ნავთობის ფასი შესაძლოა 70-80 დოლარის ფარგლებში შემცირდეს
რედაქციისაგან
ნავთობის ფასი შესაძლოა 70-80 დოლარის ფარგლებში შემცირდეს ნავთობის ფასი შესაძლოა 70-80 დოლარის ფარგლებში შემცირდეს. ამის შესახებ განაცხადა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკის) პრეზიდენტმა შაკიბ ხელილმა.
ხელილის აზრით, ნავთობის ფასი მცირდება იმის გამო, რომ ირანსა და აშშ-ს შორის საომარი კონფლიქტის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო დოლარი თავის პოზიციებს ამყარებს. ოპეკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაციის არაგეგმიური სამიტი ალჟირში მიმდინარე წლის 17 დეკემბერს გაიმართება.
ერაყში ნავთობის მოპოვებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
ერაყში ნავთობის მოპოვებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მას შემდეგ, რაც 2003 წლის მარტის თვეში ქვეყანაში ამერიკული შეიარაღებული ჯარი შეიჭრა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინსპექტორის ერაყის რეკონსტრუქციის საკითხებში სტივენ ბოუენის თქმით, ნავთობის წარმოების გაზრდა მოხდა უსაფრთხოების გაუმჯობესებით კირკუკ-ბაიჯის ნავთობსადენის რაიონში, რომელიც ერაყის ჩრდილოეთით ნავთობის საბადოებს ქვეყნის ცენტრში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან აერთიანებს.
“ერაყში ნავთობის წარმოებამ მიმდინარე კვარტალში ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და დღეში 2,43 მლნ ბარელი შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი საშუალოკვარტალური მაჩვენებელია ერაყში შეჭრის მომენტიდან”, – განაცხადა ბოუენმა.
საუდის არაბეთი ოპეკში ნავთობის სფეროდან მიღებული მოგების მიხედვით პირველ ადგილზეა
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით, 2008 წლის I ნახევარში ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) წევრ ქვეყნებს შორის მოგების მიხედვით პირველ ადგილზე საუდის არაბეთია. მისმა მოგებამ ნავთობის გაყიდვებიდან 192 მლრდ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე გავიდა არაბეთის გაერთიანებული საემირატოები, რომლის მოგებამაც სანავთობო სფეროდან 61 მლრდ დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზე ირანი გავიდა. მისი მოგება ნავთობის გაყიდვებიდან 54 მლრდ დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ირანის საერთო მოგება 2008 წლის პირველ ნახევარში სულ 3 მლრდ დოლარით ნაკლებია, მთელი 2007 წლის განმავლობაში ქვეყნის ჯამურ მოგებასთან შედარებით. 54 მლრდ დოლარი შეადგინა ასევე ქუვეითის საერთო მოგებამ სანავთობო სფეროდან.
სტატისტიკური სააგენტოს მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპეკის ყველა წევრი ქვეყნის მოგებამ ნავთობის ვაჭრობიდან მიმდინარე წლის I ნახევარში 645 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა მთელი 2007 წლის განმავლობაში მოგება 671 მლრდ დოლარს უდრიდა.
2008 წლის I ნახევარში BP-ის სუფთა მოგება 40,5%-ით გაიზარდა
ბრიტანული ნავთობისა და გაზის გიგანტის “British Petroleum”-ის (BP) სუფთა მოგება 2008 წლის I ნახევარში გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,04 მლრდ დოლარი) შედარებით 40,5%-ით, 16,92 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
კომპანიის შემოსავალმა I ნახევარში 201,13 მლრდ დოლარს მიაღწია მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 137,11 მლრდ დოლარი იყო.
“BP”-ის სუფთა მოგება 2008 წლის II კვარტალში 28,3%-ით, 9,47 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო შემოსავალი – 49,2%-ით, 110,98 მლრდ დოლარამდე.
კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაზრდას ნავთობის რეკორდულად მაღალ ფასებთან აკავშირებენ.