ინტელექტუალური კაპიტალის მართვის მეთოდოლოგიის შემუშავებისათვის
ლ. ქოქიაური – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ინტელექტუალური კაპიტალის შედეგების სამეურნეო ბრუნვაში ჩართვის ძირითადი საკითხები. ინტელექტუალური კაპიტალის კომერციული გამოყენების მართვის საკითხები დღეისათვის ერთ-ერთი რთული და აქტუალური პრობლემაა. ამ პრობლემის წარმატებით გადაწყვეტაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სამამულო მეცნიერებატევადი საწარმოების ინოვაციური და საინვესტიციო საქმიანობის საბოლოო დადებითი შედეგების მიღწევის შესაძლებლობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ე.წ. “უხილავი აქტივების” კომერციალიზაციის საკითხების განხილვას, უმეტეს შემთხვევაში, მკვლევარები მიაკუთვნებენ ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის პრობლემებს. ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციაში იგულისხმება ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების ეკონომიკურ ბრუნვაში ან საკუთარ სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის პროცესი1. ბევრ წყაროში მითითებულია ტერმინი “ინტელექტუალური კაპიტალი”, მაგრამ მისი განმარტება მოცემული არ არის2. ინტელექტუალური კაპიტალის კომერციალიზაციის მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება, აქედან გამომდინარე, სწორედაც რომ დროულია.
ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის ცნება და თავისებურებები. უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგები არ წარმოადგენს არავითარ ეკონომიკურ ფასეულობას მათი სათანადო, ჯეროვანი გამოყენების გარეშე. ასეთი გამოყენება შესაძლებელია საკუთარ სამეურნეო საქმიანობაში, ან მესამე პირისათვის მისი გამოყენების უფლების გადაცემით, ან შერეული ფორმით. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დიდ ინტერესს იწვევს ინტელექტუალური საკუთრების სწორედ საბაზრო რეალიზაციის პროცესი, რომელიც განაპირობებს ინტელექტუალური ბაზრის ჩამოყალიბებას და კომპანიის შემოსავლის უზრუნველყოფას მათზე ზემოქმედების შედეგად3.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საკუთრების უფლებით გადაცემის საერთო ეკონომიკური და იურიდიული პრინციპი გულისხმობს ამ უკანასკნელის მიერ საკუთრების სრულ ან ნაწილობრივ გადაცემას სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გამოიყენოს ინტელექტუალური საკუთრება მხოლოდ მისი მესაკუთრის ნებართვით, ლიცენზიების ან სხვა დოკუმენტების შესაბამისად. ამასთან, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების გამოყენება, კომერციულთან ერთად, წარმოების (ბიზნესის) ეფექტიანობის მნიშვნელოვანი პირობაა და შესაბამისად, მართვის, დაგეგმვის, ანალიზის, შეფასების და ა.შ. ობიექტი ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი საწარმოები არ იყენებენ არსებულ ინტელექტუალურ რესურსებს მინიმალურ დონეზეც კი. ძალზე დაბალია მათი დანერგვის სიჩქარე (ხანგრძლივობა დამუშავებიდან ექსპლუატაციამდე).
ამასთან დაკავშირებით გარკვეულ პრაქტიკულ ინტერესს იწვევს ინტელექტუალური აქტივების კომერციალიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი პრობლემების სისტემური ანალიზი საწარმოს (როგორც სამრეწველო წარმოების ძირითადი რგოლის) ინოვაციური საქმიანობის პრაქტიკული განხორციელებისას. ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც საკუთრებითი ურთიერთობების ეფექტიანი რეგულირება არის მრეწველობაში საბაზრო ურთიერთობების ფორმირების ძირითადი საშუალება და, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს საწარმოს ინოვაციური საქმიანობის შედეგიანობას.
ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტის აქტუალობა განისაზღვრება იმით, რომ ამ კომპლექსური პრობლემატიკის საერთო საკითხების მეცნიერულ დონეზე დამუშავების ხარისხი ძალზე უმნიშვნელო და დაბალია. მიზეზი კი ისაა, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ არა მარტო არსებითი ნოვაციები შეიტანა სოციალური და სამეურნეო ურთიერთობების შინაარსში, არამედ მეურნეობის სოციალური პრაქტიკისათვის აქამდე უცნობი უამრავი საწარმოო და სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა ჩამოაყალიბა.
ასე მაგალითად, სოციალისტურ საწარმოო ურთიერთობებში ათწლეულების მანძილზე არსებული გამომგონებლობითი უფლებები დღეისათვის პრაქტიკულად მთლიანად შეცვლილია საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზებული საპატენტო უფლებებით. ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების სფეროში (სამრეწველო საკუთრების ობიექტები, საავტორო უფლებები და კონფინდენციალური ინფორმაცია) მოხდა მთელი კანონმდებლობის კარდინალური შეცვლა. ინტენსიურად ყალიბდება კერძო საკუთრების ინსტიტუტები, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო დამუშავების შედეგებზე ორიენტირებული. ინტელექტუალური საქმიანობის შედეგები ქონებრივ სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი და ქონებრივი კომპლექსების (საწარმოებისა და ორგანიზაციების) ლეგალური შემადგენელი ნაწილი ხდება.
საწარმოსა და ორგანიზაციის ქონებაში (ბალანსში, ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოყალიბდა და სულ უფრო ხშირად გამოიყენება აქამდე უცნობი “არამატერიალური ძირითადი საშუალებები”, ვითარდება შემფასებლობითი საქმიანობა, მათ შორის, ინტელექტუალური საქმიანობის ქონებრივი უფლებების თვალსაზრისით. ინტელექტუალური საკუთრების უფლება შედის საწარმოს საწესდებო კაპიტალში და გამოიყენება როგორც საწარმოსა და ორგანიზაციის ქონების ნაწილი. ყალიბდება და ვითარდება უფლებების გადაცემის (გაფორმების) ახალი ფორმები განკერძოებული ობიექტების გამოყენებაზე კომერციული კონცესიისა და ნდობითი მართვის ხელშეკრულებების მიხედვით. სოციალისტური ურთიერთობების სისტემაში მსგავს პრაქტიკას ადგილი არ ჰქონია ინტელექტუალური შრომის შედეგებზე (და წარმოების საშუალებებზე) საკანონმდებლო უფლებების სახელმწიფო მონოპოლიის შედეგად.
ჩვენი მოსაზრებით, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების სამეურნეო (კომერციულ) ბრუნვაში ჩართვის პრობლემა საჭიროა განიხილებოდეს სახელმწიფო დონეზე. შესაბამისად, აუცილებელია შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.
უნდა მოხდეს სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის შედეგებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ჩართვა სამეურნეო ბრუნვაში. ამისათვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში პრიორიტეტულად უნდა ჩაითვალოს მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფს სამართალურთიერთობების სუბიექტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაბალანსებულობას; ასევე უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების შექმნის, სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების პროცესების სახელმწიფო სტიმულირებას და ამის საფუძველზე სამამულო საქონელმწარმოებელთა პროდუქციის კონკურენტ-უნარიანობის ამაღლებას.
ამის გარდა, დროულად უნდა განხორციელდეს ინტელექტუალური საკუთრების კოდიფიკაცია საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. აქტუალურია საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავების ამოცანა, რომელიც გაითვალისწინებს სამართლებრივი ურთიერთობების სრულყოფას სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის შედეგებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შექმნის, სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების კუთხით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. საჭიროა, დაჩქარდეს ნორმატიული აქტების შემუშავება, რომლებიც განსაზღვრავს სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის შედეგების გამოყენების წესებს (სახელმწიფო კონტრაქტების მიხედვით), სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ინტელექტუალური საკუთრების სამეურნეო (ეკონომიკური) გამოყენებისას.
განვითარებული საბაზრო ურთიერთობების პირობებში ინტელექტუალური საკუთრება იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციების ქონების მნიშვნელოვანი ობიექტი ხდება. მისი მეშვეობით ქონებრივი, სასაქონლო, ფულადი ურთიერთობები ხორციელდება ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების შექმნის, ახალი ცოდნისა და ინფორმაციის სამართლებრივი დაცვისა თუ გამოყენების სფეროში. ინტელექტუალური საკუთრების სამეურნეო ბრუნვა სამეურნეო სუბიექტის (საწარმო, ორგანიზაცია, მეწარმე) დონეზე ინტელექტუალური საკუთრების (ინტელექტური საქმიანობის შედეგების) საზოგადოებრივი ბაზრის ეკონომიკურ-სამართლებრივ მოდელს წარმოადგენს. ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი სამეურნეო ბრუნვის მექანიზმი სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს აბალანსებს. ამ გზით უზრუნველყოფს ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებზე მოთხოვნისა და მიწოდების ერთიანობას, სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების განვითარებას, მათ სამეურნეო რეალიზაციას, ახალი, კონკურენტუნარიანი საქონლისა და მომსახურების წარმოებასა და მოხმარებას, ამით კი ხელს უწყობს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის სტიმულირებას და ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას.
ჩვენი შეფასებით, საწარმოსა და ორგანიზაციის საქმიანობაში ინტელექტუალური საკუთრების სამეურნეო ბრუნვის ქონებრივი სამოქალაქო-უფლებრივი ურთიერთობების ანალიზს გარკვეული სირთულე ახასიათებს. კერძოდ, ინტელექტუალური საკუთრების სამეურნეო ბრუნვაში ჩართვის პრობლემები და მისი გამოყენება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ქონების სახით ვლინდება სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური და სოციალური ურთიერთობების სახით. ეს ურთიერთობები ყალიბდება სხვადასხვა დროს საბაზრო ურთიერთობების ურთიერთსაპირისპირო ინტერესების მქონე სხვადასხვა სუბიექტებს შორის. ამასთან, საჭიროა გამოიყოს ცალკეული, საკუთარი ინტერესების მქონე საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტები, ინტელექტუალური საკითხების კომერციალიზაციის პროცესში მოხდეს მათ შორის ურთიერთკავშირის ანალიზი მათი ეფექტიანი რეგულირების გზების ძიებისათვის.
ინოვაციური საქმიანობის პროცესში საბაზრო ურთიერთობის ძირითადი სუბიექტების ურთიერთზემოქმედების საერთო სქემა (ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციისას) შესაძლებელია, შემდეგი სახით წარმოვიდგინოთ (ნახ. 1).
ამ ნახაზის შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის ინოვაციური საქმიანობის სფეროში საბაზრო ურთიერთობის ძირითად სუბიექტებად გამოდიან:
სახელმწიფო მართვისა და კონტროლის ორგანოები;
საწარმოები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ახალი ტექნოლოგიების შექმნასა და გამოყენებას ინოვაციურ საქმიანობაში;
ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად ახალი ტექნოლოგიების შემქმნელები, ავტორები (საავტორო უფლების ობიექტები, სამრეწველო საკუთრების, კომერციული საიდუმლოს – ნოუ-ჰაუს ობიექტები);
ინვესტორები, რომლებიც მონაწილეობენ ინტელექტუალური საკუთრების შექმნასა და გამოყენებაში საწარმოო ციკლში მათი დაფინანსებისა და ახალი სამრეწველო პროდუქციის გამოშვების ორგანიზაციის გზით;
კონკურენტ-მწარმოებლები, რომლებიც უშვებენ კონკურენტუნარიან პროდუქციას (მომსახურებას) საკუთარი დამუშავებების ან სხვა ანალოგიური ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების საფუძველზე;
ე.წ. “მეკობრე” – მწარმოებლები, რომლებიც ახდენენ საწარმოს ინტელექტუალური საქმიანობის ობიექტების არასანქცირებულ გამოყენებას და უშვებენ ყალბ პროდუქციას.
ინოვაციური საქმიანობის მონაწილეთა ცალკეული სუბიექტების ინტერესთა პრაქტიკული შეჯახება (კოლიზია) და საბაზრო ურთიერთობათა ობიექტებზე კონტროლის განხორციელება შესაძლებელია პროდუქციისა და მომსახურების სამომხმარებლო ბაზარზე. სწორედ ბაზარზე ვლინდება ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციისას წარმოშობილი პრობლემები ნათლად და მწვავედ. აქვე ხდება ინტერესთა განვითარება და თანხვედრა. გამოვლენის ხასიათის მიხედვით ურთიერთდამოკიდებულების სამ ძირითად ასპექტს გამოყოფენ4:
1) ტექნიკური, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული, პროდუქციისა და მომსახურების სამრეწველო წარმოების მატერიალურ და არამატერიალურ ობიექტებთან (ინტელექტუალური საკუთრების საფუძველზე);
2) ფინანსურ-ეკონომიკური, რომელიც დაკავშირებულია ინოვაციური საქმიანობის პროდუქციის მოხმარებასთან და ფინანსური საშუალებების შესაბამის გადანაწილებასთან;
3) სოციალურ-სამართლებრივი, რომელიც დაკავშირებულია მორალურ და იურიდიულ ნორმებთან (კანონებთან) და ტენდენციებთან. იგი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული (შესრულებული) სამეწარმეო საქმიანობაში.
აქვე საჭიროდ მიგვაჩნია (მონაწილე სუბიექტების სახეების მიხედვით), ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის დროს იურიდიულ პირთა მთელი ურთიერთობები შემდეგნაირად დაჯგუფდეს:
საწარმოები – სახელმწიფო მართვის და კონტროლის ორგანოები;
საწარმოები – ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ავტორები (შემქმნელები);
საწარმოები – ინვესტორები;
საწარმოები – მეწარმე, მწარმოებელი – კონკურენტები;
საწარმოები – მწარმოებელი – “მეკობრეები”;
საწარმოები – მომხმარებლები.
ამასთან, მოცემული ჯგუფებიდან თითოეული პრაქტიკაში მოითხოვს ცალ-ცალკე განხილვას და სპეციალური ღონისძიებების (მიდგომების) შემუშავებას ურთიერთდამოკიდებულებათა პრობლემების დარეგულირების თვალსაზრისით (კონკრეტული საბაზრო სიტუაციის შესაბამისად, ბაზარზე საწარმოს ქცევის სტრატეგიისა და ტაქტიკის გათვალისწინებით). ჩამოთვლილი ურთიერთობების ჯგუფებიდან ნებისმიერის მიხედვით შეიძლება (აუცილებელიცაა) შემუშავდეს ადექვატურ კონკრეტულ საბაზრო სიტუაციაში ურთიერთობების რეგულირების ღონისძიებები, მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების საიმედო დაცვა და ეფექტიანი (ოპტიმალური) გამოყენება. ასეთ ღონისძიებათა შემადგენლობაში საჭიროდ მიგვაჩნია შევიდეს:
სამართლებრივი ღონისძიებები (ძალდატანებითი ღონისძიებები), ე.ი. ავტორებისა და მათი სამართალმემკვიდრეების უფლებების და ინტერესების დაცვა (საპატენტო მონოპოლიის დაცვა) სახელმწიფო კანონების ძალით. იგი გულისხმობს სამრეწველო საკუთრების ობიექტების არასანქცირებული გამოყენებისათვის მეწარმე – “მეკობრეების” შესაბამის დასჯას;
ეკონომიკური ღონისძიებები (ეკონომიკური გათვლების ღონისძიებები). ეს გულისხმობს ინდივიდუალური ქცევის წესების შეგნებულად და ნებაყოფლობით არჩევას ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე, ოფიციალური საგადასახადო შეღავათებისა და ახალი ტექნოლოგიების სანქცირებული უპირატესობების ოფიციალურ გამოყენებას;
მორალურ-ეთიკური ღონისძიებები, რომელთა მიზანია “კეთილსინდისიერი ბიზნესისა” და სხვისი ინტელექტუალური საკუთრების არასანქცირებულად გამოყენების დაგმობის (საზოგადოების მხრიდან) პროპაგანდა;
სახელშეკრულებო ღონისძიებები, რომლებიც ემყარება საწარმოსათვის ხელსაყრელი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გულდასმით დამუშავებას, ასევე პარტნიორობისა და ინოვაციური ბიზნესის სფეროში სახელშეკურულებო ვალდებულებების საკუთარ თავზე ნებაყოფლობით აღებას თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის დროს;
ინტელექტუალური საკუთრების საწარმოს საკუთრებად (საკუთრების ობიექტებად) გაფორმების ღონისძიებები ინვენტარიზაციის გზით. ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების დოკუმენტური გაფორმების, შეფასებისა და საბუღალტრო აღრიცხვის ღონისძიებები;
უნდა აღინიშნოს, რომ ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციისას პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმ დოკუმენტების არსებობას და გაფორმების სისწორეს, რომლებიც ადასტურებენ საწარმოს უფლებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე, რამდენადაც საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტებში ასახულია მხოლოდ საწარმოს კუთვნილი ფასეულობები საკუთრების, ანდა გამოყენების უფლებით.
ამგვარად, ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის პრაქტიკული განხორციელებისას ინოვაციურ საქმიანობაში აუცილებელია გამოიყოს ურთიერთობათა ჯგუფები საბაზრო ურთიერთდამოკიდებულების ცალკეულ სუბიექტებს შორის, ჩამოყალიბდეს ამ ურთიერთობებისას წამოჭრილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი პრობლემები კონკრეტულ საბაზრო პირობებში და მოიძებნოს ურთიერთობის ყველა ცალკეული ჯგუფისათვის ადექვატური და შედარებით ეფექტური ვარიანტები.