თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მოლოდინში
მაკა ღანიაშვილი
საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ვექტორი რამდენიმე საბაზო მიზანზე გადის, პირველ რიგში კი, ცხადია, “ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებაზე. “ნატოში” გაწევრიანება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, ასევეა ევროკავშირში გაერთიანების საკითხიც. მაგრამ ევროპას არ სურს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირისა და პარტნიორის ბოლომდე დათმობა. ამიტომ “ევროკავშირმა” შექმნა სპეციალური პროგრამა საქართველოსათვის და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნისათვის, რათა ისინი რუსეთის გავლენას ჩამოაშორონ.
ეს არის ასოცირებული წევრობის სპეციალური სტატუსი. ამ სტატუსის მისაღწევად შეიქმნა ახალი გზა, ევროკავშირის თავისებური “მაპი”. საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულებაზე. მის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებები გამოხატულია ე.წ. თემატურ პლატფორმებში. ეს თემატური პლატფორმები მოიცავს ისეთ სფეროებს: როგორიცაა ენერგეტიკა, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, მიგრაციის საკითხები და ასე შემდეგ. შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, რომელიც ევროკავშირმა რამდენიმე კვირის წინ ექვს ქვეყანასთან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა და მოლდოვა) გააფორმა, ითვალისწინებს ევროკავშირისა და ამ ქვეყნებს შორის ღრმა ეკონომიკურ დაახლოებასაც.
საქართველო სარგებლობს ევროკავშირის მიერ მინიჭებული განზოგადებული პრეფერენციების გაფართოებული სისტემით, ანუ GSP+-ით. იგი ითვალისწინებს ქართული ექსპორტის თითქმის უტარიფო დაშვებას ევროკავშირის ბაზარზე. მომავლისათვის კი ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. ყოვლისმომცველი ნიშნავს ვაჭრობის ფართო სპექტრს, ანუ, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქონლისა და მომსახურების ცალკეული ჯგუფებით. ღრმა კი იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ტარიფების შემცირების გარდა გაითვალისწინებს არასატარიფო ბარიერების შემცირებას და ვაჭრობასთან დაკავშირებული სფეროების რეგულირების დაახლოებას.
მაგრამ აქამდე საქართველოს შორი გზა აქვს გასავლელი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრეულების გასაფორმებლად კი არა, მოლაპარაკებების დასაწყებადაც არ არის მზად. რა აუცილებელი პირობები აქვს საქართველოს მთავრობას შესასრულებელი იმისათვის, რომ ევროკავშირმა მოლაპარაკებები დაიწყოს ჩვენს ქვეყანასთან? ამ თემაზე პოლიტიკისა და სამართლის ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.
ს.ე. – ბატონო კახა, რა სტადიაზეა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები? ცნობილია რომ ეს მოლაპარაკებები მაისში უნდა დაწყებულიყო?
კ.გ. – მართალია, ასე იყო დაგეგმილი, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები იმაზე, თუ რამდენად არის მზად საქართველო ინტენსიური მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად. ეს გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობისა და მარეგულირებელი ინსტიტუტების შესაბამისობას იმ პრინციპებთან, რაც მოლაპარაკებების დასაწყებადაა საჭირო. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არის საქართველოს მთავრობა და მისი სტრუქტურები მზად საამისოდ. საკმარისი არაა უბრალოდ იმის ცოდნა, თუ როგორ აწარმოო მოლაპარაკებები. საჭიროა ღრმა ცოდნა საკუთარ ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა. უნდა იცოდე, რა განსხვავებაა საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ პრინციპებსა და კანონებს შორის, რადგან მოლაპარაკებების პროცესში მთავრობა და მისი სტრუქტურები უნდა ხედავდნენ, რამდენად შესაძლებელია სხვადასხვა სახის ვალდებულებების აღება და მათი რეალურად გადაწყვეტა დადგენილ ვადებში.
ს.ე. – როდისაა მოსალოდნელი მოლაპარაკებების დაწყება?
კ.გ. – ძნელი სათქმელია. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მალე დაიწყება მოლაპარაკებები თუ არა. დასრულებული არ არის შეფასებებისა და კონსულტაციების პროცესი. ასე რომ, პროგნოზის გაკეთება რთულია. ევროკავშირს უბრალოდ აქვს ნათქვამი, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი საქართველოსთან დაიდოს მსგავსი ხელშეკრულება. მაგრამ მან მტკიცედ თქვა ისიც, რომ ეს ხელშეკრულება უნდა დაიდოს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველო ამისთვის მზად იქნება.
ს.ე. – რა არის ის მთავარი მოთხოვნები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს მოლაპარაკებების ეტაპამდე მისასვლელად?
კ.გ. – იმ მისიამ, რომელიც საქართველოში ევროკავშირიდან იყო ჩამოსული ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე, შეისწავლა ეს სფეროები და წარმოადგინა დასკვნები. მოლაპარაკებების დასაწყებად აუცილებელია საქართველომ გაითვალისწინოს მათი დირექტივები და შენიშვნები და გამოასწოროს სიტუაცია. უნდა მოხდეს წინსვლა კანონმდებლობისა და ინსტიტუტციონალური მშენებლობის თვალსაზრისით. ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებად განიხილება ტექნიკური რეგლამენტები. საქართველოში უნდა აეწყოს სისტემა მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აუცილებელია სამრეწველო საქონელზე ტექნიკური რეგლამენტების დაწესება. უნდა გვქონდეს სტანდარტების ისეთი განვითარებული სისტემა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება; ასევე, კონკურენციის სფერო უნდა იყოს რეგულირებადი. ამაზე იყო შენიშვნები ევროკავშირის მხრიდან. უნდა არსებობდეს ინსტიტუტი, რომელიც კონკურენციის საკითხებს დაარეგულირებს.
მნიშვნელოვან სფეროდ განიხილება ასევე ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. საკანონმდებლო თვალსაზრისით აქ საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სახელმწიფოს სჭირდება ქმედითი სტრუქტურები და ინსტიტუტები, რომლებიც მოახდენენ ამ კანონების იმპლემენტაციას. მაგალითად, იმისათვის, რომ სათანადო დონეზე აწარმოონ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავები, სასამართლოები უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი კადრებითა და სპეციალისტებით. ასევე, პოლიციას ინტელექტუალურ საკთრებასთან დაკავშირებით უნდა ქონდეს მოკვლევის უფლებები; საბაჟოზე უნდა იყოს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც აქტიურად შეამოწმებენ ინტელექტუალურ საკუთრებას და დაიცავენ. ასევე, შესაბამისი დონე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტატისტიკაში და ასე შემდეგ… უნდა არსებობდეს მრავალი ინსტიტუტი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს არამარტო კანონების არსებობას, არამედ მათ იმპლემენტაციას.
ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც ევროკავშირი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს, არის სანიტარია და ფიტოსანიტარია. საუბარია სურსათის უვნებლობაზე. აქ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლი, რომელიც უნდა ტარდებოდეს როგორც იმპორტირებულ პროდუქციის ხარისხის და უვნებლობის შემოწმებისას, ასევე ადგილობრივი ნაწარმის შემთხვევაში.
ს.ე. – შენიშვნები, ალბათ, შრომის კოდექსთან დაკავშირებითაც არის.
კ.გ. – რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების პროცესზე ადრე თუ გვიან გავლენას შრომის კოდექსთან დაკავშირებული საკითხებიც იქონიებს. მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მკაცრად არ მახვილდება ყურადღება მასზე. ეს საკითხი არის მათ კონდიციებში ნახსენები, მაგრამ პირველ ეტაპზე ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი სფეროა მთავარი და ძირითადი, რომელსაც მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს. მთლიანობაში კი, მოლაპარაკებების პროცესის დასრულებამდე მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოვიდეს სრულ თანხვედრაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებთან.
ს.ე. – გასაგებია, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ რას მოუტანს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოს?
კ.გ. – ეს იქნება ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. საექსპორტო მიმართულებით საქართველოს გაეხსნება ძალიან დიდი პოტენციალი. ბევრად უფრო გაადვილდება საქართველოდან ნებისმიერი სახის პროდუქტის ექსპორტი ევროკავშირში. ჩვენ ვიცით, რომ ვაჭრობაში ძირითადი ბარიერები არის არა ტარიფები, ისინი ევროკავშირს საკმაოდ დაბალი აქვს. დაბრკოლებებს პროდუქტისათვის უფრო მეტად ქმნის არასატარიფო, ტექნიკური ბარიერები. ტექნიკური ბარიერები კი იმის გამო იქმნება, რომ ერთი ქვეყნის სტანდარტები და საკანონმდებლო გარემო განსხვავდება მეორესგან და ამის გამო ძალიან რთულდება საქონლის შეღწევა ბაზარზე. აქ, პირველ რიგში, საუბარია ტექნიკურ რეგლამენტებზე. მაგრამ თუ ტექნიკური რეგლამენტები იქნა ჰარმონიზებული ევროკავშირთან, უკვე შესაძლებელი იქნება შეთანხმების დადება ხარისხის შესაბამისობის შეფასების სისტემების ურთიერთცნობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემულ ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატებს ავტომატურად აღიარებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. ამის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია.
ს.ე. – აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნებთანაც თუ ხდება მსგავსი შეთანხმების გაფორმება?
კ.გ. – აღმოსავლეთ პარტნიორობა გულისხმობს არამარტო ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, არამედ ამ ქვეყნების ერთმანეთთან დაახლოება-ინტეგრაციასაც და, საბოლოო ჯამში, მათ ევროპეიზაციას. ეს პირველ რიგში, გულისხმობს ევროპულთან ჰარმონიზებული საბაზრო და ეკონომიკური ინსტიტუტების შემოღებას. მნიშვნელოვანია ერთიანი სამეზობლო ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება. ამისათვის არსებობს ორი გზა. პირველი – შეიძლება ერთიანი ეკონომიკური სივრცე ამ ქვეყნებს შორის (ვთქვათ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას შორის) უფრო ადრე ჩამოყალიბდეს და მის შიგნით მოხდეს ქვეყნების საკანონმდებლო ბაზის ერთმანეთთან დაახლოება და ვაჭრობისათვის ტექნიკური ბარიერების მოხსნა. ეს სივრცე შეიძლება მერე მთლიანად, ერთიანად შეუერთდეს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეს. მაგრამ არის მეორე გზაც, რომ ეს ქვეყნები ცალცალკე დაუახლოვდნენ ევროპულ ბაზარს. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ბევრი სამუშაოსი, რომელიც წინ გველოდება, ეს არ არის ფანტაზია და ამისი მიღწევა საქართველოსთვის აბსოლუტურად შესაძლებელია.
ს.ე. – საქართველოს თუ აქვს გაფორმებული მსგავსი შეთანხმება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” დანარჩენი 5 ქვეყნიდან რომელიმესთან?
კ.გ. – აქვს. მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ფორმდებოდა “გუამის ფარგლებში, მოლდოვასთან და უკრაინასთან. ცალკე შეთანხმება ქონდა საქართველოს სომხეთთან, ასევე დსთ-ს სხვადასხვა ქვეყანასთან. თუმცა რეალურად ამ ყველაფერს არ უმუშავია. თანაც არასოდეს ყოფილა საუბარი ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე. ამ ქვეყნებთან საუბარი მხოლოდ ტარიფების გაუქმებაზე იყო. ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი ტექნიკური ბარიერები არ არსებობს. გარდა ამისა, საქართველომ ცნო მრავალი ქვეყნის, მათ შორის დსთ-ს სახელმწიფოების და OECD-ს წევრი ქვეყნების სტანდარტები. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხური საქონელი, თუ მას გააჩნია სომხური სტანდარტი და აქვს შესაბამისი სერთიფიკატი, თავისუფლად შემოდის საქართველოში. მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ჩვენ მართლა ჰარმონიზებული სისტემები გვაქვს. უბრალოდ, ჩვენს ქვეყნებში ამის კონტროლი საკმაოდ დაბალ დონეზეა. თუმცა, ახლა უკრაინა დებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან ეს კონტროლი გაძლიერდება და როდესაც ეს ხელშეკრულება დაიდება, ქართული საქონლისათვის უკრაინის ბაზარზე შესვლა შეიძლება ისევე გართულდეს, როგორც ევროპულ ბაზარზე.
საქართველო გამოდის “ესენგეს ბაზრიდან და, შესაბამისად, იმ ორმხრივი ხელშეკრულებებიდან, რომელიც ამ სივრცის ფარგლებში არის გაფორმებული და, ბუნებრივია, რომ საქართველო ეძებს ახალ ბაზარს, ახალ ეკონომიკურ კავშირებს. ამიტომ ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს საქართველოს მთავრობა იმ კონდიციების მიღწევას, რომელის შესრულებასაც ევროკავშირი ჩვენგან მოითხოვს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასასვლელად. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის.