რა ელის ზამთრის საკურორტო სეზონს
სოფიკო სიჭინავა
ადამიანები წელიწადში ორჯერ – ზაფხულსა და ზამთარში საკუთარ თავს დასვენების უფლებას აძლევენ და დანაზოგისა, თუ შემოსავლის ფარგლებში შესაფერის კურორტს არჩევენ.
დათოვლილ ტრასაზე თხილამურებით სრიალი, პირველ რიგში, დასვენება და ახალი შთაბეჭდილებებია, საკუთარი თავის გამოცდა და დაუვიწყარი ატმოსფეროა. მთებში ერთდროულად იბადება დღესასწაულის და სიმშვიდის განცდა. მოდის ზამთარი, ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ახალ წელს მთის კურორტებზე შეხვედრა.
ტურისტული სააგენტოები მსურველებს მრავალ ქვეყანაში სთავაზობენ სამთო-სათხილამურო კურორტებზე გამგზავრებას, კერძოდ, ალპებში: საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, შვეიცარია; კარპატებში: უკრაინა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სხვა. ამ მხრივ საქართველოც ბუნებამ გაანებივრა: თუ ზაფხულს ზღვისა და მზის მოყვარულები შავი ზღვისპირეთში ატარებენ, ზამთარში დათოვლილ მთებს მიაშურებენ. გუდაური და ბაკურიანი ევროპის ელიტარულ კურორტებს ინფრასტრუქტურის განვითარებით ვერ შეედრება, მაგრამ კლიმატითა და ადგილმდებარეობით არ ჩამოუვარდება. როგორც საქმის მცოდნენი ამბობენ, ევროპასთან სიახლოვე საქართველოს ზამთრის კურორტებს განვითარების მეტ შესაძლებლობებს აძლევს. სამთო-სათხილამურო კურორტები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს, რადგან, პირველ რიგში ჩვენს კურორტებზე თოვლის ხარისხია ძალიან კარგი. ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის თოვლი კანადაში, ახალ ზელანდიასა და კავკასიაში მოდის. საქართველო ამ მხრივ დიდ პოტენციალს ფლობს. ბაკურიანს უფრო სამკურნალო დანიშნულება აქვს, გუდაური კი მაღალი დონის სათხილამურო ტრასებისა და ალპური ადგილმდებარეობის გამო შეიძლება უფრო სპორტული ტიპის კურორტად ჩამოყალიბდეს.
გუდაურსა და ბაკურიანში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იმატა ტურისტების რაოდენობამ. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. 2008 წლის ზამთრის სეზონზე ტურისტთა 40%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. 2007 წელს ბაკურიანს 40 ათასი, ხოლო გუდაურს 22 ათასი ტურისტი სტუმრობდა. 2006 წელს კი, ვიზიტორების 75%-იანი ზრდის გამო ამ უკანასკნელმა პირველი ადგილიც კი დაიკავა.
რა ვითარება იქნება ახალ სეზონში ჯერ გაურკვეველია. აგვისტოს ომმა ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩააგდო. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის გათვლებით, მთლიანად 2008 წელს ჩვენს ქვეყანაში 1 300 000 უცხოელი ტურისტი უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ ტუროპერატორებს ბოლო ორი თვეა, არც ერთი უცხოელი ტურისტის მოთხოვნა არ მიუღიათ. აგვისტოს ომმა მთელი მსოფლიო დააფრთხო. მაშინ საქართველო ათასობით უცხოელმა დატოვა. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ომამდელი გამოკითხვების შდეგებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და განვითარებადი სფერო სწორედ ტურიზმი იყო. ახალი კვლევების თანახმად კი, გამოკითხული 200 რესპოდენტიდან 28 პროცენტმა ბიზნესის გაფართოება სწორედ ომის გამო ვეღარ შეძლო.
რუსული აგრესიის გავლენაზე საუბრობენ მსხვილი ტურისტული კომპანიებიც. იმის გამო, რომ ქვეყაში დღემდე უკანონოდ რჩებიან რუსი ოკუპანტები, სააგენტოებს, გასული წლისგან განსხვავებით, გაყიდვები საგრძნობლად შეუმცირდათ.
ტურიზმის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ტურისტების მოსაზიდად საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის აქტიურ პრომოუშენს დაიწყებს და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიით ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს ტურისტული იმიჯის აღდგენა შესაძლებელი გახდება.
გასულ სეზონზე გუდაურსა და ბაკურიანში ძალიან ბევრი ბალტიისპირელი ტურისტი ისვენებდა, გუდაურში კი – უკრაინელი. თუმცა ქართულ სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობის დაახლოებით 70% თბილისელებზეა გათვლილი. როგორც ამბობენ, სეზონის 30-35% უკვე დაჯავშნულია. ესეც, ალბათ, ჩვენი დედაქალაქიდან ზამთრის კურორტებზე დასვენების მსურველების წყალობით, თუმცა თუ ინფლაციის გამო ზამთრის კურორტებზე ფასები მკვეთრად მოიმატებს, გამორიცხული არ არის ეს მაჩვენებელი ბევრად არც შუა სეზონზე გაიზარდოს.
დაბა ბაკურიანი ბორჯომის რაიონში მდებარეობს, თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ). ბაკურიანი გაშლილია ე.წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი – ცივი, თოვლიანი, ზაფხული – ხანგრძლივი. საშუალო ტემპერატურა 4,3 C, იანვარისა 7,2 C, აგვისტოსი – 15 c. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი – 64 სმ სისქის – დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 2,0 ათასი კაცია. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. დამახასიათებელია მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები.
ბაკურიანში ძირითადად პასიური დასვენების მოყვარულები საკუთარ ოჯახებთან ერთად ჩადიან და როგორც კვლევებმა აჩვენა, დამსვენებელთა ასაკი 35-დან 49 წლამდე მერყეობს. მათგან 45% დგება თხილამურებზე, 37% უბრალოდ ჰაერისა და გარემოს შესაცვლელად ჩადის, 9% კი ბაკურიანს მხოლოდ სამკურნალო მიზნით სტუმრობს. ტურისტები ბაკურიანში საშუალოდ 10 დღის განმავლობაში რჩებიან და მათი დღიური ხარჯი 110 ლარს შეადგენს, რაშიც შედის ყველანაირი ხარჯი: ტრანპორტირება, განთავსება, კვება და გართობა. ზაფხულის სეზონი ბაკურიანში ნაკლებად დატვირთულია, მაგრამ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე გუდაურში.
ბაკურიანში ჯერ მხოლოდ პატარა სეგმენტია ათვისებული. მარტო დიდველზე 15 საბაგირო გზა და 45 ტრასა შეიძლება აშენდეს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბაკურიანი და ზოგადად საქართველო უცხოელი ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, კვალიფიციური კადრების დეფიციტია – როგორც მენეჯმენტის, ასევე სერვისის სფეროში. მნიშვნელოვანია ინსტრუქტორების კვალიფიკაციის ამაღლება, დიდი პრობლემაა უცხო ენების უცოდინარობა. თუ ინფრასტრუქტურა კარგად განვითარდა, ბაკურიანს სეზონზე ბევრად მეტი ტურისტის მიღება შეუძლია, ვიდრე დღეს.
გუდაური სამთო-სათხილამურო კურორტი სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) რაიონში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 1196 მ სიმაღლზე. საათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. პირველი ევროპული სტანდარტის სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო “მარკო პოლო”, ამჟამად “გუდაური”). ამავე პერიოდში შეიქმნა საბაგირო გზა, რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე აჰყავს (მთა კუდებზე). ამჟამად სულ 4 საწეველა ფუნციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.
გუდაური ძირითადად ახალგაზრდულ სეგმენტზე გათვლილი კურორტია, აქ უმეტესწილად 25-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანები სტუმრობენ,
გუდაურში ძირითადად აქტიური დასვენების და სათხილამურო სპორტის მიმდევრები ჩადიან. კვლევებმა აჩვენა, რომ უცხოელი ტურისტები გუდაურში საშუალოდ 2 დღეს რჩებიან და დღეში დაახლოებით 400 ლარს ხარჯავენ,
საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა ბოლო დრომდე ერთ-ერთ სიცოცხლისუნარიან დარგად ითვლებოდა და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებდნენ. ყველა “თავმოყვარე” ქართული სამშენებლო კომპანია ზამთრის საკურორტო ზონაში ყიდულობდა მიწის ნაკვეთებს და სასტუმროების აშენებას გეგმავდა. თუმცა სამშენებლო ბიზნესი ძირითადად საბანკო კრედიტებით იკვებებოდა, თავის მხრივ ქართული საბანკო სექტორი მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთიდან ფინანსურ ნაკადებზე. მსოფლიო საფინანსო კრიზისის გამო ბევრ სამშენებლო კომპანიას არა მხოლოდ ახალ პროექტებზე მოუწევს უარის თქმა, დაწყებული მშენებლობების დასრულებაც სათუო გახდება. ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ბევრი სამშენებლო კომპანია გაქრეს ან უფრო მსხვილ კომპანიებთან შერწყას. თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, კომპანია “ცენტრ პოინტი” ბაკურიანში დეკემბერში სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექს “თანამგზავრში” ერთი კორპუსის გახსნას გვპირდება. ბინები გარემონტებული ჩაბარდება და ერთი კვადრატული მეტრის ფასი 700 დოლარიდან დაიწყება.
ამ პროექტში კომპანიამ უკვე 3,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. “ცენტრ პოინტი” ახალი პროექტების განხორციელებას და დამატებით ორნახევარი მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს, 2009 წელს კი მთელი საქართველოს მასშტაბით 30-მდე ობიექტის გახსნას გვპირდება.
უცხოელი ინვესტორები კი შემუშავებულ პროექტებზე უარს ამბობენ. ქართულ-ყაზახურმა ბიზნეს-ჯგუფმა “ბარგანამ” დასავლეთ საქართველოში დაგეგმილი ზამთრის კურორტის მშენებლობა შეაჩერა. “ბარგანა” რაჭაში შოვის საკურორტო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობას და ამისათვის რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.
ასეთი გადაწყვეტილების მიუხედვად, ქართულ-ყაზახური ბიზნეს-ჯგუფი შოვის ტურისტული მარშრუტების სიაში შესატანად დასავლელ ტურ-ოპერატორებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყაზახური სამშენებლო პროექტები საქართველოში დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნის. სამთო-სათხილამურო კურორტის აშენება ზემო აფხაზეთისა და სვანეთის საზღვარზე, სოფელ ლახამშიც იგეგმებოდა, მაგრამ ალბათ იდეა იდეად დარჩება.
საინტერესო გამოსავალი იპოვნა ბაკურიანში სასტუმრო “ვერე პალასის” მფლობელმა. ის მომხმარებელს ნომრების ქირაობის ნაცვალად მათ შეძენას სთავაზობს. სტანდარტული ნომრის ფასი 80 ათასი დოლარია, ლუქსის – 120 ათასი დოლარი. თუმცა ფასზე შევაჭრებაც შეიძლება. “ვერე პალასში” 7 ლუქსი და 36 სტანდარტული ნომერია. სასტუმროს მეპატრონე ამ გზით სამ მილიონ დოლარამდე თანხის მოზიდვას ცდილობს, რომლითაც მომავალ წელს ბაკურიანში კოტეჯების აშენებას გეგმავს.
ლარის გაუფასურების მიუხედავად, ბევრი სასტუმრო გაძვირებას ჯერ არ აპირებს, მაგრამ კლიენტებისთვის მომსახურების იგივე ხარისხის შენარჩუნება მენეჯმენტს დიდი დანახარჯების ფასად დაუჯდება. მაგრამ ლარის გაუფასურებამ და ბუნებრივი აირის გაძვირებამ ბაკურიანისა და გუდაურის მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელები ცუდ დღეში ჩააგდო. გაზის ფასის ზრდა ნომრის ღირებულებას მინიმუმ 20 ლარით გააძვირებს. ზამთრის სეზონიდან სასტუმროები 1 კუბურ მეტრ გაზს ბაკურიანში – 81, ხოლო გუდაურში 71 თეთრად მიიღებენ.
ფასები ყველაზე მეტად იმ სასტუმროებში მოიმატებს, სადაც 10-ზე ნაკლები ნომერია. ძვირი გაზის პირობებში სასტუმროებს საერთო ხარჯები შემოსავალზე მეტი გამოსდით. უფრო მსხვილი სასტუმროები კი, სადაც ნომრის ღირებულება ერთი ღამით 150 დოლარიდან იწყება, არსებული ფასების შენარჩუნებას შეეცდებიან.
ზამთრის სეზონი ოფიციალურად 13 დეკემბრიდან იწყება, მაგრამ ეყოლებათ თუ არა დამსვენებლები, სასტუმროების მენეჯმენტს პროგნოზების გაკეთება უჭირს. აგვისტოს მოვლენების შემდეგ უცხოელ დამსვენებელთა რაოდენობა შარშანდელ სეზონთან შედარებით სავარაუდოდ შემცირდება. როგორც ვარაუდობენ, წელს ზამთრის კურორტებზე ჯამში ფასები საშუალოდ 30-50%- ით მოიმატებს და შესაძლოა ამან ქართველი დამსვენებლების რიცხვიც შეამციროს.