უსახლკარო მილიარდერი
რედაქციისაგან
46 წლის ნიკოლას ბერგრიუენი 3,2 მილიარდი დოლარის მფლობელია. იგი იმით არის გამორჩეული, რომ სხვა მილიარდერებისაგან განსხვავებით, ფართო საზოგადოებამ მის შესახებ ბევრი არაფერი იცის. გარდა ამისა, ბერგრიუენის უცნაურ ხასიათზე ისიც მიუთითებს, რომ იგი ოფიციალურად უსახლკაროა. დიახ, ნიკოლასი სასტუმროებში ცხოვრობს.
ბერგრიუენი განსაკუთრებით პრესასთან ურთიერთობას გაურბის. მისი უკარებლობა ხშირად კურიოზულ სიტუაციაში გადაზრდილა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ერთმა ჰოლანდიურმა გაზეთმა მილიარდერის შესახებ საკმაოდ ვრცელი სტატია დაწერა. ჰოდა, ნიკოლასმა მთელი ტირაჟი შეიძინა და გაანადგურა.
ბერგრიუენის თავისებურებები მის მეგობრებსაც კი აოცებს. ნიკოლასის სამუშაო დღე 12-14 საათი გრძელდება. ამასთან, მას იშვიათად ხედავენ მისი კომპანიის ოფისებში. იგი კომპანიას სასტუმროს ნომრიდან ან რესტორნიდან მართავს. როგორც წესი, იგი დღეში ერთხელ იკვებება. განსაკუთრებით უყვარს ნიუ-იორკის პარკში სირბილი, სადაც დროს საათობით ატარებს. როგორც წესი, კომპანიის მართვას არც იქ წყვეტს და საქმეს პორტატული კომუნიკატორისBlackBerry-ის საშუალებით აგვარებს, შემდეგ სასტუმროს ნომერში მიბრძანდება და ცხელ შოკოლადს მიირთმევს.
დიდი ინვესტორი
ფილანტროპმა ნიკოლას ბერგრიუენმა მთელი ქონება გაყიდა. ჩვენს დროში მილიარდიანი ქონება უკვე აღარავის უკვირს. ყველა მილიარდერი და მილიონერი კარგახანია ცნობილია. ისინი Forbes-ის სიაში ერთმანეთს ენაცვლებიან და ჰოლივუდის ვარსკვლავებზე არანაკლებ განთქმულნი არიან. თუმცა მათ შორის ზოგიერთი ძალიან უცნაური ზნით გამოირჩევა. ერთ-ერთი მათგანია ამერიკელი ნიკოლას ბერგრიუენი.
ამ უცნაური კაცის ცხოვრების ისტორია არცთუ ტიპიურია. იგი დაიბადა 1962 წელს პაბლო პიკასოს, ხუან მიროს და მაქს ერნსტის მეგობრის, განთქმული კოლექციონერის – ჰაინც ბერგრიუენის ოჯახში. ნიკოლასი ჰოლანდიასა და ბელგიაში იზრდებოდა და ოცნებობდა მწერალი გამხდარიყო. ბიჭი ძალიან ბევრს კითხულობდა და ალბერ კამიუს, ჟან პოლ სარტრის და სხვა ეგზისტენციალისტების წიგნების გავლენით, თავისი პრივილეგირებული აღზრდის წინააღმდეგ ამხედრდა. 17 წლის იყო, როცა ნიუ-იორკში გადაბარგდა და უნივერსიტეტში გამოცდები ჩააბარა.
ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში თავისი პირადი, რამდენიმე ათასი დოლარის ოდენობის დანაზოგით ინვესტირება დაიწყო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან ფულის ობლიგაციებსა და პირდაპირი ინვესტირების ფონდებში დაბანდება გააგრძელა. ჭკვიანმა ყმაწვილმა გვარიანი კაპიტალი მოაქუჩა და მალე არა მარტო ინვესტიციებს ანხორციელებდა, არამედ მთელ კომპანიებსაც კი ყიდულობდა. მის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან შენაძენად შეიძლება ჩაითვალოს ოფთალმოლოგიური კომპანია FGX, რომელიც ყიდვისას გვარიანად იყო გაუფასურებული, მაგრამ ნიკოლასმა მასში საინტერესო რეორგანიზაცია განახორციელა, კომპანია ფეხზე დააყენა და დიდი შემოსავალიც მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბერგრიუენმა რამდენიმე გაზეთი, ჟურნალი, ინტერნეტ-პროვაიდერი და ტელე და რადიოარხის შეიძინა. შედეგად, მან მედია-ჰოლდინგი Media Capital-ი შექმნა, რომელიც მოგვიანებით დიდძალ თანხად გაყიდა.
ბერგრიუენმა ძალიან ბევრი ამგვარი გარიგება განახორციელა, რის შედეგადაც, მისი საინვესტიციო კომპანიაBerggruen Holdings-ი ამერიკული ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე გახდა, ნიკოლასმა კი მილიარდერთა რიგებში შეაბიჯა.
სოციალურ ტალღაზე
მილიარდების შოვნის შემდეგ ბერგრიუენმა, როგორც თავად ერთხელ აღნიშნა, მატერიალური ფასეულობისადმი ინტერესი მთლიანად დაკარგა. უძრავი ქონება, ავტომობილები, ძვირფასეულობა, ხელოვნების ნიმუშები მისთვის უკვე აღარაფერს ნიშნავდა. ჰოდა, ბერგრიუენმა თავისი ქონების გაყიდვა დაიწყო. აპარტამენტები ნიუ-იორკში, ვილა ფლორიდაში, ავტომობილები და ა.შ. ერთი ხელის მოსმით გაასხვისა.
გარდა ამისა, უცოლ-შვილო ბერგრიუენს გადაწყვეტილი აქვს გარდაცვალების შემდეგ მთელი თავისი ქონება მის მიერვე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს, ხოლო მამისაგან დანატოვარი ხელოვნების ნიმუშთა შესანიშნავი კოლექცია ბერლინის მუზეუმს გადასცეს. ნახატი რად მინდა, სად უნდა წავიღო, მე ხომ სახლი არ მაქვსო, – აღნიშნა ამასწინათ მან ერთ-ერთ უიშვიათეს ინტერვიუში და იქვე დაამატა, რომ მთავარი ფულის კი არა, კეთილი საქმის კეთებაა.
ასეა, მილიარდერს, რომელმაც თავისი დიდძალი ქონება ინვესტიციებით დააგროვა, ახლა სხვაგვარი სტრატეგია აქვს. ბერგრიუენი ფულს ისეთ პროექტებში აბანდებს, რომლებიც არა მარტო მომგებიანი იქნება, არამედ სოციალურ პრობლემებსაც გადაჭრის. ესენია ბრინჯის მინდვრები კამბოჯაში, ქარის წისქვილებით აღჭურვილი ფერმები – თურქეთში, ცათამბჯენები – ღარიბ ქვეყნებში და ა.შ. გარდა ამისა, იგი არაფერს იშურებს ალტერნატიული ბიოსაწვავის შემუშავების საქმისათვის, რაც ნავთობზე სარეკორდოდ გაზრდილი ფასების გამო ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია.
ამგვარი გახლავთ ნიკოლას ბერგრიუენის ბუნება. კაცისა, რომელმაც ამქვეყნად გემო ყველა სიკეთეს გაუგო და 46 წლის ასაკში იმქვეყნიური ცხოვრებისათვის საჭირო კაპიტალს აგროვებს.