ბურები მოდიან
მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობის გამოსაკვებად 2050 წლისათვის სურსათის წარმოების გაორმაგება იქნება საჭირო. რაც არცთუ მარტივია. ვინაიდან ბოლო ასწლეულში ადამიანმა თითქმის მთლიანად აითვისა დედამიწაზე არსებული დასათესად ვარგისი ტერიტორიები. ამასთანავე, გლობალურ დათბობასთან ერთად სულ უფრო მეტი ტერიტორია შრება და ხდება მოუსავლიანი. არსებობს წყლის დეფიციტი, რაც აგრარული სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია. ყოველივე ამან, რა თქმა უნდა, უკვე მოახდინა ლოგიკური ასახვა სასოფლო-სამეურნეო წარმოების თითქმის ყველა პროდუქტის ფასზე. 2003 წლის მონაცემებთან შედარებით ხორბლისა და სიმინდის ფასები 2008 წელს გასამმაგდა, ბრინჯის კი ხუთჯერ გაიზარდა. თუმცა, მრავალ ობიექტურ მიზეზთან ერთად, ზოგჯერ, განსაკუთრებით ხშირად კი ბოლო თვეების განმავლობაში, ფასების ზრდაში სპეკულიანტების წვლილიც დიდია.
რუსეთის ბირჟებზე ბოლო თვეების განმავლობაში მარცვლეულ კულტურებზე ფასების თითქმის 50%-იანი ზრდის პარალელურად, იმ კომპანიების აქციები, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგში საქმიანობენ, 10%-ით გაიზრადა. კომპანიების აქციების ღირებულების ზრდა შეიძლება სულაც არ იყოს მხოლოდ საბაზრო პროცესების ლოგიკური შედეგი. ხშირად საქმე გვაქვს ფასების ზრდის ხელოვნურ პროცესთან. მარცვლეულ კულტურებზე ფასების მერყეობისა და საკვები პროდუქტების სულ უფრო მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბირჟის სპეკულანტებს აქვთ ფინანსური მექანზიმი, იმისათვის, რომ იხეირონ აგროინფლაციით. ბაზრის სპეკულიანტები უკვე მანამდე იწყებენ საბაზრო სპეკულაციებით ფულის კეთებას, სანამ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები თავად დაითვლიან პირველ მოგებას. 2007 წლის მეორე ნახევრიდან 2008 წლამდე, როდესაც აგროინფლაციის თემამ მსოფლიო ინვესტორები შეძრა, რუსეთის ბირჟებზე სასუქის მწარმოებელ კომპანიათა აქციების ფასი 5-7-ჯერ გაიზრდა. და ახლაც, ზაფხულიდან მოყოლებული ამ კომპანიების მესვეურები ყველაზე მყარად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, მიმდინარე გლობალური ფინანსური კრიზისის გათვალისწინებითაც კი.
ივლისის დასაწყისში ჯიმ როჯერსმა, რომელიც საბირჟო ოპერაციების ნამდვილ გურუდ მიიჩნევა, ინვესტორებს მოუწოდა აქცენტი გაეკეთებინათ ნედლეულზე, უპირველეს ყოვლისა კი, საკვებ პროდუქტებზე და მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე. ამ განცხადების შემდეგ, სულ მალე მსოფლიო შეძრა ცნობამ მწირი მოსავლისა და ფასების კატასტროფული, თითქმის 30-70%-იანი ზრდის შესახებ. და ეს მხოლოდ 2 თვის, ივლის-აგვისტოს განმავლობაში. ერთ-ერთი კომპანიის აქციების ფასი რუსეთში, რომლის საქმიანობაც სოფლის მეურნეობას და მარცვლეულ კულტურებს უკავშირდება, რუსეთის ბირჟებზე 14%-ით გაიზარდა.
საუბარია კომპანია “რაზგულიაზე”. ის აქციების სწრაფი გაძვირების გამო პირველად არ მომხდარა ყურადღების ცენტრში. 2007 წლის შემოდგომის შუა პერიოდში ფასები მის აქციებზე თითქმის ორჯერ გაიზრდა, რადგან ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელს მსოფლიოში გაძვირდა. თუმცა 2008 წლის მეორე ნახევრიდან პროდუქციაზე ფასების შემცირების (ხორბალი თითქმის 2-ჯერ გაიაფდა) გამო აქციების ღირებულებაც შემცირდა. ამ დროისთვის კი აქციების ფასი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იზრდება. ეს მაგალითიც ცხადყოფს და ამას ბევრი ექსპერტიც ეთანხმება, რომ ახლა მომავალი იმ კომპანიების ხელშია, ვინც ინვესტირებას სოფლის მეურნეობაში აკეთებს. თუმცა ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს ინვესტორების არცთუ ფართო წრეა. სხვა სფეროებთან შედარებით სოფლის მეურნეობა ინვესტორების დიდი ნაკადით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.
გამონაკლისი არც საქართველოა. საქართველოს მოსახლეობის 53% დღეს სოფლად ცხოვრობს. სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულია მოსახლეობის 40%. მიუხედავად ამისა, ადგილზე შექმნილი აგროპროდუქციის წილი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ია. რაც შიდა ბაზრის მოთხოვნის მხოლოდ 12%-ს აკმაყოფილებს. დღეს საქართველოში სახნავ-სათესი მიწების 40%-იც კი არ არის ათვისებული. 1990-2007 წლებში ნათესი ფართობები 700 000 ჰექტარიდან 297 000 ჰექტარამდე შემცირდა. მსოფლიოში ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ქართველ გლეხს ჯერ სარწყავი სისტემების პრობლემა ვერ მოუგვარებია და მიწას კვლავაც საუკუნის წინანდელი მეთოდებით ამუშავებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში მრავალი პრობლემა არსებობს, რომელთაგანაც ორი განსაკუთრებით გამოსაყოფია. ხარისხის კონტროლი და პროდუქტიულობის ძალიან დაბალი დონე. ჩვენთან მსხვილი ფერმერული მეურნეობები განვითარებული არ არის. შეუძლებელია ქართველმა გლეხმა, რომელსაც რამდენიმე ძროხა ან ქათამი ჰყავს, კონკურენცია გაუწიოს მსოფლიო ბაზარზე მსხვილ ფერმერს, რომელიც გაცილებით იაფად აწარმოებს გაცილებით მეტ პროდუქციას. ქართველ გლეხს მეურნეობის აწყობა უჭირს. შესაცვლელია ინფრასტრუქტურაც და სოფლის მეურნეობის წარმოების მეთოდებიც. დასანერგია ახალი ტექნოლოგიები. შედეგად კი, საქართველო საკუთარი მოსახლეობის სურსათით მომარაგებას ვერ ახერხებს და კვლავაც იმპორტულ პროდუქტზეა დამოკიდებული.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ქართველ ფერმერებს მიწის დასამუშავებლად და ფერმერული მეურნეობების მოსაწყობად ფული არ აქვთ. წვრილი ფერმერული მეურნეობების გაერთიანებაც დღემდე ვერ ხერხდება. ნათესებს მორწყვა სჭირდება, ერთი ჰექტარის მორწყვა კი 70 ლარამდე ღირს, ხოლო საკუთარი სარწყავი დანადგარის ყიდვა ძვირი ჯდება. ამას, ხშირ შემთხვევაში, ემატება ცუდი კლიმატური პირობები, ამიტომ ბევრმა გლეხმა მიწის დამუშავებაზე ხელი აიღო. მთავრობაში ფიქრობენ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე შესაძლოა ბურებმა შეარბილონ, რომლებიც სოფლის მეურნეობაში ჩადებენ ინვესტიციებს და საკუთარ მეურნეობებს სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში გადმოიტანენ. ეს იდეა სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიას ეკუთვნის.
ბურები ჰოლანდიიდან აფრიკაში XIX საუკუნეში ჩასახლებულ ემიგრანტები არიან, რომელთაც დღეს სამხრეთ აფრიკელები ავიწროებენ. მრავალი მათგანი უკვე წავიდა სხვა ქვეყნებში. აპარტეიდის რეჟიმის დასრულების შემდეგ, როცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შავკანიანთა ხელისუფლება მოვიდა, 3 ათასი თეთრკანიანი ფერმერი მოკლეს. შევიწროებამ ისეთი ფორმა მიიღო, რომ ბურებს შესაძლოა დღეისთვის კუთვნილი მიწებიც დაატოვებინონ. თეთრკანიანი აფრიკელები გასაქცევს ეძებენ და ასეთ დროს თავშესაფარი შესაძლოა საქართველოში იპოვონ. მით უმეტეს, რომ ისინი აზიურ და ევროპულ ბაზრებთან ახლო მდებარე ადგილებს ეძებენ.
აფრიკელების 15-კაციანი დელეგაცია საქართველოში ქართული მხარის მოწვევით 29 სექტემბერს 41 ათასი ოჯახის სახელით ჩამოვიდა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ბურებს ფერმერობის დიდი გამოცდილება აქვთ, საქართველოში შესაძლოა ახალი კულტურებიც შემოიტანონ და კარგი იქნება, თუ აქ ფერმერულ მეურნეობებს მოაწყობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ბურებს ბევრი ადგილი აჩვენეს და ახლა მათ დაინტერესებას ელოდებიან. ნიკა ავალიანი (დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე): “ჩვენ ადგილები ვაჩვენეთ და ახლა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, გადმოიტანენ ბიზნესს თუ არა. სამხრეთ აფრიკაში ხორცის ინდუსტრია კარგადაა განვითარებული, მესაქონლეობაში დიდი გამოცდილებაც აქვთ და დიდი ფერმერული მეურნეობებიც. ადგილობრივი ფერმერები ხორცითა და ბოსტნეულით მთლიანად აკმაყოფილებენ ქვეყნის 50-მილიონიან მოსახლეობასაც და 10 მილიონ ტურისტსაც. ისინი ჩვენს სოფლის მეურნეობას წინ წასწევენ. სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში ამჟამად 8%-ია, თუ ჩამოვიდნენ და მეურნეობა ააწყვეს, 20%-მდე გაიზრდება. ახლა საუბარი მიმდინარეობს, იმაზე, თუ ვის რა სფერო აინტერესებს. მათ შეუძლიათ შექმნან მსხვილი ფერმები მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მებოსტნეობის მიმართულებით”. ისურვებენ თუ არა ბურები საქართველოში ჩამოსვლას და რამდენად წაადგება ჩვენს სოფლის მეურენობას მათი გამოცდილება, ამას მომავალი გვიჩვენებს.
ინვესტირების პროდუქტიული უდაბურები
ერთი რამ ცხადია, დღეს სოფლის მეურნეობის დარგი არა მარტო ინვესტორების, არამედ ფინანსური სპეკულანტებისთვისაც ძალიან მიმზიდველი ხდება და არა მარტო საქართველოში. სპეკულანტები საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის ნებისმიერ შემთხვევას საფონდო ბირჟებზე სპეკულაციური გარიგებებისათვის იყენებენ. სპეკულაციურ გარიგებებში ერთ-ერთი რგოლი კვების პროდუქტებით მოვაჭრე კომპანიებია. მათ პროდუქციაზე პირველად ნედლეულზე ფასების ზრდა პირადპირ აისახება.
რუსეთში უკვე ხმამაღლა კეთდება შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ფასებს საკვებ პროდუქტებზე, უკვე იმდენად ფერმერები და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა და ავ-კარგი არ განსაზღვრავს, რამდენადაც აქციებით მოვაჭრე საბაზრო სპეკულანტები. უკვე ისმის მოწოდებები, იმის შესახებ, რომ მთავრობამ შესაბამისი რეგულირების ნორმების შემოღების გზით, ფასწარმოქმნის პროცესში უნდა გაზარდოს ფერმერთა წილი და შეამციროს სასურსათო პროდუქციით მოვაჭრე სხვა რგოლების გავლენა ფასებზე. საქმეში უკვე პუტინი და მედვედევიც ჩაერთვნენ. პუტინმა ფასების კატასტროფული ზრდა საკვებ პროდუქტებზე ბოლო თვეების განმავლობაში უკვე შეაფასა, როგორც სპეკულანტების ქმედებების შედეგი. მედვედევმა კი გასცა განკარგულება, რომ საქმეში გენპროკურატურაც ჩარეთოს და გამოავლინოს ფასების სპეკულაციურად ზრდის შემთხვევები.
შეიძლება ითქვას, რომ სპეკულაციური ფასების არც ჩვენს ადგილობრივ ბაზარს აკლია. ქართველი მომხმარებელი ხშირად ხდება მოწმე ისეთი შემთხვევის, როდესაც მსოფლიოს ბაზარზე ამა თუ იმ პროდუქციაზე ფასების ზრდას ან ლარის გაცვლითი კურის მერყეობას, ადგილობრივ ბაზარზეც შესაბამისი რეაქცია და ფასების ზრდა მოჰყვება, მაგრამ, როცა საზღვარგარეთ ფასები იკლებს, ჩვენთან იგივე არ მეორდება. თავისუფლად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთ შემთხვევაში საქმე სპეკულაციებთან გვაქვს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის კურსიც სტაბილურად მყარდება. ზაფხულის დასაწყისიდან ლარის გაუფასურების მიზეზით გაძვირებული პროდუქტის გაიაფებას კი კომპანიები არ გეგმავენ. მომხმარებელს კარგად ახსოვს ლარის 3%-ით გაუფასურებას ყველა სახის პროდუქტის 10-15%-ით გაძვირება მოჰყვა.
აგვისტოში დაწყებულმა ინფლაციამ საქართველოში სექტემბერში უფრო მასშტაბური სახე მიიღო და სამომხმარებლო ბაზარს მთლიანად მოედო. პურის გაძვირებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბიძგი მისცა სხვა საკვები პროდუქტის გაძვირებას. ოფიციალურმა სტატისტიკამ სექტემბერში 9,8%-იანი ინფლაცია აღრიცხა, რაც პოსტკრიზისულ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა რეალობა გაცილებით მძიმეა და, როგორც წესი, ის ოფიციალურს რამდენჯერმე აღემატება. ფასმა განსაკუთრებით მოიმატა წიწიბურაზე, რაც რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის შეზღუდვებს უკავშირდება. ბაზარზე ამის გამო დეფიციტიც შეიქმნა. შაქარი კიდევ 5,5%-ით გაძვირდა, იმ დროს, როცა მსოფლიო ბაზარზე ფასმა 1,5%-ით დაიკლო. მსოფლიო სამომხმარებლო ფასებზე განსაკუთრებით იმოქმედა მარცვლეულისა და ხორცის გაძვირებამ, რასაც რუსეთის ემბარგომ გაუკეთა პროვოცირება. ერთთვიანი გაძვირების შემდეგ ხორბალზე ფასმა ცოტა დაიკლო, მაგრამ საქართველომდე არც ამ სიახლეს მოუღწევია ჯერ.
იმპორტირებული პროდუქტების გაძვირების შედეგად გლეხებმა სოფლის მეურნეობის პროდუქტიც გააძვირეს, წლეულს საქართველოში ფასების მატებამ ყველა რეკორდი მოხსნა. არადა, საერთაშორისო ბაზრებზე, ძირითადად, მარცვლეული პროდუქტია გაძვირებული. შესაბამისად, ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ფასების მატება სპეკულაციურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ეროვნული ვალუტა ისე არ გაუფასურებულა, რომ მას პროდუქტის ფასების ნახტომისებური ზრდა გამოეწვია.
კაცობრიობა დღეს ბევრი პრობლემა აწუხებს: ტერორიზმი, ფინანსური კრიზისი, გლობალური დათბობა და სურსათის დეფიციტი, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის მატებასთან ერთად სულ უფრო მწვავდება. დღეს მთელი მსოფლიო საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას გაფაციცებით ადევნებს თვალს. ფასების ზრდის მთავარი მიზეზი გაუარესებული კლიმატური პირობების და მოსავლის შემცირებული რაოდენობაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი მხოლოდ ბუნებრივი კატაკლიზმების ბრალი არ არის, სპეკულაციური გარიგებების ცდუნებამ, ეკონომიკის სხვა დარგებიდნ ახლა აგრარულ სექტორში გადაინაცვლა.რედაქციისგან