როგორ ებრძვის ფინანსურ კრიზისს საქართველოს საბანკო სისტემა?
მაკა ღანიაშვილი
ქართული ბანკები ბაზარზე აღარ აქტიურობენ, დაბანდებებს აღარ ახორციელებენ და სესხების ამოღებას ახდენენ. როგორც ექსპერტები განმარტავენ, ეს ნიშნავს რომ ქვეყანაში რეცესიაა, ეკონომიკა გაჩერებულია. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ბანკების წმინდა მოგებები შესაძლოა კვლავაც შემცირდეს, რადგან მათი აქტივობის ზრდა 2009 წელს მოსალოდნელი არ არის.
საქართველოს ეროვნული ბანკის (www.nbg.ge) მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, 2009 წლის იანვარში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები 319 მილიონი ლარით შემცირდა და 8 მილიარდ 546 მილიონი შეადგინა. მიმდინარე წლის დასაწყისიდანვე, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7,9 მილიონი ლარით, 1 მილიარდ 509 მილიონ ლარამდე შემცირდა.
აქვს თუ არა საქართველოს საბანკო სისტემას პრობლემებთან გამკლავების რეალური ბერკეტები და რა თანხებით აპირებენ ქართული ბანკები თავის გადარჩენას? მითუმეტეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), გასული წლის დასაწყისთან შედარებით, 1401,6 მლნ. ლარით (30,6 პროცენტი) გაიზარდა და 2008 წლის 31 დეკემბერს 6,0 მლრდ. ლარს მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში (2008 წელს) დაკრედიტების მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა უძრავი ქონებით ოპერაციების, კვლევებისა და კომერციული საქმიანობის სფეროში, სადაც ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 138,7 მლნ. ლარი შეადგინა; 1,6-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში და 36,1 მლნ. ლარს გაუთანაბრდა.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 47,1%, ვაჭრობის სფეროზე მოდის. განვლილ 12 თვეში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 14,8%-ით გაიზარდა და 1,6 მლრდ. ლარს მიაღწია. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობით, 20,4%-ს შეადგენს, რაც 2009 წლის პირველი იანვრისათვის 679,7 მლნ. ლარით განისაზღვრა (29,0 პროცენტით მეტი წლის დასაწყისთან შედარებით); 12,1% მოდის მშენებლობაზე, რაც 401,1 მლნ. ლარია (შესაბამისად, 9,7%-ით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79,6% მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის. 2008 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა 57,8%-ით გაიზარდა და 2009 წლის პირველი იანვრისათვის 2,5 მლრდ. ლარს მიაღწია.
არსებული რეცესიის გამო ჩვენი მოსახლეობის შემოსავალი დღითი დღე იკლებს. კომერციული ბანკების პრობლემურ მევალეთა რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება. “კრედიტინფოს” მონაცემებით, თებერვალში იანვართან შედარებით ე.წ. “საბანკო შავ სიაში” 8 ათასით მეტი ადამიანი მოხვდა და დღეს კრედიტინფოში 150 000-ზე მეტი პრობლემური კლიენტია დაფიქსირებული. საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2009 წლის იანვარში 17 მილიონ 829 ათასი ლარით გაიზარდა და ახლა 177 მლნ. ლარს შეადგენს. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი 2008 წლის აგვისტოში მხოლოდ 100 მლნ. ლარი იყო.
საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ პრობლემებზე საერთაშორისო საბანკო რეიტინგებიც მეტყველებენ: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ქართულ ბანკებს (“თი-ბი-სი ბანკი” და “საქართველოს ბანკი”) რეიტინგები რამდენიმე საფეხურით შეუმცირა. ორივე ბანკის ფინანსური სტაბილურობის რეიტინგი “D”-ით განისაზღვრება. “საქართველოს ბანკის” ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების რეიტინგი “B1”-დან “B3”-მდე შემცირდა, ხოლო ვადაგადაცილებული ვალების რეიტინგი – “B2”-მდე. უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობა “B3” ნეგატიური პროგნოზით ხასიათდება. ასევე “B3”-მდე შემცირდა “თი-ბი-სი ბანკის” დეპოზიტების რეიტინგი ეროვნულ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობაც “B3” ნეგატიური პროგნოზით ხასიათდება.
გარდა ამისა, “საქართველოს ბანკის” აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვარდნას განაგრძობს. “საქართველოს ბანკის” გლობალური სადეპოზიტო ხელწერილების (BGEO) ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე თებერვლის ბოლოსთვის 13,4%-ით, 2,19 აშშ დოლარამდე, შემცირდა, რაც აქციებით ვაჭრობის განმავლობაში ისტორიული მინიმუმია.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ, რთული დასაჯერებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 2,3%-ით გაიზარდა. საბანკო სექტორში განთავსებულმა არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2009 წლის 1 თებერვლისათვის 3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2008 წლის შესაბამისი პერიოდის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, 2,3%-ით მეტია. უცხოური ვალუტით განთავსებვული დეპოზიტების მოცულობა 16,6%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 26,6%-ით შემცირდა. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი, 2008 წლის 1 თებერვლის მონაცემებთან შედარებით, 9,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2009 წლის 1 თებერვლისათვის 76,2% შეადგინა.
რაც შეეხება კომერციული ბანკების დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს, ბოლო ერთი წლის მანძილზე ქართული ბანკები ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე. თუ ამ პერიოდის განმავლობაში დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9,5%-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11,2%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8,9% იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს საქართველოში მოქმედი ბანკები, აღნიშნული პროდუქტის პოპულარიზაციასა და ანაბრების განთავსების წახალისებას ეწევიან, რასაც სხვადასხვა სახის გათამაშება, ანაბრები და განთავსებულ ანაბრებზე მკვეთრად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი მოწმობს, რაც რეალურად ანაბრების დეფიციტზე უნდა მიანიშნებდეს.
ამ დროისთვის ვადიან მომხმარებელს ანაბარზე ყველაზე მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს “ვი-თი-ბი ბანკი” სთავაზობს – 24-თვიანი ვადით ანაბრის გახსნის შემთხვევაში, ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ ანაბარს 17%-ის წლიური საპროცენტო სარგებელი დაერიცხება, დოლარით დეპოზიტზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 12,5%, ხოლო ევროზე 12%-ს შეადგენს. “საქართველოს ბანკში” ანალოგიურ შემთხვევაში ლარში განთავსებულ ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი 15,25%-ს, დოლარსა და ევროზე კი 12,25%-ს აღწევს. “თი-ბი-სი ბანკში” ლარზე წლიურად 14,5%-ის ოდენობის, დოლარსა და ევროზე კი 11,5%-ის ოდენობის სარგებელი დაირიცხება. “ბანკ რესპუბლიკაში” წლიური საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაზე 15%-ია, დოლარსა და ევროზე კი 12%. “პროკრედიტ ბანკში” ლარში განთავსებულ ვადიან ანაბარზე წლიური სარგებელი 15%-ია, დოლარსა და ევროში განთავსებულზე კი – 12%. “ბაზისბანკში” ლარზე წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 15%, დოლარზე – 12%, ხოლო ევროზე – 11,75%. “სახალხო ბანკში” ყოველწლირი სარგებელი ლარზე 14%-ით, დოლარსა და ევროზე კი 11%-ით განისაზღვრება.
გარდა მოსახლეოიბის მიერ განთავსებული ანაბრებისა, ქართული საბანკო სისტემა ახლა უცხოეთიდან მოზიდულ სახსრებსაც იმედის თვალით შეჰყურებს, თუმცა საქართველოს საბანკო სისტემაში მილიონები, ქართველი მეწილეების ბანკებიდან, თანდათანობით გასვლის საფასურად შემოედინება და თუ ასე გაგრძელდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე მთელი საბანკო სექტორი უცხოელთა ხელში გადავა.
“ვითიბი ბანკ ჯორჯიას” ქართველმა დამფუძნებლებმა საკუთარი წილი რუსულ “ვითიბი ჯგუფს” 4 მილიონ 999 ათას 990 დოლარად მიყიდეს. “ვითიბის” ბოლო ქართველმა აქციონერებმა ანტონ ინგოროყვამ და ზაზა სიორიძემ ერთიანად 7,13% გაყიდეს. ამ გარიგების შემდეგ რუსული “ვითიბი ბანკის” წილი ქართულ ბანკში 84,7%-მდე გაიზარდა.
უცხოელი მფლობელების ხელში “თიბისი ბანკის” აქციებიც გადავა. როგორც აღნიშნულ ბანკში აცხადებენ, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავენ და “იბიარდთან”, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და ჰოლანდიისა და გერმანიის სახელმწიფო ბანკებთან ხელშეკრულებას მარტის ბოლოსათვის გააფორმებენ. შედეგად უცხოური მხარე ბანკის აქციათა 45%-ის მფლობელი გახდება, საკონტროლო პაკეტს კი ბანკის დამფუძნებლები დაიტოვებენ. საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ბანკის კაპიტალის გაზრდას, ხოლო ნაწილი საკრედიტო რესურსის შევსებას მოხმარდება.
2009 წელს წილის გაყიდვის სეზონი პირველმა “სახალხო ბანკმა” გახსნა. “სახალხო ბანკის” აქციონერებმა საკუთარი აქციები არაბული ჯგუფის “რაკინ ინვესტმენტის” მიერ დაფუძნებულ “ევრო ოილს” მიჰყიდეს. არაბული კაპიტალი უკვე “კორ სტანდარტ ბანკშიც” დევს. 2009 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკით იყო წარმოდგენილი, მათ შორის, 15-ის საწესდებო კაპიტალში უცხოური ფინანსები მონაწილეობს, ორი (“ბანკი რესპუბლიკა” და HSBC) კი უცხოური ბანკის ფილიალია. ბანკების რაოდენობა უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, საწესდებო კაპიტალში გასული წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან 15-მდე გაიზარდა და მათი წილი ბანკების საერთო საწესდებო კაპიტალში თითქმის 86%-ია. ქართულ საბანკო სექტორში ყველაზე დიდი მოთამაშე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. ევრობანკი ყველა მსხვილი და შედარებით მსხვილი ბანკის აქციების ყიდვითაა დაკავებული. მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოლაპარაკებებს “ქართუ ბანკის” წილის შეძენაზე აწარმოებს. “ბანკი ქართუს” 25%+1 აქციათა მფლობელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გახდება. პრინციპული შეთანხმება ემიტირებული აქციების შესყიდვის თაობაზე 2009 წლის დასაწყისში შედგა, ხოლო გადაწყვეტილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ 2009 წლის 10 მარტს მიიღო. სულ ემიტირებული იქნება 18,239 აქცია, თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება 1,000 ლარს შეადგენს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მეირ ინვესტირებული თანხა, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, ბანკის არსებული პოზიციების გაძლიერებას მოხმარდება.
ევროპის ბანკი აქციებს ფლობს ბანკ “რესპუბლიკაში”, “ბაზის ბანკში”, “თიბისი ბანკში”, “ვითიბი ბანკში”. ექსპერტთა ნაწილი EBRD-ის ქართულ საბანკო სექტორში უფრო ღრმად შემოსვლას დადებითად აფასებს, რადგან, როგორც ისინი მიიჩნევენ, ყველაგან, სადაც “იბიარდი” წილს ყიდულობს, მენეჯმენტის გაჯანსაღებას ახდენს, ევრობანკი არასოდეს ყიდულობს საკონტროლო პაკეტს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ქართულ საბანკო სექტორში აქტიურად დამკვიდრება მომხმარებლისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან საკრედიტო რესურსს შედარებით გააიაფებს. 2008 წლის ოქტომბერში, ბრიუსელში გამართულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მხოლოდ საბანკო სექტორის მხარდასაჭერად EBRD-მ 351 მლნ. ევრო გამოყო, რომელიც სამ წელზე გადანაწილდა. 2008 წელს 157 მლნ. ევროს გახარჯვა მოხდა, 2009 წელს 84 მლნ. ევროსი, ხოლო 2010 წელს 110 მლნ. ევროს, ქართულ საბანკო სექტორში სესხებისა და კაპიტალდაბანდებების სახით, ევროპის რეკუნსტრუქციისა და განვითარების ბანკი გახარჯავს.
ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მოსალოდნელი სამშენებლო ბიზნესების სრული გაკოტრების პერიოდი და მენაშენეთა დავალიანების პერმანენტული არგადახდა საბანკო სექტორს ახალ სირთულეებს შეუქმნის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკებში მორიგი კრიზისული ტალღა ზაფხულში მოსალოდნელია, ისევე როგორც მათი ზარალიანობის ზრდა შემცირებული შემოსავლების ფონზე დიდი საოპერაციო ხარჯების გამო. კომერციული ბანკების გადარჩენისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა.
თბილისის ბანკთაშორისი ბირჟა უქმდება?
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტის – სავალუტო აუქციონების ამოქმედება მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. აღნიშნული ინსტრუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება განვითარებული ქვეყნის სავალუტო ინტერვენციებში, ეკონომიკის აშშ დოლარის ლიკვიდობის ამაღლებას ემსახურება. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ვაჭრობა კვირაში ორჯერ ჩატარდება და იგი ბანკთაშორის სავალუტო ბირჟას ნაწილობრივ ჩაანაცვლებს. კვირის დარჩენილ დღეებში, ჩვეულებრივ, ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა ჩატარდება. ამასთანავე, ახლად დანერგილი სისტემის მეშვეობით, კომერციულ ბანკებს, ბანკთაშორის ბაზარზე უცხოური ვალუტით 24 საათიანი ვაჭრობა შეუძლიათ. თუმცა ზოგ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული, მაგალითად ამოქმედდება საქართველოში დერევატივების ბაზარი? როგორი იქნება სავალუტო კურსის ფიქსინგის პრობლემა და საერთოდ, მზად ვართ ამ ეტაპზე სავალუტო ბირჟის არსებული სისტემა შევცვალოთ? ხომ არ დევს რამე გაუაზრებელი, ახალი სისტემა ამის უკან?
ოფიციალური სავალუტო კურსი კვლავაც ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ვაჭრობის შედეგებით განისაზღვრება.
HSBC-ს ევროში პლასტიკური ბარათები არ აქვს
ოლო ხანებში საკრედიტო პლასტიკურ ბარათებს საქართველოში პრობლემები შეექმნა. ბევრი ბანკი უარს ამბობს მათ ემისიაზე. საკვირველია, მაგრამ ფაქტია, არც მსოფლიო გიგანტს HSBC-ს რუსთაველის ოფისს აღმოაჩნდა საკრედიტო ბარათი ევროში.
საქართველოში არსებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებულმა და მიმოქცევაში არსებულმა საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობამ მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 3,6 მლნ. შეადგინა, რაც, 2008 წლის ანალოგიური პერიოდში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, 1,7-ჯერ მეტია. აქედან 84,9 პროცენტი სადებეტო ბარათებზე მოდის. 2008 წელს იგივე მაჩვენებელი 91,7 პროცენტს შეადგენდა. პლასტიკური ბარათების სტრუქტურის ცვლილება საკრედიტო ბარათებზე მოთხოვნის სწრაფი ზრდის შედეგია. თუ ბოლო ერთ წელიწადში მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობის ზრდამ 57,9 პროცენტი შეადგინა, საკრედიტო ბარათების რაოდენობამ იმავე პერიოდში 3,1-ჯერ მოიმატა.
VISA-ბარათი მიმოქცევაში არსებული ბარათების 80,1 პროცენტს შეადგენს, მომდევნო ადგილზეა EURO CARD/MASTER CARD-ი 13,5 პროცენტით, ხოლო დანარჩენი – 6,4 პროცენტი, ადგილობრივი ბარათების წილად მოდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელიწადში მიმოქცევაში არსებული ბარათების მთლიან რაოდენობაში VISA-ბარათების ხვედრითი წილი 5,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
მატულობს საბანკო პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა. მიმდინარე წლის იანვარში რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით განხორციელდა 2,4 მლნ. ოპერაცია, რომელთა საერთო მოცულობა, 2008 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6,5 პროცენტით გაიზარდა და 269,3 მლნ. ლარი შეადგინა. ოპერაციების საერთო რაოდენობის 94,9 პროცენტი, რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით, ქვეყნის შიგნით (მათ შორის, ინტერნეტით) შესრულებულ ოპერაციებზე მოდის, 5,1 პროცენტი კი ამავე ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციებია.
მნიშვნელოვანია, პლასტიკური ბარათებით მომსახურება, რაც კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატებითა და პოსტერმინალებით ხორციელდება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული საშუალებებით 781,5 ათასი ოპერაცია შესრულდა, ოპერაციების საერთო მოცულობამ კი 148,3 მლნ. ლარი შეადგინა. ამ უკანასკნელიდან 88,0 პროცენტი რეზიდენტი ბანკების, 12,0 პროცენტი კი არარეზიდენტი ბანკების მიერ ემიტირებული ბარათებით განხორციელდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთს 6,5 პროცენტამდე ამცირებს
აქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2009 წლის 18 თებერვალს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6,5 პროცენტს შეადგენს. იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2,1 პროცენტამდე შემცირდა. შედეგად, საშუალო წლიური ინფლაცია 8,7 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ არსებული პროგნოზებით, ინფლაციის შემცირებისაკენ მიმართული ფაქტორების გავლენა გაიზარდა. ფასების ზრდამ განსაკუთრებით ხანმოკლე მოხმარების საგნებზე იკლო, რაც მოსახლეობის ინფლაციის მოლოდინს ამცირებს. მნიშვნელოვნად შემცირდა საბაზო ინფლაციის მაჩვენებლებიც. ფულადი აგრეგატების ზრდის ტემპები კვლავ უარყოფითია, რაც სავარაუდოდ ეკონომიკური აქტივობის შენელების ამსახველია. მოკრძალებულია ასევე ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპიც. საპროგნოზო მონაცემებით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმპორტის მოცულობა, რამაც ვალუტის გაცვლით კურსზე წნეხი შეასუსტა.
ლარის კურსის სიმყარე მიგრანტებზეა დამოკიდებული
2009 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 52,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12,9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 19,8 პროცენტით ნაკლებია 2008 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება რუსეთიდან მათი ნაკადების 12,1 მლნ. აშშ დოლარით, ანუ 30,9 პროცენტით კლებამ გამოიწვია. სხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადები, მეტ-ნაკლებად, იმავე დონეზე დარჩა.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 87,1 პროცენტი იმ შვიდ უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის თებერვალში აღნიშნულ შვიდ ქვეყანაზე ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 89,8 პროცენტი მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 5,7 მლნ. აშშ დოლარი გადაიგზავნა (6,4 მლნ. აშშ დოლარი 2008 წლის თებერვალში). გადარიცხვები შემცირდა რუსეთსა და სომხეთში – სულ 683,7 ათასი აშშ დოლარით, ხოლო აშშ-ში, თურქეთში, უკრაინაში, ისრაელსა და იტალიაში გადარიცხული გზავნილები სულ 374,3 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.