ფინანსური კრიზისი და საავტომობილო ინდუსტრია
მაკა ღანიაშვილი
მიმდინარე გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საავტომობილო ბიზნესი, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში სირთულეებსა და ფინანსურ რყევებს განიცდის. როგორც საქართველოს ავტომობილთა ფედერაციაში აცხადებენ, მსოფლიოში არსებულმა კრიზისმა და აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში ავტომანქანების გაყიდვები დაახლოებით რვა-ათჯერ შეამცირა.
ავტობიზნესი აგვისტოს ომისგან გამოწვეულ კრიზისს ემსხვერპლა. ქართულ საავტომობილო ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა ბანკების მიერ ავტოკრედიტების გაუქმებამაც. შესაბამისად, მაღალ და საშალო საფასო სეგმენტში მოთხოვნის შემცირებამ და იმპორტიორების სურვილმა, დროულად მოეხდინათ იმპორტული ავტომობილების რეალიზაცია, ფასების შემცირება გამოიწვია. ღრმა კრიზისისგან თავის დასაღწევად ბევრი იმპორტიორი იძულებული გახდა აგვისტომდე იმპორტირებული ავტომობილების რეალიზაცია თვითღირებულებაზე იაფად მოეხდინა.
საინფორმაციო პორტალ “პრესა.გე”-ს მონაცემებით, დღეს საქართველოში, სულ 28 დილერი ოპერირებს და აქედან მხოლოდ 14-ია ოფიციალურად დარეგისტრირებული, ამდენივეა – არაავტორიზებული. გაყიდვები როგორც ოფიციალურ, ასევე არაავტორიზებულ დილერებსაც შუმცირდათ. მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე არსებული გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა. იაფფასიანი მანქანების გაყიდვები განახევრდა, ხოლო ძვირფასი მანქანების მხოლოდ 10%-ღა იყიდება.
გაყიდვები შეუმცირდათ ავტოფირმების ოფიციალურ დილერებსაც. მაგალითად, “ტოიოტას” მარკის ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი, რომლის გაყიდვებიდან დიდი წილი კორპორატიულ კლიენტებზე მოდიოდა, 40-50%-მდეა შემცირებული. საწარმო კლიენტების შესანარჩუნებლად და მოსაზიდად საგაზაფხულო 15%-იანი ფასდაკლების აქციას გეგმავს.
საქართველოში “ჯენერალ მოტორსის” წარმომადგენლობა “ოპელის”, “კადილაკისა” და “შევროლეტის” ავტომობოლების იმპორტს აწარმოებს. “ჯენერალ მოტორსის” ოფიციალური დილერი საქართველოში შ.პ.ს “აუტოჰაუსისა” და შ.პ.ს “ქარპალასში” აცხადებენ, რომ სირთულეებთან გამკლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მყიდველსა და, განსაკუთრებით, კორპორატიულ კლიენტზე კონცენტრაციაა. როგორც აღნიშნულ კომპანიაში ფიქრობენ, ბოლო თვეებში ორგანიზაციების გაყიდული ავტომობილების ხვედრითი წილი შესამჩნევად გაიზარდა. მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, მაგრამ კომპანიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ 2009 წლის იანვარში 10%-ით მეტი ავტომობილი გასაღდა, ვიდრე 2008 წლის იანვარში.
როგორც ირკვევა, მთელი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა ეკონომიურ ავტომანქანებზე დაფიქსირდა.
მართალია “ჯენერალ მოტორსის” ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მათი გაყიდვები 2009 წლის იანვარში 2008 წლის იანვართან შედარებით 10%-ით გაიზარდა, მაგრამ მსაგავსი მონაცემებით ვერ დაიკვეხნის “ჯენერალ მოტორსის” სათაო ოფისი (აშშ-ში), რომელსაც, ისევე როგორც მთელ ამერიკულ საავტომობილო ინდუსტრიას, დიდი ფინანსური პრობლემები აქვს.
როდესაც დეკემბერში ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ მანაქანის მწარმოებელ ამერიკულ გიგანტებს “ჯენერალ მოტორსსა” (GM) და “კრაისლერს” 17,4 მილიარდი აშშ დოლარი დახმარების სახით გამოუყო, მაშინაც ნათლად ჩანდა, თანხა საკმარისი არ იქნებოდა საავტომობილო ინდუსტრიისა და, კონკრეტულად, ამ გიგანტების გადასარჩენად. ამ გამართლებული ვარაუდის განჭვრეტა თავიდანვე შესაძლებელი იყო, რადგან ბუშის ადმინისტრაციამ ძალიან მცირე თაქნხა გაიღო. მას შემდეგ საავტომობილო ინდუსტრიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ახალი მანქანების წარმოება ამერიკაში წინა წლის იანვართან შედარებით შემცირდა, 37,1%-ით. თუ 2007 წლის იანვრისთვის აშშ-ში 16,1 მილიონი მანქანა აწარმოეს, ხოლო 2008 წელს – 13,2 მილიონი, 2009 წლის ანალოგიური პერიოდისათვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9,5 მილიონი ავტომობილია. Gგარდა ამისა, GM შარშან 9 ქარხნის დახურვას ვარაუდობდა, თუმცა ამერიკულ გიგანტს 14 ქარხნის დახურვა მოუხდა, რაც დაახლოებით 2000 დილერისა და 47000 სამუშაო ადგილის გაუქმებას ნიშნავს, აქედან 20000 ადგილისა აშშ-ში.
თებერვლის მეორე ნახევარში ზემოთ დასახელებულმა ორმა კომპანიამ თვითგადარჩენის გეგმა გამოაქვეყნა, რომელშიც სახელმწიფო ხაზინიდან დამატებითი მილიარდების გამოყოფას ითხოვს. GM-ის განაცხადებით, კრიზისისაგან გადასარჩენად 16,6 მილიარდი აშშ დოლარის დამატება სჭირდება, იმ 13,4 მილიარდის გარდა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციისგან მიიღო. “კრაისლერი” კი 4 მილიარდზე კიდევ 5 მილიარდის დამატებას ითხოვს.
GM ფილიალებს ადგილობრივმა მთავრობებმაც უნდა აღმოუჩინონ დახმარება. მას მხოლოდ აშშ-ს ბაზარზე არ აქვს პრობლემები, GM Europe, რომლის შემადგენლობაში არიან გერმანული Opel-ი, ბრიტანული Vauxhall-ი და შევედური შააბ-ი პრობლემებს განიცდის. გასულ წელს GM-ის წარმოება 1,83 მილიონი მანქანიდან 1,55 მილიონამდე შემცირდა, დანაკარგები და ზარალი კი 524 მილიონიდან 2,8 მილიარდამდე გაიზარდა.Aamitom GM დახმარებისთვის არა მარტო აშშ-ს, არამედ ევროპის ქვეყნების მთავრობებსაც მიმართავს. ამერიკული კონცერნი თანახმაა, გერმანიის მთავრობას დახმარების ნაცვლად Opel-ის 50%-იანი წილი შესთავაზოს.
“კრაისლერი” დამოუკიდებელ კომპანიად რომ დარჩეს, იტალიურ “ფიატთან” (Fiat) თანამშრომლობას და, მასთან ერთად, ახალი, ეკონომიური მოდელების გამოშვებას გეგმავს. ჯერ ზუსტად არ არის ჩამოყალიბებული მუშაობის ის სქემა, რომლითაც მომავალში ეს კომპანიები ითანამშრომლებენ, მაგრამ შესაძლო გარიგება “კრაისლერს” იმის იმედს აძლევს, რომ კრიზისის დაძლევას იოლად შეძლებს და მისი წარმოება წელიწადში 100000 მანქანით შემცირდება. მანქანის მწარმოებელმა ფირმებმა დახმარებისათვის ამერიკის ავტოინდუსტრიის მუშათა კავშირსაც (UAW) მიმართეს. ამ უკანასკნელს თავი გასჭირვებია, პენსიაზე გასული მუშაკებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის თანხის ნაწილის დაფარვაზეც კი უარი განაცხადა.
არც სამთავრობო დახმარების საკითხია ბოლომდე გარკვეული, რადგან სამთავრობო ექსპერტთა გუნდს, რომელმაც ახალი დახმარების მიზანშეწონილობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს რამდენიმე დილემის წინაშე დგას:
1) შეუძლია თუ არა GM-ს, ამ დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, გაბანკროტების კრიზისს გაექცეს?
2) აქვს თუ არა “კრაისლერს”, როგორც დამოუკიდევბელ კომპანიას, “ფიატთან ერთად მომავალი? ან იქნებ ჯობს მისი დაშლა და წილებად გაყიდვა, მაგალითად ისეთი ბრენდის როგორიც “კრაისლერის” ჯიპია, სანამ მას ფასი ჯერ კიდევ აქვს?
3) რა უნდა ქნან საავტომობილო ინდუსტრიის დანარჩენმა მონაწილეებმა, რომლებიც ყურადღების მიღმა რჩებიან, მაგრამ ასევე დიდი სირთულეების პირისპირ დგანან? ამის შესახებ გადაწყვეტილება ობამას ადმინისტრაციამ 31 მარტამდე უნდა მიიღოს.
ფინანსური კრიზისი კომპლექსური მოვლენაა და, რა თქმა უნდა, ავტომობილების დეტალების მწარმოებელ კომპანიებსაც შეეხო. ძრავებისა და მოწყობილობების მწარმოებელთა ასოციაციის (MEMA-Motor and Equipment manufacturers Assisiation) მიერ გავრცელებული მონაცემებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში, მთელი ინდუსტრია ჩიხშია, ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 783000-დან 653000-მდე შემცირდა. მიმწოდებელთა ერთი მესამდი კრიზისშია, მეორე მესამედი მათ ბედს მალევე გაიზიარებს.
ყველა კომპანია მხოლოდ მთავრობის დახმარების იმედად მაინც არ არის დარჩენილი და გაყიდვების სტიმულირებას საკუთარი მეთოდებით ცდილობს. მაგალითად, “ჰიუნდაი” – საოცარია, რომ სამხრეთ კორეულმა გიგანტმა აშშ-ში თავისი გაყიდვები 14%-ით გაზარდა, შესაბამისად მისი ბაზრის წილი აშშ-ი, 2008 წელს 2,1% იყო, 2009 წლის იანვარში 3,7%-მდე გაიზარდა იმ ფონზე, რომ “ჰიუნდაის” გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი აშშ-ში ახალი, ძვირადღირებული მოდელის გამოჩენას მოყვა, მაშინ როცა, ძვირადღირებულ მოდელებზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირდა. საქმე ის არის, რომ მიუხედავად “ჰიუნდაის” შედარებით იაფფასიანი მარკის იმიჯისა, კრიზისის ფონზე პირველი ძვირადღირებული მოდელი – “Gენესის” გამოუშვა, რომელიც სამხრეთ კორეისა და აშშ-ს ბაზრებზე იყიდება. მას ჩრდილოეთ ამერიკის წლის მოდელი, ეწოდა შემდეგი კონკურენციის პირობებში – ბაზარზე ახალი მოდელები გამოჩნდნენ – Audi A4, Jaguar XF და Cadillac CTS-V. “Genesis-“ის ფასი 32,250 დოლარიდან იწყება. ამ ძვირადღირებული მოდელის წარმატების მთელი საიდუმლო, ეკონომიკური რეცესიის ფონზე ისაა, რომ ძვირადღირებულ ავტომობილთა კლასს მიეკუთვნება; მაინც, მისი ფასი 13,500 აშშ დოლარით ჩამოუვარდება სხვა მარკის ძვირადღირებულ მოდელებს – მაგალითად BMW-ს. აღნიშნული წარმატების ფონზე “ჰიუნდაი” ახალი ნიშის ათვისებას გეგმავს და შედარებით “იაფი” ძვირადღირებული მოდელის გამოშვებას, რომელიც ამ შემთხვევაშიMercedes-ისა და Ferrari-ს სპორტული მაქნქანების მთავარი კონკურენტი გახდება. გარდა ამისა, “ჰიუნდაიმ” გაყიდვების წახალისებისათვის ბაზარზე ახალი მეთოდი დანერგა – გარანტიას იძლევა, რომ საქონელს უკან დაიბრუნებს თუ მყიდველმა მოდელის შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილი დაკარგა. ამ სქემამ იმდენად გაამართლა, რომ სხვა კომპანიებიც (მაგალითად GM) ბაძავენ.
საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ავტომობილების ფასები დაეცა, თბილისის ავტობაზრის ვაჭრები მყიდველის შემცირების ძირითად მიზეზად ბანკების მიერ კრედიტების შეჩერებას ასახელებენ.
გაყიდვების მაჩვენებლის 2008 წლის მონაცემები საგრძნობლად ჩამოუვარდება წინა წლებისას, თუმცა აღსანიშნავია, რომ აგვისტოს მოვლენებამდე საკმოდ მზარდი დინამიკა იყო და თითქმის ორჯერ აღემატებოდა 2007 წლის მონაცემებს.
“თიბისი ბანკი” ავტოგანვადებების გაცემას განაგრძობს, თუმცა სესხებზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც, ერთი მხრივ, ბანკის მიერ სესხის გაცემის პირობებში ცვლილებამ და ასევე, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ განაპირობა, – აცხადებეენ “თიბისი ბანკში”. ბანკი ახლო მომავალში ამ მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს, რაც სესხის პირობების გაუმჯობესებითა და სხვა წამახალისებელი ღონისძიებების დაგეგმვით გამოიხატება.
როგორც საქართველოს საავტომობილო ფედერაციაში მიიჩნევენ, ბაზარი მეორადი საქონლით გადაივსო, რომელთა იმპორტი ძირითადად ამერიკიდან, გერმანიიდან და იაპონიიდან ხორციელდება. დაბალი ფასების გამო მათი სეგმენტი, პირველ ადგილზე დიდი ხნით იქნება. წინა წლებში გაყიდული მანქანების 95% მეორადმა საქონელმა შეადგინა. 2008 წელს ეს თანაფარდობა შეიცვალა და ნულოვანი გარბენით გაყიდულმა მანქანებმა 15% ხოლო მეორადებმა 85% შეადგინა. თანაფარდობის შეცვლა, ერთი მხრივ, განვადების პროცედურების სიმარტივემაც და ბანკების მიერ მომხმარებლისთვის ავტოგანვადების სხვადასხვა სახის პროდუქტის შეთავაზებამაც განაპირობა. მნიშვნელოვანია საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ავტობრენდების წარმომადგენლობების გახსნაც.
როგორც აღვნიშნეთ აქ, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, მოთხოვნა არც ახალზეა და არც მეორად ავტომობილებზე. ექსპერტები დამაიმედებელი პროგნოზებისგან თავს იკავებენ, 2009-2010 წლებში, სანამ ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე არ დადგება, სამუშაო ადგილები არ შეიქმნება, საბანკო სფერო წელში ვერ გაიმართება და კრედიტების გაცემას სრული დატვირთვით ვერ აღადგენს, ავტობიზნესის წარმატებებზე საუბარი ზედმეტია.