რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

ძალზე დიდი სურვილი მქონდა, მოვფერებოდი ჩემს მკითხველს ამ საშობაო დღესასწაულების წინ. მეთქვა თუნდაც უბრალო, დამაიმედებელი ფრაზა – ყველაფერი კარგად იქნება! არადა, მას მეტის მოსმენა სწყურია, მე კი მეტის თქმა არ შემიძლია. 2001 წელს ღრმავდებოდა ეკონომიკური კრიზისი, სამრეწველო წარმოების დაცემამ 12%-ს გადააჭარბა, ხოლო რაც დარჩა, ძირითადად, ენერგეტიკაზე და პურის გამოცხობაზე მოდის.

კატასტროფულად იკლო ინვესტიციებმა. საბიუჯეტო შემოსავლები რეალურ განზომილებაში აშკარად სერიოზული ნაბიჯებით კლებულობს. პირველი სეკვესტრის შემდგომ ბიუჯეტში უკვე 100 მლნ ცვლილებებია დეკემბრის ბოლოს გასაკეთებელი. ფისკალური პოლიტიკა რეალურად არ იცვლება და ის ბიზნესისა და მეწარმეობის წინააღმდეგაა მიმართული. აქამდე არ ვუსმენდით შინაურ მღვდლებს – ეკონომიკურ ექსპერტებს, ახლა, არც გარეულს, ბალცეროვიჩს ვუსმენთ. კვლავ არ არსებობს ერთიანი სტრატეგიული, ეკონომიკური განვითარების კონცეფცია და ზუსტად არ ვიცით რა, როდის და როგორ გვინდა. და ვის სცალია ამისთვის? ჩვენ პოლიტიკური “ლახტის წრით” ვერთობით. გასაოცარი პრინციპულობით გადააყენა მთავრობა პარლამენტმა და იგივე (თითქმის) მთავრობა გასაოცარი ერთსულოვნებით დაამტკიცა. თუმცა, ერთი კვირით ადრე დეპუტატების უმრავლესობა იმუქრებოდა, არც ერთს არ დავამტკიცებთო. ამით, ალბათ, “მოყვარული პარლამენტარიზმის” ეპოქა დამთავრდა საქართველოში. მათ სათქმელიც კი არ დატოვეს და აუცილებლად, მომავალი წლის შემოდგომაზე ახალი უკვე კონსტიტუციური ორპალატიანი პარლამენტი უნდა აირჩეს, მანამდე გაზაფხულზე ისევ ახალი მინისტრები (ნაწილობრივ, რა თქმა უნდა) მოვლენ და ჩვენს ემოციებს დაწყნარება არ უწერია. ვიღაცა სტუდენტებს გამოიყვანს ქუჩაში (ესეც თავისებური ძალის დემოსნტრირებაა) ვიღაცა პარლამენტში საკუთარ ფრაქციებს აახმაურებს. არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის, – ბრძოლა ხელისუფლებისათვის და ისევ პოლიტიკურ სექტორში ვექტორის და საყრდენის ძებნა.

ამ პოლიტიკური დოღის ფონზე, როცა 2002 წელი მთავრობების შეცვლის და არჩევნების ეპოქა იქნება, ბუნებრივია, ეკონომიკისთვის არავის ეცხელება. გავაგრძელებთ რეფორმის თამაშს, კორუფციასთან ხმალამოღებულ ბრძოლას, უცხოეთის კაპიტალის ინტერესების გახმოვანებას და აბსურდების სამყაროში პოპულისტურ რბოლას. ამას ფონად ისიც ედება, რომ მსოფლიო ეკონომიკის ვარდნა გაიზრდება და საქართველოს ნაწილობრივ შეეხება. ფინანსური სიტუაცია დაიძაბება და ბიუჯეტში აბსოლუტური მაჩვენებლებით (საკურსო სხვაობის გამოკლებით), უფრო ნაკლები თანხები შევა, ვიდრე 2001 წელს. თან 2001 წელს წინასწარგადახდების ოდენობამ ბიუჯეტში კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია (ათეული მილიონები), რაც თავს იჩენს მომავალ წელს. ბაზარზე იქნება ფულის და ინვესტიციების შიმშილი, რაც გააღრმავებს ინფლაციას და გააუარესებს ცხოვრების პირობებს. კიდევ ერთხელ მოიმატებს დენზე ტარიფი და გაიზრდება კომუნალური გადასახადები. გაგრძელდება მოგების ნორმის დაცემა და მეტი და მეტი ქართველი მეწარმე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დახურავს თავის ბიზნესს, გაიზრდება უმუშევრობა. უცხოური კაპიტალი გააგრძელებს ადგილობრივის განდევნას. მცირე მეწარმეობიდან (მაღაზიები, რესტორნები), მსხვილზე უკვე აღარ ვლაპარაკობთ, ის ისედაც უკვე უცხოელებისაა. ქართველ ბიზნესმენებს გამოდევნიან და სოციალური გარემო დაიძაბება. მინისტრების და სახელმწიფო მოხელეების ხელფასი კვლავ მიზერული დარჩება და კორუფციის ცდუნება დიდი იქნება. არადა, ხშირად გაიგონებთ, რომ საქართველოში ათასობით ადამიანს ე.წ. გრანტით სერიოზული ანაზღაურება აქვს. მათი განცხადებით, 500-დან 3000-მდე აშშ დოლარს იღებენ. თუმცა, მათი შექმნილით ჯერჯერობით ქვეყანა არ განცვიფრებულა. ჯერ ერთი, თუ ადამიანი წესიერია, ის საჯაროდ გამოაქვეყნებს თუ რატომ მიიღო გრანტი და რა შედეგი მოიტანა მან. მეორეც, სჯობს ჩვენს ახალგაზრდა მეგობრებს, რომელთაც მინისტრებზე 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი ხელფასით, ასე დამაჯერებლად უყვართ “წესიერ” ცხოვრებაზე ლაპარაკი, გრანტები დროებით შევუჩეროთ და მინისტრებს გადავცეთ. ჩვენს ქვეყანას არ აქვს საშუალება, მინისტრებს მაღალი ანაზღაურება მისცეს, არადა, ამის გარეშე შეუძლებელია კორუფციას ვებრძოლოთ. ამიტომ, ის წინადადება, რომელიც შემოგთავაზეთ, ერთადერთი საშუალებაა ქვეყნის გადასარჩენად. უარი თქვით, ბატონებო გრანტებზე და მიეცით ისინი მინისტრებს! შემოსავალი მათ თვეში 2500-3000 დოლარი ექნებათ, ამით ანტიკორუფციულ ბრძოლას სერიოზული დასაყრდენი შეექმნება და აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაც მოიმატებს. 2002 წლის გრანტები მიეცით მინისტრებს და თქვენ 170 ლარიანი შემოსავლით იცხოვრეთ, ამით ქვეყანას ნაწილობრივ ეშველება!

მაშ, რისი იმედი უნდა გვქონდეს 2002 წელს? ორი რამის: 1. ქართველი ხალხის სიბრძნის, რომ ის არ აყვება პოლიტიკომანებს და ქვეყანაში არავითარი შფოთი არ იქნება. არამედ ეცდება თვითონ (მთავრობის გარეშე) გადაწყვიტოს თავისი პრობლემები. ანუ ხალხი იწყებს ადაპტირებას საბაზრო გარემოში და თვითშენახვის და თვითრეალიზების ინსტინქტი, რომელიც საუკუნეობით გენებში ჰქონდა აიძულებს მას პატარ-პატარა საქმები გამონახოს და გადაიტანოს ეს კატაკლიზმების წელი; 2. ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების რომლებიც ზრუნავენ ჩვენზე და იწყებენ გაზსადენ-ნავთობსადენის გიგანტურ პროექტს, რომელიც 2002 წელს დაიწყება და გაზრდის როგორც ინვესტიციებს, ისე სამუშაო ადგილებს. ამასთან, ეს შეიძლება პირდაპირ არ შეეხოს ყოველ ქართველს, მაგრამ, ამ მხრივ, 2002 წელი გარდატეხის ხანა იქნება, რაც ჩვენი ეკონომიკურ-პოლიტიკური უსაფრთხოების ქოლგაა. ბაქო-ჯეიჰანი-ერზრუმის მილსადენი, როგორც ლოკომოტივი თან წაიყვანს 2003-04 წლებში სხვა სახის ინვესტიციებს და მსოფლიო ინტეგრაციაში ერი გადარჩება. მხოლოდ ამ გზით აშშ-თან და დასავლეთთან ერთად.

დიდება ღმერთს, რომ აშშ მაინც ზრუნავს ჩვენზე, აბა, ჩვენ საკუთარი თავისთვის სად გვცალია?!

ასე რომ, ჩემო ხალხო ყველაფერი კარგად იქნება, უფალი მოწყალეა.