ხმსოფლიო საფინანსო კრიზისი გრძელდება
მოამზადა ეკა წირღვავამ
მსოფლიო საფინანსო კრიზისი მსოფლიოში ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს. ამის ნათელი მაგალითია სამხრეთ კორეაში საპროცენტო განაკვეთების შემცირება, სავალუტო ინტერვენცია ავსტრალიაში, სპარსეთის ყურის ქვეყნების მოწოდება სავალუტო კავშირის დადების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოქმედება უნგრეთისა და უკრაინის დახმარებისათვის.
“დიდი შვიდიანი” შიშობს, რომ იენის გამყარება ზიანს მიაყენებს ფინანსურ სტაბილურობას, ხოლო ევროპისა და აზიის ქვეყნები თავიანთი ეკონომიკების დასახმარებლად ზომებს მიმართავენ.
მართალია ექსპერტების უმეტესობის მტკიცება, რომ ხელისუფლებების მოქმედება საკრედიტო ბაზრების მდგომარეობის გამოსასწორებლად თავის შედეგებს იღებს – წამყვანმა მსოფლიო საფონდო ინდექსებმა დაკარგული პოზიციების აღდგენა დაიწყეს.
ბაზრის მონაწილეების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა დაწევს რეფინანსირების განაკვეთს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კი მინიშნება გააკეთა, რომ ამერიკის ცენტრალურ ბანკს შესაძლოა სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმაც მიბაძონ. “ახლო მომავალში მოსალოდნელია ინფლაციის შენელება. შესაბამისად, ცენტრალური ბანკები შედარებით თავისუფალნი იქნებიან საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს” – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა. განაკვეთების შესაძლო შემცირებაზე ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ ტრიშემაც გააკეთა მინიშნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებების მიერ გადადგმული ნაბიჯები ახარებს ინვესტორებს, რომლებსაც საფონდო ბაზრების სწრაფად აღდგენის იმედი აქვთ.
კრიზისმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა განვითარებად ქვეყნებსაც. ინვესტორები იძულებულნი არიან გაყიდონ აქტივები ნაღდი ფულის ასაღებად, ხოლო ნედლეულის ეკონომიკების ქვეყნები ნედლეულის ფასების ვარდნას ებრძვიან. განვითარებადი ეკონომიკების პრობლემებზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკვე დადო შეთანხმება რიგ ქვეყნებთან მათთვის საჭირო დაფინანსების თაობაზე.
უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა სასწრაფო დახმარებისათვის მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რადგან მოსახლეობამ მასიურად დაიწყო საკუთარი ანგარიშებიდან ფულის მოხსნა (ერთი თვის განმავლობაში საბანკო დეპოზიტებიდან მოიხსნა 2,7 მლრდ დოლარი) და მათი დოლარებსა და ევროზე აქტიურად გადაცვლა. ამასთან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ მზადაა 2,1 მლრდ დოლარი ასესხოს ისლანდიას, რომლის საბანკო სისტემა მიმდინარე წლის სექტემბერში მოიშალა.
27 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას უნგრეთთან ამ ქვეყნისთვის საფინანსო კრიზისის დასაძლევად 10 მლრდ დოლარის კრედიტის გაცემაზე. წლის დასაწყისიდან ბუდაპეშტის ბირჟაზე აქციების ფასი 50%-ით დაეცა, ხოლო ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსი ორწლიან მინიმუმამდე შემცირდა. გარდა ამისა, თურქეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება არ სჭირდება, თუმცა სირთულეების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნებოდა ფონდთან წინასწარ შეთანხმება.
“პრობლემებმა დასავლეთის ბაზრებიდან განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე გადმოინაცვლა და ხელისუფლებების ინიციატივები, რომლებიც მიმართული იყო მსოფლიო საკრედიტო ბაზრების განვითარებად ქვეყნებზე ზეგავლენის შესუსტებაზე, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება” – აცხადებს “Goldman Sachs”-ის ანალიტიკოსი ჯენს ნორდვიგი.
ამერიკული ვალუტა მალე ახალ სიმაღლეებს დაიპყრობს
ექსპერტების უმრავლესობა ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ გვარწმუნებდა, რომ დოლარმა, როგორც სარეზერვო ვალუტამ, თავისი დრო მოჭამა. მაშინ ამ მოსაზრების უარყოფა ძნელი იყო: ამერიკის ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტის ფონზე აშშ-ის ვალუტა რამდენიმე წლის მანძილზე კარგავდა თავის პოზიციებს მსოფლიო სავალუტო ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო კრიზისი აგრძელებს თავის ტრიუმფალურ სვლა მსოფლიოში, ამერიკული ვალუტა დაკარგული პოზიციების აღდგენას ახერხებს. ამასთან ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ახლო მომავალში დოლარის გაძვირება გაგრძელდება.
“საუბრები იმაზე, რომ ევრო მალე დოლარის ადგილს დაიკავებს ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ამერიკის ეკონომიკა ჯერ კიდევ რჩება სტაბილურობის საყრდენი. ამასთან ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს დოლარის ხელშესაწყობად” – აცხადებს “Bank of New York Mellon”-ის წამყვანი სავალუტო სტრატეგი მაიკლ ვულფოლკი.
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საკრედიტო კრიზისი ამერიკაში დაიწყო. მაგრამ შემდეგ ის გავრცელდა მთელს მსოფლიო საფინანსო სისტემაზე და ინვესტორები ძალიან მალე მიხვდნენ, რომ აშშ ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც სწრაფი რეაგირება მოახდინა კრიზისზე და მასთან ბრძოლის ხერხებიც შეიმუშავა. “ამერიკა საკმაოდ წარმატებულად ებრძვის კრიზისს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა” – აცხადებს “BMO Capital Markets”-ის სტრატეგი ენდრიუ ბ. ბუში.
აღსანიშნავია, რომ დოლარი მართლაც ახერხებს მსოფლიო სავალუტო ბაზარზე პოზიციების აღდგენას. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისის შუა რიცხვებიდან აშშ-ის ვალუტა ევროსთან მიმართებაში 21,8%-ით გაძვირდა, ასევე გაძვირდა დოლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან მიმართებაში 23%-ით, ხოლო ავსტრალიურ დოლართან მიმართებაში – 37,5%-ით.
მიუხედავად ამისა, ბევრი განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკები მაინც მუდმივად ამცირებენ დოლარის აქტივების მოცულობებს თავიანთ ოქროს ვალუტის რეზერვში. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებით, დოლარის წილი მსოფლიო ცენტრალური ბანკების რეზერვებში მიმდინარე წლის I კვარტლის შედეგებით 63%-მდე შემცირდა, მაშინ როცა გასული წლის ბოლოს ეს მონაცემი 35,1% იყო.