამში(ქციაში) და პრაქტიკულად მის ყველა შენაკადში, იმერეთში ძირულა და ჩხერიმელა და მათი შენაკადები. ადრე ანალიტიკურად შესაძლებელი იყო განგვესაზღვრა პროცენტის მეასედი, იშვიათად მეათასედი ლითონის შემცველობა ქანში და მდინარის ჩამოტანილ სილაში. დღეს კი წონის მემილიარდედ ნაწილს საზღვრავენ. ეს წარმოუდგენელი მგრძნობიარობაა. ამან გამოიწვია ის, რომ ევროპაშიც კი, სადაც თითქოს ყველაფერი ცნობილი იყო და საბადოების აღმოჩენა წარმოუდგენლად მიაჩნდათ ახალი საბადოები აღმოაჩინეს შოტლანდიაში, უელსში, იტალიაში, ესპანეთში. ადრე საბადოს გამოვლენას მეტი შრომა სჭირდებოდა, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარები კი ამის საშუალებას უფრო ნაკლები ძალისხმევის საშუალებით იძლევა. ეს ყველაფერი საქართველოში გეოლოგიური სამსახურის გასაკეთებელია, იმ სამსახურის რომელიც აღარ არსებობს.
მადნეულში ოქროსა და სპილენძთან ერთად ვერცხლიც გვხვდებოდა, მაგრამ ცოტა რაოდენობით. თუმცა იქვე გვერდით დავით გარეჯის საბადოში ვერცხლი უკვე მეტი რაოდენობითაა, ასევე მეტია ვერცხლი ბექთაკარის საბადოზეც. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში საქართველოში ვერცხლი არანაკლებ მნიშვნელოვანი წიაღისეული ნედლეული გახდება, ვიდრე ოქრო. რაჭაში კვარძახეთის მადანგამოვლინებაზე ვერცხლის შემცველობა 160 გრამამდე ადის ტონა ქანზე მაშინ როდესაც საერთაშორისო სტანდარტებით ტონაზე 20 გრამის შემცველობის შემთხვევაში უკვე იწყება საბადოს ექპლოატაცია.

მოსაპირკეთებელი ქვები

საქართველო ცნობილია თავისი მოსაპირკეთებელი ქვებით, განსაკუთრებით მარმარილოს საბადოებით. მარმარილო კირქვის მეტამორფიზირების შედეგად მიღებული ქანია. კირქვა თეთრი, ზღვის ფსკერზე დალექილი ქანია, ზოგჯერ ფხვიერი ან რბილი, ზოგჯერაც მკვრივი. მარმარილო კი კირქვების დიდი წნევის ქვეშ გადაკრისტალების პროდუქტია და ამის გამო ნახევრად გამჭვირვალეა, რაც მას ალამაზებს. მარმარილოს გაპრიალების შემდეგ ოპტიკური სიღრმული ეფექტი აქვს. „ასეთი, ნახევრად გამჭვირვალე მარმარილო საქართველოში მხოლოდ ლოპოტაზეა, კახეთში და დიზის წყებაში სვანეთში. ლოპოტის საბადო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისი თეთრი მარმარილოსაგან ქართველი ხელოვნების მიერ დიდებული ქანდაკებებია შექმნილი. ეს არის სულ ნამდვილი მარმარილოს საბადოები საქართველოში. დანარჩენი არის ფერადი, მაგალითად, იმერეთში შროშის, მოლითისა და სალიეთის ცნობილი მარმარილოები. ეს არის ლამაზი ფერის მეტამორფიზირებული კირქვა რომელთაც გამჭვირვალეობა არ აქვთ და ამიტომ მათ მარმარილოსებრი კირქვები ეწოდებათ, თუმცა სხვადასხვა ფერისა და ლამაზი მოხატულობის გამო მათზე დიდი მოთხოვნილებაა. მარმარილო არის სადახლოშიც, სომხეთის საზღვართან, ჯავახეთში ჭობარეთში, იმერეთში ხორითსა და მოხოროთუბანში და სხვა“, – აცხადებს დავით არევაძე.

კლასიკური გრანიტი, ღია თეთრი ან მოვარდისფერო ქანი საქართველოში მაინცდამაინც ბევრი არ არის, მაგრამ არის. ძალიან საინტერესო ქანია გაბრო. რიკოთის გადასასვლელის მიდამოებში გვხვდება შავი ფერის გაბრო წითელი ჩანაწინწკლებით – რიკოთიტი. საქართველოში ყველაზე ცნობილი მაგმური ქანი ტეშენიტია, რომელიც დიდი რაოდენობითაა იმერეთში ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონებში და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ეს ქანი ასევე გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც. უაღრესად დეკორატულნი არიან ხევისა და ახმეტის რეიონის მწვანე და ყავისფერი დიაბაზები. ბოლნისის ტუფის პოპულარობა დღითიდღე იზრდება გარდა იმისა რომ ამ ქვით მოპირკეთებულია ჩვენი დიდებული ისტორიული ძეგლები და დღევანდელი სამების კათედრალი, უცხოელებმაც დააფასეს მისი ფერი და გამძლეობა და ბოლო პერიოდში ის უკვე ექსპორტზეც გადის. მრავალია საქართველოში ვულკანური ქანების ბაზალტების, ანდეზიტების, დაციტებისა და დიაბაზების საბადოები.

ქიმიური და აგრომადნები

დავით არევაძე: „ამ ჯგუფის მინერალური რესურსები ძირითადად გამოიყენება ქიმიურ, კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით. ბარიტებს გარეშე ნავთობისა და სხვა წიაღისეულ საბადოთა ბურღვა შეუძლებელია და ამის გამო დიდი საექპორტო პოტენციალიც აქვთ. საქართველოში ბარიტის მრავალი საბადოა, რომელთაგან თავიანთი მარაგებით გამოირჩევიან რაჭაში ჩორდისა და აფხაზეთში აფშრის საბადოები. კალციტი – ქიმიური და ლაქსაღებავების მრეწველობაში გამოიყენება. ოთხი საბადოა, ოთხივე იმერეთში. ბენტონიტური თიხები – ბურღვა, მეტალურგია, საკვები დანამატები, წვენების, ღვინოებისა და ზეთების გაწმენდა და სორბირება. ორი ცნობილი საბადოა – ასკანა გურიაში, გუმბრი იმერეთში და ამათ გარდა რამოდენიმე ნაკლებად შესწავლილი მადანგამვლინება მესხეთში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 90-იან წლებში ლიცენზია ასკანის საბადოსა ათვისებაზე აიღო ევროპაში უმძლავრესმა ბენტონიტების მწარმოებელმა ბერძნულმა კომპანიამ Silver and Barite და როგორც მადნის მომპოვებელი ასევე სამთო ქიმიის ოზურგეთის მძლავრი საწარმოც როგორც კონკურენტები დააკონსერვა, რის გამოც უმუშევარი დარჩა ასობით თანამშრომელი. ტალკი – გამოიყენება ქიმიას და კერამიკაში. საბადოებია ხაშურსა და სამაჩაბლოში. ცეოლითი – აგრომადანი, რადიაქტიული გამოსხივების შთანთქმა, ცხოველთა საკვების დანამატი, ცემენტის, მსუბუქი ბეტონებისა და სამშენებლო ბლოკების წარმოება, სორბენტი გამდინარე წყლების და ქიმიური ნარჩენების გასასუფთვებლად. უმაღლესი ხარისხის ცეოლითების უმდიდრესი მადნებია მცხეთისა და კასპის რაიონებში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ავარიული ატომური რეაქტორის გამოსხივების ლოკალიზაცია მხოლოდ მცხეთის რაიონის ხეკორძულის ცეოლითების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ასევე მრეწველობის მრავალი მიმართულებებით გამოიყენებიან დიატომიტები, პერლიტები, მჟავაგამძლე ანდეზიტები, მირაბილიტები, ლითოგრაფული ქვები, მინერალური პიგმენტები, ქალცედონები, აგატები და სპონგოლოტები რომელთა საბადოები მრავლადაა საქართველოში. საქართველოში ასევე მრავლადაა კერამიკული ნედლეული რომელთა რიგს განეკუთვნებია იმერეთში ჯვარისის კაოლინის თიხის, ბოლნისის ფაიფურის ქვისა და გურიის ტრაქიტებისა და პეგმატიტების საბადოები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნონ აგრომადნები რომლებითაც მართლაც და მდიდარია საქართველოს წიაღი. დღეს კაცობრიობა ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად მოიხმაროს ქიმიური სასუქები რომელთა ალტერნატივაც მხოლოდ აგრომადნებია. ამ უკასნასკნელთაგან საქართველოში გავრცელებულია ფოსფორიტები. მისი საბადოები გვხვდება ქუთაისის გარშემო, ასევე რაჭაში და ხარაგაულის რაიონში. შემდეგია გლაუკონიტები, რომელშიც შედის ფოსფორიც და ყველა ის მიკროელემენტი (კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, მანგანუმი და ა.შ.), რომელიც საჭიროა მოსავლის ზრდისთვის. იმერეთში გლაუკონიტის და ფოსფორიტის ფენები ერთმანეთს ენაცვლება და მათი ერთად მოპოვება შეიძლება. გლაუკონიტი წყლის გასაფილტრადაც გამოიყენება. გარდა ამისა, გვხვდება სხვა აგრომადნები: თაბაშირი, გაჯი, კირქვა და თიხაფიქლები რომელნიც უამრავია კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე.

ძალიან სერიოზულ აგრომადანებს წარმოადგენენ ტორფი და საპროპელი. საპროპელი ტბაში დალექილი მტვერისა და ასევე წყალმცენარეთა და სხვა ტბიური ორგანიკის ლპობისა და კონსერვაციის პროდუქტია. ის არის სასუქი, რომელიც პრაქტიკულად ყველა მიკროელემენტს შეიცავს და რომლის მოხმარებაც მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. ჩვენი მარაგებით არათუ საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეგვიძლია, არამედ ექსპორტზე გატანაც. ტორფს ჩვენში ოდითგანვე მოიპოვებდნენ ნიადაგების გაკეთილშობილებისათვის, მაგრამ დღეს ტორფისა და საპროპელის კომბინირებული სასუქის იმპორტი საქართველოში ლატვიიდან და ლიტვიდან ხდება, მაშინ როდესაც პალიასტომის ტბაში საპროპელის რაოდენობა 140 მილიონ ტონას აღწევს ხოლო ტორფი გაცილებით უფრო მეტია მასზე.
გარდა ამისა, საპროპელი სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება, წალტუბოში გამოიყენებენ საპროპელის ტალახებს, ასევე გამოიყენებენ კუმისის ტბის ტალახებსაც. მას კოსმეტიკაშიც იყენებენ.

ს.ე. წყლის რესურსებზე რისი თქმა შეიძლება?
დ.ა.
საქართველოში მინერალური წყლების მარაგი დღე-ღამეში 130 000 კუბური მეტრია. აქედან, სამკურნალო წყლები არის 6 000; აბაზანები – 29 000; მიწისქვეშა მტკნარი წყლები- 6.5 მილიონი. დღეს ეს წყლები ფაქტობრივად გამოუყენებელია, მაშინ როცა ბევრ არაბულ ქვეყნებში წყალი ნავთობზე ძვირი ღირს.
დღეს მსოფლიო ბაზარზე წყალზე მონოპოლია საფრანგეთსა და იტალიას აქვს და გააფთრებით იბრძვიან პოზიციების შესანარჩუნებლად. ჩვენც როგორღაც უნდა შევძლოთ ამ ბაზარზე შესვლა – მოვძებნოთ ინვესტორი, ავითვისოთ ეს რესურსები. ძნელი არ არის გამოთვალო, რომ თუნდაც 2-3 ცენტად გაყიდულ ლიტრ წყალს ყოველწლიურად მილიარდობით შემოსავალის შემოტანა შეუძლია, თანაც გასათვალისწინებელია, რომ წყალი განახლებადი რესურსია, ის არ გამოილევა.
გვაქვს თერმული წყლებიც როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც ლისზე, საბურთალოზე, დიღომში, ორთაჭალაში. შვეციაში გათბობის 90% გეოთერმულ ენერგიაზე გადავიდა. როგორც ცნობილია დედამიწის გულში არის გავარვარებული მასა და ამიტომ ზედაპირიდან სიღრმისაკენ ქანები ნელ-ნელა თბება. ჩვენთან ზედაპირიდან 2400-2700 მეტრზე უკვე 100 გრადუსია, ცენტრალურ რუსეთში ამას 4000-4500 მეტრზე ჩასვლა სჭირდება, იგივეა ბალტიის ქვეყნებში, შვედეთსა და ნორვეგიაში. მიუხედავად ამისა, მათ ეს რესურსი უკვე გამოიყენეს – იბურღება ჭაბურღილები ისეთ დონემდე, რომ 100 გრადუსი იყოს ტემპერატურა. ერთ ერთ ჭაბურღილში დიდი წნევით იჭირხნება წყალი, ის ხურდება ქანში და ამოდის მეორე ჭაბურღილიდან. საქართველოში ეს სიკეთე თითქმის ზედაპირზე გვაქვს და შესაბამისად ამის გაკეთება ბევრად მარტივია. მთელი თბილისის გათბობა და ცხელი წყლით მომარაგება შეიძლება 5 წელიწადში განხორციელდეს. ერთია რომ ჩვენი წყლების ნაწილი სუნიანია, გოგირდწყალბადიანი, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებით ამ სუნის მოცილება შეიძლება.
ყველაფერ ამას დათვლა და ციფრებში გადაყვანა სჭირდება. ძალიან დიდი რესურსია, თავის მობმა და საქმის დაწყება უნდა. მაგალითად, ისრაელი აკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებას სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე და ექსპორტზეც გააქვს, მაშინ როდესაც ისრაელს არც წყალი აქვს და არც ჩვენი დონის ნიადაგი. დღეს საქართველოს ბიუჯეტის ძირითადი შემოსავლები მოდის ჭიათურისა და ზესტაფონის მარგანეცის შენადნობებზე, მადნეულის ოქროსა და სპილენძის კონცენტრატის ექსპორტზე და მანქანების რეექსპორტზე. ანუ საქართველოს შემოსავალი ძირითადად აქვს სამთო მრეწველობიდან და ეს შემოსავალი ბევრად მეტი შეიძლება გახდეს.
დღეს გეოლოგიის სამსახური არსებობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, მაგრამ ისინი სხვა რამეს აკეთებენ – საინჟინრო-გეოლოგიური სამსახურია და მუშაობენ ღვარცოფებზე, მეწყერებზე, სამშენებლო საკითხებზე. დანარჩენი თანამშრომლები ლიცენზირების პრობლემების მომსახურებასა და კონტროლს ეწევიან. ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. არავინ მუშაობს მადნეულ და არამადნეულ გეოლოგიაზე. დღეს ამ საქმეს ჩვენს ქვეყანაში შეძლებისდამაგვარად ემსახურება მხოლოდ ერთ დროს მძლავრი, საერთაშორისო სახელის მატარებელი ა. თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი რომლის თანამშრომელთა ხელფასი საშუალოდ 200 ლარის ტოლია და რომელთაც არავითარი დაფინანსება არ ეძლევათ საველე და საძიებო კვლევების ჩასატერებლად. გეოლოგიის სამსახური ხელახლა ჩამოსაყალიბებელია საქართველოში. რატომღაც ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ, რომ საქართველოში არაფერი გვაქვს, მაგრამ, როგორც ნახეთ, ასე არ არის. როგორც ზემოთ აღვნიშნე მხოლოდ ოქროს საერთო მარაგები 2 500 ტონაზე ნაკლები არ უნდა იყოს. გრამის ფასი 50 აშშ დოლარზე რომ ვიანგარიშოთ, გამოდის, რომ მხოლოდ ოქრო 125 მილიარდი დოლარისა გვაქვს. მართალია, ახლა ოქროს ფასი შემცირებულია, მაგრამ ფლუქტუაცია ოქროს კურსისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა და ის აუცილებლად გაიზრდება. პროგნოზის მიხედვით, 2015 წლის ბოლოსთვის უნცია ოქროს ფასი 2011 წლის დონეს გადააჭარბებს და 2000 დოლარზე მეტი ეღირება, ეს კი უკვე გრამში 60 დოლარზე მეტია. საქართველოს მთელი წიაღისეულის კაპიტალიზაცია რომ მოხდეს, 250 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი გვაქვს ულაპარაკოდ, შეიძლება ამაზე მეტიც, თან ეს წყლის გარეშე“, – აღნიშნავს დავით არევაძე.

ბატონმა დავითმა ხაზი იმ ხარვეზებსაც გაუსვა, რაც საკანონმდებლო დონეზე გვხდება და ქვეყანაში სამთომრეწველობის განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს „ზოგ ინვესტორს 20, ზოგიერთს კი 50 წლით აქვს ესა თუ ის საბადო მიცემული. დაწყო მან მუშაობა ამ ტერიტორიაზე, არ აქვს მნიშვნელობა რა მოიპოვება აქ, და ვთქვათ, ამ საბადოზე არის 8-10-15 მადანგამოვლინება. ის მუშაობს ერთ ან ორ მათგანზე, დანარჩენი გაჩერებული აქვს, რადგან იცის, რომ წინ 20-50 წელია. ეს არ შეიძლება. თუკი ის აქტიურ სამუშაოებს არ ატარებს, სხვას უნდა მიეცეს ამის საშუალება. არ უნდა გაცდეს მადანგამოვლინებები. მათზე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა. მეორე პრობლემაა ის, რომ ვთქვათ გეოლოგებმა ნახეს ახალი მადანგამოვლინება. მისი შესწავლა, და ზუსტად ტერიტორიის მოხაზვაა საჭირო, ხოლო შემდეგ მისი მარაგების განსაზღვრა. ამისათვის საჭიროა ინვესტიციები, დეპარტამენტი არ გვაქვს, ეს სამუშაოები არ გაკეთდება სახელმწიფოს ხარჯით, უნდა გააკეთოს ინვესტორმა, რომელსაც რიგი მიზეზების გამო ეშინია აქ შემოსვლა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი ის არის, რომ ძებნა-ძიებითი სამუშაოების დასაწყებად ლიცენზიაში მან ყოველ 1 ჰექტარზე 500 ლარი უნდა გადაიხადოს. კვლება-ძიება რომ დაიწყოს, უნდა აიღოს 200-300 კვადრატული კილომეტრი თუ 500-600 არა, მილიონობით დოლარი გამოდის. უცხოეთში ამ შემთხვევაში გადასახდელი არის 3-5 დოლარი ჰექტარზე. ოღონდ მოდი და იმუშავე, მაგრამ თუ აღმოაჩენ რამეს, იქ უკვე სხვა ფასებია. უნდა მისცე ინვესტორს მუშაობის საშუალება, მაგრამ აქაც უნდა იყოს შეზღუდვები. მაგალითად, ინვესტორს აღებული ჰქონდა კავკასიონის სამხრეთ ფერდზე სავანეთისა და რაჭის ნაწილი 20 წლის ვადით, მაგრამ თითი თითზე არ დაუდია მას იქ. მართალია, 20 წლის შემდეგ მას ეს ლიცენზია ავტომატურად ჩამოერთვა, მაგრამ 20 წლის განმავლობაში აქ ხომ ვერაფერი გაკეთდა. ეს უყაირათობის მაგალითია სახელმწიფოს მხრიდან. ან გეოლოგიის სამსახური უნდა აღდგეს ან ინვესტორს უნდა მიეცეს მეტი საშუალება და შეღავათი იმისათვის, რომ გარისკოს და დაიწყოს სამუშაოები. გარდა ამისა, ცუდი მდგომარეობაა კანონმდებლობის თვალსაზრისითაც.

ს.ე. კონკრეტულად რა ხარვეზებზე შეიძლება საუბარი საკანონმდებლო თვალსაზრისით?
დ.ა.
მხოლოდ რამოდენიმე მაგალითი, საქართველოს კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ. კანონის მე-5 მუხლის 1. ა. პუნქტში მოცემულ ცხრილში, რომლითაც განისაზღვრება მოსაკრებლების ოდენობა „მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით“ გაუგებარია რა პრინციპით ხდება მოსაკრებლების რაოდენობის რანჟირება წიაღისეულის სხვადასხვა სახეობებზე რადგან ხშირ შემთხვევაში იგი არ შეესაბამება მათ ღირებულებას საერთაშორისო ბაზარზე.
ასე მაგალითად: კანონმდებლობის თანახმად მოსაკრებლის ოდენობა ტყვიაზე თითქმის 3-ჯერ ნაკლებია ვიდრე თუთიაზე, მაშინ როდესაც ბაზარზე ტყვია უფრო ძვირია ვიდრე თუთია; მოსაკრებლის ოდენობა ანთიმონიტზე 10-ჯერ უფრო დაბალია ვიდრე იგივე თუთიაზე, მაშინ როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ანთიმონიუმი თითქმის 4-ჯერ უფრო ძვირია თუთიაზე; სტრონციუმზე და სხვა (რას ნიშნავს სხვა? კანონში აბსოლუტური სიზუსტით უნდა იყოს მითითებული ყველა ელემენტი ცალ-ცალკე და მათი ფასები. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი ხელს შეუწყობს კორუფციის ჩასახვასა და მის განვითარებას) განისაზღვრება მოსაკრებლით 0,8 ლარი 1,0 ტონაზე, მაშინ როდესაც ამავე კანონით 900 ლარია გათვალისწინებული 1,0 ტონა ოქროზე, საერთაშორისო ბაზარზე კი მათი ფასი თითქმის ტოლია.
სრულიად აბსურდულია პუნქტი “ე”, რომლის მიხედვითაც 1 ტონა კადმიუმზე მოსაკრებელი განისაზღვრება 800000 ლარით, ე.ი. თითქმის 1000-ჯერ მეტი თანხით ოქროს მოსაკრებელზე, მაშინ როდესაც საერთაშორისო ბაზარზე კადმიუმი ოქროზე თითქმის 10-ჯერ უფრო იაფად ფასობს.
აქვე 1 გრამ „იშვიათ ლითონებზე, იშვიათ ელემენტებზე და იშვიათ მიწათა ელემენტებზე“ განსაზღვრულია ფიქსირებული მოსაკრებელი 1,5 ლარი, რაც ასევე დაუშვებელია, რადგან ამ ჯგუფებში შემავალი ქიმიური ელემენტების ფასები საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად განსხვავებულია და ამასთან მიგვაჩნია რა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში აღნიშნული ელემენტების მოპოვებას შეუძლიათ შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი, აუცილებელია თვითოეულ მათგანზე დაზუსტეს ლიცენზირების პირობები და ფასები.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანების # 1-1/480 თანახმად სარგებლობის გაცემის ლიცენზიის საწყისი ფასი განისაზღვრება მათემატიკური ფორმულით, რომელის იდენტურობაც ჩვენი აზრით ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს, მაგრამ თვით ეს ფორმულაც კი ამავე ბრძანების თანახმად, ორ შემთხვევაში იცვლება:
პირველ შემთხვევაში ფორმულაში შეტანილია კოეფიციენტი “10”, რის შედეგადაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ლიცენზიის ფასი იზრდება ათჯერ ისე, რომ მითითებული არ არის რა რესურსები მიეკუთვნებიან განსაკუთრებულს, რაც გაუგებრობასა და სუბიექტივიზმს იწვევს და კორუფციის წყაროდაც კი შეიძლება იქცეს.
ამავე ბრძანებაში გაუგებარია მუხლი #6-ის #5 პუნქტი – „თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აუქციონის საწყისი ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება მინისტრის მიერ, ამ მუხლში განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასის შესაბამისად“. თუ საწყის ფასს ადგენს მთავრობა ან მინისტრი, მაშინ რა საჭიროა გამოსათვლელი ფორმულები, რადგანაც ბრძანების ეს მუხლი პროცესს აპრიორი გაუმჭვირვალედ ხდის.
მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ აუცილებელია კანონმდებლობის შეცვლა თუ არა დახვეწა მაინც. ამის შესახებ გეოლოგიის დეპარტამენტმა და მეც პირადად (როგორც წლების განმავლობაში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მეცნირ-კონსულტსნტმა) არაერთხელ მივმართეთ საქართველოს მთავრობებსა და პარლამენტებს, მაგრამ უშედეგოდ.
დღეისათვის არსებობს კოდექსის 2 ახალი ვარიანტი. ერთი მათგანი შემუშავებულია 2000-იანი წლების დასაწყისში გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ, ხოლო მეორე 18 ქვეყნის საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეადგინა ცნობილმა გეოლოგმა და ეკონიმიკის ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ 2013 წელს.
მინდა ვიქონიო იმედი, რომ მთავრობა და პარლამენტი ამჯერად მაინც საჭიროდ სცნობს მიაქციოს ყურადღება გეოლოგიური საზოგადოების ინიციატივას და განახლებული კანონმდებლობით უკეთეს პირობებს შექმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.

ვრცლად საქართველოს საბალანსო მარაგებისა და საპროგნოზო რესურსების შესახებ იხილეთ ბმულზე: საქართველოს წიაღისეული რესურსები