ვირტუალური ვალუტის მომავალი მსოფლიოსა და საქართველოში

მაკა ღანიაშვილი

თანამედროვე ეკონომიკაში, რომელიც ძალიან ბევრი გამოწვევით და გაურკვევლობით ხასიათდება, ინვესტორებისთის ხშირად თავისტკივილი ხდება იმის გადაწყვეტა, თუ რომელ ვალუტაში განახორციელონ ინვესტიციები და შეინახონ დანაზოგი. სულ უფრო პოპულარული ხდება ციფრული ვალუტა – ბითქოინი, რომლის მთავარი მიმზიდველობა ტრანზაქციების სისწრაფე და ანონიმურობის დაცვის გარანტიაა. მაგრამ მისი ეს ღირსებები ასევე იქცევს კანონმდებელთა ყურადღებას. რამდენად მიმზიდველი და უსაფრთხოა ბითქოინი – ეს კითხვა აქტუალურია დღეს სპეკულანტებს, მოვაჭრეებს, გადამზღვევებს, მომხმარებლებსა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარეგულირებელ ორგანოებსა და მთავრობებისთვის, რომელთათვისაც ის უპირატესობები, რაც ვირტუალურ ვალუტას მომხმარებლისთვის გააჩნია, უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად შეიძლება იქცეს (ამავე თემაზე იხილეთ „საქართველოს ეკონომიკის“ სტატია, 10.03.2014).

ციფრული ვალუტით განხორციელებული გადარიცხვები ანონიმურობის დაცვის გარანტიაა, რაც შეიძლება ფულის გათეთრების წყაროდ იქცეს. ჯერჯერობით კი კრიპტო-ვალუტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. როგორც რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, ვირტუალური ვალუტის განვითარებაში ფულს საქართველოს თანაინვესტირების ფონდიც დებს. საუბარია BitFury-ზე, რომელიც ბითკოინების (ვირტუალური ვალუტის) მაინინგისთვის საჭირო დანადგარების წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა.

რა პოტენციალი აქვს ვირტუალური ვალუტის განვითარებას

რეოვოლუციური ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს ფიზიკურ პირებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს უსაფრთხოდ და შუამავლების გარეშე განახორციელონ სწრაფი გადარიცხვები. ციფრულ ფულს შეუძლია საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოება, ფინანსური ჩართულობის გაზრდა და ვაჭრობის, დაზოგვისა და ბიზნესის კეთების გზების გარდაქმნა. არსებობს 5 ძირითადი პოსტულატი, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის ახალი ერის დასაწყისს მოასწავებს.

1. უფრო სწრაფი და იაფი საერთაშორისო ტრანსფერები

ის მეთოდები, რომლითაც დღეს საბანკო გადარიცხვები ხორციელდება არქაულია. საერთაშორისო საბანკო გადარიცხვებს ხშირად ერთი კვირა და მეტიც სჭირდება, რომელშიც ჩართულია საკორესპონდენტო ბანკი და საკლირინგო ორგანიზაციები. გადახდისთვის საჭირო დრო ერთ-ერთი დიდი ხარვეზია საერთაშორისო ოპერაციების განხორციელებისას, ისევე როგორც გადარიცხვებთან დაკავშირებული დიდი საკომისიოები. ციფრული ვალუტის გამოყენებით, როგორიცაა ბითქოინი, საბანკო ტრანსფერები შეიძლება დაუყოვნებლივ განხორციელდეს, უფრო იაფად და საკომისიო თანხების დაზოგვით. სინამდვილეში, ეს ტრანსფერები შეიძლება განხორციელდეს ახალი ვალუტის გამოყენების გარეშეც კი. ზოგიერთი კომპანია უკვე სარგებლობს სისტემის პროტოკოლით, რომლიც საშუალებას აძლევს კლიენტებს განახორციელონ ერთი ვალუტის ტრანსფერი მეორეში ციფრული ანგარიშის გამოყენებით. ამ ტექნოლოგიების საშუალებით გადარიცხვა წამიერად ხდება, საერთაშორისო ვაჭრობაში დღეს არსებული უცხოური გაცვლითი სისტემის საწინააღმდეგეოდ, სადაც ხელშეკრულების რამდენიმე მხარეა ჩართული, რომელთაც ანგარიშები სხვადასხვა ბანკებში ერიცხებათ და შემდეგ კი საჭიროა ამ გადარიცხვების დადასტურება.

2. გლობალური გადარიცხვების ზრდა

ყოველწლიურად ემიგრანტები განვითარებადი ქვეყნებიდან სამშობლოში 500 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ ფულად გზავნილებს რიცხავენ. ეს მაჩვენებელი აჭარბებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყოველწლიურ საშუალო მაჩვენებელს. საერთაშორისო გადარიცხვებზე 200 დოლარზე საკომისიო საშუალოდ 6-10%-ია, რაც დიდი ტვირთია განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, რომლებიც ემიგრანტები გაჭირევბის გამო ხდებიან. ახალი ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია ეს ტრანსფერები უფრო იაფი გახდეს. ვირტუალი ვალუტის გამოყენებით ადამიანებს შეუძლიათ ოჯახის წევრებს ბანკების გარეშე, პირდაპირ მობილური ტელეფონებით გაუზავნონ თანხა, ამ შემთხვევაში, სატრანზაქციო დანახარჯები მხოლოდ სავალუტო კურსთა შორის სახვაობით განისაზღვრება. მაშინ როცა ტრადიციული ფულადი ტრანსფერებისთვის კომპანიებს სჭირდებათ კაპიტალი შეფერხებული გადარიცხვებისგან თავის დასაზღვევად, სარეზერვო კაპიტალის საჭიროება გაცილებით დაბალია იმ კომპანიებისთის, რომლებიც ვირტუალურ ვალუტას იყენებენ. მართალია, კაპიტალის შენახვისა და ტრადიციულ ტრანსფერთან დაკავშირებული ხარჯები ბიზნესის დანახარჯების მხოლოდ ნაწილია, მაგრამ ამ ხარჯების მკვეთრი შემცირება დიდი შეღავათია განსაკუთრებით პატარა და საშუალო ტრეიდერებისთვის და უქმნის მათ ახალ შესაძლებლობას, მიაღწიონ პატარა ქალაქებამდე და ახალ აუთვისებელ ქვეყნებამდე.

3. ფულის დაზოგვა ღარიბებისთვის

აფრიკის რამდენიმე ქვეყანამ უკვე აჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ წარმატებით შეიძლება თანამედროვე მობილური ტექნოლოგიებით სარგებლობა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კენიაში კომერციული ვაჭრობის გადახდების 60% მობილური ტელეფონების საკრედიტო ანგარიშებით ხდება. ყველას ვისაც აქვს მობილური, შეუძლია საკუთარი ვალუტა შეინახოს მასში და გადაუგზავნის ის სხვა მომხმარებელს. ციფრული ვალუტა შეიძლება გახდეს სხვა მოსახერხებელი და უსაფრთხო გადახდის ფორმა იმ ქვეყნებში, სადაც მოქალაქეების უმეტესობას არ აქვთ საბანკო ანგარიშები.

ქვეყანაში ბითქოინის როგორც მეორე ვალუტის გამოყენება, კარგი ალტერნატივაა განსაკუთრებით ვალუტებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მაღალი ინფლაციაა. ვირტუალური ვალუტის ფლობა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მაგალითად, ტრადიციული ვალუტის შენახვა სახლში ან ძვირფასეულობის სახით. ამის გარდა, ბითქოინების მფლობელს ნებისმიერ დროს შეუძლია გადაახურდავოს ის უფრო სტაბილურ ვალუტაში. ამ გზით ვირტუალური ფულის მფლობელთათვის უფრო მარტივი ხდება საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე წვდომა და უფრო ადვილია ინფლაციისგან თავდაცვა.

4. ელექტრონული ვაჭრობის პოტენციალი

დღეს საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობები და რისკები ონ-ლაინ ბიზნესის ბევრ მფლობელს ბიზნესის დახურვისაკენ უბიძგებს, რისკი საკმაოდ დიდია, რომელთან ბრძოლაც ბევრ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და ხშირად უშედეგოდ. ეს რისკი განსაკუთრებით არსებობს გლობალურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ხშირად ბენეფიციარები საერთოდ ვერ ღებულობენ კუთვნილ თანხას.
ვირტუალური ვალუტის შემთხვევაში განხორციელებული ტრანსფერის გაუქმება შეუძლებელია. რაც ბევრ მოვაჭრეს უფრო მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს და თავისუფლად ვაჭრობენ საერთაშორისო ბაზარზე. ვინაიდან ვირტუალური ფულის გაგზავნა ისეთივე მარტივია, როგორც მეილის გაგზავნა, ონ-ლაინ ვაჭრობა უფრო მოქნილი პროცესი ხდება. ციფრული ვალუტა ასევე მეტ საშუალებას უქმნის მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს განვითარებადი ქვეყნებიდან ჩაერთონ გლობალურ ონლაინ ვაჭრობაში.

5. პროგრამირებადი ფული და „ჭკვიანი“ კონტრაქტები

რადგან ციფრულ ვალუტაში შენახული კაპიტალი არის ციფრული, ის შეიძლება ავტომატური გზებით გავრცელდეს. რაც კარგია „პროგრამირებადი ფულის“ და „ჭკვიანი კონტრაქტების“ შემთხვევაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია პირობითი დეპონირების ანგარიშები, რომელზეც ხდება საქონლის ღირებულების ოდენობის თანხის ბლოკირება საქონელგაცვლითი ოპერაციის დასრულების გარანტიის სახით. ასეთი ანგარიშები უკვე ფართოდ გამოიყენება დიდი მოცულობის ტრანზაქციების განხორციელების დროს, განსაკუთრებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში. მყიდველი დებს თანხას პირობითი დეპონირების ანგარიშზე, და ის მხოლოდ მას შემდეგ გადადის გამყიდველის ხელში, რაც ეს უკანასკნელი მყიდველს გადასცემს საკუთრების უფლებას. ციფრულ საუკუნეში, როდესაც მხარეებს შორის ნდობა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა, ეს მეთოდი შეიძლება იყოს გამოყენებული პატარა მოცულობის თანხების გადარიცხვის შემთხვევაშიც.

„საქართველოს ეკონომიკა“ სილიკონის ველის ერთ-ერთ მოწინავე კომპანია Bitfury USA-ში დასაქმებულ ქართველს დაუკავშირდა, რომლის საქმიანობის მთავარი სფეროც ვირტულაური ვალუტის მაინინგი (მოპოვების), ბაზრის კვლევა, ფინანსური ანალიზი და რეპორტინგია. ლუკა შონია, კომპანია Bitfury USA-ს საინვესტიციო ანალიტიკოსი: „ეს სფერო უკვე დიდი პოპულარობით სარგებლოს. შტატებში მხოლოდ 2014 წელს $346.87 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა ამ სფეროში ვენჩურ კაპიტალ ფირმების მიერ. ბითქოინის გამოყენება დაიწყეს Dell, Airnbnb, Overstock, Microsoft (მხოლოდ გეიმინგ პლატფორმებზე ამ ეტაპისთვის), Expedia, Paypal და სხვა.

როდესაც ვსაუბროთ ვირტუალურ ვალუტის უპირატესობებს, აუცილებელია ხაზი გავუსვათ მის სანდოობას (დაცულობას). შეუძლებელია ბითქოინების (ერთ-ერთი წარმატებული კრიპტო ვალუტა) ფალსიფიცირება, გადაკეთება და ა.შ. ამის გარანტორი არის დეცენტრალიზირებული ქსელი (ბლოკჩეინი). ბლოკჩეინი შედგება სერვერებისგან, რომლებიც ჩართული არიან ბითქოინის ქსელში, შესაბამისად, ყოველ ტრანზაქციას პროცესსინგს უკეთებენ და საჩუქრად იღებენ ახლად შექმნილ ბითქოინს. ეს გამორიცხავს ერთი ცენტრალიზირებული სერვერის არსებობის აუცილებლობას (რომლის შენახვაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ასევე ადვილი სამიზნეა ჰაკერებისთვის) და აძლევს მოტივაციას მომხარებელს ჩაერთოს ქსელში. ყოველი ბლოკის (ტრანზაქციების ერთობლიობა) დამუშავებისას სერვერი იღებს 1 ბითქოინს, ამ პროცესს კი მაინინგი (მოპოვება) ეწოდება. მაინინგი იმიტომ ეწოდა, რომ მსგავსად ნატურალური რესურსისა, ბითქოინების მოპოვების მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდულია, როდესაც ის მიაღწევს 25 მილიონ ერთეულს (სავარაუდო 2040 წელი). ამჟამად მოპოვებულია მხოლოდ 12 მილიონი. ამ კოდის შეცვლა შეუძლებელია, შესაბამისად ვერავინ ისარგებლებს რაოდენობის გაზრდის ან შემცირების გზით დეფლაციის ან ინფლაციის გამოწვევით. ფასი მხოლოდ ბაზარზე რეგულირდება“.

ლუკა შონია ვირტუალური ვალუტის ერთ-ერთ უპირატესობად თანხის გადარიცხვის სიმარტივეს ასახელებს. „წარმოდგენისთვის, თუ შევადარებთ ვესტერნ უნიონით თანხის გადარიცხვას, რომელსაც 7%-მდე საკომისიო სჭირდება და 1 საათიდან 2-3 დღემდე თანხის მიღებისთვის, ბითქოინის გადარიცხვას მხოლოდ 10 წუთი სჭირდება და მისი საკომისიო 0.2%-დან 2%-მდე მერყეობს. გადარიცხვა შესაძლებელია მობილურიდან მოხდეს უმარტივესად. ასევე, თუ შევადარებთ ბანკის გადარიცხვას, იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ქვეყნის ბანკებს შორის ხდება ტრანზაქცია, პროცესი 1 კვირამდე შეიძლება გაიწელოს. შესაბამისად, შეგვიძლია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ბითქოინი ამცირებს შუამავალ კომპანიების მიერ აღებულ საკომისიო ხარჯებს და ზოგავს დროს. რაც შეეხება პოტენციალს, ამ მომენტისთვის მხოლოდ ინდოეთში 100 მილიონამდე ადამიანს არ გააჩნია საკრედიტო ბარათი და ბანკის ანგარიში, ხოლო მათ უმრავლესობას აქვთ დაბალი ღირებულების სმართფონები, რომლებზეც თავსებადია ელექტრონული საფულის აპლიკაცია (ბითქოინის ანგარიში). ბითქოინის გადარიცხვისთვის ან საქონლის/მომსახურების შესასყიდად ეს სრულებით საკმარისია. მობილურზე გამოსახული შტრიხკოდის სკანირების საშუალებით“. რამდენად სარისკოა ამ ეტაპზე ვირტუალურ ვალუტაში ფულის დაბანდება, ეს კითხვა ძალიან აქტუალურია. „რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ბითქოინში ფულის დაბანდება (კონკრეტულად კი ბითქოინებში სეივინგის გაკეთება) არ იქნება მიზანშეწონილი (იმ შემთხვევის გარდა, თუ ბითქოინის ვაჭრობით არ არის პიროვნება დაკავებული) ფასის ცვალებადობის გამო. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბითქოინის შესყიდვაზე მაქვს საუბარი და არა ამ სფეროში ბიზნესში ფულის დაბანდებაზე, რაც დიდ უკუგებას იძლევა. თუმცა, ფასი მეორე ხარისხოვანია ამ ეტაპზე, რადგან ბითქოინის და ბლოკჩეინის მთავარ უპირატესობაზე და პოტენციალზე უნდა ვფოკუსირდეთ. ფასი, მისი ადაპტაციის შემდეგ თავისთავად დარეგულირდება“ – ამბობს ლუკა შონია.

ლუკა შონია „საქართველოს ეკონომიკას“ იმ პოტენციალის შესახებაც ესაუბრა, რაც საქართველოს ვირტუალური ვალუტის სფეროს განვითარების შემთხვევაში აქვს: „საქართველო, როგორც გავნითარებადი ქვეყნების ერთ-ერთი წამრომადგენელი, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, მარტივად აითვისებს მის გამოყენებას და უახლოეს მომავალში პოპულარული გახდება. საჭიროა შეიქმნას ქართული ე-ვალუტის გადაცვლის სერვისები, შემდეგ კი ყოველ მცირე მეწარმეს, რომელსაც არ სურს ტერმინალის გმაოყენების გამო დიდი საკომისიო ხარჯების გაწევა, აუცილებლად გამოიყენებს ბითქოინს. მომხარებელს კი მარტივად შეეძლება ეიფლ-ფეის მსგავსი ფუნქციით თანხის გადახდა“.

შეგახსენებთ, რომ ბითქოინი 2008 წელს უცნობი ავტორის ან ავტორთა ჯგუფის მიერ შეიქმნა, რომლის ფსევდონიმიც გახლავთ სატოში ნაკამოტო. არსებობს რამდენიმე ონლაინ მარკეტი, ე.წ. ბითქოინის გადამცვლელები, სადაც შესაძლებელია მისი შეძენა ან გაყიდვა სხვადასხვა კურსის მიხედვით. ბითქოინის გადარიცხვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციებისა და სხვადასხვა კომპიუტერების გამოყენებით. მისი გადარიცხვა და მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, დაახლოებით ისეთივე პრინციპით, როგორიც არის ჩვეულებრივი ელექტრონული ფულის გადარიცხვა. ბითქოინის მოპოვებისათვის საჭიროა სპეციალური პროგრამა. ბითქოინის შენახვა ხდება ეგრეთ წოდებული ელექტრონული საფულის გამოყენებით, რომელიც განთავსებულია მომხმარებლის კომპიუტერში ან Cloud სერვერებზე. ელექტრონული საფულე მუშაობს ბანკის ანგარიშის მსგავსი პრინციპით და მისი გამოყენებით შესაძლებელია ბითქოინიის გაგზავნა, მიღება ან უბრალოდ შენახვა. თუმცა განსხვავებით ბანკის ანგარიშებისა, ბითქოინის ელექტრონული საფულე არ გახლავთ დაზღვეული FDIC-ის (დეპოზიტის სადაზღვეო ფედერალური კორპორაცია) მიერ, რაც არალეგალური გადარიცხვების ზრდის რისკთან ერთად, ელექტრონულ ფულთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.