საქართველოს საგარეო ვაჭრობის სასაქონლო სტრუქტურა აქტიური გლობალიზაციის პირობებში

ძებისაური ლია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი

XXI საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ეკონომიკის აქტიური გლობალიზაციის პროცესმა ეროვნული ეკონომიკის განვითარების უმთავრეს მოთხოვნად ინტეგრაციული პროცესების ადეკვატური და ოპერატიული გაშუქების საკითხი დააყენა. აქედან გამომდინარე, საგარეო ვაჭრობის შესახებ დროული და ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაციის არსებობა აუცილებელი პირობაა წარმოების, მოხმარების, შემოსავლებისა და ზოგადად კეთილდღეობის მრავალმხრივი ანალიზისათვის როგორც ქვეყნის, ისე გლობალურ დონეზე.

საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებული ტენდენციების სტატისტიკური შესწავლისას, ვაჭრობის ხარისხობრივი შეფასებისათვის, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ექსპორტისა და იმპორტის სასაქონლო სტრუქტურა.
2011 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია მთლიანი ექსპორტის 71.7 პროცენტს იკავებს. როგორც ჩანს, საექსპორტო საქონლის სტრუქტურა მეტად მწირი და არასახარბიელოა. მასში სჭარბობს ნედლეული და ბუნებრივი რესურსები. ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურაში წარმოდგენილია 3 უმსხვილესი დარგი: სოფლის მეურნეობა, დამამუშავებელი და მოპოვებითი მრეწველობა. 2011 წელს სასაქონლო პოზიციები რეიტინგის მიხედვით ასე განაწილდა (დიაგრამა #1).
საქართველოს საექსპორტო ათეულში ლიდერობს მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი, რომელიც 100 პროცენტით რეექსპორტს წარმოადგენს. მათი ექსპორტი საანგარიშო პერიოდში, წინა წელთან შედარებით 98.1 პროცენტით არის გაზრდილი და მთლიანი ექსპორტის 20.6 პროცენტს შეადგენს. შედარებისათვის მოვიყვანოთ რამდენიმე წლის მონაცემი. 2000 წელს ექსპორტირებული იყო 0.3 მლნ. აშშ დოლარის, 2005 წელს 17.5, 2009 წელს 78.5 და 2011 წელს 450.3 მლნ. აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები. როგორც ჩანს, საანალიზო პერიოდში აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი საკმაოდ სწრაფი ტემპებით იზრდებოდა და თავის მაქსიმუმს 2011 წელს მიაღწია.
2011 წელს ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების 74.9 პროცენტი ექსპლუატაციაში ნამყოფი იყო. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 61.0 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2009 წელს ამ მხრივ მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული იყო, რადგან ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების 93.4 პროცენტი ახალ ავტომობილებს წარმოადგენდა.
საინტერესოა ძირითადად რა მარკის ავტომობილების ექსპორტი ხორციელდება საქართველოდან და რომელ ქვეყნებში.
უმსხვილეს საექსპორტო საავტომობილო მარკას 2011 წელს წარმოადგენს “მერსედეს-ბენცი”, რომლის ექსპორტიც 2010 წელთან შედარებით 96.6 პროცენტით გაიზარდა და მსუბუქი ავტომობილების მთლიანი ექსპორტის 29.8 პროცენტი შეადგინა. მეორე პოზიციას იკავებს “ტოიოტა” 25.2 პროცენტით და მისი ექსპორტი 33.8 პროცენტით არის გაზრდილი. 2009-2010 წლებში “ტოიოტა” პირველ ადგილზე იმყოფებოდა და 2009 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების 92.7 პროცენტს შეადგენდა, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 37.4 პროცენტამდე შემცირდა. მესამე ადგილზე ვოლკსვაგენია, რომლის წილი 10.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო მეოთხე პოზიციაზე “ლექსუსი” 6.4 პროცენტით (დიაგრამა #2).
მსუბუქი ავტომობილებისათვის ძირითადი საექსპორტო ქვეყნები 2010-2011 წლების მიხედვით აზერბაიჯანი, ყაზახეთი და სომხეთია. 2011 წელს აზერბაიჯანში ექსპორტირებული მანქანების 48.4 პროცენტს წარმოადგენს “მერსედეს-ბენცი”, 19.4 პროცენტს – “ტოიოტა”, 7.6 პროცენტს – “ოპელი”. ყაზახეთში: 19.3 პროცენტი – “ვოლკსვაგენი”, 17.1 პროცენტი – “მერსედეს-ბენცი”, 15.5 პროცენტი – “ტოიოტა”, 10.8 პროცენტი – “ლექსუსი” და 6.8 პროცენტი – “BMჭ”. სომხეთში: 25.4 პროცენტი – “მერსედეს-ბენცი”, 14.0 პროცენტი – “ტოიოტა”.
მეორე პოზიციას იკავებს ფეროშენადნობები 254.9 მლნ. აშშ დოლარით და მთლიან ექსპორტში 11.6 პროცენტიანი წილით. 2006-2010 წლებში ეს პროდუქცია პირველ ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა საანგარიშო პერიოდში 2010 წელთან შედარებით ფეროშენადნობების ექსპორტი 3.4 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო 2008 წელთან შედარებით – 4.6 პროცენტით. დანარჩენ წლებთან შედარებით აღნიშნული საქონლის ექსპორტის სოლიდური ზრდა ფიქსირდება.
მესამე ადგილზეა აზოტოვანი სასუქები 144.1 მლნ. აშშ დოლარით. წინა წელთან შედარებით მისი ექსპორტი 71.2 პროცენტით არის გაზრდილი და მთლიანი ექსპორტის 6.6 პროცენტს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ შავი ლითონების ჯართის ექსპორტი, საანგარიშო პერიოდში, მეხუთე ადგილზე იმყოფება, თუმცა 2000-2005 წლებში ის თავისი მოცულობით უმსხვილესი ათეულის სათავეში იდგა. ასეთი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი იყო ჯართის ექსპორტზე სალიცენზიო გადასახადის (1 ტ. – 28 ლარი) გაუქმება. არსებული ტენდენციების გაგრძელების პირობებში, შავი ლითონების ჯართის სასაქონლო ჯგუფი მალე დატოვებს საექსპორტო ათეულს.
საექსპორტო ათეულში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართული წარმოების პროდუქტები: თხილი, ყურძნის ნატურალური ღვინო და მინერალური წყლები, რომლებიც რუსეთის მიერ, 2006 წელს, გამოცხადებული ემბარგოს მიუხედავად მაინც ინარჩუნებენ წამყვან პოზიციებს საქართველოს ექსპორტში. თუმცა რუსეთის ემბარგომ განაპირობა საქართველოს საექსპორტო ვექტორის შეცვლა. მაგრამ ქართული პროდუქცია, მაღალი ხარისხის წყალობით ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს ახალი ქვეყნების ბაზრებზე.
საქართველოს საწარმოთა ორიენტაცია რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების ბაზრებზე გამოწვეული იყო არა იმდენად ტრადიციული სამეურნეო და სატრანსპორტო კავშირურთიერთობების აღდგენით, ან შემორჩენილი მენტალიტეტით, არამედ იმით, რომ წარმოების ჯერ კიდევ მოძველებული ტექნიკური აღჭურვილობა და არსებული ტექნოლოგიები, რომლებიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ევროპული და ამერიკული სტანდარტის მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას, არ იძლეოდა ისეთ ბაზრებზე შეღწევის საშუალებას, სადაც ძლიერი კონკურენციის გამო, მხოლოდ მაღალი ხარისხის და შედარებით იაფი პროდუქცია იყიდება. ამიტომ ადგილობრივი ნაწარმისათვის დსთ-ს სახელმწიფოების ბაზრები უფრო მისაწვდომი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნების. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით დიდი ცვლილებები არ მომხდარა და ტრადიციული ქართული საექსპორტო საქონლისთვის გასაღების აქტიურ ბაზრებად ისევ ყოფილი კავშირის ქვეყნები რჩება.
იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში უმსხვილეს ათეულს მთლიანი იმპორტის 35.9 პროცენტი უჭირავს (დიაგრამა #3). ეს მოწმობს იმპორტის ასორტიმენტის მრავალფეროვნებას და ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულების მაღალ ხარისხს შემოტანილ პროდუქციაზე.
უმსხვილეს საიმპორტო ათეულში პირველ ადგილს მთელი საანალიზო პერიოდის მანძილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები სასაქონლო ჯგუფი იკავებს. მისმა ღირებულებამ 2011 წელს 911.0 მლნ. აშშ დოლარი და მთლიანი იმპორტის 12.9 პროცენტი შეადგინა. 2000-2011 წლებში მოცემული სასაქონლო ჯგუფის საშუალო წლიური წილი მთლიან იმპორტში 11.6 პროცენტია.
მეორე უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფია მსუბუქი ავტომობილები. ეს საქონელი მეორე ადგილს 2004 წლიდან იკავებს. 2011 წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 510.5 მლნ. აშშ დოლარი და მთლიანი იმპორტის 7.2 პროცენტი შეადგინა. 2008 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 27.8 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2010 წლის მაჩვენებელს 27.1 პროცენტით აღემატება.
2009-2011 წლებში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების 60 პროცენტზე მეტი ექსპლუატაციაში ნამყოფია.
2011 წელს იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების 61.8 პროცენტი მოდიოდა შემდეგ საავტომობილო მარკებზე: “ტოიოტა” – 26.0 პროცენტი, “მერსედეს-ბენცი” – 21.6 პროცენტი, “BMW” – 7.2 პროცენტი და “ოპელი” – 7.1 პროცენტი (დიაგრამა #4).
ძირითადი ქვეყნები, საიდანაც ხორციელდებოდა იმპორტი 2011 წელს იყვნენ იაპონია, აშშ და გერმანია. იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილების 67.9 პროცენტს, ბუნებრივია, წარმოადგენს “ტოიოტა”, 8.1 პროცენტს – “მიცუბიში”. აშშ-დან: 23.9 პროცენტს – “მერსედეს-ბენცი”, 13.0 პროცენტს – “ვოლკსვაგენი” და 12.4 პროცენტს – “BMW”. გერმანიიდან: 41.4 პროცენტს – “მერსედეს-ბენცი”, 20.9 პროცენტს – “ოპელი” და 10.0 პროცენტს – “BMW”.
2006 წლიდან მესამე ადგილს ნავთობის აირები იკავებს, გამონაკლისი იყო 2010 წელი, როცა ამ პოზიციაზე სამკურნალო საშუალებების იმპორტი დაფიქსირდა. 2011 წელს ნავთობის აირების იმპორტმა, რომელშიც ძალიან დიდი წილი ბუნებრივ აირს უკავია, 236.6 მლნ. აშშ დოლარი და მთლიანი იმპორტის 3.4 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით ამ საქონლის იმპორტი 47.4 პროცენტით არის გაზრდილი. შემცირება ფიქსირდება მხოლოდ 2007 წელთან შედარებით 19.5 პროცენტით.
იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში განსაკუთრებით გაზრდილია შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციების სასაქონლო ჯგუფის იმპორტი და 2011 წელს 102.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით ამ საქონლის იმპორტი გაორმაგებულია, რაც დაკავშირებულია სამშენებლო პროცესების გააქტიურებასთან.
ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემების გაანალიზებამ გვიჩვენა, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობაში თვისებრივი გაუმჯობესების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. იმის გამო, რომ ჯერ კიდევ განუვითარებელია საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელი დარგები და საწარმოო ინფრასტრუქტურა, სუსტია შესაბამისი საბაზრო ინსტიტუტები და შედარებით მწირია საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გამოცდილება, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის რეალიზებაში სერიოზული პრობლემები წარმოიშობა. ადგილობრივ წარმოებას უჭირს ახალ ეკონომიკურ სიტუაციასთან შეგუება, იგი ვერ აკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვნას, ამიტომ იმპორტზე მოსახლეობის დამოკიდებულება მაღალია. ექსპორტის ჩამორჩენა იმით აიხსნება, რომ ეროვნული ნაწარმი, განსაკუთრებით შრომატევადი პროდუქცია, დაბალკონკურენტუნარიანია საგარეო ბაზარზე. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში შეიმჩნევა დადებითი ტენდენციები, რაც იმაში გამოიხატება, რომ საქართველოს საექსპორტო პოტენციალში გამოიკვეთა პრიორიტეტული პროდუქცია, რომელიც ხელშემწყობი ეკონომიკური და სავაჭრო პოლიტიკის პირობებში მნიშვნელოვნად გაზრდის ექსპორტის მოცულობას და შესაბამისად სახელმწიფო შემოსავლებსაც.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. გელაშვილი ს. ეკონომიკური პროცესების სტატისტიკური პროგნოზირება. სახელმძღვანელო, თბ., 2012;
2. გელაშვილი ს. მოვლენათა დინამიკის სტატისტიკური პროგნოზირების მეთოდოლოგიური საკითხები. თბ., 2005;
3. Wilson, J. H. and Keating, B. Business Forecasting. Sixth Edition. McGraw Hill, Boston, 2009;
4. გაბიძაშვილი ბ. სტატისტიკის თეორია. თბ., 2005;
5. გელაშვილი ს. სტატისტიკური მოდელირება და პროგნოზირება. ლექსიკონი. თბ., 1998;
6.www.geostat.ge