ვინ არის რეგიონის ლიდერი?
სოფო სიჭინავა
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საფინანსო კრიზისისგან ყველაზე ნაკლებად აზერბაიჯანი დაზარალდა. რესპუბლიკაში ეკონომიკისა და ინვესტიციების ზრდის ისევ მაღალი ტემპია. მსოფლიო ბანკის გათვლებით, მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2009 წელს 10,4%, ხოლო 2010 – 7,8% იქნება. ამ პერიოდისთვის აზერბაიჯანი მშპ-ის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, რეგიონში და მთლიანად, დსთ-ის მასშტაბით, ლიდერის სტატუსს შეინარჩუნებს. 2009 წლის იანვრის მონაცემებით, აზერბაიჯანში ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 362 დოლარია, ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში უმუშევართა რაოდენობა 1%-ს შეადგენს (44,5 ათასი ადამიანი).
ექსპერტული გათვლებით, აზერბაიჯანის ძირითად კაპიტალში ინვესტიციების ზრდის ტემპი 34,7%-ს შეადგენს. “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” მონაცემებით, აზერბაიჯანის ეკონომიკა 15%-ით გაიზარდა, ხოლო 2009 წელს ეს მაჩვენებელი 8% იქნება.
ბოლო წლებში აზერბაიჯანში მომპოვებელი მრეწველობის განვითარების პარალელურად, გადამამუშავებელი სექტორი აქტიურად ვითარდებოდა. დღეს არ შეინიშნება კაპიტალის გადინების ის მასშტაბი, როგორც რუსეთსა და ყაზახეთშია. ეს ქვეყანა დსთ-ის არაწევრ ქვეყნებთანაც ეკონომიკურად აქტიურად თანამშრომლობს.
თუმცა, ოპოზიციურად განწყობილი პარლამენტარები (საპარლამენტო ჯგუფი “მუსავატი”) აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში არც ისე კარგად არის საქმე, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ისინი ამბობენ, რომ უმსხვილესი სამშენებლო პროექტების შეჩერებამ, მცირე ბიზნესის სუბიექტებსაც დიდი პრობლემები გაუჩინა. გარდა ამისა, მანათის კურსის მხარდასაჭერად 300 მლნ დოლარის “გადაგდებამ”, დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა ღრმა კრიზისშია.
ბანკები კრიზისს ჯერ უძლებენ
აზერბაიჯანი სუსტად არის ინტეგრირებული მსოფლიო საფინანსო სისტემებში, რესპუბლიკის უმსხვილესი საწარმოები დასავლეთის ბირჟებზე არ ვაჭრობენ. აზებაიჯანული ფინანსური სისტემა და მრეწველობა დასავლური ბანკების მსესხებლები არ არიან და კრედიტების გაძვირება და საერთო უნდობლობა რესპუბლიკის ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე მნიშვნელოვნად არ აისახება.
2008 წლის მთლიანი მონაცემებით, ქვეყნის კერძო სექტორის დავალიანება 5,8 მლრდ. დოლარს შეადგენს. აქედან 24% საბანკო დავალიანებებია. ბანკების საგარეო ვალი 2 მლრდ-ს შეადგენს, მაგრამ, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს მათ ლიკვიდურობაზე კრიტიკულ ზეგავლენას ვერ ახდენს. “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი”, რომელიც ქვეყნის საბანკო რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, ადრე მოზიდულ კრედიტებს წარმატებით ფარავს. გასული წლის ბოლოსთვის უცხოელ ინვესტორებს მან 760 მლნ. დოლარი გადაუხადა. შიდა ბაზარზე რისკების თავიდან ასაცილებლად ბანკმა უფრო ფრთხილი საკრედიტო პოლიტიკა აირჩია, მაგრამ საბანკო ექსპერტები მაინც მიიჩნევენ, რომ ეს დაკრედიტების საერთო მოცულობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
20 სამშენებლო კომპანია გაკოტრდა
აზერბაიჯანის დედაქალაქში ბინების ფასები მცირდება. ფასების შემცირება შეინიშნება, როგორც ახალაშენებულ, ისე მეორად ბაზარსა და მიწის ნაკვეთებზე. ვთქვათ, თუ მარტში მეორად ბაზარზე კვადრატული მეტრის ღირებულება 1,436 ათასი დოლარი იყო, აპრილში ის 1,382 ათას დოლარამდე შემცირდა. ფასების ვარდნას კიდევ 3-4 თვის მანძილზე ელოდებიან.
ფასების კლებას მოთხოვნის გაზრდა არ გამოუწვევია, პირიქით, გასულ წელთან შედარებით, მოთხოვნა 30%-ით შემცირდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ერთ თვეში ბინის შეძენის მსურველთა მსყიველუნარიანობა დაახლოებით 25%-ით შემცირდა. გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რამდენიმე ინსტიტუტის გამოკვლევებმა ცხადყო, რომ აზერბაიჯანში მნიშვნელოვნად მოიმატა უმუშევრობის დონემ, რამაც მოსახლეობაში ფულის შემცირება განაპირობა.
თუმცა, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მაღალსართულიან ბინებს აშენებენ, უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და არ ვარაუდობენ, რომ ფასების კლება მომავალ თვეებშიც გაგრძელდება. მშენებლები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში შესაძლოა კვადრატული მეტრის ფასი 1500 დოლრამდე დაეცეს, მაგრამ გარეუბნებში ფასების კლება აღარ გაგრძელდება. როგორც მშენებლები აცხადებენ, მართალია სამშენებლო მასალებზე ფასები მცირდება, მაგრამ არა იმდენად, რომ სერიოზული გავლენა იქონიოს ბინების ფასებზე. თუმცა, მეორე მხრივ, ზოგიერთმა კომპანიამ თუ ვერ მოახერხა საბანკო კრედიტების დაფარვა, მათ გაკოტრება ემუქრებათ და ბუნებრივია, მათ მიერ აშენებული ბინები მნიშვნელოვნად გაიაფდება. საზოგადოებრივი გაერთიანების “ქონების ბაზრის მონაწილეების” მიერ ბოლო დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, სამშენებლო ბიზნესს უკვე 20 კომპანიამ დაანება თავი.
ნავთობი – ძლიერი და სუსტი წერტილი
აზერბაიჯანის ეკონომიკის ყველაზე ძლიერი სექტორი, მისი სუსტი წერტილიც არის, ნავთობი – ეს უმთავრესი საექსპორტო პროდუქტი, კონკურენტულია და მსოფლიო ბაზარებზე მასზე მოთხოვნა უწყვეტია, მაგრამ ფასები არასტაბილური. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ შეძლო 2008 წელს ნავთობზე მაღალი ფასების დროს რესპუბლიკაში შესული თანხების აკუმულირება სახელმწიფო ნავთობის ფონდში მოეხდინა, რომელიც დღეს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის გამოიყენება. საბიუჯეტო სარეზერვო ფონდის მოცულობა, რომლის თანხების ინვესტირებას უცხოეთში ახდენენ, 2008 წლის ბოლოს 11,8 მლრდ-ს შეადგენდა.
აზერბაიჯანის ეკონომიკის კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი, რომელიც არ უკავშირდება საფინანსო კრიზისს, არის სატრანსპორტო სფერო და რესპუბლიკის სატრანზიტო პოტენციალი. ქვეყნის ტერიტორიაზე მისივე ინფრასტრუქტურით წლიურად 10-12 მლნ ტონა ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება. მომავალში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს ყაზახეთიც მიუერთდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც შეიქმნება, ასევე დაგეგმილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაც.
როდის გავკრიჭოთ ბიუჯეტი?
აზერბაიჯანის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ნავთობზე დაბალი ფასების მიუხედავად, 2009 წლის ბიუჯეტის გადახედვას არ იჩქარებს და თუ საჭირო იქნება, ბიუჯეტის კორექტირებას მაის-ივნისში მოახდენს. არადა, ბიუჯეტში ბარელ ნავთობზე 70 დოლარია ჩადებული, რაც თითქმის ორჯერ მაღალია დღეს არსებულ ფასებზე. აზერბაიჯანული საზოგადოებრივი გაერთიანება “რესპუბლიკური ალტერნატივა ამტკიცებს, რომ ქვეყნის მთავრობას სულ ტყუილად აქვს ნავთობიდან მაღალი შემოსავლების იმედი. ეს მოლოდინი საღ აზრს არის მოკლებული და ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალი აუცილებლობა გახდება.
ასეა თუ ისე, აზერბაიჯანის ეკონომიკა კრიზისს თავს მაინც ვერ დააღწევს და ამ ქარტეხილიდან დანაკარგების გარეშე ვერ გამოვა. ქვეყნის მშპ-ში ნავთობის სფეროს უფრო დიდი წილი აქვს, ვიდრე რუსეთში, ან ყაზახეთში. რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების ვარდნა დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. თუ ფასების შემცირება მომავალშიც გაგრძელდება, რეპუბლიკის ბიუჯეტი დეფიციტური ხდება, რაც თავის მხრივ, უმსხვილესი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაწყებული მშენებლობის დაფინანსებას შეუშლის ხელს.