რუსეთი ამაოდ რისკავს

რედაქციისაგან

ვარშავის მკვიდრი, პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი აშშ-ის პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელია. მას საბჭოთა კავშირის “საუკეთესო მტერი” შეარქვეს. ბჟეზინსკი განთქმულია “საშიში” ჭკუით, იცის როგორ გამოავლინოს მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები, საკუთარი აღმატებულობის შეგრძნებით, პოლონური შარმით ყოველივე რუსულს პოლონური ეჭვის თვალით უყურებს. აშშ-ის პრეზიდენტის ჯეიმს კარტერის მრჩეველად ყოფნის დროს აქტიურად იცავდა ავღანელ მოჯახედებს, რომლებიც საბჭოთა ჯარისკაცებს ებრძოდნენ. დღეს იგი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბ. ობამას მრჩეველია. გთავაზობთ ინტერვიუს ზ. ბზეჟინსკისთან, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას” ნოემბრის ნომერში.

– საინტერესოა ჩვენს ყველაზე განთქმულ მტერთან შეხვედრა. განსაკურთებით თუ მტერი ძალიან ჭკვიანია!
– ეს მართალია, მაგრამ ცუდი იდეაა მტრების რაოდენობის გაზრდა, რაც, მაგალითად, ძალიან უყვარს რუსეთის პრემიერ-მინისტრს.
– თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება რუსებისა და ყოველივე რუსულის მიმართ თქვენი პოლონური გენების ბრალია?
– მე არ მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება რუსების მიმართ, მათ შორის ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანია. აღფრთოვანებული ვიყავი შესანიშნავი ჟურნალისტით ანა პოლიტკოვსკაიათი, დიდ პატივს ვცემდი სოლჟენიცინს, თუმცა ბოლო დროს ის ნაციონალიზმისკენ გადაიხარა.
– 1997 წელს თქვენს წიგნში – “უდიდესი საჭადრაკო დაფა”, რუსეთს თქვენ “შავი ხვრელი” უწოდეთ და განაცხადეთ, რომ რუსეთისთვის რამე გეოპოლიტიკურ არჩევანზე საუბარი ზედმეტია და განაცხადეთ, რომ მისი გადარჩენა ეჭვქვეშ დგასო. შეგეცვალათ თუ არა აზრი?
– მე აღვწერე რეალობა, რომელიც იმ დროს არსებობდა. სსრკ-ს დაშლამ გამოიწვია გეოპოლიტიკური ვაკუუმი (თუ თქვენ არ მოგწონთ სიტყვა “ხვრელი”), სივრცე, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა თავის არსებობას ჩინეთსა და ევროპას შორის. მას შემდეგ ვითარება გაუმჯობესდა, რუსეთმა აღადგინა თავისი ეკონომიკა და პოლიტიკური სტაბილურობა. მაგრამ ის ფუნდამენტალური დასკვნა, რომელიც მე გავაკეთე მაშინ, ეხლაც სწორია: რუსეთი ვერ მიაღწევს სამომავლო წარმატებებს ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარების გარეშე. თუ ის ამას არ გააკეთებს, ცარიელ სივრცეს დაემსგავსება. რუსეთში სერიოზული დემოგრაფიული კრიზისია. თუმცა თქვენ ვერ დაუახლოვდებით ევროპას, სანამ საკუთარ თავს ისე უყურებთ, როგორც იმპერიას. მე მხედველობაში მაქვს მედვედევის სიტყვები რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების ზონის შესახებ.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს? მაგრამ აშშ-საც ხომ აქვს თავისი პრივილეგირებული ზონა?
– ასე არ არის. ჩვენ შევეგუეთ კომუნისტური კუბის არსებობას, არ გამოვხატავთ პროტესტს, როცა თქვენი თვითმფრინავები და გემები არიან ვენესუალაში, თუმცა თქვენ არ მოგწონთ ჩვენი გემების ხილვა შავი ზღვის ტერიტორიაზე. თქვენ უნდა დააღწიოთ თავი თქვენს მენტალობას. XXI საუკუნეში პრივილეგირებული ზონები არ არსებობს.
– თქვენს წიგნში გვირჩევდით რუსეთის სამ ნაწილად დაყოფას: ევროპულ, ციმბირულ და შორეულ აღმოსავლეთურ ნაწილებად…
– ჩემს სიტყვებს არასწორად აღიქვამთ. მე სხვა რამეზე ვსაუბრობდი. რუსეთი ვერ განვითარდება ცენტრალიზებულობის გამო – ყველა გადაწყვეტილება მოსკოვში მიიღება. ამის შედეგად ქვეყნის სხვა რეგიონები ძალიან ნელა ვითარდებიან. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ თუ რუსეთის ფედერაციაში ყველა რეგიონალური ცენტრი – შორეული აღმოსავლეთი, ციმბირი და მოსკოვი – შეძლებდა თანასწორ საქმიანობას, ყველასთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. მაგალითად, შორეული აღმოსავლეთი ახალ, დეცენტრალიზებულ რუსეთში შეძლებდა უფრო სერიოზული ურთიერთობის დამყარებას ჩინეთსა და იაპონიასთან, დასავლეთ რუსეთი – სკანდინავიის ქვეყნებთან. აშშ რუსეთივით ცენტრალიზებული ქვეყანა რომ ყოფილიყო, არასდროს არ გვექნებოდა კალიფორნია და ნიუ-იორკი. დედაქალაქის ბიუროკრატიულ ელიტას პროვინციული რეგიონების დაჩაგვრა უყვარს. ნახეთ რა ხდება თქვენს შორეულ აღმოსავლეთში!
– მე თვითონ შორეული აღმოსავლეთიდან – ხაბაროვსკიდან ვარ . . .
– ვიცი ხაბაროვსკი. შეადარეთ რუსეთისა და ჩინეთის ქალაქები. როგორ ახლო არიან ერთმანეთთან და როგორი განსხვავებული ცხოვრების დონეა. თქვენ გყავთ მილიარდელები მოსკოვში, რომლებიც თავიანთ ფულებს აბანდებენ ლონდონში, კვიპროსში, კაიმანის კუნძულებზე. მათ არ აინტერესებთ ვლადივასტოკისა და ხაბაროვსკის განვითარება, სადაც ხალხი ან იხოცება ან იქიდან გარბის. სამწუხაროდ, თქვენ ყველა კრიტიკულ შენიშვნას უყურებთ როგორც მტრულს, ამ კომპლექსისგან უნდა გათავისუფლდეთ.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ადრე თუ გვიან შორეული აღმოსავლეთი ჩინეთის ხელში აღმოჩნდება?
– თუ სივრცე ცარიელია, ჰკითხეთ საკუთარ თავს რამდენი ხანი შეიძლება ის ცარიელი დარჩეს? შეხედეთ რუკას და შეადარეთ ერთმანეთს რუსული და არარუსული აზია. რუსული აზია ისეთივე უზარმაზარია, როგორც დანარჩენი. რამდენი ადამიანი ცხოვრობს იქ? – 35 მლნ, მაშინ, როცა არარუსულ აზიაში 3,4-5 მლრდ ადამიანი ცხოვრობს. იქ ჩინეთი უძლიერესია ისეთივე ქალაქებითა და გზებით, როგორც ამერიკაში. ასევე ვითარდება ინდოეთი და ირანი. თუ რუსეთი შეძლებს თავის შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში ინვესტიციებისა და ხალხის მოზიდვას და მიგრაციული ნაკადის გაშვებას, მაშინ თქვენ გაქვთ მომავალი. თქვენ ნიჭიერი ხალხი გყავთ, გაქვთ ნაციონალური იდენტიფიკაციის ძლიერი შეგრძნება, მაგრამ ძველი იმპერიული სქემები იზოლაციაში გაქცევენ და ქმნიან სიტუაციას, როცა არცერთ თქვენს მეზობელს არ უყვარს რუსეთი და ეშინია მისი.
– რას ფიქრობთ აშშ-სა და ნატო-ს რუსეთის მიმართ არსებულ პროვოკაციულ პოლიტიკაზე? მხედველობაში მაქვს ნატო-ს ექსპანსია უკრაინაში, რომლის მოსახლეობის ნახევარი რუსეთზეა ორიენტირებული, რა აზრი გაქვთ რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსებაზე?
– უკრაინის მოსახლეობის ნახევარი რუსულად საუბრობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი თავს რუსებად თვლიან. უკრაინის მოსახლეობის 85% სახელმწიფოებრიობის იდეას უჭერს მხარს. თუ საუბარია ნატო-ზე, პრორუსული ორიენტაციის მქონე იანუკოვიჩიც კი 7 წლის წინ ამ ბლოკში შესვლაზე საუბრობდა. მაგრამ თქვენ მართალი ხართ იმაში, რომ უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა ნატო-ში შესვლის იდეას არ მიესალმება და ეს მათი ბლოკში ვერგაწევრიანების ერთ-ერთი მიზეზია. უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის განსხვავება არის. რატომ არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატო-ში? იმიტომ, რომ ეს ძალიან უნდოდათ. ამ ქვეყნებს საბჭოთა ოკუპაციასთან დიდი და მწარე მოგონებები აკავშირებს. ნატო მათ დაცულობის შეგრძნებას აძლევს. თუ უკრაინა აზრს შეიცვლის, ჩვენ მივიღებთ მას ნატო-ში. ნატო ამჟამად არ არის განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ. რაც შეეხება რაკესტაწინააღმდეგო დანადგარებს, მე ამ იდეას კრიტიკულად ვუყურებ, რადგან ის ნაადრევია, მაგრამ ამასთან უნდა ვთქვა, რომ ეს სისტემა იმდენად შეზღუდულია, რომ ვერაფრით ვერ შეუშლის ხელს რუსეთის ბირთვულ დარტყმას, თუ ასეთი იქნება. მაგრამ რა უთხრა რუსეთმა პოლონეთსა და ჩეხეთს? – თუ თქვენთან ამ დანადგარებს დააყენებთ, მთელს ბირთვულ არსენალს დაგიმიზნებთო. შედეგი კი ის იყო, რომ ისინი ამ დანადგარების დაყენებაზე დათანხმდნენ. ცუდი ტაქტიკის გამო ამ ქვეყნის მოსახლეობა თქვენზე უარყოფითი აზრისაა.
– ვისაუბროთ არჩევნებზე. როგორი იქნება მსოფლიო ბუშის შემდეგ და რა შეიცვლება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში?
– აშშ-ის და რუსეთის არჩევნებს შორის ის დიდი განსხვავებაა, რომ ჩვენთან წინასწარ არ ვიცით ვინ გაიმარჯვებს. რაც შეეხება აშშ-ის სამომავლო საგარეო პოლიტიკას, ვფიქრობ, რომ ახალ პრეზიდენტს რუსეთთან სტაბილური ურთიერთობის დამყარების სურვილი აქვს.
– თქვენ ობამას მრჩეველი ხართ?
– მე მას მხარს ვუჭერ, მაგრამ მის გუნდს არ შევუერთდი. მისი საარჩევნო კომპანიის დისციპლინისგან მინდოდა თავისუფალი ვყოფილიყავი, რათა იმ საკითხებზე მესაუბრა, რომელიც მის მოსაზრებებს არ ემთხვევა, მაგალითად, ავღანეთის საკითხზე.
– ოდესღაც თქვენ აშშ-ს ერთადერთი “სუპერდერჟავა” უწოდეთ. არ ფიქრობთ რომ მსოფლიო მრავალპოლარულობისკენ მიდის?
– რა თქმა უნდა, რაღაცეები შეიცვალა. მაგრამ ვფიქრობ, რომ სუპერდერჟავობა” იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიოს შენი ნება თავს მოახვიო. ზუსტად ამგვარად, დიქტატორულად მოქმედებდა ჯ. ბუში, რაც ერაყში ძვირად დაგვიჯდა და შესაძლოა ავღანეთშიც ასე მოხდეს. აშშ აღარც ფინანსურად დომინირებს. ფაქტი ეს არის, მაგრამ ჩვენ გლობალური სტაბილურობის აბსოლუტურ ცენტრად ვრჩებით. თუ აშშ-ში ყველაფერი კარგად იქნება, მსოფლიო სტაბილური იქნება და პირიქით. შეხედეთ რა ხდება თქვენს ბაზარზე.
ჩვენ აღვადგენთ საფინანსო სისტემას და აშშ ისევ ცენტრი გახდება. შემდეგში შესაძლოა ძალების უფრო თანასწორი ბალანსი მოხდეს, რის შედეგადაც მრავალპოლარულ მსოფლიოს მივიღებთ. მაგრამ დღეს იმაზე საუბარი, რომ როგორც ფინანსურ და პოლიტიკურ სტაბილიზატორს – აშშ-ს რომელიმე “დერჟავა” შეცვლის, აბსოლუტურად არარეალურია. ევროპას არ აქვს პოლიტიკური ნება, ჩვენ გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობები. ჩინელებს არ უნდათ სახელი სწრაფად გაითქვან. ისინი ფრთხილები და მომთმენები არიან. ვითარება კი ასეთია – უახლოესი 10-25 წელიწადი აშშ გლობალური სტაბილურობის მთავარი მოთამაშე იქნება.