რეგიონში ინოვაციებისა და ინვესტიციების როლი პრივატიზებულ საწარმოთა ფინანსურ უზრუნველყოფაში
ევგენი ბარათაშვილი, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, დალი სოლოღაშვილი, ლალი აბაშიძე
საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლას განუხრელად მოსდევს რეალური სამუშაო ძალის ბაზრის ჩამოყალიბების პროცესი. სამუშაო ძალის ბაზარი თანამედროვე ეკონომიკის მნიშვნელოვანი ელემენტია, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შრომითი საქმიანობა წარმოადგენს შემოსავლის მიღების ძირითად (ხშირ შემთხვევაში კი ერთადერთ) წყაროს, პიროვნების თვითრეალიზაციის უმთავრესს საშუალებას და საზოგადოებაში ადამიანის სოციალური სტატუსის გამომხატველს. ამის გამო სამუშაო ძალის ბაზრის ფორმირების პირობების და თავისებურებების კვლევას საქართველოში დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განხორციელებულმა ცვლილებებმა და ტრანსფორმაციულმა კრიზისმა მრავალმხრივ განაპირობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების შეცვლა და გამოიწვია საწარმოთა უმრავლესობის დახურვა, რამაც ნეგატიურად იმოქმედა დასაქმების საერთო დონეზე და გამოიწვია უმუშევრობის ზრდა.
თუ 1990 წელს დასაქმებული იყო შრომისუნარიანი მოსახლეობის 90,9%, 1995 წელს ეს მაჩვენებელი 57,3%-მდე შემცირდა, ხოლო მომდევნო წლებში სიტუაცია რამდენადმე გაუმჯობესდა და 2003 წელს, ოფიციალური მონაცემების თანახმად, დასაქმებული იყო შრომისუნარიანი მოსახლეობის 67,6% თუმცა 1990 წლიდან 2003 წლამდე შრომისუნარიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა საქართველოში შემცირდა 11,9%-ით.
90-ანი წლების პირველ ნახევარში შეიმჩნევა შრომისუნარიანი მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დაქვეითება. საწარმოების უმრავლესობის დახურვამ, უმუშევრობის ზრდამ, ახალი პირობებისადმი შეგუებულობის სირთულემ, ახალშექმნილ სიტუაციაში გაურკვევლობამ მოსახლეობაში ფსიქოლოგიური შოკის მსგავსი მდგომარეობა გამოიწვია; ამასთან ერთად დასაქმების სახელმწიფო და არასახელმწიფო სამსახურის ან არარსებობამ და ან ამ სამსახურის განუვითარებელმა მდგომარეობამ დროებით შეზღუდა მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე და მხოლოდ 1996 წლიდან შეიმჩნევა ეკონომიკური აქტიურობის გამოცოცხლება.
წლების მანძილზე სამუშაო ძალის ბაზრის ფორმირება მიმდინარეობდა ისეთ პირობებში, როცა ეკონომიკაში დასაქმებული პერსონალის შემცირების ტემპები ჩამორჩებოდა საზოგადოებაში წარმოების მოცულობის ტემპების შემცირებას ს2,3 (იხ. ცხრილი1).
თუ 1998 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ შეადგინა 1988 წლის 36,6%[1], დასაქმებულთა რაოდენობა 1990 წლიდან 1998 წლამდე შემცირდა 17,4%-ით. ყოველივე ეს
იმაზე მეტყველებს, რომ მიუხედავად საქართველოში არსებული უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონისა, არ ხდება სამუშაო ძალის დასაქმებული ნაწილის სრულყოფილი და რაციონალური გამოყენება და შენარჩუნებულია სამუშაო ძალის შიგასაწარმოო რეზერვები.
1994 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა. ამ პერიოდიდან იკლო მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების ტემპებმა და 1995 წლიდან დაიწყო მისი თანდათანობითი ზრდა. ამასთან ერთად იზრდებოდა დასაქმებაც, მაგრამ უფრო ნელი ტემპებით, ხოლო 2002 წელს 2001 წელთან შედარებით დასაქმებამ იკლო 4,2%-ით, მაშინ როცა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გაიზარდა 0,9%-ით.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში საქართველოში მკვეთრად შემცირდა ხელფასის დონე, რის ტენდენცია შეიმჩნეოდა ჯერ კიდევ ე.წ. გარდაქმნის პერიოდში, ხოლო ეკონომიკის ტრანსფორმაციული და სტრუქტურული ცვლილებების დროს მან მიაღწია კატასტროფულ ზღვარს, როცა 1994 წლის იანვარში მინიმალური ხელფასის დონე მინიმალურ სამომხმარებლო ბიუჯეტს მხოლოდ 15%-ით შეესაბამებოდა.
ოფიციალური სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, 90-ანი წლების მეორე ნახევრიდან ეკონომიკის დარგებში დასაქმულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი განუხრელად იზრდებოდა, 1995 წლიდან 2002 წლამდე 8,2-ჯერ გაიზარდა და 50,4 ლარს მიაღწია. ეკონომიკაში დასაქმებული მოსახლეობის 80,7%-მა 2002 წელს საშუალოთვიურ ხელფასზე უფრო დაბალი ამაზღაურება მიიღო.
თანამედროვე პირობებში ხელფასი არ უკავშირდება შრომის მწარმოებლურობას, ეფექტურობას, საარსებო საშუალებათა ღირებულებას და არ უზრუნველყოფს (სხვა კატეგორიებზე რომ არაფერი ვთქვათ) არაკვალიფიციური სამუშაო ძალის მარტივ კვლავწარმოებასაც კი. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა დასაქმებულები, და განსაკუთრებით სახელმწიფო-საბიუჯეტო დაწესებულებებში, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასს. შეიძლება ითქვას, რომ გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ჩამოყალიბდა საზოგადოების ახალი ფენა, რომელიც თავის სამუშაო ძალის გამოყენების ინტენსიურობის, მწარმოებლურობის, შრომის რაოდენობის, ხარისხისა და საზოგადოებრივი აღიარების თვალსაზრისით მიეკუთვნებიან დასაქმებულთა რიცხვს, ხოლო ხელფასის და მოხმარების დონის მიხედვით უმუშევრებთან უფრო ახლოს არიან. ხელფასმა შეწყვიტა თავისი ძირითადი ფუნქციების – კვლავწარმოების, რეგულირების და სტიმულირების განხორციელება. ხელფასის დაბალი დონე არ უზრუნველყოფს კეთილსინდისიერ, მაღალეფექტურ შრომას და მწარმოებლურობის ზრდის სტიმულირებას. ყოველივე ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩვენს მიერ გამოკითხულ საბიუჯეტო სფეროში მომუშავეთა 69,3%-მა აღიარა, რომ მათი შრომის უფრო მაღალი ანაზღაურების პირობებში ისინი უკეთესად იმუშავებდნენ და რესპონდენტთა მხოლოდ 28,3%-მა განაცხადა, რომ ისედაც მუშაობენ თავიანთი შესაძლებლობების სრული გამოყენებით. ყოველივე ეს არღვევს მოთხოვნისა და მიწოდების კანონის მოქმედების მექანიზმს, ძირს უთხრის შრომის მოტივაციას, აფერხებს სამუშაო ძალის ბაზრის ფორმირებისა და განვითარების ნორმალურ პროცესს.
გარდამავალ პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როცა მაღალკვალიფიციური მომუშავეები თავის ძირითადი სამსახურის პარალელურად (და ხშირად მის ხარჯზე) თავისი მინიმალური შემოსავლის შესავსებად ახორციელებენ სხვა სახის (ხშირად სავაჭრო, წვრილი მომსახურეობის და ა.შ.) საქმიანობას, რაც უარყოფითად მოქმედებს შრომის მწარმოებლურობასა და ეფექტურობაზე.
ხელფასი, როგორც მომუშავის შემოსავლის ძირითადი (და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი) წყარო, თავის მთლიანობაში აყალიბებს ერთობლივ მოთხოვნას და მისი მსყიდველუნარიანობა დამოკიდებულია არა მარტო ხელფასის მოცულობაზე, არამედ ფასების დონეზეც. ბოლი ათი წლის მანძილზე ნომინალური ხელფასის ზრდა ხორციელდება სტიქიურად, გადახდისუნარიანი მოსახლეობის მოთხოვნის გაუთვალისწინებლად. ფასებისა და ხელფასის ცვლილებებს შორის შესაბამისობის რეგულირება, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, უპირველეს ყოვლისა, ფულადი შემოსავლების ინდექსაციის გზით, პრაქტიკაში სრულყოფილად არ არის გამოყენებული და ფულადი შემოსავლების ინდექსაცია არ გადაიქცა შემოსავლებზე ინფლაციის უარყოფითი ზემოქმედების დაძლევის საშუალებად. ამის გამო ხელფასის ზრდის ტემპი ფასების ზრდის ტემპებს ჩამორჩება.
ამ პერიოდში საქართველოში ეკონომიკურ კრიზისთან ერთად ღრმავდება სოციალური კრიზისი, რომელიც პირველ რიგში გამოიხატება მოსახლეობის სოციალურ და მატერიალურ დიფერენციაციის გაღრმავებაში. მართალია, გარკვეულ ფარგლებში მოსახლეობის სოციალური დიფერენციაცია გარდაუვალი მოვლენაა, რომლის დაძლევა ვერ შეძლეს თვით მარქსისტებმაც არა მხოლოდ პრაქტიკულად (რისი დასტურიცაა სოციალისტური პრაქტიკის სამოცდაათწლიანი არსებობის ისტორია), არამედ თეორიულადაც კი, როცა კომუნიზმის პირველ ფაზაზე დასაშვებად ითვლებოდა თანასწორობა მხოლოდ შრომის ანაზღაურების მიხედვით (რაც, ფაქტიურად, ნიშნავდა რაიმე ნიშან-თვისების მიხედვით დისკრიმინაციის მოსპობას და ერთნაირი რაოდენობის, ხარისხის და ინტენსივობის შრომისას ერთნაირი ანაზღაურების მიღებას) და არა მოხმარების მიხედვით.
მოსახლეობის მატერიალური და სოციალური დიფერენციაცია ობიექტურად არსებული მოვლენაა და ნორმალურ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ის გარკვეულ ფარგლებში უნდა იმყოფებოდეს. მოსახლეობის დიფერენციაციამ შემოსავლის მიხედვით არ უნდა მიაღწიოს ისეთ დონეს, რომ უარყოს ეფექტური შრომის სტიმულები, არ უნდა გამოიწვიოს საზოგადოებაში სოციალური დაძაბულობა და მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის პოლარიზაცია. მაგრამ გარდამავალ პერიოდში მატერიალური უთანაბრობა საქართველოში კონტროლიდან გამოვიდა და უკიდურესობამდე მივიდა. დეცილური კოეფიციენტის მიხედვით, რომელიც გვიჩვენებს მოსახლეობის ყველაზე შემოსავლიანი ნაწილის 10%-ის ფულადი შემოსავლის შეფარდებას მოსახლეობის ყველაზე დაბალშემოსავლიანი ნაწილის 10%-თან, 1991 წელს არსებული 4,5-დან 1997-98 წლებში 18-ჯერ გაიზარდა და ეს შეფარდება განუხრელად იზრდება. ფაქტიურად, მოიშალა საშუალო ფენა, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში გამოდის სოციალური სტაბილიზაციის გარანტად.
სამუშაო ძალის ბაზრის ფორმირებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს შრომითი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მხარეების ცვლილებები. სამუშაო ძალის რაოდენობრივი მხარის ცვლილება ძირითადად განპირობებულია მოსახლეობის ბუნებრივი მატებით, ხოლო ამ უკანასკნელს შობადობისა და სიკვდილიანობის თანაფარდობა განსაზღვრავს.
ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად შემცირდა შობადობა და გაიზარდა სიკვდილიანობა (იხ. ცხრილი 2).
2001 წელს 1990 წელთან შედარებით შობადობა 2,3-ჯერ შემცირდა, ანუ 2001 წელს დაიბადა 56,5%-ით ნაკლები ბავშვი, ვიდრე 1990 წელს და 58,6%-ით ნაკლები, ვიდრე 1985 წელს.
საქართველოში შობადობას ახასიათებს მკაცრად შემცირებითი ტენდენცია. 1990-1993 წლები ხასიათდებოდა შემცირების მაღალი ტემპებით. ამ სამი წლის მანძილზე შობადობა შემცირდა 34%-ით, შემდეგი ოთხი წლის მანძილზე (1994-1997წწ) სიტუაცია რამდენადმე გაუმჯობესდა, შობადობა შემცირდა მხოლოდ 9,3%-ით, მაგრამ შემდგომ პერიოდში (1997 წლიდან 2001 წლამდე) შობადობის შემცირების ტემპმა ისევ იმატა და 22% შეადგინა.
ამავე დროს იზრდება გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობა, მაგრამ ამ პროცესის დინამიკა იყო აერთმნიშვნელოვანი. ამ თვალსაზრისით, ყველაზე პესიმისტურად გამოიყურება 1993 წელი, როცა გარდაიცვალა ყოველი მეასე ადამიანი. შემდგომ წლებში გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპებით.
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატების დინამიკაში ზემოთ აღნიშნულმა თანაფარდობამ შობადობისა და სიკვდილიანობის შორის თავისი გამოხატულება ჰპოვა. 1990-1993 წლების მანძილზე შობადობა ხასიათდებოდა დაცემის ტენდენციით, შემდგომი სამი წლის მანძილზე შეიმჩნეოდა გამოცოცხლება, რომელიც 1997-2001 წლებში კვლავ შეიცვალა დაცემით და 2000 წელს უარყოფითი მნიშვნელობა მიიღო, როდესაც გადაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობა შობადობის აბსოლუტურ რაოდენობას აღემატებოდა.
საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდში ეკონომიკის ტრანსფორმაციისა და სრტუქტურული ცვლილების პირობებში საქართველოში მოსახლეობის სწავლისა და კადრების მომზადების პროცესმა დიდი ცვლილებები განიცადა, რაც თანამედროვე პირობებში დიდ ზეგავლენას ახდენს სამუშაო ძალის ბაზრის ფორმირების და მისი განვითარების პერსპექტივებზე.
90-იან წლებში საქართველოში მკვეთრად შემცირდა სკოლამდელი დაწესებულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და საშუალო სპეციალური სასწავლებლების რაოდენობა და მათ აღსაზრდელთა რიცხვი. ამავე დროს გაიზარდა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა, და განსაკუთრებით, არასახელმწიფო საერო (ფასიანი) სასწავლებელთა, რაოდენობა (2,3) (იხ. ცხრილი 3).
1990-91 სასწავლო წელთან შედარებით 2002-2003 სასწავლო წელს უმაღლესი სასწავლებლების (სახელმწიფო და არასახელმწიფო) რაოდენობა 9,4-ჯერ გაიზარდა, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა – 1,5-ჯერ. ყოველივე ეს მიმდინარეობდა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ფონზე და თუ 1990-91 სასწავლო წლებში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 1,9%, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი იზრდებოდა და 2002-03 წლებში 3,4% შეადგინა.
ამავე დროს უარესდება მოსწავლეთა მომზადების ხარისხი, რასაც ადასტურებს ჩვენს მიერ გამოკითხულ ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესს სკოლაში მომუშავე პედაგოგთა 75%, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ამჟამინდელი მოსწავლეთა მომზადების დონე უფრო დაბალია, ვიდრე 10 წლის წინ და რესპონდენტთა მხოლოდ 16% თვლის, რომ დღევანდელი მოსწავლეები გამოირჩევიან განათლების უფრო მაღალი დონით. გამოკითხულ მასწავლებელთა 49%-ს მიაჩნია, რომ მოსწავლეთა შეფასებისას უმატებენ მათ ნიშანს. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ სახელმწიფო და არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა 53% უფრო კრიტიკულადაა განწყობილი საკუთარი თავის მიმართ და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პედაგოგები მათ ცოდნას უფრო მაღალ შეფასებას აძლევენ. გარდა ამისა, სპეციალისტთა მომზადება მიმდინარეობს ქაოსურად,
ყოველგვარი პროგნოზირებისა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნის სტრუქტურისა და მოცულობის გათვალისწინების გარეშე, პრაქტიკულად, არ არსებობს კავშირი უმაღლეს სასწავლებლებსა და შრომისმიმცემთა შორის. მთლიანად მოშლილია სპეციალისტთა გადამზადების სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ყოველ ხუთ წელიწადში. 1998 წლიდან კვალიფიკაცია ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა მხოლოდ 29,6%-მა აიმაღლა. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გამოკითხულთა 40% არ არის კმაყოფილი თავისი პროფესიონალური მომზადების დონით.
სამუშაო ძალის ბაზრის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს ის გარემოება, რომ გარდამავალ პერიოდში საქართველოში გახშირდა და გაძლიერდა მიგრაციული პროცესები. როგორც ცნობილია, მიგრაციული პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს ორი მიმართულება – საშინაო და საგარეო მიგრაცია. 80-ნი წლების პირველ ნახევრამდე დომინირებდა საშინაო მიგრაცია, რომელიც, როგორც წესი, იყო გამოწვეული შრომითი რესურსების ტერიტორიულ დაუბალანსობით, სამუშაო ადგილებისა და სასწავლო დაწესებულებათა არათანაბარი ტერიტორიული განაწილებით, ცხოვრების დონის განსხვავებებით და ა.შ. თანამედროვე მიგრაციული პროცესი განპირობებულია სულ სხვა ფაქტორებით და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდის მანძილზე მიგრაციის მიზეზები და მიმართულება იცვლება.
თავდაპირველად, საქართველოში მიგრაციული პროცესები ეროვნულ-პოლიტიკურ ხასიათს. ამ დროს ატარებდა, როგორც წესი, ქვეყანას ტოვებდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები და უბრუნდებოდნენ თავის ისტორიულ სამშობლოს.
90-იანი წლების დასაწყისში შიდა მიგრაციული პროცესები გაძლიერებულდა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ლტოლვილების გადაადგილებით. მოსახლეობის გადაადგილება რესპუბლიკის ფარგლებში გამოიწვია მათი ტერიტორიული განლაგების დისპროპორციები, ნეგატიურად იმოქმედა გადაადგილებულთა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთობებზე. ამავე პერიოდში სულ უფრო ძლიერდება შრომითი მიგრაცია, რომელიც გამოწვეული იყო ადამიანთა თვითგადარჩენის მისწრაფებით. იძულებითი შრომითი გადაადგილება ხშირად ხორციელდება ფსიქოლოგიური სტრესის მდგომარეობაში და ატარებს სტიქიურ ხასიათს. თავისი სამუშაო ძალის გამოყენების ადგილის ძიებაში სამშობლოს ტოვებენ არა მარტო და არა იმდენად ფიზიკური შრომის წარმომადგენლები, არამედ სულ უფრო მაღალკვალიფიციური კადრები, მეურნეობის სხვადასხვა დარგების სპეციალისტები, მეცნიერები და ა.შ.
მოსახლეობის მიგრაცია რესპუბლიკის ფარგლების გარეთ სამუშაო ძალის მიწოდების შემცირებას იწვევს, რასაც ბაზრის ძირითადი კანონის თანახმად, ხელფასის უფრო მაღალი დონის ჩამოყალიბება უნდა გამოეწვია, მაგრამ ეს კანონი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში საქართველოს სამუშაო ძალის ბაზარზე არ მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა დატოვა სამშობლო, რამაც შეამცირა სამუშაო ძალის მიწოდება ბაზარზე, ამან არ შეამსუბუქა დაძაბულობა საქართველოს სამუშაო ძალის ბაზარზე და არ გაზარდა დასაქმებულთა ხელფასის დონე. ამ, პირველი შეხედვით, პარადოქსის ახსნა შეიძლება იმით, რომ საქართველო გარდამავალი პერიოდის პირობებში იმყოფება მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, ხოლო სამუშაო ძალის ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და კონკურენციის მექანიზმი მასზე სათანადო დონეზე არ მოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასის დაცემა გარკვეულ საარსებო მინიმუმზე ბევრჯერ ნაკლებ დონემდე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არსებობის ელემენტარულ პირობებს, არ იქნებოდა გარდუვალი. გარდამავალი პერიოდის და ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების პირობებში წარმოების დონე და მოთხოვნა სამუშაო ძალის ბაზარზე იმდენად შემცირდა, რომ მიგრაციული პროცესების გაძლიერებით გამოწვეული სამუშაო ძალის მკვეთრად შემცირებული მიწოდება მასზე მოთხოვნას მაინც აღემატებოდა, რაც დაბალ ხელფასის დონეს ინარჩუნებდა. გარდა ამისა, გარე შრომით მიგრაცია აუარესებს საქართველოში მოსახლეობის
სქესობრივ, ასაკობრივ, პროფესიულ და ა.შ. სტრუქტურას, რისი ზეგავლენა უკვე დღეს შეიმჩნევა და მომავალში, როცა საქართველო შევა ეკონომიკური სტაბილიზაციის და ზრდის პერიოდში, უარყოფითად იმოქმედებენ სამუშაო ძალის ბაზრის შემდგომი განვითარების პროცესზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორი არ იქნება გარე შრომითი მიგრაციის მხოლოდ უარყოფითად შეფასება. მას გარკვეული პოზიტიური მხარეებიც გააჩნია. შრომითი მიგრაციის მეშვეობით საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აუმჯობესებს თავის ცხოვრების დონეს და ხელს უწყობს მოსახლეობის საერთო მსყიდველუნარიანობის ზრდას.
სამუშაო ძალის ბაზრის ფორმირება საქართველოში წარმოების დაბალი ტექნიკური დონის პირობებში ხორციელდება, როცა ძირითადი საწარმოო ფონდები ან გაძარცულია და ან ფიზიკურად და მორალურად მოძველებული. წარმოების ტექნიკისა და ტექნოლოგიის, ძირითადი საწარმოო კაპიტალის აქტიური ნაწილის განახლება თითქმის არ ხორციელდება. ასეთ პირობებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთლიანად არის დამოკიდებული ახალ ინვესტიციებზე და სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მოსახლეობის ეფექტური დასაქმების უზრუნველყოფა, უმუშევრობის დაძლევა და სრულყოფილი სამუშაო ძალის ბაზრის ჩამოყალიბება სახელმწიფოსაგან სამუშაო ძალის ბაზარზე მეცნიერულად დამუშავებულ და დასაბუთებულ მაკროეკონომიკური პოლიტიკის აქტიურ გატარებას მოითხოვს.