კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო რისკის შეფასებისთვის ლოგიკურ-ალბათური მოდელის გამოყენების ასპექტები
თამარ გამსახურდია, ეკონომიკის მეცნ. დოქტორი თეა მუნჯიშვილი, ეკონომიკის მეცნ. აკადემიური დოქტორი
საქართველოში გრძელვადიან პერიოდში მყარი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის ფინანსური და რეალური სექტორების მჭიდრო ურთიერთკავშირს, რაც უნდა აისახოს რეალური სექტორის განვითარების სტიმულირებაში და საწარმოო-საინვესტიციო პოტენციალის ამაღლებაში.
რეალური სექტორის ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფას აფერხებს ფინანსურ და რეალურ სექტორებს შორის ქვეყნის ეკონომიკაში არსებული სუსტი ურთიერთკავშირი და შესაბამისად, პოლარიზაციის გაღრმავება, აღნიშნული კი განაპირობებს რეალურ სექტორში არსებული მაღალი საინვესტიციო და საკრედიტო რისკების გამო ფინანსური სექტორის მკვეთრ ორიენტაციას მაღალმომგებიან ოპერაციებზე. აღნიშნულზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 48.2 პროცენტი ვაჭრობის სექტორზე მოდის. უკანასკნელ ერთ წელიწადში ვაჭრობისათვის გაცემული სესხების მოცულობა 59.0 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს გადააჭარბა. მრეწველობის დარგებისათვის გაცემული სესხების წილი იურიდიული პირების სესხების საერთო მოცულობაში 17.9 პროცენტს შეადგენს, ხოლო მშენებლობის სექტორისათვის – 12.6 პროცენტს
საბანკო აქტივებისა და შესაბამისად საკრედიტო დაბანდებების მშპ-ში დაბალი მონაწილეობის მიუხედავად, საბანკო სისტემამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პოზიტიური თვისებრივი და რაოდენობრივი ცვლილებები განიცადა, კერძოდ: თანდათანობით იზრდება საბანკო სისტემის სტაბილურობა და საიმედოობა; უმჯობესდება საბანკო ზედამხედველობის ხარისხი; ოპტიმალური ხდება კომერციული ბანკების რაოდენობა; იზრდება კომერციულ ბანკებში ინვესტირებული უცხოური კაპიტალის მოცულობა; იხვეწება ბანკების ორგანიზაციული სტრუქტურა და უმჯობესდება კადრების პროფესიული მომზადების დონე; იზრდება საბანკო სისტემის ერთობლივი აქტივების მოცულობა, ხოლო სარესურსო პოტენციალში – დეპოზიტების მოცულობა; ხდება საბანკო სისტემის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და სხვა.
მიუხედავად ზემოთაღნიშნული დადებითი ტენდენციებისა და ძვრებისა, საბანკო სექტორი ვერ პასუხობს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების მოთხოვნებს, ვერ უზრუნველყოფს სამეწარმეო სუბიექტების საინვესტიციო აქტიურობის ზრდას და შესაბამისად ეფექტიანობის ამაღლებას შემდეგ გარემოებათა გამო: ჯერ კიდევ დაბალია ბანკების კაპიტალიზაციის დონე; ფულის მასის გარკვეული ნაწილი კვლავ მიმოიქცევა საბანკო არხების გვერდის ავლით; არ არის ამოქმედებული კრედიტებისა და დეპოზიტების ეფექტიანი დაზღვევის სისტემა; დაბალია საბანკო სექტორის სპეციალიზაციის ხარისხი და, რაც მთავარია, არ არის სიღრმისეულად შესწავლილი და გაანალიზებული საბანკო რისკის და მისი ცალკეული სახეების ფენომენი.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემა ჯერ კიდევ მაღალი რისკიანობით ხასიათდება.
მიუხედავად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უკანასკნელ ხანს გატარებული ღონისძიებებისა, კომერციული ბანკები დიდ ენთუზიაზმს არ იჩენენ საკრედიტო ოპერაციების გაფართოებისათვის. საშუალოდ მთლიან საბანკო სისტემაში არსებული ანაბრების მხოლოდ 50 პროცენტია კრედიტებად გაცემული. ჩვენი აზრით, ეს არის რისკის მაღალი დონე, რაც შეიძლება დაძლეულ იქნას რისკების მართვის ეფექტური სისტემებით.
2009 წლიდან ევროპის ბანკები რისკების მართვის ახალ სისტემაზე გადადიან, რომლის მოთხოვნები ე.წ. “ბაზელი II”-ის შემთხვევაშია ჩამოყალიბებული. “ბაზელი II”, რომელიც წარმოადგენს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციებს, 2004 წლის ივნისში გამოქვეყნდა და მას შემდეგ ბევრმა ქვეყანამ დაიწყო საკუთარი საბანკო ზედამხედველობის რეგულირების ამ ახალ პრინციპებზე გადასვლა. ფინანსური სტაბილურობის ინსტიტუტის მონაცემებით, 2015 წლამდე დაახლოებით 95 ქვეყნის რეგულატორი ამა თუ იმ ფორმით განახორციელებს “ბაზელი II”-ის რეკომენდაციებს. საქართველოს საბანკო ზედამხედველობის “ბაზელი II”-ის სისტემაზე გადასვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი დანერგვა 2011 წლისათვისაა დაგეგმილი, მაგრამ გარკვეულ ღონისძიებებს ამ სისტემის დანერგვამდე ეროვნულმა ბანკმა უკვე მიმართა. კერძოდ, შემუშავდა “კომერციული ბანკების რისკების მართვის თაობაზე დებულება (ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 18 მარტის #17 ბრძანება), რომელშიც აღნიშნულია: “ბაზრების სხვადასხვა პირობებისა და სტრუქტურის, ბანკების ოპერაციების მოცულობის, კომპლექსურობის გათვალისწინებით, აუცილებელია თითოეულმა ბანკმა შექმნას რისკების მართვის სტრუქტურა და მისთვის დამახასიათებელი რისკების მართვის სისტემა”.
აღნიშნული დებულების საფუძველზე უნდა შეიქმნას და დაინერგოს საბანკო რისკების როგორც გარე (მხედველობაში გვაქვს, ეროვნული ბანკის დონეზე), ასევე შიდა (კომერციული ბანკების დონეზე) შეფასების და კონტროლის სისტემა. აღნიშნული მექანიზმი საბანკო სისტემის ორივე დონის წარმომადგენლებს დაეხმარება რისკების სახეობებისა და მოცულობის დადგენაში, აგრეთვე იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად გაამართლებს შესაბამისი რისკი მოსალოდნელ შემოსავლებს, რის საფუძველზე დამუშავდება რისკის ფაქტორის გავლენის შემცირების შესაძლებელი ღონისძიებანი.
დღის წესრიგში დგას ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც საშუალებას მოგვცემს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად შერჩეულ მაჩვენებლებს შორის საფუძვლად აღებულ იქნეს არსებული ლოგიკური კავშირები და მათი ფაქტიური მნიშვნელობები. შერჩეულ მაჩვენებლებს შორის არსებული ლოგიკური კავშირების, ექსპერტის (ექსპერტების) მიერ განსაზღვრული ნორმატიული და ფაქტიური მნიშვნელობების შეჯერებით უნდა განხორციელდეს საწარმოს ფინანსური ანალიზი და ფინანსური მდგრადობის შეფასება.
საზედამხედველო პოლიტიკის გატარების დროს საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კომერციულ ბანკებში რისკების მართვის ადეკვატურობას. სწორედ რისკების მართვის ლოგიკურ-ალბათური მოდელირების მათემატიკურ მეთოდზე დაფუძნებული წარმოდგენილი მეთოდიკა საზედამხედველო პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად რისკების გონივრული მართვის და გამოყენების დროული იდენტიფიცირების, ადეკვატური შეფასების, ეფექტიანი მონიტორინგისა და კონტროლის საშუალებას იძლევა. კომერციული ბანკების დონეზე რისკების მიზანმიმართული მენეჯმენტი კი მოწოდებულია გააუმჯობესოს აქტივების ღირებულება, მიიღოს მომავალში ინფორმაცია ბანკის შესაძლო ზარალის შესახებ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საფუძველზე გააუმჯობესოს სისტემური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები და პროცესები, გამოიყენოს როგორც ბანკის შეფასების უფრო ზუსტი ბაზა, ისე შეაფასოს კომპლექსური ინსტრუმენტებისა თუ ბიზნესის საქმიანობისათვის დამახასიათებელი რისკები და შექმნას რისკების მართვის ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნაში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ბაზრების სხვადასხვა პირობებისა და სტრუქტურის, ბანკების ოპერაციების მოცულობის, კომპლექსურობის გათვალისწინებით უნდა დაინერგოს რისკების მართვის სტრუქტურა და ბანკებისათვის დამახასიათებელი რისკების მართვის სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით გავაანალიზოთ ბანკის ფინანსური მდგრადობის შეფასებაში გამოყენებული მათემატიკური მეთოდები და ალგორითმები, ვაჩვენოთ მათი დადებითი მხარეები და პრაქტიკული გამოყენების სიძნელები. ეკონომიკის სხვა სფეროებში გამოყენებული მათემატიკური მოდელებიდან შევარჩიოთ ისეთი მათემატიკური მოდელი, რომლის გამოყენება კომპანიების ფინანსური მდგრადობის შეფასების ასეთ მოდელს წარმოადგენს – ლოგიკო-ალბათური მოდელი. ეკონომიკური პროცესები ზოგადად ალბათური ბუნებისაა და ამიტომ მათ შორის არსებული კავშირები შეიძლება აღწერილ იქნას გარკვეული ლოგიკური ფუნქციებით. ეკონომიკური სისტემის მოდელირების დროს ნებისმიერი ჰიპოთეზა კონკრეტულად აისახება სისტემის ელემენტებს შორის კავშირებსა და ამ ელემენტების მუშაობის ალბათობებში. სისტემის ფუნქციონირების მოდელირება სხვადასხვა წინასწარ დადგმული სცენარებით ხორციელდება და მოწმდება მოცემული სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში მთლიანად სისტემის მუშაობა.
საქართველოს საბანკო სფეროს და კორპორაციული სექტორის თავისებურებების გათვალისწინებით ჩვენს მიერ შემუშავებული ფინანსური მდგომარეობის შეფასების ლოგიკურ-ალბათური მოდელის საფუძველზე შესაძლებელია:
1. ადექვატურად იქნეს აღწერილი ფინანსურ მახასიათებლებს შორის არსებული ლოგიკური კავშირები;
2. გათვალისწინებული იქნეს მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ალბათური ბუნება;
3. ექსპერტის (ექსპერტთა) მიერ დაშვებული ჰიპოტეზების მიხედვით შემოწმდეს: პირველი, ექსპერტის გამოცდილების საფუძველზე შერჩეული ეკონომიკური მაჩვენებლებით თუ რამდენად ადექვატურად იქნება აღწერილი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და მეორე, როგორ განხორციელდება და რა შედეგს მოგვიტანს კომპანიის ფინანსური მდგრადობის პროგნოზი;
4. მოდელირების საფუძველზე შემოწმებულ უნდა იქნეს ჰიპოთეზები კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შეფასების ინტეგრირებული მაჩვენებლის სტრუქტურის და შინაარსის შესახებ, ე.ი. შეირჩეს და დასაბუთდეს შერჩეული ეკონომიკური მაჩვენებლებით კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობა;
5. შერჩეულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის არსებული ლოგიკური კავშირების და კომპანიის შესაძლო ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნეს თითოეული მაჩვენებლის და მაჩვენებლთა ერთობლიობის საიმედოობის/არასაიმედოობის ალბათობა;
6. გამოანგარიშებულ იქნეს თითოეული მაჩვენებლის და მაჩვენებელთა ერთობლიობის ხვედრითი წილი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებაში;
7. განხორციელდეს თითოეული მაჩვენებლის და მაჩვენებელთა ერთობლიობის ხვედრითი წილის ზემოქმედების მოდელირება კომპანიის მოსალოდნელ ფინანსურ მდგომარეობაზე;
8. მოდელირების საფუძველზე განისაზღვროს პერსპექტივაში კომპანიის ფინანსური განვითარების სტრატეგიები;
9. გამოანგარიშებულ იქნეს კომპანიის მოსალოდნელი ფინანსურად არამდგარობის რისკი და შემუშავდეს მისგან დანაკარგების თავიდან აცილების გზები;
10. ეკონომიკურ მაჩვენებელთა მნიშვნელობების ალბათობების გათვალისწინებით მოდელირებულ იქნეს კომპანიის ფინანსური მდგრადობა;
11. მოდელირების საფუძველზე შეირჩეს კომპანიის ფინანსური განვითარების ოპტიმალური ვარიანტი და ეს ვარიანტი გამოყენებულ იქნეს ფინანსური მონიტორინგის ჩასატარებლად;
12. ფაქტიური მონაცემების საფუძველზე შეფასდეს კომპანიის ფინანსური მდგრადობა და განხორციელდეს პროგნოზი;
13. შემოწმებულ იქნეს ჰიპოთეზები კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასების ინტეგრირებული მაჩვენებლის სტრუქტურის და შინაარსის შესახებ, ე.ი. დასაბუთებული იქნეს შერჩეული ეკონომიკური მაჩვენებლებით კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასება.
რისკების მართვის ლოგიკურ-ალბათური მოდელის აგება ოთხი ეტაპისგან შედგება:
1. ამოცანის დასმა, სისტემის სტრუქტურული სქემის აგება;
2. ლოგიკური ფუნქციის განსაზღვრა;
3. ალბათური ფუნქციის მრავალწევრის განსაზღვრა;
4. სისტემის მაჩვენებლების ალბათობების გამოანგარიშება.
პირველ ეტაპზე ხორციელდება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის დასახასიათებლად შერჩეულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის არსებული ლოგიკური კავშირების აგება და წარმოდგენა ორიენტირებული გრაფის სახით. მეორე ეტაპზე განისაზღვრება ლოგიკური ფუნქცია. მესამე ეტაპზე განისაზღვრება ალბათური ფუნქციის მრავალწევრი. კომპანიის შესაძლო სხვადასხვა ფინანსურ მდგომარეობაში ყოფნის ალბათობების გათვალისწინებით მეოთხე ეტაპზე ხორციელდება ყველა შერჩეული ეკონომიკური მაჩვენებლის/მაჩვენებელთა წყვილების, სამეულების და ა.შ. საიმედო/არასაიმედო მდგომარეობაში ყოფნის ალბათობის გამოიანგარიშება.
კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამოკვლევისას მნიშვნელოვანია შესწავლილ იქნეს ცალკეული შერჩეული მაჩვენებლის ან მაჩვენებლების ხვედრითი წილი სისტემის მდგრადობაში. კერძოდ, როგორი იქნება სისტემის ფინანსური მდგრადობა მაშინ, როდესაც ეკონომიკური მაჩვენებლის ან მათი ერთობლიობის მნიშვნელობა გარკვეული ალბათობით დასაშვები მნიშვნელობის ტოლი იქნება ან პირიქით.
ჩვენთვის მთავარი მიზანია მივიღოთ პასუხი კითხვაზე: როგორ იმოქმედებს თითოეული ფინანსური მაჩვენებლის საიმედობის ალბათობა მთლიანად კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. რეალურ პირობებში ძირითადად ამ სიტუაციას აქვს ადგილი და არა აბსტრაქტული რეალობიდან მოწყვეტილ დაშვებას – თითქოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ყველა ასპექტი ერთნაირი ალბათობით იყოს საიმედო ან არასაიმედო. ამ საკითხზე პასუხის გაცემა აქტუალურია. ჩვენი აზრით, კომერციული ბანკების მიერ შიდა ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელის სახით ლოგიკო-ალბათური მოდელის გამოყენება ეფექტური იქნება როგორც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებისა და კომპანიის გაკოტრების პროგნოზირებისას, აგრეთვე ბანკის საკრედიტო პორტფელის რისკის შეფასების დროს.