საპენსიო ასაკი უნდა გაიზარდოს
ალექსანდრა ლალიაშვილი
ასაკოვანი მოსახლეობის რაოდენობა ბოლო წლებში რომ იზრდება და მათთვის პენსიების გადახდას დასაქმებული მოსახლეობა ვეღარ აუდის, უკვე დიდი ხანია განხილვის საგანია. ახალი არც პენსიებით, უფრო სწორედ პენსიონერებით, არჩევნების დროს მანიპულირების თემაა, მაგრამ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული გაუგებრობები ამით არ მთავრდება, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში. არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომლის გადაჭრაც საპენსიო სქემებს უფრო მოქნილს გახდიდა და რეფორმის განხორციელებასაც დააჩქარებდა.
სოფლიოს ბევრ ქვეყანაში საპენსიო ასაკი ჯერ კიდევ დიფერენცირებულია სქესის მიხედვით. ქალები უფრო ადრე გადიან პენსიაზე, ვიდრე მამაკაცები, გარდა ამისა, სუსტი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები. საშუალოდ, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, OECD-ის ქვეყნებში მამაკაცები პენსიაზე გასვლიდან 16 წელი ცოცოხლობენ, ქალები კი – 21 წელი. შესაბამისად, ქალ პენსიონერთა რაოდენობა (და შესაბამისად, მათთვის გადახდილი პენსიაც) ბევრად აღემატება პენსიონერ მამაკაცთა რაოდენობას. რაც ბევრი ექსპერტის აზრით, ეკონომიკური თვალსაზრისით გაუმართლებელია.
OECD-ის ქვეყნებში უკვე დაიწყეს ამ პრობლემაზე ზრუნვა. რამდენიმე ქვეყანაში საპენსიო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისათვის უკვე გათანაბრებულია, რეფორმები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აპირებს ქალბატონებისათვის საპენსიო ასაკი მამაკაცებთან შედარებით ნაკლები დატოვოს (იტალია, შვეიცარია, პოლონეთი) და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეკონომიკურ ინტერესებზე მაღლა ტრადიციებს აყენებენ (ცხრილი #1).
იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი რეფორმა ჯერ არ განხორციელებულა, დისკუსია ამ თემის გარშემო უკვე დაწყებულია. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ექსპერტები, განვითარებად ქვეყნებს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც აძლევენ რეკომენდაციებს – გაზარდონ საპენსიო ასაკი. ხოლო იქ, სადაც არსებობს დიფერენცირებული საპენსიო სქემები, გაუთანაბრონ ისინი ერთმანეთს. ამ რეფორმების განხორციელება აუცილებელია, განსაკუთრებით არსებული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, რომელმაც ბევრი სახელმწიფოს ბიუჯეტს შეუიქმნა სერიოზული პრობლემები. ესეც არ იყოს, დემოგრაფიული სურათი არსებულ საპენსიო სისტემას ისედაც მოუქნელს ხდის და დიდ ტვირთად აწვება ბიუჯეტებს.
მაგალითად, რუსეთში 5 წელია სხვაობა მამაკაცებისა და ქალების საპენსიო ასაკს შორის. გარდა ამისა, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, რუსეთშიც, ქალების სიცოცხლის საშუალო ასაკი აღემატება მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელს. შედეგად, სუსუტი სქესის პენსიონერები რუსეთში 2,5-ჯერ მეტია მამაკაცებთან შედარებით (ქალი პენსიონერები 21.7 მილიონია, კაცი კი – 8,3 მილიონი). რუსი ექსპერტები მთავრობას საპენსიო რეფორმის განხორციელებას და საპენსიო ასაკის გათანაბრებას ურჩევენ, მათი გათვლებით, ოპტიმალური იქნება 62 წელი.
მსგავს რეკომენდაციას აძლევს უკრაინის მთავრობას მსოფლიო ბანკი. 2010 წელს უკრაინისთვის მიზანშეწონილია გაზზე შიდა ტარიფების ორჯერ გაძვირება და საპენსიო ასაკის ეტაპობრივი გაზრდის დაწყება. ამის შესახებ უკრაინაში, ბელორუსიასა და მოლდავეთში მსოფლიო ბანკის დირექტორმა მარტინ რაიზერმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ სახელმწიფო ხარჯების შემცირების გარეშე, კიევი ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას არ უნდა ელოდოს.
რაც შეეხება საპენსიო სფეროს, რაიზერის განცხადებით, მნიშვნელოვანია უკრაინის საპენსიო ფონდის დაბალანსება. მისი შეფასებით, სახელმწიფომ საპენსიო ასაკი უნდა მოუმატოს. მატებამ კი, ქალებისთვის ყოველწლიურად ექვსი თვე უნდა შეადგინოს და საბოლოო ჯამში ახლანდელი 55-დან 60 წლამდე ავიდეს. მსოფლიო ბანკი უკრაინის საპენსიო ხარჯებს მშპ-ის 17%-მდე განსაზღვრავს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რა ვითარებაა საქართველოში? მართალია, მსგავსი რეკომენდაციები საქართველოს მისამართით ჯერ არ ისმის, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნისთვისაც ყურადსაღები უნდა იყოს მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები და განვითარებულ სახელმწიფოთა ტენდენციები. რადგან ტენდენცია ჩვენთანაც იგივეა, პენსიონერ ქალთა რაოდენობა აღემატება მამაკაცთა რაოდენობას (ცხრილი N2), ამასთანავე, სუსტი სქესის წარმომადგენლები პენსიაზე 5 წლით ადრე გადიან. 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში 60 წელს გადაცილებული 800 000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 315 100 მამაკაცი, ხოლო 484 800 ქალია. საპენსიო რეფორმის განხორციელებას აუცილებელს ხდის კიდევ ერთი დემოგრაფიული ტენდენცია – მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში (ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში) ასაკით პენსიონერთა რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება (ცხრილი N3).
საპენსიო ასაკის მატება შეიძლება დიდად პოპულარული არ იყოს პოლიტიკური თვალსაზრისით ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობისათვის, მაგრამ, როგორც მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, ის უკეთესი შედეგის მომტანია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური განვითარებისათვის.