გლობალიზაცია და ეროვნული სახელმწიფო: თეორიული ასპექტები
ემირ ეთერია, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი
აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი #GNSF/PRES07/2-139). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.
გლობალიზაციის არსისა და მისი ძირითადი დეტერმინანტების შესახებ ნებისმიერი დისკუსია საბოლოო ჯამში დაკავშირებულია აღნიშნული ყოვლისმომცველი პროცესის ეროვნული სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე ზეგავლენის საკითხთან. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან გლობალიზაციის პროცესიდან მიღებული სარგებელი და საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკურ ურთიერთობებში ეროვნულ სახელმწიფოთა როლის შემცირება ერთ-ერთი ყველაზე განსჯადი საკითხია.
თანამედროვე ეტაპზე, გლობალიზაციის პრობლემების ზოგიერთი მკვლევარი (გერმანელი მკვლევარები ჰ. მარტინი და ხ. შუმანი, რუსი მეცნიერი მ. დელიაგინი და სხვა) ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტრანსეროვნული კორპორაციების (ტეკ), ტრანსეროვნული ბანკების (ტებ), ასევე ცალკეული რეგიონების მზარდ როლზე, მასობრივი ცნობიერების ფორმირებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, მათ ზეგავლენაზე, ასევე ეროვნული სახელმწიფოს როლის შესუსტებაზე და ა.შ.1 ამ აზრს ნაწილობრივ იზიარებს ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლ. თუროუ, რომელიც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ “მიუხედავად გლობალიზაციის ფორმების განსხვავებულობისა, მათი შინაარსი საერთოა და ემყარება კომერციული ფირმების მიერ მაქსიმალური მოგების მიღების სურვილს2”. ლ. თუროუ ეროვნულ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, ეროვნული მთავრობის როლის შემცირების, ცივი ომის დასრულებისა და პატარა-ქალაქ სახელმწიფოების არსებობის ფაქტორების ემპირული შედეგების საფუძველზე აკეთებს დასკვნას, რომ “50 წლის შემდეგ თანამედროვე ეროვნულ სახელმწიფოთა უმრავლესობა აღარ იარსებებს”3. ლ. თუროუს მოსაზრებას ეხმიანება პროფესორ ზ. დავითაშვილის განმარტება: “გლობალიზაციის მთავარი ნიშანი სახელმწიფო და ეროვნული საზღვრების მოშლა, ეროვნული ეკონომიკის გლობალური ეკონომიკით, ეროვნული კულტურის გლობალური კულტურით, ხოლო ეროვნული ცნობიერების გლობალური ცნობიერებით შეცვლაა4”. სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ “პლანეტის ეკონომიკური გაერთიანების კვალდაკვალ მოხდება პოლიტიკური გლობალიზაცია, რომელიც დამთავრდება მსოფლიო მთავრობის წარმოქმნით”5.
გლობალიზაციას განსაკუთრებით კრიტიკულად აფასებენ განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნების მეცნიერთა უმრავლესობა, ისინი უპირატესობას ანიჭებენ სახელმწიფოს მონაწილეობით ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებელ განვითარებას და გლობალიზაციის პროცესს განიხილავენ ეროვნული ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად. ამავე დროს, აღნიშნული ქვეყნების მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ ეროვნულ ტრადიციებზე, ფასეულობებზე, კულტურულ თვითმყოფადობაზე, გლობალიზაციის უარყოფით ზეგავლენაზე ანუ აქცენტს აკეთებენ გლობალიზაციის შესაძლო ნეგატიურ კულტურულ-პოლიტიკურ შედეგებზე.
ამავე დროს არსებობს შეხედულებები, რომლებიც მიუთითებენ ეროვნული სახელმწიფოს როლის გაძლიერების აუცილებლობაზე. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ამავე საერთაშორისო ინსტიტუტის მოხსენებაში – “სახელმწიფო ცვალებად მსოფლიოში” – აღნიშნავს “ეფექტიანი ეროვნული სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია მდგრადი განვითარება, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური”6. აღნიშნულ შეხედულებას ეხმიანება მოსაზრება, რომლის მიხედვითაც “ეროვნულმა სახელმწიფომ კიდევ უნდა ითამაშოს უმთავრესი როლი, კერძოდ გლობალიზაციის პირობებში და სახელდობრ იმიტომ, რომ განვითარება არათანაბრად მიმდინარეობს”7.
ამრიგად, გლობალიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციის პირობებში სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება დომინირებს:
გლობალიზაცია ამცირებს ეროვნული სახელმწიფოს როლს ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების პროცესში;
გლობალიზაციის პროცესი იწვევს ეროვნული სახელმწიფოს როლის ზრდას.
გლობალიზაციის პრობლემატურ საკითხთა შორის უმთავრესია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობის სისტემაშემქნელ სუბიექტებს შორის თანაფარდობისა და გლობალური განვითარების მიმართულებებზე მათი ზემოქმედების ხარისხი. არსებითი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო ეკონომიკის უმთავრეს სამ სუბიექტს შორის – ეროვნული სახელმწიფო, ტნკ-ები და საერთაშორისო ორგანიზაციები – თანაფარდობის ტრანსფორმაციის ანალიზს.
მსოფლიო ეკონომიკის ზემოთაღნიშნული სამი ძირითადი ინსტიტუტი დროის სხვადასხვა პერიოდში წარმოიქმნა. 1648 წლიდან (ვესტფალის ზავიდან), საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების უმთავრეს მონაწილეს (შემადგენელს) ეროვნული სახელმწიფო (ეროვნული ეკონომიკა) წარმოადგენს.
ტნკ-ების წარმოშობა დაკავშირებულია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისთან, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობებში მათი როლის ზრდა უპირატესად XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება, განვითარებული ქვეყნების ტნკ-ების მიერ კაპიტალის მასობრივი გატანის დაწყებიდან. ტნკ-ების ექსპანსიას მსოფლიო მასშტაბით ხელს უწყობდნენ განვითარებული სახელმწიფოები, რაც ამ უკანასკნელთა საგარეო-პოლიტიკური კურსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენდა. ტნკ-ები წარმოადგენენ ეკონომიკური გლობალიზაციის უმთავრეს მამოძრავებელ ძალას, რომელიც მნიშვნელოვანწილად შეესაბამება განვითარებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ გატარებულ პოლიტიკას. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ თანამედროვე ეტაპზე, ტნკ-ების წონა მსოფლიო ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვნად აღემატება ზოგიერთი სახელმწიფოს, უპირველეს ყოვლისა, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების წონას. ამდენად, ტნკ-ები თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აქტიური მონაწილეები არიან და მათი როლი გაძლიერების ტენდენციით ხასიათდება. ეს ფაქტორი ბადებს არაერთგვაროვან მიდგომებს ტნკ-ების საქმიანობასთან დაკავშირებით და ზოგიერთ სახელმწიფოში ტნკ-ები განიხილება, როგორც “ახალი იმპერიალიზმის” თანამედროვე ფორმა.
თანამედროვე პერიოდში მოქმედი, ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციები II მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიქმნა, როცა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობამ, წარმოებისა და კაპიტალის ინტერნაციონალიზაციამ, რაც უდაოდ ზრდის და ართულებს ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, მოითხოვა გარკვეული მარეგულირებელ-შემათანხმებელი ინსტიტუტების – ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაციების შექმნა, როგორიცაა გაერო, მისი სპეციალიზებული დაწესებულებებით (საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ), მსოფლიო ბანკი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო) და ა.შ. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების როლი გაძლიერების ტენდენციით ხასიათდება XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმები სწორედ აღნიშნული ორგანიზაციების რეცეპტებით წარიმართა. ასევე, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ეს ორგანიზაციები უპირატესად განვითარებული ქვეყნების მიერ იმართება და ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ-ეკონომიკურ მიზნებს ემსახურება.
ნათელია, რომ ეკონომიკის გლობალიზაციის, გლობალური ეკონომიკის შემდგომი განვითარება უპირატესად დამოკიდებულია განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც უმთავრესად მიმართულია ეკონომიკური განვითარების დონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მისი ამაღლებისაკენ.
გლობალური ეკონომიკის ფორმირება და მისი შემდგომი განვითარება გულისხმობს გარკვეული მარეგულირებელი ორგანიზაციული სტრუქტურების არსებობას, რომელთა მიერ გატარებული პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს გლობალური ეკონომიკის ფუნქციონირების ხასიათს და წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის, როგორც ორგანული მთლიანობის სტრუქტურულ ერთეულებს. აღნიშნული სტრუქტურების მოქმედების არეალი მოიცავს როგორც განსაზღვრულ ტერიტორიებს, ისე მთელ მსოფლიოს. აღსანიშნავია, რომ ყოველი სტრუქტურული ერთეულის წარმოშობა დაკავშირებულია განსაზღვრული მიმართულებით მოქმედებასთან ან გარკვეული საქმიანობის ხელშეწყობასთან. ყოველი სტრუქტურის ჩამოყალიბება განპირობებულია დროის მოთხოვნით, რამდენადაც ადამიანის ცოდნის გაფართოება როგორც გარესამყაროს, ასევე თვით ადამიანის შესახებ, ეკონომიკური პროცესების ინტენსიფიკაცია და გართულება, რომელმაც მოიცვა ადამიანისეული საქმიანობის მთელი სპექტრი, განაპირობებდა მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელი ინსტიტუციური სტრუქტურების განვითარების პროცესს. მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელ ინსტიტუციურ სტრუქტურებს განსხვავებული ისტორია, საქმიანობის მიმართულებები და ეკონომიკაზე ზემოქმედების განსხვავებული ბერკეტები გააჩნია, რაც მნიშვნელოვანწილად იწვევს მათ განსხვავებულ წონას გლობალური ეკონომიკის განვითარების პროცესში.
თანამედროვე გლობალური ეკონომიკის ფუნქციონირების ხასიათი მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება მასში მოქმედი ინსტიტუციური სტრუქტურების ურთიერთქმედებით, რომელთა შორის უმთავრესია ეროვნული სახელმწიფო (ეროვნული ეკონომიკა), საერთაშორისო ორგანიზაციები და უდიდესი ტრანსნაციონალური კორპორაციები. აღნიშნული სტრუქტურები გარკვეულ მთლიანობას ქმნის და როგორც გლობალური მთლიანობის შემადგენელი ნაწილები გარკვეულ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, მაგრამ ყოველი მათგანი შეიცავს იმ საერთო ელემენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მსოფლიო ეკონომიკის ერთიანობას. აღნიშნული სტრუქტურები, ერთი შეხედვით ქმნიან მსოფლიო ეკონომიკის ფუნქციონირებისა და მისი თვითგანვითარების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ურთიერთგამაწონასწორებელ სისტემებს.
მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აღნიშნული სამი ინსტიტუტის ევოლუციის პროცესში იკვეთება ერთი კანონზომიერება, კერძოდ, ეროვნული სახელმწიფო დანარჩენ ორ ინსტიტუტზე (საერთაშორისო ორგანიზაციები და ტნკ-ები) ახდენდა გარკვეული ფუნქციების დელეგირებას, უმთავრესად საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში. ცნობილია, რომ სსფ შეიქმნა ქვეყნებს შორის სავალუტო-საკრედიტო ურთიერთობების რეგულირებისათვის, ვმო – ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირებისა და სავაჭრო პოლიტიკის ურთიერთშეთანხმებისათვის. აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნიდან ეროვნული ეკონომიკის განვითარების პროცესში განუხრელად იზრდება საგარეო ფაქტორის როლი. თანამედროვე პერიოდში, საგარეო ფაქტორი გვევლინება ეროვნული ეკონომიკის განვითარების უმთავრეს განმსაზღვრელად, რაც თავისთავად ზრდის იმ ორგანიზაციების როლს, რომლებზეც ეროვნულმა სახელმწიფოებმა საგარეო ურთიერთობებში ფუნქციების გარკვეული ნაწილის დელეგირება მოახდინა.
თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები შეიძლება განხილულ იქნას როგორც ჭიდილი სახელმწიფო-ცენტრისტულ და საბაზრო ძალების მეშვეობით მსოფლიო ეკონომიკის თვითრეგულირების შესაძლებლობებს შორის. ყოველივე ეს ნათლად ასახავს უკანასკნელ ათწლეულებში ეკონომიკის პოლიტიზაციისა და პოლიტიკის ეკონომიზაციის მზარდ მასშტაბებზე გადასული პროცესის სირთულეს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს არაერთგვაროვანი მოსაზრებები, რომელთა შორის ხაზგასასმელია შემდეგი:
ანტიგლობალისტური მოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის სრული მიუღებლობა და მათ მიმართ აშკარა წინააღმდეგობა;
მოსაზრება, რომელიც მიუთითებს აღნიშნული ინსტიტუტების საქმიანობის არაეფექტიანობაზე და მათი მოდერნიზაციის აუცილებლობაზე. აღნიშნული მოსაზრება ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში;
შეხედულება, რომელიც ეხმიანება “ბაზრის უხილავი ძალების” მოტრფიალეთა შეხედულებებს და რომლის მიხედვითაც საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების პროცესში ყოველგვარი ჩარევა მიუღებელია როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და გლობალურ დონეზე;
ამდენად, XX საუკუნის მიწურულს მსოფლიო ეკონომიკის ფუნქციონირებაში არსებულმა პრობლემებმა გარკვეულწილად შეამცირა საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი ნდობის ხარისხი. აქ უპირატესად იგულისხმება სსფ, რომლის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდებოდა რეფორმები გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში.
ხაზგასასმელია გლობალური მართვის საკითხთან დაკავშირებით არსებული თანამედროვე ოთხი ძირითადი კონცეფციის დეტერმინანტები:
1. მსოფლიო მთავრობის კონცეფცია, რომლიც ეროვნული სახელმწიფოს ე.წ “გადიდებულ მოდელს” წარმოადგენს, ანუ გლობალური მთავრობა შეასრულებს იმ ფუნქციებს საერთაშორისო მასშტაბით, რომლებსაც ეროვნული სახელმწიფოები ასრულებენ ცალკეულ ქვეყანაში;
2. გაერო-ს რეფორმირების კონცეფცია, რომლის მიხედვითაც უშიშროების საბჭო შეასრულებს მთავრობის ფუნქციას, ხოლო გენერალური ასამბლეა – პარლამენტის ფუნქციას;
3. გლობალური განვითარების პოლიტიკური მართვა ან ჰეგემონი სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში აშშ) ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ნატო-ში, ეუთო-ში და დიდ რვიანში (G8);
4. კორპორატიული გლობალური მართვის კონცეფცია, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კონცეფციას გლობალიზაციის თეორეტიკოსებს შორის, რამდენადაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებისა და მათი რეალიზაციის კოლექტიურ პროცესს8.
თუმცა აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები შექმნილია სახელმწიფოების მიერ და სახელმწიფოებისათვის. ისინი მოწოდებული არიან დაარეგულირონ სახელმწიფოთაშორისი წინააღმდეგობები და არა იმისათვის, რომ განსაზღვრონ მათი პოლიტიკურ-ეკონომიკური კურსი. საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა მიმართული უნდა იყოს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნებში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების ხელშეწყობისაკენ, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებში განათლების, მეცნიერების სფეროს უპირატესი დაფინანსების ხელშეწყობით არის შესაძლებელი. ამ უკანასკნელი მიზნის რეალიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპეკულაციური კაპიტალის მოძრაობაზე ე.წ “ტობინის გადასახადის” დაწესება, რაც მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ძალისხმევით არის შესაძლებელი. მიზანშეწონილია მიღებული თანხის სწორედ განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნებში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირებისთვის გამოყენება, რამდენადაც სწორედ აღნიშნული წარმოადგენს გლობალური ეკონომიკის სტაბილური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წანამძღვარს.
ამავე დროს მსოფლიო ეკონომიკაში ტნკ-ების როლი ხშირ შემთხვევაში გაზვიადებულია ბაზრის აპოლოგეტების ნაშრომებში, მაშინ როცა სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩოების ჩამომყალიბებელ ინსტიტუტს. ასევე, მნიშვნელოვანია ე.წ. “ბაზრის ჩავარდნების” გათვალისწინება, რომელიც უდავოა როგორც ცალკეული ეროვნული, ისე რეგიონული და გლობალური ეკონომიკის დონეებზე.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესები ვითარდება იმ ფარგლებში, რომელსაც ეროვნული სახელმწიფოები ადგენენ. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული სახელმწიფოების მხრიდან საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ გატარებული პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მაღალი ხარისხი. ეროვნული სახელმწიფოები (უმთავრესად განვითარებული სახელმწიფოები) იღწვიან იმ წესების გლობალურ დონეზე დასამკვიდრებლად, რომელიც თანხვედრაშია მათ შიდა ეკონომიკურ ინტერესებთან, რაც ხშირ შემთხვევაში ტნკ-ების მიერაა ნაკარნახევი და მათ მიერვე არის ინიცირებული.
ამდენად, ეროვნული სახელმწიფო წარმოადგენს ინსტიტუტს, რომელიც ახდენს საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური საქმიანობის წესებისა და რეგულაციების შემუშავებისა და მათი რეალიზაციის პროცესში მონაწილე უმთავრეს ინსტიტუტს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გლობალიზებად ეკონომიკაში იძენს სხვა ფუნქციებს, რომელთა შორის გამოსაყოფია: საერთაშორისო წესების შემუშავებაში მონაწილეობა, რომელიც ყოველთვის შიდა ეკონომიკური მიზნებით განისაზღვრება, ამ წესებთან ეროვნული ეკონომიკის ადაპტაცია, ეკონომიკის დაცვა, რაც ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიული მიზნითაა განპირობებული, ეროვნული ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში სრულყოფლილი ინტეგრირების ხელშეწყობა, რომელიც ძირითადად კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობაში სრულყოფილი მონაწილეობით და ამ ქვეყნის მოსახლეობის განვითარების დონით განისაზღვრება, ასევე ეროვნული მწარმოებლებისათვის მისაღები საერთაშორისო წესების დამკვიდრების ხელშეწყობა, შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ცალკეულ ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების, უცხოური ინვესტიციების დივერსიფიკაციის აუცილებლობას განაპირობებს, ორმხრივი და კოლექტიური დიპლომატიის გამოყენება საერთაშორისო წესების დასამკვიდრებლად და ა.შ.
ამდენად, გლობალიზაციის განვითარების შედეგად სახეზეა ეროვნული სახელმწიფოს ფუნქციების ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გამოხატულია, როგორც გარკვეული ფუნქციების დაკარგვით, ასევე ახალი ფუნქციების შეძენით.
აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის 90-იან წლებში აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში გატარებული ნეოკონსერვატიული რეფორმების წარმატების შემდეგ, ეკონომიკის რეგულირებაში სახელმწიფოს როლი შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რომელიც დამახასიათებელია როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნებისათვის. ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეროვნული ეკონომიკური სისტემის რეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლი ე.წ. “ვაშინგტონის კონსენსუსის” რეკომენდაციებს ეფუძნება.
თანამედროვე მსოფლიოში იცვლება თანაფარდობა მსოფლიო ეკონომიკის უმთავრეს სუბიეტებს შორის და აქ აშკარაა ეროვნული სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ ფუნქციებზე უარის თქმა.
გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოს ფუნქციებიდან განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ეროვნული ეკონომიკის ორგანული, სრულყოფილი ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია გარდამავალი და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისათვის. გლობალიზაციის პროცესი ამ ქვეყნების წინაშე აყენებს საერთაშორისო სპეციალიზაციის, კონკურენციისა და თანამშრომლობის სისტემაში ეროვნული ეკონომიკის პროფილის გამოკვეთისა და ეროვნული ეკონომიკის გლობალური კვლავწარმოებითი პროცესის შემადგენელ ნაწილად გადაქცევის პრობლემატურ ამოცანას. თუმცა აღსანიშნავია, რომ “გლობალური წარმოების 9/10 ხორციელდება ეკონომიკური სუბიექტების მიერ, რომლებიც არ შედიან ტრანსნაციონალურ კვლავწარმოებით პროცესში”9. სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციაა ეროვნული სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სახის ეკონომიკური, სოციალური და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი საგანმანათლებლო პოლიტიკის წარმოება, რომელიც სისტემურად შეუწყობს ხელს აღნიშნული ფუნქციის რეალიზაციას.
ამდენად, სახელმწიფო-ცენტრისტული მიდგომა გლობალიზებად ეკონომიკაში დომინანტურ კონცეფციას წარმოადგენს. სახეზეა სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფუნქციების შეძენისა და არა მათი დაკარგვის პროცესი, რომელიც ხშირად მოიაზრება ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესში.
ამავე დროს მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელ ცალკეულ ეროვნულ ეკონომიკაში ტნკ-ების არარსებობიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მოკლებულნი არიან ეროვნული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ ატრიბუტებს და შესაბამისად, არ ძალუძთ ამ უკანასკნელის ყველა ფუნქციის სრულყოფილი განხორციელება, გლობალური ეკონომიკის შემდგომი განვითარების ინსტიტუციურ საფუძველს ეროვნული ეკონომიკა და ეროვნული სახელმწიფო წარმოადგენს. აღნიშნული აუცილებელია გარდამავალი და განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნების გლობალურ ეკონომიკაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის რამდენიმე მიზეზის გამო:
პოლიტიკური ფრაგმენტაციის მიუღებლობა;
შერეული ეკონომიკური სისტემის მშენებლობის საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი სოციალურ-ეკონომიკური ფრაგმენტაციის შესუსტება;
არ არსებობს ინსტიტუტი, რომელზეც სახელმწიფოს ყველა ფუნქციის დელეგირება შეუძლია;
აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობას არ გააჩნია ტნკ-ები, რომლებზეც ის გარკვეული ფუნქციების დელეგირებას მოახდენდა;
საერთაშორისო ორგანიზაციებში გადამწყვეტი ხმის უფლება განვითარებულ ქვეყნებს აქვთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ განვითარებადი ქვეყნების ინტერესებს.
გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოს როლის გაძლიერების გარეშე გარდაუვალია ცალკეულ ქვეყნებს და საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს შორის უფსკრულის ზრდა, რაც განპირობებულია გლობალიზაციის პირობებში ცალკეული სოციალური ჯგუფების შემოსავლების ასიმეტრიული ზრდით.
თანამედროვე ეტაპზე გლობალიზაცია უპირატესად რეგიონალიზმის მეშვეობით ხორციელდება. რეგიონული ინტეგრაციის პროცესების გაღრმავება, ევროკავშირის ანალოგიური დაჯგუფებების წარმოქმნა (ერთიანი ვალუტით), სხვა დადებით შედეგებთან ერთად შეამცირებს გლობალიზაციის ერთ-ერთი უარყოფითი თავისებურების (განსაკუთრებით განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნებისათვის) – სპეკულაციური კაპიტალის მოძრაობის მასშტაბებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმატებული ინტეგრაციული დაჯგუფებების ჩარჩოებში არსებული ვალუტათა უფრო მცირე რაოდენობა საერთაშორისო საფინანსო სისტემის შედარებით მაღალი სტაბილურობის გარანტად გვესახება.
თუმცა აღსანიშნავია, რომ სრული რეგიონული ინტეგრაცია რთულ, წინაღმდეგობრივ, ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს. ეროვნული სახელმწიფოები ძნელად თუ შეელევიან ეროვნული დამოუკიდებლობის ერთ-ერთ ატრიბუტს – ეროვნულ ვალუტას. თუმცა გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოების მიერ ფულად-საკრედიტო სფეროში ავტონომიური პოლიტიკის გატარების ისედაც შეზღუდული შესაძლებლობა ადრე თუ გვიან უბიძგებს მათ რეგიონული ვალუტის შემოღებისაკენ, რომელიც ინტეგრაციული პროცესების სიმწიფის ლოგიკურ შედეგს წარმოადგენს.
მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარება ობიექტური აუცილებლობით მოითხოვს გლობალიზაციის პოლიტიკისა და ცალკეული ქვეყნის ინტერესებს შორის თავსებადობას. გლობალიზაციის პოზიტიური შედეგებით სარგებლობა მოითხოვს ყველა ეროვნული ეკონომიკისა და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის მოდერნიზაციას, რომლის საფუძველი უნდა გახდეს ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციების გათვალისწინებით შემუშავებული, მოდერნიზებული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა, რათა აღნიშნული ყოვლისმომცველი პროცესის დადებითი შედეგით ისარგებლოს მსოფლიოს უკლებლივ ყველა ქვეყანამ.
გლობალური ეკონომიკის შემდგომი მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მისი ნეოლიბერალური და სოციალური საბაზრო ეკონომიკის მოდელების გარკვეული სინთეზით წარმართვა, რამდენადაც ნეოლიბერალური გლობალიზაციის ერთ-ერთი უარყოფითი თავისებურების – მსოფლიო მასშტაბით შემოსავლების მკვეთრი დიფერენციაციის, ასევე სხვა სოციალური პრობლემების სიმწვავის შემცირება სოციალური საბაზრო ეკონომიკის გარკვეული პრინციპების გლობალური მასშტაბით დამკვიდრებას შეუძლია. ამრიგად, აუცილებელია გლობალური ეკონომიკური სისტემის ფორმირება, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა შეასრულონ სოციალურად ორიენტირებულ ეკონომიკაში არსებული ეროვნული სახელმწიფოს როლის გარკვეული ნაწილი.