აზიური ექსპანსია
შოთა ვეშაპიძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამბროსი გრიშიკაშვილი, მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი
“ისტორია და წარმატება იმისია, ვინც მას არა ჰკმარობს – რაც დღეს არის, და ვისაც დღევანდელობა მარტო ხიდად მიუჩნევია ხვალისათვის და არა ბინად, საცა კაცმა თავი უნდა შეიკეტოს.”
“ისტორია და წარმატება – მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპელი… რადგანაც ამისთვის ხელში აქვს მეცნიერება და მხნეობა, ჭკუა და ხელი. ამ მეცნიერებასა და მხნეობას, ამ ჭკუასა და ხელს ამოქმედებს დაუღალავი წყურვილი ხალხის უკეთესობისა და მწვავი უკმარისობა დღევანდელობისა. ამ ორ გრძნობათაგან წარმოსდგება ძლევამოსილი წინმსვლელობა… დიადი წარმატება!”…
“იაპონია ამ მხრით (ევროპის მოწინავე გამოცდილების გააზრებით – რედ. კოლ.) უფრო გაბედულად ირჯება. მისი ახალი ხელმწიფე დიდი მომხრეა ევროპის განათლებისა და ჰლამის დაუცხრომელად – ყოველიფერი, ნამეტნავად მმართველობა და გამგებლობა ქვეყნისა, ევროპის წესსა და რიგს შეუფარდოს… და ვინ იცის, – იქნება იაპონიამ პირველი მესვეურობა გაუწიოს აზიას ევროპის ცივილიზაციის ზემოქმედების ქვეშ წარსამატებლად.”
ილია ჭავჭავაძე
წინამდებარე სტატია არა იმდენად ცალკეულ ქვეყანას, თუ ცალკეულ რეგიონს, არამედ მთელ ცივილიზაციებს და მათ პერსპექტივებს (დასავლური და აღმოსავლური, შესაბამისად ევროპული და აზიური წარმოების წესი), ეხება. ვფიქრობთ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მკითხველი კიდევ უფრო სწორ დასკვნას გააკეთებს იმის შესახებ, თუ რა უფრო უკეთესია ქვეყნისა თუ საზოგადოებისათვის პოლიტიკური, სამეურნეო, თუ კულტურული წარმატების მისაღწევად. ვვარაუდობთ, რომ მრავალმა ქვეყანამ ამგვარი დასკვნა უკვე გააკეთა კიდეც.
აქვე არ შეგვიძლია არ შევნიშნოთ და აღფრთოვანება არ გამოვთქვათ იმის თაობაზეც, თუ რა დიდი ხნის წინათ გააკეთა მსგავსი დასკვნები დიდმა ილია ჭავჭავაძემ და რა სიზუსტით გამოთქვა თავისი პროგნოზები ევროპული და აზიური საზოგადოებების განვითარების შესახებ.
XIX საუკუნის ოთხმოციანი წლების შუა პერიოდში (1886წ.) ილია ჭავჭავაძემ გააანალიზა “მუშათა ყოფა-ცხოვრების საქმე ევროპაში”. მან გვიჩვენა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ კი გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში ერთი და იგივე საკითხების მოგვარებისადმი განსხვავებული მიდგომა გამოიყენეს.
მთავარი დასკვნა ასეთია: ყველა ქვეყანას არც ერთი და იგივე საკითხის ერთი და იგივე გზით გადაწყვეტა გამოადგება და მითუმეტეს, არც ერთმანეთის გამოცდილების შაბლონის სახით გადმოტანა. განვითარების მიღწევა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. სხვების მიერ უკვე განვლილ გზას, მათ გამოცდილებას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს და მას უეჭველად უნდა ვიყენებდეთ ადგილობრივი თავისებურებების შესწავლისა და ყოველმხრივ დასაბუთებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.
ილია უმთავრეს მიმართულებად მიიჩნევდა, თუ როგორ უნდა ვიხელმძღვანელოთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებით, რას უნდა მივაქციოთ უმთავრესი ყურადღება. 1889 წელს დაწერილ სტატიაში – “აზია წინათ და ეხლა”, ილიამ დაასაბუთა, თუ რას მიჰყავს მსოფლიო წინ, რომელი ქვეყნები ჩამორჩნენ და დაწინაურდნენ და რატომ? ზოგადად რას უნდა ვითვალისწინებდეთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებიდან? როგორც ილია აღნიშნავდა, აზია წინათ ცივილიზაციის აკვანი იყო და “ერთს დროს მთელის ქვეყნის ბედის წარმატებას სათავეში ედგა”, ახლა კი აზიელობა უფრო დამამცირებელი (“საბიაბრულო”) სახელია, ვიდრე თავსმომაწონებელი. ამას ავტორი ლოგიკურად მიიჩნევდა, რადგან აზიამ თავისი წარსული და დღევანდელობა კრიტიკულად არ შეაფასაო. იგი წერდა: “ესეც უნდა მომხდარიყო. ისტორია და წარმატება იმისი კი არ არის, ვინც მარტო თავის თავის ავკარგიანობას შეჰხარის, ვინც მარტო დღევანდელობას – ავია თუ კარგი – ჰკმარობს, ვითარცა ხელსშეუვალს რასმე ანდერძს მამაპაპეულს, არამედ იმისია, ვინც მას არა ჰკმარობს – რაც დღეს არის და, ვისაც დღევანდელობა მარტო ხიდად მიუჩნევია ხვალისათვის და არა ბინად, საცა კაცმა თავი უნდა შეიკეტოს, როგორც სამუდამო სადგურში, სამუდამოდ გულზე ხელდასაკრებად და მოსასვენებლად. ტყუილად კი არა სთქვა ტურგენიევმა, რომ ეს ქვეყანა ტაძარი კი არ არის, სადაც კაცი უნდა ჰლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და ჰმუშაობდესო”.1
ილიას აზრით, მსოფლიო ასპარეზზე ევროპის დაწინაურება განაპირობა მეცნიერებამ და მხნეობამ, ჭკუამ და ხელმა, დღევანდელობით დაუკმაყოფილებლობამ და უკეთობის წყურვილმა. ავტორი აღნიშნავდა: “ისტორია და წარმატება – მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპიელი, და ბურთი და მოედანიც იმას დარჩა. იგია დღეს გამგებელი ქვეყნიერობისა, იგია დღეს ქვეყნის უღლის მწეველი და იგივეა ქვეყნის სიკეთის მკრეფავი და პატრონიცა. ამა ქვეყნის მადლის თაფლსა მარტო ევროპიელიღა იღებს ქვეყნის სკისაგან, რომელსაც ხან იქით უბრუნებს პირს, ხან აქეთ, იმისდა მიხედვით, როგორც და საითაც უჯობს, რადგანაც ამისათვის ბარიც ხელში აქვს და ნიჩაბიც, ესე იგი, მეცნიერება და მხნეობა, ჭკუა და ხელი. ამ მეცნიერებასა და მხნეობას, ამ ჭკუასა და ხელს ამოქმედებს დაუღალავი წყურვილი ხვალის უკეთესობისა და მწვავი უკმარობა დღევანდელობისა. ამ ორ გრძნობათაგან წარმოსდგება ის ძლევამოსილი წინმსვლელობა, ის დიადი წარმატება, რომელიც ყარამანსავით ყაფის მთას მხარებზედ დაიყენებს, რომ ქვეშ ჯარმა მშვიდობით და უწყინარად გაიაროს”.2
ასე დაწინაურდა ევროპა. აზია კი ჩამორჩა. მისი უბედურობა, უძრაობა და თავის ნაჭუჭში ჩაკეტვა იყო. ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა: “რამ დაჰმართა ეს ამბავი აზიას? რამ დაუხუთა მუხლი მსვლელობისა და ერთ დროს წინმავალი ქვეყანა, ეხლა ასე უკან რომ დააყენა? იმან თუ – რომ თავისი საკუთარი ძარღვები დააწყდა, თავისი საკუთარი საგზალი წინმსვლელობისათვის შემოაკლდა, თუ სხვა რამ მიზეზმა მოსჭრა სულიერი და ხორციელი მუხლი, – ამის გამოძიებას ჩვენ არ შევუდგებით. ეს კი აშკარაა, რომ მისი წარმატება შესდგა, შეჩერდა და აზია დღევანდელს დღეს ანგარიშმოსატანი არ არის, როცა ქვეყნის წინმსვლელობაზე ვლაპარაკობთ. ამასთან აზიის უბედურება ის იყო, რომ ეს შედგომა, შეჩერება, თითქო ვერ იგრძნო, ვერ იცნო, – პირიქით, რაცა ჰქონდა, სასულიერო თუ სახორციელიო იმას დასჯერდა და თავმოწონებული შეჰხაროდა, თითქო იმაზე უკეთესი სხვა აღარა ეგულება-რაო. ამით კმაყოფილმა ცალკე შეიკეტა და გარედან აღარ მიიკარა არც ამაყვავებელი შუქი მზისა, არც გამაცოცხლებელი სიო. ამ ყოფაში ჩავარდა ჩინეთი, მისი მიმყოლი იაპონია, რომელთაც არავინ აღარ მიიკარეს და ამისათვის მაგარი ზღუდე შემოავლეს თავის არემარეს. თითქმის ამ ტყუილს თავმოწონებასა და კმაყოფილებას მიეცა სპარსეთიცა, საცა სასულიერო წოდებამ მოსლემინებისამ შეჰკრა და შეჰბოჭა გონება და გული მთელის ერისა და თვალები აუბა იმდენად, რომ თავისზედ უკეთესს სხვას არავის ხადიდა”.3
ასე შეარყია აზია “ტყუილ თავმომწონებით ყოფნამ”. ამიტომ საჭირო იყო კარი გაეღოთ ცივილიზებული ქვეყნებისათვის. ილია ჭავჭავაძე გამოსავალს სხვისგან ჭკუის სწავლებაში ხედავდა. იგი მიიჩნევდა: “დღეს, ესე ნებიერად და ტყუილ თავმოწონებით ყოფნა შეირყა თითქმის მთელს აზიაში. აზიამ თვალთვალ დაინახა უპირატესობა ევროპისა, იგრძნო, რომ ევროპა გაცილებით წინ წასულია, უფრო მდიდარია, უფრო ბედნიერია, უფრო ბევრის სიკეთისა და მადლის მპყრობელია, უფრო ძალოვანი და ღონიერია, და აქომამდე დაკეტილი კარი თავისის ქვეყნებისა ცოტად თუ ბევრად აქაც მოაწვდინოს. ასე იქცევა დღეს ჩინეთიცა, იგი ჩინეთი, რომელიც ყველა სხვა ქვეყნებზე უფრო ძლიერ ეურჩებოდა ევროპიდამ შუქის შემოსევას და მოფენას და სადაც დღესაც ეს ახალი მიმართულება შიშითა და კრძალვით ფეხს იკიდებს ცოტ-ცოტად და ფრთხილად, რადგანაც აქაური ერის უფროს-ერთობა მაინც ურჩობს და ჰთაკილობს სხვისაგან ჭკუის სწავლებას, სხვის ცივილიზაციას, სხვის ავკარგიანობას”.4
რა უნდა გადმოიღოს ამა თუ იმ ქვეყანამ უფრო მოწინავე ქვეყნებიდან, კერძოდ კი ევროპიდან? ილია ამ კითხვებს პასუხობდა და მიიჩნევდა რომ ჩინეთს, იაპონიას, ირანს ევროპიდან უნდა გადმოეღოთ “ევროპის განათლება” და თითქმის ყველაფერი. იგი იწონებდა იაპონიის მაგალითს და წერდა: “იაპონია ამ მხრით უფრო გაბედულად ირჯება. მისი ახალი ხელმწიფე დიდი მომხრეა ევროპის განათლებისა და ჰლამის დაუცხრომლად – ყოველიფერი, ნამეტნავად მმართველობა და გამგებლობა ქვეყნისა, ევროპის წესსა და რიგს შეუფეროს. დღეს იაპონიას ბევრი ევროპიულად განათლებული, ევროპაშივე სწავლამიღებული ახალგაზრდობა ჰყავს. შინაც დიდად მოცადინენი არიან სწავლისა და განათლებისათვის. მწერლობა, ცოტად თუ ბევრად, ფრთაასხმულია და გავრცელებული, და ვინ იცის, – იქნება იაპონიამ პირველი მესვეურობა გაუწიოს აზიას ევროპის ცივილიზაციის ზემოქმედების ქვეშ წარსამატებლად და განთიადმა განათლებისამ თავისი სხივოსანი შუქი პირველ იქიდამ მოჰფინოს მთელს აზიასაც. ამბობენ, იაპონელი ამისათვის არც ნიჭს არის მოკლებული და არც უნარსო”.5
ილია ჭავჭავაძე იწონებდა, რომ სპარსეთმაც კარი გაუღო ევროპის ცივილიზაციას და გენიალურად დაასკვნა: ზოგადად მოწინავე ქვეყნიდან ყველაფერი უნდა გადმოვიღოთ, რასაც მოითხოვს სიკეთე და ბედნიერება. ილიას მთავარი მეთოდოლოგიური დასკვნა გამოხატულია შემდეგ სიტყვებში: “არც სპარსეთი დარჩა უიმისოდ, რომ ევროპის ცივილიზაციისთვის კარი არ გაეღო. ეხლანდელის შაჰის მეფობის დროს ბევრს ძველს ჩვეულებას, რომელიც სულსა და ხორცს სპარსეთისას ჰხუთავდა, კბილი მოეჭრა. შაჰმა, რომელმაც რამდენჯერმე მოიარა ევროპა, ბევრს რასმეზე აახილა თვალი და დაინახა თავის ქვეყანაში ბევრი უმსგავსობა და შეუფერებლობა. იგი ცდილობს ბევრი რამ ძველი განსდევნოს, ბევრი რამ ახალი შემოიღოს. ამისათვის იგი თურმე არც იმის წინაშე უკუდგებაო, რომ თავისი ნება-უფლება შეიხუთოს, თუ ამას მოითხოვს ქვეყნის სიკეთე და ბედნიერება.”6
სპარსეთის თემას ილიამ აგრეთვე მიუძღვნა ცალკე სტატია – “დღევანდელი სპარსეთი”. ეს არის იმის სრულყოფილი ნიმუში, თუ როგორ უნდა ისარგებლო იმ ქვეყნის გამოცდილებით, რომელიც შენ არც კი მოგწონს, ან შეიძლება მასაც არ მოსწონდე. აქვე ნაჩვენებია, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ იმის გამორკვევას, თუ რა არის მისაღები ან უარსაყოფელი. ილია წერდა: “დღევანდელი სპარსეთი ის სპარსეთი არ არის, რაც აქამომდე იყო. დღეს სპარსეთში იქაური სასულიერო წოდება, რომელიც აქომამდე მარტო გუნდრუკს უკმევდა ყველაფერს სპარსულს და უკადრისად იხსენიებდა სხვა ყოველს, რაც სპარსული არ იყო, ცოტა თვითონაც გამოფხიზლდა და დაინახა, რომ თუმცა ევროპა ურჯულო ქვეყანაა, მაგრამ ბევრი იმისთანა წესი და რიგია, რომელსაც კაცმა ცხვირის მაღლა აწევით გვერდი არ უნდა გაუაროს, პირიქით, უნდა დინჯის თვალით დაუკვირდეს და აწონ-დაწონვით მოსჩხრიკოს, – რა არის იქიდან კარგი, მისაღები და შემოსატანი და რა არის უარსაყოფელი, გასადევნი”.7
დასავლეთის საზოგადოება დღემდე შეგუებული იყო, რომ მთელი მსოფლიოსათვის მას უნდა ეკარნახა თავისი პირობები, მიეწოდებინა ახალი ტექნოლოგიები, ეკონომიკური რეცეპტები და ინტელექტუალური მოდა.
ამიტომ ახლა მისთვის ძნელია იმის გააზრებაც კი, რომ ჩინეთი და ინდოეთი გაბედულად მიაბიჯებენ ეკონომიკურ სარბიელზე და საცაა შევლენ ყველაზე განვითარებული ქვეყნების ათეულში. შესაბამისად, თუ ამ ქვეყნებმა მომავალშიც ასე გააგრძელეს გიგანტური ნაბიჯებით სვლა, თუ შენარჩუნდა და მით უმეტეს, კიდევ უფრო გაფართოვდა ამერიკის დამოკიდებულება ჩინეთის ფინანსურ ბაზრებზე, მაშინ თანდათან ილუზორული გახდება დასავლეთის ლიდერობა მსოფლიოში.
საკითხავია, რითია გამოწვეული აღმოსავლეთის ასეთი წარმატებები ამდენი ხნის ეკონომიკური უძრაობის შემდეგ?
როგორც ჩანს, აზიურმა საზოგადოებებმა უკვე ამოხსნეს დასავლური სწრაფი წინსვლის საიდუმლო, კერძოდ კი ის, რომ ისინი მხოლოდ თავისუფალი ბაზრის პირობებში, კანონის უზენაესობისას, ტექნოლოგიური პროგრესის ბაზაზე და საყოველთაო განათლების გზით მიიღწევა.
ეს ყველაზე ადრე XIX საუკუნის II ნახევარში იაპონიაში შეიგნეს, რომელიც დღეს უკვე ჩვენი სამყაროს ლიდერი სახელმწიფოა. ახლა ჩინეთი და ინდოეთიც სწორედ ამ გზას დაადგნენ.
მომავალი დავიწყებული წარსულია! ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში აზია მსოფლიო მშპ-ს 75 პროცენტზე მეტს აწარმოებდა, ევროპა კი – 10 პროცენტზე ოდნავ მეტს. ათასი წლის შემდეგაც ეს პროპორცია არ დარღვეულა და შესაბამისად, 70 და 9 პროცენტს შეადგენდა. მან რადიკალური ცვლილება მხოლოდ სამრეწველო რევოლუციის შემდგომ დაიწყო და 1820 წელს დასავლეთ ევროპის წილი მსოფლიო მშპ-ში 24 პროცენტამდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც მასში აზიის წილი 60%-ზე ქვევით დაეცა. ამავე პერიოდს ეკუთვნის დასავლეთ ცივილიზაციის მიერ ისეთი ქვეყნების შემოერთება, როგორებიცაა შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. 1820 წელს ამ ქვეყნების წილად მოდიოდა მსოფლიო მშპ-ს 2 პროცენტამდე მაშინ, როდესაც მათ წილად მსოფლიო მშპ-მ 1998 წელს 20%-ზე მეტი შეადგინა. ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი აზიის წილად იყო 37%-ზე მეტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთმა საკმაოდ სწრაფად აიღო სიჩქარე და ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ეკონომიკური სასწაულის მოხდენა შეძლო.
როგორც ვხედავთ, კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში აზიას, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ კონტინენტს, ასევე ყველაზე განვითარებული ეკონომიკა გააჩნდა. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს ცნობილი ბანკის – “Goldman Sachs-ის პროგნოზი, რომლის თანახმადაც 2050 წელს სამი აზიური ქვეყანა – ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია აშშ-ს გვერდით დაიკავებენ ადგილს, როგორც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნები.
საკმაოდ პარადოქსულია ის ამბავი, რომ მართალია ამ ასპექტში სამყარო უბრუნდება ისტორიულ ნორმას, მაგრამ აზიური საზოგადოებების წარმატებები სრულიადაც არაა ძველი ცივილიზაციის რაღაც მივიწყებული რეცეპტების ხელახლა ამოქმედებით გამოწვეული. ეს იმის შედეგია, რომ ისინი, თუმცა ძნელად და მტკივნეულად, მაგრამ მაინც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულის მისაღწევად მათ დასავლური სიბრძნისათვის უნდა მიემართათ, ანუ სახელდობრ იმისათვის, რაზეც იდგა დასავლური ცივილიზაცია და რამაც შეაძლებინა ამ უკანასკნელს ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში გადაესწრო აზიურისათვის. ამიტომ ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს, თუ როგორ სწრაფად ვითარდება ზოგიერთი აზიური ქვეყანა, არამედ ის, თუ რა დიდი ხანი დასჭირდათ მათ, წარმატების გასაღების მისაგნებად. ამ მხრივ იაპონია გამონაკლისია. მან ამ გასაღებს 150 წლით ადრე მიაკვლია.
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. ჩინეთი ის ცოცხალი ლაბორატორიაა, რომელშიც შესაძლებელია გამოვიკვლიოთ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ეფექტურობა. XX საუკუნის II ნახევარში მან თანმიმდევრობით გამოიყენა ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი მოდელები: ცენტრალიზებული დაგეგმვა და საბაზრო ეკონომიკა.
1949 წელს მაო ძე დუნმა ჩინეთში საბჭოური მოდელი დანერგა, მაგრამ 1958 წელს ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს მოდელი ვერ ამართლებდა და დიდი ნახტომის პოლიტიკა გამოაცხადა. ეს ექსპერიმენტიც მარცხით დასრულდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1959 და 1960 წლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ამ ქვეყანაში შესაბამისად 14 და 13 პროცენტით შემცირდა, ხოლო შემდგომ წელს იგი 1952 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დავიდა.
მართალია, ჩინეთმა მართლაც შეძლო დიდი ნახტომის პოლიტიკის განხორციელება, მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა მან ხელი აიღო მაოს ცენტრალიზებული დაგეგმვის პოლიტიკაზე. თუმცა უკვე ბევრი საუბრობს ჩინეთის ეკონომიკის განვითარების მაღალ ტემპებზე, მაგრამ ყველას როდი აქვს წარმოდგენილი, თუ რას ნიშნავს ეს. ამიტომ ციფრებს მივმართოთ.
თუ რა მოხდა ჩინეთის ეკონომიკაში თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ, ამის საილუსტრაციოდ სინგაპურის და სიანჩენის მაგალითიც გამოდგება.
სინგაპური, ერთ-ერთი ლეგენდარული აზიური ვეფხვი, 1965-95 წლებში საშუალოდ 8,6 პროცენტით ვითარდებოდა და მისი მშპ ამ პერიოდში 1 მილიარდიდან 86 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
2005 წელს, როდესაც დენ-სიაო-პინმა სამეურნეო რეფორმები გამოაცხადა, სიანჩენი მეთევზეთა ერთი პატარა დასახლება იყო; ერთი წლის შემდეგ იქ სპეციალური ეკონომიკური ზონა შეიქმნა. 1980-2005 წლებში მისი მოსახლეობა 30 ათასიდან 11 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 28 პროცენტით ვითარდებოდა. ამის შედეგად მხოლოდ ამ დასახლებაში წარმოებული მშპ 32,5 მილიონი დოლარიდან 42 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 2005 წელს სიანჩენის ექსპორტმა 101,5 მლრდ დოლარამდე, ანუ ჩინეთის მთელი ექსპორტის 13 პროცენტამდე იმატა. ამჟამად სიანჩენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპორტო ქალაქია და მას აქვს ჩინეთში თავისი ტვირთ/მგზავრ გამტარობით მეოთხე აეროპორტი. სიანჩენის ეკონომიკა აღნიშნულ პერიოდში 1260-ჯერ გაიზარდა, ანუ გაცილებით მეტად, ვიდრე რეფორმების თვალსაზრისით სამაგალითოდ მიჩნეული სინგაპური დროის უფრო ხანგრძლივ მონაკვეთში.
პროგრესი მთელ ჩინეთში იგრძნობა. ის, რაც XX საუკუნეში ჩინეთში ხდებოდა, თითქმის სასწაული იყო. ოჯახებმა, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ წელიწადში რამდენიმე ასეული დოლარის მიღებას, უკვე რამდენიმე ათასეული დოლარის გამომუშავება დაიწყეს. ამას განსაკუთრებით ხელი შეუწყო დასავლეთის ფირმების ჩინეთში გადატანამ. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ამხელა ქვეყანაში ვერსად ვერ ნახავთ ანტიგლობალისტურ გამოსვლებს. იგივე “ნიკეს” ფაბრიკა, რომელიც მათ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს 1999 წელს სიეტლში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (თჭO) ყრილობის მიმდინარეობისას, ჩინელთათვის მაშველ რგოლად იქცა.
ჩინეთში საბაზრო ეკონომიკის დანერგვამ განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა სიღატაკის მასშტაბების შემცირებაზე. 1981-2001 წლებში აქ სიღატაკეში მცხოვრებთა რაოდენობა 400 მილიონით შემცირდა. თუ 2006 წელს აზიაში ცხოვრობდა მსოფლიო ღატაკთა თითქმის ნახევარი, სათანადო გაანგარიშებების თანახმად, 2030 წლისათვის ეს მაჩვენებელი 1/5-მდე შემცირდება. სამაგიეროდ იმავე პერიოდში ანალოგიური მაჩვენებელი აფრიკის კონტინენტზე 1/3-დან 2/3-მდე გაიზრდება.
აზიური პრაგმატიზმი. პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც თავისი ეკონომიკის მოდერნიზება შეძლო, იაპონია იყო. მეიჯის ეპოქის რეფორმატორებმა უჩვეულო წარმატებით განახორციელეს დასავლური პრაქტიკის იაპონიაში გადმოღება, რის შედეგადაც იაპონია წარმატებული ქვეყნების რიგში ჩადგა. მან 1895 წელს ომი მოუგო ჩინეთს, ხოლო 10 წლის შემდეგ – რუსეთსაც, რაც ბოლო საუკუნეების განმავლობაში პირველი გამარჯვება იყო აზიელებისა – ევროპელებზე.
როგორ შეძლეს იაპონელებმა დასავლური გამოცდილების ასე წარმატებით გამოყენება? ეს მათმა პრაგმატულობამ განაპირობა. ისინი ეკონომიკის გარდაქმნას ყოველგვარი იდეოლოგიური კომპლექსების გარეშე მიუდგნენ. იაპონელები მზად იყვნენ ნებისმიერი ქვეყნიდან აეღოთ საუკეთესო გამოცდილება და ეფექტურად დაენერგათ ის საკუთარ ქვეყანაში. მაგალითად, განათლების სისტემაში მათ გამოიყენეს როგორც ფრანგული, ისე ამერიკული მოდელი, საჯარო სამსახურში ტესტირების გერმანულ სისტემას მიმართეს, ასევე კარგად აითვისეს სასამართლო სისტემის დასავლეთის გამოცდილება. იაპონელმა რეფორმატორებმა განსაკუთრებით კარგად აუღეს ალღო აგრარული სფეროს დასავლურ პრაქტიკას, რის შედეგადაც იაპონური სოფლის მეურნეობა ასე ვითარდება.
თავად ცხოვრებისადმი პრაგმატული მიდგომაც იაპონელებმა დასავლეთისაგან აითვისეს. ყველაზე მეტი პრაგმატიკოსი აზიის ისტორიაში ჩინელი რეფორმატორი დენ სიაოპინი გამოდგა. სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები, რომლებიც ასევე თავად პრაგმატიზმის განსასაზღვრავადაც გამოდგება: “მნიშვნელობა არა აქვს კატა შავია, თუ თეთრი, მთავარია მან თაგვი დაიჭიროს”. სიაოპინმა კარგად გამოიყენა ეს ფორმულა ორთოდოქსული კომუნიზმის იდეებისაგან გასათავისუფლებლად.
მშვიდობისმოყვარე პოლიტიკა. აზიურ ქვეყნებს განსაკუთრებულ მიღწევად უნდა ჩაეთვალოს ის, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წელია, რაც აქ სერიოზულ კონფლიქტებს არა აქვს ადგილი. მშვიდობა არ დარღვეულა 1997-1998 წლების ფინანსური კრიზისის შედეგადაც, რომელსაც შეეძლო რეგიონში კონფლიქტების გამოწვევა. ამ კრიზისის შედეგები ხომ ძალზე მტკივნეული იყო აზიის ქვეყნებისათვის: მაგალითად, ინდონეზიის ეკონომიკა მის შედეგად 15%-ით შემცირდა, ბავშვები საკვების უკმარისობის გამო იხოცებოდნენ, ღატაკთა რაოდენობამ მოსახლეობის ნახევარს გადააჭარბა. მისი მიზეზით სამხრეთ კორეაში უმუშევართა რაოდენობა სამჯერ და მეტად გაიზარდა, მაგრამ კრიზისს აზიის ქვეყნებისათვის კონფლიქტებისაკენ არ უბიძგებია. პირიქით, რეგიონში მშვიდობა კიდევ უფრო განმტკიცდა. რატომ? ჯერ ერთი იმიტომ, რომ აზიამ მშვიდობის დასავლური კულტურა აითვისა, კულტურა, რომლის შედეგადაც II მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ომი აღარ ყოფილა. ამასთან, დასავლეთში საზოგადოების განათლებული ნაწილის და საშუალო კლასის ზრდამ გამოიწვია ის, რომ საზოგადოებამ საერთოდ შეიცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რისკენ უნდა მიისწრაფოდეს იგი. XIX საუკუნეში მიჩნეული იყო, რომ სახელმწიფოს მიზანი უნდა ყოფილიყო სხვა ქვეყნების დაპყრობა და თავისი გავლენის სფეროების გაფართოება. XX საუკუნეში ამგვარი მიდგომები შეიცვალა, რაზეც მეტყველებს თუნდაც გერმანიისა და იაპონიის მაგალითი. II მსოფლიო ომის შემდგომ სახელმწიფოს ძლიერების მთავარი გამომხატველი გახდა ეკონომიკის მასშტაბები. ამგვარი შეხედულებები შეითვისეს აზიის ქვეყნებმაც, განსაკუთრებით ჩინეთმა, რომელმაც სათანადო დასკვნა გამოიტანა დასავლეთის დადებითი და საბჭოთა კავშირის უარყოფითი მაგალითიდან, კერძოდ, საბჭოთა კავშირი იმიტომაც დაიშალა, რომ ეკონომიკის განვითარების ნაცვლად, მეტისმეტ ყურადღებას შეიარაღებას აქცევდა. ჩინეთი სრულიად სხვა გზას დაადგა.
სამართლიანობა. სამართლიანობის დასავლური კონცეფცია, რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქე თანაბარია კანონის მიმართ და მის საფუძველზე უნდა გასამართლდეს, აზიური მენტალიტეტისათვის უცხოდ რჩებოდა. აზიელს მიაჩნდა, რომ მმართველი კლასის, განსაკუთრებით სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და არისტოკრატია კანონზე მაღლა უნდა მდგარიყო. მმართველი კლასისათვის კანონის ერთადერთ დანიშნულებას ის წარმოადგენდა, რომ ხელქვეითნი დაემორჩილებინა.
ჩინურ იურისპრუდენციაში კანონი მართვის საუკეთესო ინსტრუმენტი იყო. მეფე (ან კომპარტიის I მდივანი) თავად კანონზე მაღლა იდგა.
დღეს ამ მხრივ ჩინეთში სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა, დღეს კანონს უკვე არა ეთიკური, არამედ ფუნქციონალური დანიშნულება აქვს. ამის ყველაზე კარგი მაგალითია საგზაო მოძრაობის წესები: წითელ შუქზე იმიტომ კი არ ვჩერდებით, რომ ეს ეთიკურია, არამედ იმიტომ, რომ ასე უფრო უსაფრთხოა. დღეს აზიელთა უმრავლესობას უკვე ესმის, რომ კანონის დაცვა უნდა იყოს ისევე ბუნებრივი, როგორც საგზაო მოძრაობის წესები. მათ რომ ეს არ გაეგოთ, ისინი ვერ შეძლებდნენ თანამედროვე ეკონომიკის შექმნას, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებს მოითხოვს. სწორედ ამ ჩარჩოებში უნდა მოხდეს სამეურნეო ხელშეკრულებების დადება იმ რწმენით, რომ იგი დაცული იქნება. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ჩინეთის მაგალითზე. სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისას, რომელიც ძირითადად დასავლურ პრინციპებზეა დამყარებული, სახელმწიფო ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკის მოთხოვნებიდან გამოდიოდა. როდესაც ჩინეთმა ცენტრალიზებული დაგეგმვის პრინციპებზე უარი თქვა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის სასარგებლოდ, კანონი, როგორც სამეურნეო საქმიანობის უმთავრესი მარეგულირებელი, აუცილებელი შეიქმნა. ცენტრალური ხელისუფლება იძულებული გახდა თავისი პრეროგატივები – საფინანსო, ფისკალურ, კერძო საკუთრების თუ მატერიალური – ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების და კერძო პირებისათვის გადაეცა. უცხოური ინვესტიციების მიღების მოთხოვნამ და ინვესტორთა ნდობის მოპოვებამ განაპირობა ქვეყანაში დამოუკიდებელი და ობიექტური სამართლებრივი სისტემის შემოღება. დიდი კედლის იქით მდებარე ქვეყანა ასევე უნდა გადასულიყო საერთაშორისო ნორმებზე, თუნდა იმიტომ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიეღოთ.
მიუხედავად აღნიშნული პროგრესისა, ჩინეთი მაინც სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. თეორიულად კომპარტიის წევრებიც იგივე კანონებს უნდა ემორჩილებოდნენ, რომელსაც ჩვეულებრივი მოქალაქეები. პრაქტიკაში კი პარტიული ბობოლების უმეტესობა კვლავაც კანონს ზევით დგანან. ამიტომ ეს გამოწვევაც უპირატესად იმაში მდგომარეობს, რომ კანონი ყველასათვის თანაბრად კანონობდეს.
განათლება. ბოლო ხანებში აზიელები დიდად აფასებენ განათლების დასავლურ მოდელს. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ მასიური განათლების პრაქტიკა აქ არც თუ ისე დიდი ხანია რაც დაინერგა. განათლებისადმი ასეთმა მიდგომამ კარგი ნაყოფიც გამოიღო. მსოფლიო ბანკის გაანგარიშებებით, აზიელთა განათლების დონის ამაღლება მშპ-ს წარმოებას 2 პროცენტით მაინც ზრდის. აზიელები განსაკუთრებით დიდი მადლიერები უნდა იყვნენ აშშ-სი, რადგან სწორედ ამ ქვეყნის უნივერსიტეტებმა შეიტანეს უდიდესი წვლილი აქაური ელიტის ჩამოყალიბებაში. II მსოფლიო ომის შემდეგ ათასობით აზიელმა ისწავლა ამერიკაში და შემდეგ დაუბრუნდა თავის სამშობლოს. 1978-2003 წლებში საზღვარგარეთ სწავლობდა ნახევარ მილიონზე მეტი ჩინელი, საიდანაც 173 ათასი (თითქმის მესამედი) ჩინეთში დაბრუნდა.
ამერიკულ სასწავლებლებს კიდევ უფრო მეტად უნდა უმადლოდეს ინდოეთი. სახელდობრ, ამ ქვეყნიდანაა შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში ყველაზე მეტი სტუდენტი. კერძოდ, 2005-2006 წლებში მათი რიცხვი უდრიდა 77 ათას სტუდენტს. ამ მხრივ მეორე ადგილზე დგას ჩინეთი – 63 ათასი სტუდენტი, მესამე ადგილზე სამხრეთ კორეა – 59 ათასი სტუდენტი, ხოლო მეოთხე ადგილზეა იაპონია – 39 ათასი სტუდენტი. ამასთან, თანდათან უფრო მეტი ინდოელი სტუდენტი გამოთქვამს მზადყოფნას დიპლომის აღების შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდეს. კერძოდ, ამგვარი სურვილი გამოთქვა ჩიკაგოს სასწავლებლის “Gრადუატე შცჰოოლ ოფ Bუსინესს-ის სტუდენტთა 84 პროცენტმა. სწორედ სამშობლოში დაბრუნებული ეს სტუდენტები წარმოადგენენ აზიური ეკონომიკური ზრდის უმთავრეს საყრდენს. მათ თან მოაქვთ არა მხოლოდ კონკრეტული კვალიფიკაცია, არამედ შრომის ამერიკული პათოსიც – ცხოვრებისადმი ოპტიმისტური მიდგომა და რწმენა იმისა, რომ მათ შესწევთ უნარი სულ ქვედა საფუძვლებიდან შექმნან მდიდარი და განათლებული საზოგადოება – გასული საუკუნის 60-იანი წლების ამერიკული იდეა, რომლის მიხედვითაც ერთ საუკეთესო და კარგად მომზადებულ თაობას საზოგადოების გარდაქმნა ხელეწიფება.
კარგად მომზადებული სტუდენტები მხოლოდ ინდოეთს როდი უბრუნდებიან. ჩინეთში მათი რაოდენობა 1999 წლის 7 ათასიდან – 2006 წელს 40 ათასამდე გაიზარდა. ვიეტნამის ხელისუფლებაც ძალისხმევას არ აკლებს – ემიგრანტები უკან დაბრუნდნენ, რასაც სასურველი შედეგი მოაქვს კიდეც.
აზიელებს დიდი სარგებლობა მოუტანა არა მარტო ამერიკაში, არამედ ასევე ევროპაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში სწავლამ. მაგრამ ახლა ისინი ახალი გამოწვევის წინაშე დგანან – თავად შექმნან საკუთარ სამშობლოში უმაღლესი განათლების თანამედროვე სისტემა. დასაწყისი ნამდვილად იმედის მომცემია. 2006 წელს ჟურნალ “ტაიმსში” გამოქვეყნებულ 100 საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის რეიტინგში 14 აზიური უნივერსიტეტიცაა მოხვედრილი, რომელთაგან ტოკიოს, პეკინის და სინგაპურის უნივერსიტეტები პირველ ოცეულში მოხვდნენ.
აზიური უნივერსიტეტების ასეთი წარმატებების გამო, ამერიკული ანალოგიური სასწავლებლები მათთან სათანამშრომლოდ მიისწრაფიან. ასეთი კონტრაქტები კი, რომლებიც არც თუ ისე ცოტაა, სახეს უცვლიან აზიის ინტელექტუალ ცხოვრებას.