ეროვნულ ანგარიშთა სისტემისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ორიგინალური სახელმძღვანელო
ლეო ჩიქავა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გადაწყვეტილება 2008-2009 სასწავლო წლიდან ბაკალავრიატის სასწავლო გეგმაში ახალი კურსის – “ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (ეას)” – შეტანის შესახებ, ჩვენი აზრით, სავსებით სწორი ღონისძიებაა. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ ამ საგნით გათვალისწინებული პრობლემატიკის ცოდნას მოკლებული კურსდამთავრებული ისევე შეიძლება ჩაიკარგოს თანამედროვე საბაზრო ურთიერთობათა რთულ ლაბირინთებში, როგორც ოკეანეში უკომპასოდ შეცურებული გემი.
სტუდენტი ახალგაზრდობის მიერ ნებისმიერი სასწავლო დისციპლინის ათვისება კი, უწინარეს ყოვლისა და მნიშვნელოვანწილად, კარგად შედგენილი სახელმძღვანელოს არსებობაზეა დამოკიდებული. აი, ასე წარმოიშვა ეროვნული ანგარიშებისადმი მიძღვნილი სახელმძღვანელოს შექმნის იდეა. ეს ფრიად საპასუხისმგებლო და საშური მისია თავიანთ თავზე აიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ქეთევან მარშავამ და მაია მინდორაშვილმა. მათ მიერ მშობლიურ ენაზე გამოცემული პირველი ქართული ორიგინალური სახელმძღვანელო “ეროვნულ ანგარიშთა სისტემა. თეორია, პრაქტიკა, ანალიზი” (თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, მეცნიერ-რედაქტორი პროფ. რ. ასათიანი) სულ ახლახან მიიღო მკითხველმა. ნაშრომი რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ.
განსახილველი სახელმძღვანელო შედგება მეცნიერ-რედაქტორის წინათქმის, ავტორთა წინასიტყვაობის, 11 თავის, ეას-ში გამოყენებული ძირითადი ინგლისურ-ქართული ტერმინების, დანართისა და სარეკომენდაციო და გამოყენებული ლიტერატურისაგან. თითქმის ყველა თავს თან ერთვის კითხვები განმეორებისათვის, ტესტები, სავარჯიშოები, მაგალითები და ამოცანები.
სახელმძღვანელოს პირველი თავი ეძღვნება ეროვნული ანგარიშიანობის, როგორც საერთაშორისო სტატისტიკური მეთოდოლოგიის, საფუძვლის ახსნას. აქვეა განხილული ეას-ის არსი და კავშირი სხვა სასწავლო დისციპლინებთან, 1993 წელს მიღებული და ამჟამად მოქმედი ეას-ის მესამე ვარიანტის სტრუქტურა, მასში ასახული ინფორმაციის მთავარი ელემენტები, ამ სისტემის მონაცემების ძირითადი მომხმარებლები და ეას-ის ანალიზის პროცესში გამოყენებული მეთოდი.
მეორე თავი ეხება ეას-ის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, ამ სისტემის დანერგვის ძირითადი მიმართულებებისა და შინაარსის განმსაზღვრელ ფაქტორებს (გვ. 39-54).
მესამე თავში განმარტებულია ეროვნული ანგარიშიანობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები. ასეთია, მაგალითად, შიგა ეკონომიკა და ეროვნული ეკონომიკა, წარმოების საზღვრები ეას-ში, საბაზრო და არასაბაზრო წარმოება, ეკონომიკური ოპერაციების ცნება და დაჯგუფება ეას-ში (გვ. 55-75).
მეოთხე თავი მოიცავს ეკონომიკური საქმიანობის ძირითად დაჯგუფებებსა და კლასიფიკაციებს ეას-ში. სახელდობრ, ცალ-ცალკე პარაგრაფებადაა გამოყოფილი ინსტიტუციური ერთეულების, ეკონომიკური საქმიანობის სახეობათა, ეკონომიკური ოპერაციების, საქონლისა და მომსახურების, ინდივიდუალური მოხმარების, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ფუნქციების, გადასახადებისა და სუბსიდიების კლასიფიკაცია, ასევე, ეას-ის ძირითადი მაჩვენებლები (აგრეგატები) და მათ შორის ურთიერთკავშირი (გვ. 76-104).
მეხუთე თავში გაშუქებულია ეკონომიკური საქმიანობის შედეგების მაჩვენებელთა სისტემა და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგია ეას-ში. Uუფრო კონკრეტულად, ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ეას – ეკონომიკაზე დაკვირვების ინსტრუმენტი; ეკონომიკური ციკლის თეორია; ეკონომიკური საქმიანობის მაჩვენებელთა სისტემა და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგია ეას-ში; მთლიანი გამოშვება და შუალედური მოხმარება; მშპ-ის გაანგარიშების მეთოდები (გვ. 105-133).
მეექვსე თავში დახასიათებულია ეროვნული ანგარიშიანობის ძირითადი პრინციპები და მოცემულია ეას-ის ანგარიშების კლასიფიკაცია. ცალ-ცალკეა განხილული წარმოების, შემოსავლების ფორმირების, პირველადი შემოსავლების განაწილების, შემოსავლების გამოყენების, დაგროვების, კაპიტალის, ფინანსური, საქონლისა და მომსახურების ანგარიშები (გვ. 134-205).
მეშვიდე თავი ეძღვნება ინფორმაციის ძირითადი წყაროების მიმოხილვასა და ზოგად დახასიათებას. ასევე, პირველადი ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს (გვ. 204-220).
მერვე თავში დეტალურადაა განხილული საგადასახადო ბალანსის, როგორც მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის, მოკლე ისტორია, არსი, სტრუქტურა, საქონლის ექსპორტისა და იმპორტის შეფასება, მომსახურება, ფინანსური ანგარიში, პირდაპირი და პორტფელის ინვესტიციები, სარეზერვო აქტივები და სხვ. (გვ. 221-251).
მეცხრე თავია “დარგთაშორისი კავშირების ანალიზი ეას-ში”. ცალ-ცალკე პარაგრაფები ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დარგთაშორისი ბალანსის ზოგადი სქემა; საბაზისო ცხრილების მაჩვენებლების გაანგარიშება; დარგთაშორისი ბალანსის სახეობანი; დარგთაშორისი ბალანსების გამოყენების ძირითადი მიმართულებები (გვ. 179-307).
მეათე თავში გაშუქებულია ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის სტატისტიკის საკითხები: ზოგადი კონცეფცია და განსაზღვრა; აქტივების კლასიფიკაცია ეროვნულ სიმდიდრეში; ეროვნული სიმდიდრის სტატისტიკის სრულყოფის ცალკეული პრობლემები (გვ. 279-307).
უკანასკნელი – მეთერთმეტე თავი მიძღვნილია მთლიანი შიდა პროდუქტისა და ვალუტის მსყიდველობითი უნარის პარიტეტების საერთაშორისო შედარებებისადმი. ცალ-ცალკეა განხილული ამ პრობლემის შემდეგი საკითხები: ვალუტის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის არსი; გაანგარიშების მეთოდები; ასევე, ცალკეული სპეციალური პრობლემები (გვ. 308-335).
საკითხთა ესოდენ ფართო წრის თანამედროვე მოთხოვნების დონეზე განხილვა-გაშუქება და დახვეწილი სასწავლო მასალის სახით სტუდენტი ახალგაზრდობისათვის (და არამარტო მათთვის) მიწოდება დიდი დილემის წინაშე აყენებდა სახელმძღვანელოს ავტორებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმძღვანელოს შედგენას, ღრმა თეორიულ მომზადებასა და მაღალ საერთო ინტელექტთან ერთად, პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება სჭირდება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მათ საკმარისად აღმოაჩნდათ ყველა ეს აუცილებელი კომპონენტი, შესანიშნავად გაართვეს თავი ამ რთულ დილემას და ეას-ზე სახელმძღვანელოს მომზადებით ფრიად სასარგებლო საქმე გააკეთეს.
ამ სტრიქონების მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო სახელმძღვანელოს კიდევ რამდენიმე დადებით ასპექტზე:
– როგორც ირკვევა, სახელმძღვანელოს ავტორები კარგად იცნობენ და სათანადოდ იყენებენ კიდეც ეას-ის პრობლემის გარშემო ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე არსებულ ლიტერატურულ წყაროებს, საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს ეროვნული ანგარიშებისა და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს;
– ავტორებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ის, რომ თანამედროვე ეტაპზე სტატისტიკური აღრიცხვის პრაქტიკაში მყარად აპრობირებული მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა (ანგარიშთა) სისტემა ქვეყნის ეკონომიკის სიღრმისეული შესწავლის უნივერსალურ მეთოდს წარმოადგენს და, ამასთან ერთად, გლობალიზაციასთან დაკავშირებით, ეროვნული ეკონომიკის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების საფუძველიც არის;
– ეას-ის, როგორც სასწავლო დისციპლინის, საკითხები სახელმძღვანელოში განხილულია ლოგიკური თანმიმდევრობით, სისტემური მიდგომით, ურთიერთკავშირში, ურთიერთგანპირობებულობასა და გლობალიზაციის პრიზმაში.
ავტორთა მართებული დასკვნით, გლობალიზაციის პირობებში სტატისტიკის ერთიან საერთაშორისო მეთოდოლოგიაზე გადასვლა სხვადასხვა ქვეყნისათვის შესანიშნავი საშუალებაა უტყუარი, შესადარისი და ყველასათვის გასაგები ინფორმაციის მისაღებად. ამასთანავე, ეროვნული სტატისტიკური სამსახურების ცალკეული თავისებურებანი არ არღვევს საერთაშორისო მეთოდოლოგიური პრინციპების ერთიანობას.
– სტუდენტთა მიერ ეას-ის კურსის საფუძვლიანად შესწავლას ხელს შეუწყობს და რამდენადმე გააადვილებს ის, რომ, ჯერ ერთი, იგი სრულიად ესადაგება ამ სასწავლო დისციპლინის შესაბამისი სტრუქტურების მიერ აპრობირებულ პროგრამას; მეორე, როგორც აღვნიშნეთ, თითქმის ყველა თავს ერთვის ავტორთა მიერ თავიანთი პედაგოგიური ოსტატობის მომარჯვებით შედგენილი კითხვები განვლილი მასალის განმეორებისათვის, ტესტები, სავარჯიშოები, ამოცანები და მაგალითები; მესამე, თეორიულ მსჯელობათა საილუსტრაციოდ გამოყენებულია მნიშვნელოვანწილად საქართველოს ფაქტობრივი მონაცემები. საქართველოსთან მიმართებაში ზოგიერთი საკითხი ცალკე პარაგრაფადაა გამოყოფილი. ასეთია, მაგალითად, “ეროვნული ანგარიშიანობის დანერგვის ძირითადი ეტაპები საქართველოში”; და მეოთხე, ნაშრომი გამართულია ენობრივად და ფორმულირებები დახვეწილია სტილისტურად, რაც სახელმძღვანელოს ტექსტს ადვილად აღსაქმელსა და გასაგებს ხდის.
აღნიშნულ და სხვა დადებით მხარეებთან ერთად, სარეცენზიო ნაშრომის ტექსტშიHშეიმჩნევა ცალკეული ხარვეზებიც. შევეხები ზოგიერთ მათგანს.
1. სახელმძღვანელოს 89-ე გვერდზე ვკითხულობთ: “ეროვნული შემოსავალი განსხვავდება შიდა პროდუქტისაგან საზღვარგარეთიდან მიღებული და საზღვარგარეთ გადაცემული პირველადი შემოსავლების სალდოს სიდიდით”.
ჩვენი აზრით, ასეთი განსხვავებაა არა ეროვნულ შემოსავალსა და მშპ-ს შორის, არამედ მეპ-სა და მშპ-ს შორის, როგორცFეს ამავე სახელმძღვანელოს სხვა გვერდებზე სწორადაა აღნიშნული.
2. სახელმძღვანელოს 106-ე გვერდზე გაიგივებულია ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის საერთო შედეგები და ქვეყნის მთლიანი ეკონომიკური პოტენციალი, მაშინ როდესაც ისინი განსხვავებული მაჩვენებლებია. პირველი რეალურ (ფაქტობრივ) შედეგს ასახავს, ხოლო მეორე – შესაძლებლობას, რომელიც რეალობად ჯერ არ არის ქცეული.
3. 119-ე გვერდზე მოცემული მსჯელობით, საწარმოს, დარგის, სექტორის დონეზე მშპ-ს შეესაბამება მაჩვენებელი – მთლიანი დამატებული ღირებულება.
ეს უკანასკნელი ხომ, როგორც თვით ამ სახელმძღვანელოს 44-ე და სხვა გვერდებზე მართებულადაა აღნიშნული, ეროვნულ შემოსავალს წარმოადგენს. გამოდის, რომ მშპ და ეროვნული შემოსავალი იდენტური მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია. ასეთ დასკვნას კი, დარწმუნებული ვარ, სახელმძღვანელოს ესოდენ მაღალკვალიფიციური ავტორები არ გაიზიარებენ და მართლებიც იქნებიან.
სხვა უზუსტობებისა და გაუმართავი ადგილების თაობაზე ჩვენი შენიშვნები და მოსაზრებები ავტორებს პირად საუბარში გავაცანი, რომლებსაც, თუ საჭიროდ ჩათვლიან, მეორე გამოცემაში გაითვალისწინებენ.
დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ის დიდი სიამოვნება, რაც ამ სახელმძღვანელოს გულდასმით გაცნობამ მომანიჭა. იგი ქართული ეკონომიკური სასწავლო ლიტერატურის ჭეშმარიტად საუკეთესო შენაძენია.