როგორ უნდა გახდეთ წარმატებული ბიზნესმენი

რედაქციისაგან

ეს პირობითი კითხვაა და მისი ამომწურავი პასუხი არ მოიძებნება, რადგან ბევრი სხვადასხვა გარემოება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და თქვენს წარმატებულ ბიზნესმენობას სწორედ ეს გარემოებები განსაზღვრავს. მიუხედავად ყველაფრისა, პირველი ნაბიჯი წარმატებისაკენ იქნება ბიზნესსტრატეგიის შემუშავება, მაგრამ ბიზნესის კარგი სტრატეგია ყოველთვის წარმატებულ ფორმულად ვერ გადაიქცევა, თუ მეწარმე კარგ ბიზნეს უნარ-ჩვევებს არ ფლობს. ამიტომ, სანამ ბიზნესს მოეკიდებით, საკუთარი თავი კრიტიკულად შეაფასეთ.

ბიზნესის წარმატებულად გასაძღოლად საჭიროა გასამარჯვებელი განწყობა. ცხოვრება ვარდებით მოფენილი არ არის, მაგრამ ბიზნესი უარესია, რადგან ის ეკლებითაა სავსე და ყველაზე მოულოდნელ შემთხვევაში შეიძლება დიდ მარცხს წააწყდეთ, ამიტომ მომავალი ბიზნესმენები ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადონ მომავალი თავგადასავლებისათვის. ცნობილი ბიზნესმენების განვლილი გზები გვიჩვენებს, რომ მძიმე პერიოდები მათ წარმატების მისაღწევად დიდ მოტივაციას აძლევდა, ამიტომ წარმატებული ბიზნესმენების დევიზია – “კრახი წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯია”.
ინფრასტრუქტურისგან განსხვავებით, ბიზნესი პიროვნებებს შორის ურთიერთობებს ემყარება. მომავალი ბიზნესმენი კომუნიკაბელური უნდა იყოს და სხვების ნდობის მოპოვება იოლად შეეძლოს. კომუნიკაბელურობა დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობების დამყარებისა და დამეგობრების საფუძველია. დიდი ყურადღებაა საჭირო თანამშრომლების შერჩევის დროს, რადგან სწორედ ისინი ხდებიან თქვენი ბიზნესის ხერხემალი.
ყველა აღნიშნულ კომპონენტზე მაღლა დგას დისციპლინა, იგულისხმება როგორც პირადი, ასევე ფინანსური დისციპლინა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ კრახის გამომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე ძლიერი დისციპლინის ნაკლებობაა, ბიზნესში ფულის შემოსვლისთანავე გარდაუვალია ფინანსური დისციპლინის დამყარება. ფინანსური სტრატეგია დამყარებულია ბიზნესის სახეობაზე.
ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია წამოწყების იდეის მიმზიდველი კუთხიდან წარმოჩენა. გლობალიზაციის პირობებში ძალიან მაღალია კონკურენცია, ამიტომ მხოლოდ რეალურ ბიზნესიდეას შეუძლია გადარჩენა. “კარგად დაწყებული საქმე უკვე ნახევრად გაკეთებულია”, მაგრამ არც გამოცდილი კადრების კონსულტაციები უნდა დატოვოთ ყურადღების მიღმა, მათ შეიძლება დახმარება გაგიწიონ საქმიანობის სწორ დაგეგმვაში. მიმზიდველი ბიზნესიდეა საკმარისი არ არის და მარკეტინგის სტრატეგიები წარმატებული ბიზნესის აუცილებელი პირობაა, აუცილებელია ზუსტად იცოდეთ, თუ რას ითხოვს თქვენი მომხმარებელი და აუცილებელია ფეხი აუწყოთ უკანასკნელ სიახლეებსა და ტენდენციებს, რადგან მომხმარებელი ყოველთვის სიახლეებს ეტანება.
ბიზნესში თქვენი წარმატების ერთ-ერთი გასაღები მომსახურება და თქვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების ხარისხი იქნება. მუშტარი თავაზიან მოპყრობას და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას თქვენგან ელის, მაგრამ ეს არ ნიშნავს შეუზღუდავ შემწყნარებლობას. კვალიფიციური კადრები მომხმარებლის ნდობის მოპოვებაში უნდა დაგეხმარონ, კარგმა ბიზნესმენმა კი კადრები უნდა მართოს და შეძლოს საქმის სწორად გადანაწილება თანამშრომლებზე, სხვა შემთხვევაში შეიძლება უყურადღებობის გამო დაკარგოთ ნიჭიერი თანამშრომელი, რაც მხოლოდ თქვენი ბრალი იქნება.
ყველაზე მთავარი მაინც შეუპოვარი სულია, ბრძენი ადამიანები დამწყებ ბიზნესმენს ობობას ადარებდნენ, რადგან ეს მწერი არასოდეს შეწყვეტს ქსელის კეთებას შუა გზაზე. სწორედ ობობასავით მართებს ბიზნესმენს შრომა, სანამ წარმატებას არ მიაღწევს.
დაიმახსოვრეთ, რომ არც ერთი ბიზნეს-იმპერია არ აშენებულა ერთ დღეში!