საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის დრო
ემზარ ჯგერენაია
საბანკო სექტორში არნახულად მძიმე პერიოდი დგება! სააგენტო “ბლუმბერგის” ცნობით, აპრილის ბოლოდან აშშ-ის 18 წამყვანი ბანკის ნაციონალიზაციის პერიოდი იწყება. მისი ყოფილი ფინასთა მინისტრის, პოლსონის გადარჩენის გეგმის თანახმად, ამ ბანკებს 2008 წელს ბუშის ადმინისტრაციამ თანხები გამოუყო. მაშინ ამ დახმარებას კაპიტალში, კერძოდ, პრივილიგირებულ აქციებში მონაწილეობის ფორმა ჰქონდა. პრივილეგირებულ აქციებს გარანტირებული დივიდენდები უნდა დაერიცხოს, რაც ამ ბანკების მდგომარეობას გააუმჯობესებს, ხოლოMმთავრობამ მათი ტრანსფორმირება ჩვეულებრივ აქციებში გადაწყვიტა, რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომOობამას ადმინისტრაცია ამ ბანკების ნაციონალიზაციას ახდენს. ეს ისტორიული ეპოქაა არა მარტო აშშ-ის სინამდვილეში, არამედ საერთოდ, მსოფლიო საბაზრო ეკონომიკასა და კაპიტალიზმში. გასათვალისწინებელია, რომ საქმე მსოფლიოს წამყვან ბანკებს ეხება.
პარალელურად, ევროპაში ბიზნესისა და ინვესტიციის მიმართ მიდგომები და კანონები იცვლება. გერმანიაში სასწრაფოდ მიიღეს კანონი, რომელიც ქონებისა და წილის ჩამორთმევის პროცედურებს არსებითად აადვილებს. ეს კანონი უცხოელ ინვესტორებსაც ეხება. სახელმწიფომ საფინანსო ინსტიტუტებისა და ბანკების საქმიანობაში ჩარევის პირდაპირი უფლება მიიღო. ჩაერიოს გერმანიის კონსტიტუციის 14-ე მუხლის თანახმად, “საზოგადოების საჭიროებისათვის” სახელმწიფოს ქონების ჩამორთმევის უფლება ისედაც ჰქონდა, მაგრამ ამ კანონით, იგი წილებსა და აქციებზეც გავრცელდა. ამ მიდგომის გამო ეს გერმანული კანონი შეიძლება უნიკალურიც იყოს. გერმანიის მსგავსი ქვეყნისათვის მიუღებელი ის არის, რომ კანონის ინიცირება, როგორც ექსპერტები ამბობენ, ერთი კორპორატიული კონფლიქტის გამო მოხდა, კერძოდ, გერმანიის მთავრობასა და ინვესტორ ქრისტეფორ ფლაუერსს შორის, რომელიც გერმანიის უმსხვილესი ბანკის Hypo Real Estate (HRE) აქციათა 24,9%-ის მფლობელი იყო. მთავრობამ მას 2008 წლის ზაფხულში შეძენილი აქციების (თითო აქცია 22,5 ევროდ) დათმობა მოთხოვა. ინვესტორს არ სურდა თითო აქცია მიმდინარე კურსით – 0,8 ევროდ გაეყიდა, რადგან კოლოსალური ზარალის თავიდან ასაცილებლად კურსის აწევას ელოდა. დამეთანხმებით, ეს სუფთა კომერციული ოპერაციაა და მთავრობას ჩარევის უფლება არ აქვს. შეიძლება პარალელი გავავლოთ საქართველოს “სახალხო ბანკის” ისიტორიასთან, რომელიც მთავრობის ზეწოლით თითქმის იგივე მდგომარეობაში გაიყიდა. Hypo Real Estate (HRE) ბანკს, 2008 წლის შემოდგომაზე გერმანიის მთავრობამ 87 მილიარდი ევრო დახმარების გეგმის მიხედვით გადასცა, ხოლო სხვა გერმანულმა ბანკებმა დამატებით – 15 მილიარდი ევრო. ბანკს, რომელმაც 110 მილიარდ ევროზე მეტი დაკარგა, უზარმაზარმა სუბსიდიებმაც ვერ უშველა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთადერთი გამოსავალი ბანკის სრული ნაციონალიზაციაა. აი, ამიტომ მიიღეს წილის ჩამორთმევის გამარტივებული წესების შესახებ კანონი გერმანიაში. დაუჯერებლია, მაგრამ ფაქტია – თანამედროვე კაპიტალიზმში ასეთი კონტურები გამოიკვეთა. ამის შემდეგ, ინგლისელ ინვესტორსაც შესთავზეს აქციაზე 1,39 ევრო, რაზეც მას უარის თქმის უფლება თითქმის არ აქვს. რით განსხვავდება ეს მეთოდები რუსეთში პუტინისეული სახელმწიფო მონოპოლიების შექმნისა და კერძო-სახელმწიფო კაპიტალიზმის მმართველობის სიმბიოზისგან? არის ბაზარი თავისუფალი? და რატომ ვასხამთ გერმანელ თუ ევროპელ გადასახდის გადმხდელთა ფულს გაკოტრებულ იპოთეკურ ბანკში? წლების განმავლობაში მისმა მენეჯმენტმა ხომ 110 მილიარდი ევროს დანაკარგიდან ბონუსი მიიღო? დააბრუნეს უკან? არის ეს სამართლიანი საზოგადოება?
ეს რომ გერმანიის შემთხვევა არ იყოს, მაგალითად არ მოვიყვანდით, მაგრამ საქმე მსოფლიოს წამყვან ეკონომიკას ეხება და ვფიქრობთ, ეს ტენდენცია გადამდებია.
საერთოდ, ამ კრიზისის დროს, გარდიანის” ანლიტიკოსის მარტინ უოკერის მონაცემებით, (ამჟამად მუშაობს აშშ-ის საგენტო UPI-ის მთავარ რედაქტორადაც) კრიზისის განმავლობაში მსოფლიო საფონდო ბაზარმა 33 ტრილიონი დოლარი დაკარგა. ამას დაემატა 45-50 ტრილიონი დოლარის დანაკარგი უძრავ ქონებაზე, მიწაზე ფასების დაცემით საერთო ჯამში 78-83 ტრილიონი დოლარი, რომელიც მსოფლიოს წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია. ასეთი მასშტაბის ეკონომიკის საწყისი მდგომარეობის აღსადგენად ანალოგიური ზომის ფისკალური სტიმულებია საჭირო.
საქართველოში იგივე გათვლებით, და პარეტო ეფექტიანობის პრინციპის ელემნტარული მეთოდოლოგიის თანახმად, საერთო დანაკრაგი 500 მლნ. დოლარის ტოლია. ეს საინვესტიციო-იპოთეკური ოპერაციებიდან ბანკების, სამშენებლო ბიზნესისა და მოსახლეობის პირდაპირი დანაკარგია. ამაში არ შედის გაუფასურებული ქონებები და მიწები, ასევე სამშენებლო ნახევარფაბრიკატებისა და გადაუხდელი დავალიანებების მოცულობა. ამიტომ, ელემენტარული გათვლებით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სამთავრობო პროგრამის სახით, საჭიროა ამავე სიდიდის სტიმული.
მსოფლიოს სუფთა კაპიტალიზმის არ სჯერა, რატომ უნდა გახდეს საქართველო ლიბერალიზმის ბრმა ციტადელი? თუ ეს ამ ეტაპზე მისაღები პოზაა? საქარველოში ერთდროულად საბანკო-სამშენებლო-საკრედიტო კრიზისი იწყება. ობამას ბოლო განცხადებას თუ დავეყრდნობით, აშშ-ში კრიზის პიკმა 2009 წლის ბოლოსთვის გადაიწია. იქნებ ეს ნიშნავს, რომ ვალებმა მსოფლიოში სავალუტო ფონდის პროგნოზებს გადააჭარბეს და 2010-2011 წლების მანძილზე გარანტირებულ კრიზისში ვიქნებით?! საქართველოში კრიზისის პიკი 2010 წლის გაზაფხულზეა მოსალოდნელი და შანსი გვაქვს ეს პერიოდი ნაკლები ტკივილით გადავიტანოთ, შევქმნათ 500 მილიონი დოლარის ღირებულების გადარჩენის გეგმა. უპირეველესი ამოცანა ბაზრისა და მოხმარების სტიმულირებაა. უნდა მოხდეს 2,5 მილიარდი დოლარის სამშენებლო და სამომხმარებლო კრედიტის რესტრუქტურიზაცია, რაც დღეს სამომხმარებლო ბაზრის სტიმულირებისა და საბანკო სექტორის ასამუშავებლად საკმარისია. დღეს საქართველოს საბანკო სექტორი ნელთბილ მდგომარეობაშია, მაგრამ ხვალ თავისივე საოპერაციო ხარჯები ჩაძირავს. პროგნოზებში ზედმეტად გულზვიადები და ოპტიმისტები ნუ ვიქნებით, მხოლოდ ურჩ გადამხდელთა სიის ზრდა პრობლემას ვერ მოაგვარებს. მალე ამ შავ სიაში, თვით ბანკირებისა და პოლიტიკოსების გარდა, მთელი საქართველო აღმოჩნდება. საინტერესოდ გამოიყურება საქართველოს 2009 წლის I კვარტლის საბანკო და სავაჭრო სტატისტიკა, სადაც ეს ტენდენციები აშკარადაა გამოკვეთილი. ამასთანავე, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, კრიზისის დაძლევის ლოკომოტივი კვლავ ბინების ფასების მატება იქნება. გადარჩენის გასაღები არის მშენებლობისა და სამშენებლო ბიზნესის დაფინანსება.
საგულისხმოა, რომ წამყვანი ექსპერტების აზრით (იგივე მარტინ უოკერის), გლობალური საბანკო სისტემა კრიზისის ახალი ფაზის წინაშე დგას. პირველი ფაზა (იხ. “საქართველოს ეკონომიკა” #2) 2007 წლის დადგომისთანავე იპოთეკური სუბსტანდარტული საკრედიტო სისტემის კრახით და ლიკვიდობის არნახული დეფიციტით დაიწო. მეორე ფაზა ძალაში 2008 წლის შემოდგომაზე სინთეზური დერევატივების ბაზრის აფეთქებით (SDC სვოპების საკრედიტო დეფოლტზე), Lehman Brothers- ის გაკოტრებით და AIG-ის პრობლემებითშევიდა. ამ დროს საქართველოს საბანკო სისტემაც საოცრად შეფუცხუნდა. მით უმეტეს, ამას აგვისტოს ომი და მსოფლიო ბაზარზე ფასების ვარდნა დაერთო. დგება საბანკო კრიზისის მესამე ფაზა, რომელიც ტოქსიკური აქტივების სიჭარბითა და აღმოსავლეთ ევროპაში საბანკო სისტემის კრიზისით ხასიათდება, რამაც დასავლეთი ევროპის ბანკებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სწორედ მესამე ფაზის დასაწყისს მოასწავებს ნაციონალიზაციის დიდი ტალღა, საქართველოს საბანკო სექტორში წილების გაყიდვის ხარჯზე გარედან სახსრების მოზიდვა, საბანკო სექტორში მეპატრონეთა ცვლა, აქტიურობის შეჩერება, ამ ტენდენციას დღეს საქართველოს საბანკო სფეროში შემოსული ყაზახური ბანკები და მსოფლიო გიგანტი HSBC-იც კი აგრძელებენ.
ექსპერტთა აზრით, საბანკო კრიზისი მეოთხე ფაზაში ამ წელიწადში შევა და მისი ეპიცენტრი აზია იქნება. რადგან, აზიის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკების ბაზა ექსპორტია და 2009 წელს მისი შემცირების გამო ისინი დაზარალდებიან. ჩინეთის ეკონომიკის მაგალითით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ექსპორტის ვარდნა და ბანკების კრახი გარდაუვალია. ხშირად ჩინურ ბანკებს ტექნიკურ ბანკროტებს უწოდებენ, ისინი სამთავრობო გადაწყვეტილებებით იმართებიან. საქართველოს ბანკებიც კრიზისის მეოთხე ფაზის მოლოდინში არიან, როცა ძირითად აქტივებსა და სამშენებლო ბაზარზე ფასები სერიოზულად დაეცემა და არსებობის ნორმა არგადახდა იქნება. დღეს მოსახლეობისა და საერთოდ, სამშენებლო-იპოთეკური კრედიტის რესტრუქტურიზაციის დროა! ამას მეტი არგუმენტი და გათვლა სჭირდება, ვიდრე ემპირიული შეფასება და ლიბერალიზმის საფლავამდე ერთგულება. ნუ ვიქნებით რომის პაპზე მეტად კათოლიკეები.