მითი ანტიმონოპოლიური სამსახურის ირგვლივ
მაკა ღანიაშვილი
ბოლო წლებში საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახურის რეფორმირების ირგვლივ საკმაოდ მწვავე დისკუსია მიმდინარეობს. საზოგადოებას უჭირს გაერკვეს სად არის სინამდვილეში ძაღლის თავი დამარხული და არსებობს თუ არა საერთოდ ანტიმონოპოლიური სამსახური, რას აკეთებს ის და რომ არსებობდეს გამართული ანტიმონოპოლიური სამსახური, თავისი კლასიკური გაგებით, რა შეიცვლებოდა ქართულ ეკონომიკაში?
გარდა ამისა, არც ის არის აშკარა ყველასათვის, რომ ჩვენი ეკონომიკის თითქმის 70% რეგულირებადი დარგებია, კერძოდ, ელექტროენერგიის წარმოება და იმპორტი, ბუნებრივი აირი, სიხშირეები და ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, საფინანსო-საბანკო სფერო და სხვა. შესაბამისად კანონების თანახმად, ამ სფეროებში ანტიმონოპოლიური რეგულირების ევროპასთან მიახლოებული ნორმებია (იხ. www.oecd.org/competition) მოცემული და ეს მარეგულირებლები არიან ანტიმონოპოლიური სამსახურები ამ სფეროებში. რამდენად კარგად ასრულებენ ისინი თავის მოვალეობას ეს სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ მარეგულირებელი ორგანოებიც არსებობს და საკანონმდებლო ბაზაც. რას აკეთებს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშემწყობი კომისია და რატომ იხარჯება მკვდარი ბიუროკრატიული აპარატის შესანახად თანხები ბიუჯეტიდან? ამ საკითხების გარკვევას შევეცდებით ჩვენ ქვემოთ მოცემულ დისკუსიაში.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ გააუქმა ანტიმონოპოლიური სამსახური და შექმნა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო. მაგრამ როგორც დრომ აჩვენა, ეს ორგანო პრაქტიკულად უფუნქციოა და თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, მაშინ როცა სულ უფრო ნათელი ხდება ანტიმონოპოლიური რეგულირების აუცილებლობა ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა დარგისთვის. შედეგიც სახეზეა, ბოლოხანს ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნასა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღებაზე საუბარი კვლავ აქტიურად დაიწყო და კანონპროექტიც უკვე შესულია პარლამენტში. თუმცა რამდენადაა საკანონმდებლო ბაზა ამ სფეროში არსებული პრობლემების ქვაკუთხედი და გამართულ და სრულყოფილ კანონმდებლობასთან ერთად კიდევ რა აუცილებელი პირობა უნდა არსებობდეს მონოპოლიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის? ჟურნალ “ბიზნესი და კანონმდებლობისა” და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილის” ორგანიზებით მიმდინარე წლის 14 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “ხელოვნური მონოპოლიები და კონკურენციის პრობლემები საქართველოში”.
ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, “ბიზნესისა და კანონმდებლობის” მთავარმა რედაქტორმა ზაურ ნაჭყებიამ თემის აქტუალობა რამდენიმე მიზეზით დაასაბუთა: “ეკონომიკის მართვის ცენტრალური სისტემიდან, სადაც მესაკუთრის როლში გამოდიოდა სახელმწიფო, საბაზრო ეკონომიკის პრინციპზე გადასვლამ დღის წესრიგში დააყენა ბიზნეს-სუბიექტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის აუცილებლობა. ცხადია, ამის მიღწევა სახელმწიფოს მტკიცე ნებისა და სათანადო კანონმდებლობის არარსებობის გარეშე შეუძლებელია. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ფორმულა: “ბაზარი არეგულირებს ყველაფერს” – ფიქციაა. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ახლანდელმა მსოფლიო საფინანსო კრიზისმა, რომელმაც შეიძლება ღრმა ეკონომიკური კრიზისის სახე მიიღოს.
ქართული ეკონომიკის “მამების” დაჟინებული მოთხოვნით გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც ფორმალურად მაინც არეგულირებდა ურთიერთობას ბიზნეს-სუბიექტებს შორის და ხელს უშლიდა ხელოვნური მონოპოლიების დამკვიდრებას ბაზარზე. შესაბამისად გაუქმდა კანონი “ანტიმონოპოლიური საქმიანობის შესახებ.” როგორც ვხედავთ, თვით სახელმწიფო გამოდის ხელოვნური მონოპოლიების სტიმულატორის როლში, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას ბიზნეს-სტრუქტურებს შორის. აღნიშნულ სიტუაციაში ზარალდება არა მარტო ბიზნესი, იგი ასევე დიდ ზიანს აყენებს მომხმარებელს. სამწუხაროდ, ხელოვნური მონოპოლიები ეკონომიკის ნებისმიერ დარგში იჩენს თავს. ბატონი ზაურის თქმით, ასევე მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა ბიზნეს-ეთიკის დეფიციტია – ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია განავითაროს საბაზრო ეკონომიკა და დაამკვიდროს დემოკრატიის პრინციპები, ვალდებულია ხელი შეუწყოს, ხელოვნური მონოპოლიებისაგან თავისუფალი (ჯანსაღი) კონკურენციის არსებობას ბიზნესში.
საქართველოში ეკონომიკის დარგების თითქმის 70% რეგულირებადია, არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამ მარეგულირებელი ორგანოების მუშაობას აწესრიგებს და მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც სხვადასხვა დარგს უნდა უწევდნენ ზედამხედველობას და ხელს უწყობდნენ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შექმნას. თუმცა რამდენად ეფექტურად მუშაობენ ეს ორგანოები და საერთოდ რა ხდება საქართველოს ანტიმონოპოლიურ სისტემაში?
გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი, ანტიმონოპოლიური სამსახურის ბოლო უფროსი ემზარ ჯგერენაია:
“ეს საკითხი 2 ნაწილად უნდა გავმიჯნოთ: პირველი – არსებობს თუ არა საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური? ჩემი პასუხია – დიახ და არაც. დიახ, რადგან საქართველოს ეკონომიკის თითქმის 70% რეგულირებადი დარგია. ძალიან ხშირად გვესმის, რომ საქართველოში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა არ არსებობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არსებობს სწორედ ამ მარეგულირებელი ორგანოებისა და მათი კანონმდებლობის სახით. ყველა მარეგულირებლის კანონში ჩადებულია მუხლი ანტიმონოპოლიურ რეგულირებასთან დაკავშირებით. აქ ლაპარაკი კანონმდებლობის დეფიციტზე კი არ არის, ლაპარაკია კანონმდებლობის შეუსრულებლობაზე, არაკომპეტენტურობასა და პოლიტიკური ნების არარსებობაზე. კანონი და რეგულაცია ინსტიტუციონალურად არ ნიშნავს არაფერს, თუ მას აღსრულება არ უწერია და ამის ბევრი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს. მაგალითად, ანტიმონოპოლიური კანონების და ქმედებების პირველი პრინციპი არის ტრანსფერაბელურობა და გამჭვირვალეობა, რომელიც უწერია ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას თავის კანონში. მიუხედავად ამისა, დღემდე ვერავინ მოიძია ელექტროენერგიის ან გაზის გამჭვირვალე კალკულაციის დოკუმენტი. რატომ არის ფასი ასეთი და არა ისეთი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მეორე, დღემდე ვერავინ გასცა პასუხი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აინტერესებთ დენის საფასურის გადახდის დროს რატომ აკლებენ საკომისიოს? ამ მოქალაქეებს ჩვენ იქედნური ტონით ვპასუხობთ, რომ ბანკი ფილანტროპი არ არის და მას საკომისიო ჭირდება, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ალტერნატივა წავართვით მომხმარებელს, რომელსაც შეუძლია სახლიდან გაუსვლელად გადაიხადოს ეს გადასახადი. რა თქმა უნდა, საკომისიოს ბანკი დაუკავებს, მაგრამ იმავდროულად ვალდებული რომ არის ის ენერგოკომპანია, რომელიც დენს მაწვდის, რომ ყველა რაიონში ერთი ადგილი მაინც გახსნას ისეთი, სადაც მე საკომისიოს გადახდის გარეშე შემეძლება ავირჩიო გადახდის სხვა ფორმა – ეს მარეგულირებელმა უნდა დაარეგულიროს.
და საკითხის მეორე მხარე – ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელიც რეგულაციაში არ ხვდება. ამ ნაწილში ორი განსხვავებული მიდგომაა. პირველი არის ის ნაწილი, რაც კლასიკურად მოიაზრება ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში, ეს არის კარტერული შეთანხმებები, შერწყმები, მონოპოლიური დომინანტის მიერ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვა, ბაზარზე შესვლის შეზღუდვა და ა.შ. პირველი ხაზის მიხედვით მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ეს მიმართულებები და ბევრ შემთხვევაში ამ კონტროლს ნების დამრთველი უფლება უნდა ქონდეს, როგორც ეს ევროპაშია. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სასურსათო პროდუქტების და წამლების მონიტორინგს, მათ უსაფრთხოებას და ხარისხს. ამ შემთხვევაში სასურსათო მონიტორინგს ატარებს დარგობრივი მარეგულირებელი, ხოლო ანტიმონოპოლიური სამსახურები მეორადი კონტროლისა და პრევენციის ფუნქციას ასრულებენ. ჩვენ კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ გვაქვს და მის მიღებაზე ძალიად დიდი თანხები დაიხარჯა, თუმცა მისი მიღება გადავადებულია გარკვეული პერიოდით, არადა, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კანონისა და ჰასაპის სისტემის დანერგვის გარეშე ჩვენ უბრალოდ ევროპაში დაკეტილი გვაქვს კარები. ჩვენ ახლა ვმუშაობთ GSP+-ის რეჟიმით, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმთან დაკავშირებით, ვაცნობებთ ბიზნესმენებს, რომ გვაქვს დაბალი სატარიფო ბარიერები. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ბიზნესმენებს არ ვეუბნებით, რომ უფრო მძაფრი და რთული გადასალახავია არასატარიფო ბარიერები, რომელსაც ევროპა ცოცხალი თავით არ მოხსნის, რადგან ევროპელი მომხმარებლის ინტერესები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის შედეგად ქართველ ექსპორტიორს ამ არასატარიფო ბარიერის გადალახვა ძალიან უჭირს. ჩვენ შემთხვევაში კანონის ამოქმედების გადადება არის სწორედ ექსპორტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და ეს მტკიცე პოლიტიკური ნების არარსებობას ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის ნაწილში არსებობს, თუმცა ის ხშირ შემთხვევაში არ სრულდება”.
მაგალითი ქართული რეალობიდან
საინტერესოა, რას ფიქრობენ იმავე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის 2 დიდი მოთამაშის – “კავკასუს ონლაინისა” და “გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენლები. ჩვენი მკითხველისათვის კარგადაა ცნობილი ამ კომპანიების დავის შესახებ, რომელსაც ყველა მონოპოლიურ დავად მიიჩნევს და თვლის, რომ აღნიშნულ ბიზნეს-სუბიექტებს შორის ბრძოლა ბაზარზე დომინანტური პოზიციის დაკავებისათვის მიმდინარეობს, რასაც ხშირად მომხმარებელთა ინტერესი ეწირება. თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან თავად კომპანიის წარმომადგენლები.
გელა ხანიშვილი, “გაერთიანებული ტელეკომის” გენერალური დირექტორის მოადგილე: “დღეს საქართველოს ეკონომიკაში არის უამრავი კანონი და კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ფაქტობრივად არ სრულდება და ამის გამო ის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც ჩვენ გვაქვს, განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს. რეალური კონკურენციის არარსებობის პირობებში ქვეყანა, მისი ეკონომიკა ორიენტირებულია ნებისმიერი ფაქტორის მიმართ მგრძნობელობაზე, როდესაც საქმე ეხება ფასების ზრდას და საპირისპიროდ, ფასების უკუსვლა და შემცირება ძალიან ნელი ტემპით ხდება. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
რაც შეეხება საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ სიტუაციას და აქ მონოპოლიური მდგომარეობის საკითხს – ჩვენ არ ვართ ბაზარზე მონოპოლისტი. წლის დასაწყისისათვის სწორედ “კავკასუს” გვევლინებოდა ინტერნეტბაზარზე მონოპოლისტად და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად, ის იყო დომინანტი ინტერნეტბაზარზე და მას კონკურენტი არ ჰყავდა. ჩვენი შესვლით ბაზარზე ეს შეიცვლება, ვინაიდან გვსურს დავიჭიროთ 20-25%-იანი ნიშა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ მომხმარებელსაც ექნება არჩევანის საშუალება სულ მცირე ორ ინტერნეტპროვაიდერის მომსახურებას შორის. რაც შეეხება ფიჭური კავშირგაბმულობის სექტორს, ჩვენი კომპანია არც ამ შემთხვევაშია მონოპოლისტი, რადგან როგორც იცით, მნიშვნელოვანი წილის მქონე ამ ბაზარზე ცნობილი კომპანიები “მაგთი” და “ჯეოსელია.” ფიქსირებული კავშირგაბმულობის სფეროში მნიშვნელოვანი ძალაუფლების კომპანია ჩვენ ვართ რუსთავისა და ქუთაისის გარდა. ამ ორ ქალაქში მონოპოლისტია “ახალი ქსელები”.
იმ მოსაზრებას, რომ მონოპოლიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მთავარი კანონები კი არა, მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციაა, “კავკასუს ონლაინის” მთავარი იურისტი დავით კაპანაძეც ეთანხმება . როგორც მან აღნიშნა: “რაც შეეხება ჩვენი კომპანიების ურთიერთობას – არსებობდა დავალიანება “გაერთიანებულ ტელეკომსა” და “კავკასუს ონლაინს” შორის და ამას ჩვენი კომპანია არც არასდროს უარყოფდა, ჩვენ ამ ვალს ვიხდით და დღეისათვის მართლაც ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებშია ეს ყველაფერი მოქცეული. თუმცა გარდა ამისა, ჩვენთან დავის დროს “გაერთიანებულმა ტელეკომმა” გამოიყენა ის მიძინებული რესურსები და ბერკეტები, რომლის რეგულირებაზეც მარეგულირებელმა კომისიამ უარი განაცხადა. დავის შედეგად “კავკასუს ონლაინს” რეალურად შეეზღუდა დაშვების უფლება გარკვეულ სიხშირეებზე. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ მომხმარებლები დარჩნენ ინტერნეტის გარეშე. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს იმაზე, რომ საკანონმდებლო ბაზა იძლეოდა საშუალებას მომხდარიყო ეფექტური პრევენციული ჩარევა, თუმცა ისევე როგორც ყველა ქვეყანაში ხდება, საკანონმდებლო ბაზა ვერ განსაზღვრავს საბოლოო შედეგს. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ კომისიამ დავის კანონმდებლობის შესაბამისად დარეგულირების ნება არ გამოიჩინა და ამ ნების, რაც ხშირ შემთხვევაში განმაპირობებელია იმისა, თუ როგორ ხდება კანონის პრაქტიკაში იმპლიმენტაცია, მსხვერპლი საბოლოო ჯამში გახდა მომხმარებელი, რომ აღარ ვისაუბროთ ჩვენს კომპანიაზე.”
&ლოწასტ; &ლოწასტ; &ლოწასტ;
ეკონომიკის დარგების რეგულირებისა და მარეგულირებელი ორგანოების თემა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაა დღეს აქტუალური. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული ფინანსური კრიზისით სრულდება 30-წლიანი ეკონომიკური ლიბერალიზმის ეპოქა, რომელსაც საფუძველი რონალდ რეიგანმა და მარგარეტ ტეტჩერმა ჩაუყარეს და იწყება გლობალური მსოფლიოს “პერესტროიკა”. აშშ-ში ალან გრინსპენის ხელმძღვანელობის პერიოდში, რომელიც ლიბერალური იდეებით გამოირჩეოდა, ეკონომიკური ზრდის პირობებში უოლსტრიტს განუსაზღვრელი საშუალებები ჰქონდა. გრინსპენი სახელმწიფო კონტროლის გაუქმების სიმბოლოდ იქცა და სწორედ მისი მმართველობის დროს მოახერხეს ფინანსურმა ინსტიტუტებმა სრულიად გათავისუფლებულიყვნენ სახელმწიფო კონტროლისაგან. თავად გრინსპენმა აღიარა, რომ ნაწილობრივ ცდებოდა, როცა ფასიანი ქაღალდების რეგულირებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.
ჩვეულებრივ განასხვავებენ კონკურენტული კანონმდებლობის ამერიკულ და ევროპულ მოდელებს. აშშ-ს მოდელი გამოდის ბაზრის მონოპოლიზების წინააღმდეგ, თავიდანვე (ანუ ბაზარზე რომელიმე კომპანიის მიერ დომინირებული მდგომარეობის დაკავებამდე) მკაცრ კონტროლს აწესებს ბაზარზე მიმდინარე პროცესზე, რომელიც ხორციელდება ძირითადად ეკონომიკურ აგენტთა შერწმისა და გაერთიანების საფუძველზე. ანტიტრესტულ კანონმდებლობაში ჩართულია აგრეთვე ნორმები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ. ეს მოდელი აშშ-ის გარდა მოქმედებს კანადაში, იაპონიასა და არგენტინაში.
საქართველო იღწვის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ, ამიტომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო, რა თქმა უნდა, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ევროპული მოდელი უნდა იყოს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია მონოპოლიური (დომინანტური) მდგომარეობის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, მონოპოლიებზე ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფისაკენ. აღნიშნული მოდელი ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან ერთად გამოიყენება ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკებში.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური და სამართლებრივი ცხოვრების გლობალიზაციის ფონზე დღის წესრიგში დგება კონკურენტული წესებისა და პოლიტიკის ერთიანი მიდგომებისა და ნორმების შექმნის აუცილებლობის საკითხი. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ევროკავშირში გადაიდგა. რომის შეთანხმების საფუძველზე მიიღეს ამ გაერთიანების ყველა ქვეყნისათვის ერთიანი კონკურენტული წესები. ბუნებრივია, აღნიშნული ნორმებისა და სტანდარტების დაცვა აუცილებელია საქართველოსთვისაც, თუ მას მართლაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მით უმეტეს, რომ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ევროგაერთიანებას შორის შეთანხმების (ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1996 წლის აპრილში და ძალაში შევიდა 1999 წლის ივლისში) თანახმად, ჩვენს ქვეყანას აქვს ნაკისრი ვალდებულება ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურენციის სფეროში არსებული კანონმდებლობა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების 81-ე და 82-ე მუხლები (აღნიშნული მუხლები ეხება ანტიკონკურენტულ ქმედებებს და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას).
ბუნებრივია, რომ კონკურენციის პრობლემები მჭიდროდაა დაკავშირებული მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვასთან. ანტიმონოპოლიური რეგულირების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, მომხმარებელთა უფლებები და მათი დაცვაა. მით უმეტეს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში კანონმდებლობა ბაზრის ანტიმონოპოლიურ რეგულირებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე არსებობს ცალ-ცალკე. ზოგიერთ ქვეყანაში მაგალითად, ავსტრალიაში კანონი შემზღუდავი საქმიანობის პრაქტიკის შესახებ შეიცავს თავს, რომელიც ეძღვნება მომხმარებელთა დაცვას. ეს მუხლი, რა თქმა უნდა, ჩადებულია ევროკავშირის კანონმდებლობასა და სხვადასხვა იურიდიულ აქტებშიც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საქართველომ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად განახორციელოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
საპირისპიროდ კი ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მეტროლოგიას, სტანდარტიზაციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან, საქართველოში კვლავ მოუგვარებელია. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ აგვისტოს ომამდე ტექნიკური პარამეტრების შესამოწმებლად ესა თუ ის პროდუქტი პეტერბურგსა და მოსკოვში გაქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სისტემა, გარდა ამისა, გადაიდო “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” კანონის მიღება, მაშინ როცა მსგავსი ნორმატიული აქტის არსებობა ქვეყანაში ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. გამოდის, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. რა ხდება ბაზრის რეგულირების ნაწილში და რამდენად ახლოა ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან?
2005 წელს მიიღეს კანონი “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”, თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამ კანონს აქვს ბევრი ხარვეზი და გარდა ამისა, რეფორმის შედეგად შექმნილი ახალი ანტიმონოპოლიური ორგანოც, რომელიც ახლა ეკონომიკური განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაშია, თავის ფუნქციას ვერ ან არ ასრულებს.
ემზარ ჯგერენაია: “ეს კანონი, შექმნილია მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებისა და რეგულირებადი დარგების კონტროლისათვის. დღეს არსებობს სააგენტო, რომელიც ასრულებს ერთადერთ ფუნქციას – სახელმწიფო ორგანოების კონტროლს. კანონის მიხედვით, ამ ორგანოს ევალება მერიის მიერ არასწორად ჩატარებული ტენდერების კონტროლი და გამომზეურება. მერიის მიერ მიღებული ნებისმიერი არასწორი გადაწყვეტილების, მათ შორის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულის, გაუქმება; წყლის ფასებზე მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერება და შეუჩერებია კიდეც არაერთხელ, ამ ორგანოს ევალება სახელმწიფოს ნებისმიერი მმართველობითი ორგანოს მიერ მიღებული კანონის შეჩერება, რომელიც ბიზნესს ზღუდავს და ბაზარზე შესვლას აფერხებს. და ბოლოს, რაც ყველაზე საინტერესოა, მას აქვს მარეგულირებელ ორგანოებსდაქვემდებარებულ დარგებზე მეორადი კონტროლის უფლება, ანუ ახალი კანონით მას დაუბრუნდა ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც 2002 წელს ჩამოართვეს ანტიმონოპოლიურ სამსახურს. კანონში ასევე ჩაწერილია, რომ წელიწადში ერთხელ ამ სააგენტომ აუცილებლად უნდა შეისწავლოს მარეგულირებელ დარგებში არსებული სიტუაცია და მთავრობას მოხსენება წარუდგინოს. მსგავსი რამ საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა.
რაც შეეხება იმას, თუ რა არ აქვს ამ კანონს, – აღნიშნავს ბატონი ემზარი, – ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ის მოკლებულია ანტიმონოპოლიური კანონის არსს და სტრუქტურას, რადგან ამოღებულია ორი მთავარი მუხლი – შერწყმებისა და კონცენტრაციებისა და კარტერული შეთანხმებების შესახებ, ანუ ეს კანონი არ მუშაობს ბიზნესზე და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე. ამის შედეგია ის, რომ ვერც ერთი ნორმალური ადამიანი დღეს საქართველოში ვერ აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ვერ იტყვის ამა თუ იმ კომპანიაზე, რომ ის არის მონოპოლისტი, თუნდაც მთელი ბაზარი, თითოეული ადამიანი გრძნობდეს მათი მონოპოლიური ქმედების სუსხს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ელემენტარული მონიტორინგი. ამისათვის აუცილებელია, რომ მარეგულირებელს სრულიად გამჭვირვალე კონტროლის მექანიზმი ქონდეს იმის დასადგენად, მონოპოლისტია თუ არა ესა თუ ის ფირმა. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს მარეგულირებელი ორგანოს ის მეთოდოლოგია რომლითაც ხორციელდება მონიტორინგი, შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს მონიტორინგის შედეგები და საბოლოოდ დადგინდეს, მართლა მონოპოლისტია თუ არა ესა თუ ის კომპანია. მაგრამ ესეც არაფერს ნიშნავს, მერე რა რომ ფირმა მონოპოლისტია, ეს შეიძლება სულაც არ იყოს უარყოფითი მოვლენა. მთავარია რამდენად ბოროტად იყენებს, ან არ იყენებს კომპანია თავის მონოპოლიურ მდგომარეობას? ამასაც სერიოზული აუდიტი და კვლევა ჭირდება, რასაც ჩვენ მოკლებულები ვართ. უნდა შეიქმნეს ერთიანი საკანონმდებლო ბაზა და ანტიმონოპოლიური სფეროს უწყებათაშორისი ორგანო ამერიკის სისტემის დონეზე, რომელიც გაცვლის ქმედებებს და ინფორმაციას რეგულირებად და არარეგულირებად დარგებს შორის. ამ ორგანოს უნდა დაევალოს ნებისმიერი სახის ინფორმაციის საჯაროობა და რაც მთავარია, ის უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან.”
თემის განხილვას განაგრძობს ეკონომიკის ექსპერტი იაშა მესხია: “თავისუფალი კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის წამყვანი და ფუნდამენტალური დებულებაა. ბაზარს თუ არ ექნა თავისუფლება, მისი განვითარების არეალი ძალიან შეზღუდული იქნება, ასე ეკონომიკა წინ ვერ წავა. თქმა იმისა, რომ დღეს საქართველოში არ არის მონოპოლია და ბაზარი თავისუფალია, ნამდვილად არ იქნებოდა სწორი. ამას არც მეცნიერული კვლევა და არც რაიმე მეთოდოლოგია ჭირდება, ჩვეულებრივი მომხმარებელი, რიგითი ადამიანი ძალიან კარგად ხედავს, რომ დღეს საქართველოში ჯერ ერთი, ბაზარი არ არის თავისუფალი და მეორეც, მონოპოლიის ხარისხი არის ძალიან მაღალი. ეს უკანასკნელმა დღეებმა და მოვლენებმა უფრო ნათლად დაგვანახა. მაგალითად, “პე-ეს-პე-სა” და “ავერსის” შემთხვევა, როცა ვალუტის ცვალებადობის შემდეგ ფასები წამლებზე სასწრაფოდ გაიზარდა, უკუსვლა და ფასების კლება კი არ მომხდარა, ჩნდება ეჭვი, რომ აქ უკვე საქმე გვაქვს ბაზრის ორ მთავარ მოთამაშეს შორის ფასების შეთანხმებასთან და არა მარტო ამ ორ ფირმას შორის, საზოგადოებაში არის საუბარი იმაზე და არც ამას ჭირდება დიდი მეთოდოლოგია, რომ ფასებზე შეთანხმების ნიშნები ჩანს ისეთ კომპანიებს შორის, როგორიცაა “ყაზბეგი” და “ნატახტარი”. არის ასეთი აზრი საზოგადოებაში, რომ ისინი ერთად სხდებიან და ერთნაირ ფასებს აწესებენ პროდუქტებზე. ავიღოთ “მაგთი” და “ჯეოსელი”, თითქოს კონკურენტები არიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი კონკურენტები არ არიან და ერთად აწესებენ ტარიფებს. ესეც, რა თქმა უნდა, მონოპოლიის მაღალი ხარისხით არის განპირობებული. შედეგად კი საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. იგივე ითქმის ნაყინის მწარმოებელ კომპანიებზე (“თოლია”, “იოლი” და “გურჯაანი”), ყველა ნაყინზე ერთნაირ ფასებს ადებენ; საქართველოში არსებობს საბანკო მონოპოლიაც – ეს შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, რადგან საქართველოში 23 ბანკია, აქედან 16 ბანკში უცხოური კაპიტალია და ისინი ძირითადად იმით იკვებებიან, მაგრამ საბანკო სექტორის დაახლოებით 80%-ს ფლობს 3-4 ბანკი, ესენი არიან სისტემაწარმომქმნელი ბანკები და ამათ დაკრულზე არიან აწყობილი დანარჩენი ბანკები, ანუ აქაც მონოპოლიის რაღაც ფორმასთან გვაქვს საქმე. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ არის საქართველოს ეკონომიკაში არც ერთი დარგი, სადაც რაღაც გარკვეული დონით მონოპოლიის მაღალი ხარისხი არ იყოს, თუნდაც ნავთობის იმპორტის ბაზარი ავიღოთ. მსოფლიოში ნავთობზე ფასი 150 დოლარიდან უკვე 50-55 დოლარამდე დაეცა, ფასების კლების ეს პროცესი მსოფლიოში თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს და საქართველოში კი საცალო ნავთობის ფასი მხოლოდ 20-30 თეთრით დაეცა. ეს ქართული ეკონომიკისათვის ჩვეული მოვლენაა – ერთხელ გაზრდილი ფასები უკან ძნელად იხევს და მაღალ ნიშნულზე რჩება. დიდ როლს თამაშობს საქართველოში ბუნებრივი მონოპოლიებიც, ეს ეხება ენერგეტიკას, ტელეკომუნიკაციებს. მართალია, ამ დარგების ზედამხედველობა მარეგულირებლებს და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს დაევალათ, მაგრამ ამ სფეროებში ყოველ ნაბიჯზე გვხვდება არაპროფესიონალიზმის, კორუფციისა და სხვა სამართალდარღვევების შემთხვევები. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ძალიან ბევრ პროდუქტზე ამ მიმართულებით სპეკულაციური ფასებია. გარდა ამისა, მსოფლიოში დღეისათვის ძალიან აქტუალურია რეიდერიზმის პრობლემა, მსხვილი კომპანიები პატარა კომპანიებს ყლაპავენ და ამით ისინი მონოპოლიის ხარისხს ზრდიან. განა საქართველოში არ არის რეიდერიზმი? არის და ძალიან მაღალი ხარისხით. მსხვილი კომპანიები, რომელთაც ბაზარზე რაღაც მექანიზმებით უკვე დაიმკვიდრეს ადგილი, ყველანაირ ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ სხვა ახალი და უფრო პატარა კომპანიების შემოსვლა ბაზარზე შეაფერხონ.
– ბატონო იაშა, რატომ ხდება ასე, ჩვენ ხომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის ხელშემწყობი კანონი?
– ჩემი აზრით, “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” კანონი აბსოლუტურად გამართულია, მაგრამ ამ კანონში რაც არის ჩაწერილი, ის არ სრულდება და სააგენტო, რომელიც, მართალია იქიდან გაყვანილია და საქვეუწყებო დაწესებულებაა, მაგრამ მაინც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ექვემდებარება, არაფერს არ აკეთებს. ამ სააგენტოს ევალება” კონკურენციის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მასზე კონტროლის განხორციელება”, რაც, ჩემი აზრით, არ კეთდება; “დაუსაბუთებელი სუბსიდიებისა და შეღავათების მინიჭების დაუშვებლობა” – ასევე არ კეთდება, სახელმწიფო უამრავ სუბსიდიას გასცემს ისე, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ და რა პირობებით გაიცემა ისინი; არ ტარდება პრევენციული ღონისძიებები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით; “ტენდერებზე და კონკურსებზე ზედამხვედველობა, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ექსკლუზიური უფლებების სამართლიან მინიჭებაზე მონიტორინგი” – არ კეთდება, ეს ტენდერები ერთი და იმავე ჯგუფის მიერ არის მონოპოლიზებული, ამის უკან იმალება ძალიან დიდი კორუფცია, ძალიან დიდი გარიგებები და სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომლებიც ამის უკან დგანან.
ერთი სიტყვით, ამ კანონს, რომელიც მიიღეს 2005 წელს, უნდა გაეთავისუფლებინა ბიზნესი არაეფექტური და ზედმეტი რეგულირებისაგან, დაეცვა ბიზნესი ეკონომიკური აგენტებისათვის დაუსაბუთებელი ექსკლუზიური უფლებების მინიჭებისაგან და აღეკვეთა დისკრიმინაციული ქმედებები, რომელიც ხორციელდებოდა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ეს ყველაფერი პრაქტიკაში არ ხორციელდება.”
როგორც ხელოვნური მონოპოლიებისა და ჯანსაღი კონკურენციისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე გამოიკვეთა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ სფეროსთან დაკავშირებით არსებობს, მტკიცე პოლიტიკური ნება და მისი არარსებობაა ქვეყანაში, რაც მართლაც ქვაკუთხედია გამართული ანტიმონოპოლიური სისტემის ფორმირებისათვის. საქართველოს ანტიმონოპოლიური კანომდებლობა დასახვეწია, არსებობს როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალური პრობლემები, რომელთა მოგვარება დიდ ძალისხმევას, ფინანსებსა და, რაც მთავარია, მტკიცე პოლიტიკურ ნებას მოითხოვს. თუმცა ისიც ნათელია, რომ ამის გარეშე შეუძლებელია როგორც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის წინსვლა და განვითარება, ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.