ეკონომიკური უშიშროების ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი
პაატა კოღუაშვილი, სრული პროფესორი, ეკ. მეცნ. დოქტ. (სსსსუ) თამაზ კუნჭულია, ეკ. მეცნ. დოქტ. პროფესორი ლილი კოღუაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი
მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულზე არსებული ფასების სულ უფრო მზარდი დინამიკის, აგრეთვე შესასყიდი მარცვლის სტრუქტურის (სასურსათო და საფურაჟე) გათვალისწინებით საქართველოს მოთხოვნილების დაკმაყოფილებას პროდუქციაზე 0,5 მლრდ. დოლარამდე თანხა სჭირდება. ცნობილია ისიც, რომ საგარეო ვაჭრობის ბალანსის დეფიციტის მნიშვნელოვანი ოდენობა დღეისათვის სურსათზე, მათ შორის მცენარეული ზეთის, შაქრის, ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე მოდის.
ეს მდგომარეობა შეიძლება მოსათმენი ყოფილიყო იმ პირობებში, როცა მარცვლეულის წარმოების ყველა ადგილობრივი რეზერვი ამოწურულია, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში არსებობს მისი წარმოების გადიდების რეზერვები და ამით სავალუტო რესურსების დაზოგვის საშუალება, მარცვლის იმპორტზე ასეთი დამოკიდებულება, ჩვენი აზრით, ქვეყნის აგრარული პოლიტიკის შეცდომად უნდა იქნეს მიჩნეული.
წინამდებარე სტატია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალის “The Economist”-ის (ტ.385, #8558, 8-14 დეკემბერი, 2007წ.) და ჟურნალის “საქართველოს ეკონომიკა” (#1-#6, 2008წ.) პუბლიკაციების ანალიზის საფუძველზე მომზადდა, ჩვენი აზრით, საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რამდენად არსებითია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისათვის მასში ეკონომიკური უშიშროების (უსაფრთხოების) პრინციპის გათვალისწინება, როგორც მისი (ერთ-ერთი) მთავარი საყრდენისა.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სასურველსა და შესაძლებელ მიმართულებაზე სერიოზული მსჯელობის კონტექსტში ცხადია მხოლოდ ორი რამ: პირველი, როგორი არ უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა და მეორე, რომელია და რაგვარია საქართველოს ეკონომიკური მომავლის ყველაზე სასურველი სახე.
სასურველია საქართველოს გარდაქმნა მაღალგანვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, რომელიც თვითონ დაიკმაყოფილებს თავის სასურსათო და სხვა საარსებო მოთხოვნილებებს, ექნება დადებითი სალდო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობაში და ექსპორტის საგნად მეცნიერებატევადი სამრეწველო, მეცნიერული და მაღალი ხარისხის (ეკოლოგიურად სუფთა) სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ეს სასურველი მიმართულება გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოებასაც (უშიშროებას), ანუ მისი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გარანტირებულად შენარჩუნებას გარე ძალების (და მათი სხვადასხვა კომბინაციების) ნებათაგან დამოუკიდებლად.
ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში სურსათზე ფასების შემცირების ტენდენცია იყო. 1985-2005 წლებში ეს ფასები (რეალურ მსყიდვეობითუნარიანობაზე გადაანგარიშებით) სამი მეოთხედით დაეცა, ახლა კი განუხრელად იზრდება. ხორბლის ფასი მხოლოდ 2007 წლის გაზაფხულიდან დღემდე გაორმაგდა (400 დოლარი გახდა). სახელდება ამ მოვლენის ორი ძირითადი მიზეზი. ერთია ცვლილება მოხმარებაში: რიგმა ქვეყნებმა თავისი ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის წყალობით იმაზე მეტის მოხმარება დაიწყეს, ვიდრე ადრე იხმარდნენ. მაგალითად, 1985 წელს ერთი ჩინელი წელიწადში ჭამდა 20 კილოგრამ ხორცს, ახლა კი – 50-ზე მეტს. ანალოგიურია ინდოეთის მოსახლეობის მოხმარების ევოლუციაც (ჩინელები და ინდოელები ერთად მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2/5 შეადგენენ). მაგრამ ეს მიზეზი არც ერთადერთია, არც წამყვანი. ასე რომ იყოს, მაშინ საკვების ფასების ზრდა მხოლოდ თანდათანობითი იქნებოდა და არა უეცრად, როგორც ახლა რეალურად ხდება. წამყვანი მიზეზია საკვების გამოყენება ენერგეტიკული მიზნით, რასაც თავის მხრივ მუდმივმოქმედი ფაქტორი განაპირობებს – კაცობრიობის სტაბილური ენერგეტიკული გასაჭირი. ამერიკელები მზარდი ტემპით ხმარობენ უკვე ყველაზე იაფ მარცვლეულს – სიმინდს საწვავის (ბიოეთანოლის) დასამზადებლად, რომელიც შიდაწვის ძრავებში ბენზინს ცვლის. სიმინდის ფასის ზრდა იწვევს სხვა მარცვლეულის, აგრეთვე ხორცის (1კგ. საქონლის ხორცის მიღებას სჭირდება 8კგ. მარცვალი, ღორის ხორცისას – 3კგ.) ღირებულების გაზრდას და ა.შ. საკვების გაძვირება ურტყამს ქალაქის, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნის ქალაქების ღარიბ მოსახლეობას და წელში მართავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელს, რომელიც ამის წყალობით იმ დონემდე მიდის, რომ სახელმწიფოს სუბსიდიები აღარ სჭირდება იაფი საკვების წარმოების სტიმულირების მიზნით, მითუმეტეს, გაქრება მეორე სუბსიდიის საჭიროებაც – სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობისთვის ფულის გადახდა იმაში, რომ ესა თუ ის პროდუქტი არ მოიყვანოს (ორივე სახის სუბსიდიებს ერთად დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობათა უკვე მრავალტრილიონიანი სახსრები აქვს მოხმარებული). უფრო ფართოდ და ზოგადად თუ შევხედავთ საკვების გაძვირების დღევანდელ ღრმაფესვებიან ტენდენციებს, მათ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია, თუმცა ზოგადი პერსპექტივები საკმაოდ დამაფიქრებელია.
ამ ტენდენციების უარყოფითი მხარეებია:
– გადასახადების გადამხდელთა დიდი დატვირთვა სუბსიდიების გამო (განვითარებულ ქვეყნებში);
– საკვების ხარისხის გაუარესება;
– მონოკულტურების გაბატონება მოცემული ქვეყნების მეურნეობაში;
– ჭარბწარმოების განვითარება უარყოფითად აისახება ღარიბი ქვეყნების სოფლის მეურნეებზე;
– წარმოების პროდუქტიულობის ზრდის შესაბამისად, სოფლად საქონელმწარმოებელთა გარკვეული ნაწილის დასაქმების გარეშე დარჩენა;
– ტყეების მოსალოდნელი გაკაფვა სახნავ-სათესი ფართობების გასადიდებლად და ამით აუნაზღაურებელი ეკონომიკური ზარალის გამოწვევა.
დადებითი მხარეებია:
– სოფლის მეურნეთა ფართო მასის სტიმულირება წარმოებისთვის;
– აგრარულ სექტორში დაბანდებათა შემოსვლა და სათანადო (საწარმოო და სოციალური) ინფრასტრუქტურის განვითარება.
პრობლემის გადაჭრაში თუ ვერა, შემსუბუქებაში მაინც მთავრობებს გადამწყვეტი როლი ეკუთვნის (რაც, სხვათა შორის, იმასაც ნიშნავს, რომ არაკვალიფიციური და კორუმპირებული მთავრობა თავის ქვეყანას და ხალხს ვერ დაიცავს ამ პროცესის ვერც ერთი მინუსისაგან და ვერ მოუპოვებს მას ვერცერთ შესაძლებელ პლუსს). ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის მსოფლიო ბანკის დასკვნა, რომ ღარიბი მოსახლეობა შრომის ნაყოფიერების ყოველი ერთი პროცენტის გაზრდისაგან სოფლის მეურნეობაში, სამჯერ მეტ ნამატს იღებს თავის შემოსავალში, ვიდრე ანალოგიური გაზრდისაგან მრეწველობაში ან მომსახურებაში).
ჩვენი აზრით, მოსახლეობის ამა თუ იმ ფენის შველა საკვების გაძვირების პირობებში უნდა ემყარებოდეს არა მისთვის საკვების სუბსიდირებას (ანუ საკვების ხელოვნურ გაიაფებას), არამედ მისი შემოსავლის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ამა და ამ ფენის შემოსავლის გაზრდა ყოველთვის ვერ გაუსწორდება მისი საკვების ფასის ზრდას: ეს სხვადასხვა მოსახლეობას სხვადასხვაგვარად ეხება. გაანგარიშებით, ყველაზე მძიმე პერსპექტივა ამ მხრივ აქვს ღარიბი ქვეყნების ღარიბ ქალაქელსა და სოფლის მოსახლეობას, რომელიც როგორც ვიცით, რეალურად დღეს საქართველოს მთელი მოსახლეობის 57%-ია.
ღარიბ მოსახლეობაზე ამ დარტყმის შესუსტება მხოლოდ მთავრობას ძალუძს. ამდენად:
– სასურსათო უსაფრთხოება (უშიშროება) ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა;
– მთავრობის კომპეტენტურობა და აგროსასურსათო პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი, მიმართულება და დონე (მარეგულირებლის როლი) გადამწყვეტი ფაქტორია, რათა ქვეყანა შიმშილისაგან გადაარჩინოს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების იდეოლოგია გამორიცხავს ხელისუფლების ჩარევას ეკონომიკურ პროცესებში როგორც კონკრეტული ღონისძიებების სახით, ისე ეკონომიკური “თამაშის წესების” განსაზღვრაში ამა თუ იმ ნებისმიერი გონივრული, მაგრამ არასტანდარტული (მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყნისაგან განსხვავებული) ნაბიჯის გადადგმის სახით.
საკვების გაძვირების მსოფლიო პროცესი შეუქცევადია განჭვრეტად მომავალში. აი, ზოგიერთი მონაცემი:
1. სიმინდის მსოფლიო ფასი (150 დოლარი ტონა) 50%-ით აღემატება 2006 წლისას. ეს აისახება ყველა სხვა მარცვლეულის ფასზე. მკვეთრად შემცირდა (150 მილიონი ტონით) მარცვლის მსოფლიო მარაგთა რაოდენობა (ანუ მოთხოვნამ მკვეთრად გადააჭარბა მიწოდებას). განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ეს მოხდა სარეკორდო მსოფლიო მოსავლის (1,66 მილიარდი ტონა) პირობებში. მაშასადამე, გაძვირება გაგრძელდება;
2. საქონლის საკვები (ხორცის საწარმოებელი) მარცვლეულის მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება სტაბილურად 1-2%-ით ყოველწლიურად. შეუდარებლად უფრო მკვეთრია, როგორც ზემოთ ითქვა, მარცვლეულის ხარჯის ზრდა ენერგეტიკული მიზნისათვის. 2000 წელს ამერიკაში ბიოეთანოლის (საწვავის) საწარმოებლად მოხმარებულ იქნა 15 მილიონი ტონა სიმინდი, 2007 წელს – 85 მილიონი. ამერიკის მთავრობამ შეისყიდა მარცვლეულის მთელი შიდა მოსავლის ერთი მესამედი;
3. ბუნებრივად ისმის კითხვა: არის თუ არა მოსალოდნელი, საკვები პროდუქტების ფასთა ზრდის საპირისპიროდ, სახნავი მიწების მნიშვნელოვანი ზრდა? მაინცდამაინც არა, რადგან მათი ზრდა შეზღუდულია, ერთის მხრივ, ტყეების გაფრთხილების მიზნით, მეორეც, მათი დიდი ნაწილი ბრაზილიის შორეულ ჯუნგლებში, რუსეთში, ყაზახეთში, სუდანსა და კონგოშია, ანუ ძნელად მისაწვდომია.
– სახნავი მიწების ზრდის საპირისპიროდ, მოსალოდნელია მათი დიდი ნაწილის (20%) დაკარგვა გლობალური დათბობის პროცესის შედეგად. გარდა ამისა, ნავთობის მაღალი ფასები ალბათ შეამცირებს სასუქთა წარმოებას. გაერო-ს პროგნოზით, 2008 წლის ბოლოსათვის, მსოფლიოში მოსალოდნელია საკვების ფასების ზრდა კიდევ ათიოდე პროცენტით, ხოლო 50 ქვეყანაში – 40%-ით, მათ შორის საქართველოშიც. ეს ნიშნავს “წარსულთან (იაფი საკვების ხანა დასრულდა) კავშირის გაწყვეტას”;
4. საქართველოსათვის არსებითია ვითარების კიდევ ერთი პარამეტრიც: ამერიკული ოჯახის ხარჯში საკვებს დღეს უკავია ერთი მეშვიდედი, ღარიბი ქვეყნების მოსახლეობისაში – ნახევარზე მეტი, საქართველოში – 60-70%. მძიმეა იმის გააზრებაც კი, თუ რა შედეგს მოუტანს ქართულ ოჯახს საკვებზე ფასების შემდგომი ზრდა;
5. მთავრობის მიერ მოსახლეობის სასურსათო დახმარების ღონისძიებებში მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი: ექსპორტის შეზღუდვა (“ჩემი მოსახლეობის საკვებს სხვას არ მივყიდი!”) და შიდა ფასების შეზღუდვა (“არ შეიძლება პური ღირდეს ამა და ამ თანხაზე მეტი!”). ზოგი ქვეყანა ერთ საშუალებას მიმართავს, ზოგი (რუსეთი, არგენტინა) – ორივეს, რასაც ხშირად პოპულისტური ხასიათი აქვს. ზოგი იგებს (ეს, რა თქმა უნდა, ძლიერი ქვეყნებია). მაგალითად, ამერიკელ ფერმერთა შემოსავალი (2007 წელს) გაიზარდა 50%-ით და 89 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე მძიმედ კი ეს, რა თქმა უნდა, ღარიბ ქვეყნებზე იმოქმედებს, რომელნიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის (საქონლის) ექსპორტიორნი იყვნენ, ახლა კი შემომტანნი არიან (საქართველო ერთ-ერთი მათგანია ასეთთა შორის არასწორი აგრარული პოლიტიკის წყალობით).
საქართველოსთვის ეს ვითარება დამატებით მინუსსაც შეიცავს: ამ პროცესში იზრდება კეთილდღეობის დონის სხვაობა სოფელსა და ქალაქს შორის, ქალაქის სასარგებლოდ (როცა ჯინის კოეფიციენტი 0,4, მაშინ ითვლება, რომ საზოგადოება უთანაბროა). შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის განვითარების გარეშე (ინსტიტუციონალური მოწყობა), ქართულ სოფელს დაცლა, ანუ მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია ემუქრება.
მსოფლიოს 6 მილიარდზე მეტ მოსახლეობაში ნახევარი ღარიბია, ამათში 2,5 მილიარდი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. მაგრამ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაძვირებით განა ყველა მოიგებს ანუ მათი შემოსავლის ზრდა მათი საკვები ხარჯის ზრდას გადაფარავს ან გაუტოლდება. წააგებს ყველაზე მეტად ის, ვისაც სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ყველაზე ცუდად ორგანიზებული ექნება.
გასათვალისწინებელია ის, რომ ღარიბ ქვეყნებში სურსათის იმპორტი იზრდება, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების ოპერაციები, რაც ითვალისწინებს სასურსათო დახმარებას, მცირდება. საინტერესო ციფრია შემდეგიც: ექსპერტთა შეფასებით, თუ საკვების ფასები გაიზრდება ერთი მესამედით, ეს ცხოვრების დონეს მდიდარ ქვეყნებში შეამცირებს 3%-ით, ღარიბი ქვეყნებისას კი – 20%-ით. მიღებული კალორიების რაოდენობა კონკრეტული ადამიანისთვის შემცირდება 2-10%-ით. საყურადღებოა, რომ ამ მოსახლეობაში შედარებით ნაკლებად დაზარალდებიან ისინი, რომელთაც თავისი საკვები თვითონ მოჰყავთ – არც გააქვთ და არც შემოაქვთ, მაშასადამე, ნატურალურ მეურნეობასთან მიახლოებული ცხოვრების წესი აქვთ. აღსანიშნავია (თუმცა ამ მოვლენის მექანიზმების გახსნა შორს მიმავალი პრობლემაა), რომ აღწერილი პროცესი სხვადასხვა მოვლენებს იწვევს ერთის მხრივ მდიდარ და მეორეს მხრივ ღარიბ ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორის- ბანკების საპროცენტო განაკვეთის სიდიდის მხრივაც: ღარიბ ქვეყნებში ეს განაკვეთი იზრდება, მდიდრებში მცირდება. როგორც ღარიბი, ისე მდიდარი ქვეყნებისთვისაც ხსენებული პროცესის შედეგი დამოკიდებული იქნება ერთზე – მთავრობის პოლიტიკის ხარისხზე.
XXI საუკუნის უდიდესი გამოწვევა – გლობალური დათბობა დედამიწაზე ადამიანის სამეწარმეო საქმიანობის შედეგია. მოთხოვნამ მინერალურ რესურსებზე, ნავთობზე ფასების არნახულმა ზრდამ, შედეგად სურსათისა და სხვა პროდუქტების გაძვირებამ ალტერნატიული საწვავის (ბიოეთანოლი) საწარმოებლად სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ახალი მიმართულებით გამოყენება განაპირობა.
ახალი გამოწვევების გარდუვალობისა და ხანგრძლივობის შესახებ მეცნიერებს შორის განსხვავებული აზრი არსებობს, თუმცა ვერავინ უარყოფს ამ ორი კომპონენტის ერთობლივ გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე. უარყოფითი შედეგების შესარბილებლად საჭიროა: სახელმწიფოების მიერ ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება, ბიოსაწვავის საწარმოებლად გამოსაყენებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდა, საწვავის მიღების ახალი ტექნოლოგიების შემუშავება, რათა ალტერნატიული პროდუქცია ფასის მიხედვით კონკურენტუნარიანი გახდეს; სურსათის გაძვირების შესაძლო შემცირება ახალი სელექციური სასოფლო-სამეურნეო კულტურების და პირუტყვის ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყენებით; ღარიბი ქვეყნებისადმი ფინანსური და სასურსათო დახმარებების მექანიზმის შეცვლა; მსოფლიო ორგანიზაციების – გაერო-ს, მსოფლიო ბანკის და სხვათა გააქტიურება (შესამუშავებელია მოდელი, რომელიც იმუშავებს) მოსახლეობის შიმშილისგან ხსნისა და მოსალოდნელი “სასურსათო რევოლუციების” თავიდან ასაცილებლად. მაღალგანვითარებული ქვეყნების ბიუჯეტებსა და ფონდებში სასურსათო დახმარების პროგრამების გათვალისწინება, სიღარიბის დაძლევის ახალი მექანიზმების შემუშავება; სურსათის საყოველთაო გაძვირების პირობებში განვითარებად ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გააქტიურება.
სამი პრობლემა, რომელიც ერთდროულად შეეხება და აღვივებს მსოფლიო კლიმატის შეცვლას, სასურსათო და განვითარების კრიზისს ეხება. აფრიკული ქვეყნები ჩანასახის მდგომარეობაშია და XXI საუკუნეში ამგვარ ყოფაში მყოფი ადამიანების ცხოვრება კატასტროფის ტოლფასია. ამგვარი შეფასება მისცა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა აფრიკაში მიმდინარე პროცესებს. იაპონიაში “დიდი რვიანის” შეხვედრაზე ჩასულმა გენმდივანმა დაფინანსების გაზრდა მოითხოვა. თუმცა როგორც სამიტის დასრულების შემდეგ გამოირკვა, რვიანის შემადგენლობას აფრიკის მოსახლეობის გონებრივ განვითარებასა და შიმშილისაგან გადარჩენისათვის სერიოზული თანხების გაღება არ სურს. ათი მილიარდი აშშ დოლარი იმ ქვეყნებისათვის გამოიყო, რომლებიც პროდუქტებზე ფასების ზრდამ დააზარალა. რა თქმა უნდა, ეს თანხები მცირე ხნით შვებას მისცემს მოსახლეობას, მაგრამ ინფლაციის ტემპის ხელოვნური შეჩერების შემდეგ ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება.
სამიტზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულები იყვნენ ჩინეთისა და ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. ექსპერტთა აზრით, ინდოეთის და განსაკუთრებით ჩინეთის ეკონომიკის უსწრაფესმა განვითარებამ და მოსახლეობის უეცარმა გამდიდრებამ გამოიწვია სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნის და შესაბამისად საწვავზე და საკვებ პროდუქტებზე ფასების არნახული ზრდა მთელ მსოფლიოში. სხვათა შორის კომუნისტური ჩინეთის ხელისუფლება არ ერევა ბიზნესმენთა საქმიანობაში, მას ამის არც ცოდნა და არც გამოცდილება არ გააჩნია. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩინეთში სერიოზული ინვესტიციები ჩაიდოს. იდეოლოგიური სხვადასხვაობა არავითარ პრობლემებს არ ქმნის. ჩინეთი მიმზიდველია ინვესტორებისათვის, ხოლო ჩინელები არნახული შრომისუნარიანობით გამოირჩევიან.
რაზე საუბრობდნენ დახურულ კარს მიღმა (შეხმატკბილებული) წამყვანი სახელმწიფოების (“დიდი რვიანი”) ლიდერები – არ გაცხადებულა. უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. ყველაზე აქტუალური იყო აშშ-ის ეკონომიკის განვითარების შენელების ობიექტური მიზეზები, აშშ-ის დოლარის გაუფასურება, იპოთეკური კრიზისები, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში სოლიდური ბანკების გაკოტრება და სხვ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე იმყოფება 2 მლრდ მეტი ადამიანი, ხოლო რეალურად უკვე შიმშილობს 850 მლნ. ცნობილია ისიც, რომ ბოლო წლებში მოშიმშილეთა რიცხვის შესამცირებლად გატარებულმა ღონისძიებებმა ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო.
გლობალური დათბობის პირობებში როგორ განვითარდება სოფლის მეურნეობა (თუნდაც თეორიულად), საჰარაში ვინ მოიყვანს ხორბალს, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. მსოფლიო დღევანდელი დღით ცხოვრობს და მეცნიერების არაერთი სერიოზული გაფრთხილების მიუხედავად, გარდაუვალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად იმ თანხების გაცემას არ აპირებს, რომელიც აღნიშნული პროცესის ფუნდამენტურ შესწავლასა და პრევინციული ზომების მიღების შესაძლებლობას მისცემდა ადამიანებს. ერთი მილიარდ ორასი მილიონი დოლარი (რომელსაც გაერო ითხოვს სასურსათო დახმარებისათვის) პრობლემას ვერ გადაჭრის. ეს თანხა ერთი თვის მანძილზე ერაყში საომარი მოქმედებების დროს დახარჯულ თანხებზე მცირეა.
სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში, საერთაშორისო გაერთიანებებსა და ორგანიზაციებში მიღებულ გადაწყვეტილებებს არ სდევს სათანადო ეფექტი და ეს განსაკუთრებით საგრძნობია, როდესაც მათ ძლიერი სახელმწიფოების სასიცოცხლო ინტერესები არ განაპირობებს.
ამდენად, შეიძლება ვთქვათ, რომ ამჟამად დედამიწაზე არ არსებობს და ალბათ არც უახლოეს პერიოდში გამოინახება სასურსათო უზრუნველყოფის გლობალური პრობლემის გადაწყვეტის უნივერსალური მექანიზმი (მოდელი). ჩვენი აზრით, ამ პრობლემის სიმძიმე დღესაც და მომავალშიც, ეროვნულ (ქვეყნის) დონეზე გადასაწყვეტი იქნება.
აშშ-ს ადმინისტრაცია მოითხოვს ნავთობმომპოვებელი და ნავთობგადამამუშავებელი კომპანიებისათვის მოგების ფიქსირებული ნორმის დაწესებას, საინვესტიციო ბანკებისა და ფონდების მხრიდან სპეკულაციის ფაქტების შესწავლას. საწვავის გაძვირებას პირდაპირი კავშირი აქვს ერაყში მიმდინარე ომთან და ირანთან შესაძლო ომს შორის.
აშშ-მა ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ალტერნატიული საწვავის პროგრამისათვის, რომელსაც ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები განახორციელებენ. ბიოსაწვავის გამოყენებით უახლოეს პერიოდში უნდა მოხერხდეს ბენზინის მოხმარების 20%-ით შემცირება. ევროკავშირი ამ გზით ბენზინის მოხმარების 6-დან 20%-დე შემცირებას გეგმავს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნის 1%-ით ზრდა ფასის 20%-ით მატებას იწვევს.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის რობერტ ზოელიკის განცხადებით, მოვლენა, რომელმაც ჩუმი ცუნამის სახელწოდება მიიღო, ჩვეულებრივი კატასტროფა კი არ არის, არამედ ადამიანმა შექმნა. ენერგომატარებლების და საკვები პროდუქტების ფასებს შორის ურთიერთკავშირის დარღვევა მდგომარეობას კიდევ უფრო დამძიმებს კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან ერთად. გაერო-ს გენერალური მდივნის პან გი მუნის მონაცემებით, წარმოებასთან შედარებით სურსათზე მოთხოვნის ზრდის გამო 2007 წელს ფასები 70%-ით გაიზარდა. სურსათის ფასებზე სერიოზულ გავლენას ახდენს ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლის ნაკლებობასაც თანამედროვე მსოფლიო არ უჩივის. სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფის პრობლემის სიმწვავე იმითაც დასტურდება, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში შიმშილისა და სურსათის ნაკლებობისგან 36 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო სასურსათო პროდუქტებზე ფასების 1%-იანი მატება, მოშიმშილე ადამიანების 16 მილიონით ზრდას იწვევს. ასეთია სურსათისა და ნავთობპროდუქტების XXI საუკუნის კრიზისის არსი.
გაერო-ს სასურსათო პროგრამის მონაცემებით, რომლის მიხედვითაც სოციალურად შეჭირვებული ქვეყნები შვიდ ჯგუფად არის დაყოფილი, საქართველომ გასული წლის მეხუთე ჯგუფიდან მეექვსე ჯგუფში ჩამოინაცვლა, რომელშიც სომხეთთან ერთად განთავსებულია აფრიკის 8 ღარიბი ქვეყანა და სადაც წლის ბოლომდე სურსათის 40%-ით გაძვირებაა მოსალოდნელი.
ღვთის წყალობით საქართველო აფრიკა არ არის და თავად მიწა-წყალი არ დაუშვებს ადამიანები შიმშილისაგან დაიხოცოს. ქვეყანა, რომელსაც ენერგომატარებლები არ გააჩნია, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიღმა ვერ დარჩება. მოხუცების ანაბარა დარჩენილი სოფელი ძალღონე გამოცლილი და დაძაბუნებული აღმოჩნდა. საბაჟო შემოსავლებზე აგებული ბიუჯეტის წყალობით, ქვეყნის ბიუჯეტი იზრდება – ხალხი ღატაკდება. უცხოელების სურვილი – საქართველოში მიწები შეისყიდონ, ძალზე ბუნებრივია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათზე აშენებული ბინებისა და კომერციული ფართების ფასი ძალზე მაღალია, ანუ მათზე საკმარისი მოთხოვნილებაა, მეორეც, გლობალური დათბობის პირობებში საქართველოს კლიმატი (ტყეები, მდინარეები, ტბები, ზღვა და წყაროები) მეტად მიმზიდველია. წყალი, რომელიც შესაძლოა სულ რამდენიმე წლის შემდეგ ნავთობზე მეტად გაძვირდეს, მთავრობის ყურადღების მიღმაა დარჩენილი. “თბილისის წყალთან” დაკავშირებული პრობლემებიც უმარტივესად გადაწყდა – იგი უბრალოდ უცხოელებს მიყიდეს.
აქედან გამომდინარე, საქართველოში მრავალმხრივი კრიზისია, ამაზე ბანკების კრედიტების გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები ყველაზე ნათლად მეტყველებს. 36%-მდე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი გაანადგურებს ისედაც მყიფე მცირე ბიზნესს და მძიმე ტვირთად დააწვება მეწარმეებს, რაც საბოლოოდ დაასამარებს ისედაც გაღატაკებულ საშუალო ფენას. ექსპერტთა შეფასებით, დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემამ გაზარდა მთლიანად საქართველოში საბანკო კრედიტების პროცენტული რაოდენობა. სამწუხაროა, რომ ამ სახელმწიფო პროექტის ავტორი ყველაზე წარმატებული ბანკირი და ყველაზე წარუმატებელი პრემიერ-მინისტრი გახლავთ.
საქართველოში, მსოფლიო ბაზრის მსგავსად, ყველა სახის საკვები პროდუქტი გაძვირდა. 2008 წლის პირველ კვარტალში, 2007 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პური გაძვირდა 36%-ით, ხორბლის ფქვილი – 27%-ით, სიმინდის ფქვილი – 21%-ით, რძე – 39%-ით, ყველი – 28%-ით. ამავე პერიოდში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 11%-ით, ხოლო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინდექსი 14%-ით გაიზარდა. შინამეურნეობების ხარჯებში გაიზარდა სამომხმარებლო, განსაკუთრებით სურსათზე გაწეული დანახარჯები და მან მთლიანი ხარჯების 60-70%-ი შეადგინა. სასურსათო ხარჯებში დომინირებს პურზე და პურ-პროდუქტებზე გაწეული დანახარჯები.
ექსპერტების შეფასებით, საქართველოს შეუძლია გამოკვებოს არათუ ქვეყანაში დღეს არსებული მოსახლეობა, არამედ 10-12 მილიონი ადამიანი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში შემოდის მრავალი ისეთი სახის პროდუქტი, რომლის ადგილზე წარმოება შეიძლება. არასწორი აგრარული პოლიტიკის გამო ბოლო ორ (2006-2007წწ.) წელიწადში სურსათის იმპორტი საქართველოს თითქმის 1,2 მლრდ დოლარი დაუჯდა.
სურსათის საყოველთაო გაძვირების პირობებში შესაბამისი მარეგულირებელი ზომების გატარების შემთხვევაში შესაძლებელია აგროწარმოების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ეს შეეხება როგორც ადგილობრივი მოხმარების, ისე საექსპორტო დანიშნულების პროდუქციასაც.
ხორბალზე ფასების ზრდამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ხორბლის იმპორტიორი ქვეყნები. ახალი ფასების გათვალისწინებით ერთი ტონა ყაზახური ხორბლის ფასი საქართველოს საზღვარზე შეადგენს 370-390 დოლარს. ფასების ზრდაზე მოქმედი ახალი ფაქტორის გათვალისწინებით იგი 400-420 დოლარამდე გაიზრდება. რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი ადგილზე შეადგენს 380-400 დოლარს ტონაზე, რომელიც სატრანსპორტო ხარჯების დამატების შემდეგ 430-450 დოლარს გაუტოლდება.
ერთი ტონა ამერიკული ხორბლის ფასი ადგილობრივ პორტებში, ხარისხების მიხედვით, 350-380 დოლარს შორის მერყეობს, რასაც ემატება 75-80 დოლარი – ტონა ხორბლის ტრანსპორტირებისათვის, რის შემდეგადაც სიფის პირობებში, ფოთის პორტში ერთი ტონა ხორბლის ფასი იქნება 430-460 დოლარი.
ექსპერტების ნაწილი ხორბალზე ფასების შემცირებას წინასწარმეტყველებს, რის ტენდენციაც შეინიშნება კიდეც. ეს არის ახალი მოსავლის წინ ხორბლის საცავების გამოთავისუფლებით, აგრეთვე მიმდინარე წლის, გასულ სეზონთან შედარებით ხორბლის მოსავლის 8-9%-ით ზრდით გამოწვეული მოვლენა. მაგრამ ფასების თავდაპირველ დონეზე დაბრუნება არ მოხდება, რადგან წარმოების გაძვირებაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები – ფასები საწვავზე, ახალ ტექნიკაზე, ტრანსპორტირებაზე, მომსახურების სხვა სახეებზე კვლავ მაღალი რჩება და მისი მხოლოდ მოსავლის გადიდებით კომპენსირება ვერ მოხერხდება. ყველა შემთხვევაში ხორბალზე ფასები ტონაზე 320-380 დოლარის ფარგლებში დარჩება, რაც აუცილებლად გამოიწვევს პურზე და პურ-პროდუქტებზე ფასების გაზრდას.
საქართველოში ბოლო სამოცი წლის მანძილზე მარცვლის ყველაზე მაღალი და სტაბილური მოსავალი იყო 1950-1959 წლებში – 708.4-794.6 ათასი ტონის ოდენობით. 1997 წელს მიღებულ იქნა 902.0 ათასი ტონა მარცვლეული, მაგრამ ეს იყო გამონაკლისი წელი. ხორბლის წარმოება ბოლო ათ წელიწადში არასტაბილური და ძირითადად კლიმატური პირობებით იყო განპირობებული. 2001 წელს საქართველოში აწარმოეს 306.5 ათასი ტონა ხორბალი, ხოლო 2006 წელს – 69.7 ათასი ტონა. ამასთან ყოველწლიურად მცირდებოდა იმ ფართობების მოცულობა, სადაც ხორბლის მოყვანა იყო შესაძლებელი. ასე მაგალითად, 2001 წელს საშემოდგომო თავთავიანი კულტურების ნათესმა ფართობებმა 156.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, ხოლო 2006 წელს – 76.6 ათასი, ანუ 79.6 ათასი ჰექტარით ნაკლები. ოფიციალურად საქართველოში დაუმუშავებელი რჩება სახნავი მიწის 30%-ი, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით იგი 40%-ს აღემატება.
შესაბამისი გათვლებით დადგენილია, რომ საქართველოს ყოველწლიურად სჭირდება 1700-1800 ათასი ტონა (სასურსათო და საფურაჟე) მარცვლეული (ამ მოცულობაში შედის ფიზიოლოგიური ნორმით გათვალისწინებული ხორცის და ხორც-პროდუქტების, რძის და რძის პროდუქტების, კვერცხის საშუალო დონეზე წარმოებისათვის საჭირო მარცვლეული), საიდანაც უშუალოდ სასურსათო დანიშნულების უნდა იყოს 750 ათასი ტონა. პურზე და პურ-პროდუქტებზე გადაანგარიშებით, ეს მოცულობა 680-690 ათას ტონას შეადგენს, ე.ი. საჭიროა 525-530 ათასი ტონა ფქვილი. აქედან, ადგილზე წარმოებული ხორბლიდან დღეისათვის შესაძლოა მიღებულ იქნეს 120-140 ათასი ტონა ფქვილი (140-150 ათასი ტონა სასაქონლო ხორბლის წარმოებიდან გამომდინარე საშუალოდ), დანარჩენი ოდენობა კი იმპორტით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.
ჩვენი გათვლებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ტრანსფორმაცია იმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში მარცვლისათვის ნათესი ფართობი გაიზარდოს 400 ათას ჰა-მდე. სახნავი მიწების ასეთი სტრუქტურული ტრანსფორმაცია საშუალებას იძლევა საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში წარმოებულ იქნას 1,4-1,5 მლნ. ტონა მარცვლეული, რაც სრულიად საკმარისია ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისთვის (საკმარისობის კოეფიციენტის მიხედვით).
სასურსათო პროდუქციის გაძვირება ხელსაყრელ გარემოს ქმნის კონკურენტუნარიანი პროდუქტების წარმოებისათვის. ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტის ტექნოლოგიური სქემების საფუძველზე ჩვენს მიერ შესრულებული გათვლებით, ხორბლის წარმოების კომპონენტების მაქსიმალურად გაძვირების პირობებში საქართველოში შესაძლებელია ხორბლის წარმოება, რომლის სარეალიზაციო ფასი, საბოლოო ანგარიშით, ერთ ტონაზე 340-360 დოლარი იქნება, ანუ დაახლოებით იმდენი, რაც დღეისათვის მსოფლიო ბაზარზე ხორბალზე არსებული ფასია.
ხორბლის წარმოების სხვა კომპონენტების გაიაფების (თესლის, იმპორტირებული სასუქების და პესტიციდების საბაჟო და დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლება, დიზელის საწვავის აქციზისაგან გათავისუფლება, ხორბლის მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურის ფორმირება, ფინანსურად და ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა – “მარცვალის” შემუშავება-რეალიზაცია, სახელმწიფო სუბსიდირების მეთოდის გამოყენება და სხვ.) პირობებში საქართველოში შესაძლებელია ხორბლის წარმოება, რაც წლიური მოთხოვნის 65-70%-ს დააკმაყოფილებს, ამჟამად არსებული 20-25%-ის ნაცვლად.
დასავლეთის ქვეყნებში ბოლო პერიოდში ხდება აგრარული პოლიტიკის გადახედვა (2004 წელს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ერთიანი აგრარული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ), რაც გამოიხატება, ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებისათვის გაწეული დახმარებების (სუბსიდიის) შემცირებაში, ხოლო მეორეს მხრივ იმ მკაცრი ღონისძიებების შესუსტებაში, რომლებიც მიმართული იყო საშინაო ბაზრების დასაცავად საგარეო კონკურენციისაგან. ეს პოლიტიკა უკვე სამართლებრივად აისახა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ე.წ. “ურუგვაისა და დოჰას რაუნდების” დოკუმენტებში.
მარცვლის ექსპორტიორი ქვეყნების ახალი აგრარული პოლიტიკა გამოიწვევს არსებით ცვლილებებს მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდებასა და მასზე ფასების ფორმირებაში. კერძოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფერმერთა დასახმარებლად გამოყოფილი სახსრების შემცირება გამოიწვევს წარმოებულ მარცვლეულზე დანახარჯების და შესაბამისად ფასების გაზრდას, რაც ფაქტობრივად კომპენსირებული უნდა იქნას იმპორტიორი ქვეყნების მიერ. აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მიწის რესურსები, ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მარცვლეულის პრობლემა იმ დონით მოხსნან, რა დონითაც ამის შესაძლებლობა ადგილებზე აქვთ.
აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, საქართველოს ეკონომიკური (მათ შორის სასურსათო) უშიშროება დამოკიდებული იქნება საკუთარი ხელით შექმნილ გარანტიაზე, რომ ქართველი ხალხი შიმშილით არ მოკვდება. ეროვნული სახელმწიფოებრიობის ეკონომიკური პროგრამის ერთი ცენტრალური პრინციპიც ეს არის.