ტურისტული პროდუქტის და ტურისტული საქონლის კატეგორიების რაობის საკითხისათვის
კონსტანტინე ყიზილაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის დოქტორანტი
ყოველი ეკონომიკური მეცნიერება და მეცნიერული სასწავლო დისციპლინა იწყება ძირითადი ეკონომიკური კატეგორიების, ე.ი. ცნებების განსაზღვრით, რომლებიც ახასიათებენ მათ არს. ამიტომ ამ კატეგორიების შინაარსის სწორ გაგებასა და საჭიროების მიხედვით გამოყენებას მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ვინაიდან ნებისმიერი კატეგორიის შინაარსის არასწორი გაგება და მისი გამოყენება ცვლის არა მარტო თვით კატეგორიის შინაარს, არამედ მეცნიერებისა და სასწავლო დისციპლინის შინაარსაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე სტატიაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს კატეგორიების “ტურისტული პროდუქტისა” და “ტურისტული საქონლის” ზუსტად გამიჯვნასა და მათ სწორ განსაზღვრას, ვინაიდან ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში ამ კატეგორიებს აიგივებენ ერთმანეთთან, რაც მიუღებელია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
ტურიზმის ირგვლივ გამოქვეყნებულ ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში ტურიზმის ძირითად ეკონომიკურ კატეგორიად მიღებული და გამოყენებულია ტურისტული პროდუქტი, რომელიც გაიგივებულია ტურისტულ საქონელთან.
ჩვენი აზრით ამ ორი კატეგორიის ერთმანეთთან გაიგივება ყოვლად მიუღებელია. რადგანაც ამ კატეგორიებს ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ნიშან-თვისებები აქვთ. რაც გამოიხატება შემდეგში: პროდუქტი არის ცოცხალი და განივთებული მთელი შრომის შედეგი, ხოლო საქონელი ნაწილი შრომის; პროდუქტი პირველადია, საქონელი – მეორადი (წარმოებული); პროდუქტი რაოდენობრივად მეტია საქონელზე; პროდუქტის გასხვისება არ ხდება, საქონლისა კი; პროდუქტს ერთი თვისება (სახმარი ღირებულება) აქვს, ხოლო საქონელს ორი (სახმარი ღირებულება და ღირებულება); პროდუქტი მიმოქცევაში არ მონაწილეობს, საქონელი კი მიმოქცევის საშუალებაა; პროდუქტი ეკუთვნის პროდუქტმწარმოებელს, საქონელი კი – არა; ბაზარზე მყიდველი-მომხმარებელი, მწარმოებელ-გამყიდველისაგან ყიდულობს არა პროდუქტს, არამედ საქონელს; საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოთხოვნა-მიწოდების კანონები ამყარებენ მოთხოვნა-მიწოდებასა და ფასებს შორის ურთიერთუკუპროპორციულ და პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებას, გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნა არის მყიდველის მიერ დროის განსაზღვრულ პერიოდში ბაზარზე ჩამოყალიბებული ფასებით ნაყიდი საქონლისა და მომსახურების (და არა პროდუქტის – კ.ყ.) რაოდენობა. ხოლო მიწოდება არის მწარმოებელთა მიერ დროის განსაზღვრულ პერიოდში ბაზარზე ჩამოყალიბებული ფასების გათვალისწინებით წარმოებული და მიწოდებული საქონლისა და მომსახურების (და არა პროდუქტის – კ.ყ.) რაოდენობა; ბაზარზე წონასწორობის საბაზრო ფასი მყარდება მოთხოვნისა და მიწოდების წონასწორობის დროს, როგორც ზუსტად საქონლისა და მომსახურების (და არა პროდუქტის – კ.ყ.) განსაზღვრული რაოდენობის ფულადი ეკვივალენტი; პროდუქტისა და საქონლის შინაარსი და განმარტება ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულია: პროდუქტი არის შრომის შედეგი, რომელიც ადამიანის რაიმე მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ხოლო საქონელი არის შრომის პროდუქტი, რომელიც ადამიანის რაიმე მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და წარმოებულია ან გასაცვლელად ან გასაყიდად.
ტურისტული პროდუქტის მხოლოდ გარკვეული რაოდენობა ხვდება მიმოქცევაში და საქონლად გადაიქცევა. მაგალითად, როგორც მომსახურების, ისე წარმოების სფეროს მუშაკები თავისი შრომის გარკვეულ პროდუქტს თვით მოიხმარენ, ამიტომ ეს პროდუქტი საქონლად არ იქცევა. შრომის პროდუქტი საქონლად, რომ გადაიქცეს აუცილებელია მას ჰქონდეს სახმარი ღირებულება (პროდუქტის სარგებლიანობა), ე.ი. პროდუქტი რომ საქონელი იყოს იგი ადამიანის რაიმე მოთხოვნილებას უნდა აკმაყოფილებდეს და გასხვისებისათვის იყოს წარმოებული. საქონელი, როგორც სახმარი ღირებულება, განსაზღვრულ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და ნივთიერი სიმდიდრის განსაზღვრულ ელემენტს შეადგენს.
მაშასადამე, პროდუქტი საქონლად რომ გადაიქცეს, საჭიროა, ადამიანმა შექმნას სახმარი ღირებულება არა თავისთვის, არამედ სხვისთვის, საზოგადოებისთვის. სხვისთვის წარმოებული სახმარი ღირებულება მხოლოდ გაცვლის გზით გადაიქცევა საქონლად. ამიტომ სხვისთვის წარმოებული სახმარი ღირებულება ყოველთვის და ყველა პირობებში საქონელი როდია. ამ გარემოების გამო საქონელი შრომის პროდუქტია, თუმცა ყველა შრომის პროდუქტი საქონელი არ არის. პროდუქტი, რომ საქონლად იქცეს, იგი გაცვლის საშუალებით, ან ყიდვა-გაყიდვის გზით უნდა გადავიდეს იმის ხელში, ვისაც ის სახმარი ღირებულების სახით ემსახურება.
ამრიგად, ტურისტული პროდუქტი და ტურისტული საქონელი სხვადასხვა შინაარსის ეკონომიკური კატეგორიებია ამიტომ მიზანშეწონილია და აუცილებელი, რათა ტურიზმში ამჟამად მიღებული და გამოყენებული ეკონომიკური კატეგორიის – ტურისტული პროდუქტის, ტურისტული საქონლით შეცვლა.