იარაღით ვაჭრობაში საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ მშვიდობით, იარაღო!
მარი შათირიშვილი
ეს ბიზნესია, რომელიც შემოსავლიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას. სახელმწიფოთა და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების მიღმა, რომელთა მეშვეობითაც ქვეყნების შეიარაღებული ძალები სრულ საომარ მზადყოფნაში არიან, არსებობს იარაღით ვაჭრობის იატაკქვეშა სამყარო, რომელიც სუპერშემოსავლიანი და აქედან გამომდინარე, სუპერგასაიდუმლოებულია.
მასზე საუბარი და წერა არასანქცირებულია, რადგან იქ ერთმანეთს არა მხოლოდ პიროვნებათა, არამედ სახელმწიფოთა ინტერესები კვეთენ. ინფორმაციები იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ გრიფით “საიდუმლო” მხოლოდ უშიშროების მაღალი ეშელონების დახურულ სეიფებში ინახება. საზოგადოება ამ საკითხზე მხოლოდ იმდენადაა ინფორმირებული, რამდენადაც ზოგჯერ ამ “ბიზნესის” შედეგებს საკუთარი თვალით, საკუთარი ქვეყნის რეალობაში ხედავს.
ყოველივე ეს განსაკუთრებულად მტკივნეულად აღიქმება მაშინ, როცა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა თითქმის ნულს უტოლდება, ხოლო ქარულ-რუსულ-დასავლური აზროვნების კონგლომერატი უძლურია, რაიმე უკეთესობისაკენ შეცვალოს, მეტიც – შეგნებულად თუ შეუგნებლად, ნებით თუ უნებლიეთ, თავდაცვის ხარისხი ნულამდე დაჰყავს. დავესესხები ილიას და ვიტყვი, რომ ამ წერილის მიზანი სრულიადაც არ არის სენსაციების ძიების წყურვილი. ის უკვე საზოგადო პრობლემას ეხება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არცთუ დიდი ხნის წინ გაჩნდა. ქართულ მასმედიაში იყო ამ პრობლემის გაშუქების რამდენიმე მცდელობა, ცხადია, მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული ფაქტის დონეზე, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, რომ საერთო სავალალო ვითარება ნათლად წარმოჩენილიყო. მაშინ ეს მცდელობები “შეკვეთებად” და “პოლიტიკურ პროვოკაციებად” მოინათლა. ეს ბუნებრივიცაა – იარაღით უკანონო ვაჭრობაზე ხმამაღლა საუბარს ტაბუ ადევს.
1. TERRA INCOGNITA
ალბათ, მკითხველს სმენია საკმაოდ ცნობილი ფრაზა – “ომში დიდი ფული კეთდება” და ცხადია, მისი დატვირთვაც მეტ-ნაკლებად, ცნობილია. შეიარაღებულმა კონფლიქტმა აფხაზეთში პირველად წამოსწია წინა პლანზე იარაღით ვაჭრობის თემა, თუმცა, ამ ბიზნესის მესვეურები მაშინ მაინც სიფრთხილეს იჩენდნენ, შეიარაღებული კონფლიქტი მიდიოდა და შეიარაღება, საბრძოლო მასალები ქართველ მეომრებს ჰაერივით სჭირდებოდათ. 1992 წლის ტაშკენტის ხელშეკრულებით, საბჭოთა კავშირის სამხედრო ქონების სამართალმემკვიდრედ რუსეთი დასახელდა. ამიერკავკასიის ზონაში – საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე ტექნიკისა და შეიარაღების გარკვეული ქვოტები გამოიყო. სწორედ მაშინ საქართველო დსთ-ში შესვლა-არშესვლაზე გაცხარებულ კამათში იყო ჩაბმული, პარალელურად – მიმდინარეობდა კონფლიქტი აფხაზეთში, ამიტომ რუსებმა თავისი ბაზებიდან შეიარაღებისა და ტექნიკის გაყვანა დაიწყეს. საქართველოს ხელისუფლება თავისი შეიარაღებული ძალების წინაშე აყენებდა ამოცანებს, რომელთა რეალიზაციაც ამ უკანასკნელთა ძალებს აღემატებოდა, სწორედ, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის უკმარისობის გამო. ამან შეამზადა ფონი იარაღის კონტრაბანდის აყვავებისათვის. ალბათ, ამ “ბიზნესის” მესვეურნი ხელსაც უწყობდნენ კონფლიქტის ესკალაციას, რათა მოგება მაქსიმალური ყოფილიყო.
უშიშროების, მაშინდელი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი შეფი, ირაკლი ბათიაშვილი აფხაზეთის კონფლიქტის დროს იარაღით ვაჭრობის შემთხვევებზე საუბრისას ზოგადი განმარტებებით კმაყოფილდება და აცხადებს, რომ იგი ფლობდა ინფორმაციებს დარღვევებისა და მაქინაციების შესახებ, როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ, მაგრამ კონტროლირება არ შეეძლო. მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, თენგიზ კიტოვანმა თავდაცვის სამინისტროსთან შექმნა მთავარი ოპერატიული სამმართველო, რომელიც, ფაქტიურად, ჩემი პარალელური სტრუქტურა იყო. სწორედ მას ევალებოდა იმ სამუშაოს შესრულება, რომლის შედეგადაც უნდა გამოვლენილიყო სხვადასხვა სახის დარღვევები ჯარში, რა თქმა უნდა, იარაღით ვაჭრობის სფეროშიც. ამ უწყების ხელმძღვანელად იგორ გიორგაძე დაინიშნა. ირაკლი ბათიაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ მაშინ იარაღით მხოლოდ აფხაზეთში არ ვაჭრობდნენ.
– ბატონო ირაკლი, შეიარაღებით უკანონო ვაჭრობა არ კონტროლდებოდა თუ ისინი, ვინც უშუალოდ იყვნენ პასუხსიმგებელნი კონტროლზე, თავად მონაწილეობდნენ მასში?
ირაკლი ბათიაშვილი: “ისინი თავის ფუნქციას არ ასრულებდნენ, მონაწილეობით კი… ასე ვერ ვიტყვი… სხვები უფრო მონაწილეობდნენ!”
– კონკრეტულად?
ირაკლი ბათიაშვილი: “ესენი იყვნენ, როგორც თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების შუალედური რგოლები, ისე საკმაოდ მაღალი თანამდებობების ხელმძღვანელი პირები. მაქინაციები მათი უშუალო ხელშეწყობით და ინიციატივით მზადდებოდა”.
აფხაზეთის კონფლიქტის დაკონსერვების შემდეგ იარაღის არალეგალურმა ბიზნესმა გაცილებით ფართო მასშტაბები მოიცვა. მასში ჩაბმულნი აღმოჩნდნენ ძალოვანი სტრუქტურების მთელი რიგი რგოლები. “საქართველო, ფაქტიურად, იარაღით ვაჭრობისა და იარაღის ტრანზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყნად იქცა. საქართველოს ტერიტორიის გავლით ხდებოდა იარაღის ტრანზიტი რუსეთიდან სამხრეთისაკენ, თურქეთში, ბალკანეთზე. მეორე მხრივ, იარაღის გატანა ხდებოდა თავად საქართველოს ტერიტორიიდან, როგორც აქ დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზებიდან, ისე ჩვენი ქვეყნის კუთვნილი შეიარაღებიდან. სამწუხაროდ, ამაში ჩაბმულნი იყვნენ არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები, არამედ თანამდებობის სხვა პირებიც. ამ ნიადაგზე გარკვეული კონფლიქტებიც მოხდა”, – ამბობს ირაკლი ბათიაშვილი.
ინტერესთა პირველი გადაკვეთა, პირველი სკანდალი და მსხვერპლი – ნიკუშა კეკელიძე. მაშინ გვარდიის ახალგაზრდა სარდალი, გია ყარყარაშვილი უკვე თავდაცვის მინისტრი იყო, ხოლო ნიკუშა კეკელიძე – თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკური სამმართველოს უფროსი. ქართული ჯარი ხელახლა უნდა შექმნილიყო, ჩამოყალიბება და შეიარაღება მინიმალურ დონეზე მაინც უნდა მოხერხებულიყო. აფხაზეთის კონფლიქტის დროს იქ გადასროლილი ტექნიკა, იარაღისა და ტყვია-წამლის ნაწილი გამოყენებული, კიდევ უფრო მეტი – გაფლანგული და გაყიდული იყო. საჭირო იყო ახალი გადაიარაღება. თავდაცვის სამინისტროს უკვე ინდივიდუალური დაფინანსება ჰქონდა. სწორედ ამ პერიოდში ნიკუშა კეკელიძე კავშირებს ამყარებს ჩეხეთში და საქართველოში პირველად შემოდის ჩეხური იარაღის პარტია, რომელიც, რუსულ იარაღთან შედარებით ნაკლებ ხარისხიანი იყო, სამაგიეროდ კი – იაფი. ცხადია, გულუბრყვილობა იქნება, ვიფიქროთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ახალბედა ხელმძღვანელებმა თავად შეძლეს ასეთი სერიოზული გარიგების განხორციელება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალამ, პიროვნებებმა, რომელთაც ნიკუშა კეკელიძე უცხოეთში კავშირებზე გაიყვანა, სერიოზულად შეაშფოთა სხვა მეზობელი ქვეყნების იარაღის ბიზნესის კლანები, რომელთაც საქართველო უკვე საკუთარ ბაზრად ეგულებოდათ. დსთ-ში გაწევრიანებაზე ხელმოწერის შემდეგ დაახლოებით 2 კვირაში ნიკუშა კეკელიძე საკუთარ სახლში ააფეთქეს. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე სახლები დაზიანდა. საქმეში უკვე პროფესიონალები ჩაებნენ. ბაზარზე თამაშის ახალი წესები ყალიბდებოდა.
2. უტილიზაცია ქართულად – “იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ ჩქარა!”
ქვეყანაში მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდებოდა. წაგებულმა პოლიტიკამ, უთავბოლო “შეთანხმებებმა”, ქვეყნიდან შეიარაღების გასვლამ აფხაზეთის კონფლიქტის სასწრაფო დაკონსერვება გამოიწვია. უგრძეს პურის რიგებს და გადაჭედილ მეტრო-ტროლეიბუსებს სტაბილური ეკონომიკური სიდუხჭირე მოჰყვა, ფინანსურ-მორალურად შეჭირვებულ უწყებებს და საწარმოებს კი დასავლურად აზროვნება-განვითარება დაევალათ. ქართულ სამხედრო მრეწველობასა და თავდაცვის სისტემაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ერთიან საბჭოთა სისტემის რგოლად ყოფნის პრაქტიკა უკვე უვარგისი იყო, ხოლო ახალი – ჯერ აუთვისებელი და დაუხვეწავი.
საბჭოთა კავშირის არსებობის დროს საქართველოში 80-ზე მეტი წარმოება, ორგანიზაცია და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება მუშაობდა, რომლებიც სსრ კავშირის თავდაცვითი მრეწველობის კომპლექსის, საბჭოთა არმიის დაკვეთებს ასრულებდნენ. ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოში შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებზე მუშაობა დაევალა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი “დელტა” იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საწარმო-ორგანიზაციები კი დარჩნენ, მაგრამ დაკვეთები, შესაბამისად, ნულზე დავიდა. საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ქარხნები, მეცნიერ-მუშაკები და სპეციალისტები, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას უშვებდნენ, საქმის გარეშე დარჩნენ. “დელტამ”, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსად გადაკეთდა, თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მუშაობა განაგრძო. ინსტიტუტის დირექტორი, გივი ლეკიშვილი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დირექტორი გახდა. 1993 წლიდან “დელტა” თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის და მის დაკვეთებზე იწყებს მუშაობას, ხოლო რამდენიმე წელიწადში იგი სამინისტროს შემადგენლობიდან კვლავ გამოდის და დამოუკიდებელი ხდება. გივი ლეკიშვილის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ერთია დამკვეთი და მეორე – შემსრულებელი. ისინი ერთმანეთის მაკონტროლებლები უნდა იყვნენ. ლოგიკურად, ეს მართლაც ასეა – ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასე ხდება. სისტემის მობილურობისათვის სახელმწიფო კანცელარიაში შეიქმნა თავდაცვითი მრეწველობის საკითხთა სამსახური, სპეციალური კომისია უშიშროების საბჭოსთან, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი ხელმძღვანელობს. კომისიაში შედის ყველა ძალოვანი მინისტრი, “დელტას” დირექტორი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ფინანსთა მინისტრი და ა.შ. საოცარია, მაგრამ ამ უმნიშვნელოვანეს კომისიაში არც ერთი სამხედრო სპეციალისტი არ არის. 1998 წელს “დელტა” უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარა… და ცოტა ხანში მოხდა სკანდალი, რომელმაც იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ ახალი ტალღა ააგორა. დამოუკიდებელმა ფირმა “გამამ”, რომლის დამფუძნებელთა შორის გივი ლეკიშვილიც იყო, თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა ხელშეკრულება 242 ავიაბომბის საქართველოდან უტილიზაციისათვის გატანის შესახებ. მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ბომბები ვარგისი იყო და ისინი არა უტილიზაციისათვის, არამედ გასაყიდად გაჰქონდათ. “დელტას” დირექტორი ამ სკანდალს “არაპროფესიულ პოლიტიკურ ფარსს” უწოდებს და მიაჩნია, რომ იგი გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა წინასაარჩევნოდ გამოიყენეს. “რუსებმა ბაზებზე იარაღი სპეციალურად დატოვეს. ეს ძველი, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო ბომბები იყო. საერთოდ, ყველა ქვეყანაში პრობლემაა, როგორ უზრუნველყონ ძველი საბრძოლო მასალების გატანა და ლიკვიდაცია. როცა საბრძოლო მასალა ან ასაფეთქებელი ნივთიერება ძველდება, მას თვითლიკვიდაციის უნარი აქვს. ჩვენ თეორიულად განვიხილეთ ეს ყველაფერი. ვნახეთ, ნუსხა შევადგინეთ და მთავრობას დავამტკიცებინეთ, რომ ასეთი შეიარაღებული მასალები საქართველოში ბევრია. მას მოცილება სჭირდება, უპირველესად კი უტილიზაცია, რომლის საშუალებაც არა გვაქვს. ამიტომ, თუ გამოჩნდება ფირმა ან ქვეყანა, რომელიც ამას მოგვაცილებს, თავის ქვეყანაში რას გააკეთებს, უკვე ჩვენი საქმე აღარ არის. ჩვენ მოვძებნეთ ასეთი სახელმწიფო – ბულგარეთი, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო. შემოსული თანხით შეგვეძლო უტილიზაციისათვის მოგვევლო, უკრაინიდან ან რუსეთიდან დანადგარი შეგვეძინა, მაგრამ ისეთი ამბავი ატეხეს, დიდი საქმე ჩაიშალა”, – გვითხრა ბატონმა გივი ლეკიშვილმა.
უტილიზაცია სამხედრო ტერმინია და ჩვეულებრივ ენაზე პროდუქციის გადამუშავებას, მისი სახისა და შინაარსის შეცვლას ნიშნავს. ნებისმიერ ქვეყანაში მოძველებული, უვარგისი ან მწყობრიდან გამოსული სისტემების უტილიზაციის ან ლიკვიდაციის პროცესები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დონეზეა აყვანილი, რადგან უამრავ რისკთანაა დაკავშირებული – დაწყებული ეკოლოგიით, დამთავრებული ადამიანის სიცოცხლით. ეკონომიურად ის ყველა ქვეყანაში არამომგებიანია. უტილიზაცია ძვირია, სამაგიეროდ, გაყიდვაა იაფი.
ბულგარეთს თითქმის ნახევარმილიონიანი არმია ჰყავდა, ხოლო ამჟამად 100 000 ჯარისკაცი დარჩა. ეუთო-ს დადგენილებით, მათ უტილიზაცია უნდა გაუკეთონ ათასობით ჭურვს, ამ დროს კი უტილიზაციის მიზნით საქართველოსაგან ყიდულობენ რუსების დანატოვარ უვარგის იარაღს! თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, სახეზეა დაინტერესება. დასავლეთში კი მხოლოდ მოგებით ინტერესდებიან. ამიტომ, ბუნებრივად მოჩანს გაჩენილი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ბომბები, უბრალოდ, გაიყიდა. სპეციალურ სამხედრო ლიტერატურაში მითითებულია, როდესაც საბრძოლო მასალა, დავუშვათ, საავიაციო ბომბი, ძველდება, საჭიროა მისი დამუშავება, რაც მარტივ პროცედურას წარმოადგენს – მას ეხსნება ამფეთქებელი, ტროტილი ჩვეულებრივი წყლით ირეცხება, ხოლო კორპუსი თუ დაჟანგულია, იწმინდება. საჭიროა მხოლოდ ერთი სპეციალური მანქანა, რომლის ყიდვასაც გივი ლეკიშვილი 242 საავიაციო ბომბის “უტილიზაციის” საფასურად აპირებდა. ამ მანქანას უკრაინაში, ბელორუსიასა და რუსეთში უშვებენ და მთელი თავისი აღჭურვილობით დაახლოებით 25 000 დოლარამდე ჯდება. ასეთი მანქანა დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანამ შეიძინა. “დელტას” დირექტორის განცხადებით, ავიაბომბები ამჟამად აჭარაში, რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება. Aაჭარიდან სპეციალისტების ჩასვლას ითხოვენ, თუ არა და, ბომბების უკან წაღებას. “კეთილი ინებონ და თუ წამოღება უნდათ, საზღვრამდე ჩამოიტანონ. საზღვარზე დავხვდებით და წამოვიღებთ, თუ უნდათ, საერთოდ ვაჩუქებ” – ცოტა გაუგებარია, ვის მიმართ არის ასე გულუხვი გივიNლეკიშვილი. ალბათ, ყველასათვის ერთნაირი საფიქრალი უნდა იყოს, ბომბი თბილისში აფეთქდება თუ ბათუმში. თუმცა, ორი წელი გავიდა და აჭარიდან აფეთქების ხმა არ ისმის. რა მდგომარეობაშია “სასწრაფო უტილიზაციისათვის” გამზადებული ავიაბომბები? აქ მხოლოდ ორი ვერსია შეიძლება არსებობდეს: ან აჭარაში თავად მოუარეს ამ ბომბებს, ანდა ისინი,Dდიდი ხანია, საქართველოს ფარგლებს გასცდა და მიზერულ ფასად უკრაინასა და ბულგარეთში აღმოჩნდა. აქვე შეიძლება კვლავ აფხაზეთის კონფლიქტი გავიხსენოთ, სადაც 1937 წელს გამოშვებულმა რუსულმა ჭურვებმა მშვენივრად იმუშავა.
242 ავიაბომბის სკანდალს თავისი გაგრძელება მოჰყვა: გაჩნდა ეჭვი, იყო თუ არა ეს პირველი შემთხვევა და რა მდგომარეობაშია რუსების მიერ საქართველოში დატოვებული უამრავი სამხედრო ქონება – საბრძოლო მასალები და შეიარაღება. “დელტა”-ს დირექტორის თქმით, ის, რაც ჩვენ არ გვჭირდება, უნდა გაიყიდოს, ხოლო რუსულ ბაზებზე რაც დარჩა, თითქმის ყველაფერი უვარგისია. სპეციალისტები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და თვლიან, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. საჭიროა მხოლოდ არსებული შეიარაღების მოვლა, რის შედეგადაც ისინი სხვა თუ არაფერში, ჯარისკაცებისათვის საწვრთნელ მეცადინეობებში მაინც გამოიყენება. Dდღეს საუბარია ვარციხის სამხედრო ბაზიდან საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების გატანაზე. იქ დაახლოებით 500-მდე რაკეტაა – 75-ე და 125-ე საჰაერო თავდაცვის კომპლექსები, რომელთათვისაც სარეანიმაციო პროცესებია ჩასატარებელი. რუსები მათი წაღების ნებას ითხოვენ იმ პირობით, რომ 10 რაკეტიდან 7-8-ს მაინც რეანიმირებულს დაგვიბრუნებენ. ქართული მხარე კი მათ ლიკვიდაციას მოითხოვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს იარაღი საკმაო რაოდენობის ფერად ლითონებს შეიცავს, გაუგებრობა გაიფანტება. Eეს რაკეტები შეინარჩუნა: სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ამჟამად შეისყიდა საბერძნეთმა, კვიპროსმა, თურქეთიც ამ მიმართულებით მუშაობს. საქართველოში კი ჩანს, მისი შენარჩუნება ზედმეტ ტვირთადაა მიჩნეული. სამაგიეროდ, კონკრეტული პირებისთვის მათი გაყიდვით მიღებული თანხა სასიამოვნო ტვირთი იქნება. აქტიურად ვითარდება სამხედრო თანამშრომლობა უკრაინასთან, მაგალითად, უკრაინას “ნურსის” ტიპის უამრავი რაკეტა აქვს, მაგრამ დაინტერესებულია, რომ ჩვენგან იყიდოს. ცხადია, ძველი შეიარაღება აფეთქების უნარს არც უკრაინაში დაკარგავს, სამაგიეროდ, უკრაინელები მას განაახლებენ და 470 დოლარად გაყიდიან, მაშინ, როდესაც ქართული მხარე მას 70 დოლარად ყიდის. თუმცა, ვინ იცის, მიზერული 70 დოლარი ხომ მხოლოდ ოფიციალურად ფიქსირდება. ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ გაცილებით მეტადაც ყიდიან, ხოლო განსხვავება ქვეყნის ზოგიერთი მესვეურის ჯიბეებსა და ანგარიშებზე ილექება. როდესაც “Oფაბ-100”, “ფაბ-250” და 500 კილოგრამიანი ბომბი საშუალოდ 50 დოლარად იყიდება და 220 მმ-იანი ნაღმსატყორცნის ნაღმი – 120 დოლარად, განმარტება უკვე ზედმეტია. სხვა რომ არაფერი, ამით ხომ ჩვენი ისედაც მწირი ავიაპარკი, ფაქტიურად, ნადგურდება, რადგან ამ ბომბების გარეშე მათ არსებობას აზრი არა აქვს. მერე, ალბათ, იმ თვითმფრინავებსაც ბომბების გზას გაუყენებენ. იგივე ვარციხის ბაზიდან 1989-90 წლებში გამოშვებული, ფაქიზად დაკომპლექტებული შეიარაღება გავიდა მაშინ, როცა შირაქის სამხედრო ბაზაზე გაცილებით ძველი ტექნიკის და შეიარაღების ნარჩენებია მიმოფანტული, შესაბამისად, საშიშროებაც მათგან უფრო მეტია, სამაგიეროდ, გაყიდვიდან მიღებული შემოსავალია ნაკლები.
ციფრები, მართლაც, შთამბეჭდავია. მით უფრო, რომ დღეს “გაყიდვა” “უტილიზაციამ” შეცვალა. დასავლეთისა და ქართველ ჩინოსანთა მოთხოვნილებები ერთმანეთს დაემთხვა, თუმცა, ინტერესი სხვადასხვაა. დასავლეთი არსებული შეიარაღების საქართველოდან გატანით ბაზას და ბაზარს ითავისუფლებს, ხოლო “უტილიზებული” შეიარაღებით კმაყოფილი ხელისუფლების მესვეურნი… კმაყოფილნი არიან, რაც მშიერი, შიშველი, ცარიელი ავტომატების ამარა დარჩენილი “ჯარის” ფონზე ანომალიურად მოჩანს. კმაყოფილნი არიან სხვებიც, ვისაც ამ ყველაფერში თავისი წილი და წვლილი მიუძღვის.
ეს ბიზნესია. მას თავისი ინტერესი აქვს – შემოსავალი. ზოგჯერ ის ქვეყნის ისეთ სასიცოცხლო ინტერესს უპირისპირდება, როგორიც თავდაცვისუნარიანობაა. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო, მისი შესაბამისი სტრუქტურები ამ ბიზნესს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან, ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ეროვნული ჯარის აღმშენებლობაზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლით, ჯარის აღმშენებლობაზე პასუხს აგებს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო – უშიშროების საბჭო. რითი იმართლებენ მის წინაშე თავს ქართული ჯარის მესვეურნი? მოსთხოვს კი მათ პასუხს ის, ვინც ამის ვალდებულია? კონტრდაზვერვის სამსახურში კი გრიფით “საიდუმლო” მასალები, ალბათ, მატულობს. მასალები, რომლებიც მომავალში დღის სინათლეს იხილავენ.