უმაღლესი ეკონომიკური განათლების პრობლემები
ნინო არველაძე
მომავალი წლიდან უმაღლესი და საშუალო განათლების სამინისტრო უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის არსებულ წესს აუქმებს და დამოუკიდებლად ქმნის უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების სამსახურს და პროგრამული აკრედიტაცის ეროვნულ სააგენტოს. სწორედ ამ უკანასკნელის კომპეტენციაში შევა ეროვნული სისტემის სწავლის ხარისხის დაახლოება დასავლურთან და ამიტომ დასავლეთელი ექსპერტების ხელშეწყობით განათლების სამინისტრო ამ ცვლილებისათვის ემზადება. მაინც რა შეიცვლება განათლების სისტემაში და კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომისტების მომზადების საქმეში?
საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმა მეორე ფაზაში შედის. ის ტოტალური პროგრამული აკრედიტაციისათვის ემზადება. ეს მეტად გადამწყვეტი მომენტია, როცა ორგანიზაციული რეფორმირების შემდგომ ხარისხობრივი სრულყოფისა და პროგრამულად ევროპულ სასწავლებლებთან დაახლოების ეტაპი დგება. ბევრი ჩვენთაგანი შეწუხებულია სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო, რომელიც დღესაც გრძელდება. ამ მხრივ გასული თვე უნივერსიტეტში მეტად დატვირთული იყო. ის რეფორმის მეორე ეტაპის ადაპტაციის პოლიგონი იყო.
კონკურსების, პროფესურის მიღებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მოხდა, ხოლო სხვა უნივერსიტეტებში ახლაც მიმდინარეობს, საქართველოს განათლების სამინისტრო, ბოლონიის პროცესის მოთხოვნილების თანახმად, ახალი სტანდარტების დანერგვაზე გადადის, ამის მეშვეობით საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ მიღებული რეგულირებადი და არარეგულირებადი პროფესიები 2010-2011 წლისთვის ბოლონიის პროცესში მონაწილე ქვეყნებში არსებულ საგანმანათლებლო სისტემასთან შესაბამისობაში იქნება. რეფორმის პირველი ეტაპი გავლილია, რაშიც იგულისხმება საკანონმდებლო ცვლილებები, კონკურსები, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური დახვეწა და მატერიალური საკითხების გადაწყვეტა. შემუშავდა სასწავლებლის დებულება, გამოიკვეთა მისი მიზნები და მისია, ჩამოყალიბდა სასწავლებლების მიერ მიღებული და განათლების სამინისტროში წარდგენილი სპეციალობების, პროგრამების თუ კონცეფციების მიხედვით კონკრეტული ამოცანები. სტუდენტებისთვის შედგა რუქა, რომელიც მათ არჩეული სპეციალობის გავლაში დაეხმარება. სრულად დაინერგა “მინორ” და “მაჟორ” სწავლების, სამსაფეხურიანი ეტაპები – ბაკალავრი, მაგისტრი და დოქტურანტურა, ამ საფეხურებში, განსაკუთრებით ბაკალავრში გამოიყო “მინორ” და “მაჟორ” სპეციალობები, ყოველი ეტაპისთვის დაისახა კონკრეტული ამოცანები და მათი მიღწევის გზები.
განათლების სამინისტროს აკრედიტაციის სამსახურის უფროსმა ნინო ჩუბინიძემ განაცხადა, რომ დღემდე უმაღლესი სასწავლებლები განათლების სამინისტროში აკრედიტაციას გადიან, რაც პირველადი ეტაპი იყო, ხოლო 2008 წლიდან დაიწყება აკრედიტაციის ნამდვილი პროცესი და აკრედიტაცია და ლიცენზირება ერთმანეთისგან გაიმიჯნება. ლიცენზირება ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხებს შეეხება, ხოლო აკრედიტაცია კი შეაფასებს, თუ როგორ აღწევს უმაღლესი სასწავლებელი დასახულ მიზანს და როგორ შეასრულებს ის საკუთარ მისიას. პროგრამული აკრედიტაცია პროგრამული აკრედიტაციის ცენტრის პრეროგატივაა, ანუ პროგრამული და ზოგადსაგანმანათებლო უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაცია ერთად მოხდება. მისი მიზანია, რეგულირებადმა პროფესიებმა (იურიდიული, პედაგოგიკისა და სამეცნიერო მუშაკი) გაიარონ პროგრამული უზრუნველყოფა და მოხდეს საქართველოში არსებული პროგრამების აღიარება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია აკრედიტაციისა და შეფასების ისეთი სტანდარტების დანერგვა, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. ნინო ჩუბინიძე აცხადებს, რომ ყველა უმაღლეს სასწავლებელში სრულად უნდა დაინერგოს ხარისხის მართვის სამსახური, რომლის მიზანიც სწორედ პროგრამული აკრედიტაციის ხელშეწყობაა. განათლების სამინისტრო ამ მიზნით უცხოელ კომპეტენტურ კონსულტანტებს იწვევს. ერთ-ერთია ემი ლეზბერგი, იგი განათლების სამინისტროს მოწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და თსუ-ს თვითშეფასების დოკუმენტაციის შექმნასა და თვითშეფასების სტანდარტების დანერგვაში ეხმარება. ქალბატონი ემი ლეზბერგი აცხადებს, რომ დღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, მთავარია მიზნის მკაფიოდ ჩამოყალიბება. მაგალითად, ეკონომიკის ფაკულტეტმა მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს მისი მიზანი, ამოცანები, ბაზრის მოთხოვნის გაგების მიზნით, ჩაატაროს სხვადასხვა გამოკითხვები და კვლევითი სამუშაოები, უნდა მოხდეს სპეციალობების გამსხვილება. მან მაგალითისთვის აღნიშნა, რომ ეკონომიკის ფაკულტეტზე, სადაც ეკონომიკური და ბიზნეს ადმინისტრაციის მიმართულებები არსებობს, შეიძლება ბიზნეს ადმინისტრაციის ფარგლებში ჩამოყალიბდეს 5-6 კონცენტრაცია, როგორც ეს განათლების მინისტრის #533 ბრძანებაშია ნებადართული”, ვთქვათ, მენეჯმენტის ან საფინანსო კონცენტრაცია და სხვა. მესამე კურსის შემდეგ სტუდენტს საშუალება ექნება აირჩიოს კონცენტრაცია ისე, რომ ეს არ იყოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მთავარი ხაზიდან გადახვევა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ თსუ-ში წარმოდგენილი სტანდარტები, რომელთა მეშვეობითაც სასწავლებელი თავსმოხვეული პროგრამების ანალიზს არ ახორციელებს, არამედ ხდება მის მიერ შემუშავებული მიზნებისა და ამოცანების შეფასება და მონიტორინგი. ამიტომ მნიშვნელოვანია სტანდარტების ზოგადი პრინციპებისა და მიდგომების დანერგვა, ასევე, უნივერსიტეტის მიერ ყოველწლიური ანალიზის გაკეთება. მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში თსუ-ს მოუწევს გაიაროს პროგრამული აკრედიტაცია, სადაც ექვსივე ფაკულტეტის მიხედვით მოხდება უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა.
ამ პროცესის ფარგლებში განათლების სამინისტროს ორგანიზებით და რექტორ გია ხუბუას მოწვევით უნივერსიტეტს ესტუმრა ამ დარგში მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი ემი ლინზბერგი.
გთავაზობთ ქალბატონ ემი ლინზბერგის მიერ წარმოდგენილ II, IV და VI სტანდარტებს, რაც თსუ-ს დაეხმარება ოქტომბერში გაკეთებული ანგარიში მათზე დაყრდნობით გააკეთოს.
სტანდარტი II
>დაგეგმვისა და შეფასების ანგარიშის მომზადება და განხილვა
მოერიდეთ სხვადასხვა ტიპის დაგეგმვის უბრალო აღწერილობას, როცა დაგეგმვის ფოკუსი მოიცავს მხოლოდ ერთ-ორ პარაგრაფს დაგეგმვის ამა თუ იმ ძალისხმევის შესახებ, მკითხველს გაუჭირდება ერთიანი წარმოდგენა შეიქმნას დაგეგმვასთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორ ხდება დაგეგმვა ზოგადად და როგორ არის ერთმანეთთან ინტეგრირებული სხვადასხვა ტიპის გეგმები (სტრატეგიული, აღჭურვილობის, აკადემიური, ფინანსური);
აღნიშნეთ (თუ საჭიროა, მოკლედ მიმოიხილეთ) დაგეგმვიდან გამომდინარე ძირითადი გადაწყვეტილებები (კვლევების შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ახალი პროგრამების შეთავაზება და სხვ.);
რამდენად წარმატებული იყო დაგეგმვის წინა საქმიანობები? ძირითადად წარიმართა თუ არა ისინი ისე, რომ გაეუმჯობესებინა, ან გაეზარდა ინსტიტუციური ეფექტურობა?
იმდენივე დრო დაუთმეთ შეფასებაზე საუბარს, რამდენიც დაგეგმვას. მიუძღვენით. როგორ განსაზღვრავს უმაღლესი სასწავლებლების დებულება (უსდ) საკუთარ ეფექტურობას? შეგიძლიათ მოიყვანოთ მტკიცებულებები კვლევებიდან, პროგრამების მიმოხილვიდან, გარე აუდიტებისა და მოწვეული კომისიის ანგარიშებიდან, სტუდენტთა შეფასებებიდან, ნიშნების ფურცლების მიმოხილვიდან, გარე კონსულტანტების ანგარიშებიდან და სხვ.;
ჩაურთეთ საკმარისი ინფორმაცია შეფასებასთან დაკავშირებით. აღნიშნეთ შეფასების გარკვეული მონაცემები და შემდგომი ქმედებები – ნუ აღნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ “შეფასება გაკეთდა”. მიუთითეთ კვლევებზე, რომლებიც მისაწვდომი იქნება აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდისათვის (მათთვის გამოყოფილ სამუშაო ოთახში);
მოერიდეთ ისეთი განცხადებების გაკეთებას, როგორიცაა დაგეგმვა “მონაწილეობითია” ან “სისტემატურია” – აჩვენეთ, რომ ეს მართლაც ასეა;
ისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ შეფასებას – ვინ და როგორ იყენებს მას? ისაუბრეთ იმ პროცესების შესახებ, რაც ინსტიტუტში კვლევის შემდგომ საქმიანობას უზრუნველყოფს.
თავის განხილვა:
1. წარმოაჩინეთ თუ არა, რამდენად ინტეგრირებულია ინსტიტუციური დაგეგმვის სხვადასხვა ასპექტები?
2. აღნიშნეთ თუ არა, რამდენად სასარგებლო და ეფექტური იყო დაგეგმვის საქმიანობა?
3. რამდენად თვალსაჩინოა კავშირი ინსტიტუციური დაგეგმვის საქმიანობებსა და იმ შესაძლებლობებას შორის, რაც უსდ-ს მიზნებისა და ამოცანების შენარჩუნებას ნიშნავს, როგორც საკლასო ოთახის შიგნით, ისე მის გარეთ.
4. ჩართეთ თუ არა შეფასების ის მაგალითები, შედეგების ჩათვლით, რომლებმაც ინსტიტუციურ დაგეგმვაზე იქონიეს გავლენა?
სტანდარტი IV
საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური პერსონალის შესახებ ანგარიშის მომზადება და განხილვა
ინსტიტუტი სისტემატურად შეისწავლის სტუდენტების სწავლისა და მათთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამების ხარისხს და მიღებულ შედეგებს შემდგომი გაუმჯობესებისთვის იყენებს;
ანგარიში უნდა მოიცავდეს ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ ყველა აკადემიურ პროგრამას, თუმცა შესაძლებელია, ინსტიტუტმა პროგრამის მიმოხილვისას განსაკუთრებული ყურადღება ამ პროგრამის გარკვეულ ელემენტებზე გაამახვილოს;
წარმოაჩენს თუ არა ანგარიში იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებს ინსტიტუტი სტანდარტებს თითოეული პროგრამისა და სწავლების საშუალებებთან მიმართებაში?
ასახავს თუ არა იგი ინსტიტუციურ შედეგებს, მონაცემებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცოდნა მიიღეს სტუდენტებმა აკადემიური პროგრამის საშუალებით?
სცილდება თუ არა ანგარიში მონაცემების კონსტატაციის ფარგლებს და მოიცავს თუ არა ის დასკვნებს, ან საკმარისი რაოდენობის მაგალითებს?
რამდენად შეესაბამება აღნიშნული ანგარიში დაგეგმვისა და შეფასების ანგარიშს?
აკადემიური პროგრამის შიგნით კონკრეტულად რა მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა; მიმართულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტის ელემენტები მთელი აკადემიური პერსონალისადმი?
რამდენად შეესაბამება აკადემიური პერსონალის როლი და პასუხისმგებლობა დაწესებულების მისიას?
რამდენად თვალსაჩინოდ გამოსახავთ პროფესიული განვითარების ეფექტურობას, ერთის მხრივ, ინსტიტუციურად შეთავაზებული შესაძლებლობების უპირატესობებისადმი პერსონალის დამოკიდებულებას და მეორეს მხრივ, მათ მიერ ინიციატივის გამოჩენისა და მუდმივ კონკურენციას, მათი, როგორც მასწავლებლების, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების პროფესიული ზრდის თვალსაზრისით?
ეთმობა თუ არა ანგარიშში სათანადო ყურადღება დამხმარე აკადემიური პერსონალის საკითხს (თუ უსდ იყენებს მათ)?
სტანდარტი VI
სტუდენტებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურების შესახებ ანგარიშის მომზადება და განხილვა
მომსახურება, რასაც უსდ სტუდენტებს თავაზობს, მისი მისიის, რესურსებისა და სტუდენტობის განსაკუთრებულობის მიხედვით განისაზღვრება.
განსაზღვრა თუ არა დაწესებულებამ უსდ-სთვის სათანადო მომსახურება სტუდენტებისათვის და რამდენად ეფექტურად ხორციელდება იგი?
გაეწევა თუ არა მომსახურება ყველა სტუდენტს, მიუხედავად მისი აკადემიური მომზადების ხარისხისა?
იწყება თუ არა ანგარიში სტუდენტების თავისებურებათა და სასწავლო მოთხოვნილებათა განხილვით, რათა სრული შეხედულება შეექმნათ შეთავაზებული მომსახურებებისა და მათი ეფექტურობის შესახებ?
აღწერეთ თუ არა, როგორ ქმნის ინსტიტუტი საკუთარი მისიისა და მიზნების შესაბამისი ინტელექტუალური განვითარების ხელშემწყობ გარემოს სტუდენტებისთვის?
მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თუ არა პოლიტიკა სტუდენტთა უფლება-მოვალეობათა შესახებ, არის თუ არა ინფორმაცია ამის შესახებ ადვილად ხელმისაწვდომი და რამდენად ეფექტურად ხორციელდება იგი?
ქალბატონმა ე. ლინზბერგმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისა და კერძოდ, მისი ეკონომიკის ფაკულტეტიც შეესაბამებოდეს მისიას, სასწავლო პროგრამები და სილაბუსები, კურიკულუმის ანატომია იყოს დახვეწილი და მიზნის მიღწევის გზებს სახავდეს, ასევე გამარტივებული იყოს შეფასების და თვითკონტროლის სისტემა და გათვალისწინებული იყოს სტუდენტების აზრი სასწავლო პროცესის ორგანიზებაში, პროფესურის თავისუფლების ფარგლებში.
უნივერსიტეტში პროგრამული აკრედიტაციის საკითხების შესახებ ვრცელი მოხსენებით წარდგა სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი და კალიფორნიის შტატის სააკრედიტაციო საბჭოს ექსპერტი ჯეიმს დეკერი. ტრენინგი, პროფესორ ირინე დარჩიას მოწვევით (უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრებისთვის უნივერსიტეტში პროგრამულ აკრედიტაციასთან დაკავშირებით სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამის მაგალითზე ჩატარდა. პროგრამა ითვალისწინებს ამერიკელ ექსპერტთა მონაწილეობას კურუკულუმის შემუშავებაში და პროგრამული აკრედიტაციის შესახებ ზოგად ინფორმაციას წარმოადგენს.
ბატონმა ჯეიმსმა ისაუბრა სოციალური სამუშაოების აკრედიტაციისა და პროგრამის მდგრადობის შესახებ. მან განაცხადა, რომ ნებისმიერ პროგრამას აკრედიტაციის შესაბამისი სტანდარტი გააჩნია, სოციალური სამუშაოს აკრედიტაციის Dშემთხვევაში არის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია. სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია, სოციალურ სამუშაო კოლეჯის საერთაშორისო ასოციაციები და ამერიკის სოციალური სამუშაოს განათლების საბჭო. საერთაშორისო სოციალურ მუშაკთა ასოციაციებს სოციალური სამუშაოს საკუთარი განსაზღვრება აქვთ – სოციალური სამუშაოს პროფესია ხელს უწყობს სოციალურ ცვლილებას. აგრეთვე, პრობლემის გადაჭრას ადამიანის ურთიერთობებში, ადამიანისთვის უფლებამოსილების მინიჭებას და სოციალური სისტემების განვითარებას. სოციალური სამუშაო ზემოქმედებას ახდენს იქ, სადაც ადამიანები ურთიერთმოქმედებენ თავის გარემოსთან და იცავენ ადამიანის უფლებების პრინციპებს. სოციალური სამუშაოს დროს არსებობს ბაზისური პირველი სემესტრი და კონცენტრაციის მეორე წელი. პირველ წელს ისწავლება ძირითადი საბაზისო კურუკულუმი, რომელიც შეიცავს ადამინიას ქცევას სოციალურ გარემოში, სოციალურ კვლევას, სოციალურ პოლიტიკას და ძირითად სოციალურ სამუშაოებს. სოციალური სამუშაოს შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი გამოყენებითი პროფესიაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ მეცნიერულ კონცეფციებს ეყრდნობა, მთავარია, გათვალისწინებული იყოს ადამიანის უფლებები და სოციალური სამართლიანობის პრინციპები. აკრედიტაციის შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროგრამა ითვალისწინებდეს შეფასების კრიტერიუმებს, ანუ უნდა განისაზღვროს, თუ რა ზეგავლენას ახდენს ეს პროგრამა და რა შედეგები აქვს მას. სოციალური სამუშაოს კურიკულუმმა ზოგადი ზეგავლენა გლობალიზაციაზეც უნდა მოახდინოს. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს მიღებული ცოდნის ტრანსფერი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უნდა შეეძლოს. მკვეთრი განსხვავება უნდა იყოს სოციალურ და არასოციალურ მუშაკებს შორის, პროგრამამ ისეთი სოციალური მუშაკები უნდა აღზარდოს, რომლებიც განსხვავებულნი იქნებიან სოციალური სერვისის წარმომადგენლებისგან. პროგრამის შემუშავებისას ყურადღება ექცეოდა იმ ფაქტს, თუ რა სჭირდებოდა ქვეყანას – მართვა და ხელმძღვანელობა, პროგრამის ამოსავალი წერტილი ლიდერებისა და მენეჯერების მომზადებაა. სოციალური სამუშაოს სტრუქტურის თანახმად, არის თეორიული კურსები, რომელიც ხელს შეუწყობს თეორიული ცოდნის მიღებას, პრაქტიკას და სტუდენტთა უნარ-ჩვევების განვითარებას. შეფასების დროს უნდა დადგინდეს, თუ რამდენად აღწევენ სტუდენტები თეორიული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში. პროგრამას განსაზღვრული მისია, მიზნები და ამოცანები გააჩნია. აკრედიტაციის სტანდარტები სხვადასხვა მოთხოვნებს მოიცავს, რომლებიც პროგრამამ უნდა დააკმაყოფილოს. პროგრამის ამოცანების ჩამოყალიბებისას, გათვალისწინებულია ის საჭიროებები და მიზანი, რომელსაც პროგრამა მოემსახურებოდა. საბაზისო წლისთვის გამოყოფილია 12 მიზანი. ერთ-ერთი მათგანია კრიტიკული აზროვნების განვითარება. პროგრამის მეორე წელია კონცენტრაციის წელი, როდესაც სტუდენტები გადიან სპეციალობას, ამ წლისთვის პროგრამაში გათვალისწინებულია ადგილობრივი საჭიროებიდან გამომდინარე ძირითადი პრობლემები – ოჯახური ძალადობა, ტეფიკინფი და სხვა. შემუშავებული კურსები კი ძირითად პრინციპებს შეიცავს. კურიკულუმში ასახული უნდა იყოს სოციალური სამუშაოების ეთიკა და ძირითადი პრინციპები. პროგრამის თითოეული კურსი განსაზღვრულ მიზნებს და ამოცანებს უნდა ემსახურებოდეს და საჭირო უნარ-ჩვევებს აღრმავებდეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის უფროსი, ქალბატონი ირინა დარჩია აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურმა პროგრამული უზრუნველყოფის ფარგლებში პროფესორ-მასწავლებელთა ლექციებზე ურთიერთდასწრებისა და რეცენზიების დაწერის სისტემა, აგრეთვე სტუდენტური გამოკითხვებისა და სტუდენტური შეფასების სისტემები ჩამოაყალიბა, რომლებიც პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტების მიხედვით აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რადგან მისი საშუალებით შეიძლება ლექციების ხარისხის მონიტორინგი და მათში შესწორებების შეტანა. ამავდროულად მიმდინარეობს სილაბუსებისა და მთლიანად პროგრამების შემოწმება. პროგრამების რეცენზირება ჯერ ფაკულტეტების დონეზე ხდება, შემდგომ ურთიერთხელშეკრულების თანახმად შედეგები საზღვარგარეთ გაიგზავნება. მაგალითად, ეკონომიკის ფაკულტეტზე კოლეგები პროგრამების რეცენზირებას ახორციელებენ, შედეგები კი ურთიერთანამშროლობის მემორანდუმის თანახმად, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაიგზავნება და მოხდება აღნიშნული პროგრამების რეცენზირება. მსგავსი ნაბიჯები იმედს იძლევა, რომ 1-2 წელიწადში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არსებული პროგრამები ევროპულ პროგრამებს დაუახლოვდება. ევროპული გამოცდილებისა და “ნოუ-ჰაუების” დანერგვის მიზნით, უცხოელ ექსპერტებთან ერთად მაგისტრატურის ერთობლივი ჩამოყალიბება იწყება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს სერიოზული პრობლემები. უნივერსიტეტში მწვავედ დგას პროფესორების და ტექნიკური საშუალებების თუ ლიტერატურის სიმცირის პრობლემა.
გვიანდება სწავლების მესამე საფეხურის დოქტორანტურის პროგრამის დაწყების საკითხი და დღემდე გადაუწყვეტელია ამ მიმართულებით რიგი პრინციპული საკითხები, სერიოზულია პუბლიკაციების პრობლემაც. მთელი რიგი მოსაზრებების თანახმად, სამეცნიერო პუბლიკაციად მხოლოდ უცხოეთის რეფერირებად ჟურნალებში, ინფაქტ-ფაქტორის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები უნდა ჩაითვალოს, რაც ბევრი მიმართულების მიხედვით (იურისპოდენცია, ეკონომიკა, სოციალური და სხვა) თითქმის შეუძლებელია. საქართველოში მხოლოდ ერთეულ პროფესორებს აქვთ მსგავს ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები. ბევრი ოპონენტის აზრით, დოქტორანტურის პროგრამა ხელოვნურად რთულდება, მისი ხანგრძლივობა 3 წელია და საკმაოდ რთულ საფეხურებს მოიცავს, რაც ახალგაზრდა კადრების სწავლების მესამე საფეხურზე მოზიდვას გაართულებს. ბიზნეს ადმინისტრაციის კუთხით, დოქტურანტურაში კადრების მხრივ პრობლემები შესამჩნევი ხდება, რადგან ბიზნეს ადმინისტრაციის დოქტურანტურა არ მოიცავს მეცნიერულ კვლევას და ის პირდაპირი მნიშვნელობით ეხება ბიზნესში დახელოვნებას, რაც ბაზარზე არსებული მდგომარეობის გამო პრობლემატურია. პრობლემურია არსებული პროგრამებისა და სილაბუსების დახვეწაც, რადგან ის დროში გაიწელა და 2-3 წელიწადი გრძელდება. მაგრამ მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, არ შეიძლება 6 თვეში შეიქმნას პროგრამა, რადგან მას ადაპტაციის პერიოდი სჭირდება.
სხვა საკითხია პროფესორის საკმაოდ მძიმედ დატვირთვა, 1750 საათის შესრულება პროფესორისთვის რთული საკითხია, რადგან ლექცია შემოქმედებითი პროცესია, ანუ ხარისხიანი ლექციის მომზადება მძიმე დატვირთვასთან ვერ თავსდება, ამიტომ მიზანშეწონილი იქნება პროფესორთა დატვირთვისა და საგნების რაოდენობის შემცირება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კურუკულუმების ხარისხი და მათი თავსებადობა ევროპულ მოთხოვნებთან. ამ საკითხში უნივერსიტეტის პრობლემა გაურკვევლობას უკავშირდება, რადგან ამერიკული პროგრამები და ევროპული სისტემა ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნულია. ბოლონიის პროცესი წმინდა ევროპულია, ამიტომ ხშირია წინააღმდეგობრივი ასპექტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ მიმართულებასა და ბოლონიის მოთხოვნებს შორის. მაგალითად, ბოლონიის პროცესი 15 კვირიან სწავლების პროცესს ითვალისწინებს, ხოლო თსუ-ში – 18-კვირიანი სწავლების პროცესს ემხრობიან. სახელმძღვანელოების პრობლემები, უცხოური სახელმძღვანელოების თარგმნასა და ადგილობრივი სახელმძღვანელოების გამოყენებასაც უკავშირდება. სამწუხაროდ, არ არსებობს სტუდენტური პრაქტიკა და უნივერსიტეტში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაბალი დონეა, რომლის განვითარებაც სერიოზულ ინვესტიციას საჭიროებს, მხოლოდ ამ პრობლემების გადალახვის შემდეგ ექნება თსუ-ს შესაძლებლობა სერიოზული პრეტენზია განაცხადოს პროგრამულ აკრედიტაციაზე.