მსოფლიო ჭადრაკის დაფაზე ახალი პარტია ძველი ინტერესებით
მათე მელია, ნატალია ბიკაშვილი
ბარაკ ობამას მოსვლისა და მისი გაპრეზიდენტების შესახებ ჩვენ ივნისის ნომერში უკვე ვისაუბრეთ (ჟურნალი საქართველოს ეკონომიკა, #7, გვ. 8-9, ვებ.გვერდი www.geoeconomics.ge) სტატიაში ახალი მსოფლიო და ოლივერ კრომველის იდეები დღეს. სტატიაში საქართველოს ნაციონალური ინტერესების პარადიგმაში განვიხილეთ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის არჩევის სასარგებლო არგუმენტები, თუ რატომ აირჩევნ ობამას და რატომ სურთ ეს ასე ძალიან ევროპელებს, თუ როგორ ხვდებოდნენ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატ ობამას ბერლინში, ლონდონში (მე მაშინ ლონდონში ვიყავი და პირადად ვარ ამ აღტკინებისა და ოვაციების მომსწრე), თუ პარიზში. ეს ყველაფერი ომამდე ხდებოდა. ობამას გაპრეზიდენტება გადაწყვეტილი იყო და ის მხოლოდ ტექნიკურად აღსრულდა, მაგრამ რა დახვდება მას?
აშშ-ში არნახული უმუშევრობის დონე – 6.5%-ია, რაც ბოლო 14 წლის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია. მარტო 2008 წელს ამერიკელ უმუშევართა რიგებს 1,2 მილიონი ადამიანი შეემატა და აქედან 240 ათასი – ოქტომბრის თვეში. სწორედ ეს ელექტორატი იყო ცვლილებების და შესაბამისად ობამას მომხრე. ობამას ხვდება ასევე არნახული საგარეო ვალი, რომელიც არც მსოფლიო და არც ამერიკის ისტორიას არ ახსოვს – 3.5 ტრილიონ დოლარს მიმატებული კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი 700 მილიარდი, რომელიც შეიძლება საბოლოოც არ იყოს; კოლოსალური სამხედრო ბიუჯეტი – 700 მილიარდამდე, რომლის უცებ შემცირებაც სათუოა, რადგან აშშ ასე მარტივად ვერ დაამთავრებს საომარ მოქმედებებს ვერც ავღანეთში და ვერც ერაყში; ამას დამატებული ევროპაში რუსეთთთან ფაქტიურად დაწყებული ცივი ომი და შეიარაღების ზრდა; ყოველივე ამასთან დაკავშირებული ბიუჯეტის რეკორდული და სავაჭრო ბალანსის არნახული დეფიციტი (700 მილიარდი დოლარი); აღარაფერს ვამბობ გამძვინვარებულ საფინანსო კრიზისზე და მსოფლიო ეკონომიკის სტაგნაციაზე, რომლის ლოკომოტივი აშშ-ია.
აშშ-ის ისტორიის ბოლო 50 წლის მანძილზე ეს ყველაზე რთული და მძიმე პერიოდია, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოპოვებული მსოფლიო ლიდერის როლს საფრთხე ემუქრება და არა მარტო რუსეთის, არამედ ევროპის მხრიდანაც. რუსეთს გაუჩნდა ამბიცია მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე ისევ წამყვანი ფიგურა – მეფე თუ არა, დედოფალი მაინც გახდეს, თან თეთრი ფიგურა.
ევროპა სულ უფრო მეტად ცდილობს დაუახლოვდეს ამერიკის მოწინააღმდეგეებსა და სტრატეგიულ მტრებს – რუსეთსა და ირანს, მაგრამ საქართველო-რუსეთის ომმა სიტუაცია შეცვალა და ნამდვილი რუსეთის სახე გამოააშკარავა. ამით აიძულა ევროპა დაბრუნებოდა აშშ-ის ორბიტას და რუსეთის წინააღმდეგ გადაედგა ნაბიჯები. შეიძლება ეს ნაბიჯები ბოლომდე პრინციპული და რეალური არ არის, როგორც ეს საქართველოს და აშშ-ს სურს, მაგრამ საქართველომ თავის ქმედებებით ევროპა აშშ-ის ორბიტაზე დააბრუნა და ახლა აშშ-ს ჯერია, რომ საქართველოს დაუბრუნოს მისი დაკარგული ტერიტორიები. ობამას რომ მედვედევთან და პუტინთან აგარაკებსა თუ რანჩოებზე ბუხართან ტკბილი საუბარი არ მოუწევს, ამას რუსეთის განცხადებაც ცხადყოფს – ობამას არჩევის დღეს კინისბერგში რაკეტების – ისკანდერების დადგმასთან დაკავშირებით.
მაგრამ ყოველივე ამის საფუძველი, პირველ რიგში, აშშ-ის ეკონომიკაა. რა ხვდება ობამას?
აშშ-ის მაკროეკონომიკა
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, აშშ-ს მშპ 2008 წლის III კვარტალში 0.3%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ მშპ აშშ-ში III კვარტალში 0.5%-ით დაიკლებდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მშპ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში პირველად მცირდება: უკანასკნელად მშპ-მ ამერიკაში მინუსში 2001 წლის III კვარტალში გადაინაცვლა, როდესაც ქვეყანაში ხანგრძლივი რეცესია მიმდინარეობდა, მაშინ მშპ-ს ზრდა 1.4%-ით შემცირდა. მშპ-ს კლების მიუხედავად, ინფლაციის ინდიკატორები გადიდდა. პირად მოხმარებაზე გაწეული პერსონალური დანახარჯების ფასების ინდიკატორი II კვარტალში 4.3%-იანი ზრდის შემდეგ 5.4%-ით გაიზარდა. ინდექსის დონემ კვების პროდუქტებსა და საწვავზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინების გარეშე 2.9%-ით იმატა 2008 წლის II კვარტალში 2.2%-იან ზრდასთან შედარებით.
ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს ანგარიშგების მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით მომხმარებელთა შემოსავლების მოცულობა აშშ-ში 2008 წლის სექტემბერში 0.2%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0.1%-ით გადიდდებოდა. გადამოწმებული მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 0.4%-ით გაიზარდა. სამომხმარებლო დანახარჯების მოცულობა კი აშშ-ში მიმდინარე წლის სექტემბერში 0.3%-ით შემცირდა, რაც დაემთხვა ანალიტიკოსთა მოლოდინს. ამა წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა.
აშშ-ში სამომხმარებლო ნდობის ინდექსი 2008 წლის ოქტომბერში 23.4 პუნქტით – 38 პუნქტამდე დაეცა. ანალიტიკოსები ამ ინდექსის 52-პუნქტიან მნიშვნელობას ვარაუდობდნენ. Conference Board-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა 61.4 პუნქტი შეადგინა.
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი სახლების გაყიდვების მოცულობა სექტემბერში 2.7%-ით გაიზარდა 2008 წლის აგვისტოსთან შედარებით და 464 ათასი ერთეული შეადგინა. ანალიტიკოსები კი ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 510 ათასი ერთეული იქნებოდა. სარწმუნო მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ახალი სახლების გაყიდვებმა 452 ათასი შეადგინა. თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ სახლების გაყიდვის მოცულობა 11.5%-ით – 460 ათას ერთეულამდე შემცირდებოდა. წლიური გამოთვლებით, 2008 წლის სექტემბერში ახალი სახლების გაყიდვის მოცულობა აშშ-ში 33.1%-ით ნაკლები აღმოჩნდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (694 ათასი ერთეული).
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის სექტემბერში შეკვეთების მოცულობა ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე ქვეყანაში, წინა თვის მონაცემებთან შედარებით, 0.8%-ით გაიზარდა და 207.8 მლრდ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის სექტემბერში 1.1%-ით შემცირდებოდა აგვისტოსთან შედარებით. სარწმუნო მონაცემებით, აგვისტოში სამრეწველო შეკვეთების მოცულობამ 5.5%-ით დაიკლო.
აშშ-ში საქმიანი აქტივობის ინდექსი, რომელიც ჩიკაგოში მენეჯერთა ასოციაციის (PMI) მიერ გამოითვლება, 2008 წლის სექტემბრის 56.7 პუნქტთან შედარებით ოქტომბერში 37.8 პუნქტით შემცირდა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად. ანალიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საანგარიშგებო პერიოდში 48 პუნქტი იქნებოდა.
აშშ-ს შრომის სამინისტროს მიერ გაკეთებული მოხსენების თანახმად, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც უმუშევართა თავდაპირველ დახმარებას იყენებს, კვირის შედეგების მიხედვით არ შეცვლილა წინა კვირის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და 479 ათასი შეადგინა. ანალიტიკოსები ამ მონაცემის 475 ათასამდე შემცირებას ვარაუდობდნენ. სარწმუნო მონაცემებით, 2008 წლის 18 ოქტომბერს დასრულებული კვირის შედეგების მიხედვით მიმართვებმა უმუშევრობის პირველადი დახმარებისთვის 479 ათასი შეადგინა.
აშშ-ს შრომის სამინისტროს მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარელო ფასების ინდექსი მიმდინარე წლის სექტემბერში არ შეცვლილა. საბაზისო ინდექსი, რომელიც არ ითვალისწინებს ფასებს საკვებ პროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე, სექტემბერში 0.1%-ით გაიზარდა. წლიური გამოთვლებით, ამა წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასები 4.9%-ით გაიზარდა, საბაზისო სამომხმარებლო ინდექსი კი – 2.5%-ით.
სამრეწველო ფასების ინდექსი
აშშ-ს შრომის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სექტემბერში სამრეწველო ფასებმა წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით დაიკლო. სამრეწველო ფასები, კვებითი პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გათვალისწინების გარეშე, სექტემბერში 0.4%-ით გაიზარდა.
საგარეო ვაჭრობა
ვაჭრობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიშგების მიხედვით, აშშ-ს სავაჭრო დეფიციტი 2008 წლის აგვისტოში 3.6%-ით შემცირდა და 59.14 მლრდ დოლარი შეადგინა. იმავე პერიოდში იმპორტის მოცულობამ 223.85 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტისამ კი – 164.72 მლრდ დოლარი.
საცალო გაყიდვები
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, საცალო გაყიდვების მოცულობა აშშ-ში 2008 წლის სექტემბერში 1.2%-ით შემცირდა ამავე წლის აგვისტოსთან შედარებით და 375.47 მლრდ დოლარი შეადგინა. წლიური გათვლებით, სექტემბერში საცალო გაყიდვები 1%-ით შემცირდა.
სამომხმარებლო კრედიტები
აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ანგარიშგების მიხედვით, სამომხმარებლო კრედიტების მოცულობა 2008 წლის აგვისტოში 7.9 მლრდ დოლარით შემცირდა წინა თვის მონაცემებთან შედარებით, სამომხმარებლო კრედიტების მოცულობა ივლისში 5.2 მლრდ დოლარით გაიზარდა.
კერძო ფინანსები
ვაჭრობის სამინისტროს მოხსენების მიხედვით, მომხმარებელთა შემოსავლების მოცულობა აშშ-ში 0.2%-ით გაიზარდა 2008 წლის სექტემბერში. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0.1%-ით გაიზრდებოდა. რაც შეეხება სამომხმარებლო ხარჯების მოცულობას, იგი 0.3%-ით შემცირდა. სარწმუნო მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა.
საპროცენტო განაკვეთები
აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზრების კომიტეტმა სადისკონტო განაკვეთის 0.5 პუნქტით – 1.5%-დან 1%-მდე შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რაც სრულად დაემთხვა ანალიტიკოსების მოლოდინს. ისინი განაკვეთის 1%-მდე კლებას ვარაუდობდნენ. გეგმის მიხედვით კომიტეტის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 16 დეკემბერს ჩატარდება. აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც ქვეყანაში ცენტრალური ბანკის როლს ასრულებს, უკანასკნელად განაკვეთი მოცემული წლის 8 ოქტომბერს შეამცირა: აღნიშნულ დროს ანტიკრიზისული ზომების მიღების მიზნით იგი 2%-დან 0.5 პუნქტით შემცირდა.
ეს კიდევ არ არის კრიზისი, რადგან ეკონომიკა იზრდება და დოლარი მყარდება. დოლარი იბრუნებს საწყის იმიჯს. სკეპტიკოსების ეჭვები იმასთან დაკავშირებით, იყოს თუ არა დოლარი სარეზერვო ვალუტა და ნავთობის ბაზარზე შეფასების ერთეული, არ გამართლდა. მაგრამ მსოფლიოში იბადება ახალი ეკონომიკა და თამაშის ახალი სტილი – ახალი წესებით. იწყება ახალი პარტია ჭადრაკში, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკის მართვა ჰქვია და ამ პარტიაში ობამამ უნდა გაიმარჯვოს, აშშ-ს მსოფლიო ჩემპიონის, ლიდერის როლი უნდა შეუნარჩუნოს. ეს ხდება მაშინ, როცა ერთდროულად მის წინაღმდეგ თამაშობს ევროპა, რუსეთი და ჩინეთი, ხოლო მოკავშირეთა რიცხვი დღითიდღე იკლებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. ეს არის საქართველოს ახალი ნაციონალური ინტერესებისა და ეკონომიკური სტრატეგიის პარადიგმა. ჭადრაკის დაფის მეორე მხარეს – ევროზონის მაკროეკონომიკა
ევროზონა: Eurostat-ის წინასწარი მონაცემებით, 2008 წლის ოქტომბერში წლიური გამოთვლებით ინფლაციამ ევროზონაში 3.2% შეადგინა. მოცემული მაჩვენებელი დაემთხვა ანალიტიკოსების მოლოდინს. მიმდინარე წლის სექტემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 3.6% იყო. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მიზნად დაისახა ინფლაციის დონის 2%-ზე ოდნავ უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნება, თუმცა ენერგომატარებლებსა და კვების პროდუქტებზე ფასების სწრაფმა ზრდამ ამ მაჩვენებლის გადიდება დააჩქარა.
ევროზონა: ევროკომისიის მიერ გაკეთებული მოხსენების მიხედვით, ევროზონაში საქმიანი განწყობის ინდექსი 2008 წლის ოქტომბერში 7.1 პუნქტით შემცირდა წინა თვის მონაცემებთან შედარებით და 80.4 პუნქტი შეადგინა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 86 პუნქტი იქნებოდა. სარწმუნო მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქმიანი განწყობის ინდექსმა ევროს ზონაში 87.5 პუნქტი შეადგინა, ამასთან საქმიანი განწყობის ინდექსმა ევროკავშირის 27 ქვეყანაში 7.4 პუნქტით დაიწია – 77.5 პუნქტამდე. მოცემული ინდექსის ყველაზე მეტად შემცირება მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ ნიდერლანდებში აღინიშნებოდა (11.3 პუნქტი).
ევროზონა: Eurostat-ის მონაცემებით, სეზონური ცვალებადობის გათვალისწინებით უმუშევრობის დონე ევროზონაში მიმდინარე წლის სექტემბერში უცვლელი დარჩა აგვისტოს თვის მონაცემებთან შედარებით და იგი 7.5%-ს შეადგენს. 2007 წლის სექტემბერში იგივე მაჩვენებელი 7.3% იყო. ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში მიმდინარე წლის სექტემბერში უმუშევრობის დონე სეზონური ცვალებადობის გათვალისწინებით 0.1%-ით გაიზარდა აგვისტოსთან შედარებით და 7% შეადგინა. იგივე მაჩვენებელი 2007 წლის სექტემბერში ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში ასევე 7% იყო. უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე სექტემბრის განმავლობაში ნიდერლანდებში დაფიქსირდა (2.5%), ხოლო ყველაზე მაღალი კი – ესპანეთსა (11.9%) და სლოვაკეთში (10%).
გერმანია: წინასწარი მონაცემებით, 2008 წლის ოქტომბერში ინფლაციამ გერმანიაში წლიური გამოთვლებით 2.4% შეადგინა. გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით 2008 წლის სექტემბერში ინფლაციამ წლიური გამოთვლებით 2.9% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები ოქტომბერში 0.2%-ით შემცირდა. წარმოდგენილი მონაცემები დაემთხვა ანალიტიკოსების მოლოდინს – ისინი ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წლიური გამოთვლებით 2.4% იქნებოდა.
გერმანია: კვლევითი ინსტიტუტის GfK-ს მიერ გამოქვეყნებული საპროგნოზო მონაცემებით, მომხმარებელთა ნდობის ინდექსი გერმანიაში ნოემბერში, მიმდინარე წლის ოქტომბერთან შედარებით, 0.1 საპროცენტო პუნქტით გაიზრდება და 1.9 პუნქტი იქნება. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ 2008 წლის ნოემბერშიGfK-ს მიერ წინასწარ წარმოდგენილი ინდექსი 1.5 პუნქტი იქნებოდა. ამა წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ნდობის ინდექსი გერმანიაში 1.8 პუნქტია, რაც უცვლელი დარჩა მანამდე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით.
გერმანია: გერმანიაში საქმიანი განწყობის ინდექსი, რომელსაც კვლევითი ინსტიტუტი IFO ითვლის, ოქტომბერში 2.7 პუნქტით შემცირდა წინა თვესთან შედარებით და 90.2 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებლები ანალიტიკოსების მოლოდინთან შედარებით უფრო ნაკლები აღმოჩნდა – ისინი ელოდებოდნენ, რომ ინდექსის მნიშვნელობა 91 პუნქტი იქნებოდა. მიმდინარე წლის სექტემბერში საქმიანი განწყობის ინდექსმა 92.9 პუნქტი შეადგინა. ამჟამინდელი სიტუაციის ინდექსი მოცემული წლის ოქტომბერში 99.9 პუნქტია წინა თვის 99.8 პუნქტის ნაცვლად, ხოლო მოლოდინის ინდექსი კი 2008 წლის აგვისტოს 86.5 პუნქტიდან 81.4 პუნქტამდე შემცირდა.
გერმანია: სეზონური ცვალებადობის გათვალისწინებით, გერმანიაში უმუშევრობის დონე 2008 წლის ოქტომბერში 0.1 პუნქტით შემცირდა წინა თვის მონაცემებთან შედარებით და 7.5% შეადგინა. ამასთან, სეზონური ცვლებადობის გაუთვალისწინებლად უმუშევრობის დონე 0.2 პუნქტით შემცირდა 7.2%-მდე. ასეთი მონაცემები გაავრცელა გერმანიაში დასაქმების ფედერალურმა სააგენტომ. უმუშევართა რაოდენობა, აბსოლუტური გამოთვლებით, ოქტომბერში 26 ათასი ადამიანით შემცირდა სექტემბერთან შედარებით და სულ 3 მლნ 151 ათასი ადამიანი შეადგინა.
საფრანგეთი: საფრანგეთის ეროვნული ინსტიტუტის Iee-ის განცხადებით, ოქტომბრის თვეში სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა საფრანგეთში მინუს 47 პუნქტი შეადგინა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის მინუს 46 პუნქტის მნიშვნელობას ვარაუდობდნენ. სარწმუნო მონაცემებით, სექტემბერში აღნიშნული ინდექსი მინუს 44 პუნქტია.