ქართული ბანკების სიძნელეების დაწყების რეალური დრო
ნინო არველაძე
ეს ტალღა ჩვენამდე ვერ მოაღწევს” თავდაჯერებულად აცხადებდნენ 2007 წლის მიწურულს საქართველოს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები მსოფლიო წამყვან იპოთეკურ ბაზრებზე კრიზისის დაწყებისას (იხ. ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა” #11). მათი მტკიცებით, საქართველოს სამშენებლო ბაზარი გაჯერებეული არ იყო, ამიტომ ისინი მოთხოვნისა და ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელებას ვარაუდობდნენ.
2008 წლის აგვისტომდე საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარ ლოკომოტივად და სტაბილურობის წყაროდ ქართული კომერციული ბანკები მიიჩნეოდნენ. ახლა კომერციულ ბანკებში სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების ნაცვლად, შავი სიების მოცულობა იზრდება. მშენებლები და ბანკირები კი შექმნილ კრიზისში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
მარტში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody”s საქართველოს ლიდერ ბანკებს, “საქართველოს ბანკსა” და “თი-ბი-სი ბანკს” ფინანსური სტაბილურობის რეიტინგი D მიანიჭა. ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების რეიტინგი კიBA1-დან BA2-მდე შეუმცირა, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობას B3 ნეგატიური პროგნოზის რეიტინგი მიენიჭა.
დღევანდელ პრობლემებს ყველა აგვისტოს მოვლენებს აბრალებს, მაგრამ თუ საფუძვლინად დავფიქრდებით, ცხადი ხდება, რომ საქართველოს საბანკო სისტემას ბზარი ადრევე გაუჩნდა. აგვისტოს ინციდენტმა მისი მხოლოდ გაღრმავება და გამოაშკარავება დააჩქარა. 2004 წლის ივნისში ბაზელის საზედამხედველო კომიტეტის მიერ შემუშავებული საბანკო ზედამხედველობის რეგულირების “ბაზელი II-ის” სისტემა გამოქვეყნდა, რომელიც საკრედიტო და საოპერაციო რისკების შეფასების საკითხებისა და გამჭვირვალობის მოთხოვნას ეხება, ამასთანავე, კომერციული ბანკების მიერ საკუთარი კაპიტალის განმტკიცების, კრედიტების გაცემის პროცესში, ერთიანი კონკურენტული პირობების შექმნასა და ახალი საფინანსო ინსტრუმენტების დანერგვას ითვალისწინებს. მსოფლიოს 95 რეგულატორი 2015 წლამდე “ბაზელი II-ის” რეკომენდაციებს სხვადასხვა ფორმით განახორციელებს.
საქართველოს საბანკო სისტემაში “ბაზელი I”-ის სისტემას იყენებენ, ხოლო 2009 წლიდან ნაწილობრივ”ბაზელი II”-ის სისტემის გამოყენება დაიწყება. საქართველოში წარმოდგენილი კომერციული ბანკების სტრატეგიასა და რისკ-მენეჯმენტს თუ გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ “პროკრედიტ ბანკი საქართველო” ყველაზე ჭკვიანურ მოთამაშედ უნდა მივიჩნიოთ, რადგან ბანკმა იპოთეკურ სესხებზე უარი თქვა და მცირე, საშუალო და ძალიან მცირე ბიზნესის დაფინანსება ამჯობინა. ბანკის გენერალური დირექტორი საქართველოში ფილიპ პოტი აცხადებს, რომ აქტივების მხრივ ბანკი 8,5% ფლობს: “ჩვენ დიდი მოცულობის დეპოზიტები არ გვაქვს, მაგრამ თუ ფიზიკური პირებისა და ოჯახების დანაზოგებს ვიგულისხმებთ, საბაზრო წილი 14%-ს შეადგენს”. 2008 წლის მესამე კვარტლის ბოლოსთვის ბანკის მიერ მოზიდულმა კლიენტთა მთლიანმა სახსრებმა 191 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლის დასაწყისისთვის არსებულ მონაცემებზე 18 მლნ. აშშ დოლარით მეტია. სექტემბერში კლიენტებისგან მოზიდულმა სახსრებმა 10 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც აგვისტოში ბანკიდან გატანილი სახსრების, დაახლოებით, ერთ მესამედს შეადგენს. ოქტომბერში ბანკში თითქმის ყოველდღიურად იხსნება ახალი 1000 ლარიანი ანგარიში, რაც რეკორდულ მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ. ეს ციფრები “პროკრედიტ ბანკი”-ს მიმართ მომხმარებლის ნდობის მაჩვენებელია, რაც აგვისტოს მოვლენების დროს, მომხმარებლის მიერ თანხების შეუფერხებელმა გატანამ მნიშვნელოვნად გააძლიერა.
2008 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, “პროკრედიტ ბანკი”-ს წმინდა მოგებამ 6,7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ნათელია, რომ საომარ მოქმედებებს ბანკის რენტაბელობაზე მკვეთრი უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია, მაგრამ “პროკრედიტ ბანკი” არის გამონაკლისი, რადგან ის მიეკუთვნება საშუალო ზომის ბანკს 100%-იანი უცხოური კაპიტალით და პრობლემური სამშენებლო ბიზნესისგან დისტანცირებული საკრედიტო სისტემით.
საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ყავთ როგორც კრიტიკოსები, ისე მომხრეები. საბანკო ასოციაციის განცხადებით, საბანკო სისტემაში არაფერია საგანგაშო. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ საგულისხმოა სესხების ოდენობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, რაც აშშ-ში თითქმის 230%-ს აღწევს, ხოლო საშუალო ევროპული მაჩვენებელი 200%-ის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როდესაც საქართველოში მხოლოდ 31%-ს შეადგენს, ანუ საკრედიტო პორტფელის პროპორცია ეკონომიკასთან გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც საბანკო კრიზისები სწორედ საკრედიტო რისკების ზრდის შედეგად წარმოიქმნა; თუმცა, აშშ-ის ბაზრისა და საქართველოს მასშტაბების შედარებაც არ უნდა დაგვავიწყდეს.
საქართველოში მშენებლობის გრძელვადიანი დაკრედიტება, არა წარმოების განვითარებას, არამედ იმპორტის დაფინანსებას უწყობდა ხელს, რასაც ბოლო წლებში ფიზიკურ პირებზე მკვეთრად მზარდი გრძელვადიანი კრედიტების მოცულობა (თითოეულზე 1/3) ადასტურებს. სამომხმარებლო ბაზარზე საბანკო სექტორის მზარდი აქტივობა ბანკების მხრიდან სერიოზულ რისკებს უკავშირდება, რასაც უმთავრესად, მოსახლეობის დაბალი და არასტაბილური შემოსავალი განაპირობებს. გრძელვადიანი კრედიტების 20%-ზე მეტი იპოთეკურზე მოდის. 2007 წელს იპოთეკური სესხების მოცულობა, 2006 წელთან შედარებით, 50%-ით, ანუ 600 მლნ. ლარით გაიზარდა, რამაც საბინაო მშენებლობის შემდგომ განგრძობას შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ ყველაფერი, არა გაიაფების, არამედ 2006 წლიდან დაიწყებული ბინების ფასების ზრდის ტემპის შენელების ფონზე ხდებოდა. მიმდინარე წელს საბინაო ბაზრის კონიუნქტურა კვლავ გააქტიურდა, მაგრამ მისი მკვეთრი ვარდნა მოხდა, რამაც კრიზისამდე მიგვიყვანა.
ქართული ბანკების კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ექსპერტები საუბრობდნენ ლიკვიდურობის რისკი გახლდათ, მის გადაფარვას ბანკები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო ხაზების მეშვეობით ცდილობდნენ. მათი მოცულობა 2007 წელს 127%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც დეპოზიტების მოცულობამ მხოლოდ 55%-ით იმატა. აქტივებსა და პასივებს შორის შეუსაბამობა და არსებული ლიკვიდურობის კრიზისი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საკრედიტო რესურსების შემდგომ მოზიდვას ართულებდა. ზურაბ გვასალიას განცხადებით, “ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის შეფასების უმთავრესი ფაქტორი საბანკო კაპიტალია, ანუ საკუთარი სახსრები. შესაბამისად, კაპიტალი, როგორც საფინანსო რესურსი ბანკების მიერ დაკრედიტებასა და რისკების განეიტრალებას განსაზღვრავს, რაც მეანაბრეებისა და კრედიტორების მხრიდან ნდობის ფაქტორს უშუალოდ უკავშირდება, წარმოქმნილი ვალდებულებების გასტუმრების უნარის თვალსაზრისით.
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ გლობალური კრიზისის ზეგავლენის მიუხედავად, ქართულ ეკონომიკაზე, საქართველოში მოქმედ ბანკებს კაპიტალის ძლიერი ბაზა აქვთ. ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი (ანუ, კაპიტალის თანაფარდობა რისკების მიხედვით შეწონილ აქტივებთან) ეროვნული ბანკის მოთხოვნის თანახმად, მინიმუმ 12% უნდა იყოს, რაც საქართველოს საბანკო სექტორში დადგენილ ნორმატივზე მაღალია და, 2009 წლის თებერვლის მიხედვით, 14,7%-ს უტოლდება. აქედან გამომდინარე, საბანკო რისკების შემცირებასა და სტაბილურ დაფინანსებას სწორედ საკუთარი სახსრების საკმარისობა უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია საქართველოს საბანკო სექტორის ლიკვიდობის მაღალი მაჩვენებლით განისზღვრება აქვს თუ არა ბანკს საკმარისი ფულადი სახსრები, რათა მიმდინარე ვალდებულებები, მათ შორის დეპოზიტები, ბანკთაშორისი სესხები თუ თანამშრომელთა ხელფასები გაისტუმროს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის თანახმად, ბანკის ლიკვიდურობის მაჩვენებელი მისი ვალდებულებების 20%-ს უნდა შეადგენდეს. დღეისთვის ლიკვიდურობის საშუალო მაჩვენებელი საბანკო სექტორისათვის საშუალოდ 30%-ს შეადგენს, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 20%-ს აღემატება”. ექსპერტები ამ აზრს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ლიკვიდურობის საშულო მაჩვენებლი 30%-ზე არ ნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორში ლიკვიდურობის მაღალი მაჩვენებელია, რადგან საშუალო მაჩვენებელი რომელიმე მსხვილ ბანკსა და საშუალო, ან სუსტ ბანკს შორის თანაბრად ვერ გადანაწილდება, რადგან თუ ერთი ბანკის მაჩვენებელია 25%, მეორისა კი 5%, ცხადია, რომ საშუალო მაჩვენებელი სერიოზულ მონაცემებს ვერ მოგვცემს.
საქართველოს საბანკო სექტორი კრიზისს შეეჯახა, მაგრამ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ეს მსოფლიო ფინანსური კრიზისის ბრალია, და არა რუსეთის საქართველოში შემოჭრისა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეფორმების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის სფერო შეიზღუდა და კომერციული ბანკებისათვის თავისუფალი ეკონომიკური გარემო შეიქმნა. ბანკები თანდათან ეროვნული ბანკის კონტროლიდან გამოდიოდნენ.
გამოიკვეთა ბანკების სამი ტიპი: 1. რომლებსაც ჰქონდათ დივერსიფიცირებული აქტივები და სამშენებლო და სამთო მომპოვებელ ბიზნესს მჭიდროდ არ უკავშირდებოდნენ (“პროკრედიტ ბანკი საქართველო”, ბანკი ქართუ); 2. მსხვილი ბანკები (“საქართველოს ბანკი”, “თი-ბი-სი ბანკი”, რესპუბლიკა ბანკი/სოსიეტე ჟენერალი ჯგუფი), რომლებმაც შესაბამისი გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს, უცხოური სახსრები მოიზიდეს და კვლავ ლიდერ ბანკებად რჩებიან; 3. მშენებლობაზე მჭიდროდ მიბმული ბანკები, რომლებსაც აქტივების ნაკლები დივერსიფიკაცია და კლიენტი ჰყავდათ (სახალხო ბანკი). 2008 წელს საქართველოს საბანკო სექტორს ახალი ბანკები შეუერთდნენ. ყაზახური “ხალიკ ბანკი საქართველო”, რომელმაც 2008 წელს დაახლოებით 50 მლნ. დოლარის ინვესტიცია განახორციელა. “HSBC ბანკი” საქართველოს საბანკო სექტორს 2008 წლის 23 ივნისს შეუერთდა, რომლის კაპიტალი დაახლოებით 16,7 მლნ. დოლარია. ბანკი “თეთრის” ბაზაზე ჩმოყალიბდა “პირველი ბრიტანული ბანკი”, რომელმაც მისი აქტივები 2007 წელს 8,5 მლნ. ლარად შეიძინა. “სტანდარტ ბანკი” მფლობელმა (სალფორდ კაპიტალმა) 2008 წლის მარტში ბანკი “კორ ბანკს” 42 მლნ. დოლარად მიჰყიდა და ახლა ბანკი “დაბი ჯგუფს” ეკუთვნის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველოს საბანკო სექტორში შექმნილი მდგომარეობის გამო, არ არის გამორიცხული ახალი მცირე ზომის უცხოური კაპიტალის ბანკების საქართველოს ბაზრიდან გასვლა.
აგვისტოს ომმა საბანკო სექტორი დააზარალა, და როგორც ანალიზი გვიჩვენებს, მოვლენები დააჩქარა, რადგან საქართველოს საბანკო სექტორში კრიზისი უკვე იწყებოდა. 2008 წლის ივლისში საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხები 100 მლნ. ლარით შემცირდა, მაისის მონაცემებით მთლიანი დეპოზიტები 3,1 მლრდ. დოლარს შეადგენდა, აპრილში კი დეპოზიტებში მოქალაქეებმა ოთხჯერ მეტი თანხა ჩადეს, ვიდრე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. დეპოზიტების შემცირება 2008 წლის მაისიდან დაიწყო, რამაც მოზიდულ რესურსებსა და სესხებს შორის ბალანსის რღვევას დაუდო სათავე. მსესხებლების რიცხვი დეპოზიტორებს ორჯერ აღემატებოდა. კრედიტებზე მოთხოვნის შემცირების შედეგად, ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები 15%-მდე გაზარდეს. ბანკებმა ფულის მიწოდების კლება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რესურსების აქტიური გამოყენება დაიწყეს. “საქართველოს ბანკმა” და “თი-ბი-სი ბანკმა” სამომხმარებლო სესხების მოცულობის ზრდით პრობლემები შეიქმნეს. “ტაოპრივატ ბანკმა”, “ბანკმა რესპუბლიკამ”, და “ბაზის ბანკმა” წლიური საპროცენტო განაკვეთები 3-4%-ით გაზარდეს. ფულზე მაღალი მოთხოვნის გამო ბანკებში ნელ-ნელა ლიკვიდურობის კრიზისის დადგომის საშიშროება იქმნებოდა.
სამშენებლო კომპანიების საკუთრებაში მყოფი ბინების უმეტესობა კრედიტით იყიდებოდა, დეველოპერების უმეტესობა ფულს ბანკებიდან სესხულობდა. ექსპერტები ბევრს საუბრობდნენ, რომ ბანკების, სადაზღვეო კომპანიებისა და სამშენებლო კომპანიების ძლიერი ურთიერთდამოკიდებულება სავალალოდ დასრულდებოდა და პირამიდა უზარმაზარ პრობლემას შექმნიდა. პრობლემების გამწვავება საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომმა დააჩქრა და ბანკების სადეპოზიტო პორტფელი 13%-ით შეამცირა. ბანკებმა სესხების გაცემას მკვეთრად უკლეს, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდამ დეველოპერი და სამშენებლო კომპანიები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, შეიქმნა სამომხმარებლო სესხების გადახდის პრობლემაც და იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა.
ცხადია, რუსეთ-საქართველოს სუსტი შიდა მენეჯმენტისა და სამშენებლო სექტორში პრობლემების გამო, ომამდე ბანკებს სერიოზული ლიკვიდურობის პრობლემები შეექმნათ, რადგან გათვლა, რომ მსოფლიო ბაზარზე დაწყებული საბინაო სექტორის დამანგრეველი ტალღა საქართველომდე არ მოაღწევდა და უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდებოდა, არ გამართლდა და კრიზისიც დაიწყო.
იქნებ ბანკების ლიბერალურმა პოლიტიკამ არ გაამართლა? სამომხმარებლო სესხების ზრდამ 85%-ს მიაღწია, აგვისტოს შემდეგ ვადაგადაცილებულმა სესხების რაოდენობამ 268 მლნ. ლარი შეადგინა.
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ საბანკო სექტორის დღევანდელი მაჩვენებლების შედარება არა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, არამედ გასული წლის აგვისტოსთან 2 მიზეზით უნდა მოხდეს:
1. გასულ წლებში ქვეყანაში მაჩვენებელი თითქმის ორნიშნა ციფრამდე, ბანკების დეპოზიტებისა და აქტივების ყოველწლიურ საშუალო 50%-ით იზრდებოდა, რაც საკმაოდ მაღალია.
2. აგვისტოს ომს სექტემბრიდან მსოფლიო ეკონომიკის კრიზისი დაემატა. საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების) მოცულობამ 2009 წლის 1 თებერვლისათვის 3,0 მლრდ. ლარი შეადგინა, 2008 წლის 1 აგვისტოსთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 3,1 მლრდ. ლარი იყო, ხოლო სექტემბერში მისი მაჩვენებელი 2,7 მლრდ. ლარამდე შემცირდა.
დღეს რეალურად მივაღწიეთ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისის მდგომარეობის აღდგენას, თუმცა, თუ ათვლის წერტილად სექტემბერს ავიღებთ, 400 მილიონიანი სადეპოზიტო ბაზის შემცირების შემდეგ ზრდა, მიუხედავად ამავე პერიოდის ეკონომიკური კონიუქტურის გაუარესებისა, მაინც კარგია, რადგან პოსტკრიზისული სიტუაციის ათვლის წერტილად, რეალურად, ამ კრიზისამდე უახლოესი ფაზა მიიჩნევა – ჯერ უნდა დავბრუნდეთ იქ, საიდანაც ვარდნა დაიწყო. ეს ფაქტორი იმაზეც მიგვანიშნებს, რომ სადეპოზიტო ბაზის ზრდის მნიშვნელოვანი წყარო იმ დეპოზიტების ნაწილია, რომლებიც საბანკო სისტემიდან გავიდნენ, აცხადებს ზურაბ გვასალია.
2008 წლის პირველი 11 თვის მონაცემებით, საბანკო სექტორმა მთლიანად 158 მლნ. ლარის ზარალი განიცადა – საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, “თი-ბი-სი ბანკმა”, რომელიც საქართველოს მეორე უმსხვილესი ბანკია 67 მლნ. ლარი იზარალა, ოქტომბერში ბანკის აქტივები 8,26%-ით დაეცა და 1,792 მლრდ. ლარი შეადგინა, სამსახურიდან დაითხოვეს 300 თანამშრომელი, საბანკო სექტორის ლიდერმა “საქართველოს ბანკმა” კი 830 თანამშრომელი გაათავისუფლა. კომერციული ბანკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლობალური კრიზისის გამო საბანკო პროდუქტებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2008 წლის 1 დეკემბრისთვის საქართველოს ხუთი უმსხვილესი ბანკის აქტივები 80,4%-დან 77,6%-ით შემცირდა.
უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით, “საქათველოს ბანკი” და “თი-ბი-სი ბანკი” აქტივების მიხედვით პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ. საქართველოს 5 წამყვან კომერციულ ბანკს შორისაა “ბანკი რესპუბლიკა/ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი”, “პროკრედიტ ბანკი საქართველო” და ბანკი “ქართუ”.
განსხვავებული სტრატეგიის გამო, კარგ პირობებში აღმოჩნდა “პროკრედიტ ბანკი საქართველო”. 2008 წლის პირველ 11 თვეში არასაბანკო დეპოზიტები 1,3%-ით გაიზარდა და 2,9 მლრდ. ლარი შეადგინა, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 8,6%-ით გაიზარდა, ეროვნულ ვალუტაში კი 12,7%-ით შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოური ვალუტის წილი დეპოზიტებში კვლავ მაღალია – 84,8%. აგვისტოს ომმა დიდი ზარალი ბანკებს ინვესტიციების კუთხით მოუტანა, 2008 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს საბანკო სექტორში 73,6 მლნ. დოლარის ინვესტიცია გახორციელდა, და მთლიანი ინვესტიციის 6,7% შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 37%-ით ნაკლებია.
ქართული ბანკები შექმნილი პრობლემიდან გამოსავალს ეძებენ.
ზოგიერთი მათგანის მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგია ამართლებს, “საქართველოს ბანკმა” საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 200 მლნ. დოლარი მიიღო, “თი-ბი-სი ბანკმა” საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან DEG; FMO Mortgage; Merrill Lynch; RoseMount; OTP;Banco Internacinal; EBRD; OPIC/CITI 206 მლნ. აშშ დოლარი მოიზიდა, 2009 წელს კი 220 მლნ. დოლარი, რითაც ლიკვიდურობის პრობლემას გაექცა. 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე, სესხებისა და გრანტების სახით, საქართველოს საბანკო სექტორისათვის 850 მლნ. დოლარის დახმარების გამოყოფა დაამტკიცეს. ცხადია, კომერციულ ბანკებში რისკ-მენეჯმენტისა და სტრატეგიული მენეჯმენტის შეცვლის აუცილებლობა დადგა, სხვა შემთხვევაში დახმარების სახით მიღებული ფულის ეფექტური გაწერა შეუძლებელი იქნება.