ხე-ტყის მრეწველობის პერსპექტივები საბაზრო ურთიერთობების პირობებში
ზარნაძე მადონა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
საქართველოსთვის ტყე განსაკუთრებულად ფასეული ბუნებრივი რესურსია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის მესამედზე მეტს მოიცავს და უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო და ეკონომიკური ფუნქციები აკისრია, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ ასპექტში.
მსოფლიოში ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ქვეყნებს შორის საქართველოს ტყის ეკოსისტემებს ღირსეული ადგილი უჭირავს. ისინი, როგორც მთიანი ქვეყნის ტყეები, ასრულებენ ძალზე მნიშვნელოვან ნიადაგდამცავ და წყალშემნახველ ფუნქციებს, ხელს უწყობენ მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შენარჩუნებას, აუმჯობესებენ კლიმატურ პირობებს და ხელსაყრელ გარემოს ქმნიან ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის.
მსოფლიოში დღითიდღე იზრდება მერქნის დამზადების მოცულობა. ამ სფეროში ლიდერობენ აშშ., ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ინდონეზია, კანადა. რუსეთი 1990 წლამდე შედიოდა ლიდერთა სიაში, მაგრამ მომდევნო წლებში ამ დარგმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა.1 ჩრდილო სატყეო ზოლის ქვეყნებში სამეწარმეო მერქანზე მოდის დამზადებული მერქნის 80-100%, (შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, კანადა – 90%-ზე მეტი, ხოლო აშშ-ში – 80%). სამხრეთი ზოლის ქვეყნებში (ტროპიკული და ეკვატორული ტყე). ეს მაჩვენებელი დაბალია (ტაილანდი, ინდოეთი – 8%, ინდონეზია – 20%, ბრაზილია – 40%, ვენესუელა – 60%).
სამეწარმეო მასალის უმთავრესი მომხმარებლები არიან სახერხები, რომლებიც წარმოადგენენ შემდგომი გადამუშავების ბაზებს. დახერხილი მასალის წარმოებაში ლიდერობენ აშშ., კანადა, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი, ინდოეთი, გერმანია, შვეცია. მერქანბოჭკოვანი ფილების დამზადებაში ლიდერობენ აშშ., ჩინეთი. დახერხილი მასალისა და ქაღალდის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი მსოფლიოში არის კანადა, ევროპაში კი – სკანდინავიის ქვეყნები. ფინეთი და შვედეთი სპეციალიზებულები არიან ქაღალდის ექსპორტზე, ნორვეგია – უფრო ღირებულ პროდუქციაზე – მერქნულ მასაზე, ცელულოზასა და სხვადასხვა სახის მუყაოსა და ქაღალდზე.
საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ტყის ფონდის საერთო ფართობი 3007,8 ათას ჰექტარს შეადგენს, ანუ ქვეყნის ტერიტორიის (6949,4 ათასი ჰექტარი) 43%-ს. ტყის ფონდის საერთო ფართობიდან საკუთრივ ტყეს (ტყით დაფარული მიწები) უკავია 2822,5 ათასი ჰექტარი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 40,6% (ტყიანობის პროცენტი). ტყეების მერქნის (ხეთა ღეროები) სავარაუდო საერთო მარაგი შეადგენს 451,7 მლნ მ3-ს, ხოლო მერქნის მარაგის საშუალო წლიური მატება შეადგენს 3.75-4,5 მლნ მ3-ს. ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ მოდის 0.53 ჰა ტყე, დაახლოებით 80 მ3 მერქანი, რაც სამჯერ აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს. საშუალოზე ზემდგომი მოცულობა ჰექტარზე 176 მ3-ია საქართველოს ტყეების საშუალო ასაკი დაახლოებით 100-120წელია. დომინირებს ფართოფოთლოვანი ტყე, რომელიც მოიცავს ტყის 80%-ს, აქედან 50%-მდე წიფელია.
ტყეები ძირითადად ფორმირებულია შემდეგი სახეობებით: აღმოსავლეთის წიფელი 48.5%; რცხილა 6.6%; მუხის სახეობები 10.2%; თხმელა 3.2%; წაბლი 3.8%; წიწვოვანი სახეობები (კავკასიური სოჭი, აღმოსავლეთის ნაძვი, სოსნოვსკის ფიჭვი) – 17.4%.
ცენტრალური დაგეგმარების პერიოდში სატყეო სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენდა 4-5%-ს. 1990 წლამდე სექტორში მონაცემები შემდეგნაირი იყო: ჭრები – 14%, ხის გადამამუშავებელი მრეწველობა – 69%, მერქნისა და ქაღალდის მრეწველობა – 17%, ხოლო 1980 და 1990 წლებში ხის გადამამუშავებელ მრეწველობაში მონაცემები ასეთი იყო: სახერხები – 10,4% და 9.0 %, ავეჯის მრეწველობა – 55% და 60%, სამშენებლო დეტალები – 12,1% და 11,0%, შესაფუთი მასალები – 7,2% და 6,0%, სხვა ხის გადამამუშავებელი – 15,3% და 14,0%.
როგორც ვხედავთ, საქართველოში სერიოზული პერსპექტივა გააჩნია ხე-ტყის წარმოება-გადამუშავებას. ჩვენი ხე-ტყის წარმოება ინვესტიციამგრძნობიარეა.
დღეს ისევე, როგორც მთელი საქართველოს ეკონომიკა, სატყეო კომპლექსის საწარმოები საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის მძიმე პროცესშია. დღევანდელი საწარმოო ვითარება წარმოადგენს ადრე არსებული საგეგმო მართვის სისტემისა და სამეურნეო კავშირების რღვევის, სამართლებრივი დისბალანსის შედეგს.
აღსანიშნავია, რომ კრიზისული მდგომარეობა ხე-ტყის მრეწველობის ეკონომიკაში განპირობებულია არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა და გარდამავალ პერიოდში წარმოქმნილი სიძნელეების გამო. კრიზისი გაცილებით ადრე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მწიფდებოდა, დაახლოებით, სამი ათეული წლის მანძილზე.
1990-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესმა და მსოფლიო ხე-ტყის ბაზარზე მოთხოვნილების მნიშვნელოვანმა ზრდამ თავისი დაღი დაასვა ტყის რესურსების მდგომარეობას. არაგეგმაზომიერმა, გადაჭარბებულმა ჭრამ გამოიწვია ტყის მასივების მნიშვნელოვანი ნაწილის დეგრადაცია. აღნიშნული ნეგატიური პროცესების გაგრძელებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ეკოლოგიური და ეკონომიკური ზარალი.
ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია სატყეო-საქაღალდე პროდუქციის ძირითადი სახეობების წარმოების განვითარების ტემპების კატასტროფული ვარდნა.Eეს, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეული იყო დარგის არასაკმარისი ინვესტირებით, მშენებლობის მასშტაბების შემცირებითა და ახალი საწარმოო სიმძლავრეების არასრული გამოყენებით, თანამედროვე მაღალმწარმოებლური აღჭურვილობის უკმარისობით. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში არსებული სირთულეების გამო ხე-ტყის მრეწველობაში დროულად არ მოხდა პრობლემების გადაჭრა, ამიტომ დღეს ამ დარგს შესაძლებლობა არა აქვს (სახსრები არ გააჩნია), გადაჭრას მის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანები.
პირველ რიგში, ხის გადამამუშავებელი საწარმოების წინაშე დგას ხე-ტყის ნედლეულით უზრუნველყოფის პრობლემები. ასეთი მწვავე დეფიციტი გამოწვეულია იმით, რომ უკანასკნელ წლებში ხე-ტყის მასალების გარედან შემოტანა შემცირდა.
ასეთ მდგომარეობას მივყავართ პროდუქციის გამოშვების მნიშვნელოვან შემცირებამდე, აღჭურვილობის მასობრივ მოცდენამდე, არსებული სიმძლავრეების დაუტვირთაობამდე. მაგალითად, ცდება წარმოების ძვირადღირებული იმპორტული ტექნიკა. წარმოების შეფერხებას აგრეთვე იწვევს აუცილებელი ნედლეულის დეფიციტი და სიძვირე.
ეს ფაქტები იმას მოწმობს, თუ რამდენად ვრცელია კრიზისული მდგომარეობის მასშტაბები და რამდენად რთულია ეკონომიკის აღმავლობის რელსებზე გადაყვანა.
კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას საფუძველშივე აფერხებს წარმოების მიერ მემკვიდრეობით მიღებული ტექნიკის დაბალი დონე. სამამულო თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის მანქანათმშენებლობა პრაქტიკულად ვერ უშვებდა ისეთ მანქანა-დანადგარებს, რომლებიც კონკურენციას გაუწევდნენ საზღვარგარეთის საუკეთესო ნიმუშებს მწარმოებლურობით, საიმედოობით, ენერგონაჯერობით.
მერქანფილების, ფანერის, საავეჯო თუ ხე-ტყის სახერხ წარმოებას არ ჰყავს დანადგარების საიმედო მომწოდებლები ქვეყნის შიგნით, ამიტომ იძულებულნი არიან, ორიენტაცია აიღონ მანქანა-დანადგარების საზღვარგარეთ შეძენაზე.
ხის დამამუშავებელ ზოგიერთ საწარმოში ნედლეულის დამზადებისა და სორტირებისას დიდია ხელით შრომის წილი, დაახლოებით 40%. საწარმოებში მანქანა-დანადგარები უმეტესად გაცვეთილია და საჭიროებს შეცვლას, რეკონსტრუქციას.
მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებში დადგმული ტექნიკა უკვე ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ამას ემატება ისიც, რომ საწარმოები ვეღარ ღებულობენ მაღალხარისხოვან ფისს და სპეციალურ აღჭურვილობას, რომელთა გარეშეც შეუძლებელია მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღება.
ამის შედეგია ისიც, რომ გამოშვებული პროდუქცია არაკონკურენტუნარიანია ბაზარზე, ამას ემატება მისი მაღალი ტოქსიკურობაც. ზემოთქმულის შეჯამების საფუძველზე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ხის დამამუშავებელი საწარმოები საბაზრო ურთიერთობებზე გადასასვლელ მიჯნას უკვე მიადგნენ. ადრე არსებული საწარმოო კავშირების რღვევამ მრეწველობა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. ყველა საწარმოს წინაშე დადგა ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორებიცაა: სად და როგორ შეიძლება ნედლეულის, დანადგარებისა და მასალების შეძენა, როგორი უნდა იყოს პროდუქციის გასაღების ორგანიზაცია, როგორ უზრუნველყონ თავისი ინტერესების სამართლებრივი დაცვა.
ფასების ნახტომისებურად ზრდისა და სამართლებრივი განუკითხაობის პირობებში საკუთარი საწარმოს მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფა ყველას როდი შეუძლია. შექმნილ სირთულეებს ემატება ისიც, რომ მკვეთრად გაუარესდა საწარმოების ფინანსური მდგომარეობა. ძალზე გაიზარდა მომხმარებელთაგან გადაუხდელობის პრეცედენტები. თავის მხრივ, იმატა საწარმოების დავალიანებამაც. ასეთმა მდგომარეობამ გამოიწვია ხელფასების შეჩერება, მოხდა წარმოების სერიოზული პარალიზება.
რა თქმა უნდა, უმეტესი ნაწილი ამ სირთულეებისა ატარებს დროებით ხასიათს და დაძლეული იქნება ახალ საწარმოო ურთიერთობებზე გადასვლის პროცესში, თუმცა, წარმოქმნილი პრობლემები არსებით გავლენას ახდენენ საწარმოს მუშაობაზე, ამუხრუჭებენ საბაზრო ეკონომიკის განვითარების პროცესს.
არსებულ ვითარებაში, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში, ჩატარდა გარკვეული ღონისძიებები საწარმოების მუშაობის სტაბილიზაციისათვის. როგორც ცნობილია, გატარებული ეკონომიკური რეფორმის ძირითადი არსი ცენტრალური საგეგმო მართვის სისტემიდან შერეულ ეკონომიკაზე გადასვლაში მდგომარეობს, სადაც მთავარ როლს ითამაშებს ბაზარი. ეს გადასვლა მთლიანად არ გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ კონტროლს და წარმოების მუშაობის რეგულირებას მეწარმეობის განვითარების მიზნით. ამისათვის მნიშვნელოვანია, გარდამავალ პერიოდში შენარჩუნდეს დარგობრივი რგოლი, რომელმაც უნდა განახორციელოს ეს კონტროლი და რეგულირება. ამ ორგანოების საშუალებით უნდა მოხდეს სამეურნეო კავშირების შენარჩუნება მერქნის დამამზადებელ და ხის გადამამუშავებელ საწარმოებს შორის.
საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლისა და ცენტრალური დაფინანსების წყაროების ლიკვიდაციის პირობებში ყურადღების გარეშე დარჩა ქვეყნის რეგიონული თავისებურებები. ამისათვის უნდა შეიქმნას არასაბიუჯეტო დამფინანსებელი ფონდი სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცდელო-საკონსტრუქტორო სამუშაოებისათვის, აგრეთვე ახალი სახეობის პროდუქციის ათვისებისათვის. ეს ფონდი შეიძლება შეიქმნას წარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულებიდან გარკვეული პროცენტის გადარიცხვით. ფონდის არსებობა შესაძლებელს გახდის, დაფინანსდეს სამეცნიერო-საპროექტო, საკონსტრუქტორო-დამნერგავი ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც შექმნიან დანადგარებსა და მასალებს, ჩაატარებენ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.
საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და აქციონირება, აგრეთვე სააქციო საზოგადოებების (კორპორაციები, კონცერნები, ასოციაციები) ჩამოყალიბება.
დარგის თანამედროვე მდგომარეობა მოითხოვს საწარმოების სრულყოფილების საკითხისადმი ახალ მიდგომას. იწყება ორმხრივ ხელსაყრელი კავშირების (პარტნიორობისა და პოტენციურ ინვესტორებს – პროდუქციის მომხმარებელს შორის) დადება.
ახალი ინვესტიციების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა საზღვარგარეთის დაინტერესებული ფირმების მოზიდვა და სამამულო მომხმარებლების მოზიდვა.
ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება წარმოადგენს სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან ამოცანას. ამიტომ სახელმწიფომ პირველ ხანებში უნდა შექმნას ხელსაყრელი პირობები სატყეო ინდუსტრიის განვითარებისათვის. ამაში ვგულისხმობთ:
საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდეს ის საწარმოები, რომელთა მუშაობა მიმართულია მოდერნიზაციისაკენ, რეკონსტრუქციისაკენ, საწარმოების გაფართოებისაკენ;
. ფინანსური პრობლემების სასწრაფოდ გადაწყვეტისთვის გამოიყოს შეღავათიანი კრედიტები საბრუნავი საშუალებების შევსებისათვის;
. მოხდეს სატყეო ექსპორტის სტიმულირება ტარიფების გაუქმებით (სახელმწიფო მიწოდებისათვის);
. შეიქმნას სახელმწიფო გარანტიები საზღვარგარეთელი ინვესტორებისათვის, რომლებიც ჩადებენ სახსრებს სატყეო კომპლექსის განვითარებაში;
ყველა ამ წინადადებამ მხარდაჭერა უნდა ნახოს მართვის ორგანოებში. ეს დაეხმარება ამ დარგს, გადალახოს კრიზისული მდგომარეობა, მოხდება მუშაობის სტაბილიზაცია და მყარი ნიადაგი შეიქმნება ეფექტური განვითარებისათვის.
საქართველოს სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების საფუძველს წარმოადგენს ფართოდ აღიარებული პრინციპები, რომლებიც მიღებულია ისეთი საერთაშორისო სატყეო ინსტიტუტებისა და პროგრამების მიერ, როგორებიცაა: FAO, MCPFE, ENP, ENA-FLEG და სხვ., ეს უმთავრესად ნიშნავს: დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ინტერ-სექტორალურ მიდგომას და ინტეგრაციას ქვეყნის განვითარების გეგმებში, ეროვნული გადაწყვეტილებების ჰარმონიზაციას საერთაშორისო სატყეო ინიციატივების, კონვენციების და პარტნიორობის განხორცილების მიმართულებით. სატყეო პოლიტიკის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპია ტყეების მდგრადი მართვა, რაც გულისხმობს: ტყის რესურსების იმგვარად მართვას და გამოყენებას, რომ შენარჩუნდეს მისი ბიომრავალფეროვნება, მოხდეს წარმადობის, პროდუქტიულობის ზრდა, თვითგანახლების შესაძლებლობისა და სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება. სწორი სატყეო პოლიტიკა სრულად უზრუნველყოფს ამჟამად და მომავალში შესაბამისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ფუნქციების განხორციელებას ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე სხვა ეკოსისტემებისთვის ზიანის მიუყენებლად2. იგი სავალდებულოა ყველასათვის, ვინც ჩართულია ტყეების მართვაში, საკუთრების ფორმების მიუხედავად.
ქვეყნის ტყის (მერქნის) რესურსების დაცვა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული სწორად რეგულირებულ ექსპორტ-იმპორტზე. კერძოდ, შესაბამისი საგადასახადო მექანიზმებით მეწარმეებისათვის უფრო მომგებიანი უნდა გახდეს მზა პროდუქციის ექსპორტი, ვიდრე ნედლეულისა, თუმცა, არც ამ უკანასკნელის ექსპორტის აკრძალვა იქნება სწორი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ხე-ტყის ნედლეულის იმპორტის წახალისება ნულოვანი აქციზებითა და სხვა საგადასახადო შეღავათებით.