რომელ მიგრაციულ ტალღას მიჰყვება საქართველო?
ეკა ლეკაშვილი თსუ ასოცირებული პროფესორი თამთა მიქაბერიძე თსუ დოქტორანტი
მიგრაცია ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის მნიშვნელოვანი გლობალური საკითხია, რადგან უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ქვეყნებს შორის. დღეისათვის 192 მილიონი ადამიანი სამშობლოსგან მოშორებით ცხოვრობს, რაც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 3%-ს შეადგენს. მიგრაციაზე გავლენას ახდენენ ისეთი გლობალური ტენდენციები, როგორებიცაა დემოგრაფიული ცვლილებები, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური დისპარიტეტი, ვაჭრობის ლიბერალიზაცია, კომუნიკაციების განვითარება და სხვა.
საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. შესაბამისად, ამიტომ განიხილება ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად.
ევროპისა და ცენტრალური აზიის (ეცა) რეგიონის ქვეყნებს მიგრაციის საერთო გლობალურ ტენდენციებთან ერთად, სპეციფიკური ნიშნები ახასიათებთ, რომლებიც განპირობებულია ახალ ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლით, პოლიტიკური და სოციალური სფეროების ლიბერალიზაციით, სახელმწიფოთა სტრატეგიების და საზღვრების ცვლილებით.
გეგმიური ეკონომიკისთვის ნიშანდობლივი იყო მიგრაციულ ნაკადებზე ძალიან მკაცრი კონტროლი, ხელფასების ერთიანი სისტემა, ეკონომიკის მცირე გახსნილობა, ხოლო თანამედროვე ღია ეკონომიკებისთვის დამახასიათებელია ნაკლები კონტროლი მიგრაციაზე, დიდი განსხვავება სახელფასო განაკვეთებსა და შემოსავლებში, მერყევი საბაზრო ფასები, მსოფლიო ბაზართან ინტეგრაციის მაღალი დონე. აღნიშნულმა ფაქტორებმა ხელი შეუწყო მიგრაციული ნაკადების გაძლერებას ეცა-ს რეგიონის ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში.
ეცა-ის რეგიონში მძლავრობს იმიგრანტების და ემიგრანტების ნაკადები. აქ სულ 35 მილიონი უცხოელი რეზიდენტია. აქედან რუსეთში 13 მლნ., უკრაინაში – 7 მლნ., ყაზახეთში – 3 მლნ. პოლონეთში – 3 მლნ., თურქეთში – 1.5 მლნ.
ერთი მხრივ, ეცა-ის რეგიონში მიგრაციული ნაკადების გეოგრაფიული მიმართულებები ვითარდება ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპისკენ, მეორე მხრივ – ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან რესურსებით მდიდარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებისკენ, როგორებიცაა რუსეთი და ყაზახეთი და, ასევე, თურქეთისკენ. საქართველოდან ემიგრანტთა ნაკადები ორივე მიმართულებას ექვემდებარება: დასავლეთი და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისკენ და ასევე, რუსეთისა და თურქეთის მიმართულებით.
მიგრანტების მონაცემების დასაზუსტებლად მეთოდურად გამოიყენება მოსახლეობის აღწერის მონაცემები, სასაზღვრო სტატისტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოკვლევების შედეგები. მონაცემების სტრუქტურირება ხორციელდება ასაკის, სქესის, პროფესიის, ემიგრაციის ქვეყნის, მიგრაციის მიზნისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით.
ეცა-ის რეგიონში ბუნებრივი მატების მაჩვენებლებისა და მიგრაციის სალდოს მიხედვით ქვეყნების 4 ჯგუფი გამოცალკევდა: პირველი ჯგუფისთვის, რომელშიც შედიან თურქმენეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, დამახასიათებელია დადებითი ბუნებრივი მატება და მიგრაციის დადებითი სალდო. მეორე ჯგუფი მოიცავს ცენტრალური აზიის, კავკასიის და ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოშობილ სახელმწიფოებს, რომელთაც ახასიათებთ დადებითი ბუნებრივი მატება და უარყოფითი მიგრაციის სალდო. მესამე ჯგუფში შედიან უარყოფითი ბუნებრივი მატების და დადებითი მიგრაციული სალდოს მქონე ქვეყნები. ამ ჯგუფში მოხვდნენ რუსეთის ფედერაცია, სლოვენია, უნგრეთი, ბელორუსია. რუსეთის ფედერაციაში, ძირითადად, მოსახლეობა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ემიგრირდება. მეოთხე ჯგუფის ქვეყნებში – ბულგარეთი, მოლდავეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, უკრაინა – ბუნებრივი მატება და მიგრაციის სალდოს მაჩვენებლები უარყოფითია. ამ ქვეყნებში სიტუაციის გამწვავებას ხელს უწყობს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება და დაბერება.
ეცა-ის რეგიონში მიგრანტთა ლეგალური ნაკადების გვერდით, რომლებიც ორმხრივად ემიგრანტი და იმიგრანტი ქვეყნების საზღვარზე აღირიცხებიან, არსებობენ არალეგალური მიგრაციის მასშტაბური ნაკადები. ეცა-ის რეგიონში საზღვრების გახსნამ და მოსახლეობის გადაადგილების ლიბერალიზაციამ განაპირობა ტრანზიტული, არალეგალური და არაოფიციალური მიგრაციული ნაკადები. მიგრანტთა დიდი რაოდენობა იმედს ამყარებდა აშშ-ში, იაპონიაში და დასავლეთ ევროპაში ჩასვლაზე, თუმცა უმრავლესობამ გადაწყვიტა ეცა-ის ქვეყნებში დასახლება. ტრანზიტული მიგრანტების ქვეყნების მაგალითია რუსეთი, უკრაინა, რუმინეთი, საქართველო და აზერბაიჯანი.
არაოფიციალური მიგრანტების რიცხვი ევროკავშირში 3 მილიონს აღწევს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოკვლევით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში (ბელორუსია, რუსეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი) სამუშაო ძალის 99% არაოფიციალურად გადაადგილდება, რის გამოც ისინი ვერ სარგებლობენ უსაფრთხოების ზომებით2.
მიგრაციის სათანადოდ მართვისთვის აუცილებელია კონკრეტული ქვეყნის მიგრაციული ტენდენციების შესწავლა. მაგალითად, რუსეთი ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან იღებს მიგრანტებს, რუსი ემიგრანტების სამიზნე კი გერმანია, ისრაელი და აშშ-ია. რუსეთი ყველაზე მიმზიდველია ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მიგრანტებისთვის.
მნიშვენლოვანია, რომ თვითონ ყაზახეთი ხდება პრივილეგირებული სამიზნე სხვა აზიური ქვეყნებისთვის. პოლონეთიდან მოსახლეობა ძირითადად გერმანიაში, აშშ-სა და კანადაში გაედინება, რაც აისახა ამ ქვეყნებში პოლონური დიასპორის ზრდაში. უნგრეთი მიგრანტთა წმინდა მიმღები ქვეყანაა. რუმინეთის მოსახლეობის დიდი რაოდენობა გადასახლებულია გერმანიაში. ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც რუმინეთი მიგრანტებს იღებს არის მისი ახლო ეთნიკური მეზობელი მოლდოვა. ჩეხეთი და სლოვაკეთი მიგრანტების მიმღები ქვეყანაა. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის რუსეთი იყო მიგრანტების დომინანტი სამიზნე. საქართველოდან ემიგრანტების ყველაზე დიდი ნაკადი 1990-1992 წლებში გავიდა. 2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერით დადგინდა საქართველოში 1.1 მილიონი კაცის ანუ მოსახლეობის 20%-იანი კლება. სომხეთიდან მიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა აშშ-ში მიემგზავრება, ხოლო აზერბაიჯანელებისთვის თურქეთი და ისრაელი მიგრანტთა მოზიდვის ძირითადი ქვეყნებია.
ეკონომიკური ფაქტორები, განსაკუთებით განსხვავება სულადობრივ შემოსავალში, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, მიგრაციის ტალღებს იწვევს მოკლევადიან პერიოდში. არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოგრაფიული ცვლილებები.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთის ქვეყნები დაბალი შობადობითა და მოსახლეობის დაბერებით ხასიათდებიან. ამ ჯგუფის სამხრეთის ქვეყნებში კი მოსახლეობა უფრო ახალგაზრდაა, და ბუნებრივი მატებაც შეინიშნება. მოსახლეობის რაოდენობისა და ასაკობრივი ცვლილება არ გულისხმობს მოსახლეობის უპირობო გადაადგილებას ქვეყნებს შორის, თუმცა ქმნის მიგრაციის წინაპირობებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ჯგუფის ქვეყნების გეოგრაფიული სიახლოვე და საერთო ისტორიული მემკვიდრეობა, ბუნებრივია, ბიძგს აძლევს სამხრეთის ქვეყნების ახალგაზრდობას სამუშაო ადგილები ჩრდილოეთში მოიძიოს.
საქართველოში მიგრაციის ნაკადების სტრუქტურის, გეოგრაფიული მიმართულებების, ტენდენციებისა და პრობლემების კვლევას სისტემატურად ახორციელებენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები და მიგრაციის პრობლემაზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ამჟამად, ყველაზე აქტუალურია მიგრაციის ნაკადებზე მსოფლიო საფინანსო კრიზისის გავლენა. როგორ აისახება ის საქართველოზე? შეცვლის თუ არა მიგრაციის არსებულ ტენდენციებს?
2002 – 2007 წლებში საქართველოში წმინდა მიგრაციის მონაცემები გამოსახულია დიაგრამაზე 1. (დიაგრამა 1 შედგენილია სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი, კვარტლური ბიულეტენი, 2008 IV., თბ., 2009, გვ. 75).
თვალსაჩინოა, რომ 2002 წელს წმინდა მიგრაცია უარყოფითია, 2004-2005 წლებში – დადებითი. აღნიშნულ პერიოდში ემიგრანტთა ნაკადების შემცირება დაკავშირებული უნდა იყოს ე. წ. “ვარდების რევოლუციის მოლოდინთან, კონკრეტულად, სამუშაო ადგილების შექმნის და გარემო-პიროებების გაუმჯობესების თვალსაზრისით. 2006 წლიდან აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია და მზარდი ტენდენცია ახასიათებს. ჯერ-ჯერობით ოფიციალური მიგრაციის სტატისტიკა 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და მსოფლიო საფინანსო კრიზისის გავლენის შედეგად არ მოგვეპოვება. აღიარებულია, რომ ომი ზოგადად ხელს უწყობს ემიგრაციის ნაკადების პროვოცირებას. საფინანსო კრიზისის გავლენა მიგრაციის ნაკადებზე – ურთიერთგამომრიცხავია. უკანასკნელ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასაქმების მდგომარეობას. საკითხის შესწავლის მიზნით, ერთმანეთს შევუდარეთ საქართველოს აქტიური მოსახლობისა და დასაქმებული მოსახლეობის 2002-2007 წლების მაჩვენებლები (იხ. დიაგრამა 2).
აღმოჩნდა, რომ განსახილველ პერიოდში საქართველოს შრომის ბაზარზე შენარჩუნებულია დასაქმების სტაბილური დონე (?!), ანუ ემიგრაციის ნაკადების გაძლიერების წინაპირობები უცხოეთში სამუშაო ადგილების ძიების მიზეზით, საქართველოში არ არსებობს. ამჯერად საყურადღებოა იმიგრაციის, ან რეემიგრაციის ნაკადების მიზეზთა ძიება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს მსოფლიო საფინანსო კრიზისით.
მიმდინარე გლობალური საფინანსო კრიზისის გავლენით, მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური განვითარების შეზღუდვა და შესაძლებელია ღრმა რეცესია. ძალიან რთულია დასაქმების სფეროზე კრიზისის შედეგების განსაზღვრა და პროგნოზირება. კრიზისის გავლენა არსებითად განსხვავებული იქნება ცალკეული ქვეყნის, რეგიონის მიხედვით.
ეკონომიკური დაცემის პირობებში უპირველესად მიგრანტი მუშახელი კარგავს სამუშაო ადგილს და, შესაძლოა, მისი ერთი ნაწილი მივიდეს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილებამდე. მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება უცხოური სამუშაო ძალის სამშობლოში დაბრუნებისკენ ეფექტიანი გადაწყვეტა არ იქნება, რადგან მან შეიძლება უარესი შედეგები მოახდინოს განვითარებაზე: ფაქტობრივად შემცირდება განვითარებად ქვეყნებში ფულადი გზავნილებები, რომელმაც 2008 წელს 283 მილიარდი აშშ დოლარი4 შეადგინა და ასევე, გასათვალისწინებელია უმუშევრობის მაღალი დონე განვითარებად ქვეყნებში.
ფინანსური კრიზისის მიგრაციაზე გავლენის კონკრეტული შედეგები დღემდე არ არის ცნობილი, თუმცა არსებობს უარყოფითი შედეგების ფართო წრე, რომელზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება პოლიტიკის შემომქმედთა მხრიდან:
ფინანსური კრიზისის გავლენა ყველაზე უარყოფითად აისახება მშენებლობაში, საფინანსო მომსახურებაში, საცალო სფეროსა და ტურიზმში დასაქმებული მიგრანტების სამუშაო ადგილებზე;
ფინანსური კრიზისი დამსაქმებლებს უბიძგებს შეამცირონ დანახარჯები სოციალური მომსახურების პაკეტზე, ხელფასებსა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, რაც საბოლოო ჯამში მიგრანტების ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე მოქმედებს;
იზრდება დისკრიმინაციისა და ქსენოფობიის რისკი მიგრანტების მიმართ;
ფინანსური კრიზისის გავლენით, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები ძირითადად უმუშევრად რჩებიან;
მიგრანტების მიერ გზავნილებისა და ტრანსფერების შემცირება განვითარებას აფერხებს. შედეგები აისახება ვაჭრობაზე, საბანკო სისტემაზე, ინვესტიციებზე, ბიზნესის სფეროსა და ზოგადად, ეკონომიკურ განვითარებაზე;
ფინანსური კრიზისის პირობებში არალეგალური მიგრანტების უფლებები უფრო მეტად დაუცველია. შესაბამისად, ხშირდება ტრეფიკინგის ფაქტები.
პროგნოზის მიხედვით, ეცა-ის ქვეყანებში, მოსალოდნელია მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება 2050 წლამდე. ეცა-ს რეგიონის ქვეყნებში სამუშაო ასაკის შემცირება 65 წელს ქვემოთ და ამის საპასუხოდ ევროკავშირის ქვეყნებში საპენსიო ასაკის ზრდა, გამოიწვევს საზღვარგარეთულ მუშახელზე მოთხოვნას. ეცა-ის რეგიონის სწრაფად განვითარებადი ქვეყნები შეიძლება მიმზიდველნი გახდენენ რეგიონის დანარჩენი ქვეყნების მუშახელისთვის დასაქმების თვალსაზრისით.
ამრიგად, მიგრაცია ეკონომიკას უფრო დინამიურს და ეფექტიანს ხდის. მან შესაძლებელია შეამსუბუქოს ფინანსური კრიზისი გარკვეული ასპექტითა და ეკონომიკური დაღმავლობის შეჩერების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ამისათვის კი აუცილებელია მოქნილი, კოორდინირებული და სრულყოფილი მიგრაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც მიმართული იქნება ზემოთჩამოთვლილი უარყოფითი შედეგების დაძლევისაკენ.