საქართველოში დოლარი ნდობას კარგავს

რედაქციისაგან

საქართველოში დოლარს ნდობის დაბრუნება უჭირს და უპირატეს ადგილს ევრო, ეროვნული ვალუტა და ფუნტი სტერლინგი იკავებს. ასეთი ცალსახა დასკვნის საშუალებას იძლევა ცომმერსანტ.გე-ს მიერ გასული კვირის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვა, რომლის კითხვაც ასეთი იყო: “რომელ ვალუტაში შეინახავდით თქვენს დანაზოგს?”.

გამოკითხვაში მონაწილეობა 348-მა ადამიანმა მიიღო. მათმა დიდმა უმრავლესობამ – 42,9%-მა დააფიქსირა, რომ დანაზოგს ევროში ინახავს ან შეინახავდა. ევროს შემდეგ ქართველი მომხმარებელი ნდობას ეროვნულ ვალუტას უცხადებს – გამოკითხულთა 22,8%-მა განაცხადა, რომ დღეს ფულის შენახვა ყველაზე უსაფრთხო სწორედ ლარშია.
ლარს მცირედით ჩამორჩება ფუნტი სტერლინგი, რომლის სანდოობაში ეჭვი ცომმერსანტ.გე-ს მკითხველთა 21,7 %-ს არ ეპარება, დოლარმა კი ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა – ამერიკულ ვალუტას საკუთარ დანაზოგს გამოკითხულთა მხოლოდ 10,6 % ანდობს ან მიანდობდა, გამოკითხვაში მონაწილეთა 2 პროცენტს კი განსხვავებული მოსაზრებები აქვს.
აღნიშნული შედეგების კომენტარი ეკონომიკის ექსპერტს დავით ნარმანიას ვთხოვეთ: “პირველი ადგილი ევრომ ამ გამოკითხვაში სამართლიანად დაიმსახურა – ესაა ვალუტა, რომელიც არა ერთი ცალკეული ქვეყნის, არამედ ქვეყანათა ჯგუფის ფულადი ერთეულია და იმ შემთხვევაში, თუკი ამ ქვეყნებს შორის რომელიმეში ევროს საფრთხე დაემუქრება, ვითარება სხვა ქვეყნებში დაბალანსდება. ასე, რომ, ევროს რყევა ნაკლებ სავარაუდოა. ის ვარდნა კი, რომელიც ამ ვალუტამ საქართველოში განიცადა, ხელოვნურად იყო გამოწვეული და სხვაგან მსგავსი სირთულეები მას არ შექმნია.
მეორე ადგილზე აშშ დოლარს დავაყენებდი, რადგან თეთრი სახლის ანტიკრიზისული გეგმის დამტკიცების შემდეგ ვითარება გამოსწორებას იწყებს, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ კი სიტუაცია დასტაბილურდება.
მესამე ადგილს ფუნტ სტერლინგს მივანიჭებდი, რადგან იგი ძალზე მყარი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ფულადი ერთეულია.
ლარი კი მეოთხე ადგილს იმსახურებს, ისიც იმის გამო, რომ თქვენს რეიტინგში სხვა ქვეყნის ვალუტები არაა. ჩვენი ეროვნული ფულის მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. მისი სიძლიერე ხელოვნური ფაქტორებითაა გამოწვეული და ლარის კურსის რყევები მომავალშიც მოსალოდნელია” – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ექსპერტი ლადო პაპავა კი რისკების გადანაწილების პრინციპს ემხრობა და მომხმარებელს დანაზოგის სამივე ვალუტაში – ევროში, აშშ დოლარსა და ლარში შენახვას ურჩევს.
მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ხელისუფლების მიერ ძვირადღირებული პოპულისტური პროექტების განხორციელებაა. ექსპერტის ინფორმაციით, საქართველოში ინფლაცია ისედაც მაღალია, რაც აგვისტოს მოვლენებმა კი არა, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა.
“თუ ეკონომიკური პროცესები ასე გაგრძელდა, ინფლაცია კი არ შემცირდება, მოიმატებს. პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტული ვირტუალურად არის და რეალურად კი დეფიციტურია” – აცხადებს ექსპერტი.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ლადო პაპავა საქართველოს მოსახლეობას ურჩევს ფულადი დანაზოგი ლარებში, დოლარებში და ევროებში თანაბრად, ერთი მესამედის თანაფარდობით შეინახონ. “ამით რისკი და დანახარჯები შემცირდება” – აღნიშნავს პაპავა.