შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ თურქეთსა და საქართველოს შორის
თინათინ ნანიტაშვილი, ნინო გერგედავა, ქეთევან ტორონჯაძე, ეთერ სახოკია
ბოლო პერიოდში საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში დიდი ცვლილებები მოხდა. რუსეთთან გართულებული ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც საქართველოს მეზობელ ქვეყანასთან და ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან, “თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმების გაფორმება. ყველასათვის საინტერესოა სინამდვილეში რა ზიანს ან რა სარგებლობასს მოუტანს ჩვენ ქვეყანას ეს ახალი ეკონომიკური ურთიერთობა.
საბოლოოდ, დიდი რუსეთის არც “ოლეინა” გვინდა, არც “ბალტიკა” და სავაჭრო პარტნიორების სიის პირველი რიგებიდანაც ეს ქვეყანა ჩამოვაქვეითეთ. სანაცვლოდ ახლა თურქული “ონა”-თი და “ულკერის” შოკოლადით, ნიტრატით გაჯერებული ბოსტნეულით უნდა გავზარდოთ ინფექციურ საავადმყოფოებში პაციენტების რაოდენობა. ეს კიდევ არაფერი, მთავარი ის არის, რომ ახლა თურქეთის ბაზარი უნდა ავითვისოთ, მაგრამ ვინ ვის “ითვისებს”?! საკითხავი აი ეს არის.
მეზობელმა თურქეთმა, მართალია, მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა, მაგრამ როგორც ჩანს ძველი მტრობა ბოლომდე ვერ დავიწყებია.
2006 წლის 19 დეკემბერს ქალაქ ანკარაში გაფორმდა შეთანხმება “პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ”, რომელიც სავაჭრო შეღავათებს გაავრცელებდა საქონლის გარკვეულ ჩამონათვალზე და გააუმჯობესებდა ქართული საექსპორტო პროდუქციისათვის (ღვინო, ხილი, ბოსტნეული) თურქეთის ბაზარზე დაშვების პირობებს, რაც, თავის მხრივ, ექსპორტის ზრდას შეუწყობდა ხელს.
ქართულ მხარეს იმედი ჰქონდა, რომ ეს შეთანხმება ძალიან მალე გადაიზრდებოდა “თურქეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაში”. მაგრამ თურქეთის მხარე ძალიან მშვიდად, ზედმეტი სიდინჯითა და ცოტაოდენი გულმავიწყობითაც ჩვენს მოთმინებას სცდიდა. სახელმწიფოს თითქმის ყველა უმაღლესი ეშელონი ჩაერთო ამ მოლაპარაკებაში. ბოლოს, სხვა გზა რომ აღარ დარჩა, თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მეტი ყურადღება დაეთმოთ ამ ხელშეკრულებისათვის. დიდი ხნის ნანატრი დღე მაინც დადგა. საქართველოს მთავრობის დაჟინებული თხოვნის შედეგად 2007 წლის 21 ნოემბერს საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (ამ შეთანხმებისათვის ხელი უნდა მოეწერათ სხვა შეთანხმებებთან ერთად პაკეტში, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება, თურქეთის შემთხვევაში ხელი მოეწერა მხოლოდ იმას, რაზეც თურქებმა თანხმობა თქვეს და მათთვის ხელსაყრელი იყო, ხოლო, რაც არ აწყობდათ მოლაპარაკებების მაგიდაზე დარჩა).
თურქული მხარის მიერ შემოთავაზებული პროექტი პრინციპულად არ განსხვავდებოდა გაფორმებული “პრეფერენცირებული ვაჭრობის შესახებ” შეთანხმებისაგან და ფაქტიურად არ ხსნიდა ბაზარს იმ პროდუქციისათვის, რომელიც საქართველოსათვის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
თურქული მხარის მიერ მოწოდებული შეთანხმების პროექტი საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ ვერ პასუხობდა საქართველოს მიზანსა და სწრაფვას არსებული საგარეო ბაზრების გაფართოების, ექსპორტის გაზრდისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
შეთანხმების პროექტის დებულებები ითვალისწინებდა თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს გარკვეული სახის სამრეწველო საქონლისათვის (რისი საექსპორტო პოტენციალიც პრაქტიკულად სრულად თურქეთის მხარეს არის) მაშინ, როდესაც ამგვარ რეჟიმს არ ითვალისწინებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე (რისი პოტენციალიც საქართველოს აქვს).
სამრეწველო პროდუქტების შესახებ შეთანხმებას გააჩნდა დანართი 1, რომელიც წარმოადგენდა იმ სამრეწველო პროდუქტების ე.წ. ამოღებათა ნუსხას, რომელზეც არ ვრცელდება შეთანხმების დებულებები. ამოღებათა ნუსხაში მოხვდა ის სამრეწველო პროდუქტები, რომლებზეც საქართველოს, როგორც თურქეთის GშP-ს ბენეფიციარ ქვეყანას ამ სისტემის ფარგლებში, სხვა დანარჩენ საქონელთან ერთად, ისედაც აქვს თურქეთის მხრიდან ნულოვანი საბაჟო გადასახადები.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისათვის, რომელიც დღეისათვის საქართველოს საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, შეთანხმების დებულებები ასევე ითვალისწინებდა გარკვეული სახის პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებზეც გავრცელდებოდა არა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, არამედ სატარიფო შეღავათები ურთიერთდათმობების საფუძველზე მაშინ, როდესაც საქართველოს შემთხვევაში ამგვარ პროდუქტებზე სატარიფო განაკვეთია მაქსიმუმ 12%, ხოლო თურქეთის შემთხვევაში საშუალოდ – 70%, ამასთან, საქართველოსაგან განსხვავებით, თურქეთი სოფლის მეურნეობის სექტორში ახორციელებს საკმაოდ ძლიერ სახელმწიფო სუბსიდირებას.
ბოლო პერიოდის სტატისტიკური მონაცემები საგარეო ვაჭრობის შესახებ ნამდვილად არასახარბიელოა და თვალსაჩინოა, რომ ის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლე ბჟუტავს, საკმაოდ გრძელია.
2008 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 76 პარტნიორ ქვეყანასთან ჰქონდა, დადებითი კი – 25 ქვეყანასთან. 2008 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მილიონ აშშ დოლარზე მეტი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 3 ქვეყანასთან: სომხეთთან (10,2 მლნ. აშშ დოლარი), კანადასთან (9,1 მლნ. აშშ დოლარი) და მექსიკასთან (5,9 მლნ. აშშ დოლარი). ამავე პერიოდისათვის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 307,3 მლნ. აშშ დოლარია, აქედან ექსპორტზე – 65,6 მლნ, ხოლო იმპორტზე – 241,8 მლნ. აშშ დოლარი.
საქართველოში იანვარ-თებერვალში იმპორტმა 882 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც ამ წლის კურსის მიხედვით 1 მლრდ 300 მლნ ლარია, ხოლო შარშან იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 1 მლრდ 207 მილიონს და ზრდა წინა წელთან შედარებით სულ 100 მილიონი ლარია. ასევეა ექსპორტის შემთხვევაშიც. შარშან ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 250 მილიონიდან სულ 288 მილიონამდე გაიზარდა და ეს მხოლოდ სპილენძის, ფეროს მადნისა და ჯართის ხარჯზე.
სტატისტიკური მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტის მოცულობა 20,5%-ით გაიზარდა და 42,8 მლნ აშშ დოლარი – ექსპორტის მთლიანი მოცულობის 12,9% შეადგინა. ზრდა ძირითადად განაპირობა შავი ლითონის ჯართის, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის ზრდამ. სამი თვის განმავლობაში შავი ლითონის ჯართის ექსპორტი 19,4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ალუმინის ჯართის – 6,0 მლნ აშშ დოლარით, ელექტროენერგიის – 4,6 მლნ დოლარით, მინის ტარის – 3,8 მლნ აშშ დოლარით, ფეროშენადნობის – 2,6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სპილენძის ჯართისა კი – 2,8 მლნ აშშ დოლარით.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში თურქეთში ექსპორტირებულია 94 მსუბუქი ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულება 2,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2,1 მლნ აშშ დოლარით მეტია გასული წლის სამ თვესთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ პერიოდში დაფიქსირდა თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობის არსებითი ზრდა. 2008 წლის იანვარ-მარტში, 2007 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 34%-ით გაიზარდა (46,4 მლნ აშშ დოლარით) და 182,6 მლნ დოლარი, ანუ საქართველოს იმპორტის საერთო მოცულობის 12,9% შეადგინა.
ხის მასალისაგან დამზადებული ფილების იმპორტი გაიზარდა 1,4 მლნ აშშ დოლარით, შავი ლითონისგან დამზადებული ლითონის კონსტრუქციების იმპორტი – 1,2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სამკურნალო საშუალებებისა – 1,1 მლნ დოლარით.
სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, თურქეთში ექსპორტი 42,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,3 მლნ აშშ დოლარით მეტია.
გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა (205,3 მლნ. აშშ დოლარი) აღინიშნება თურქეთიდან იმპორტში. განსაკუთრებით გაზრდილია პლასტმასის მილების (8,4 მლნ აშშ დოლარით), შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციების (7,4 მლნ აშშ დოლარით) და კარტოფილის (7,2 მლნ აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.
მაგრამ მთავარია ის, თუ რა შემოდის თუქეთიდან. რამდენად ხარისხიანი პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს ჩვენი მეზობელი? მართლა ხუთმაგ ფასებში გვიბრუნებს თუ არა თურქეთი საქართველოდან გატანილი ნედლეულით შექმნილ საბოლოო პროდუქტს?!
ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ “მხარეები სანიტარულ და ფიტოსანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თავიანთ წესებს არ გამოიყენებენ, როგორც მათ შორის ვაჭრობის თვითნებურ ან გაუმართლებელ დისკრიმინაციას ან შეფარულ შეზღუდვას. მხარეები თავიანთ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს გამოიყენებენ GAთთ 1994-ისა და ჭთO-ს სხვა შესაბამის შეთანხმებათა წესებისა და პროცედურების ფარგლებში (მუხლი 10)”. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თურქეთის მხარეს უფლება აქვს საქართველოში უხარისხო, ვადაგასული პროდუქტი შემოიტანოს.
ეს “შეთანხმება ხელს არ უშლის აკრძალვებს ან შეზღუდვებს საიმპორტო, საექსპორტო ან ტრანზიტულ საქონელზე, გამართლებულს მიზეზებით, რომლებიც უკავშირდება საზოგადოებრივ მორალს, საზოგადოებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას; ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და გარემოს დაცვას; მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული ძვირფასეულობების დაცვას; ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვას. თუმცა ამგვარი აკრძალვები არ უნდა წარმოადგენდეს მხარეთა შორის ვაჭრობის თვითნებური დისკრიმინაციის საშუალებას ან შეფარულ შეზღუდვას (მუხლი 16)”.
მაგრამ რა პასუხი უნდა მოვთხოვო თურქეთს, როდესაც ყოველივე ამაზე საკუთარი ხელისუფლება დუმს?! წესით თურქეთი ჩვენი მადლობელი უნდა იყოს, რადგან ბოლოსდაბოლოს ქართველებმა ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას არ უღალატა, ფიანდაზად გაეგო მეზობელს და სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო. ასეთია “მეზობლობა ქართულად”.
არადა, ეკონომიკის მინისტრმა ისეთი ზარ-ზეიმით გვამცნო მოლაპარაკების წარმატებულად დასრულების შესახებ, რომ გვეგონა გვეშველა და გაჩნდა ახალი ბაზარი – ქართული პროდუქციის გასაღების ახალი შესაძლებლობები.
თურქული სიურპრიზები ამით არ დამთავრებულა. აღმოჩნდა, რომ თურქეთთან ეს ხელშეკულება ჯერჯერობით არ ამოქმედებულა და ღმერთმა უწყის როდის ამოქმედდება.
ხელშეკრულების მიხედვით, “ეს შეთანხმება ძალაში შედის მეორე თვის პირველ დღეს იმ თარიღიდან, როდესაც დიპლომატიური არხებით მიღებული იქნება ბოლო წერილობითი შეტყობინება, რომლითაც მხარეები ურთიერთს აცნობებენ, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის მათი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მოთხოვნა შესრულებულია (მუხლი 37)”.
სამწუხაროდ კი, თურქეთის პარლამენტს ეს საკითხი დღესდღეობით არ განუხილავს და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალშიც არ აპირებს მის განხილვას. აქედან გამომდინარე, 2 ქვეყნის “კეთილმეზობლური” შეთანხმება მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.
2005 წლიდან საქართველო სარგებლობს GSP+ შეღავათებით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია 7200 დასახელების პროდუქტი ნულოვანი საბაჟო ტარიფით შეიტანოს ევროპის ქვეყნებში. ამას თურქეთთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ემატება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებული შეღავათები.
და მაინც, რატომ ვაწერთ ხელს ასეთ ხელშეკრულებას, თუკი მასში ჩვენი ბაზრის “ანექსიის” მცდელობაა.
რა შედეგი მივიღეთ ამ ხელშეკრულებისაგან? უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და თურქეთიდან შემოსული დიდი რაოდენობის უხარისხო პროდუქცია. გამოდის, რომ ჩვენზე მეტად თურქეთმა იხეირა. არადა, ჩვენ სულ სხვაგვარად ვცდილობდით.