საქართველოს მთავრობის უმუშევრობასთან ბრძოლის საიდუმლო
მაკა ღანიაშვილი
ეკონომიკის ზრდა-გავითარებისაკენ მიმართული აქტივობები, უპირველესად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება” გლობალური კრიზისისა და მსოფლიო რეცესიის შედეგად, მრავალი ეკონომიკური პრობლემაა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ ეკონომიკური აღმავლობა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
როგორია მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგები და მისი გავლენა ქართულ ეკონომიკაზე?
კვლავ შემოვა თუ არა უცხოური ინვესტიციები?
როგორია საქართველოს საექსპორტო პოტენციალი და როგორ დაეხმარება ექსპორტს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან არსებული ექსპორტის ხელშეწყობისAდეპარტამენტი? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ეკონომიკური გავითარების მინისტრი ლაშა ჟვანია.
– ბატონო ლაშა, ზოგად თემებზე საუბრით დავიწყოთ და მოკლედ მიმოვიხილოთ სამოქმედო გეგმა, რომლის გაწერაც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ყველა სამინისტროს დაავალა. რა იქნება უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი სამოქმედო არეალი და პრიორიტეტები?
– მსოფლიო ეკონომიკური და ფინანსური რეცესია, რომელიც საკრედიტო კრიზისით გამოიხატება, საფრთხეს უქმნის ეკონომიკის მრავალ დარგს. პირველ რიგში, სამშენებლო სფეროს, გარდა ამისა, მომხმარებლის მიერ კრედიტის მიუღებლობის შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის საქონელზე სავაჭრო ბრუნვის კლებას ლოგიკურად მოყვება დიდსა და მცირე კომპანიებში სამუშაო ადგილების შემცირება, რაც პირდაპირ აისახება, როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ისევე მრავალი შრომისუნარიანი ადამიანის შემოსავალსა და ოჯახზე, რაც საკითხს უფრო დრამატულს ხდის. ამიტომ ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისაკენ მიმართული აქტივობები, უპირველეს ყოვლისა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება.
აუცილებელიაMმაქსიმალურად შევქმნათ სამუშაო ადგილები და დავიცვათ სახელფასო ბალანსი, რათა ჩვენს მოქალაქეს ღირსეული შემოსავალი ქონდეს.
უნდა ითქვას, რომ დიდი დარტყმა ადგება ექსპორტს. საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში უარყოფითი სალდო 3 მილიარდს შეადგენს. ეს მიუთითებს მასზე, რომ ჩვენ ვართ მომხმარებელი Dდა არა მწარმოებელი ხალხი, რაც ეკონომიკასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე აისახება. რა თქმა უნდა, წინსვლისა და ადგილობრივი ბაზრის ათვისების პოტენციალი გვაქვს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში, მაგრამ იგი არაა ერთადერთი დარგი, რომელიც შეიძლება საქართველოში გავითარდეს. Aამ ქვეყანაში მეტად პროდუქტიული ინტელექტუალური პოტენციალია, რისი ექსპორტიც მნიშვნელოვანია ენერგორესურსების (ნავთობისა და აირის) არმქონე ქვეყნისთვის; ჩვენ შეიძლება ვერ შევქმნათ მსოფლიო ბაზრის მომცველი წარმოებები და მულტინაციონალური კორპორაციები, სამაგიეროდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ინტელექტუალური პოტენციალი, ავითვისოთ შიდა ბაზარი და სხვა.
– ექსპორტის განვითარებისათვის უნდა გამოვიყენოთ ის უპირატესობა, რომ გვაქვს კარგი პრეფერენციული სისტემა, GSP+, რითაც ჩვენთან წარმოებული 7�200 დასახელების პროდუქცია სარგებლობს ევროკავშირის, ნორვეგიის, შევეიცარიის, აშშ-ის, კანადისა და იაპონიის ბაზრებზე, რაც ხელს უწყობს ჩვენი პროდუქტის სატარიფო კონკურენტუნარიანობას, მაგრამ ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული მკაცრი მოთხოვნებიც არსებობს.
– უსაფრთხო პროდუქციის წარმოებისა და მისი ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრებისათვის საჭიროა შეიქმნას ლაბორატორიები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატის გაცემას შეძლებენ. ამ მიმართულებით ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ და, იმედია, 2010 წლისთვის მზად ვიქნებით ქართული პროდუქცია შესაბამისი სერთიფიკატით შევიდეს ჩამოთვლილი ქვეყნების ბაზრებზე.
– თქვენი სამინისტროს სხვა პრიორიტეტებზე რას გვეტყვით?
– ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მართალია ამ სამსახურს კორუფციული მექანიზმი ყოველთვის ახლავს, მაგრამ ეს ფაქტორი არ არის დამაბრკოლებელი მისი აღდგენისათვის. უბრალოდ, აუცილებელია ზუსტად გაწერილი და რეგლამენტირებული უფლება-მოსილებები და მოვალეობები. ანტიმონოპოლიური სამსახური შედეგს გამოიღებს სწორი კონტროლის მექანიზმების შემუშავების შემთხვევაში.
ეს ყველაფერი კანონმდებლებთან მუშაობის შედეგად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ, მე ვთვლი, რომ პარლამენტი მზად არის აქტიურად იმსჯელოს ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენაზე. ჩემს მოსაზრებებსა და პრიორიტეტებს წარვუდგენ მთავრობას, რომელიც გადაწყვეტს ამ საკითხის აქტუალობას. ხოლო კანონიდან გამომდინარე, კარგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შედგენის შემთხვევაში, მივიღებთ ნამდვილად არაკორუმპირებულსა და ეფექტიან სამსახურს.
– რა იქნება იმის გარანტი, რომ ახალი ანტიმონოპოლიური სამსახური არ იქნება კორუფციის წყარო ქვეყანაში?
– ზუსტად უნდა გაიწეროს უფლება-მოვალეობები, რომლებსაც ანტიმონოპოლიური სამსახური ვერ უნდა სცდებოდეს, რადგან მკაცრად რეგლამენტირებული მუშაობა კორუფციულ ელემენტებს გამორიცხავს. ამასთანავე, ამ სამსახურის პერსონალს უნდა ჰქონდეს მაღალი სახელფასო ანაზღაურება და არსებობდეს მასზე კონტროლის სხვა მექანიზმებიც.
დამოუკიდებელი ორგანოებისგან განსხავევბით, ანტიმონოპოლიური სამსახური შეიძლება ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდეს, რადგან სახელმწიფოს ინტერესია აკონტროლოს ბაზარი ისე, რომ არ შეიქმნას მონოპოლიები, რასაც იგი მაინც ქმნის და სახელმწიფოს როლი და გავლენა ამ შემთხვევაში სუსტდება, მაგრამ მონოპოლია უნდა აღიკვეთოს სტრატეგიული დანიშნულების დარგებში, მას კი ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა აკონტროლებდეს.
– ექსპორტის მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ აქტივობებზე რას იტყვით?
– ექსპორტის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. საწარმოების შექმნითა და ინოვაციებით, თუნდაც სოფლის მეურნეობის დარგში იაფი კრედიტების გაცემით თავიდან უნდა ავიცილოთ ის დარტყმა, რაც ჩვენმა ექსპორტმა 2009 წლის მანძილზე შეიძლება მიიღოს.
– “იაფი კრედიტების” პროგრამა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგს ეხება?
– არამარტო მას, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც მის გავითარებას მოხმარდება. აუცილებლად უნდა შევქმნათ გადამამუშავებელი ქარხნები და საწარმოები, რათა არ გვქონდეს ორიენტირი მხოლოდ სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტის (ვაშლი, თხილი, პომიდორი, კიტრი და სხვა) ექსპორტზე; სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტისგან სხვა პროდუქტის შექმნაც უნდა ვცადოთ.
გადამამუშავებელ მრეწველობას, რა თქმა უნდა, დამატებითი დადებითი მხარეები აქვს: როცა იქმნება გადამუშავებული პროდუქტი, მოთხოვნა ჩნდება სოფლის მეურნეობის პირველად პროდუქტზე, ასე რომ, გლეხსა და ფერმერს საქმე უჩნდება, საექსპორტო პროდუქტს შეფუთვა ესაჭიროება, ყველაფერი ეს ტექნოლოგიებს მოითხოვს და ა.შ. ამას მოყვება დამატებით სამუშაო ადგილებიც. სწორედ ეს არის ეკონომიკის ერთ მექანიზმად მუშაობა. ამისათვის გვაქვს პრიორიტეტი და “იაფი კრედიტების” ფარგლებში გაცემული თანხები, ძირითადად, გადამამუშავებელი მრეწველობის გავითარებას მოხმარდება.
– რა თანხაა გამოყოფილი “იაფი კრედიტის” პროგრამისთვის?
– ოცი მილიონი ლარი ერთი წლის განმავლობაში. ძალიან მცირე თანხაა, მაგრამ ეს ციფრი ისევე შეიძლება გაიზარდოს, როგორც შარშან, დავუშვათ, პრივატიზაციიდან ან პრეზიდენტის ინციატივით გაყიდული რამდენიმე რეზიდენციით შემოსული თანხის გარკვეული ნაწილით.
– რა ფუნქცია ექნება ახლახან შექმნილ ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტმენტს?
– ჩვენს ფერმერებს და მეწარმეებს განსაკუთრებით რეგიონებში, აქვთ ინფორმაციის მიღების პრობლემა, რაც დაკავშირებულია ინტერნეტის მოხმარების დაბალ დონესთან. გარდა ამისა, არსებობს კომუნიკაციის პრობლემა, ანუ ენობრივი ბარიერი. რუსული ბაზარი ჩვენთვის დაკეტილია, საჭირო ხდება უცხო ენების ცოდნა, რათა მეწარმეებმა პოტენციური პარტნიორების გამონახვა შეძლონ, თუნდაც იმ ქვეყნებში, სადაც პრეფერენციული GSP+-ის სქემა მოქმედებს, ამიტომ საწყის ეტაპზე აუცილებელია მეწარმეებისათვის თანაშემწის ფუნქცია სახელმწიფომ შეასრულოს, მოიპოვოს ინფორმაცია პოტენციური ბაზრების შესახებ და მიაწოდოს ჩვენს ფერმერებს. ასევე, დაინტერესებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს კონტაქტების დამყარებაში. იგი იქნება მეწარმეების დამხმარე ხელი.
დასაწყისისთვის, შევქმენით 7 კაციანი დეპარტამენტი, თანამშრომელთა რაოდენობა დეპარტამენტისადმი დაინტერესების ზრდის მიხედვით მოიმატებს. ვფიქრობ, მოთხოვნა იქნება დეპარტამენტის არა მარტო გაზრდაზე, არამედ მის ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებაზეც, რადგან მეწარმეების გააქტიურების შემთხვევაში, ორგანო, რომელიც ექსპორტის ხელშეწყობით იქნება დაკავებული, საწარმოებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან უნდა დაკომპლექტდეს. რადგან ამ სფეროში მეწარმეცა და სახელმწიფოც თანაბრად დაინტერესებული მხარეები არიან.
სახელმწიფოს კი, ინფორმაციის მოგროვებისათვის, საერთაშორისო ბაზრებზე ხელი მიუწვდება.
– უფასო იქნება მეწარმეებისათვის ეს საინფორმაციო ბაზა?
– იგი მეწარმეებს უფასოდ მოემსახურება, სანამ დეპარტამენრტის სახით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში იარსებებს.
შემდეგ, ვფიქრობ, ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, რომელსაც შეეძლება მეწარმეებთან კომერციულ საკითხებზეც ითანაშრომლოს. ასეთ შემთხვევაში იგი მხოლოდ მეწარმეებით დაკომპლექტდება.
– დეპარტამენტის შექმნისას თუ სარგებლობთ რომელიმე ქვეყნის ანალოგიური გამოცდილებით?
– რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი სტრუქტურა, მაგრამ განსაკუთრებით კარგად განვითარებულია ესტონეთში; ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს ისრაელსაც, რომელიც ძალიან პატარა სახელმწიფოა. მისი საქართველოზე 3-ჯერ ნაკლები ტერიტორიის 60% უდაბნოა, მიუხედავად ამისა, საკუთარ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტსაც ახდენს. ჩემი სურვილია არსებული გამოცდილება გადმოვიტანო. ამ ყველაფერს კი სახელმწიფოს მხარდაჭერა ესაჭიროება.
– თქვენს სამინისტროში, სახელშეკრულებო ვალდებულებათა დეპარტამენტიც შეიქმნა.
– დღევანდელობიდან გამომდინარე ამ დეპარტამენტის შექმნაც აუცილებელია. ადრე სამინისტროში, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის საწარმოებლად მხოლოდ 2 კაცი იყო დაკავებული. ამ დროს, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსების მოზიდვისათვის ხელშეკრულებათა შესრულების მონიტორინგი და ინვესტორებისათვის ვალდებულებების შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესების კონტროლს სახელმწიფოსა და ჩვენ სამინისტროს კანონი ავალებს.
– ინვესტორის მიერ ვადების გადაცილების შემთხვევაში, დასჯის რა მექანიზმებს გამოიყენებთ?
– ამ პირობებს კონტრაქტებიცა და ქართული კანონმდებლობაც ითვალისწინებს. მაგრამ იგი მონიტორინგის დეპარტამენტია და არა სადამსჯელო ორგანიზაცია და, უპირველეს ყოვლისა, ინვესტიციების ხელშეწყობისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის შეიქმნა. ბევრმა ინვესტორმა მისგან დამოუკიდბელი მიზეზების გამო, შეიძლება დროულად ვერ შეასრულოს ვალდებულებები. მაგალითად, რუსეთის სამხედრო აგრესიის, “ეკონომიკური კრიზისისა” და სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრი ბანკი და ინვესტორი კრედიტს ვერ იძლევა და მოვალეობას ვერ ასრულებს. ამიტომ სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ყველა ამ ფაქტორს შეისწავლის, ამის შემდეგ ხშირად გარკვეულ გადავადებებსაც ახორციელებს – ეხმარება მათ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ 2009 წლისთვის დაგეგმილი გადასახადები მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიუჯეტში შემოსავლები დაიკლებს და ჩვენს ეკონომიკაში დამატებითი ინექციები ვერ განხორციელდება.
– ბატონო ლაშა, დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება?
– ინვესტიციების მოზიდვა არის ის კონკრეტული პროგრამა და პრიორიტეტი, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს გვპირდება. 1 მილიონის ინვესტიცია ნიშნავს 50 სამუშაო ადგილს, შესაბამისად, რამდენით მეტ მილიონსაც მოვიზიდავთ ქვეყანაში, იმდენით მეტი ადამიანი დასაქმდება. ეს არის ერთი რასაც გლობალურად შეგვიძლია შევუწყოთ ხელი, მეორეა სახელმწიფოს მიერ განახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა გზების დაგება, საირიგაციო სამუშაოები და სხვა.
სხვათა შორის, საირიგაციო პრობლემების მოგვარება ქვეყნისათვის ძალიან საჭიროა, რადგან თუ ჩვენ გლეხს მხოლოდ ტრაქტორს და გვარჯილას მივცემთ და ნაკვეთთან წყალს არ მივუყვანთ, რად უნდა შენი ტრაქტორი და გვარჯილა? ამიტომ საირიგაციო სამუშაოებისათვის 160 მილიონია გამოყოფილი და ბევრ ნაკვეთთან და ფერმასთან წყალს სახელმწიფო მიიყვანს.