უმუშევრობის ზრდა გარდაუვალია
მოამზადა ნინო არველაძემ
უმუშევრობა არსებული სოციალური სისტემის პრობლემაა, მხოლოდ დასაქმებულ ადამიანს შეუძლია კაპიტალის შექმნა. მიმდინარე ფინანსური კრიზისის გამო 2010 წლისათვის დედამიწაზე 210 მლნ ადამიანი უმუშევარი იქნება, – აცხადებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში. ორგანიზაციის დირექტორი ხუან სომავია დასძენს, რომ გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა შემოსავალიც დღეში 1 დოლარზე ნაკლებია. თითოეული ეკონომიკური პრობლემა – საბინაო ბაზრის კრახი, საკრედიტო კრიზისი და ფინანსური ბაზრის პრობლემები მსოფლიოს უმუშევარი ადამიანების რიცხვის ზრდას უქადის. განსაკუთრებული ზრდა იქნება საფინანსო და სამშენებლო სფეროში.
მიუხედავად იმედებისა, რომ მსოფლიო ეკონომიკა კრიზისს დაძლევს, საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზების თანახმად, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო დასაქმებულთა რიცხვი შემცირდება. OECD-ის (Organization for Economic Cooperation and Development) პროგნოზებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება 2008-2009 წლების უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი, პარალელურად ორგანიზაცია მოუწოდებს დამსაქმებლებს აღმოფხვრან რასიზმი და დისკრიმინაცია ქალების მიმართ. OECD-ის 30 წევრ ქვეყანაში 2008 და 2009 წლებში დასაქმებულთა მაჩვენებლის მკვეთრ კლებას ელიან. 1995 წლიდან 2005 წლამდე OECD-ის ქვეყნების დასაქმების მაჩვენებელმა რეკორდული სალდო დააფიქსირა და 1.1%-ით გაიზარდა. 2008 წელს კი 0.7%-ით შემცირდა, 2009 წელს მის 0.5%-ით ვარდნას ვარაუდობენ.
გამოკვლევების თანახმად, 2008 წელს OECD-ის ქვეყნებში უმუშევართა რიცხვი 1 მილიონი ადამიანით გაიზრდება, 2009 წელს კი – დაახლოებით 2 მილიონით. პროგნოზების თანახმად, უმუშევრობის მაჩვენებელი 2008 წელს 5.7%-ით, ხოლო მომავალ წელს 6%-ით გაიზრდება. OECD-ის წევრებში 23 ევროპული ქვეყანაა და ასევე მასში შედის ავსტრალია, თურქეთი, ახალი ზელანდია, კანადა, მექსიკა, აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა. აშშ-ის შრომითი სტატისტიკის ბიუროში აცხადებენ, რომ ეკონომიკაში ბევრი სუსტი წერტილია, ერთ-ერთი მათგანი კი უმუშევრობის მაჩვენებელია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში 6.5%-ით გაიზარდა. ახლა მთავარი კითხვაა თუ სადამდე შეიძლება უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდოს? თუ 1957-1958 წლების უმუშევრობის მაჩვენებელს გაიხსენებთ, მაშინ ის შეიძლება 9.5%-იც გახდეს, მაგრამ უყურადღებოდ არც 1982 წლის კრიზისი უნდა დავტოვოთ, რათა 2008-2009 წლების უმუშევრობაზე მართებული პროგნოზი გაკეთდეს.
უმუშევრობის მაჩვენებელმა პიკს სწორედ 1982 წელს 10.8%-ით მიაღწია, რაც 1953 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იყო. მიმდინარე წლის ოქტომბერში უმუშევრობის მაჩვენებელმა 6.5%-ს მიაღწია, თებერვალში კი ის 4.8% იყო, ასეთი მკვეთრი ზრდა კი ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. საერთაშორისო სააგენტოები უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდას 2010 წლისთვისაც ვარაუდობენ. მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებაა ნავარაუდევი ირლანდიის სამუშაო ბაზარზე. ექსპერტები აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელს შეესაბამებოდა საშუალო ხელფასები და გამონაკლისს მხოლოდ საბანკო და საფინანსო სექტორში დასაქმებულები წარმოადგენდნენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ სამუშაო ბაზრის რთულმა მდგომარეობამ შეამცირა სამუშაოს მძებნელ ემიგრანტთა რიცხვი, 24%-ით შემცირდა ვაკანსიების განცხადებათა რაოდენობა, ყველაზე მეტად კი იკლო ტრანსპორტის, IT-ის, მშენებლობის და საცალო გამყიდველების ვაკანსიებმა. პროგნოზების თანახმად, 2008 წელს ირლანდიის დასაქმებულთა მაჩვენებელი 0,2%-ით, ხოლო მომავალ წელს კი 3.8%-ით შემცირდება, სამშენებლო სექტორში კი 19.4%-იან კლებას ელიან. 1.3%-ით შემცირდება მომსახურების სფეროში დასაქმებულთა რიცხვი. ეკონომიკის შენელებული ტემპი კერძო კომპანიებს აიძულებს თანამშრომლების რიცხვი შეამცირონ. გამოკვლევის იტალიური ინსტიტუტი ISAE-ი აცხადებს, რომ იტალიის მოსახლეობას სანუგეშო ციფრებს ვერ წარუდგენს, იტალიის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბლა, უმუშევრობისა კი საწინააღმდეგო მიმართულებით მიიწევს. ფინეთის სტატისტიკა შედარებით ოპტიმისტურ განწყობას ნერგავს, მისი უმუშევრობის მაჩვენებელი 6.8%-ია გასულ თვეში, რაც წინა თვეებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება ევროკავშირისა და ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობის მაჩვენებელს ზრდის, თუმცა 2009-2010 წლებში ევროკავშირში მლნ-ით, ხოლო ევროზონაში კი 1/2 მლნ ადამიანით გაიზრდება დასაქმებულთა რიცხვი. უნდა აღინიშნოს, რომ 2007-2008 წლებში ევროკავშირში 6 მლნ ადამიანი დასაქმდა (მათგან 4 მლნ ევროზონის ქვეყნებზე მოდის). ჯამში, ევროკავშირში 2009 წლის უმუშევრობის მაჩვენებელი 7.8%, ევროზონისა კი 8.4% იქნება, ხოლო 2010 წელს გაგრძელდება უმუშევართა რიცხვის ზრდის ტენდენცია (იხ. ცხრილი).
კრიზისი, რომელმაც სათავე ფინანსური ბაზრებიდან აიღო, პირველ რიგში, ზიანი აზიის რეგიონის ეკონომიკებს მიაყენა, რომლებიც კარგად განვითარებულნი და გლობალურ ფინანსურ ბაზარზე ინტეგრირებულნი იყვნენ, როგორებიცაა ავსტრალია, ჰონგ-კონგი, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა და სინგაპური, თითოეული ქვეყანა ეკონომიკის ზრდის მკვეთრ შემცირებას განიცდის.
რთული პერიოდია იმ ახალი ეკონომიკებისათვის, რომელთა ზრდაც აშშ-სა და ევროპაში ექსპორტზეა დამოკიდებული. ექსპორტის კლების გამო ნაკლებად დაზარალდებიან სამხრეთ აზიის ქვეყნები, რადგან მათ მშპ-ში ექსპორტს მცირე წილი უჭირავს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან შედარებით.
იაპონიის ეკონომიკა 2009 წელს 0.2%-ით გაიზრდება, ხოლო ახალი ინდუსტრიული ეკონომიკები – 2.1%-ით. ფინანსური კრიზისი დიდ ზიანს აყენებს აზიის სამუშაო ბაზარს. ბოლო ბიზნესგამოკვლევები ცხადყოფს, რომ რეგიონში დამსაქმებლები დაქირავებულთა რიცხვს ამცირებენ. დროის მოკლე მონაკვეთში მწვავედ დადგება ახალგაზრდათა უმუშევრობის პრობლემა.
უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდას ჩინეთში საკრედიტო ბაზრის კრიზისით ხსნიან. მკვეთრი ეკონომიკური ზრდის შემდეგ ჩინეთში პროდუქციაზე მოთხოვნა ეცემა, იხურება ქარხნები, იზრდება საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური არეულობები. სამუშაოს მძებნელების რიცხვმა 2008 წელს 10.2 მლნ-ს გადააჭარბა, უმუშევრობის წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 2% იქნება. 2009 წლის პირველ მეოთხედში ექსპერტები უმუშევრობის ზრდას ჩინეთში ელიან, ხოლო მეორე ნახევარში აქ მდგომარეობის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. ექსპორტზე ორიენტებული კომპანიები განსაკუთრებით დაზარალდებიან მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე და იძულებულნი იქნებიან შეამცირონ სამუშაო ადგილების რაოდენობა.
ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთის ურბანული უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ 4%-ია, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე შესაძლებელია 4.5%-მდე გაიზარდოს, მაგრამ ოფიციალური მონაცემები არ ასახავს იმ მილიონობით უმუშევარ ჩინელს, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ და სამუშაოს საძებნელად დიდ ქალაქებში მიეშურებიან. მსხვილი და საშუალო კომპანიები თანამშრომელთა სამსახურიდან განთავისუფლებამდე მათი ხელფასების შემცირებას აპირებენ.
2009 წელს 16%-ით გაიზრდება ხელფასები ინდოეთში, რის შედეგადაც ინდოელებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ყველაზე მაღალი ხელფასები ექნებათ. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მსოფლიო საფინანსო კრიზისის გამო 2009 წლის ბოლოს შესაძლებელია ინდოეთმა 20 მლნ სამუშაო ადგილი დაკარგოს.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2009 წელი მძიმე იქნება რუსეთის ეკონომიკისათვის, მშენებლობის, სავაჭრო და მომსახურების სექტორების აქტივობის შემცირება სამუშაო ბაზარზე და უმუშევრობის მაჩვენებელზე აისახება. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 2009 წლის დადგომასთან ერთად ბევრ უმუშევარ რუსს ელის, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა, ფინანსური, სამშენებლო, სავაჭრო, სარემონტო, საავტომობილო წარმოებები. უმუშევართა რიცხვის ზრდას რუსეთში გლობალურ ფინანსურ კრიზისს მიაწერენ. რუსეთში ამჯერად 4.62 მლნ უმუშევრია, ანუ ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის 6.1%. სააგენტო “როიტერის” მონაცემებით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით უმუშევართა რიცხვი 372 ათასი ადამიანით გაიზარდა.
მიმდინარე წელს არაბულ სამყაროში უმუშევრობის 14%-იან ზრდას ელიან. 2008 წელს არაბეთის მოსახლეობა 338.4 მლნ ადამიანს მიაღწევს, 2006 წელს კი – 319,2 მლნ იყო. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, არაბული სამყაროს მთავარი გამოწვევა უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა იქნება, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს არაბული სამყაროს უმუშევრობის მაჩვენებელში მსოფლიოში ყველაზე მაღალი იქნება. ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში დაუსაქმებელი ახალგაზრდების პროცენტული მაჩვენებელი 66%-ს აღწევს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ არაბული სამყაროს უმუშევრობის მაჩვენებელი იმ ადამიანთა შორის, რომლებიც შრომისუნარიანნი არიან 25%-ს აღწევს, ხოლო უცხო ქვეყნიდან დასაქმებულთა რიცხვი კი 9 მლნ-ია.
საქართველოში უმუშევრობის ზუსტი ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. მთავრობა ნოემბრის ბოლოს სტატისტიკის სამსახურის რეორგანიზაციას გეგმავს, რის შედეგადაც ის დამოუკიდებელი, სრულყოფილი და ალბათ უტყუარი ორგანო იქნება. მანადე კი ექსპერტული გათვლებით, საქართველოში 620000 ადამიანი არის კონტრაქტით დასაქმებული. აქედან 320 000 კერძო სექტორში, ხოლო 300 000 – სახელმწიფო. სტატისტკის ინფორმაციით 1 მილიონი ადამიანი თვითადასქმებულია და უმუშევარი 400 000 ადამიანია. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობის მოცულობას – 2 მილიონს, თითქმის 20%-ია და 2009 წელს ამ ციფრის ზრდა 15%-ით არის მოსალოდნელი.